„ვინც კორონამ ვერ მოგვკლა, ხელისუფლება გვკლავს“ _ ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი ძვირდება

პარტია  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  ინფორმაციით, ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი ძვირდება. აღნიშნულს არც სახელისუფლებო ფლანგზე უარყოფენ და აცხადებენ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის ღირებულება, დაახლოებით, 10 თეთრით გაიზრდება და ნაცვლად 40-სა, 50 თეთრი ეღირება.  საკითხი განსახილველად საკრებულოს სხდომაზე უახლოეს დღეებში გავა.

„დღეის მდგომარეობით, ავტობუსით მგზავრობის ღირებულება არის 40 თეთრი. იგი, სავარაუდოდ, გაიზრდება 50 თეთრამდე, თუმცა ამისთვის საჭიროა საკრებულოს გადაწყვეტილება, რომელიც თებერვლის ბოლოს საკრებულოს სხდომაზე იქნება მიღებული“, – განაცხადა ,,ქრონიკა+“-სთან შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელმა გიორგი გიორგობიანმა.

„ქრონიკა+“ დაინტერესდა, რა აზრის არიან ქუთათურები ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე და რამდენად ხელმისაწვდომი იქნება მათთვის მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელსაც ასე ელოდებოდნენ?

„დღეს, როდესაც პროდუქტი გაძვირდა, ლარი გაუფასურებულია და სუნთქვაც კი გვეზღუდება, კიდევ ტრანსპორტი უნდა გაძვირდეს?! – არ გვინდა, ბატონო ეს ახალი ავტობუსები, დაგვიტოვონ ძველი და გვაცადონ ცხოვრება“.

„ვინც კორონამ ვერ მოგვკლა, მთავრობა გვკლავს! გაუგონარი ამბავია, სულს ღაფავდე და კიდევ ხელს გიჭერდნენ კისერში“.

„წარმოუდგენელია, გაუსაძლისი სიდუხჭირის დროს, როცა პირველადი მოხმარების პროდუქციასაც კი ცეცხლის ფასი აქვს, კიდევ ტრანსპორტი გააძვირონ“.

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა ქუთაისში 8 თებერვლიდან აღდგება და კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ის დილის რვა საათიდან, საღამოს რვა საათამდე იმუშავებს.

გიგა გელხვიიძე