ინვალიდთა და ხანდაზმულთა ცენტრის დირექტორის 56 000-ლარიანი სახელფასო დანამატი
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა დაბოლების მორიგ სტადიას გადის. დედაქალაქის 25 კლინიკა, ფაქტობრივად, სტაგნაციაში იმყოფება და პრემიერის გადაწყვეტილებას ელოდება. ყველა გეგმური ოპერაცია და ხელფასების გაცემა შეჩერებულია. საუბარია იმაზე, რომ ბიუჯეტში ფული აღარ არის და ფასები დასაკორექტირებელია. ამაზე „ქრონიკა+“ უკვე წერდა წინა ნომერში და იმაზეც, რომ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში მოსახლეობა ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას ვერ მიიღებს.
როდესაც მთავრობა ბიუჯეტის ხარჯვაზე საუბრობს და კერძო სექტორიკენ იშვერს ხელს, რომელიც დღესდღეობით ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელია (ცუდია თუ კარგია, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ჩვენ არ ვართ სოციალური ქვეყანა, როგორიც არის, მაგ.: საფრანგეთი), პირველ რიგში, საკუთარი უწყებების მიერ გაფლანგულ მილიონებზე უნდა დაფიქრდეს, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ.
„ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკის ცენტრიდან“ დავიწყებთ, რომელიც სახელმწიფო საწარმოა. 2018 წლის 15 ნოემბრამდე ხელმძღვანელობის უფლებამოსილებას ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო. 2018 წლის შემდეგ მართვის უფლება გადაეცა შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“.
ასე და ამგვარად, კლინიკური ცენტრი სამედიცინო პროფილის ლიცენზირებული საწარმოა, რომლის ძირითადი საქმიანობა გახლავთ ლიცენზიის ფარგლებში მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა. ცენტრის ხელმძღვანელი ორგანოებია: პარტნიორთა კრება და დირექტორი.
2019 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეადგინა ანგარიში კლინიკური ცენტრის ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული გახარჯვების შესახებ.
2015-2017 წლებში, Internationaler Hilfsfonds E.V. -ს საქართველოს წარმომადგენლობასთან, ყოველწლიურად გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, იღებდა ჰუმანიტარულ ტვირთს. ხელშეკრულების თანახმად, კლინიკური ცენტრი ვალდებული იყო, წარმომადგენლობის საბანკო ანგარიშზე, ტვირთის მიღებამდე, გადაერიცხა ე. წ. საქველმოქმედო ღონისძიებათა ორგანიზების შესაწევარი. 2015-2017 წლებში კლინიკური ცენტრის მიერ შესაწევრის სახით გადახდილია 68 182 ლარი, თუმცა ცენტრმა ვერ წარმოადგინა ზემოაღნიშნული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები. უფლებამოსილი პირის განმარტებით, შესაწევრის ოდენობა განისაზღვრებოდა კლინიკური ცენტრის დირექტორის მიერ წარმომადგენლობის ბუღალტერთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარების შედეგად. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში კლინიკური ცენტრის მიერ ე. წ. შესაწირავი გადახდილია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე, რამაც გაზარდა არარეალური მომსახურების ანაზღაურების და აქედან გამომდინარე, თაღლითური გარიგების შესაძლებლობა. რას ნიშნავს ბუღალტერთან სატელეფონო კომუნიკაცია, როდესაც ამხელა თანხებზეა საუბარი?
კიდევ უფრო საინტერესოა პრემია-დანამატების საკითხი! 2015-2018 წლებში, დირექტორის ბრძანებების საფუძველზე, კლინიკური ცენტრის თანამშრომლებზე გაცემულია 337 268 ლარის სახელფასო დანამატი და 110 987 ლარის პრემია, სულ _ 448 256 ლარი. მაგრამ საქმე ის არის, რომ კლინიკური ცენტრის მიერ არ იყო დანერგილი სამუშაო დროის აღრიცხვის მექანიზმი და არ წარმოებდა ტაბელი, რომლითაც დადასტურდებოდა თანამშრომელთა მიერ ზეგანაკვეთურად მუშაობის ფაქტები. რა გამოდის, რომ 2015-2018 წლებში, შესაბამისი დასაბუთების გარეშე, კლინიკური ცენტრის თანამშრომლებზე ჯამურად გაცემულია 279 193 ლარის სახელფასო დანამატი. 2016 წლიდან კი კლინიკური ცენტრის დირექტორმა წინასწარ, წლის დასაწყისშივე, დაინიშნა ყოველთვიური დანამატი თანამდებობრივი სარგოს ოდენობით და 2016-2018 წლებში ამ საფუძვლით ჯამში მიიღო 56 000 ლარის დანამატი, რაც კლინიკური ცენტრის მიერ დასაბუთების გარეშე გაცემული დანამატის 20%-ს შეადგენს. 2015 და 2018 წლებში 14 პირზე გაცემულია პრემია 13 987 ლარის ოდენობით. არ დასტურდება შესამოწმებელ პერიოდში კლინიკური ცენტრის პერსონალზე 279 194 ლარის სახელფასო დანამატისა და 13 987 ლარის პრემიის გაცემის შესაბამისობა.
ახლა კი გადავიდეთ სახელმწიფო შესყიდვებზე! 2015-2018 წლებში კლინიკურმა ცენტრმა 298 ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელა 5 464 242 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა, მათ შორის, ელექტრონული ტენდერით _ 4 978 050 ლარის, კონსოლიდირებული ტენდერით _ 55 246ლარის, ხოლო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით _ 430 944 ლარის შესყიდვა. აღნიშნულ პერიოდში გამოცხადდა 125 ელექტრონული ტენდერი, მათ შორის, უარყოფითი შედეგით დასრულდა _ ერთი, არ შედგა _ 14, შეწყდა _ 2. კლინიკურმა ცენტრმა 17 მიმწოდებლისგან ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, შეუსაბამო შესყიდვის საშუალების გამოყენებით, შეიძინა 291 284 ლარის ღირებულების საქონელი და მომსახურება.
2015-2016 წლებში, გამარტივებული ელექტრონული ტენდერების საფუძველზე, შპს „ავერსი-გეოფარმთან“, ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვასთან დაკავშირებით, გაფორმდა 370 546 ლარის ღირებულების
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები (კლინიკურ ცენტრსა და შპს „ავერსი-ფარმას“ შორის 2015 წლის 5 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nt-01 და კლინიკურ ცენტრსა და შპს „ავერსი-ფარმას“ შორის). მოქმედ ხელშეკრულებაში ყოველგვარი ცვლილებებისა და დამატებითი შეთანხმების ან ახალი ხელშეკრულების დადების გარეშე კლინიკურმა ცენტრმა შპს „ავერსი-გეოფარმისაგან“ შეიძინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტი რაოდენობის მედიკამენტი, ღირებულებით _ 118 417 ლარი. მოცემულ შემთხვევაში მედიკამენტების ერთეულის ფასები აღემატებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, იმავე დასახელების მედიკამენტების ფასებს, რის შედეგადაც ზედმეტად გადახდილმა თანხამ 5 002,95 ლარი შეადგინა. 2018 წელს კომპიუტერული ტომოგრაფიის მომსახურების შესასყიდად ჩატარებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, კლინიკურ ცენტრსა და შპს „ნუგ მედს“ შორის გაფორმდა 110 400 ლარის ხელშეკრულება. ფაქტობრივად, კლინიკურმა ცენტრმა შეიძინა 142 330 ლარის მომსახურება. ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკების გზით, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის დარღვევით, შეძენილ იქნა 31 930 ლარის ღირებულების მომსახურება.
2015-2018 წლებში კლინიკურმა ცენტრმა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ პორტალზე არ ატვირთა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმებული 62 670 ლარის ღირებულების 24 ხელშეკრულება. ასე მაგალითად, კონსოლიდირებული ტენდერის გზით შეძენილი საწვავის გარდა, კლინიკურმა ცენტრმა დამატებით, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსაბამოდ, სხვადასხვა მომწოდებლისაგან შეისყიდა 10 888 ლარის ღირებულების 4 572 ლიტრი საწვავი, რა დროსაც დაფიქსირდა საბაზრო ღირებულებაზე მაღალ ფასად საქონლის შესყიდვის შემთხვევები. ასე და ამრიგად, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, 17 მომწოდებლისგან შეძენილ იქნა 291 284 ლარის ღირებულების საქონელი. ამასთანავე, კლინიკურმა ცენტრმა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ პორტალზე არ ატვირთა გამარტივებული წესით გაფორმებული 62 670 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 24 ხელშეკრულება.
რამდენიმე წლით ადრე „ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკურმა საავადმყოფომ“ კლინიკურ ცენტრს მოვლა-შენახვის პირობით გადასცა საოპერაციო მობილური რენტგენის (ეოპის) აპარატი. აპარატის შენახვის ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან მომწოდებლის მოთხოვნის დღემდე პერიოდი. აპარატის დაბრუნების მოთხოვნით საავადმყოფოს კლინიკური ცენტრისთვის არ მიუმართავს, ის დღემდე განთავსებულია კლინიკური ცენტრის კუთვნილ ფართში და
გამოიყენება სამედიცინო დანიშნულებით. კლინიკური ცენტრი აღნიშნულ აპარატს ხელშეკრულების პირობის (მას აპარატი გადაცემული ჰქონდა მოვლა-შენახვისა და არა გამოყენების უფლებით) შეუსაბამოდ, უსასყიდლოდ იყენებდა ეკონომიკურ საქმიანობაში. 2015 წელს კლინიკურმა ცენტრმა შესყიდვის წინ ბაზრის კვლევის განხორციელების გარეშე, საოპერაციო მობილური რენტგენის აპარატის შესაძენად გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი სავარაუდო ღირებულებით _ 55 000 ლარი. ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, შესასყიდი ობიექტის მახასიათებლები სრულად შეესაბამებოდა კლინიკური ცენტრის სარგებლობაში არსებულ სს „ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოსგან“ გადმოცემული რენტგენის აპარატის პარამეტრებს. კონკურენციის არარსებობის პირობებში ტენდერში გაიმარჯვა ფიზიკურმა პირმა, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება, ღირებულებით _ 49 940 ლარი და რომელსაც, შესყიდვების ელექტრონულ პორტალზე არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პროფილით საქმიანობის გამოცდილება არ გააჩნდა. ფიზიკურმა პირმა კლინიკას მიაწოდა საავადმყოფოს მიერ კლინიკური ცენტრისთვის გადაცემული და მის სარგებლობაში არსებული აპარატი (ანუ ცენტრმა ის იყიდა, რაც ჰქონდა). აღსანიშნავია, რომ კლინიკურ ცენტრსა და საავადმყოფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, არც ერთ მხარეს არ ჰქონდა უფლება, გადაეცა თავისი უფლება-მოვალეობები მესამე პირისთვის, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე. მიუხედავად ამისა, ნივთის მესაკუთრის იდენტიფიცირების მიზნით, კლინიკურ ცენტრს საავადმყოფოსთვის არ მიუმართავს და არც მომწოდებლისგან მოუთხოვია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ჯერ სად ხართ! კლინიკურმა ცენტრმა ტენდერში გამარჯვებულ ფიზიკურ პირს გადაუხადა მხოლოდ 30 000 ლარი. უფლებამოსილი პირის განმარტებით, თანხა არასრულად იქნა გადახდილი, ვინაიდან ცენტრის ხელმძღვანელობისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებდა სახელმწიფო ქონების, მათ შორის, მოცემული აპარატის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტს.
როგორია?
2016 წლის 21 სექტემბერს, კლინიკურმა ცენტრმა, სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვის მიზნით, გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, სავარაუდო ღირებულებით 165 000 ლარი. შესყიდვის საგანი შედგებოდა 13 სხვადასხვა დასახელების საქონლისგან. სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდენტების მიმართ ჩამოყალიბდა შესყიდვის გამოცხადების თარიღამდე, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (2011-2015 წწ.), ყოველწლიურად არანაკლებ 200 000 ლარის სამედიცინო აპარატურის მიწოდების გამოცდილების მოთხოვნა. ამასთანავე, შესყიდვის განხორციელების წინ ბაზრის კვლევა არ ჩატარებულა. აქედან გამომდინარე, გაურკვეველია, რას ეფუძნებოდა სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა და ამ სახით გამოცდილების მიმართ მოთხოვნის ჩამოყალიბება. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ, შპს „ეი-ბი-ემმა“ და შპს „პი ემ ჯიმ“, რომელთა მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების საბოლოო ფასები შეადგენდა 164 000 და 154 000 ლარს.
სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, უმცირესი ფასის სატენდერო წინადადების მქონე კომპანია შპს „პი ემ ჯი“ დისკვალიფიკაციას დაექვემდებარა იმ საფუძვლით, რომ მის ხარჯთაღრიცხვაში არ იყო მითითებული აპარატურის მოდელი და შესასყიდი საქონლის სპეციფიკაციები უცვლელად გახლდათ გადატანილი სატენდერო დოკუმენტაციიდან. არადა, სატენდერო დოკუმენტაციით არ იყო მოთხოვნილი შესასყიდი საქონლის მოდელის შესახებ ინფორმაციის მითითება, ამიტომ დისკვალიფიკაციის საფუძველიც არ არსებობდა.
ამის შემდეგ სატენდერო კომისიამ განიხილა მეორე კომპანიის შპს „ეი ბი ემის“ სატენდერო წინადადება, რომლის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში ასევე არ იყო მითითებული ინფორმაცია კონკრეტული მოდელის შესახებ, თუმცა კომისიამ მას დისკვალიფიკაცია მისცა არა ამ საფუძვლით, არამედ იმის გამო, რომ ვერ დაადასტურა სატენდერო პირობებით მოთხოვნილი 2011-2012 წლების გამოცდილება. საბოლოოდ, სატენდერო კომისიის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა ტენდერის უარყოფითი შედეგით დასრულება. 2016 წლის პირველ ნოემბერს, აღნიშნული საქონლის შესყიდვის მიზნით, კვლავ გამოცხადდა ტენდერი. ამასთანავე, სატენდერო დოკუმენტაცია და სავარაუდო ღირებულება თითქმის იგივე დარჩა, რაც პირველ შემთხვევაში. შეიცვალა მხოლოდ მოთხოვნა გამოცდილების ნაწილში და ჩამოყალიბდა იმგვარად, რომ ამ კუთხით შპს „ეი ბი ემის“ დისკვალიფიკაციის საფუძველი აღარ არსებობდა. ტენდერში მხოლოდ შპს „ეი ბი ემმა“ მიიღო მონაწილეობა და უკონკურენტო პირობებში გაიმარჯვა. შესყიდვის საგნის სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 163 500 ლარს. ცენტრმა ვერ წარმოადგინა ნარჩენი ღირებულებით 2 265 ლარის ერთეული, ასევე ადგილზე არ აღმოჩნდა რენტგენის აპარატი TURDF-19, საწყისი ღირებულებით _ 4 420 ლარი. კიდევ ერთი დეტალი – საქართველოს მთავრობის #385-ე დადგენილებით, დაწესებულებაში სამედიცინო აპარატურა არ უნდა იყოს გამოშვებული 1998 წელზე ადრე, თუმცა კლინიკური ცენტრის სამედიცინო აპარატურის დათვალიერებით აღმოჩნდა ერთეული 1983 წელს გამოშვებული, საბჭოთა წარმოების. იბადება კითხვა, _ რისთვის ტარდებოდა ტენდერები?!
წლის ფინანსურ ანგარიშგებაში არასწორად არის ასახული წმინდა მოგება. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში კლინიკური ცენტრის შემოსავლები აღრიცხულია 170 678 ლარით ნაკლები თანხით, ხოლო მთლიანი ხარჯები გაზრდილია 86 607 ლარით. შედეგად, გაუნაწილებელი მოგება შემცირებულია 96 350 ლარით.
2015-2018 წლებში აკუმულირებული 2 271 448 ლარის წმინდა მოგებიდან, კლინიკური ცენტრის მიერ რეინვესტირდა 1 946 085 ლარი. მათ შორის, პარტნიორის თანხმობისა და მთავრობის დადგენილებით შექმნილი სპეციალური კომისიის გადაწყვეტილების გარეშე, რეინვესტირებულმა თანხამ შეადგინა 1 314 681 ლარი. უფრო გასაგები ენით რომ ვთქვათ, კლინიკური ცენტრის მიერ მოქმედი წესის გაუთვალისწინებლად გახარჯულია სერიოზული თანხები.
2015-2018 წლებში პარტნიორის შესაბამისი თანხმობის გარეშე კაპიტალურ რემონტზე (საოპერაციო ბლოკისა და ქირურგიული განყოფილების ინტენსიური ბლოკის სრული რეაბილიტაცია, სავენტილაციო სისტემის მონტაჟი, ადმინისტრაციულ შენობაში მისაღების რემონტი და სხვ.) გაიხარჯა 581 819 ლარი, ხოლო ინვენტარის (სამედიცინო აპარატურა, კომპიუტერული ტექნიკა და სხვ.) შეძენაზე _ 732 862.53 ლარი. აქედან 604 586 ლარის ღირებულების ხარჯის გაწევაზე თანხმობის მიღების მიზნით კლინიკურ ცენტრს პარტნიორისთვის საერთოდ არ მიუმართავს, ხოლო 710 095 ლარის წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე კლინიკურმა ცენტრმა არაერთგზის მიმართა პარტნიორს, თუმცა პარტნიორსა და კომისიას აღნიშნული საკითხი არ განუხილავს და შესაბამისად, არც გადაწყვეტილება მიუღია.
კლინიკური ცენტრის მიერ 1 314 680 ლარის წმინდა მოგება გაიხარჯა პარტნიორის თანხმობისა და მთავრობის დადგენილებით შექმნილი სპეციალური კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე, რაც გარკვეულ შემთხვევებში განპირობებული იყო კლინიკური ცენტრის მიერ აღნიშნული კონტროლის მექანიზმების იგნორირებით.
თამარ როსტიაშვილი