ზვიად კუპრავა: „ქართულმა ოცნებამ“ ივანიშვილს კომენდანტის საათი გაუჩალიჩა“
საოცნებო ხელისუფლება ხშირად უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველას უსმენდა და ყველას უთვალთვალებდა. სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოსმენები და თვალთვალი ჩვეული ამბავი იყო, მაგრამ ეს უცხო არც „ქართული ოცნებისთვის“ არის. „ნაციონალები“ თუ, ძირითადად, ოპონენტებს უსმენდნენ, „ოცნება“ საკუთარ წევრებსაც უთვალთვალებს. ეს იმ „დანოსებიდანაც“ გახდა ცნობილი, რომლებიც სუსში იწერებოდა და შემდეგ მედიის ხელში აღმოჩნდა.
ფარული ჩანაწერები ტელეკომპანია „იმედმაც“ გამოაქვეყნა. ოღონდ ამ ჩანაწერებს ხალხში არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. არც ისინი შეწუხებულან, ვისაც ჩანაწერები გამოუქვეყნეს.
ჩანაწერების გამოქვეყნებას მშვიდად შეხვდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზვიად კუპრავა. მას სასაცილოდაც არ ჰყოფნის იმ ჩანაწერის შინაარსი, რაც გამოქვეყნდა. ამბობს, რომ ყველა ეთერში იმას აცხადებს, რაზედაც იმ ჩანაწერში საუბრობდა. მას ის უფრო გაუკვირდებოდა, მეოცნებეებს ყურადღების გარეშე რომ დაეტოვებინათ.
რაზე მეტყველებს სამთავრობო მედიის მიერ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება? რას ჰპირდება ხელისუფლების წარმომადგენლებს? რატომ იქნება ხალხისა და ოპოზიციის გაჩერება შეუძლებელი? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ზვიად კუპრავა ესაუბრება:
_ ზვიად, რას გვეტყვით იმ ჩანაწერზე, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავიდა?
_ რა უნდა ვთქვა? ამით „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ყველას უსმენს და უთვალთვალებს. ეგონათ, ამ ჩანაწერის გასვლის შემდეგ ერთი ამბავი ატყდებოდა, მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა. იმას, რაც „იმედის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ვამბობ, ყველა ეთერში ვიტყვი და არაერთხელაც მითქვამს. ამდენად, პრობლემა არაა, საუბარი რომ გამოაქვეყნეს. პრობლემა ისაა, რომ ფარულად და უკანონოდ გვისმენენ.
_ დარწმუნებული ხართ, რომ უკანონოდ გისმენენ? იქნებ, სასამართლოს ნებართვით გითვალთვალებენ?
_ და რატომ უნდა გასცეს სასამართლომ ეს ნებართვა? რომელი დამნაშავე მე ვარ, რომ მითვალთვალონ? ტვ „იმედი“ უფრო ლამაზად გამოჩნდებოდა, ამ ჩანაწერზე კომენტარი რომ ეთხოვა. იგივეს გავიმეორებდი, რასაც იმ ჩანაწერში ვამბობ. არავის ამ ჩანაწერების არ ეშინია. ამ ჩანაწერებით ხელისუფლება შეეცადა, ოპოზიციის წარმომადგენლები გაეშავებინა და ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ ჩვენ რაღაცას ვაპირებთ. მეორე მხრივ, ხალხის დაშინებასაც ცდილობენ და ჰგონიათ, რომ საზოგადოება ყველაფერს აიტანს. ვინც ასე ფიქრობს, მათ იმედი უნდა გავუცრუო _ ქართველი ხალხი უკანონობას არასდროს შეეგუება, ქართველი ხალხი ცხვარი არ არის და ის აუცილებლად გასცემს პასუხს მოძალადე ხელისუფლებას.
_ მოძალადეს ყველა პასუხობს ბოლოს. ცხვარს რაც შეეხება, ერთხელ ცხვარიც კი ცხარდება. ქართველებს გვაქვს ასეთი გამოთქმა: ცხვარი ცხვარია, მაგრამ თუ გაცხარდა, ცხარიაო.
_ ცხვარიც ცხარდება, მაგრამ ქართველ ხალხს არავითარ შემთხვევაში არ შევადარებ ცხვარს. ეს რომ ასეა, ამაში მალე ივანიშვილიც დარწმუნდება. ივანიშვილმა ისიც უნდა იცოდეს, რომ მას ვერც კომენდანტის საათის შემოღება უშველის.
_ ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არაა კომენდანტის საათი, მათი განმარტებით, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა.
_ რაც უნდა, ის დაარქვან, ეს არის კომენდანტის საათი და ვიმეორებ, ის შედეგს ვერ მოუტანს „ქართულ ოცნებას“. ამით საპროტესტო განწყობა არ შენელდება.
_ ისევ მოსმენის თემას დავუბრუნდეთ. ყველას რომ უსმენენ, ვიცით, მაგრამ რა პრინციპით გამოყარეს ჩანაწერები? თქვენი ჩანაწერი რატომ გამოაგდეს? თქვენ ხომ არ ხართ პოლიტიკური პარტიის ლიდერი?
_ ეს კითხვა ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა დაუსვათ. ისინი უკეთ ახსნიან, რა პრინციპით გამოქვეყნდა ჩანაწერები. თავის მართლებას ნამდვილად არ ვაპირებ და არც იმას ვიტყვი, რომ ეს მე არ ვარ. ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ხალხის განწყობაა. დღეს საზოგადოებას არ აინტერესებს არც ერთი პოლიტიკოსის ბრიფინგი. მისთვის უმნიშვნელოა ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება. საზოგადოებას ახლა მხოლოდ ერთი რამის გარკვევა სურს, _ რა გეგმით აპირებს ოპოზიცია არსებული უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლას? არსებული კრიზისიდან ქვეყანას მხოლოდ გეგმა და მოქმედება გამოიყვანს.
კრიზისშია თავად „ქართული ოცნებაც“. კრიზისში რომ არ იყვნენ, ოპონენტების უკანონო თვალთვალსა და მიყურადებას არ დაიწყებდნენ. ზემოთაც მკითხეთ, _ იქნებ, სასამართლომ გასცა თქვენს მოსმენასა და თვალთვალზე ნებართვაო? ამის არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ. თუ იმის გამო მისმენენ, ჯარიმებს რომ არ ვიხდი, ეს სხვა საქმეა.
_ რა ჯარიმებს არ იხდით?
_ რისი გადახდაც სასამართლომ დამაკისრა. ამის გამო არა მგონია, მოსმენის ნებართვა გაეცათ.
_ მთლად ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნებით. მასე, სხვისი თეფშიდან ჭამის გამოც არ უნდა გაეშვით ციხეში, მაგრამ სასამართლომ სხვანაირად გადაწყვიტა.
_ სასამართლომ თუ მართლა გასცა ჩემს მოსმენაზე ნებართვა, ეს კიდევ უარესი კრიზისის მანიშნებელია. სასამართლო მოსმენაზე ნებართვას იმ შემთხვევაში გასცემს, თუ ამისთვის რეალური საფუძველი არსებობს. ჩემს შემთხვევაში რა საფუძველი უნდა ჰქონოდათ? კრიმინალური ცხოვრებით არასდროს მიცხოვრია და ჩემთან რა ესაქმებათ? მე თავი დამანებონ და ბადრი ესებუას მოუსმინონ. კაცმა ნახევარი მილიონი გაიტაცა და დღემდე მისი კვალისთვისაც ვერ მიუგნიათ. ჩემი დევნა და თვალთვალიც მაგარი უაზრობაა.
_ უაზრობა რატომ არის?
_ ფაქტობრივად, არსად დავდივარ, სახლი და შტაბი არის ჩემი მარშრუტი. ზოგჯერ რომელიმე ტელევიზიაში მივდივარ. კრიმინალებთან შეხება არ მაქვს და რატომ უნდა ვიყო ხელისუფლებისთვის საინტერესო? საინტერესო იმიტომ ვარ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩავერთე. ფაქტია, „ქართულ ოცნებას“ ძალიან ვაღიზიანებ.
_ ადრე რამე ჩანაწერი რომ ვრცელდებოდა, ერთი ამბავი ტყდებოდა. ახლა ხალხმა რეაგირების გარეშე გაატარა ჩანაწერები. ეს რისი ბრალია, დაიღალა ხალხი ამდენი ჩანაწერის მოსმენით?
_ დაღლა არაფერ შუაშია. უბრალოდ, ისეთი ჩანაწერი გამოაგდეს, რაზედაც რეაქცია არც უნდა ყოფილიყო. ამ საუბარში, რაც მე გამომიქვეყნეს, ყველაზე მძიმე სიტყვა არის „დედას მოვუ…ავ“. რასაც აქ ვამბობ, იგივეს ვაცხადებ სატელევიზიო ეთერებშიც. უბრალოდ ამ მძიმე სიტყვას არ ვიყენებ.
_ ვითომ, ამ სიტყვამ შეძრა „ქართული ოცნება“? ამ ზმნას მათი ლიდერებიც ხშირად იყენებენ და ამის დამადასტურებელი საუბრებიც მოგვისმენია.
_ ვიღაცისთვის ეს შეიძლება ცუდი მოსასმენი იყოს, ვგულისხმობ ხალხს, მაგრამ ბოდიშს მაინც არ მოვიხდი, რადგანაც ეს განცხადება რომელიმე სატელევიზო ეთერში არ გამიკეთებია. ეს იყო კერძო საუბარი. არ გამოვრიცხავ, რომ ამ გინების გამო სასამართლომ ადმინისტრაციული სახის ჯარიმა დამაკისროს. არ გადავიხდი და ეგ იქნება.
_ ამის გამო არ შეგექმნებათ პრობლემა?
_ რა პრობლემა უნდა შემექმნას? ისედაც 20.000 ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმა მაქვს გადასახდელი. სადაც 20.000, იქ მეტიც იყოს. სისულელეა ამ ჩანაწერების გამოქვეყნება, ისევე როგორც ამ ვითარებაში კომენდანტის საათის შემოღება. „ქართული ოცნება“ სისულელეს სისულელეზე აკეთებს. გადაწყვეტილებებს იქ მხოლოდ ბიძინა იღებს და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილს ამ ყველაფერს უჩალიჩებენ.
_ ვინ უჩალიჩებს?
_ საკუთარი გუნდის წევრები.
_ რატომ გგონიათ, რომ უჩალიჩებენ?
_ ამ დაძაბულ ვითარებაში კომენდანტის საათის შემოღება, გაჩალიჩებაა, აბა, რა არის?!
_ თქვენთვის, ოპოზიციისთვის, რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი? სექტემბრიდან მიდის საუბარი იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ ჩაკეტავდნენ ქვეყანას. ექიმებიც აალაპარაკეს სათავისოდ. მათ შეგვამზადეს, რომ კორონის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში იქნებოდა.
_ რაღაცისთვის რომ ემზადებოდნენ, ეს ყველაფრიდან ჩანდა. 31 ოქტომბერს აქ არნახულად გაყალბდა არჩევნები. ამან ხალხში დიდი პროტესტი გამოიწვია. ხალხი ქუჩაშია გამოსული და ასეთ დროს აცხადებ კომენდანტის საათს, ეს ცოტა გაუგებარია. სულ ტყუილად აქვს „ქართულ ოცნებასა“ და ივანიშვილს იმის იმედი, რომ ქუჩაში გამოსული ხალხი კომენდანტის საათის დადგომისთანავე თავს დაადებს და სახლებში წავა.
_ არ წავლენ სახლებში და დააჯარიმებენ ან დააკავებენ.
_ ერთ ან ორ ადამიანს დააჯარიმებენ კიდევაც და ციხეშიც გაუშვებენ, მაგრამ 2000-ს, 3000-სა და 10.000-ს კაცს რას მოუხერხებენ? ამდენი ადამიანის დაკავება და დაჯარიმება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება.
ვნახოთ, რა სურათი გვაქვს თბილისში: ყველა რაიონს ჰყავს 10 საპატრულო ეკიპაჟი. ამ 10 ეკიპაჟიდან ყოველდღე მუდმივად 2 ან 3 მანქანაა გამოსული მწყობრიდან. თითო რაიონში დღის განმავლობაში 8 ეკიპაჟი გამოდის. თბილისში არის 10 რაიონი და მთლიანობაში 80 საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობს.
_ 80 მანქანაზე მეტი არ დადის დედაქალაქში?
_ არა, 80 მანქანაზე მეტი არ დადის. შეიძლება აღქმა სხვანაირია, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. ვთქვათ და ღამე, კომენდანტის საათის დროს, პროტესტის გამოსახატავად გამოვიდა 2000 ადამიანი, მათ რა რესურსით გასწვდება საპატრულო პოლიცია? ფიზიკურად მანქანები არ ჰყავთ, რომ პროტესტის გამოსახატავად გამოსულ ადამიანებს სდიონ.
_ დევნისთვის სხვა უწყებების მანქანებს გამოიყენებენ.
_ გამორიცხულია. დევნის განხორციელება მხოლოდ 80-მდე საპატრულო ეკიპაჟს შეუძლია. უპირატესობა არის ჩვენს მხარეს. ამ ვითარებაში კომენდანტის საათის შემოღება არის გაუმართლებელი. ამათ შემოიღეს და ამიტომაც არიან სულელები. არ ვიცი, რა უნდათ, მაგრამ უპირატესობა აშკარად ჩვენს მხარესაა.
ამიტომ გითხარით ზევით, რომ ბიძინას უჩალიჩებენ-მეთქი. მის ადგილზე იმას მოვთხოვდი პასუხს, ვინც ამბობდა, რომ 22-დან დილის 5 საათამდე კომენდანტის საათი უნდა დაწესდეს.
_ დროის ამ მონაკვეთში გადაადგილების შეზღუდვას რა აზრი აქვს? კორონა დროის ამ მონაკვეთში დაშლიგინებს და სხვა დროს ისვენებს?
_ კორონის გავრცელების შეზღუდვის საბაბით კომენდანტის საათის გამართლება კიდევ უფრო სასაცილოა. ვინ დაადგინა, რომ კორონა ღამე ვრცელდება და დღე საშიში არ არის? ეს შეზღუდვები პირდაპირ კავშირშია გაყალბებულ არჩევნებთან. ღამე ხალხი ისედაც არ დადის ქუჩაში და შეზღუდვების დაწესება სისულელეა.
_ იმისთვის, რომ ხალხი გარეთ არ გამოვიდეს, კომენდანტის საათის დაწესება სულაც არაა საჭირო. კომენდანტის საათის გარეშეც აღარ გამოდის ხალხი გარეთ და ეს კრიმინალის დამსახურებაა.
_ „ქართულმა ოცნებამ“ კრიმინალი შესანიშნავ მგომარეობაში ჩააყენა. ამის გამო ღამით გარეთ გამოსვლა უკვე ძალიან საშიში გახდა. კომენდანტის საათის დაწესება საჭირო მართლა არ იყო.
_ კრიმინალებზე გადავედით და არჩევნებზე ასეთი მენტალობის ადამიანები მრავლად ვიხილეთ საარჩევნო უბნებთან.
_ 2012 წლამდე ძველი ბიჭები და კრიმინალები საარჩევნო უბნებთან არავის უნახავს. ეს არის „ქართული ოცნების“ ნოუჰაუ. აქამდე მათი დახმარებით კიდევ ახერხებდნენ რაღაცას. ახლა ისინიც ვეღარ უშველიან. ძალიან მძიმედ აქვთ ივანიშვილსა და მის პარტიას საქმე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო დღეებს ითვლის.
_ „ოცნების“ საქმე კარგად არ მიდის, მაგრამ არც ისეთი სიტუაციაა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო დღეებს ითვლიდნენ.
_ მართლა ბოლო დღეებს ითვლიან. კომენდანტის საათი „ოცნების“ პოლიტიკურ აღსასრულს კიდევ უფრო დააჩქარებს.
_ აშკარად ოპტიმისტურად ხართ განწყობილი. იგივე განწყობაა სხვა ოპოზიციონერებშიც. ცოტა ზედმეტ ოპტიმიზმთან ხომ არ გვაქვს საქმე? ოპოზიციას ისიც გეგონათ, რომ ივანიშვილი ამხელა მასშტაბის გაყალბებას ვერ გაბედავდა, რაც 31 ოქტომბერს ჩაიდინა.
_ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ განწყობილი. ასეთ განწყობაზე ხელისუფლების წყალობით ვართ. ხელისუფლება რომ არა, ოპოზიცია ასე ოპტიმისტურად არ იქნებოდა განწყობილი.
_ რას გულისხმობთ, იქნებ, უფრო გასაგებად გვითხრათ?
_ ისე გააყალბა „ოცნებამ“ არჩევნები, ისეთი შედეგი დაიწერა, რომ ოპოზიციას უკან დასახევი გზა, უბრალოდ, აღარ დაგვიტოვა. უკან დასახევი გზა საზოგადოებასაც მოუჭრეს. როცა ადამიანებს უკან დასახევ გზას უსპობ, ისინი იძულებული არიან, მხოლოდ წინ იარონ. ჩვენს შემთხვევაშიც ასეა _ უკან დასახევი გზა არ არის, უნდა ვიაროთ მხოლოდ წინ.
_ და ეს გაძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს?
_ დიახ, ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ოპტიმიზმის საფუძველს ყველაზე მეტად ხალხის განწყობა მაძლევს. გარდა იმისა, რომ ხალხი ამ გაყალბებით აღშფოთებულია, მათ უბრალოდ აღარ უნდათ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში. მათ ხელში ქვეყანას განვითარება არ უწერია. საზოგადოება აცნობიერებს, რომ ცვლილებების დროა. ეს ცვლილებები მალე იქნება. საპროტესტო განწყობა ასე არ ჩაივლის.
_ ხელისუფლებაც არ ზის გულხელდაკრეფილი. საპროტესტო გამოსვლების დროს შეიძლება, დაჭერების სერია დაიწყოს.
_ დაჭერების არავის ეშინია. ივანიშვილი ვერავის ვეღარ დააშინებს. ცვლილებები აუცილებლად იქნება.
_ ცვლილებებამდე მრავალი საქმე აღიძვრება. ირაკლი კობახძემ სუსში რაღაც მტკიცებულებები მიიტანა, საიდანაც, მისი თქმით, ჩანს, რომ ოპოზიცია ცუდი რაღაცის მოწყობას აპირებდა.
_ ეს თემა უკვე სასაცილო გახდა. მერამდენედ უნდა აღიძრას საქმე გადატრიალების მუხლით? 2012 წლის შემდეგ მეოცნებეები ყველა არჩევნების წინ გადატრიალებაზე იწყებენ საუბარს. რამდენიმე წლის წინათ მათ მტკიცებულებებიც წარმოადგინეს.
_ რა მტკიცებულებები?
_ მეორადი საბურავები. თითქოს „ნაციონალები“ მათი დახმარებით აპირებდნენ აქ არეულობის მოწყობას.
_ ეს საბურავები ლექსო ჭიკაიძის შს მინისტრობის დროს „აღმოაჩინეს“.
_ კი ბატონო, მაშინ აღმოაჩინეს. მაშინ ხალხს ეს სასაცილოდაც არ ეყო. საზოგადოებას არც ახლა სჯერა, რომ ოპოზიცია გადატრიალებას აწყობს. საზოგადოება თავად არის ხელისუფლების შეცვლის მსურველი. აი, ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ივლის პროტესტის გამოსახატავად.
_ ისევ კობახიძის „სამხილებს“ დავუბრუნდები. ჩვენ კი გვეცინება, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ ამ სამხილების საფუძველზე სუსი გადატრიალების ბრალდებით რომელიმე ოპოზიციონერს არ დააკავებს? თუნდაც იგივე შაშკინს ან დევი ჭანკოტაძეს? კობახიძემ მათ წინააღმდეგ რაღაც მტკიცებულებები მიიტანა.
_ კობახიძის მტკიცებულებებით ვინ უნდა დააკავონ? არც შაშკინისა და არც ჭანკოტაძის დასაკავებლად ხელისუფლებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. უკანონო დაკავებებს თუ დაიწყებენ, ეგრე ყველას დაკავება შეუძლიათ. მე, მაგალითაც, სხვისი თეფშიდან ჭამის ბრალდებით დამაკავეს.
„ქართული ოცნება“ დღეს კრიზისშია და არ გამოვრიცხავ, რომ თავის გადასარჩენად დაკავებების სერია დაიწყონ, მაგრამ ვერც ამით გადაირჩნენ თავს. ამ ქვეყანაში 3 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, უმეტესობას ეს ხელისუფლება არ მოსწონს და ყველას დაგვიჭერენ? სად წაიყვანენ ამდენ პატიმარს? დაჭერებზე თუ გადავლენ, ეს საპროტესტო მუხტს კიდევ უფრო გააძლიერებს. საზოგადოებას „ქართული ოცნების“ აღარ სჯერა. არც შეთითხნილ ბრალდებებსა და საგანგებოდ გამოყრილ ჩანაწერებს აღიქვამს ვინმე სერიოზულად.
_ საზოგადოებას ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ჩანაწერები ასე არასერიოზულად არასდროს არ აღუქვამს, რაც, ალბათ, ერთგვარი დიაგნოზია.
_ ეს დიაგნოზია იმისა, რომ „ოცნების“ მეთოდები აღარ ჭრის. საზოგადოებას აღარ უნდა ამ სიბინძურეების მოსმენა. დღეს აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნეს, არაა გამორიცხული, ხვალ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოყარონ. საზოგადოებას ამაზედაც არ ექნება რეაქცია. ფინჯან ყავაზე რას საუბრობენ პოლიტიკოსები, ამაზე სკანდალის აგება ძალიან სასაცილოა.
_ როგორც გაირკვა, სუსი ოპოზიციის გარდა „ქართული ოცნების“ წევრებსაც უსმენს. ეს რაზე მეტყველებს?
_ ეს იმაზე მეტყველებს, რომ ივანიშვილის პარტია უკვე დემორალიზებულია. თავიანთ ხალხსაც კი აღარ ენდობიან. წარმომიდგენია, რა დღეში ჩავარდებიან „ოცნების“ ის წევრები, რომლებმაც გაიგეს, რომ მათ ფარულად უსმენენ. ეს ამბავი ნაკლებად მადარდებს. რამდენიც უნდათ, იმდენი მისმინონ და მითვალთვალონ, მაგრამ, აბა, დაურეკეთ „ოცნების“ იმ წარმომადგენლებს, რომელთაც უსმენენ. კომენტარსაც კი ვერ გააკეთებენ.
_ რამდენიმე მედიასაშუალებამ სცადა მათთან დაკავშირება, მაგრამ მომსახურების ზონიდან არიან გასულები.
_ ეს კიდევ ერთი მანიშნებელია, რომ დემორალიზებულები არიან. მათ ფონზე ოპოზიცია ძალიან ლაღი და თავისუფალია. აშკარაა, რომ ფსიქოლოგიური უპირატესობა ჩვენს მხარესაა. ეს ასეც უნდა იყოს, რადგანაც ჩვენ ვიბრძვით სიმართლისთვის, ისინი კი უკანონო გზებით ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას.
_ ისე, არ გეგონათ, რომ ხელისუფლება მოგისმენდათ?
_ სიმართლე გითხრათ, ამაზე არც კი მიფიქრია. რომც მეფიქრა, მაინც იგივეს ვილაპარაკებდი, რასაც ვლაპარაკობ. რაც უნდათ, ის ჩაიწერონ, მე უკანონობას არ ვაკეთებ. და რაც მთავარია, ხალხს ამის არ სჯერა. ერთმა ინტერნეტგამოცემამ დადო თავის გვერდზე ეს ჩანაწერი და უნდა ნახოთ, რა კომენტარებია _ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს, ვინ რას იტყვის. ხალხი ცვლილებებს ელის. რაღაცას ელოდებიან ტროლები და ბოტები.
_ რას ელოდებიან? რაღაც საეჭვოდ არიან ტროლ-ბოტები გასუსულები.
_ ისინიც ფიქრობენ, რომ ცვლილებების დროა. ტროლებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და იციან, რომ მათი ავი საქმეების შესახებ ყველაფერს გავიგებთ. ყველამ მოვისმინეთ ორი მთავარი ტროლის საუბარი. ლაშა ნაცვლიშვილი და შალვა რამიშვილი ღიად ამბობენ, იმდენი უკანონობა გვაქვს ჩადენილი და ამის გამო ჯერ არ დავსჯილვართო.
_ არ გიფიქრიათ, რომ მათ შგნებულად გამოაგდეს ეს ნაწყვეტი?
_ არა. საუბრის ეს ნაწილი უნდა ამოეჭრათ. ეთერში არ გავიდა, მაგრამ გასაჯაროვდა. თანამშრომლებიც ვერ იტანენ ამ შალვა რამიშვილსა და ნაცვლიშვილს, რომლებიც შიშობენ, რომ თავიანთ ნამოქმედარზე მოეტ…ათ დედა. ჰოდა, მაგათივე ტერმინოლოგიით რომ ვთქვა: მოსტ…იათ პატრონი.
შორენა მარსაგიშვილი