თაზო დათუნაშვილი: „ანაკლიის პორტი რომ ვერ აშენდება დასავლური ინვესტიციით, ამით მხოლოდ „ოცნება“ და გახარიას გუნდი აღფრთოვანდა“

გიგა გელხვიიძე

ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო კამპანია აქტიურად დაიწყეს, ამის პარალელურად კი მმართველი პარტია განაგრძობს საკუთარ პროპაგანდას იმის შესახებ, რომ არჩევანი ოპოზიციის სასარგებლოდ ნიშნავს, არჩევანი გააკეთო ომის სასარგებლოდ, რადგანაც „ქართული ოცნება“ არის მშვიდობის გარანტი და სხვა შემთხვევაში საქართველოში დაიწყება ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს უკრაინაში.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდასა და რეპრესიულ გეგმებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, თაზო დათუნაშვილი:

_ თაზო, როგორც ვხედავთ, მმართველი პარტიისთვის მიუხედავად არაერთი საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, მაინც აქტუალურია ის შეფასება, რომ 2008 წელს რუსეთთან საქართველომ წამოიწყო ომი. ვიხილეთ პოლიტსაბჭოს განცხადებაც და მოვისმინეთ პარტიის ლიდერების გამოსვლებიც. როგორია ამ პროცესების თქვენი შეფასება?

_ საქართველოს ომი არ დაუწყია, იმის მტკიცება, რომ საქართველოში რაღაც ძალები არსებობდნენ, რომლებიც ომს გამოიწვევდნენ, არის ჩვეულებრივი ტყუილი. პროვოცირებაზე საუბარიც არის ტყუილი, რადგანაც ეს თავიდან ბოლომდე არის რუსული ხაზი, მედვედევისა და პუტინის ხაზი, რომლითაც ისინი იცავდნენ თავს საერთაშორისო სასამართლოებში და ვერ დაიცვეს. ამ თემის კიდევ ერთხელ წამოწევა და გაშლა შეიარაღებული ძალებისკენ კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ემსახურება რუსეთის ფედერაციის ინტერესებს და პუტინის ინტერესებს. ამ თემის წამოწევა წინასაარჩევნოდ არის იმ ციკლის ნაწილი, რომელიც დააანონსეს, რაც უპრეცედენტოა ქვეყნის ისტორიაში, რომ მმართველი ძალა არჩევნების წინ კამპანიის ბოლო ფაზაში გამოაგდებს გარეთ ბევრ სიბინძურეს, რომ რაღაც კომპრომატების ომს დაიწყებს. ეს არის ღია მუქარა და ჩვენ ხელისუფლების მხრიდან ახლა ვისმენთ ღია მუქარას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არჩევნებს მოიგებენ, შემდეგ აწარმოებენ რეპრესიებს. ეს ძალიან მძიმე განცხადება საშინელი, სამარცხვინო ტექსტით, რომელიც გამოაქვეყნეს („ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება აგვისტოს ომის შესახებ), არის ერთგვარი ტიზერი იმისა, თუ რას აპირებენ მომავალში და მომავალში აპირებენ არჩევნების შემდგომ იმ ტიპის რეპრესიებს, რასაც ვხედავთ ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის დიქტატურებსა და რუსეთში.

_ თქვენ ახსენეთ კომპრომატები, ელოდებით მორიგ კრებსებს ან რაიმე სახის ფაბრიკაციების გამოგდებას?

_ მოლოდინი არ მაქვს, უბრალოდ, ვუსმენ მათ ღია და საჯარო განცხადებებს, რომლებიც ჰქონდა მათი პარტიის აბსოლუტურად ყველა ლიდერს ბოლო დიდი შეკრებაზე. ასევე ივანიშვილის განცხადებებს. ისინი აანონსებენ კამპანიის ბოლო ფაზაში სიბინძურეების გამოშვებას და კომპრომატების ომს. ასეთი რამ ღიად „ნაციონალურ მოძრაობასაც“ არ უქნია 2012-ში. შეიძლება ფარულად რაღაც საუბრები იყო, მაგრამ ასე ღიად და პირდაპირ ისმის ტრიბუნებიდან ლაპარაკი იმაზე, რომ აპირებს რაღაც სიბინძურის გამოგდებას, ეს არის უპრეცედენტო. მოლოდინი არაფრის არ მაქვს, მაგრამ მათი განცხადებებიდან გამომდინარე ამას აპირებენ. ეს იქნება ფეიკების, ტყუილი ჩანაწერების, ყველა იმ სიბინძურის გამოყენება, რომელიც უბრალოდ აკრძალულია არჩევნებში და უბრალოდ არაპატიოსნება არის არჩევნებში ამის გამოყენება, თუმცა ისინი ღიად ამას ამბობენ და, სამწუხაროდ, ამ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც საზოგადოება ამ ყველაფერს უკვე ყოველდღიურად იტანს. ეს იქნება არჩევნები წესების გარეშე.

_ 2012 წლის არჩევნების შემდგომ ვიხილეთ საყოველთაო ამნისტია, სადაც ძალიან ბევრი ისეთი პატიმარი გამოვიდა პოლიტიკური პატიმრის სტატუსით, რომ მას არანაირი შემხებლობა არ ჰქონია ამ სტატუსთან. დღეს უკვე ვიცით, რომ მმართველი პარტია მორიგ მასშტაბურ ამნისტიას გამოაცხადებს. რა მოლოდინი გაქვთ, როგორ შეაფასებთ ამ საკითხს? ისევ უნდა ველოდოთ მძიმე დანაშაულის გამო დაკავებული ადამიანების გამოშვებას, რომლებიც შემდგომში იმუშავებენ „ქართული ოცნების“ ხმებზე არჩევნების დღეს და მის წინა პერიოდში?

_ ზოგადად, ამნისტია არის ძალიან სათუთი თემა და მნიშვნელოვანი ჟესტია ხოლმე ხელისუფლებების მხრიდან და მე პირადად და ჩემი პოლიტიკური ძალა შეუძლებელია წინააღმდეგი ვიყოთ ამნისტიის, ეს ძალიან სწორი და კარგია და ზოგადად პენიტენციური სისტემის ნაწილია, რომ გარკვეულ პერიოდებში, გარკვეულ დროს უნდა მოხდეს მსუბუქი დანაშაულის, ნალებად მძიმე დანაშაულის ამნისტირება, რომ ციხის ფუნქცია არ იყოს დასჯა, არამედ ეს იყოს პრევენცია და რეინტეგრაცია. 2012-ში გეთანხმებით, იქ სტატუსირება მოხდა არასწორად, მათ ასობით და ათასობით ადამიანს პოლიტპატიმარი უწოდეს, ასეთი რამ საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, მის რესპუბლიკებში არ მომხდარა. ის სხვა ფუნქციის მატარებელი ამნისტია იყო და დღეს სხვა ამნისტიაა. ჩემი აზრით, ამ ამნისტიის ფუნქცია არის, საარჩევნო პროცესის მომზადება და კრიმინალური ავტორიტეტების გარეთ გამოყვანა იმისთვის, რომ მათ თავისი ტრადიციული როლი შეასრულონ ამ ქვეყნის საარჩევნო ისტორიაში _ დამშინებლის ფუნქცია, ეს არის ძალიან სამწუხარო, მაგრამ ამნისტია ყოველთვის სწორია ზოგადად, თუმცა მიზანი, პოლიტიკური სარჩული, არის ძალიან საეჭვო.

_ არ შემიძლია არ გკითხოთ ანაკლიის პორტის შესახებ, ვგულისხმობ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილების შემდგომ ძალიან დიდი ზეწოლა ხორციელდება „ლელოზე“ არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციურ ფლანგზეც, ვგულისხმობ გახარიას გუნდს, რომელიც საკმაოდ ბევრ ბრალდებას გიყენებთ თქვენ _ რა წერია რეალურად გადაწყვეტილებაში, რამდენად შეიძლება მეტი დეტალის გამჟღავნება ამ გადაწყვეტილებიდან?

_ საკითხი არის ძალიან მარტივად. პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ანაკლიის საკითხი არ არის კონკრეტულად ჩვენი პარტიის ინტერესი, ეს არის საერთო ეროვნული ინტერესის საკითხი და აქედან გამომდინარე მხოლოდ ამ პრიზმით ვუყურებთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პოლიტიკური ძალა, გახარიას გუნდის სახით, რომელიც საკუთარ თავს ოპოზიციურ ძალას ეძახდა, ამ თემაზე ზუსტად იგივე რიტორიკაზე, იგივე მესიჯზე და იგივე ქმედებაზე დაჯდა, რაზეც „ქართული ოცნება“ და მისი ოდიოზური ფიგურები, რაც ძალიან სამარცხვინო და სამწუხარო ამბავი არის ამ პარტიისთვის, რომ ისევ დაუბრუნდა „ქართული ოცნების“ წიაღს, რიტორიკას და მიდგომებს. რაღაც სიხარული იმით, რომ ანაკლიის პორტი ვერ აშენდება დასავლური ინვესტიციით, ამით აღფრთოვანება და გახარება მხოლოდ „ოცნებამ“ და გახარიას გუნდმა გამოავლინა, შესაბამისად დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდვია ამ ნაწილში. მეორე, რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, ეს არის ძალიან მძიმე, ის არის ძალიან მაღალი დონის, ნდობის და რეპუტაციის სასამართლოს მიერ მიღებული, ანუ საერთაშორისო საარბიტრაჟო კოლეგიის. ჩვენ პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ პირველ რიგში არ ვარ კმაყოფილი იმით, რომ ამ ამბავმა დააკარგვინა საქართველოს, მის მოქალაქეებს, ზუგდიდის აგლომერაციას, სამეგრელოს რეგიონს ათობით ათასი სამუშაო ადგილი. შეგახსენებთ, რომ ეს პორტი დღეს უკვე უნდა ოპერირებდეს და დღეის მდგომარეობით, 2024 წელს უნდა ოპერირებდეს სრული დატვირთვით. ასე იყო დაგეგმილი და ასე იქნებოდა, რომ არა ივანიშვილისა და რუსეთის პირდაპირი ჩაერევა ამ პროცესში და მისი თავიდან ბოლომდე დესტაბილიზირება. დღეს მივიღეთ ათობით ათასი დაკარგული სამუშაო ადგილი, ძალიან დიდი ინვესტიციის დანაკარგი ზუგდიდისთვის, რადგანაც პორტი შენდებოდა სწორედ ამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რკინიგზის მოდერნიზება უნდა მომხდარიყო. საქართველომ დაკარგა შესაძლებლობების მთელი დასტა, დაწყებული სამუშაო ადგილების დაკარგვით, დასრულებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით და იმ რეალური დიდი ეკონომიკური ზრდით, რომელსაც გამოიწვევდა ამ პორტის არსებობა ამ ადგილას, იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც ახლა გვიდგას, უკრაინაში არის ომი და შუა დერეფნის ბევრად უფრო მეტად დატვირთულობა. საქართველო დღეს იქნებოდა ოთხჯერ უფრო მდიდარი ქვეყანა, ეს პორტი დროულად რომ აშენებულიყო, მაგრამ ეს არ იყო ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესებში. დღეს ვიღებთ, რომ სახელმწიფომ ჩინეთი პირდაპირ საზღვართან მოუყვანა ევროკავშირს, ეს მოხდება სინამდვილეში. საქართველოს მოქალაქეები სამუშაო ადგილებს ვერ მიიღებენ, ღმერთმა უწყის როგორ იოპერირებს ეს პორტი მომავალში ან როდის დასრულდება. თქვენ ხომ გესმით, რომ პირველ ჯერზე მხოლოდ იმიტომ გააჩერეს ეს ყველაფერი, რომ ინტერესი არ იყო არც რუსების და არავისი. დღეს აგრეთვე ღმერთმა უწყის, როგორი იქნება ბედი ამ პორტის და შენდება თუ არა ის საერთოდ. მე ვიცი,  რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგეს ძალიან ბევრი შესაძლებლობა, სამუშაო ადგილი და ბევრი შემოსავალი. ეს არის პარტიული პოზიცია, რაც შეეხება სხვა დეტალებს, მე ამ საქმეში უფრო ღრმად ვერ შევალ, რადგანაც არც მეტი დეტალი ვიცი და არც პოლიტიკური მდგენელი აღარ არის.

_ ახსენეთ საუბრისას უკრაინის ომი და მინდა დავუბრუნდე მმართველი პარტიის კიდევ ერთ დაშინებას, რომ თუ ისინი ვერ მოიპოვებენ გამარჯვებას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, საქართველო ზუსტად იმ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომელშიც ახლა უკრაინაა. ამის ფონზე გვესმის განცხადებები რუსეთის მხრიდანაც, რომ გარკვეულ თანამშრომლობასა და მოლაპარაკებებზე არიან თანახმა. როგორ ფიქრობთ, საით მიდის პროცესები და რა ტიპის ჩარევას უნდა ველოდეთ რუსეთის მხრიდან არჩევნებში?

_ საქართველოს ხელისუფლება ემსახურება რუსეთს, პუტინს და პუტინის ინტერესებს, ეს არის დასკვნა, რაც შეიძლება ამ პროცესიდან გამოვიტანოთ. Iს, რომ მშვიდობისა და ომის დაპირისპირებით ამ პრიმიტიული პოლიტიკური მეთოდით და ხერხით, მართლა აკრძალული ილეთებით პოლიტიკაში ოპერირებით და ადამიანების შიშზე თამაშით ომისა და მშვიდობის თემით, ეს არის უბინძურესი მეთოდი, მაგრამ ეს მოცემულობა გვაქვს, ის ხელისუფლება გვყავს, რომელიც ლაპარაკობს უნისონში რუსეთის ოფიციალურ პირებთან. გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ ალაპარაკებთ, ვგულისხმობ თბილისშიც და მოსკოვშიც, ერთი ცენტრიდან იმართება და იგივე სურათის ნაწილია. და ამ სურათს ჰქვია საქართველოს გადაქცევა ისევ რუსული გავლენის სფეროდ და რუსეთის ინტერესების სფეროდ, ეს არის ამ ყველაფრის მიზანი. საკუთარი მოსახლეობის დაშინებაზე ცუდი რა შეიძლება გააკეთო პოლიტიკოსმა არ ვიცი და ისინი ამას აკეთებენ, ამით არიან დაკავებული. შეატყობდით, რომ რამდენიმე დღე ცოტა კანკალი შემოვიდა მათ ხმაში ლაპარაკის დროს, რადგანაც ხედავენ იმ კამპანიას, რომელსაც უკრაინა აწარმოებს კურსკის ოლქში, შესაბამისად, დაველოდოთ შედეგებს. ძალიან არის დამოკიდებული უკრაინა-რუსეთის კონტექსტის განვითარებაზე მათ შორის ის, თუ როგორ მოიქცევა „ქართული ოცნება“, რადგანაც დღეს „ქართულ ოცნებას“ ზურგს უმაგრებს კრემლი და თუ მოსკოვი სუსტდება და თავისი მარიონეტებისთვის თბილისში არ სცალია, შესაბამისად სუსტდება „ქართული ოცნება“. პირდაპირ აისახება ხოლმე უკრაინის წინსვლა მათ რიხსა და საუბარზე.

_ საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემუშავებულ „ქართულ აქტს“ მინდა შევეხოთ, _ რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, სულ უფრო ხშირად ისმის შეკითხვა, თუ მოვა ხელისუფლებაში ოპოზიცია, რამდენად შეძლებს ამის შემდგომ ის მიღებული შედეგების დათმობას და ერთ წელიწადში, ახალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ თანხმობის განცხადებას? როგორია თქვენი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით, „ლელოც“ არის ერთ-ერთი ხელმომწერი აღნიშნულ აქტზე.

_ არავითარი საფუძველი არ მაქვს დღეს ვილაპარაკო იმაზე, რომ ვინმეს რაიმე არ აწყობს და ვინმე გაიტანს უკან იმ ხელმოწერას, რომელიც ამ დოკუმენტზე დააფიქსირა. იმ პარტიებმა, რომლებიც ხელს აწერენ ამ დოკუმენტს, პირობა დადეს ჩვენს საზოგადოებასთან, რომ ძირითად მდგენელებს ამ ქარტიისას შეასრულებენ. ზუსტად ერთი წელი შეიძლება ძალიან ისეთი მკაცრი შეზღუდვა იყოს, მაგრამ ის, რომ გასატარებელია ძირითადი დემოკრატიული რეფორმები, ეს ცხადია. ხელი აქვთ მოწერილი პარტიებს, მათ შორის, ჩემს პოლიტიკურ ძალასაც და დღეს არ მაქვს რაიმე საფუძველი იმაზე საუბრის, რომ ვსპეკულირებდე, ვინ გაიწვევს ან ვინ არ გაიწვევს არჩევნების შედეგების დადგომის შემდგომ ამ ხელმოწერას. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

_ რუსული კანონი უკვე ამოქმედდა და ასევე ჩაშვებულია შესაბამისი საიტიც, სადაც უნდა მოხდეს რეგისტრაციის გავლა უცხოური გავლენების მქონე ორგანიზაციების მხრიდან _ ფაქტია, რომ ჯერჯერობით არცერთი ორგანიზაცია არ თანხმდება ამ ყველაფერს და უახლოეს პერიოდში შესაბამის სანქციებს აამოქმედებს „ქართული ოცნება“ მათ წინააღმდეგ. თქვენ რა სახის რეპრესიებს ელოდებით „ქართული ოცნების“ მხრიდან არასამთავრობო და მედია სექტორთან მიმართებით?

_ მედია სექტორისა და არასამთავრობო სექტორის მიმართ ველოდებით იმ რეპრესიებს, რომლებიც დაანონსებულია „ქართული ოცნების“ მიერ და რომლის ყველა ეტაპი ფაქტობრივად გაწერილია წინა წლიდან მოყოლებული, მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ ლაივ რეჟიმში, როგორ ხორციელდება ეს ყველაფერი. ახლა პირველი ფაზა არის, პირველ ფაზაში რაღაც სადამსჯელო ჯგუფი უნდა შეიქმნას იუსტიციის სამინისტროში, რაღაც რეესტრი უკვე შეიქმნა, სადაც ძალით დაარეგისტრირებენ, ზოგს ჯარიმებს დააწერენ და ასე აპირებენ დასუსტებას სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის. რასაც აპირებდნენ, იმის განხორციელებას დაიწყებენ შემოდგომიდან სრულმასშტაბიანად. არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ რაიმეს მოერიდებიან, პირიქით, რაც შეიძლება ნაკლები სამოქალაქო საზოგადოების წევრი უნდათ იყოს ჩართული საარჩევნო პროცესებში. შესაბამისად, ამ ყველაფერს მასირებულად ველოდები სექტემბრიდან. რა მიზნისთვისაც უნდოდათ ამ კანონის მიღება, იმ მიზანს თუ ემსახურებიან ბოლომდე, ლოგიკურია, რომ ეს რეპრესიები ახლა დაიწყონ, თუმცა ეს არის პირველი ეტაპი და თუ ისინი ხელისუფლებაში დარჩებიან, დაიწყება მეორე ეტაპი და ეს კანონი ისეთი ფორმით განვითარდება, როგორითაც ის რუსეთის ფედერაციაშია, რომ ბოლოს სისხლის სამართლის დევნის საგანი გახდნენ ასეთი ადამიანები, რომ პირდაპირ ისჯებოდეს რაიმე ტიპის დასავლური დაფინანსება, რომ პირდაპირ ისჯებოდეს დასავლეთთან კავშირი, რა ფორმითაც ხდება ეს რუსეთში. ამ კანონით და ამ ფორმით დაიწყო ეს ყველაფერი რუსეთში, 7-8 წელი დასჭირდა იმას, რომ გადაქცეულიყო რეპრესიულ, ბოროტ მანქანად, რომლის გამოც ადამიანებს დღეს უკვე მეილის გაგზავნისთვის ციხეში სვამენ რუსეთში, თუ ეს მეილი საზღვარგარეთ იგზავნება და ამის მაგალითი უკვე არის. აქამდე მივა საქართველოში ყველაფერი, ეს არის გარდაუვალი, როდესაც ასეთ კანონს იღებ და ეს სურთ საქართველოში, რომ მოხდეს რეპრესიები. რეპრესიამ ჩათრევა იცის, „ქართული ოცნება“ არ არის იმ ნებისყოფის პოლიტიკური ძალა, რომ ამ მორევს გაუძლოს და შიგ არ ამოყოს თავი.

_ საარჩევნო აქტივობა უკვე დაწყებულია და მანამდეც და ახლაც თქვენ გადიხართ რეგიონებში ისევე, როგორც სხვა პარტიები. თუმცა, რეგიონების მცხოვრებლები მაინც საუბრობენ იმაზე, რომ მათ აქვთ ნაკლებობა პოლიტიკოსებთან ურთიერთობის. განსაკუთრებით სოფლებში საუბრობენ, რომ ის კითხვები, რომლებიც მათ აინტერესებთ, ტელეეთერებში არ ისმება, ხოლო იმის საშუალება, რომ თავად დასვან შეკითხვა პოლიტიკურ აქტორებთან, არ აქვთ, რადგანაც კონკრეტული პოლიტიკოსები ჩადიან რაიონულ ცენტრებში ან ქალაქებში, მაგრამ იშვიათად სოფლებში _ რას პასუხობთ ამ ადამიანებს, რომელთა უმეტესობაც „იმედის“ ტრენდზე ზის და მათთვის მისაღებია ის პროპაგანდა, რასაც აწვდის ხელისუფლება ტელევიზიით?

_ პერსონალურად ჩემს პოზიციას გეტყვით ამ შემთხვევაში და არ ვისაუბრებ პარტიის სახელით. ძალიან ძნელია, თუმცა გამჯდარია ეს ყველაფერი და მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის ინფორმაციის მიღების ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო არის ტელევიზია, ის რაც გვესმის ტელევიზორში, რაღაცა ასაკს ზემოთ თაობას იმის სჯერა. ასეთი მოწყობის საზოგადოება ვართ. ახალგაზრდები სხვანაირად უდგებიან ამ საკითხს და ინფორმაციის ალტერნატიული წყაროები აქვთ, მაგრამ ის ადამიანები უსმენენ ტელევიზიას. ტელევიზიებში „იმედსა“ და „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ აქვს ყველაზე დიდი დაფარვა და „ქართული ოცნება“ იდეურად აზის ამ სოციალურ ქსოვილს, რომელიც ათენებს და აღამებს ტელევიზორთან და რასაც ტელევიზორში მოისმენს, აპრიორი იმის სჯერა, რადგანაც საქართველოს უბრალო მოქალაქეებისთვის არ არის გასაგები, რომ მას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც პროპაგანდით არის დაკავებული. ასევე რუსეთის ფედერაციაში ყველასთვის გასაგები არ არის, რომ მისი ხელისუფლება არის პირსისხლიანი და რასაც ტელევიზორში უყურებენ, ის პროპაგანდაა, ეს ყველას არ ესმის. ამის საპირწონე რამდენად შეიძლება იყოს ფიზიკური კამპანია და ადამიანების იქ ჩასვლა, ნახევარი საათი, ერთი საათი, თუნდაც ორი საათი მათთან საუბარი და დაყოლიება ამ საუბრით, რამდენად შეიძლება ეფექტი ჰქონდეს პროპაგანდაზე გავლენას, ამას მე პირადად ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ, ეს არ არის ასეთი მარტივი. მაისის მოვლენების შემდგომ განსაკუთრებით ჩვენ უნდა ვეძებოთ მოკავშირეები ახალგაზრდებში, მათ შორის, რეგიონებში. ჩვენი მოკავშირეები, დემოკრატიის მცველები, არიან ის ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ყველა კუთხიდან იყვნენ რუსთაველის გამზირზე და იდგნენ მაისის მოვლენების დროს. ბევრთან მქონდა ამ პერიოდში შეხება, ბევრი დარეგისტრირდა საარჩევნოდ მოხალისედ და ეს ადამიანები არიან იმისთვის, რომ საკუთარ ოჯახებში დაიყოლიონ უფროსი თაობა, თუ რა არის სიმართლე და რა სჭირდება სახელმწიფოებრიობის დაცვას. ეს არის დემოკრატია, ეს არის სახელმწიფოზე ზრუნვა და ამ ყველაფერს სჭირდება ფართოდ გაშლა. მათზე უკეთესი მოკავშირეები ამ საქმეში პოლიტიკურ ძალებს არ ეყოლება, ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან დიდი აქცენტი არის ამ ბოლო ორ თვეში იმაზე გასაკეთებელი, რომ ეს ახალგაზრდები იყვნენ ჩვენი მისიების გამტარებლები და მიმტანები ამ რეგიონებსა და სოფლებში.