„ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავზე აღმოვჩნდით უარეს ჭაობში, ვიდრე 2003 წელს ვიყავით“
შორენა მარსაგიშვილი
რა ეჭვებს ბადებს კვიპროსის კლანის მიერ შემუშავებული მანიფესტი? რით ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი მენეჯმენტი ბიძინა ივანიშვილს? რატომ არ ამჯობინებს მოსახლეობა „ქართულ ოცნებას“ მერაბიშვილ-კეზერაშვილს? არის თუ არა შესაძლებელი ოპოზიციის გაერთიანება? რატომ ჩაიარა ამ შემოდგომამ საპროტესტო აქციების გარეშე? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დიმიტრი ბიძინაშვილი:
_ დიმიტრი, „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავზე „ნაციონალურ მოძრაობას“ მძიმე პერიოდი დაუდგა. 2012 წლის არჩევნების წაგების შემდეგ ამ პარტიაში დალხენილი სიტუაცია აღარ ყოფილა, მაგრამ ბოლო ერთი წელია, განსაკუთრებით დამძიმდა ვითარება და როგორც ამბობენ, ნიკა მელიას გუნდი დატოვებს პარტიას. თქვენ ამ გუნდს წარმოადგენთ და რას გვეტყვით, არის ერთიანობის შენარჩუნების შანსი თუ ცალკე მოგიწევთ გასვლა?
_ „ვარდების რევოლუციით“ დავიწყებ: 2003 წლის რევოლუციამ ამ ქვეყანაში ბევრი რამე სასიკეთოდ შეიცვალა. „ნაციონალების“ მმართველობის პერიოდს ზოგი ისე აფასებს, ზოგი _ ასე. მაგრამ ფაქტი ისაა და ამას ყველა აღიარებს, რომ ამ რევოლუციის შედეგად გაიმართა სახელმწიფო ინსტიტუტები. დემოკრატიული პროცესები დაიწყო. ის, რომ დღეს ევროპული მომავალი გვაქვს და ევროატლანტიკური ოჯახის წევრობაზე ვაცხადებთ პრეტენზიას, ესეც ამ პროცესებმა მოიტანა. იყო აღმშენებლობაც. ეს ყველაფერი კი მოიტანა იმან, რომ თავის დროზე ადამიანები, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, არ გაურიგდნენ ედუარდ შევარდნაძის კორუმპირებულ ხელისუფლებას. მაშინდელმა ოპოზიციამ დაარწმუნა ადამიანები, რომ ქვეყანაში არსებული კორუფცია იყო ჭაობი, რომლისთვისაც აუცილებლად უნდა დაგვეღწია თავი. 20 წლის წინათ საქართველოში დიდი ნიჰილიზმი იყო, მაგრამ ოპოზიციამ შეძლო ამ ნიჰილიზმის დაძლევა და უამრავი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ცვლილებების მოთხოვნით და ცვლილებებიც დაიწყო.
სადაო არაა ის, რომ ამ პერიოდში შეცდომებიც იყო და გადაცდომებიც. სწორედ ამ შეცდომების წყალობით მოვიდა 2012 წელს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, რომელიც თავიდანვე რუსული იყო, მაგრამ საზოგადოება ამას არ დაუკვირდა. თან ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი, კარგად იყო შეფუთული. შენიღბვის მიზნით მან გარშემო ისეთი ხალხი შემოიკრიბა, რომელიც რუსეთთან არ იყო დაკავშირებული, მათი პრიორიტეტი დასავლეთი იყო. „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავზე აღმოვჩნდით უარეს ჭაობში, ვიდრე 2003 წელს ვიყავით. ვგულისხმობ ადამიანის უფლებებსა და ეროვნულ ინტერესებს. დღეს ჩვენი ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ქვეყნის ევროპული მომავლისთვის დიდი ბრძოლა გვიწევს. 7-8 მარტს ერთი დიდი ბრძოლა გადავიტანეთ და მოვიგეთ. წინ კიდევ დიდი ბრძოლები გველოდება. ევროპულ მომავალზე უარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ.
_ ევროპული მომავლისთვის ოპოზიციას მართლა მოუწევს ბრძოლა ხელისუფლებასთან. „ნაციონალებს“ ამ ეტაპზე ხელისუფლებისთვის არ გცალიათ, ახლა ერთმანეთს ებრძვით…
_ რაც შეეხება პარტიაში მიმდინარე პროცესებს და ერთმანეთთან ბრძოლას, ჩვენ პარტიას ვუყურებთ, როგორც ბრძოლის ინსტრუმენტს. ეს ინსტრუმენტი გამართული უნდა იყოს მორალურად. საჭიროა ღირებულებები და დიდი სიმართლე. ბიძინა ივანიშვილის დამარცხება თუ გვინდა, ეს აუცილებელია. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ პარტიაში ზუსტად ის მანკიერებები გაჩნდა, რისთვისაც „ქართულ ოცნებას“ და მის ჩრდილოვან მმართველს ვებრძოდით.
_ რა მანკიერებები აღმოაჩინეთ პარტიაში?
_ ჩვენ პროტესტს გამოვხატავდით იმის გამო, რომ ივანიშვილი ებრძვის განსხვავებულ აზრს. მოვიხედეთ და „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგვხვდა იგივე სიტუაცია. ჩვენ ვამბობდით, ოლიგარქი ებრძვის სიმართლეს, მოვბრუნდით და დავინახეთ, რომ ჩვენს პარტიაშიც ებრძვიან სიმართლეს. ივანიშვილს ვებრძოდით იმის გამოც, რომ მას ჰქონდა არაფორმალური მმართველობა, პარტიაშიც იგივე სურათია ახლა.
ამ ყველაფერმა „ნაციონალური მოძრაობა“ მიიყვანა იმ დაპირისპირებამდე, რაც დღეს არის. ჩვენ ამ მანკიერებებს დაუფარავად ვებრძვით და ამას სკამის გულისთვის არ ვაკეთებთ. საზოგადოებასთან სასაუბროდ რომ გავალთ და მათ დარწმუნებას დავიწყებთ, ცვლილებებს მისცენ ხმა, არავინ მოგვიბრუნდეს და არ გვითხრას, რომ არ გვსურს ერთი ჩრდილოვანი მმართველის მეორით ჩანაცვლება. ამ შემთხვევაში საზოგადოება მართალი იქნება. ამის გარდა, საკუთარ თავს თუ არ დააჯერებ, რომ ცვლილებებისთვის იბრძვი, ვერც სხვას დაარწმუნებ, რომ ცვლილებებს მხარი უნდა დაუჭიროს.
პირადად არ მჯერა ამ ადამიანების მომავლის. არ მჯერა, რომ ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი არიან ამ ქვეყნის მომავალი. არ მჯერა, რომ მათ შეუძლიათ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნა. ასე რომ, უფლებაც არ მაქვს, სხვა დავარწმუნო ამაში. პარტიაში არსებულ მანკიერებებს თუ არ დავუპირისპირდით, არც ივანიშვილთან დაპირისპირების უფლება გვაქვს. როგორ უნდა მოვთხოვო რუს ოლიგარქს იმაზე პასუხი, რასაც ჩვენსავე პარტიაში ახალი მენეჯმენტი აკეთებს კვიპროსის კლანის დავალებით?!
დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ღირებულებითი დაპირისპირება და არაფერ შუაშია რაიმე პირადული. მიმაჩნია, რომ მხოლოდ ღირსებით და სიმართლით არის შესაძლებელი რუსი ოლიგარქის დამარცხება. ივანიშვილის თამაშის წესებით ბრძოლა შედეგს არ მოიტანს. კვიპროსის კლანი ჩვენ სწორედ ივანიშვილის წესებთ გვებრძვის.
_ რაში გამოიხატება ეს ბრძოლა?
_ გვეუბნებიან, რომ ყველაფერზე თვალი უნდა დავხუჭოთ, განსხვავებული აზრი არ უნდა გვქონდეს. რასაც იტყვის დირექტორი, მხოლოდ ისაა მისაღები და სხვას საკუთარი აზრი არ უნდა ჰქონდეს. ყველა გადაწყვეტილებაც მხოლოდ დირექტორთან შეთანხმებით უნდა იქნას მიღებული. ბიძინა ივანიშვილიც ასე მართავს.
_ ბიძინა ერთია და თქვენთან ორი ჩრდილოვანი მმართველია: ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი. რომელი სარგებლობს უფრო მეტი გავლენით? დიდი ფული კეზერაშვილს აქვს.
_ ორივეს აქვს გავლენა. ამ ადამიანებს თუ მართლა სურთ ცვლილებები და ქვეყნის განვითარება, მაშინ უნდა ჩამოსცილდნენ პოლიტიკურ და პარტიაში მიმდინარე პროცესებს. მათთან ერთად გამარჯვება, უბრალოდ, შეუძლებელია. არჩევანი დადგება თუ არა, ივანიშვილი თუ კეზერაშვილ-მერაბიშვილი, ამ დუეტს ხალხი ხმას არ მისცემს. შესაბამისად, ეს ადამიანები არიან დამარცხებისა და წაგების ფორმულა.
ჩვენ არ გვინდა წაგება. ჩვენ გვინდა გამარჯვება და ცვლილებებისთვის ვიბრძვით. იმ ადამიანებისთვის ვიბრძვით, რომელთა ხმაც დაკარგულია პოლიტიკაში. ხალხი გამქრალია. მათ შორის იმ გადაწყვეტილებებში, რომელსაც შაბლონურად იღებენ. საუბრობენ, რომ ხალხისთვის და ქვეყნისთვის კეთდება, მაგრამ, ამავდროულად, ხალხს არაფერს ეკითხებიან.
ჩვენ ამათზე ორი კვირით ადრე გამოვაქვეყნეთ მანიფესტი და მოვითხოვეთ, რომ ამაზე ყოფილიყო მსჯელობა. ამ მანიფესტს 40.000-ზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. ეს მანიფესტი განხილულიც კი არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხს დაშორდნენ, მათ ახლა ხალხი აღარ სჭირდებათ. იმიტომ აღარ სჭირდებათ, რომ მათ განსხვავებული აზრი აქვთ. კვიპროსის კლანს მხოლოდ საკუთარი ძალაუფლება ადარდებს. უნდათ, რომ რამენაირად ეს მმართველობა შეინარჩუნონ და გადაიტანონ ხელისუფლებაში, რაც დაუშვებელია. პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ასეთი ხალხი ხელისუფლებაში არასდროს აღარ მოხვდეს და არ ჰქონდეს შესაძლებლობა, ის შეცდომები გაიმეოროს, რომელიც ამათ აქვთ დაშვებული. წარსული უნდა დავტოვოთ წარსულში. რაღაცები უნდა დავაფასოთ, რაღაცები შევაფასოთ, რაღაცები გადავაფასოთ და მხოლოდ წინ უნდა ვიაროთ. მომავალში ამ ხალხის ადგილს საერთოდ ვერ ვხედავ.
_ ვის ხედავთ მომავალში?
_ ახალ ხალხს და ახალგაზრდებს. ახალგაზრდების დასაწერია ისტორიის ახალი ფურცელი. ძველებმა, მათ შორის, დავით კეზერაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა, უკვე დაწერეს თავისი ისტორია, თავისი შეცდომებით და დადებითი მომენტებით. ახლა კალენდარზე 2023 წელია და, შესაბამისად, ახალი გამოწვევები დგას ჩენი ქვეყნის წინაშე, რომელსაც ახალგაზრდებმა უნდა უპასუხონ. მომავალი არის ახალი სახეებისა და ახალგაზრდების.
_ ეს ახალი ხალხი, ანუ ნიკა მელიას ფრთა, უმჯობესი ხომ არ იქნება, რომ ცალკე გავიდეს? ბევრი საუბარი მიდის იმაზე, რომ თქვენ პარტიას დატოვებთ და უკვე თქვენი შესაძლო პოლიტიკური პარტნიორებიც სახელდებიან. ზოგიერთი ამბობს, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიასთან გაერთიანდებით, ზოგიც სალომე ზურაბიშვილს მოიაზრებს თქვენს პარტნიორად.
_ ბევრი ჭორია და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არ ვაპირებთ ვინმეს პარტიაში გაერთიანებას. ჩვენ თუ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსვლა გადავწყვიტეთ, არავის შევეკედლებით, რადგან ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გვექნება. ჩვენ მხარეს არის სიმართლე და ღირებულებები. საზოგადოებას უყვარს სიმართლე. სიმართლე არის ის მთავარი იარაღი, რომლითაც ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიბრძვით. ახალი მენეჯმენტის ყველა დაპირება შეუსრულებელი დარჩა. ეს ხალხი რაღაცას იტყვის და შემდეგ საკუთარი სიტყვების ტყვე ხდება.
_ რას გულისხმობთ? უწყვეტი პროტესტი რომ დააანონსეს და არსად ჩანან? თუ სააკაშვილი რომ უნდა მოეტაცათ საავადმყოფოდან?
_ არა მხოლოდ მაგას. გვპირდებოდნენ, რომ პარტიის სათავეში მოსვლიდან სამ თვეში გაათავისუფლებდნენ მიხეილ სააკაშვილს. მთელი საქართველოს მასშტაბით ხსნიდნენ ოფისებს, ამბობდნენ, რომ ყველა ფრონტზე აქტიურები ვიქნებითო. გამარჯვების შემდეგ არათუ სამ თვეში მიხეილ სააკაშვილის არ დაუხსნიათ, მესამე პრეზიდენტის გამო გზაც კი არ გადაუკეტიათ. 2012 წლის შედეგ, მას მერე, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაშია, პირველი შეთხვევაა, როცა პარტიას შემოდგომაზე აქციები არ აქვს გამართული.
_ იქნებ, დარჩენილ დღეებში გამართონ. კალენდარზე ჯერ ისევ შემოდგომაა…
_ მეეჭვება. ამ ხალხის მოტივაცია ძალიან კარგად ჩანს. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი მოატყუეს. ბევრი უკვე ხვდება, რომ მათი მხარდაჭერით შეცდომა დაუშვა. რაც შეეხება მანიფესტს, რომელიც მათ გამოაქვეყნეს: ჩვენ ვვარაუდობთ და მალე დამტკიცდება, რომ ეს არ არის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაწერილი. ამას ბევრი ფაქტორი მიუთითებს.
_ რა მიუთითებს, რაღაცები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში რომ მოდის?
_ ბევრი ფაქტორი მეტყველებს ამაზე. ერთობის ინიციატივის პათოსს, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით, მაგრამ 11 პუნქტის შემდეგ რაც წერია, ეს უკვე კვიპროსის კლანის კარნახით არის დამატებული. ამ მანიფესტის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე თავად მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ პარტიის პოლიტსაბჭოში პრობლემები იყო. ამ მანიფესტში ამ პრობლემებზე არაა საუბარი და წერია, რომ ყველაფერი რიგზეა. ეს იწვევს ეჭვს. ეჭვს იწვევს ისიც, რომ მანიფესტში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია ჩრდილოვან მმართველად მოხსენიებული, რაც მხოლოდ იმის გამოა ჩაწერილი, რომ დავით კეზერაშვილიდან ისრები სხვა მხარეს გადაიტანონ. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი დაწერილია კვიპროსის კლანის მითითებით.
_ კვიპროსის კლანს აქვს ბევრი ფული, სააკაშვილთანაც მათ აქვთ კონტაქტი. არჩევნებზე თუ თქვენ ერთად არ გახვედით, რა შანსები გაქვთ? მიშა მაინც მთავარი ხმების მომტანია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ფულიც საჭიროა, თუნდაც საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად.
_ 2003 წლის ნოემბერზე ვსაუბრობდით ინტერვიუს დასაწყისში. მაშინდელი ოპოზიციონერები ყვებოდნენ, რომ, ფაქტობრივად, ბოლო თეთრებით მოხერხდა წალენჯიხიდან და ქუთაისიდან ხალხის თბილისში ჩამოყვანა. მაშინდელმა ოპოზიციამ ინიციატივა აიღო თავის თავზე და გამოუვიდა კიდევაც. იმიტომ შეძლეს, რომ მათ უარი თქვეს გარიგებაზე, ფულზე, კეთილდღეობაზე. არ იყო ფინანსები, მაგრამ იყო სიმართლე და მორალი. მორალური ღირებულებების დაპირისპირებით შექმნეს ის, რასაც „ვარდების რევოლუცია“ ჰქვია. მაშინ არავის უფიქრია იმაზე, რომ მაინც არაფერი შეიცვლება, გავრიგდები და ფულს ვიშოვიო. 20 წლის წინათ ითქვა, რომ ცვლილებები იყო საჭირო და ეს ცვლილებები გატარდა.
საერთოდ არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში ფულს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელბა. ვინც არ უნდა იყოს, ბიძინა ივანიშვილზე მეტ ფულს ვერ დახარჯავს. რუსი ოლიგარქის დამარცხება იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ხალხს აჩვენებ, რომ შენ ხარ მართალი და ღირსეული. მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილთან შედარებით მორალური უპირატესობა გქონდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ და რუსი ოლიგარქის დამარცხებაში უდიდეს წვლილს შევიტანთ.
_ ამის გაკეთებას როგორ აპირებთ? განსაკუთრებით მაშინ, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ დატოვებთ?
_ როგორ და რანაირად გავაკეთებთ, ამას საზოგადოება მალე იხილავს. მათი ჩართულობა ჩვენს ქმედებებში იქნება უდიდესი. არაერთხელ დავაფიქსირეთ, რომ შეგვიძლია უდიდესი გაერთიანებების შექმნა. შგვიძლია საზოგადოებასთან ერთად მსჯელობა და მათთან ერთად გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ მიერ მიღებული მანიფესტიც ამაზე მეტყველებს. ჩვენი სხვა ქმედებებიც ამაზე მიუთითებს. პირადი გადაწყვეტილების მიუხედავად, ნაბიჯი არ გადავდგით მანამდე, ვიდრე საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩეველსა და თანამებრძოლებს არ ვკითხეთ აზრი. ამდენი ხნის განმავლობაში სწორედ მათი კარნახით დავდივართ. მიმაჩნია, რომ ყველაზე სწორ გზას გავდივართ ახლა. ვართ თანმიმდევრულები და პრინციპულები. ამ ყველაფრით ვაპირებთ გამარჯვებას. გამარჯვებას მხოლოდ მაშინ მოიპოვებ, როცა ხარ მართალი და გარიგებებზე არ წახვალ.
_ გამარჯვების მოპოვებაზე როცა საუბრობთ, ივანიშვილზე აპირებთ გამარჯვებას თუ პარტიის შიგნითაც?
_ ცვლილებებისთვის ვაპირებთ ბრძოლას, ცვლილებებისთვის გვინდა გამარჯვება და ეს შორს არაა. ჩვენ იმისთვისაც ვიბრძვით, რომ პოლიტიკა დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკაში.
_ ფიქროობთ, რომ დღეს ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკა აღარ არის?
_ ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკა აღარაა. დღეს ქართული პოლიტიკა არის ბიზნესგეგმა. კვიპროსის კლანი პოლიტიკას სწორედ ასე უყურებს. დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი პოლიტიკით ცდილობენ, საკუთარი კეთილდღეობისთვის რაღაც გავლენები მოიპოვონ. ხალხს უნდა ესმოდეს, რომ პოლიტიკა არის ის, რაც ქვეყნის მომავალსა და ადამინებისთვის უკეთეს ხვალინდელ დღეს ქმნის.
_ დღეს თითქმის ყველა თანხმდება, რომ გამარჯვებისთვის ოპოზიციას სჭირდება ერთობა. იქნება ერთობა? თუნდათ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და თუნდაც იმისთვის, რომ არჩევნებში გაიმარჯვოთ?
_ მონდომება თუ იქნა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ერთობის მიღწევა. საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება და ცვლილებები აუცილებელია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთობის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ მანიფესტის გათვალისწინებით.
_ თქვენი მანიფესტის გათვალისწინებით?
_ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მანიფესტი. იმ მანიფესტს, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, 40.000-ზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. ამ 40.000 ადამიანის უკან კიდევ უამრავი ადამიანი დგას. თუ ეს არ გავითვალისწინეთ, ერთობის შნარჩუნება შეუძლებელი იქნება. გავიგე, რომ ბევრი ითხოვს ერთობას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მერაბიშვილთან და კეზერაშვილთან ერთად ვიდგე. ერთობას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ იქ მართალი ადამიანები არიან. ერთობას ღირსეული ხალხი სჭირდება, რომელიც საკუთარი კეთილდღეობისთვის არ გაწირავს თანამებრძოლებსა და ქვეყანას. ერთობას მაშინ აქვს აზრი, თუ თამაშის წესები არის სამართლიანი. მე უნდა ვიცოდე, რომ ადამიანი, რომელთან ერთადაც გავერთიანდი, ბრძოლის დროს ზურგში დანას არ ჩამარტყამს და არ იფიქრებს ჩემს მოშორებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, მართალი და ღირებულებებით სავსე ადამიანების ერთობა შედგეს. ასეთი ერთობა აუცილებლად შედგება. ეს ხალხი აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში.
_ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები რჩება. ოპოზიცია ამ ეტაპზე უიმედოდ გამოიყურება, ქვეყანაში ნიჰილიზმია. დარჩენილ დროში შესაძლებელია სიტუაციის შეცვლა?
_ 2012 წლის არჩევნების წინაც ასე იყო და 2003 წელსაც. მაშინაც უდიდესი ნიჰილიზმი იყო ქვეყანაში, არავინ ჩანდა, ვინც ამ ნიჰილიზმს დაამარცხებდა. სწორედ ამან განაპირობა „ვარდების რევოლუცია“. 203 წელს გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარ ხელში აიღეს ინიციატივა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ადამიანები არ გარიგდნენ შევარდნაძის ხელისუფლებასთან და ქვეყნის მომავალი არ ანაცვალეს პირად კეთილდღეობას. არ წავიდნენ კომპრომისზე და არსებული ნიჰილიზმიც გაქრა. სწორედ ესაა მთავარი. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ მათ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც კომპრომისებზე არ წავლენ და ღირებულებებს არ გადააბიჯებენ.
თუ საზოგადოებას ეს დავანახეთ, მაშინ აუცილებლად ჩაქრება ნიჰილიზმი. ნიჰილიზმის ჩაქრობა არის იმის გარანტი, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება. ოღონდ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ცვლილება და არა ჩანაცვლება. ამ ქვეყანას აღარ აქვს დასაკარგი დრო და ჩვენ გვჭირდება სწრაფი ნაბიჯებით განვითარება, რათა ხალხზე აისახოს ის დადებითი, რასაც ევროკავშირი მოგვიტანს.
ამ ქვეყანაში უნდა გავაჩინოთ იმის განცდა, რომ აქაც შეუძლიათ ადამიანებს საკუთარი თავის განვითარება. ჩვენს მოსახლეობას უნდა ვაჩვენოთ, რომ საკუთარ სამშობლოშიც შეუძლიათ წარმატებული კარიერის შექმნა და ღირსეული ცხოვრება. მე არ ვუყურებ სკეპტიკურად ამ პროცესებს. მიმაჩნია, რომ პროცესების კრისტალიზება ხდება, მათ შორის, ოპოზიციურ ველზე. ყველას თავისი გზა აქვს: ვიღაცა ბრძოლას გააგრძელებს, ვიღაცა გარიგებას აირჩევს. ისტორია ყველას თავის სახელს დაარქმევს.