იაპონიაში განათლება მიღებულ სტუდენტს საქართველოს მთავრობა 53 000 ლარის უკან დაბრუნებას სთხოვს!
იაპონიის უმაღლეს სასწავლებელში განათლება მიღებულ აპლიკანტს საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრი ფულის უკან დაბრუნებას სთხოვს. უფლედამცველების განცხადებით, ეს არის საერთაშორისო სირცხვილი და არა – კანონის აღსრულება, რაშიც მოსამართლის მანტია გამოიყენეს. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრთან დავას უკვე ევროსასამართლო გადაწყვეტს.
ნინო ც.-მ „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2016-2017-ის“ ფარგლებში მოიპოვა სახელმწიფო გრანტი იაპონიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, 2016-2017 და 2017-2018 სასწავლო წლებისთვის სწავლის საფასურისა და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებით. ხელშეკრულების მიხედვით, გრანტის მიმღები ვალდებული იყო, საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასრულების შემდეგ, დაბრუნებულიყო საქართველოში არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩენილიყო ქვეყანაში 3 წლით და დასაქმებულიყო საქართველოში შესაბამის სფეროში. განათლების სამინისტროს განმარტებით, გრანტის მიმღები არ დაბრუნდა ქვეყანაში, დაარღვია გრანტის ხელშეკრულება და მოეთხოვა ფინანსური პასუხისმგებლობა თანხის უკან დაბრუნებაზე.
სინამდვილეში, როგორც სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის 2016 წლის 26 აპრილის №10-16 ბრძანება უჩვენებს, მათ შორის, მხარეებთან გაფორმებული 2016 წლის 28 ივლისის ხელშეკრულება – გრანტის მიმღებს უფლება ჰქონდა, მიემართა სწავლის დასრულებიდან არა უმეტეს ერთი წლის სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით, უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭების თხოვნით. საკონკურსო კომისიის მიერ გრანტის მიმღებისთვის უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭება ჩაითვლება გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება საკონკურსო კომისიის მიერ გრანტის მიმღებისთვის მინიჭებული უცხო ქვეყანაში დასაქმების უფლების ვადის ამოწურვისთანავე.
ახლა, როგორ განვითარდა მოვლენები: 2018 წლის 16 ოქტომბერს ნინო ც.-მ განცხადებით მიმართა განათლების საერთაშორისო ცენტრს და მოითხოვა საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით 1 წლით, 2019 წლის შემოდგომამდე დარჩენა. 2018 წლის 9 ნოემბერს, დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, ცენტრმა არ დააკმაყოფილა მოთხოვნა. კომისიის აზრით, აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან არ იკვეთებოდა სამსახურებრივი პოზიცია.
ნინო ც.-მ 2018 წლის 18 დეკემბერს განცხადებით კვლავ მიმართა ცენტრს, რომელიც ასევე არ დაკმაყოფილდა და განათლების საერთაშორისო ცენტრმა გრანტის მიმღებს მოსთხოვა თანხის სრული მოცულობით დაბრუნება.
ეს კი უკვე შეიძლება საერთაშორისო სკანდალის საფუძველი გახდეს. უფლებადამცველების განმარტებით, ეს არ არის ერთეული შემთხვევა! სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი შემჩნეულია აპლიკანტების მიმართ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ მოპყრობაში.
თბილისის სასამართლომ არაერთი სხდომა მიუძღვნა საქმეს. მომჩივნის ადვოკატების განცხადებით, განათლების საერთაშორისო ცენტრი ძალიან ცუდ მაგალითს აძლევს აპლიკანტებს, რომლებსაც საქართველო ვერ ასაქმებს, ასაქმებს სხვა ქვეყნები და განათლების საერთაშორისო ცენტრი, ადგილზე დასაქმების ხელშეწყობის ნაცვლად, აპლიკანტების ცოდნის შეძენისთვის გადახდილი ფულის უკან დაბრუნებითაა დაკავებული.
აქვე დავძენთ, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრმა სარჩელი ნინო ც.-ს მიმართ სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბერს წარუდგინა, ხოლო ნინო ც.-მა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შეგებებული სარჩელით 2020 წლის 9 იანვარს მიმართა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, აპლიკანტს, რომელიც იაპონიამ დაასაქმა, საქართველომ სახელმწიფო გრანტის (53 379 ლარი) უკან დაბრუნება დაავალდებულა.
თამარ როსტიაშვილი