ვინ შევა პირველი პარლამენტში?
შორენა მარსაგიშვილი
საქართველოს მოსახლეობა უკვე მესამედ ისმენს ოპოზიციისგან დაპირებას, რომ პარლამენტში არ შევლენ, რადგან არჩევნები გაყალბდა. 2020 წლისგან განსხვავებით, წელს ოპოზიცია რადიკალურ განცხადებებს არ აკეთებს არშესვლასთან დაკავშირებით. თუმცა თუ წინა გამოცდილებებს გავიზიარებთ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ოპოზიცია პარლამენტში მაინც შევა.
2008 წელს ოპოზიციამ პარლამენტის წინ მანდატები დაჭრა, მაგრამ პარლამენტში მაინც შევიდა. 2020 წელს პირდაპირ ეთერში მემორანდუმს ორჯერ მოაწერეს ხელი, რომ პარლამენტში არ შევიდოდენ, მაგრამ მაინც შევიდნენ. ახლა საინტერესო ისაა, თუ როგორ გაამართლებენ ამ შესვლას?
ოპოზიციამ პარლამენტში შესვლაზე პირველად უარი განაცხადა 2008 წლის 21 მაისის არჩევნების შემდეგ. ოპოზიცია მიიჩნევდა, რომ იმ წელს არჩევნები გაყალბდა.
2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში 4-მა პარტიამ გადალახა 5%-იანი ბარიერი: 1. „ნაციონალური მოძრაობა“ 59.2% (48 მანდატი);
2. გაერთიანებული ოპოზიცია 17.7% (15 მანდატი); 3. გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატები 8.7% (6 მანდატი) და 4. შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია 7.4 (6 მანდატი).
აღსანიშნავია, რომ პარტია გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატები 2008 წელს შეიქმნა. პარტია ძირითადად ტვ „იმედის“ ჟურნალისტებით დაკომპლექტდა. „გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატები“ მიიჩნეოდა „ნაციონალების“ სატელიტად.
ოპოზიციის ლიდერთა ნაწილმა დეპუტატის მანდატები დაჭრა 2008 წლის 7 ივნისს _ მეშვიდე მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს. სულ პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე განადგურდა ლეიბორისტული პარტიის მიერ მოპოვებული ექვსი და გაერთიანებული ოპოზიციის ცამეტი მანდატი. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერთაგან დეპუტატობაზე უარი არ უთქვამთ გია თორთლაძეს, გია ცაგარეიშვილს, პაატა დავიათაიასა და ჯონდი ბაღათურიას. პარლამენტში შევიდა ორი მაჟორიტარი დეპუტატიც. იმ წელს ორმა ოპოზიციონერმა მოიგო მაჟორიტარული არჩევნები და ისინიც პარლამენტში შევიდნენ. პარლამენტში შევიდა ნუგზარ ერგემლიძეც, რომელიც ლეიბორისტულ პარტიას წარმოადგენდა.
ოპოზიციონერების მიერ სიტყვის გატეხა ხალხს მალე მიავიწყდა. ახალი პარლამენტის მუშაობის დაწყებიდან ორ თვეში აგვისტოს ომიც დაიწყო.
მანდატების დაჭრიდან თითქმის ერთი წლის თავზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპონენტებს პარლამენტში დაბრუნება შესთავაზა.
„მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ცვლილებას კანონი არ ითვალისწინებს, მათი სურვილის შემთხვევაში, შეიძლება კანონის შეცვლა და შარშან არჩეული დეპუტატების პარლამენტში დაბრუნება. მათ კი დახიეს მანდატები, მაგრამ ცესკოში ოქმები ხომ არსებობს“, _ თქვა მაშინ სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
პრეზიდენტის ამ ინიციატივას მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. შეთავაზების ფორმა დაიწუნა საპარლამენტო ოპოზიციამ. სამაგიეროდ, ეს ინიციატივა მოიწონა კონსტანტინე გამსახურდიამ, რომელმაც სხვებთან ერთად დაჭრა დეპუტატის მანდატი.
პარტია „თავისუფლების“ ლიდერ კონსტანტინე გამსახურდიას 2008 წელს უარყოფილი სადეპუტატო უფლებამოსილება 2009 წლის 3 ნოემბერს ოფიციალურად აღუდგინეს. პარლამენტის სხდომაზე გადაწყვეტილებას 95-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი არავინ გამოჩნდა. კონსტანტინე გამსახურდიამ ნაშინ თქვა, რომ აპირებს შეინარჩუნოს „დამოუკიდებელი ოპოზიციონერის“ სტატუსი და აქტიურად ჩაერთოს ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის მუშაობაში.
კონსტანტინე გამსახურდიას პარლამენტში შესვლის მთავარ მოტივად დასახელდა მისი დიდი ხნის სურვილი _ გამოიძიოს ზვიად გამსახურდიას სიკვდილის რეალური მიზეზები. პარლამენტში მაშინ მართლაც შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელსაც კონსტანტინე გამსახურდია ჩაუდგა სათავეში. ამ კომისიამ მართალია იმუშავა, მაგრამ ბევრი ვერაფერი გამოიძია. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კონსტანტინე გამსახურდია თავის ძმა ცოტნესთან ერთად პროკურატურის მისაღებში შიმშილობდა, რომ ზვიად გამსახურდიას საქმე გამოძიებულიყო.
ბევრად უფრო დრამატულად და მრავალფეროვნად განვითარდა მოვლენები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მაშინ საქართველოს ხელისუფლება ასეთ ღია რუსულ კურსზე არ იდგა და არც უკრაინის ომი იყო, დასავლეთს საბოლოოდ რომ დაენახა რუსეთის ნამდვილი სახე. მონდომების შემთხვევაში ევროპასა და ამერიკას რუსების სახის დანახვა აგვისტოს ომისა და ყირიმის ანექსიის შემდეგაც შეეძლოთ, მაგრამ მაშინ გადატვირთვა ამჯობინეს რუსეთთან.
წლევანდელი არჩევნებისგან განსხვავებით, დასავლეთმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად არ ჩათვალა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა, დასავლეთმა არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება აღიარა.
ამ აღიარების მიუხედავად, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობდა და პარლამენტში არ შედიოდა, რაც მმართველ ძალას დისკომფორტს უქმნიდა. დისკომფორტი შეექმნა დასავლეთსაც. ოპოზიციის წარმომადგენლებს ხშირად ხვდებოდნენ საქართველოში აკრედიტებული ელჩები და სთხოვდნენ პარლამენტში შესვლას. ოპოზიცია ჯიუტობდა. თავიდან ამბობდნენ, ხალხს პირობა მივეცით, რომ გაყალბებული გზით არჩეულ პარლამენტში არ შვალთო. რამდენიმე ოპოზიციონერმა დაიგინა კიდევაც, რომ პარლამენტში მათი ფეხი არ იქნებოდა. დანარჩენმა ორჯერ მოაწერეს ხელი მემორანდუმს, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ. მემორანდუმზე ხელის მოწერის ცერემონიალი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
ელჩების გარდა ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს ხელისუფლების წარმომადგენლებიც აწარმოებდნენ. პირველები პარლამენტში ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი შევიდნენ. არადა, ელისაშვილი ყველაზე ბევრს ყვიროდა, რომ პარლაენტში არ შევიდოდა. შემდეგ პარლამენტში „გირჩი იაგო ხვიჩია“ და ვახტანგ მეგრელიშვილი შევიდნენ.
პარლამენტში ოპოზიციის შესვლას ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი ლიდერი ნიკა მელია, რომელიც 2021 წლის თებერვალში დააკავეს. და ეს მიმართულება მნიშვნელოვნად გაანეიტრალეს.
საქართველოში აქტიურად დაიწყო სიარული შარლ მიშელმა და გაფორმდა შეთანხმება, რომლის წყალობითაც ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა. საპარლამენტო მანდატები შემდეგმა დეპუტატებმა აიღეს: სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობიდან“; ხათუნა სამნიძემ რესპუბლიკური პარტიიდან; ბადრი ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ანა ნაცვლიშვილმა და დავით უსუფაშვილმა პარტია „ლელოდან“; გიორგი ვაშაძემ, პაატა მანჯგალაძემ და თეონა აქუბარდიამ „სტრატეგია აღმაშენებლიდან“; ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩი-მეტი თავისუფლებიდან“; ასევე არმაზ ახვლედიანმა და შალვა შავგულიძემ, რომლებიც „ევროპული საქართველოს“ სიით იყვნენ არჩეულნი; პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად შევიდნენ დავით ბაქრაძე და გრიგოლ ვაშაძე.
ყველაზე გვიან პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ შევიდა. პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება პარტიამ 2021 წლის მაისის ბოლოს მიიღო. ივნისის დასაწყისში კი ისინი უკვე პარლამენტში იყვნენ.
პარლამენტში შევიდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებიც, რომლებიც ევროპელი სოციალისტები გახდნენ. ერთადერთი, ვინც პარლამენტში არ შევიდა, ლეიბორისტების ლიდერი, შალვა ნათელაშვილი იყო.
პარლამენტში ოპოზიციის შესვლას საზოგადოების მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. ოპოზიციამ აქაც იპოვა გამოსავალი და ერს ლამის იქით დაადო ვალი, თქვენი გულისთვის შევედითო. ამტკიცებდნენ, რომ ხელისუფლებას გაუსაძლის პირობებს შეუქმნიდნენ პარლამენტში და არ მოასვენებდნენ. როგორი გაუსაძლისი პირობებიც შეექმნა წინა მოწვევის პარლამენტში ხელისუფლებას, ყველამ ვნახეთ.
აქედან და კიდევ ბევრი მიზეზიდან გამომდინარე, ხალხს აღარ სჯერა ოპოზიციის. დიდი ალბათობით, დასავლეთი ოპოზიციას პარლამენტში შესვლას აღარ დააძალებს. ევროპა და ამერიკა ამ არჩევნებს არ აღიარებს. მაგრამ ოპოზიციის ქმედებები იძლევა ეჭვის საბაბს, რომ ვიღაც აუცილებლად შევა პარლამენტში.