ექსკლუზიური ინტერვიუ „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფ გადი მოზესის შვილთან

მიხელ ხაჩიძე

7 ოქტომბრის ისრაელზე სასტიკი თავდასხმის დროს „ჰამასისა“ და სხვა პალესტინური ექსტრემისტული ჯგუფების ტერორისტებმა ღაზის სექტორში 250-ზე მეტი მძევალი გაიტაცეს. ისრაელის სამხედრო წარმომადგენლის თქმით, ღაზის სექტორში ჯერ კიდევ 120 მძევალია. შიშობენ, რომ ტყვეებში ბევრი ცოცხალი აღარ არის. ამავდროულად, მძევლების ოჯახებს ჯერ ინფორმაცია არ გააჩნიათ. ისინი იმედოვნებენ და ლოცულობენ იმისთვის, რომ ოჯახის წევრები მალე სახლში დაბრუნდნენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ რომ სულ ცოტა ხნის წინ „ცაჰალმა“ 4 მძევალი ცოცხლად გამოიხსნა, მათ შორის, 1 ქართველი ებრაელი შლომ ზივი კიკოზაშვილია. ეს იყო სპეცოპერაცია, რომელსაც საგმირო და საარაკო ეწოდა. შლომის მამასთან ექსკლუზიური ინტერვიუ „ქრონიკა+“-მა გაზეთის წინა ნომერში ჩაწერა. ამჯერად კიდევ ერთ მძევალზე მოგიყვებით, რომელიც ასევე საქართველოსთან მჭიდრო კავშირშია.

გადი მოზესი 7 ოქტომბერს გაიტაცეს, როდესაც იგი ცდილობდა მოლაპარაკებას „ჰამასის“ ტერორისტებთან, რომლებიც თავს დაესხნენ მის ოჯახს. ის ბოლოს ნახეს მისი სახლის წინ, როდესაც „ჰამასის“ ბარბაროსებმა ფული და მანქანის გასაღები მოითხოვეს. კაცმა მათ ყველაფერი მისცა, თუმცა იგი მაინც დაატყვევეს და მძევლად წაიყვანეს.

ცნობილი ფერმერი და აგროექსპერტი, გადი მოზესი, არის ეფრატ კაცის პარტნიორი. მას ჰყავდა დიდი ოჯახი ნირ ოზში. „ჰამასის“ ტერორისტებმა მთელი ოჯახი მძევლად აიყვანეს. ეფრატ კაცი თავდაპირველად „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ პროპაგანდისტულ ვიდეოში ნახეს, როცა მას ქალიშვილთან და შვილიშვილებთან ერთად მანქანის საბარგულში ათავსებდნენ, მაგრამ მისი ცხედარი 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტიდან რამდენიმე დღეში იპოვეს ისრაელელმა სამხედროებმა, ქალი სასტიკი წამებით არის მოკლული. მისი ქალიშვილი დორონი და ორი მცირეწლოვანი შვილიშვილი, რაზი და ავივი, გაათავისუფლეს მძევლების გარიგების შედეგად ნოემბერში.

გადის მხარდამჭერი აქციები ისრაელში ხშირად იმართება. უცხოეთშიც. გადის 19 წლის შვილიშვილი შანი შეერთებულ შტატებში ცოტა ხნის წინ იყო ჩასული მამამისთან, იაირ მოზესთან ერთად ბაბუის ბედის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. შანის ბებია, მარგარიტ მოზესი, გადის პირველი მეუღლე, ასევე გაიტაცეს ტერორისტებმა და 24 ნოემბერს გაათავისუფლეს. ისიც კიბუც ნირ ოზში ცხოვრობდა, სადაც შანიმ ბავშვობა გაატარა. გადის ვაჟმა, იაირმა, დემონსტრაცია Dag Hammarskjöld Plaza -ზე, გაეროს შტაბთან ახლოს, ისაუბრა „ტყვეობის 100 დღის“ შესახებლ, შანის კი ბაბუის პლაკატი ეჭირა ხელში. იაირ მოზესმა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, განსაკუთრებით წითელ ჯვარს, მეტის გაკეთებისკენ მოუწოდა _ მან წითელ ჯვარს „ტაქსის სერვისი“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ წითელ ჯვარს ისრაელელი მძევლები არ უნახავს და არც წამალი მიუტანია მათთვის.

გადი მოზესის კავშირები საქართველოსთან 

გადი მოზესი საქართველოში მრავალი წარმატებული აგროპროექტის განმხორციელებელი, ლეგენდარული ისრაელელი ექსპერტია. ის არჩვენს ქვეყნაში პირველად 2000 წელს ისრაელის საერთაშორისო სააგენტოს პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდა, რათა დახმარებოდა ფერმერებს და ესწავლებინა მათთვის თანამედროვე აგროტექნოლოგიების გამოყენებით კარტოფილის მოსავლიანობის გაზრდა. ამის შემდეგ იგი ჩვენი ქვეყნის ხშირი სტუმარი იყო. ქართველი ფერმერების საყვარელი ექსპერტი, ამავდროულად, საქართველოზე შეყვარებული გახდა. შეიძლება ითქვას, რომ გადი მოზესი საქართველოსთან სიყვარულით, საქმითა და მიწითაა დაკავშირებული.

ცოტა ხნის წინ ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 76-ე წლისთავი თბილისში მოკრძალებულად, თუმცა მაინც აღინიშნა. თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარედ, ისრაელელი ხალხის 7 ოქტომბრის გმირობის პატივსაცემად და საქართველოსა და ისრაელს შორის მტკიცე მეგობრობის სიმბოლოდ, ისრაელის ზეთისხილის ბაღი გაშენდა. ისრაელის 76-ე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ისრაელის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარლამენტის წევრებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, ჩვენმა ისრაელელმა მეგობრებმა, დიპლომატიურმა კორპუსმა და სხვა საპატიო სტუმრებმა. სპეციალურ სტუმრებს შორის იყვნენ მორან ბენ იშაი და იაირ მოზესი, 7 ოქტომბერს ღაზაში გატაცებული კიბუც ნირ ოზის წევრის, გადი მოზესის შვილები. ღონისძიებაზე გადის შვილებმა ისაუბრეს გადის გამორჩეულ სიყვარულზე საქართველოსა და ქართველების მიმართ.

ელჩმა ჰადას მეიცადმა ისაუბრა მრავალთვიან ომზე, მძევლებსა და მათი სახლში დაბრუნების მტანჯველ, დაუსრულებელ ლოდინზე. მან აღფრთოვანებით აღნიშნა ისრაელის გმირობა და გამძლეობა, რაც გამოვლინდა არა მხოლოდ ბრძოლებში, არამედ მალევე შექმნილ აღდგენით პროგრამებში, რომლებიც ემსახურება საერთო კეთილდღეობასა და წინსვლას: „მათ საპირისპიროდ, ვინც განადგურებას ლამობდა, ჩვენ ვთესავთ პროგრესსა და ინოვაციას კაცობრიობის საკეთილდღეოდ“. ელჩმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ლიდერებისა და ფართო საზოგადოების ურყევ მხარდაჭერას ისრაელის მიმართ და ჩვენს მეგობრებთან ერთად გახსნა ბაღი, როგორც სიმბოლო ურყევი კავშირისა და გადი მოზესის ღვაწლისა. გადი ერთგულად ამყარებს ამ კავშირს თავისი პროფესიისა და ჩვენი ქვეყნების სიყვარულით. ჩვენ მოუთმენლად ველით მის მომავალ სტუმრობას საქართველოში.

„ქრონიკა+“-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ღაზაში გატაცებული მაშავის (ისრაელის პროექტი სოფლის მეურნეობისთვის; ბატონი გადი ერთ-ერთ ასეთ პროექტს ხელმძღვანელობდა, _ რედ.), 80 წლის ექსპერტ გადი მოზესის შვილთან, ვაში იაირ მოზესთან. 7 ოქტომბრის შემდეგ მათ ცხოვრებაში დრო გაჩერდა. ყოველდღე მოუთმენლად ელოდებიან მამის განთავისუფლებას. ამ დრომდე მათ გადის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნიათ. ბოლო კადრები, რაც „ჰამასის“ ტერორისტებმა გაავცრელეს, სადაც გადი მოზესი ჩანდა, ეს იყო 19 დეკემბერს. მასალაში გადი ძალიან მოტეხილი და დასუსტებულია. ამის შემდეგ უკვე ამდენი თვე გავიდა და ებრაელი ექსპერტის შესახებ ოჯახს არანაირი ცნობა არ აქვს. ოჯახის წევრები იმედოვნებენ და მოუთმენლად ელიან, რომ მამა სახლში მალე ჯანმრთელი დაუბრუნდებათ, ისევე როგორც სხვა ყველა მძევალი.

ვაში იაირ მოზესი საუბრობს იმ ურთიერთობაზე, რომელიც მამამისს საქართველოსა და ქართველ ხალხთან აკავშირებს. გადი საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა და ჩვენს სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულია. „მამაჩემი საქართველოში ვიზიტის შემდეგ ყოველ ჯერზე გვიყვებოდა თქვენი საოცარი სტუმართმოყვარეობის, შესანიშნავი მუსიკისა და, რა თქმა უნდა, გასტრონომიის შესახებ“, _ ამბობს გადის ვაჟი.

_ ბატონო იაირ, გმადლობთ, რომ ასეთ პერიოდში ქართული მედიისთვის და „ქრონიკა+“-ისთვის დრო გამონახეთ და ინტერვიუზე დაგვთნხმდით. პირველ რიგში, გკითხავთ მამათქვენის საქართველოში მოღვაწეობაზე, _ რა პროექტებს ახორციელებდა, რა გეგმები ჰქონდა მას?

_ მამაჩემმა, გადი მოზესმა, საქართველოში მუშაობა დაიწყო დაახლოებით 2000 წლიდან. ის ძირითადად მუშაობდა MASHAV -თან, მაგრამ ჩამოვიდა თავდაპირველად კერძო ორგანიზაციების მიწვევით. ის ჩამოვიდა საქართველოში ერთი მიზნით _ გაეუმჯობესებინა ქართველი ხალხის სოფლის მეურნეობა. ის დაეხმარა ადგილობრივ ფერმერებს მოსავლის გაუმჯობესებაში, ასწავლიდა მათ, უკეთესად გაეგოთ ნიადაგი, უკეთესად აეთვისებინათ სარწყავი სისტემები და მორწყვის პროცესი, ასევე მისცა მათ სპეციალური ცოდნა ზოგიერთი კულტურის შესახებ, რომლებშიც ის სპეციალიზებული იყო. მან იცოდა, რომ საქართველოში ჰყავდა ნამდვილი პარტნიორები, რომ მისი შრომა ბევრს ნიშნავდა მისთვის და ქართველი ხალხისთვის.

_ მამათქვენი გიყვებოდათ რამეს საქართველოზე? უყვარს მას ჩვენი ქვეყანა? ცოტა მეტი მოგვიყევით მამის შესახებ, რათა მკითხველმა უკეთ გაიცნოს იგი.  

_ მამაჩემს უყვარს საქართველო და უყვარს საქართველოში ჩასვლა.  როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის არაერთხელ იყო საქართველოში და ყოველ ჯერზე გვიყვებოდა თქვენი საოცარი სტუმართმოყვარეობის, შესანიშნავი მუსიკისა და, რა თქმა უნდა, გასტრონომიის შესახებ (მას უყვარს ჭაჭა). ყოველ ჯერზე, როცა საქართველოში  მოგზაურობდა, ის ცდილობდა, არა მხოლოდ ემუშავა, არამედ ემოგზაურა ამ ულამაზეს ქვეყანაში და დამტკბარიყო ზღაპრული  პეიზაჟებით.

გადი 60 წელზე მეტი ხნის აგრონომია, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში მოგზაურობს მთელ მსოფლიოში განვითარებად ქვეყნებში და ადგილობრივებს ასწავლის, თუ როგორ მოაწყონ და განავითარონ უკეთესი სოფლის მეურნეობა. ის სპეციალიზებულია ირიგაციასა და ნიადაგში და ასევე ცნობილია, როგორც კარტოფილის ექსპერტი. ასევე ატარებს ლექციებს სტუდენტებისთვის მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ისრაელში ჩადიან სასწავლებლად. ის ამას ღრმა რწმენით აკეთებს, რომ ეს მათ ცხოვრებას გააუმჯობესებს. მას უყვარს თავისი ცოდნის გაზიარება იმათზე, ვისაც სურს მოუსმინოს და დეტალების დონე აიმაღლოს _ ყველა   აუდიტორიას ერგება, არ აქვს მნიშვნელობა, ეს უნივერსიტეტის პროფესორების ჯგუფია თუ საბავშვო ბაღის ბავშვები.

_ როგორც ვიცი, მარტში მამათქვენს ტყვეობაში 80 წელი შეუსრულდა. როგორი გრძნობა გქონდათ იმ ფონზე, როდესაც მასზე თითქმის არ არსებობდა ინფორმაცია?

_ მარტში მამაჩემის 80 წლის იუბილე დღე იყო. ჩვენ დავგეგმეთ დიდი ზეიმი, მაგრამ იძულებული გავხდით, გადაგვედო და ფოკუსირება მოგვეხდინა მასზე ფიქრზე და გაგვეკეთებინა  ყველაფერი, რაც შეგვეძლო, რათა ის და ყველა მძევალი გათავისუფლებულიყვნენ.

19 დეკემბერს, 7 ოქტომბრიდან 76 დღის შემდეგ, ისლამურმა „ჯიჰადმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც შეგიძლიათ ნახოთ მამაჩემის საუბარი. ეს იყო სიცოცხლის პირველი და ერთადერთი ნიშანი, მაგრამ ვიდეოში გადი არის ძალიან გამხდარი, დაღლილი და გამოიყურება ათი წლით უფროსი ადამიანივით, ვიდრე ის რეალურად არის. ყველასთვის გასაგებია, რომ ის საშინელ პირობებშია. თუმცა არ არსებობს ინფორმაცია, რომ ვიცოდეთ ის მაინც, ის მარტოა თუ მეტ ადამიანთან ერთად.

_ გაიხსენეთ 7 ოქტომბერი, თქვენი ოჯახი შაბათის სუფრისთვის ემზადებოდა, როცა ტერორისტები თავს დაესხნენ ისრაელს და საშინელი დანაშაულებები ჩაიდინეს. გვიამბეთ მეტი ამ მძიმე დღის შესახებ.

_ 7 ოქტომბერს დილით გადი გაიტაცეს მისი სახლიდან, კიბუცი ნირ ოზიდან. მან დატოვა უსაფრთხო (ბომბსაცავი ოთახი, _ რედ.) ოთახი იმ მომენტში, როდესაც მიხვდა, რომ სახლში ტერორისტები შევიდნენ. ამ გზით მას უნდოდა დაეცვა თავისი ცხოვრების პარტნიორი, ეფრატ კაცი, მისი ქალიშვილი და ორი შვილიშვილი (2 და 4 წლის). მას სჯეროდა, რომ თუ ტერორისტებთან გამოვიდოდა, იფიქრებდნენ, რომ სახლში მარტო იყო და ოჯახის წევრებს დახოცვისა და გატაცებისგან იხსნიდა.

ის მართალიც აღმოჩნდა _ თან წაიყვანეს და წავიდნენ.

საუბედუროდ და რაც არ უნდა ღრმად სამწუხარო იყოს, მოგვიანებით მათ სახლთან მივიდა ტერორისტების კიდევ ერთი ჯგუფი, დანარჩენი იპოვა და წაიყვანა. ეფრატი ღაზისკენ მიმავალ გზაზე მოკლეს. რამდენიმე დღის შემდეგ მინდორში იპოვეს მისი ცხედარი. მისი ქალიშვილი, დორონ კაც აშერი და შვილიშვილები რაზი და ავივი ძალით წაიყვანეს ღაზაში და გაათავისუფლეს 49-დღიანი ენით აუწერელი ტანჯვის შემდეგ.

_ უმძიმესი ისტორიაა. ვწუხვარ ამის მოსმენის გამო. გკითხავთ დედათქვენის შესახებაც. ისიც ტყვეობაში იყო, საბედნიეროდ, 50 დღის შემდეგ გაათავისუფლეს. როგორი იყო თქვენი ემოციები? როგორ იხსენებს დედა ტყვეობის პერიოდს?

_ დედაჩემი, მარგარიტი, სახლიდან გაიტაცეს. იგი მამაჩემის სახლიდან 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე ცხოვორბს. როდესაც ტერორისტები მის სახლში შევიდნენ, მან ვერ მოახერხა დაეკეტა უსაფრთხო ოთახის კარი და გაიტაცეს. მან 49 დღე დაჰყო „ჰამასის“ გვირაბებში სუფთა ჰაერის, ელემენტარული სანიტარიული პირობების, ძალიან ცოტა საკვებისა და მედიკამენტების გარეშე. ის 49 დღის შემდეგ გაათავისუფლეს. ეს იყო ბედნიერი დღე იმ 9 თვის კოშმარში, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება ისრაელში.

_ რა არის თქვენი მოწოდება მსოფლიოსადმი? რა პროგნოზები და მოლოდინი გაქვთ?

_ ვფიქრობ, მსოფლიოში ყველამ, ვისაც ჰუმანურობა აქვს, მხარი უნდა დაუჭიროს მძევლების განთავისუფლებას და მოსთხოვოს მთავრობას, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რათა რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ „ჰამასის“ ტერორისტების მიერ გატაცებული ადამიანები თავიანთ სახლებში, თავიანთ ქვეყანაში. ასევე იმ ადამიანებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ღაზაში ომის შეწყვეტას, უნდა გაიგონ, რომ ერთადერთი, რაც შეაჩერებს ომს, არის მძევლების განთავისუფლება. 120 მძევალი 9 თვეა, იტანჯება. ისინი უნდა დაბრუნდნენ სახლში!

_ სულ ახლახან „ცაჰალის“ საგმირო და საარაკო ოპერაციის შედეგად 4 მძევალი გაათავისუფლეს, მათ შორის, ერთი ქართველი ებრაელი შლომი ზივ-კიკოზაშვილია. ის და მისი ოჯახი ხომ არ გინახავთ ან ხომ არ გქონიათ სხვა კომუნიკაცია? შლომის მამასთან ჩვენ ინტერვიუ ჩავწერეთ სულ ცოტა ხნის წინ, დიდებული ადამიანია.

_ არა, სამწუხაროდ, შლომის ოჯახთან კომუნიკაცია ჯერ არ მქონია. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადაგიხდით: დიდი მადლობა ქართველებსა და საქართველოს ასეთი მხარდაჭერის, თანადგომისა და ჩვენი ტკივილის გაზიარებისთვის. დიდი მადლობა თქვენ, რომ ინტერესდებით და ღრმად, ობიექტურად, სანდოდ და სამართლიანად ავრცელებთ ინფორმაციას იმ მძიმე პერიოდისა და დღეების შესახებ, რაც „ჰამასმა“ ისრაელს დამართა. გმადლობთ, რომ სწორ მხარეს დგახართ.