ვინ არიან ხელისუფლების მომხრე და ოპოზიციონერი კონკრეტული სასულიერო პირები?
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში არჩევნების მეორე ტურის ჩატარება მოსალოდნელი იყო. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ რელიგიური ორგანიზაციებისა და სასულიერო პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაზე განხორციელებულმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ 31 ოქტომბრამდე მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან დაფიქსირდა პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლო აგიტაციის არაერთი შესაძლო ფაქტი. სასულიერო პირები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა წარდგენასაც ხშირად ესწრებოდნენ. კონსტიტუციონალისტ დიმიტრი გეგენავას შეფასებით, ზოგადად, რელიგიური ორგანიზაციის
ზეგავლენა მრევლზე უცხო არაა არც აღმოსავლური და არც დასავლური ტიპის ეკლესიებისთვის. ასე რომ, ამაში გასაკვირი არაფერია.
ეკლესიისადმი მაღალი ნდობიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა იქონიოს ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის მიმართ სასულიერო პირთა განწყობამ.
ასეთი სურათი გახლდათ არჩევნების პირველი ტურის დროს. ანალოგიური მონიტორინგი მეორე ტურამდე პერიოდშიც განხორციელდა, თუმცა მასში ასევე აისახა არჩევნების მეორე ტურის შემდგომი მოვლენებიც.
აქ ერთი უცნაური გარემოება აღინიშნა: 31 ოქტომბრამდე პერიოდში გამოჩენილი აქტიურობისგან განსხვავებით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები პირველი ნოემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, უფრო თავშეკავებულები იყვნენ. მაგალითად, ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ღიად განაცხადა თავისი პოზიცია და 31 ოქტომბრის არჩევნებს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული მორიგი სპეცოპერაცია უწოდა. ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას დასწრება და სიტყვით გამოსვლა ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ 8 ნოემბრის აქციაზე, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობად შეიძლება შეფასდეს. „აქ ვიმყოფები იმისთვის, რომ მჯერა, სამართლიანი საქართველოს ასაშენებლად ბრძოლა და შრომაა საჭირო“, – განაცხადა მან შეკრებაზე.
დეკანოზმა იოანე ჭიღლაძემ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა ოპოზიციურ ძალას და აღნიშნა, რომ „მიმდინარე სახალხო აქცია არის საქართველოს გადარჩენისთვის თავის გაწირვა“. დეკანოზს აღნიშნული განცხადება ქადაგების დროს არ
გაუკეთებია, თუმცა მის განცხადებას ამომრჩევლის ნებაზე, რომლის თვალშიც დეკანოზი მაღალი ავტორიტეტით სარგებლობის, ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
8 ნოემბერს გამართული აქციის მონაწილეებს დეკანოზმა ბასილ ჟორჟიკაშვილმა ბრბო და პროვოკატორები უწოდა.
პოლიტიკურ პროცესებს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე იოანე (გამრეკელი) გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, „ეძებენ რაღაც უარყოფითს, სიკეთეს ვერ ხედავენ, ვერ ხედავენ აღმშენებლობას“. მან უარყოფითად შეაფასა მიმდინარე აქციები და მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
მღვდელმთავარმა აღნიშნულ საკითხზე საკვირაო ლიტურგიის შემდეგ, ქადაგების დროს ისაუბრა, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სასულიერო პირი ეკლესიის, როგორც რელიგიური ორგანიზაციის, სახელით საუბრობს.
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ურთიერთგამომრიცხავი, თუმცა მეტწილად ხელისუფლების მხარდამჭერი მოწოდებებით გამოირჩეოდა. არჩევნების ორივე ტურის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა დაპირისპირებულ მხარეებს (ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს) მიმართა, მოლაპარაკებისთვისა და შეთანხმებისთვის ეკლესიაში მისულიყვნენ. მისი თქმით, სწორედ ეკლესიამ უნდა დააკავშიროს და შეარიგოს ეს ორი მხარე ერთმანეთს.
თეოლოგიის დოქტორმა მირიან გამრეკელაშვილმა პოლიტიკური დაძაბულობის დროს საპატრიარქოს თავშეკავებულ მიდგომას რაციონალური უწოდა და აღნიშნა, რომ ოპოზიციური სპექტრის მხრიდან არჩევნების ბოიკოტირების ფონზე „აზრს მოკლებული“ იქნებოდა ქართული ოცნებისთვის გამარჯვების მილოცვა.
უშუალოდ საპატრიარქოში კი, როგორც ჩანს, აზრთა სხვადასხვაობაა. აღნიშნულ საკითხზე დუმილი დაარღვია ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტმა მეუფე იოანე გამრეკელმა და განაცხადა, რომ მმართველ პარტიას გამარჯვება ყველამ უნდა მიულოცოს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე განაცხადა, რომ პოლიტიკური დაძაბულობის დროს მიზანშეუწონლად მიიჩნევს პოლიტიკური განცხადებების კეთებას, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა საბოლოო შედეგი.
საპარლამენტო არჩევნებზე საპატრიარქოს დუმილი მართებულ პოზიციად შეაფასა მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა თამაზ ლომიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეკლესიას არც აქამდე უნდა მიელოცა არც ერთ არჩევნებში გამარჯვებულისთვის. ის საარჩევნო კამპანიისგან ეკლესიის სრული დისტანცირების მომხრეა.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია, თუმცა ჟურნალისტის კითხვაზე, – მიულოცა თუ არა „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება? – პასუხისგან თავი შეიკავა და განაცხადა: „ჩვენ ვულოცავთ დღესასწაულებს, ვინც ქრისტიანულად ცხოვრობს და ქრისტიანულად აღესრულება. ყველას ვულოცავ გიორგობის წმინდა დღესასწაულს“.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს თავშეკავებულად გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი. მან არჩევნების შესახებ დასმულ კითხვას: „არჩევნებზე გაჟღერდა ხალხის ხმა“? კითხვითვე უპასუხა: „მთვარია ხალხის ხმა, მე ასე ვფიქრობ. ამ
არჩევნებზე გაჟღერდა ხალხის ხმა? უამრავ ინტერვიუს იღებთ, როგორ ფიქრობთ, გაჟღერდა?“ – განუცხადა მან ინტერვიუერს.
არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საპატრიარქოს თავშეკავება მისასალმებელია და განსაკუთრებით საინტერესო წარსულში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით – საპატრიარქომ თითქმის ყველა არჩევნების დროს ოფიციალურად მიულოცა გამარჯვებულ
ძალას, მიუხედავად იმისა, გამოცხადებული იყო თუ არა არჩევნების საბოლოო შედეგები.
მაგალითად, 2018 წლის ნოემბერში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება სალომე ზურაბიშვილს მეორე დღესვე მიულოცა, როცა არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალურად შეჯამებული.
პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს გამარჯვება მიულოცა 2012 წლის 5 ოქტომბერსაც, არჩევნებიდან მე-4 დღეს, მაშინ როდესაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგები 2012 წლის 19 ოქტომბერს გამოაქვეყნა.
ასე რომ, გადაჭრით იმის თქმა, რომ საპატრიარქომ წინა წლების ტრადიცია დაარღვია პოლიტიკური პროცესებისგან სრული დისტანცირებისა და სეკულარიზმის პრინციპიდან გამომდინარე, რთულია, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში სასულიერო პირთა მაღალი პოლიტიკური აქტიურობის ფონზე. ზოგადად კი, საპატრიარქოს მხრიდან თავშეკავებული პოზიცია დადებითად უნდა შეფასდეს.
სეკულარულ სახელმწიფოში რელიგიური ორგანიზაციის მხრიდან მსგავსი დისტანცირებული პოზიცია ცალსახად პოზიტიური ნაბიჯია და ხელს უწყობს პოლიტიკური და რელიგიური ინსტიტუტების ერთმანეთისგან ფუნქციურ გამიჯვნას.
თამარ როსტიაშვილი