ვის გადასცემს სახელმწიფო ამჯერად ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრს?!
დავით სერგეენკო 2013 წელს დაინიშნა ჯანდაცვის მინისტრად და მისი ერთ-ერთი პირველი განცხადება ონკოლოგიურ საავადმყოფოს ეხებოდა. კერძოდ, – ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი სახელმწიფოს მმართველობაში უნდა ყოფილიყო. გადმოიბარა კიდეც სახელმწიფომ ხსენებული კომპლექსი და 2015 წელს ბატონმა ჯანდაცვის მინისტრმა ახალი განცხადება გამოაცხო იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო კლინიკის სათანადოდ მართვა. ამიტომ ონკოლოგიური საავადმყოფო, ბავშვთა ინფექციური და რესპუბლიკური სამართავად საპარტნიორო ფონდს გადასცა და თქვა, რომ ამ კლინიკებით 10-ზე მეტი მსხვილი ინვესტორი იყო დაინტერესებული.
გავიდა კიდევ ორი წელი და 2017 წელს საპარტნიორო ფონდის მმართველობაში გადაცემულმა კლინიკებმა წაგებით დაამთავრეს – ხარჯები მოგებაზე მეტი იყო. მოგებაზე კლინიკები ვერც 2018 წელს გავიდნენ.
2019 წლის ოქტომბერში ონკოლოგიური კლინიკის მედპერსონალი 7 თვის სახელფასო დავალიანებაზე ალაპარაკდა. „საპარტნიორო ფონდი“ კი, თავის მხრივ, ამტკიცებდა, რომ 50 მილიონის ინვესტიცია ონკოლოგიურ, რესპუბლიკურ და ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოებს გააერთიანებდა და სამივე კლინიკის ბაზაზე მრავალპროფილურ, ულტრათანამედროვე კლინიკას შექმნიდა.
2020 წელს ჯანდაცვის მინისტრი ეკა ტიკარაძე განცხადებას აკეთებს, რომ საპარტნიორო ფონდს 5 წლის განმავლობაში ვალდებულება ჰქონდა აღებული, რომელსაც თავი ვერ გაართვა, ამიტომ ეს კლინიკები ისევ სახელმწიფოს ხელში გადმოდიოდა და ჯანდაცვის სამინისტრო მიხედავდა.
2020 წელს მინისტრის ინიციატივით სამედიცინო ჰოლდინგი შეიქმნა, რომელშიც საპარტნიორო ფონდის მმართველობიდან გამოსული 3 კლინიკა შევიდა და ხელმძღვანელად გიორგი ჩოგოვაძე დაინიშნა.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ონკოლოგიური საავადმყოფოს პროტესტანტი ექიმების საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე, დიაგნოსტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ალექსანდრე მინდაძე:
– 6 თვე გავიდა, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკა გადაიბარა და არაფერი შეცვლილა. რემონტიც არ დაწყებულა. ხალხი მწარედ მოატყუეს, გარეთ გამოყარეს 340 ექიმი და უსამსახუროდ დატოვეს.
– როგორც ვიცი, მათ იმედი ჰქონდათ, რომ განახლებულ კლინიკაში დაბრუნდებოდნენ.
– რომელ განახლებულ კლინიკაში?! – რეაბილიტაცია ივნისში უნდა დაწყებულიყო და ლურსმანი არ არის შეცვლილი. კოვიდს ვერ დააბრალებენ და სხვა მიზეზსაც ვერ მოიგონებენ.
– ამხელა კონტინგენტი დღეს უმუშევარია?
– მათი უმეტესობა უმუშევარია. დღეს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება მედპერსონალი და ამ პროფესიონალი სპეციალისტების მოცდენა როგორ შეიძლება?! ყველა მხრიდან მესმის, რომ საწოლადგილები არ გვაქვს. ჩვენთან გამართული რეანიმაცია და სადიაგნოსტიკო კაბინეტები იყო – რატომ არ იყებენ მათ?
– როგორც ვიცი, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა შეიტანეთ სასამართლოში სარჩელი.
– მხოლოდ ოთხმა. შემდეგი პროცესის ჩანიშვნას ველოდებით. ფაქტია, რომ ამიერკავკასიაში, თავის დროზე, ერთადერთ ონკოლოგიურ ცენტრს თავად სახელმწიფო ანგრევს.
თამარ როსტიაშვილი