დომოენ ლეონარდ სეკა: „საქართველოში უსამართლობის მსხვერპლი ჩემი კანის ფერის გამო გავხდი!“


დომოენ ლეონარდ სეკა, ანუ, უბრალოდ, სეკა, როგორც მას ქართველი ნაცნობები ეძახიან, კოდ-დ’ივუარის რესპუბლიკიდანაა. საქართველოში პირველად ათი წლის წინათ საქმიანი ვიზიტით ჩამოვიდა, თუმცა ისე მოხდა, რომ 2014 წელს ციხეში აღმოჩნდა.
სეკა ამბობს, რომ უსამართლობის მსხვერპლი გახდა და, მიუხედავად იმისა, რომ პროკურორმა სიმართლე იცოდა, ციხეში 7 წლით მაინც გამოკეტა.
ამასთან, დომოენ ლეონარდი იმასაც არ გამორიცხავს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, მისი კანის ფერია.

„ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს კოდ-დ’ივუარის დიასპორის ყოფილ პრეზიდენტთან, ქართველების სიძე დომოენ ლეონარდ სეკასთან, რომელიც დღეს პრობაციონერია და ამის გამო საქართველოს ვერ ტოვებს. მეტიც, ვინაიდან ბინადრობის ვადა ციხეში ყოფნის დროს გაუვიდა, ახალი ბინადრობა ვეღარ აიღო, ამიტომ დღეს სეკა არალეგალია. იუსტიციის სახლსა და საემიგრაციო სამსახურს დასახმარებლად მიმართა, მაგრამ ორივეგან უთხრეს, რომ არ იციან, როგორ უნდა მოიქცეს.
სხვათა შორის, სეკა ქართულად საუბრობს და ციხეში მართლმადიდებლადაც მოინათლა. მისი ამბის სხვა დეტალებს კი წინამდებარე ინტერვიუდან შეიტყობთ.
_ სეკა, რომელი ქვეყნიდან ხარ?
_ კოტ-დ’ივუარიდან.
_ საქართველოში როდის ჩამოხვედი?
_ 2009 წელს.
_ ჩვენი ქვეყნის შესახებ როგორ გაიგე?
_ აგვისტოს ომი რომ იყო, ტელევიზორში ვნახე. იმ დროს ჩემი ფეხბურთის აკადემია მქონდა. მერე აქედან ერთი მეგობარი დამიკავშირდა და დამპატიჟა.
_ სტუმრად დაგპატიჟა თუ ეს საქმიანი მოწვევა იყო?
_ ფეხბურთელები უნდა ვიყიდოთ და გვინდა, შენი ფეხბურთელები ვნახოთო.
_ შენი აკადემიის ფეხბურთელები თბილისის „დინამოს“ უნდა ეყიდა?
_ არა, ცხინვალის „სპარტაკს“, რომლის პრეზიდენტი მაშინ დიმიტრი სანაკოევი იყო.
_ საქართველოში მარტო ჩამოხვედი?
_ არა, 12 ფეხბურთელთან ერთად.
_ აქ რამდენ ხანს დარჩი?
_ სამი თვით ჩამოვედი, მაგრამ ორი ფეხბურთელი კონტრაქტით აიყვანეს.
_ ფეხბურთელები რამდენად გაყიდე?
_ თითო 10 ათას დოლარად.
_ საქართველო მოგეწონა და აქ დარჩენა გადაწყვიტე?
_ არა. ერთი ფეხბურთელი 16 წლის იყო და, კანონით, უფლება არ მქონდა, მარტო დამეტოვებინა. რადგან მასთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, ამიტომ მეც აქ დარჩენა მომიწია ორი წლით.
_ ფეხბურთელში 10 ათას დოლარს ყოველ თვე იხდიდნენ?
_ არა, ეს წლიური ტრანსფერის თანხა იყო. ფეხბურთელს თავისი ხელფასი ჰქონდა, მე კი ტრანსფერიდან მერგო წილი. ისე, ფული ჩემთვისაც უნდა გადაეხადათ, მაგრამ მითხრეს, მეტი არ გვაქვსო და ამიტომ ისეთი კონტრაქტი გავაფორმე, რომ წილს ტრანსფერიდან ავიღებდი და მერე, როცა ამ ფეხბურთელებს სხვა გუნდში გაყიდდნენ, ნახევარს იქიდანაც მომცემდნენ. მოკლედ, ამ ორ წელიწადში სხვა ქართული გუნდებიც გავიცანი და დავრჩი.
_ სეკა, შენი ქვეყანა ფინანსურად და სოციალურად მგონი, საქართველოზე უკეთეს მდგომარეობაშია და აქ რატომ დარჩი?
_ კი, მართალი ხარ, მაგრამ იცი, როგორ არის? _ შეიძლება, ჩვენ კარგი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ლიგა პროფესიონალური არ არის და ამიტომ ჩვენი ფეხბურთელები ევროპაში ან იქ უნდა გავყიდოთ, სადაც პროფესიონალური ლიგაა. ჩემი დარჩენის მიზანი კი ის იყო, რომ ჩემი ფეხბურთელები აქ პროფესიონალები გამხდარიყვნენ და მერე სხვაგან გავყიდდი და უკეთეს ფულს ვიშოვიდი.
_ ანუ ფეხბურთს ისე უყურებდი, როგორც ბიზნესს, არა?
_ დიახ, მაგრამ საქართველოში ყველაფერი მომეწონა _ კულტურა, ხალხი. მართალია, ვიცოდი, რომ აქ სამუშაო არ იყო, მაგრამ ჩემს საქმეს დიდი პერსპექტივა ჰქონდა _ ვნახე, რომ ქართულ გუნდებს უცხოელი ფეხბურთელები სჭირდებოდათ.
_ რადგან ფერადკანიანი ხარ, ხალხი სხვანაირად ხომ არ გიყურებდა?
_ ბევრი ქართველისთვის ფერადკანიანთან შეხვედრა პირველი იყო _ შეიძლება, ტელევიზორში ჰყავდა ნანახი, მაგრამ პირადად _ არა. მახსოვს, ტურნირი გავაკეთე და მარტვილში წავედი, საიდანაც ქობულეთში, მერე ზუგდიდში ჩავედი. მარტვილი პატარა ქალაქია და იცი, რა მოხდა?
_ რა მოხდა?
_ ერთი ქალი მოვიდა და მეუბნება, ბოდიში, მაგრამ უნდა გკითხო, შენი სისხლი რა ფერისააო?
_ რა უპასუხე?
_ გამეცინა და ვიფიქრე, რადგან ასეთი კითხვა დამისვა, შეიძლება, განათლება არ აქვს, თორემ თუ განათლება აქვს, ეცოდინება, რომ ყველა ადამიანს ერთი ფერის სისხლი აქვს-მეთქი. როცა რომელიმე ეროვნებს ადამიანი სხვა ეროვნების წარმომადგენელს ეკითხება, გული რა ადგილას გაქვსო, ეს სისულელეა. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ეს კითხვა ცუდად არ მივიღე და ვუთხარი, _ თუ დანა გაქვს, დამისვი და თვითონ მიხვდები, რა ფერის სისხლი მაქვს-მეთქი. სხვათა შორის, პატარა ბიჭები მოდიოდნენ და კანზე ხელს მისვამდნენ _ ალბათ, ეგონათ, რომ საღებავი მესვა.
_ ქართული რამდენ ხანში ისწავლე?
_ აგვისტოში ათი წელი გახდება, რაც საქართველოში ვარ. ქართული კი ჩამოსვლიდან ხუთი-ექვსი წლის მერე ვისწავლე, ანუ მანამდე ქართული კარგად არ მესმოდა. ახლა კი შემიძლია, ტელევიზორსა და რადიოში ინფორმაციას მოვუსმინო და ყველაფერი გავიგო.
_ როგორც ვიცი, საქართველოს მოქალაქე არ ხარ. გინდა, ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო?
_ რატომაც არა? ათი წელია, აქ ვარ, თუ კანონი ამბობს, რომ მოქალაქეობა მეკუთვნის, მგონი, უნდა ავიღო, თან იცი, საქართველოს მოქალაქეობა რატომ მინდა? _ ქართველი ცოლი მყავს და ორ კვირაში უკვე შვილს ველოდები.
_ წინასწარ გილოცავ, მაგრამ ახლა, მოდი, ის მიამბე, ციხეში რატომ მოხვდი? ვინმემ რამე „გაგიჩალიჩა“?
_ ხო, როგორც ქართველები ამბობთ, „გამიჩალიჩეს“.
_ ვინ?
_ ქართველმა, მაგრამ გამიკვირდა _ პროკურორმა სიმართლე იცოდა და ციხეში მაინც გამიშვა.
_ რა სიმართლე?
_ მოგიყვები, რაც მოხდა: ეს თემა 2013 წელს დაიწყო _ ნიგერიელები მოვიდნენ და მითხრეს, შენი დახმარება გვინდაო.
_ ეს ნიგერიელებიც ფეხბურთელები იყვნენ?
_ არა.
_ აბა, რაში უნდა დახმარებოდი?
_ მითხრეს, რომ ფული უნდა აეღოთ, მაგრამ რადგან არალეგალები იყვნენ, ანგარიშის გახსნა არ შეეძლოთ და უნდოდათ, ფული მე ამეღო. ამაზე უარი ვუთხარი.
_ ფული შენს ანგარიშზე ვის უნდა ჩაერიცხა?
_ არ ვიცი.
_ ნიგერიელები შენზე ვისი მეშვეობით გამოვიდნენ?
_ როცა ვმუშაობდი, საქართველოში ყველას ვეხმარებოდი, თან კოტ-დ’ივუარის დიასპორის პრეზიდენტი ვიყავი.
_ ისე, სეკა, შენც ფეხბურთელი ხარ?
_ არა, ჩემი პროფესია მეშენდაიზინგი, ანუ ყიდვა-გაყიდვაა _ იმასთან მივდივარ, ვისაც ფირმა აქვს, მის პროდუქტს ვსწავლობ და მერე რეკლამას ვუკეთებ.
მოკლედ, ნიგერიელებს უარი ვუთხარი, თუმცა ჩემთან ერთი ქართველი, მამუკა წერეთელი იყო, რომელმაც ამ ბიჭებთან საქმე ჩუმად დაიჭირა _ მის ანგარიშზე 80 ათასი დოლარი ჩაირიცხა.
ეს ფული უნდა გამოეტანა, პატრონისთვის გადაეცა და თავისი წილი აეღო. როცა ფული ანგარიშზე დაჯდა, ბიჭები ურეკავდნენ, მაგრამ მამუკა არ პასუხობდა.
ნიგერიელები ჩემთან მოვიდნენ, _ აუ, სეკა, მამუკას ვეძებთო. მამუკას დავურეკე, ოფისში მოვიდა, ვუთხარი, დაჯექი და ამიხსენი, რა ხდება-მეთქი? ისიც ვუთხარი, _ იცოდი, რომ ნიგერიელებს ამ თემაზე უარი ვუთხარი და შენ მათთან საქმე რატომ დაიჭირე-მეთქი? _ ფული მჭირდებოდაო, _ მომიგო.
ერთი სიტყვით, მამუკას ვუთხარი, რომ ფული გამოეტანა და ნიგერიელებისთვის მიეცა. მართლაც, ასე მოიქცა.
_ ნიგერიელებს ფული საიდან ჩაერიცხათ?
_ ეს არ ვიცი. მგონი, კანადიდან.
_ ეს შავი ფული იყო?
_ ჰო, ჰაკერული თუ რაღაც შავი ფული იყო. მერე პროკურატურამ მამუკას დაუძახა. მამუკამ მითხრა, _ აუ, სეკა, ის ბიჭები უნდა ვნახოო. ნიგერიელებს დავურეკე, მოვიდნენ, მამუკას შეხვდნენ. მეც ვიყავი…
ამ დროს მამუკას ფული უკვე დახარჯული ჰქონდა.
_ ცოტა ჩახლართული ამბავია და ისიც ვერ გავიგე, შენ რატომ დაგიჭირეს?
_ მომისმინე: მინდოდა, რომ პროკურატურაში მე და მამუკა ერთად წავსულიყავით, მაგრამ მარტო წავიდა. წყნარად ვიყავი, რადგან არ მეგონა, რომ რაღაცას იტყოდა.
პროკურორს ამ ბიჭებისთვის უნდა დაეძახა _ საქართველოში იყვნენ, მაგრამ არ ვიცი, რატომ არ დაუძახა… მერე გავიგე, რომ მამუკა დააკავეს, ციხეშიც იყო და 10 ათასი გირაო გადაიხადა. ამის მერე აღარ მინახავს.
ერთი ქალი იყო, მამუკას ნათესავი, რომელიც ჩემთან მოვიდა. მერე ჩემთან ნიგერიელებიც მოვიდნენ, _ მამუკამ ფული უკან დააბრუნოს და მორჩა, ყველაფერი დამთავრდებაო.
მოკლედ, ამ თემას თავი დავანებე… საფრანგეთში ვიყავი, 2015 წლის თებერვლის ბოლოს ჩამოვედი. იგივე ბიჭები მოვიდნენ და ისევ ამ საქმეზე დამიწყეს ლაპარაკი. ვუთხარი, _ მე არ მინდა, მაგრამ ერთ კაცსა და ქალს ვიცნობ, მიდით და იმათ დაელაპარაკეთ-მეთქი. იმ ქალთან და კაცთან წავიდნენ, ფული ორჯერ ჩაირიცხა მათ ანგარიშზე, მესამედ რომ ჩაირიცხა, ეს ქალი და კაცი დაიჭირეს. მათ პროკურატურაში თქვეს, _ ეს ფული ჩვენი კი არა, სეკასიაო.
პროკურატურაში დამიძახეს, _ მე რა შუაში ვარ, ყველაფერი იცით, პატრონი ვინ არის _ ხელშეკრულება არსებობს და მიდით, გამოიძიეთ-მეთქი. მაგრამ პროკურორმა თქვა, არა, შენ ხარ საქართველოში ამ საქმის პატრონი და შუამავალიო.
_ თაღლითობის ბრალდებით დაგაკავეს?
_ ჰო. ჩემ წინააღმდეგ მოწმეები ის ქალი და კაცი იყვნენ. მერე მამუკაც მოიყვანეს და ბრალი დაამძიმეს. მოსამართლემ შვიდი წელი მომცა.
თავიდან წელიწადი და 9 თვე გლდანის ციხეში ვიყავი, იქიდან რუსთავში წამიყვანეს. სულ 4 წელი და 8 თვე ვიჯექი.
_ შეწყალებით გამოხვედი?
_ არა, „უდოთი“. კოლონიაში თეა წულუკიანი იყო მოსული, მელაპარაკა და ამის მერე ერთ-ორ კვირაში გამომიშვეს.
_ სეკა, ახლა, მოდი, ციხის ამბები მომიყევი _ როგორ გექცეოდნენ და, საერთოდ, როგორი სიტუაცია იყო?
_ ცუდად არ მექცეოდნენ, კონფლიქტი არ მქონია… თავიდან ექვსკაციან „კამერაში“ ვიყავი, მერე _ რვიანში… აბანო კვირაში ორჯერ იყო, საჭმელს „კამერაში“ ვჭამდი, ანუ იქ, სადაც მეძინა. ამიტომ მინდოდა, რომ „ზონაზე“ წავეყვანე, მაგრამ არ მიშვებდნენ.
_ რატომ არ გიშვებდნენ?
_ მე-16 მინდოდა, სხვა „ზონა“ არ მინდოდა იმიტომ, რომ ვიცოდი, მე-16-ში კარგი სიტუაცია იყო _ დარბაზი, ბიჭები რაღაც პროფესიებს სწავლობდნენ. ბოლოს და ბოლოს, მოვიდა პასუხი და მე-16 „ზონაზე“ გამიშვეს. იქ კარგი პირობები იყო _ ოთხკაციან „კამერაში“ ორნი ვიყავით.
_ შენი თანამესაკნე ქართველი იყო?
_ არა, აფრიკელი. იცი, რა მოხდა? _ წითელი ჯვარი მოვიდა და არ უნდოდა, რომ ქართველებთან ერთად ვყოფილიყავით.
_ რატომ?
_ არ ვიცი, რაღაც ინფორმაცია გაიგეს და მოკლედ, არ უნდოდათ, თუმცა თავიდან ვითხოვე, რომ ქართველთან შევსულიყავი იმიტომ, რომ მაინტერესებდა, „ზონაზე“ რა ხდებოდა.
_ და რა ხდებოდა? „ზონას“ ისევ ქურდები აკონტროლებენ?
_ ჩვენს „ზონაზე“ ასეთი რაღაცები არ იყო, მაგრამ გავიგე, რომ სხვაგან იყო _ ბიჭები რომ მოჰყავდათ, ისინი ლაპარაკობდნენ.
_ მოკლედ, სეკა, ამ ქვეყანაში უსამართლობის მსხვერპლი გახდი?
_ შეიძლება, ეგრეც ითქვას იმიტომ, რომ ამ საქმეში უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ პროკურორმა არ დამიჯერა.
_ არ აპირებ, რომ შენი სიმართლე თუნდაც ევროსასამართლოში დაამტკიცო ან იმას მაინც არ ეცდები, რომ ნასამართლეობა მოგეხსნას?
_ კი, თუ ამის შანსი არის, მინდა, რომ ნასამართლეობა მომეხსნას.
_ კოტ-დ’ივუარში ვინ გყავს?
_ დედა, მამა, ძმები და დები.
_ შენს დაჭერაზე ოჯახს როგორი რეაქცია ჰქონდა?
_ დედაჩემი ძალიან ცუდად გახდა, აღარ ჭამდა და ცხოვრება არ უნდოდა… დაკავებიდან ექვსი თვის მერე დარეკვის უფლება მომცეს.
_ ანუ შენმა ოჯახმა არ იცოდა, ექვსი თვე სად იყავი?
_ ადვოკატმა ჩემს მეგობარს გააგებინა და იმან დარეკა. დედაჩემს ჩემთან ლაპარაკი უნდოდა, მაგრამ უფლება არ მისცეს, მხოლოდ ადვოკატი შემოდიოდა. ექვსი თვის მერე რომ დავრეკე, დედაჩემს ვუთხარი, ყველაფერი ღმერთის ნებაა-მეთქი.
_ სეკა, მართლმადიდებელი ხარ?
_ კი.
_ ციხეში მოინათლე?
_ დიახ. კათოლიკე ვიყავი, მაგრამ ციხეში მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია იყო და ლოცვა მინდოდა. მამა გაბრიელმა მომნათლა.
_ ციხეში დაქორწინდი, არა?
_ დიახ. მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ ციხეში გადავწყვიტე, რომ ცოლად მომეყვანა.
_ ქორწილი გქონდათ?
_ იუსტიციის სახლიდან ვიღაც მოვიდა, კომპიუტერი მოიტანა და ხელი მოვაწერეთ. მოწმეებიც გვყავდა.
_ ციხიდან როდის გამოხვედი?
_ 25 იანვარს.
_ საქართველოში დარჩენას აპირებ თუ რადგან ამ ქვეყანაში უსამართლობის მსხვერპლი გახდი, აქედან წახვალ?
_ მაინც აქ ცხოვრება მინდა! მართალია, სამართალი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება!
_ სეკა, საქართველო გიყვარს?
_ კი, მიყვარს, რადგან ვიცი, რომ კარგი მომავალი აქვს!
_ „ოცნება“ მოგწონს?
_ მომწონს-არმომწონს _ ეს ჩემი ნება არ არის.
_ აბა, ვისი ნებაა?
_ საქართველოს მოქალაქე არ ვარ და პოლიტიკაში ხომ ვერ ჩავერევი?
ის, რაც აქ ხდება, სხვა ბევრ ქვეყანაშიც ხდება, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ, ვიბრძოლოთ და ყველაფერი კარგად იქნება!
_ სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ ფერადკანიან ფეხბურთელებსა და ქართველებს შორის კონფლიქტი მოხდა. ასევე არიან აგრესიული სიძულვილის ჯგუფები. ისინი ითხოვენ, რომ უცხოელებმა საქართველო დატოვონ. ქუჩაში რომ დადიხარ, არ გეშინია?
_ კი, მაგრამ ეს პრობლემა მარტო საქართველოში არ არის. ასეთი პრობლემა ჩვენთან, აფრიკაშიც არის.
_ ანუ აფრიკაში თეთრკანიანებს ემტერებიან?
_ არა.
_ აბა?
_ იცი, როგორ არის? _ ადრე თუ ჩვენთან ალბინოსი დაიბადებოდა, მაშინვე კლავდნენ, რადგან ეშმაკად თვლიდნენ. ეს დისკრიმინაციაა! მე, როგორც ქრისტიანმა, კანის ფერის გამო, ადამიანი ეშმაკად როგორ უნდა მივიჩნიო?
_ ე. ი., ჰომოფობი ხარ?
_ არა. შორს რომ არ წავიდე, გუშინ მეტროში ვიყავი, პოლიციამ გამაჩერა, შენი საბუთი მაჩვენეო. ვკითხე, _ რას ნიშნავს, ჩემი საბუთი გაჩვენო-მეთქი? _ აი, შენი პასპორტიო. მივეცი და მეკითხება, _ აქ რას აკეთებო? ვუპასუხე, _ რას მეკითხები, ეს ზედმეტია-მეთქი.
_ წინა ხელისუფლების დროს ასეთი რაღაცები არ ხდებოდა?
_ არა. ხომ გითხარი, რომ 2009 წელს ჩამოვედი, პრეზიდენტი სააკაშვილი იყო და მაშინ ყველაფერი პირიქით იყო. არ ვიცი, ახლა ასე რატომ ხდება.
ციხიდან გამოვედი, ბინადრობა არ მაქვს, მინდა, ავიღო. 40 დღით ადრე უნდა შეგეტანა ახალ ბინადრობაზე განაცხადი, სანამ ძველს ვადა გაუვიდოდაო, მაგრამ ციხეში ვიყავი და როგორ შემეტანა?
იუსტიციის სახლში ვიყავი, ვიკითხე, როგორ მოვიქცე-მეთქი და თვითინაც არ იციან.
_ ე. ი., ისევ უკანონობას აწყდები?
_ ჰო. საემიგრაციოში დავრეკე, ოპერატორს ველაპარაკე და იმანაც არაფერი იცოდა. რა გავაკეთო?
მეუბნებიან, ქვეყანა უნდა დატოვოო. კარგი, დავტოვებ, მაგრამ როგორ? _ პირობითი მაქვს. ვერც ქვეყანას დავტოვებ, ვერც ლეგალურად ვიქნები და არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო!
სხვათა შორის, აქამდე საქართველოში არალეგალურად არ ვყოფილვარ!
_ სეკა, რამდენი წლის ხარ?
_ 42-ის.
_ ბედნიერი ხარ?
_ ბედნიერი როგორ ვიქნები? _ ხუთი წელი ტყუილად ვიჯექი! ახლა ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო. ხუთი წელი ცოტა არ არის: არც ხუთი თვეა და არც _ ხუთი დღე. შენ თვითონ დაიანგარიშე, რა შეიძლება ხუთ წელიწადში მოხდეს.
მადლობა ღმერთს, რომ ციხიდან ცოცხალი გამოვედი.
_ არსებობდა შანსი, რომ ვინმეს მოეკალი?
_ რატომაც არა?
_ რატომ?
_ როცა ხედავ, რომ უსამართლობაა და იცი, რომ იქ ხარ, სადაც შენი ადგილი არაა…
_ ციხეში გიჩხუბია?
_ არასოდეს. ისეთი ადამიანი ვარ, რომ ვცდილობ, ყველაფერი ლაპარაკით მოვაგვარო. კი, კონფლიქტი მქონდა, მაგრამ საუბრით მოვაგვარე.
_ „ზონაზე“ ნარკოტიკი იყო?
_ არა.
_ ციხის თანამშრომლები როგორ გექცეოდნენ?
_ კარგად. იმიტომ არ ვამბობ, რომ გარეთ ვართ, მაგრამ ყველას ვიცნობ _ დირექტორს, „სოციალებს“ და ისინიც მიხვდნენ, რომ ჩემი ადგილი იქ არ იყო!
სხვათა შორის, კოლონიაში პატიმრებს ფრანგულს ვასწავლიდი _ ბიჭები ფიქრობდნენ, ციხიდან რომ გავალთ, საფრანგეთში წავალთ და ვიმუშავებთო.
_ სეკა, ფერადკანიანი რომ არ ყოფილიყავი, ამ შარში გაეხვეოდი?
_ არ მგონია!
_ ანუ კანის ფერის გამო დაიჩაგრე?
_ კი, ეგრეა. პროკურორმა თვითონ თქვა, ეს ბიჭები ნიგერიიდან არიან, შენ _ კოტ-დ’იუვარიდან, ანუ ყველანი აფრკიდან ხართ, აფრიკა აფრიკაა და, ე. ი., ერთმანეთს იცნობთო. აი, ამ სიტყვებმა გამაგიჟა!
_ პროკურორი ვინ იყო?
_ სალომე ჩიქობავა _ ეს სახელი არ დამავიწყდება.
ციხიდან რომ გამოვედი, ეს პროკურორი ვნახე და ვუთხარი, _ აი, გამოვედი-მეთქი და იცი, რა მკითხა?
_ რა?
_ რამდენი გადაიხადეო? მეთქი, „უდოთი“ რომ გამოუშვან, პატიმარმა ფული უნდა გადაიხადოს-მეთქი?
_ ე. ი., ამ სისტემაში კორუფციაა?
_ თვითონ ამბობს და, ე. ი., არსებობს. ვუთხარი, _ არაფერი გადამიხდია, ფული არ მაქვს-მეთქი.
_ შენი ცოლი ახლა სად არის?
_ საფრანგეთშია, ჩემებთან _ იქ უნდა იმშობიაროს. მინდა, ჩემი შვილი რომ დაიბადება, მეც საფრანგეთში ვიყო, მაგრამ პირობითი მაქვს და ვერ წავალ.
_ ბიჭს ელოდები თუ გოგოს?
_ გოგოს.
_ სეკა, ოჯახთან ერთად ბედნიერებას გისურვებ!

გიორგი აბაშიძე