ივერი მელაშვილი: „მართლმსაჯულების ქმედებაში იკითხება პოლიტიკური კონტექსტი“
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკური პატიმრები არიან. დავითგარეჯის თემა კარგა ხანია, გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და პოლიტიკური სპეკულაციების საგნად გადაიქცა. მეცნიერების ბრალდების საქმეში სახელისუფლებო ვერტიკალთან ერთად ჩართული იყო სახელისუფლებო შავი პიარი, რომელიც მათ სრულ მორალურ დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. მეცნიერებმა გაუძლეს, საზოგადოებამ კი თანადგომის უპრეცედენტო ტესტი ჩააბარა, _ მათი გირაოს თანხა სოლიდარობის ნიშნად, ორ საათში შეგროვდა.
ბრძოლა და სასამართლო პროცესები გრძელდება. „ქრონიკა+“-ის კითხვებს ივერი მელაშვილი პასუხობს:
_ ბატონო ივერი, მოგესალმებით და გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას. მინდა, რამდენიმე კითხვა დაგისვათ: როდის და ვისი განკარგულებით შეიქმნა სადელიმიტაციო კომისია და რამდენი წელი საქმიანობდით აღნიშნულ კომისიაში?
_ კომისია შეიქმნა 1994 წლის 31 დეკემბერს, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით. მე კომისიაში 1995 წლიდან, მისი პირველი სხდომებიდან ვმონაწილეობდი, როგორც კომისიის წევრი. კომისია პირველ ეტაპზე ცდილობდა მასალების მოძიებას და მათ დამუშავებას, რათა ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია ფორმირებულიყო მოლაპარაკებების პროცესის დაწყებამდე. ამ მიზნით შევისწავლეთ სამართლებრივი ბაზა, კარტოგრაფიული მასალა და ისტორიული წყაროები, მიწათსარგებლობის მონაცემები. მიჩნეული იქნა, რომ როგორც სამართლებრივად, ისე შედეგობრივადაც, საქართველოსთვის ყველაზე მისაღები იყო საზღვრის 1938 წლის ხაზით შეთანხმება. სწორედ ამ პოზიციით წარდგა კომისია 1996 წელს აზერბაიჯანის მხარესთან და მიზანს მიაღწია. საქართველო ამ შეთანხმებით, ფაქტობრივისგან განსხვავებით, 5400 ჰა-მდე მეტ ტერიტორიას მიიღებდა.
_ რა საკითხებს განიხილავდა კომისია და რა უნდა დაედგინა მას საბოლოოდ?
_ მხარეთა სადელიმიტაციო კომისიების მიზანი არის, თავიანთ დონეზე შეთანხმდეს საზღვრის ხაზი რუკებზე და შედგეს საზღვრის ტექსტობრივი აღწერილობა. შემდგომ ამისა, მხარეთა შორის უნდა გაფორმდეს შეთანხმება, რაც, საბოლოო ჯამში, უნდა რატიფიცირდეს მხარეთა პარლამენტების მიერ. ამით სრულდება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია.
_ ჰქონდა თუ არა კომისიის დასკვნას იურიდიული ძალა, თუ ეს იყო სარეკომენდაციო ხასიათის?
_ მხარეთა კომისიებს შორის მიღწეული შეთანხმებები განიხილება, როგორც წინასწარი (სამუშაო) შეთანხმება, რომელიც შემდგომ საჭიროებს სახელმწიფოებს შორის შეთანხმების გაფორმებას, შემდეგ კი _ რატიფიცირებას.
_ კონკრეტულად, დავითგარეჯის სადავო სეგმენტთან დაკავშირებით როგორი იყო თქვენი პოზიცია და როგორ უნდა მოგვარებულიყო აღნიშნული საკითხი?
_ თავდაპირველადვე, ქართული მხარის მიერ შეთავაზებული იყო სახელმწიფო საზღვრის გატარების პროექტი/ვარიანტი, რომლის შესაბამისადაც, ბერთუბნის მონასტერი, ჩიჩხიტური, უდაბნო და დავითის ლავრის თავზე არსებული ქედის სამხრეთ კალთაზე განთავსებული კელიები შემოდის საქართველოს საზღვრებში. საზღვრის ასეთი ფორმით გატარების/დადგენის შემთხვევაში, ქართული მხარე სთავაზობს აზერბაიჯანულ მხარეს სანაცვლო ტერიტორიას. ეს პოზიცია ქართული მხარის მიერ, ჩემ მიერ კომისიაში გაწეული საქმიანობის ბოლომდე, შენარჩუნებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობას აწყდებოდა აზერბაიჯანის მხარისგან. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი, საქართველოს მხარე მივიჩნევდით და მივიჩნევთ, რომ დავითგარეჯის კომპლექსი არის საქართველოს ისტორიისა და კულტურის ნაწილი, მას აქვს ჩვენი მართლმადიდებელი მოქალაქეებისთვის უდიდესი რელიგიური მნიშვნელობა და ჩვენი სახელმწიფო ინტერესია, ის სრულად დარჩეს საქართველოს შემადგენლობაში. სამწუხაროდ, კომუნისტების მიერ, სტალინის მმართველობის პირობებში მიღებული გადაწყვეტილებებით, ამ ტერიტორიის ნაწილი აღმოჩნდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს არ არის ჩემი მოსაზრება, ეს არის სამწუხარო რეალობა. ამიტომ ჩვენი საქმიანობა მიმართული იყო და მომავალშიც ასე უნდა იყოს ამ რეალობის შეცვლისკენ, რათა დელიმიტაციის პროცესის დასრულებისას დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი სრულად საქართველოს შემადგენლობაში დარჩეს. ამის მიღწევის გზაზე კი მოლაპარაკებასა და მეზობელ ქვეყანასთან შეთანხმებას, ვფიქრობ, ალტერნატივა არ გააჩნია.
_ ხელისუფლების მომხრეები განსაკუთრებით სპეკულირებენ რუკებთან დაკავშირებით, რომ რეალური რუკები იყო დამალული და კომისია სხვა რუკებით ხელმძღვანელობდა, რომელიც აზიანებდა ქვეყნის ინტერესებს.
_ ამ აჟიტირებული, 1936-38 წლების გამოცემის 1:200000 მასშტაბის რუკების ანალიზი კომისიის ექსპერტთა ჯგუფმა ჩაატარა მათი მოპოვებისთანავე დაახლოებით 2000 წელს. სამწუხაროდ, დადგინდა, რომ აღნიშნული რუკები ხასიათდება დიდი ტექნიკური წუნით. მათზე მოცემული ელემენტები, გეოდეზიური წერტილები, გზები, ხიდები, ხრამები, ხევები, მდინარეები და ა. შ., ისევე როგორც საზღვრის ხაზი, არ შეესაბამება მათ ადგილმდებარეობას ადგილზე და არც სხვა ტოპოგრაფიულ რუკებზე. გარდა ამისა, ამ 1:200000 მასშტაბის რუკაზე მოცემული საზღვრის ხაზი არ შეესაბამება არც რაიმე დოკუმენტურ მასალას ან მიწათსარგებლობის გეგმებსა და რუკებს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეს რუკები საერთოდ ამოვარდნილია კონტექსტიდან და მისი გამოყენება საქართველოს ინტერესების გასატარებლად შედეგის მომტანი ვერ იქნება. უფრო პირიქითაც. რაც შეეხება იმას, რომ თითქოსდა ვიღაცა მალავდა ამ რუკებს, არ შეესაბამება სინამდვილეს.
_ რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ის განცხადება, რომ რუსეთიდან იქნა მოპოვებული რუკები, რომელიც საქართველოს პოზიციებს განამტკიცებდა სადავო ტერიტორიების დაბრუნების სასარგებლოდ? რელურად, რა რუკაა ის, რაც თავდაცვის მინისტრმა პროკურატურას გადასცა?
_ ეს იგივე რუკებია, რაზედაც წინა კითხვაში გიპაუხეთ.
_ რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას დაკითხვებზე და ფიქრობთ თუ არა, რომ ეს პოლიტიკური ხასიათის გამოძიება იყო და არა რეალურად გარეჯის პრობლემის მოსაგვარებლად?
_ იმის გათვალისწინებით, რომ ამ რუკების ავკარგიანობასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად განიხილებოდა მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურის დონეზე 2014-16 წლებში და არ იყო მიღებული რაიმე ცალსახა გადაწყვეტილება, იძლევა საფუძველს ფიქრისა, რომ 2020 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, საკითხის ასეთი სახით აჟიტირება ემსახურებოდა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტის გაშავებისა და საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოსთან ურთიერთობების გაფუჭებას. შესაბამისად, საქართველოს მთავრობისა და მართლმსაჯულების აღნიშნულ ქმედებაში იკვეთება პოლიტიკური კონტექსტი.
_ იყო თუ არა ფსიქოლოგიური ზეწოლა გამოძიების მხრიდან, დაგესახელებინათ პოლიტიკური თანამდებობის პირები?
_ არა, ასეთს ადგილი არ ჰქონია. ერთადერთი, ვისზეც მინიშნება იყო, ნატალია ილიჩოვაა. თითქოს, რადგანაც ის ეთნიკურად რუსია, იგი დამესახელებინა დამნაშავედ. რა თქმა უნდა, შესატყვისი პასუხი მიიღეს. ის მართალია, ეთნიკურად რუსია, მაგრამ ბევრ მათგანზე მეტად სასიკეთო საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი სახელმწიფოსთვის.
_ რას გვეტყვით ვიდეოჩანაწერზე, რომლის ფრაგმენტიც პროკურატურამ გამოაქვეყნა? რა მტკიცებულებაა ეს და იცოდით თუ არა, რომ თქვენზე ფარული მიყურადება ხორციელდებოდა?
_ ცხადია, მიყურადება რომ ხორციელდებოდა, არ ვიცოდი და ვერც წარმოვიდგენდი. თავად ჩანაწერი ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრიდანაა, სადაც მე და მალხაზ მიქელაძე განვიხილავთ და ვიხსენებთ საზღვრის კონკრეტულ მონაკვეთზე გადაწყევტილების მიღების პროცესს. ცხადია, ეს ჩანაწერი მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს, რომ არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია და პირიქით, ყველაფერს ვაკეთებდით, რომ საქართველოს რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიეღო დელიმიტაციის პროცესიდან.
_ როგორ ფიქრობთ, დავითგარეჯის პრობლემის მოგვარება საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით რამდენად შესაძლებელია და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ამ მიმართულებით ხელისუფლებამ?
_ მინდა, მოკლედ გაეცეს პასუხი ამ კითხვას, რამეთუ დელიმიტაცია მიმდინარე პროცესია. მოკლე პასუხი კი ის არის, რომ ქვეყნის მიერ უნდა შემუშავდეს მართლზომიერი, მიზანდასახული მოქმედების გეგმა და მის მიხედვით უნდა წარიმართოს მოლაპარაკებები, ასევე გატარდეს სათანადო ღონისძიებები. დეტალების გახმაურებისგან თავს ვიკავებ, შეიძლება მხოლოდ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს გეგმა არ უნდა ემყარებოდეს რაიმე სიცრუეს ან მყარი არგუმენტებით გაუმყარებელ მოსაზრებებს.
_ ცოტა ისტორიული მიმოხილვაც: როდის და რა ვითარებაში დადგა ეს შედეგი 1924 წლის მერე? როგორ ვითარდებოდა პროცესები და რა ტიპის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა წინა ხელისუფლების დროს აზერბაიჯანთან გარეჯის პრობლემის მოსაგვარებლად?
_ აღნიშნული პერიოდის შემდეგ საზღვრის დადგენა განხორციელდა 1929 წელს, ამიერკავკასიის ცაკ-ის მიერ, რომელშიც მოცემულია საზღვრის აღწერილობა. გამომდინარე იქიდან, რომ 1936 წელს სსრკ-ს ახალი კონსტიტუციით ამიერკავკასიის რესპუბლიკა დაიშალა 3 რესპუბლიკად, 1938 წელს კვლავ დამტკიცდა საზღვრები მოკავშირე რესპუბლიკების მიერ, 1:500 000 მასშტაბის რუკაზე. ამის შემდეგ, ცხადია, განხილვები და გარკვეული ტიპის დოკუმენტური რუკები არსებობს, თუმცა მაღალი დონის ორმხრივი შეთანხმება არ მომხდარა. ამიტომ 1996 წელს მხარეებმა საზღვრის დელიმიტაციის საფუძვლად მიიღეს 1938 წელს დამტკიცებული საზღვრის ხაზი. აქვე აღნიშნეს, საჭიროების შემთხვევაში, სხვა მასალის გამოყენების შესახებ. პრაქტიკულ ჭრილში, ქართული პროექტი/ვარიანტი შედგენილია, ძირითადად, 1942-43 წლების 1:100000 მასშტაბის რუკების გამოყენებით, რომლებზედაც დაბეჭდილია 1938 წლის საზღვრის ხაზი.
ელისო კილაძე