თეთრმულეტიანი ტორეადორები
ოპოზიცია, აგერ უკვე, მერამდენე არჩევნებია, ჯიუტად იმეორებს ერთსა და იმავე შეცდომას. ეს შეცდომა კი, არც მეტი არც ნაკლები, მათი საარჩევნო სტრატეგიაა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, „ქართული ოცნების“ ოპოზიციას, რატომღაც, ჰგონია, რომ თუკი „ქართულ ოცნებას“ კორუფციაში ამხელენ, თუკი გვანახებენ, როგორ გამდიდრდნენ ისინი ჩვენს ხარჯზე, ეს საკმარისი იქნება საიმისოდ, რომ მათ ხალხი აღარ აირჩევს და, შესაბამისად, აირჩევს მათ _ ანუ ოპოზიციას.
ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ბობოლა „ქოცების“ გამდიდრება არ აღელვებს და ნერვებს არ უშლის ხალხს, მით უფრო უმუშევრად დარჩენილთ ან მათ, ვინც დღედაღამ შრომობს და თავს ძლივს ირჩენს.
დიახ, ხალხს ნერვები ეშლება და უსამართლობის განცდა ეუფლება, როცა ხედავს, როგორ მდიდრდება სხვა და როგორ ღარიბდება თავად, როგორ იღებს ვიღაც ვიგინდარა გაქსუებული მასზე 10-ჯერ, 20-ჯერ და ხშირად 30-ჯერ დიდ ანაზღაურებას, როგორ ძღება და სკდება ვიღაც, როცა თავად შია, მაგრამ საკმარისია კი ეს ნერვების აშლა? უბიძგებს ხალხს იგი არჩევანის გასაკეთებლად?
პოლიტიკურმა კლასმა წესით, უნდა იცოდეს, რომ დღევანდელ საზოგადოებაში კორუფცია სულაც არ მიიჩნევა მომაკვდინებელ და უპატიებელ ცოდვად.
კოვიდ-19-თან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთო, ახლა გვმოძღვრავენ და როგორ გგონიათ, ხალხმა ვერ ისწავლა კორუფციასთან თანაცხოვრება?
ჯერ იყო და რუსეთის იმპერია იხრჩობოდა კორუფციაში და ბოლომდე გაიხრწნა, საზოგადოების ბოლო ქსოვილამდე, მერე იყო და სწორედ კორუფცია, მექრთამეობა იყო საბჭოთა კავშირის დაუწერელი კონსტიტუცია, სჯულის კანონი, ცხოვრების წესი, სტილი და ყაიდა!
თავად განსაჯეთ, მიმოიხედეთ თქვენ გარშემო, აუცილებლად გეყოლებათ გარემოცვაში პარტიული ნომენკლატურის, „ცეხავიკის“, კომბინატორის შთამომავალი, რომელიც სიამაყით მოგიყვებათ, თუ როგორ კარგად ცხოვრობდნენ ადრე, სწორედ იმ საბჭოთა დროში. თუ არ შეაჩერე, დეტალურად მოგიყვებიან, როგორ დაფრინავდნენ ყოველ თვე მოსკოვში, როგორ გრიალებდნენ იქ რესტორნებში და როგორ იმოსებოდნენ აქ გადამყიდველებთან, ახსოვთ რა რამდენი ღირდა, რაში რას ხარჯავდნენ, დააჯამებ მათ ხარჯებს და იქვე აღმოაჩენ გარღვევას მათ ბიუჯეტში. მათ მშობლებს ჰქონდათ 100-დან 200 მანეთამდე ხელფასი, მათი ჩამოთვლილი ხარჯების ჯამი კი ათჯერ და ოცჯერ აღემატებოდა იმ ხელფასს.
მაგრამ ეს შენი საქმეა არაა, ისინი გეტყვიან, რომ მათი მამა „კარგად შოულობდა“…
როგორ ფიქრობთ, აი, ამ მენტალიტეტის ხალხს რომ ეტყვი, სესიაშვილმა ბლომად ფული იშოვა და სრა-სახლი წამოჭიმაო, რა განცდა გაუჩნდება? აღშფოთდება თუ უფრო შეშურდება? ამომრჩევლის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, მაინც სოლიდარულია კორუფციაში მხილებულთა მიმართ. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია _ კორუფციაში მხილებულნი ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან, ხალხი კი მაინც მათთან ახდენს იდენტიფიცირებას, მათთან აიგივებს თავს და არა კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლებთან. მთელ ამ ისტორიაში კი მათ მხოლოდ იმაზე ეშლებათ ნერვები, რომ იმ კორუმპირებულების ადგილზე თვითონ რომ არ არიან. დიახ, რაც არ უნდა ილაპარაკონ მათ ღიად, თავად ხომ მაინც იციან, რომ თვითონაც ზუსტად ასე მოიქცეოდნენ?
ცხადია, საბედნიეროდ, ყველა ასე არც ფიქრობს და ყველა ასე არც მოიქცეოდა, მაგრამ საზოგადოების ნაწილთან სხვა პრობლემაა _ შეგუებულნი არიან კორუფციას, ჭაობს, ბაყაყების დიდ სიმფონიურ ორკესტრს… დღევანდელი ამომრჩეველი დაბადებულია ან საბჭოთა კავშირში, ან ედუარდ შევარდნაძის მმართველობისას, რაც სწორედ კორუფციის არნახული მასშტაბებით ხასიათდებოდა. ამ ამომრჩეველს ვაგიჟებთ იმით, რომ დღესაც კორუფციაა და ვიღაცები მათ ხარჯზე მდიდრდებიან? სამწუხაროდ, ხალხი შეეგუა იმას, რომ ყველა, ვინც მთავრობაში მოდის, ბიუჯეტის ფულს იპარავს და ძღება. ფაქტობრივად საზოგადოების დიდ ნაწილს რეაქციაც აღარ აქვს კორუფციის ფაქტების გახმაურებისას. არა, რეაქცია როგორ არ აქვს, ტელევიზორთან შეიგინება, ფბ-ზე შეიძლება პოსტიც დადოს, მაგრამ იმის იქით აღარ ჰყოფნის ის გაბრაზება, არ მისდევს არც საარჩევნო ურნამდე და ქუჩაში საპროტესტოდ გამოვარდნაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი.
ოპოზიციას არ უნდა ამის გაცნობიერება! ოპოზიციას დღემდე ისიც ვერ გაუგია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში გასავალი არც ოლიგარქის ძახილს აქვს, არც არაფორმალურ მმართველობაზე ამ დონის პედალირებას. ამის მიზეზებიც ჩვენს უახლოეს წარსულშია საძებნი. საბჭოთა კავშირში ყველაფერი ცეკას მდივანი იყო და არა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. იმ ქვეყანაში გამოზრდილებისთვის დღესაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ბიძინას პრემიერი ერქმევა თუ პარტიის თავმჯდომარე, თუ სულაც ქაჯეთის ციხეში გამოკეტილი ბიძინ-დარეჯანი.
არც ოლიგარქის ძახილი ხვდება ამომრჩევლის დიდი ნაწილის ყურს მჭახედ. ოლიგარქობა მისთვის ფულიან კაცთან ასოცირდება, რომლის ადგილზე ყოფნაცაა სწორედ მისი „ქართული“ „ოცნება“…
ოპოზიციას დასკვნები, ჯერ კიდევ, შევარდნაძის ხანიდან უნდა გამოეტანა. შევარდნაძის მთავრობა კორუფციაში იხრჩობოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, შევარდნაძეს ხმას მაინც აძლევდნენ. ცხადია, ყალბდებოდა არჩევნები და მერე როგორ, მაგრამ გულუბრყვილო უნდა იყო, დღეს ვინმემ დაგაჯეროს, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი ხმას არ აძლევდა იმ კორუფციით გახრწნილ სისტემას, კორუფციულ პირამიდას, რომლის თავზეც თეთრი მელა იყო მოკალათებული. მერე იყო და 2012 წელს ამომრჩეველთა 54,97%-მა, ანუ ზუსტად 1.181.862-მა კაცმა, ხმა მისცა სწორედ ოლიგარქის პარტიას! რა, ამ 1.181.862-მა კაცმა არ იცოდა, რომ პატიოსანი გზებით მილიარდებს ვერც საბჭოთა კავშირის დროს რომ ვერ იშოვიდი და ვერც მისი დაქცევის შემდეგ? ანუ ახლა რა გამოდის? _ ოპოზიცია დგას და ცდილობს, კორუფციაზე პედალირებით გული აუჩუყოს იმ საზოგადოებას, რომელიც მშვენივრად ხუჭავდა თვალს ამ ყველაფერზე შევარდნაძის დროსაც და მშვენივრად მილულა თვალები 2012 წელსაც?
ოპოზიცია დღემდე ვერ ჩასწვდა, რა არის დღევანდელი ამომრჩევლისთვის მთავარი და არსებითი. საბჭოთა კავშირის დროს, როცა ქვეყანა დაპყრობილი იყო და სახელმწიფოც შესაბამისად ჩვენი არ იყო, მისთვის ფულის მოპარვა არ აღიქმებოდა სამშობლოს, შენი ხალხის წინააღმდეგ წასვლად. სამწუხაროდ, ეს მენტალიტეტი რუდიმენტად დარჩა საზოგადოების დიდ ნაწილში და არც დღეს ფიქრობს იგი განსხვავებულად. ფაქტია, რომ დღევანდელი ამომრჩეველი იოლად პატიობს სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრებას ვიღაც ვიგინდარებს. კი, ცოდნით იცის, რომ სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრება მის ხარჯზე გამდიდრებაა, მაგრამ განცდაში მაინც არ ეძლევა ეს. რაც ცოდნით იცის, იმას არ აღიქვამს, ვერ აცნობიერებს და იოლადაც პატიობს.
რა არის არსებითი ამ საზოგადოებისთვის? ამ საზოგადოებისთვის (უფრო სწორად, მისი მნიშვნელოვანი ნაწილისთვის) მთავარია, რომ ხელისუფლებამ პირადად არ შეუქმნას რამე საფრთხე. დიახ, ამ ნაწილისთვის მთავარია, რომ ხელისუფლებამ ის არ დაიჭიროს იგივე კორუფციისთვის ან თუ მაინცდამაინც დაიჭერს, ციხეში მაინც აცადოს „სიტუაციის მოგვარება“. დიახ, მათთვის მთავარია, არ დაიჭიროს, არ მოკლას, საფრთხე არ შეუქმნას მათ სიცოცხლეს, კომფორტს. მოკლედ, ყველაფერი დაიყვანება შემდეგზე _ მათ უნდათ ხელისუფლება, რომელიც გამოღმა არ გადმოვა, არ მოკლავს, არ დაიჭერს, არაფერზე შეედავება, სანაცვლოდ კი გაღმა რაც უნდათ, ის აკეთონ, გინდა სასახლეები აშენონ, გინდა, რძეში იბანაონ. ანუ საზოგადოების ასეთ ნაწილს აწყობს ხელისუფლებასთან ამგვარი მიმართება _ გაღმით შენა ხარ, გამოღმით მე.
ეს სხვა არაფერია, თუ არა ურთიერთთავდაუსხმელობის შეუთანხმებლად შეთანხმება. თუ კარგად ჩავუკვირდებით, სწორედ ამგვარ ურთიერთთავდაუსხმელობასთან გვქონდა საქმე შევარდნაძის დროსაც და ასეა ახლაც.
ამ ყველაფრის შემდეგ ბევრი იკითხავს, თუკი ეს ყველაფერი ასეა, მაშინ სადღაა ოპოზიციის შეცდომა? რა ქნას ოპოზიციამ? ფეხი აუწყოს ამ მანკიერ მენტალიტეტს და შეჰყვეს სრულიად კორუფციულ გარიგებაში ამომრჩეველს? ცხადია, არა. საზოგადოების ამ ნაწილსაც და გაცილებით ჯანსაღსაც და პროგრესულსაც, ყველას ერთად აწუხებს ერთი რამ და სწორედ იმაზე უნდა იყოს ჩემი მოკრძალებული აზრით მთავარი აქცენტი გაკეთებული.
ქვეყანაში უმძიმესი კრიმინოგენური ვითარებაა. რეალურად, ხალხის ხოცვა-ჟლეტა მიდის. რა შუაშია აქ ხელისუფლება? იმ შუაში, რომ ვერ მართავს სიტუაციას, ვერ ახერხებს კრიმინალის აღმოფხვრას თუ არა შემცირებას და რაც მთავარია, ხშირ შემთხვევაში კი არ ებრძვის კრიმინალს და კი არ სჯის დამნაშავეებს, პირიქით _ ხელს აფარებს მათ.
ე. ი. ეს ხელისუფლება სწორედაც რომ გადმოდის გამოღმა და თავს გვესხმის, გვკლავს და გვანადგურებს, გვიხოცავს ახალგაზრდებს თავისი მანკიერი პოლიტიკით, თავისი ქმედებით და უმოქმედობით.
კრიმინალის ამგვარი თარეში და ხელისუფლების მხრიდან დამნაშავეების მფარველობა ერთნაირად აღელვებს და აღაშფოთებს ყველას, რადგან ყველას ჰყავს შვილები, და, ძმა, ყველას ემუქრება იგივე საფრთხე, თქვენ წარმოიდგინეთ, თვით ხელისუფლებაში მყოფებსაც კი!
ჩემი მოკრძალებული აზრით, სწორედ ამაზე უნდა იგებოდეს საარჩევნო სტრატეგიაც და ყველაფერიც. დიახ, ამაზე, რომ ეს ხელისუფლება, უბრალოდ, ჩვენს ხარჯზე კი არ მდიდრდება, გვკლავს!!!
ცხადია, მე არ ვგულისხმობ თითოეული მკვლელობის პოლიტიზებასა და პოლიტიკურ სპეკულაციებს. ვგულისხმობ ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობის დაკისრებას, მისთვის პასუხის მკაცრად მოთხოვნას იმის გამო, რომ ვერ ლაგმავს კრიმინალის თარეშს, არ იძიებს დანაშაულს დროულად, სათანადოდ და მეტიც, ხელს აფარებს მკვლელებს და ეხმარება მათ კვალის წაშლასა თუ მტკიცებულებათა განადგურებაში.
გამორიცხული არაა, ვინმემ თქვას, რომ ხშირ შემთხვევაში დაღუპულთა ოჯახები არიან მათი ოჯახის წევრის მკვლელობის საქმეზე ხმაურის წინააღმდეგი. დიდი ვერაფერი არგუმენტია. აუცილებელი არაა, ბარიკადებზე გვერდით გედგას მოკლულის დედა, მამა, ძმა და ოჯახის წევრი. მათ უკვე მოუკლეს ის, ვინც მათთვის უძვირფასესი იყო და მისი გადასაწყვეტია, რას როგორ გააპროტესტებს ამ უკუღმართ ქვეყანაში, მაგრამ ისინი მხოლოდ ოჯახს არა, ქვეყანას, საზოგადოებასაც მოუკლეს და საზოგადოებას აქვს უფლება, მოითხოვოს მათი მკვლელების დასჯა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ხვალ უკვე მათი შვილები არ აღმოჩნდნენ არაგვში, ქსანში, მტკვარში, ლიახვში….
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ძალზე მარტივია, გარდაცვლილის ოჯახს რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეს მკვლელის მიმართ, მკვლელს სამართლებრივი პასუხისმგებლობა მაინც ეკისრება და სასჯელი მაინც ედება. ზუსტად ასევეა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეც. მიუხედავად იმისა, თუ რა უნდათ გარდაცვლილთა ოჯახის წვერებს, ბიძებს, მამიდებს, ბიცოლებს და მეზობლის ქვისლებს, ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს პოლიტიკურად.
ვიდრე ამ მწვავე თემებს გაექცევა ოპოზიცია, მანამ იქნება ოპოზიციაში და ხელისუფლება კი კვლავინდებურად გააგრძელებს ბიუჯეტის თქვლეფასაც და მკვლელების მფარველობასაც.
დღეს ოპოზიცია ჰგავს კორიდაზე თეთრი (და არა წითელი) მულეტით გამოვარდნილ ტორეადორს, რომელიც ხარს ვერ აღაგზნებს.
რეზო შატაკიშვილი