თაღლითური სქემა ვერის ხეობის მცხოვრებლების წინააღმდეგ

ვერის ხეობის წყალდიდობიდან 6 წელი გავიდა. დაზარალებული ოჯახების ნაწილი, რომელსაც სტიქიამ საცხოვრებელი სახლები წაართვა, დღემდე ელოდება სამართლიანობის აღდგენას. სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება დავა. უფრო კონკრეტულად კი საქმე ეხება 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ზონაში სახელმწიფოსა და კერძო პირების კუთვნილ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების უკანონო დაუფლებას.

საქართველოს პროკურატურამ 2016 წელს ადვოკატების _ ნათელა გოდერიძისა და მზევინარ კოსტავას, ასევე ბელა გუბელაძისა და ქეთევან ჯავახიშვილის თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით დაკავების შესახებ განაცხადა. ნათელა გოდერიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ვერის ხეობის საქმეზე პროცესები დღემდე გრძელდება. არსებობს ეჭვები, რომ, სავარაუდოდ, ნათელა გოდერიძეს ღარიბაშვილის კლანი მფარველობს.

დაზარალებული მზია ოქროპირიძე „ქრონიკა+“-სთან აცხადებს, რომ გოდერიძემ თაღლითური გზით გადაიფორმა მისი ოჯახის ქონება და დღემდე ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას:

„ჩვენი სახლი წყნეთის ქუჩა #1-ში მდებარეობდა. კერძო სახლი იყო. 1960 წელს, როცა ჩემი დედამთილი დაქვრივდა, თბილისში ორი ბავშვით ჩამოვიდა და სახლი აიშენა. იმ პერიოდიდან ჩემი ოჯახი სწორედ ამ სახლში ცხოვრობდა. 2015 წლის 13 ივნისს, სტიქიის დროს, სახლში ჩემი მაზლი იმყოფებოდა. სტიქიის შედეგად, სახლის ნახევარი წყალმა წაიღო, დარჩენილ ნაწილში კი ცხოვრება შეუძლებელი იყო. კომპენსაციის მისაღებად მაშინვე მივმართეთ თბილისის მერიას, თუმცა იქ გვითხრეს, რომ სახლი სხვის სახელზე იყო გაფორმებული, კონკრეტულად, ნათელა გოდერიძეზე, რის შემდეგაც სასამართლოს გზით ვეცადეთ კუთვნილი ქონების დაბრუნებას და სარჩელი შევიტანეთ. თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია, იგი 6 წელია მიმდინარეობს, ორჯერ შეიცვალა მოსამართლე, ყოველ ჯერზე მოწმეებს ხელახლა კითხავენ. ამ პერიოდის განმავლობაში კი ჩემი შვილი, თავის ოჯახთან ერთად, ნაქირავებ ბინაშია, ხოლო მეუღლე რაიონში, დისშვილის ბინაში ცხოვრობს, მაზლი გარდაიცვალა. თბილისის მერია ჩემს შვილს 300 ლარს უხდის, თუმცა, მოგეხსენებათ, ამ თანხის ფარგლებში შეუძლებელია ნორმალური ბინის ქირაობა. რაც შეეხება ნათელა გოდერიძეს, ვეჭვობთ, რომ მას გავლენიანი პირი მფარველობს და სწორედ ამიტომ ჭიანურდება დროში სასამართლო პროცესები. სიმართლე ჩვენს მხარესაა! ნათელა გოდერიძეს არც ერთი დღე არ უცხოვრია იმ ადგილას, ისე გადაიფორმა მან ჩვენი სახლი. თუ სასამართლო დამოუკიდებელი და სამართლიანია, კუთვნილი ქონება ჩვენ უნდა დაგვიბრუნდეს. მოვითხოვთ, დროულად მიიღოს სასამართლომ გადაწყვეტილება“, _ ამბობს ოქროპირიძე.

„ქრონიკა+“ დაზარალებული ოჯახების ადვოკატ თამუნა ქუთათელაძეს ესაუბრა:

_ 2015 წლის 13 ივნისს, ვერის ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად, არაერთი ადამიანი დაიღუპა და მრავალი ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. ასეთი ოჯახებიდან ერთ-ერთმა, გიორგი გელაშვილის ოჯახმა, 2015 წლის აგვისტოში მომმართა შემდეგი გარემოებიდან გამომდინარე: მან შემთხვევით გაიგო, რომ მისი საცხოვრებელი სახლი გაფორმებული ჰქონდა ვინმე ქეთევან ჯავახიშვილს, ადვოკატ ნათელა გოდერიძის ქალიშვილ მარიამ ხუზაუარაშვილს, მის მაზლიშვილ ნინო ხუზაურაშვილს; გიორგი გელაშვილს კი პოლიციის მეშვეობით ასახლებდნენ. გელაშვილის თქმით, მისი მამა და ნათესაობა ვერის ხეობაში 1959-1960 წლებში დასახლდა. ჩემს კითხვაზე, თუ რატომ არ გაიფორმეს სახლი? გელაშვილმა მიპასუხა, რომ თვითგანაშენიანება იყო და, აქედან გამომდინარე, ყველას სახლის წიგნაკები ჰქონდა და ჩაწერილები იყვნენ. ერთადერთი გადარჩენილი სახლი, სწორედ, გელაშვილების გახლდათ. როდესაც დავინახე, რომ მათი სახლი უკანონოდ სხვას ჰქონდა მითვისებული, დავინტერესდი, მისი მეზობლები რა სიტუაციაში იყვნენ _ ჰქონდათ თუ არა გაფორმებული სახლი? რის შემდეგაც მომმართა ოქროპირიძეების, ციური ბექაურისა და ხუდედან სარდარიანის ოჯახებმა. რაც შეეხება ოქროპირიძეებს, ორი ოჯახია, რომან და ლევან ოქროპირიძეები _ მამა-შვილი არიან, ერთ სახლში ცხოვრობდნენ, თუმცა სხვადასხვა ფლიგელში. ლევან ოქროპირიძის მამა და მისი ნახევარძმა შალვა ბარისაშვილი ერთ ფლიგელში ცხოვრობდნენ, ლევანი და მისი ცოლ-შვილი _ მეორე ფლიგელში. აქედან გამომდინარე, ჯამურად, 5 ოჯახი გამოვიდა. ამ 5 ოჯახის საჩივარი სამოქალაქო კუთხით შევიტანე, ვინაიდან სამკვიდრო მოწმობით იყო გაფორმებული. ყველა დოკუმენტაციის მოსაძიებლად დიდი დრო დამჭირდა, რადგან საჯარო რეესტრში ძალიან გართულდა დოკუმენტების სრულად ამოღება. მას შემდეგ, რაც მივხვდი, რომ ამ ადამიანების ქონება უკანონოდ იყო გადაფორმებული და ეს საქმე საერთოდ არ შეესაბამებოდა სამოქალაქო დავას (ეს იყო სისხლის სამართლის დანაშაული), რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის ნიშნების გამოსავლენად მოვიძიე შესაბამისი დოკუმენტაცია.

_ კონკრეტულად, რა დოკუმენტაცია მოიძიეთ და რა დადგინდა ამით?

_ როგორც გავარკვიე, 1956 წელს იმ ადგილას დასახლებულა ვინმე იოსებ წინამძღვრიშვილი. მას სულ 12 კვ.მ. სადგომი ჰქონია, რომლის გაფორმებასაც ცდილობდა. წინამძღვრიშვილის შემდეგ ამ ადგილზე მოვიდა ბექაურების ოჯახი, რომელიც იყო პოლიციის თანამშრომელი. რა თქმა უნდა, მას კანონიერად სურდა ყველაფრის გაკეთება. ვინაიდან სახელმწიფო მიწა იყო, ამიტომ შექმნა დოკუმენტი იმის შესახებ, რომ საცხოვრებელი სადგომი თვითონ ააშენა, ტექბიუროში შეიტანა შესაბამისი დოკუმენტაცია და დაკანონებას ითხოვდა. თუმცა რადგან სახელმწიფო მიწა იყო, თვითგანაშენიანება მოხდა. ამის შემდეგ დასახლდნენ ოქროპირიძეები. მოგვიანებით მოსულმა ხუდედან სარდარიანმა ვალიკო ბექაურისგან იყიდა საცხოვრებელი სახლი, ასევე დასახლებული იყო გელაშვილების ოჯახიც. ეს 5 ოჯახი განთავსებული გახლდათ 4525 კვ.მ.-ზე. პირველ მცხოვრებ იოსებ წინამძღვრიშვილის სახელზე ირიცხებოდა 4525 კვ.მ. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ის იყო პირველი მცხოვრები და ტექბიუროდან მიწის სანახავად როცა მიდიოდნენ, აზომვა ჩატარდა, ცნობა-დახასიათებაში წერია, რომ ვალიკო წინამძღვრიშვილზეა დამაგრებული. ეს ცნობა-დახასიათება 1981 წელს მომზადა, სადაც წერია, რომ მესაკუთრე იოსებ წინამძღვრიშვილია. როგორ შეიძლება, მიწის მესაკუთრე ყოფილიყო იგი, როცა კანონი მიწის შესახებ საერთოდ არ არსებობდა? ამ 5 ოჯახის გარდა აქ არის ბუთხუზების ოჯახი, რომელსაც, სხვების მსგავსად, არ ჰქონდა დაკანონებული საცხოვრებელი სახლი. ადვოკატ ნათელა გოდერიძესა და მზევინარ კოსტავას მიმართეს დასახმარებლად. ადვოკატებმა საქმეში ნახეს, რომ ცნობა-დახასიათებაში, რის მიხედვითაც ბუთხუზებს საცხოვრებელი სახლი გაუფორმეს, გამოჩნდა, რომ იოსებ წინამძღვრიშვილს ჰყავს შთამომავალი _ შვილის, ვალიკო წინამძღვრიშვილის ცოლის გერი _ ბელა გუბელაძე, ანუ ვითომ მემკვიდრე. 2009 წელს, როდესაც ახალი ვერის ხეობის გზა გავიდა, ვალიკო წინამძღვრიშვილის სახლი დაინგრა. ამ დროს ვალიკო და მისი მეუღლე გარდაცვლილები არიან და ბელა გუბელაძემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამინაცვლის საცხოვრებელი სახლის კომპენსაცია. გოდერიძემ 2009 წელს წასული ადამიანი მოძებნა და უთხრა, რომ შენ არ იცი, რა მდიდარი ხარ, 4525 კვ.მ. მიწა და 5 სახლი გაქვსო. კონკრეტულად, რა გარიგება შედგა მათ შორის, არ ვიცი. ქალბატონი ბელა ვალიკო წინამძღვრიშვილის მეორე მეუღლის შვილი, ანუ გერი იყო. მას შემდეგ, რაც მისი მამინაცვალი და დედამისი გარდაიცვალნენ, ქალბატონი ბელა და ნათელა მივიდნენ ნოტარიუსთან და მოსთხოვეს, გარდაცვლილი მამინაცვლის ქონება საკუთრებაში დაერეგისტრირებინათ გარდაცვლილი დედის სამკვიდროს მეშვეობით. ნოტარიუსმა უთხრა, რომ არც დაღმავალი და არც აღმავალი ნათესავი ხარ, ამიტომ არ გეკუთვნისო. ერთი წლის შემდეგ ნათელა გოდერიძე, მზევინარ კოსტავა და ბელა გუბელაძე მცხეთაში, ბელას გარდაცვლილი დედის ზოგად სამკვიდროს აკეთებენ მისი გარდაცვლილი მეუღლისგან. ანუ ბელა გუბელაძემ გარდაცვლილ დედას მოათხოვნინა გარდაცვლილი მეუღლის ზოგადი სამკვიდრო. განცხადება მიცვალებულმა დაწერა?! _ ეს ხომ აბსურდია! თვითონ რა უფლებით მოითხოვა, გარდაცვლილ დედას ზოგადი სამკვიდრო გაუხსენით გარდაცვლილ მამინაცვალზეო?! ნოტარიუსმა ლელა ონიანმა ეს გააკეთა, მეორე დღესვე გახსნეს კონკრეტული სამკვიდრო. ბელა გუბელაძემ ზოგადი სამკვიდროს მეშვეობით მიიღო გარდაცვლილი მამინაცვლის სამკვიდრო, რომელიც მამინაცვალსაც არ ჰქონდა მიღებული მისი მამისგან, მთლიანად კი ეს იყო 4525 კვ.მ. მიწა და მასზე მდგომი სახლები. ეს მოხდა 2013 წელს. გარდაცვლილ ვალიკო წინამძღვრიშვილს ჰყოლია შვილი, რომელმაც უჩივლა ნოტარიუსს და 2013 წელს ნოტარიუსს ადმინისტრაციული სახდელი დაედო, 6 თვე კი ნოტარიუსის ფუნქციები შეუჩერეს. აღსანიშნავია, რომ როცა ნათელა გოდერიძემ სხვადასხვა საკადასტრო კოდად დაყო 4255 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, იგი გადააფორმა მის შვილზე, მარიამ ხუზაურაშვილზე, მის მეუღლე ჯემალ ხუზაურაშვილზე, მაზლიშვილ ნინო ხუზაურაშვილსა და მის სამ გვიშტიპელ თანასოფლელზე.

_ აღნიშნულის შესახებ იცოდა თუ არა იმ 5-მა ოჯახმა, რომელიც ვერის ხეობაში ცხოვრობდა?

_ ამ ოჯახებმა არ იცოდნენ, წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ მათი ქონება სხვამ გაიფორმა, მანამ, სანამ არ მოხდა სტიქია. მას შემდეგ, რაც 2015 წლის 13 ივნისის სტიქია განვითარდა, ნათელა გოდერიძემ, მზევინარ კოსტავამ, ბელა გუბელაძემ, ქეთევან ჯავახიშვილმა ასევე გოდერიძის მეუღლე ჯემალ ხუზაურაშვილმა წარადგინეს დოკუმენტი, რომ თითქოს ეს სახლები მათ ეკუთვნით, იქ ცხოვრობდნენ და ზიანის კომპენსაციის ანაზღაურებაზე შეიტანეს განაცხადი მერიაში.

_ კონკრეტულად, რა დოკუმენტი წარადგინეს და როგორ შეძლეს ამ დოკუმენტის მოპოვება?

_ საკუთრების დოკუმენტი წარადგინეს, საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომ თითქოს ეს ქონება მათ ეკუთვნოდათ. 4525 კვ.მ. იყო თავისი საცხოვრებელი სახლებით და ეზოებით, ნათელა გოდერიძემ ეს მიწა სხვადასხვა საკადასტრო კოდად დაყო, რომელიც არ შეესაბამებოდა ეზოების განლაგებას, რის შემდეგაც ეს ბელა გუბელაძეს გააყიდინა ქეთევან ჯავახიშვილზე, რომელმაც გაყიდა გოდერიძის თანასოფლელებზე. ე. ი. წარმოშვეს ე. წ. კეთილსინდისიერი მყიდველი, ვითომ ნამდვილად იყიდეს. აღსანიშნავია, რომ ქეთევან ჯავახიშვილი არის ნათელა გოდერიძის შვილის, მარიამ ხუზაუარაშვილის ნათლია. ეს გარიგება ქეთევან ჯავახიშვილსა და ბელა გუბელაძეს შორის 2013 წელს შედგა, 2015 წლის სტიქიის შემდეგ კი გადაყიდვები დაიწყეს.

ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო ვაკის რაიონულმა პოლიციამ. 2016 წელს, როდესაც მთავარ პროკურატურასთან დაზარალებულებთან ერთად აქცია გავმართეთ, მაშინ შეგვხვდა მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, ასევე კომუნიკაცია გვქონდა მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან, რომელმაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც ეს საქმე მთავარმა პროკურატურამ პირად კონტროლზე აიყვანა. გარდა ამისა, ამ საქმეს კიდევ უფრო დიდი რეზონანსი მისცა იმან, რომ ეს ადამიანები ვერის ხეობის დაზარალებულები იყვნენ და ამ თემაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო. მე შევხვდი ნოტარიუს ლელა ონიანს, რომელსაც ვუთხარი, რომ მის მიერ გამოცემული აქტები გაეუქმებინა, რადგან, ელემენტარულად, ამ აქტების გამო პასუხისგებაში მისცმდნენ. დღევანდელ დღეს მართლაც გამოყოფილია ვერის ხეობის საქმიდან ნოტარიუს ონიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე. 2013 წელს ონიანს საქმიანობა შეუჩერეს. გამოძიებამ კარგად იმუშავა და 2016 წლის ბოლოს ნათელა გოდერიძეს ბრალი წარუდგინეს 180-ე, 182-ე და 194-ე მუხლებით. მათ შორის, მას ბრალად ედება ფულის გათეთრება. ბელა გუბელაძემ, ქონება ვითომ რომ 80 ათას ლარად მიჰყიდა ქეთევან ჯავახიშვილს, შემდეგ ისე გააკეთა, რომ მის მიერ გაყიდული 4525 კვ.მ.-დან 300 კვ.მ. იყიდა 200 ათას დოლარად. ამ ნაწილშიც წარუდგინეს ბრალი. გოდერიძემ 4 თვე-ნახევრის შემდეგ საპატიმრო 30 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ დატოვა, ოღონდ, მიწა აქვს ჩადებული, თანხა არ გადაუხდია. 2017 წელს, მას შემდეგ, რაც გოდერიძემ საპატიმრო დატოვა, ბელა გუბელაძეს სოფელ გვიშტიპიდან ჩამოუტანა საცხოვრებელი ვაგონი და ვერის ხეობაში ჩადგეს, ვითომ მას სტიქიის შედეგად დაენგრა სახლი, მაშინ, როცა 2009 წელს მას უკვე აღებული ჰქონდა კომპენსაცია. მერიის სამსახურის დახმარებით ეს ვაგონი ავაღებინეთ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ბრალის წარდგენის შემდეგ გოდერიძეს ჩემ მიმართ პრეტენზია და აგრესია ჰქონდა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მებრძვის.

სანამ დავა არ დასრულდებოდა და არ გაირკვეოდა ყველაფერი, გამგეობამ და მერიამ კომპენსაცია არც ერთ მხარეს არ მისცა, თუმცა დიდი ძალისხმევის შედეგად, მერიისა და ვაკე-საბურთალოს გამგეობის მეშვეობით, ამ დაზარალებულებს დაენიშნათ ქირა. 300 ლარს უხდიან ლევან ოქროპირიძეს, ბექაურების ოჯახს _ 900 ლარს, რადგან ძალიან დიდი ოჯახია. რომან ოქროპირიძეს ვერ უხდიან, ის ნათესავთან ცხოვრობს რაიონში. ლევან ოქროპირიძის ნახევარძმა შალვა ბარისაშვილი გარდაიცვალა, ასევე ერთ-ერთი დაზარებული მალხაზ ბერძენიშვილი ისე გარდაიცვალა, სამართლიანობა მის მიმართ ვერ დადგა. ლევან ოქროპირიძის ოჯახი, რომელიც მეუღლისა და ორი მცირეწლოვანი ბავშვისგან შედგება, უნდა ნახოთ, როგორ სახლში, რა პირობებში ცხოვრობს. მათ ვერის ხეობაში საკუთარი სახლი რომ გამოასუფთაონ, ამის უფლებას არ მისცემენ, რადგან სტიქიის ზონაა. გარდა ამისა, სახლი ავარიულია. ალბათ, გამგეობას არ აქვს ამაზე მეტი საშუალება, რომ უფრო დიდი თანხა გამოუყონ ქირისთვის. ეს ხალხი ქუჩაში როდემდე უნდა იყოს, გაუგებარია? სარდარიანის მიწა, რატომღაც, გამორჩა ნათელა გოდერიძეს. სარდარიანმა, მეზობლების თქმით, დაამტკიცა, რომ ნამდვილად ცხოვრობდა იმ ადგილას და გამგეობამ იმ ნაწილის კომპენსაცია მისცა, რომელიც გოდერიძემ და დანარჩენმა ვერ მიიხაზეს. სინამდვილეში, მათ გაყალბებული აქვთ ნახაზები. ის პიროვნება, ვალიკო წინამძღვრიშვილი, როდესაც დასახლდა, მხოლოდ იმ ნაწილს განკარგავდა, სადაც ცხოვრობდა. ამ კაცს მახლობელ მთაზე გაშენებული ჰქონდა ვენახები, ეს ნაწილი დაბლა ჩამოიტანეს ნახაზში და ვითომ ისე გამოჩნდა, რომ ეს ფართი და სახლები ვალიკოს საკუთრებაში იყო. ეს გააკეთეს კომპენსაციის მისაღებად და ამ ხალხის გასაყრელად. არქიტექტორი კახა გარსევანიშვილი ჰყავთ, რომელიც ყველაფერს ისე ხაზავს, როგორც გოდერიძე ეტყვის. გარსევანიშვილი არაერთ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეში ფიგურირებს, ასე ვთქვათ, გოდერიძის „კუდია“. ეს კაცი პირდაპირ ამბობს, _ ნათელამ რაც მითხრა, ის დავხაზეო. ნათელა კი ამბობს, რომ გარსევანიშვილის ნახაზები სინამდვილეს შეესაბამება. შეუძლებელია, ეს ნახაზები სინამდვილეს შეესაბამებოდეს, რადგან თუკი დავუჯერებთ დოკუმენტებს, რომლებიც ტექბიუროში ინახება, ჯერ კიდევ, 1960-იან წლებში ყველა მოსახლეს მიმართული აქვს გამრიცხველიანებაზე, დენისა და გაზის შეყვანასა და დაკანონებაზე. ყველას აქვს საცხოვრებელი ბინის წიგნაკები. ეს ადამიანები მოქირავნეები რომ ყოფილიყვნენ, მათზე საცხოვრებელი ბინის წიგნაკებს არ გასცემდნენ. გარდა ამისა, ვალიკო წინამძღვრიშვილმა, რომელიც იყო მუშა, 5 სახლის აშენება შეძლო და თავად მიწურში ცხოვრობდა და ამ სახლებს აქირავებდა?! კომუნისტების დროს ვინმეს ერთ სახლზე მეტი და თან ამ რაოდენობის ქონება რომ ჰქონოდა, ეს როგორ წარმოგიდგენიათ?! _ ეს ხომ აბსურდია!

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ გოდერიძეს თქვენი მისამართით პრეტენზიები ჰქონდა. კონკრეტულად ხომ ვერ დაასახელებთ?

_ მას შემდეგ, რაც ქალბატონი ნათელა დააკავეს, ის ყოველთვის აცხადებდა და დღესაც ამბობს, _ ამ საქმით პირადად ვარ დაინტერესებული, რომ ეს მოსახლეობა იმ ადგილას მხოლოდ მოქირავნეების სტატუსით ცხოვრობდაო. გოდერიძის თქმით, მე მოვინდომე ამ ქონების ხელში ჩაგდება და, თითქოს, ვატყუებ ამ ხალხს, რომ ეს საცხოვრებელი სახლები მათია. ქალბატონი ნათელა ყველაფერს კადრულობს, ეთიკის კომისიაში მიჩივის. ის იმდენად გაბოროტდა, რომ 2017 წელს, როცა ადვოკატთა ასოციაცის არჩევნები იყო, მე, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში ვიყრიდი წევრობაზე კენჭს და ამ პერიოდში ნათელა გოდერიძემ 5 სხვადასხვა უწყებაში ჩემი სახელით გააგზავნა საჩივრები იმ ადვოკატებზე, რომლებიც მას და მზევინარ კოსტავას უანგაროდ იცავდნენ ვერის ხეობის საქმეზე. სამმართველოდან დამირეკეს და მითხრეს, რომ თქვენი საჩივარია შემოსული და მობრძანდითო, ადვოკატებს დათუნა მოდებაძესა და რამაზ ჩინჩალაძეს უჩივითო. ძალიან დიდი სტრესი იყო ეს ჩემთვის. მაშინვე მივხვდი, რომ ამ ყველაფრის უკან გოდერიძე იდგა. შსს-მ სავარაუდო დასკვნა დადო, რომ ამ საჩივარზე ჩემი ხელმოწერის ნაცვლად სწორედ გოდერიძის ხელმოწერა იყო; საბოლოოდ კი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ 2020 წლის 29 სექტემბერს კატეგორიული დასკვნა დადო, რომ საჩივარზე ნამდვილად გოდერიძის ხელმოწერაა. მიუხედავად ამ დასკვნისა, გოდერიძეს არავინ კიდებს ხელს. ქალს, რომელიც ამას იკადრებს, რომ თავისი კოლეგის, ადვოკატის ხელმოწერას გააყალბებს და ორ ადვოკატზე, რომლებიც მას უანგაროდ იცავენ, საჩივარს შეიტანს, არ შეუძლია, 5 ადამიანს ქონება წაართვას?!

_ გოდერიძის მხრიდან ხელმოწერის გაყალბებასა და თქვენი სახელით ადვოკატებზე საჩივრის შეტანას ვერის ხეობის საქმეს უკავშირებთ?

_ დიახ, ეს ვერის ხეობის საქმესთან პირდაპირ კავშირშია. სხვაგვარი შემხებლობა ნათელა გოდერიძესთან არ მქონია. ამ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ადვოკატის ჩივილთან დაკავშირებით არის აღძრული, დაზარალებულად ვარ ცნობილი. როგორც დაზარალებულს, ყველა მასალა გადმომეცა. ვიდეოჩანაწერში კი ჩანს, რომ სწორედ ნათელა გოდერიძის ქმარი აგზავნის ჩემი სახელით საჩივარს, ხოლო ექსპერტიზა ადასტურებს, რომ საჩივარზე არა ჩემი, არამედ გოდერიძის ხელმოწერაა. გარდა ამისა, გოდერიძემ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს, ციური და ელეონარა ბექაურებს, გაუგზავნა შეურაცხმყოფელი შინაარსის წერილი, სადაც წერდა, რომ ეს ადამიანები მატყუარები არიან. ამ ფაქტის გამო საქმეს იხილავდა ადვოკატთა ასოციაციის დიდი ჟიური. ფოსტას არ ჰქონდა ჩანაწერი, რომ ამ კონვერტებსაც გოდერიძის ქმარი აგზავნიდა და ამიტომ ეს საქმე შეწყდა. საჩივარი შევიტანე, რომ დიდი ჟიურის მიერ განხილული საქმე განაახლონ. დარწმუნებული ვარ, სამართალი მალე დადგინდება და გოდერიძეს არა მხოლოდ ვერის ხეობის საქმესთან დაკავშირებით მისცემენ პასუხისგებაში. ამასთანავე, მსოფლიოში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ ადვოკატმა კოლეგის ხელმოწერა გააყალბა და ორ სხვა, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს უჩივის. კომუნიკაცია მაქვს და მათ ძალიან უკვირთ, როცა გოდერიძეს ამის გამო პასუხისგებაში არ აძლევენ. 2021 წლის 27 მაისს მე და ადვოკატმა დიანა მარტიაშვილმა მივმართეთ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, რომ ქალბატონი ნათელა გოდერიძე, რომელმაც ჩაიდინა ადვოკატისთვის უღირსი საქციელი (ეს იყო პიკი!), გააყალბა ადვოკატის ხელმოწერა და უჩივლა სხვა ორ ადვოკატს, დაუყოვნებლივ გაირიცხოს ადვოკატთა ასოციაციიდან. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, კანონის ანალოგიის გამოყენებით მას შეუჩერდეს ადვოკატის ფუნქცია.

_ ეჭვობთ, რომ გოდერიძეს გავლენიანი პირები მფარველობენ?

_ კონკრეტული ეჭვი მაქვს, რომ გოდერიძეს ნამდვილად მფარველობენ: ან ვინმეს აშანტაჟებს ჩანაწერებით, ან კონკრეტული მფარველი ჰყავს და კორუფციული გარიგებაა იმ ქონებებთან დაკავშირებით, რომელიც მას და მის ქმარს აქვს მითვისებული. ჩემი ინფორმაციით, გოდერიძის ქმარი ჯემალ ხუზაურაშვილი, არის თამაზ თამაზაშვილის ცოლისძმის კლასელი. დაზარალებულმა ციური ბექაურმა კი, ჯერ კიდევ, 2016 წელს განაცხადა, რომ გოდერიძეს ღარიბაშვილის კლანი მფარველობს. ჩემივე ინფორმაციით, თამაზ თამაზაშვილის ცოლისძმა არის გოდერიძის შვილის ნათლია. ფაქტია, რომ რეალურად ვიღაც მფარველობს, გოდერიძეს ღამე არ სძინავს და საჩივრებს წერს ყველასა და ყველაფერზე. გარდა ამისა, ყველა ადვოკატზე, ვინც კი მისი სამართლებრივი მოწინააღმდეგეა, საჩვრები შეიტანა ეთიკის კომისიაში.

_ რა გადაწყვეტილებას ელოდებით სასამართლოსგან?

_ პირველად, როდესაც სამართლებრივი დევნა დაიწყო, 2016 წლიდან მოყოლებული, ქალბატონი შორენა გუნცაძე იყო მოსამართლე. მიუხედავად იმისა, რომ პროცესები ვითომ ინტენსიურად მიმდინარეობდა, სასამართლოები ძალიან გაიწელა. შემდეგ ქალბატონი შორენა გადაიყვანეს სააპელაციო სასამართლოში. დღესდღეობით ბატონი ლაშა ჩხიკვაძე იხილავს საქმეს. დარწმუნებული ვარ, ბატონი ლაშა ძალიან მალე დაასრულებს და მიიღებს გადაწყვეტილებას. პრაქტიკულად, საქმის გამოძიება დასრულებულია და მხოლოდ დასკვნითი სიტყვები იყო სათქმელი, განაჩენი უნდა გამოსულიყო, ვინაიდან სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ თუკი მოსამართლე შეიცვლებოდა, იგივე მოწმეების დაკითხვა თავიდან იქნებოდა შესაძლებელი. 16 მოწმეა დასაკითხი და მჯერა, ლაშა ჩხიკვაძე ამ მოწმეებს უმოკლეს ვადაში დაკითხავს. ვიცნობ და ვიცი ამ მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ. თუ ის არ შეცვალეს და კიდევ ახალი საპროცესო ხრიკი არ მიეცა გოდერიძეს, ეს საქმე ორ თვეში უნდა დასრულდეს. ბატონი ლაშა ინფორმირებულია იმის შესახებაც, რომ გოდერიძემ ჩემი ხელმოწერა გააყალბა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საქმე მალე დასრულდება. რაც შეეხება ჩემი ხელმოწერის გაყალბების საქმეს, პროკურორი გრიგოლ ნიშნიანიძე იმალება. გენერალური პროკურატურის ცხელ ხაზზე დავრეკე, თუმცა იქ ამბობენ, რომ ზემოთ ათანხმებენ. რა იგულისხმება ამ ზემოთ შეთანხმებაში, ჩემთვის გაუგებარია.

როდესაც ჩემი სახით ადვოკატი სამართლიანობისთვის ასე იბრძვის და 4 წელი დამჭირდა იმის დასადასტურებლად, რომ ჩემი ხელმოწერა გოდერიძემ გააყალბა, მოქალაქეებმა რა უნდა ქნან, არ ვიცი. დღევანდელ დღეს, პრაქტიკულად, ლინჩის წესით მიდის ერთმანეთის გასამართლება და ქურდულ სამყაროსთან აკეთებენ მიმართვებს, რადგან არ უნდათ, წლები ელოდონ სასამართლო გადაწყვეტილებას. ძალიან დიდი საშიშროების წინაშე ვდგავართ. მართლმსაჯულება უნდა იყოს სწრაფი და ეფექტიანი. კანონის წინაშე კი ყველა თანასწორია, არავის უნდა ჰყავდეს მფარველი და არც შანტაჟის უნდა ეშინოდეს ვინმეს. პოლიციაც, პროკურატურაც, სასამართლოც თავის ადგილზე უნდა იდგეს. დღეს ვხედავ, რომ ეს ასე არ არის, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღნიშნავენ. როდესაც ადვოკატის უფლებები ასე ილახება, მოქალაქის უფლებებზე საუბარიც ზედმეტია.

„ქრონიკა+“ ნათელა გოდერიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, თამუნა ქუთათელაძე ატყუებს მცხოვრებლებს, რომ თითქოს ის ქონება მათი საკუთრებაა:

„თვითონ თამუნა ქუთათელაძე ცდილობს მიწის თაღლითურად ხელში ჩაგდებას იმ ადამიანების მეშვეობით, ვისი სახელითაც გამოდის. თამუნა თვითონ თაღლითობს და ატყუებს მცხოვრებლებს, რომ თითქოს ის ქონება მათი საკუთრებაა.

თამუნა ქუთათელაძის სარჩელზეა გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ქუთათელაძეს უთხრეს, რომ არც შენ (რომელიც წარმოადგენს გიორგი გელაშვილს, ციური ბექაურს) და არც სხვას არ აქვს უფლებამოსილება იმ ქონებაზე, რომელზედაც დაობენ. იმ ქონების მესაკუთრე იყო იოსებ წინამძღვრიშვილი, მემკვიდრე კი ვალიკო წინამძღვრიშვილი, რომლის მემკვიდრეც ანა ნადიბაიძეა. ხოლო ნადიბაიძის მემკვიდრეა მისი შვილი ბელა გუბელაძე, რომელმაც მიიღო მემკვიდრეობა და სამკვიდრო მოწმობა მოქმედებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამკვიდრო მოწმობა, რომელიც გაცემულია ბელა გუბელაძეზე, კანონიერია და გაუქმებას არ ექვემდებარება“.

რაც შეეხება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ გოდერიძემ ქუთათელაძის ხელმოწერა გააყალბა, ამ საკითხზე გოდერიძე გვპასუხობს: „ქუთათელაძემ ექსპერტიზას დააწერინა ეს დასკვნა“.

გოდერიძე მის მიმართ ღარიბაშვილის კლანის მფარველობასაც ეხმაურება და ამბობს: „საერთოდ არ ვიცი ღარიბაშვილის კლანი. ტელევიზორიდან ვიცნობ ღარიბაშვილს, მასთან არანაირი ნაცნობა არ გამაჩნია“.

„ქრონიკა+“ ესაუბრა კიდევ ერთ დაზარალებულ ირაკლი მძელურს, რომელიც იმ 5 ოჯახიდან ერთ-ერთია. მძელურის თქმით, გოდერიძე თაღლითური გზით ცდილობდა მისი ქონების მითვისებას:

_ სახლი, სადაც ვცხოვრობ, პაპაჩემმა 1955 წელს ააშენა. გვქონდა საბინაო წიგნაკი და გადახდის ქვითრები, ის დოკუმენტაციები, რაც აღიარების საფუძველია. მამაჩემმა თეიმურაზ მძელურმა და მამიდაჩემის მეუღლე გიორგი ბასოშვილმა აღიარების კომისიაში შეიტანეს ეს დოკუმენტაცია, რის შემდეგაც სახლი დარეგისტრირდა. სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა ნათელა გოდერიძე, რომელმაც აღიარების კომისიაში დაგვიბარა, თითქოს ჩვენი სახლი თაღლითური გზით გავიფორმეთ. გოდერიძემ ჩვენს მეზობელ ირინა ოლიფერთან გააფორმა ხელშეკრულება, რომ ის იქნებოდა მისი წარმომადგენელი, თუმცა ოლიფერი არ იყო საქმის კურსში, რას აკეთებდა გოდერიძე და მისი დაჯგუფება. ოლიფერი ჩემი მომიჯნავე მეზობელია. გოდერიძეს მისი გამოყენებით სურდა, თაღლითური გზით ემოქმედა და ჩვენი ქონება ხელში ჩაეგდო. ის ამბობდა, რომ თითქოს ჩვენი სახლი ოლიფერის ბებიის საკუთრება იყო და ჩვენ „ატსტუპნიკები“ ვიყავით. აღიარების კომისიაზე დაგვიბარეს მე და მამაჩემი, სადაც გოდერიძის მხრიდან იყო ზეწოლა ჩვენი მისამართით, თუმცა კომისიამ გაგვამართლა. ამის შემდეგ საჯარო რეესტრს უჩიოდა, რატომ დაარეგისტრირეთ ქონებაო?! გოდერიძე თუ იურისტია, უნდა იცოდეს, რომ საჯარო რეესტრი დოკუმენტების საფუძველზე ახორციელებს რეგისტაციას. მე თავად ვმუშაობ საჯარო რეესტრის სააგენტოს დამისამართების სამსახურში, რის გამოც დაიწყო ჩემზე მუქარა: ცრუ ბრალდებებს მიყენებდა, სამსახურში საჩივარს მიწერდა, რომ რადგან საჯაროო რეესტრში ვმუშაობდი, თითქოს ხელი მიმიწვდებოდა ტექბიუროს მასალებთან და რაც აწყობდა სახლის რეგისტრაციისთვის, ის მასალები ჩადოო. სანამ საჯარო რეესტრში დავიწყებდი მუშაობას, მანამდე გავაფორმეთ სახლი. გარდა ამისა, არ მიმიწვდებოდა ხელი ტექბიუროს მასალებზე. გოდერიძე ჩემ განთავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მისი მოთხოვნა ჩემმა სამსახურმა არ დააკმაყოფილა. გოდერიძე მუდმივად ცდილობდა პროვოკაციაზე ჩვენს წამოგებას. მამაჩემმა ნერვიულობის ნიადაგზე 2015 წლის 26 იანვარს ინფარქტი მიიღო. ასევე ბიძაჩემს, გიორგი ბასოშვილს, ნერვიულობისა და სტრესის ფონზე, დიაბეტი განუვითარდა. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ გოდერიძემ აღიარების კომისიიდან წარმომადგენლები მოიყვანა სახლში, ეზოში შემოგვივარდა და ამბობდა, რომ ეს მისი კუთვნილი ქონება იყო. ჩვენი ოჯახის წევრების პროვოკაციაზე წამოგება უნდოდა. ამჯერადაც, კომისიამ დაწერა, რომ ეს ჩვენი კუთვნილი ქონება იყო და ირინა ოლიფერთან კავშირი არ გვქონდა. ამის შემდეგ გოდერიძემ საჩივარი დაწერა, რომ თითქოს მამაჩემმა და ბიძაჩემმა აღიარების კომისია მოისყიდეს და ასე გადაიფორმეს ნაკვეთი. ამის გამო ეს საქმე სისხლის სამართლის საქმედ გადაკვალიფიცირდა. ბიძაჩემი დაკითხვაზე დაიბარეს, დაკითხვის შემდეგ კი მას სამი დღე საჭმელი არ უჭამია. დაახლოებით 3 თვეში, ნერვიულობის ნიადაგზე, სიმსივნე დაუდგინდა, რამაც იმსხვერპლა. ჩემი ოჯახიდან ორი პიროვნება ამ ადამიანის თაღლითურ ქმედებებს, ცილისწამებასა და ამის შედეგად ნერვიულობას ემსხვერპლა. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ეს საქმე უკავშირდება გუბელაძის საკითხს, სქემატურად ერთი და იგივე თაღლითური ბადეა. გოდერიძეს იმ საქმეშიც თავისი დაჯგუფების წევრი ჰყავს ჩართული, ვითომ კრების ოქმებს ადგენდნენ. გარდა ამისა, ჩვენებებს არა თბილისში, არამედ ქალაქგარეთ ამოწმებდნენ ნოტარიუსებთან.

_ გაიგო თუ არა ოლიფერმა გოდერიძის ქმედებების შესახებ და რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ კონკრეტულად ამ საქმეზე?

_ როგორც კი გაიგო ოლიფერმა ამის შესახებ, მან თქვა, რომ გოდერიძეს უფლება მისცა, მხოლოდ ოლიფერის ნაკვეთი დაერეგისტრირებინა. ასევე, ოლიფერის თქმით, გოდერიძისთვის არ მიუცია უფლება, რომ ჩვენს ნაკვეთს შეხებოდა. ოლიფერის ჩვენების შედეგად, რომელმაც თქვა, რომ ჩვენთან მიმართებით არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა, სამოქალაქოს ნაწილში ეს საქმე მოვიგეთ. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომლის მიხედვითაც გოდერიძე თაღლითური სქემით ითვისებდა ჩემს ქონებას, ეს საქმე დღემდე გრძელდება. სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია. როგორც გითხარით, ეს 5 ოჯახის ერთობლივი თემაა. ასევე დიდი წვლილი მიუძღვის თაღლითების გამოაშკარავებასა და მათი სქემისა და მეთოდიკის დადგენაში გამომძიებელ გიორგი ლომთაძეს და პროკურორ მაია ჯვარშეიშვილს. რომ არა ისინი, ეს დაჯგუფება კიდევ გააგრძელებდა წყნარად მოსახლეობის მოტყუებასა და ქონებების მითვისებას.
მძელურის ინტერესებს სამოქალაქო ნაწილში ადვოკატი ნიკოლოზ არსენიშვილი იცავდა.

ნენე ინჯგია