დიმიტრი ბიძინაშვილი: „მამუკა მდინარაძეს „ნაციონალები“ თათბირებიდან ვერ აგდებდნენ“
არჩვენების გამყალბებელმა ხელისუფლებამ ხალხი ისევ ქუჩაში გამოიყვანა. აღშფოთებული საზოგადოება ვერც კორონამ შეაჩერა და ვერც _ სიცივემ. ყველა აცნობიერებს, რომ თუ არჩევნების მოპარვას არ გააპროტესტებენ, კიდევ სხვა ბევრ რამეზე მოუწევთ თვალის დახუჭვა. სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ ლიდერი დიმიტრი ბიძინაშვილი მიიჩნევს, რომ ახლა გაჩუმება საქართველოს წარსულში დაბრუნებას ნიშნავს. მისი თქმით, ხალხს ეს უსამართლობა ყელში ამოუვიდა და ბრძოლა გამარჯვებამდე გაგრძელდება. ბიძინაშვილის განმარტებით, საზოგადოებას ვეღარც იმით დააბულინგებენ, რომ ქუჩაში თუ გავლენ, „ნაცებს“ დაუძახებენ.
რატომ არ აქვს „ოცნების“ ლიდერებს იმის უფლება, ვინმეს „ნაციონალი“ დაუძახოს? შეშინდება თუ არა ხალხი დარბევით? რას აპირებს ოპოზიცია და რას იზამს ხელისუფლება? _ ამის შესახებ დიმიტრი ბიძინაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ დიმიტრი , ელოდით თუ არა, რომ ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაარბევდა აქციას?
_ „ქართული ოცნება“ არის მოძალადე და მათგან ყველანაირ ძალადობას ველოდით. ამის მიუხედავად, არ გვეგონა, თუ ცესკოსთან 100 ადამიანს დაარბევდნენ. ოპოზიციის დიდი ნაწილი, ჯერ კიდევ, გზაში იყო, როცა ცესკოს შენობასთან მისულ 100-მდე ადამიანს რამდენიმე ათასმა პოლიციელმა წყლის ჭავლი მიუშვა. კორონაპანდემიის დროს ამის გაკეთება ტყვიის სროლის ტოლფასია. ჩვენ არც ტყვიის გვეშინია და არც _ წყლის ჭავლის. 31 ოქტომბერს ხელისუფლებამ ისე გააყალბა არჩევნები, რომ ამის ასე დატოვება, უბრალოდ, არ შეიძლება.
_ არ გეგონათ, ხელისუფლება გაყალბებაზე რომ წავიდოდა?
_ ამაში ეჭვიც არ გვეპარებოდა, მაგრამ არ გვეგონა, აქამდე თუ მივიდოდა საქმე. საარჩევნო პროცესში ჩართული ვიყავი და საოცრებებს ვუყურებდი საკუთარი თვალით.
_ ამ დარღვევებზე ხელისუფლება ამბობს, რომ კომისიის წევრები გადაიღალნენ და ადამიანურ შეცდომასთან გვაქვს საქმეო.
_ საარჩევნო კომისიის წევრებიც ადამიანები არიან, ისინიც იღლებიან და შეცდომებიც მოსდით. ადამიანური შეცდომის ვერსიასაც ვირწმუნებდი, რომ არა ერთი გარემოება: ეს ადამიანური შეცდომა ერთხელაც არ აისახა ოპოზიციის სასიკეთოდ.
ცესკოს უსერიოზულესად ვაფინანსებთ ბიუჯეტიდან. მათ კეთილი უნდა ინებონ და კარგად მოამზადონ პერსონალი, რომელიც „ადამიანურ შეცდომებს“ არ დაუშვებს. ე. ი. ეს ფულიც თამარ ჟვაიამ და მისმა მოადგილეებმა მიითვისეს. შესაძლოა, კადრების მომზადებაშიც დახარჯეს, მაგრამ რად გინდა?! _ დაიწერა ის შედეგი, რაც „ოცნების“ შტაბიდან უკარნახეს. ცესკოს შედეგები საეჭვოდ დაემთხვა იმ პროცენტებს, რის მიღებასაც ვარაუდობდნენ „ოცნების“ ლიდერები.
31 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევანის უფლება მოჰპარა. მან ღიად გვითხრა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები გაუქმებულია. ამის შემდეგ, ალბათ, ყველა ოქმს ივანიშვილი და ჟვანია შეადგენენ. ამ თავხედობას ქართველი ხალხი საკადრისს პასუხს გასცემს. საქართველოში ერთხელ უკვე შეიცვალა ხელისუფლება არჩევნების გზით. ეს მოხდა 2012 წელს. ივანიშვილმა არ ისურვა, რომ თავადაც ეღიარებინა არჩევნებში დამარცხება. ის ცოცხალი თავით არ თმობს ძალაუფლებას. ეს, პირველ რიგში, ქვეყანას აზარალებს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ბიძინა და მისი რაზმი“ ამ ქვეყნის მტრები არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აღიარებდნენ არჩევნებში დამარცხებას და ოპოზიციაში გადავიდოდნენ.
_ საეჭვოდ დაემთხვა ოპოზიციის მიერ დაანოსებულ აქციებს კომენდანტის საათის დაწესება, რაც მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო.
_ მოსალოდნელი იყო. არჩევნების წინ მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამაც. ვინაა გარანტი, რომ ციფრები შეგნებულად არ გაზარდეს? მერე შემოგვაპარეს, გადაადგილება შეიზღუდებაო. დაიხურა სკოლები და ბაღები. ნელ-ნელა გვკეტავენ. სრული ლოქდაუნისკენ მივდივართ.
_ რაც, ალბათ, პროტესტს ჩაახშობს.
_ გამორიცხულია. ამ ჩაკეტვებს ის გვითხრან, სად წაიღეს 10 მილიარდი ლარი, რომელიც კოვიდთან საბრძოლველად უნდა გამოეყენებინათ?! ეს ვალი ჩვენი გასასტუმრებელია. გამოვიდეს გახარია და თქვას, სად წავიდა ეს ფული?! ამდენი ფული გაფლანგეს და ექიმები გვეუბნებიან, კორონით თუ დაინფიცირდით, წყლით იმკურნალეთო. არა მგონია, მთავრობის წევრებსაც წყლით მკურნალობდნენ.
_ გახარიას კოვიდი დაუდასტურდა და ნეტავ, იმასაც წყლით მკურნალობენ?
_ რა თქმა უნდა, არა. თავზე ევლებიან და თუ საჭირო გახდა, პირადად ტიკარაძე დაუყენებს გადასხმის სისტემას.
_ ტიკარაძეს თავის ჯანმრთელობას გახარია არ მიანდობს. მას, როგორც ამბობენ, თენგიზ ცერცვაძე მკურნალობს.
_ აბა, „თვალთხარიას“ ისე ხომ არ დატოვებენ. სამაგიეროდ, სხვა ადამიანები არიან ღვთის ანაბარა მიტოვებულები. 10 მილიარდი ნორმალურად რომ დახარჯულიყო, ასეთი მსხვერპლი არ იქნებოდა. ამდენი ადამიანი დაიღუპა, ამდენი დაინფიცირდა და 10 მილიარდი ვალი შეგვრჩა. ეს მუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ივანიშვილს საერთოდ არ ადარდებს ამ ქვეყნის მოქალაქეების ბედი. მათთვის მთავარია, თავად იყვნენ კარგად.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აიწყეს ცხოვრება, გახდნენ მილიონერები, სარგებლობენ პრივილეგიებით. ახლა მათთვის ძალიან ძნელია ამ კომფორტთან განშორება. არსებული მდგომარეობა რომ შეინარჩუნონ, ყველაფერზე მიდიან. ესენი ქვეყანას დაღუპავენ. ხომ ხედავთ, რა დღეშია ეროვნული ვალუტა.
_ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე ფინანსთა მინისტრმა თქვა, ოპოზიციის აქციების ბრალიაო.
_ სად იყო აქციები, ლარმა გაქცევა რომ დაიწყო?! ეს უნიათოები სულ სხვისკენ იშვერენ ხელს. ერთხელ ზრდილობის გულისთვის მაინც თქვან, ჩვენ ვერ გავაკეთეთ კარგად, ჩვენი ბრალიაო. ფარცხალაძემ და კვირიკაშვილმა ასეულობით მილიონი რომ გააქრეს ბიუჯეტიდან, არ გაუფასურდებოდა ლარი? ბიუჯეტი არაა ჯადოსნური ყულაბა, რომელიც წამებში ივსება. ახლა თბილისის ვიცე-მერიც გამოვიდა და თქვა, დაფინანსებაში პრობლემებია და ხელფასების შემცირება გახდება საჭიროო.
_ დაფინანსების პრობლემები თუ არის, 60 კაცი რატომ ჰყავს კალაძეს პიარში? შეამციროს კადრები.
_ მის პიარში დასაქმებულებს, იცით, რამხელა ხელფასები აქვთ? _ 4-დან 5 ათასამდე. ლაივის ჩამრთველს, მაგალითად, 5000-ს უხდის კალაძე.
_ ხუმრობთ?
_ არა! მართლა 5000 ლარს უხდის თვეში ლაივის ჩამრთველს. ამ დროს მოქალაქეები შიმშილობენ. ზოგიერთი შიმშილით კვდება. ხალხი გააღატაკეს და „ოცნება“ იმას გვიმტკიცებს, 2016 წელთან შედარებით 100.000-ით მეტი ხმა ავიღეთო. ეს ხომ უაზრობაა?! ქვეყანა ჩამოიშალა და სახელისუფლებო პარტია უფრო მეტად შეუყვარდა ხალხს. ამ ტყუილს არავინ ჭამს.
ივანიშვილი არაფერს ერიდება. ყველაფერს კადრულობს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მან მაქსიმალურად გაწელა ზამბარა, რომელიც ძალიან მალე მოხვდება ცხვირში.
_ დარწმუნებული ხართ, რომ მოხვდება?
_ ეჭვიც არ მეპარება. ზამბარის გაწელვა ასე მთავრდება. „ოცნება“ დანაშაულზე დანაშაულს უმატებს. ისე მიჰყავთ საქმე, რომ ამ ქვეყანაში, უბრალოდ, ვერ გაჩერდებიან.
_ „ოცნება“ რომ მოდიოდა, ყველას ეგონა, „ნაცები“ გაიქცევიანო, მაგრამ მშვენივრად კოჰაბიტირდნენ.
_ ახლა ასე აღარ იქნება. „ოცნება“ კოჰაბიტაციის ყველანაირ შანსს ისპობს. ისინი ამ ქვეყანაში ვეღარ დარჩებიან. არჩევნები ნორმალურად რომ ჩატარებულიყო, ისინი ოპოზიციაში გადავიდოდნენ და დარჩებოდნენ საქართველოში. ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება. ირაკლი კობახიძე თავის აგრესიული გამოსვლებით კიდევ უფრო აღიზიანებს ხლხს.
_ კობახიძე ყველას აღიზიანებს, მათ შორის, „ოცნების“ მომხრეებს. ამ კაცს ხაბეიშვილზე, მელიასა და ბოტკოველზე ასეთი აგრესია რატომ აქვს? ფაქტობრივად, დაიგინა, ეგენი თუ მოიგებენ არჩევნებს, მე პოლიტიკიდან წავალო.
_ ჩვენ ვნახეთ არაერთი კვლევა, სადაც ჩანდა, რომ მელია, „ხაბე“ და ბოტკოველი ბევრად უსწრებდნენ სახელისუფლებო კანდიდატებს. კვლევები თავად „ოცნებამაც“ ჩაატარა. ეს სამეული ამ კვლევებითაც უგებდა „ოცნების“ კანდიდატებს. სწორედ ამან გააღიზიანა და გააბოროტა კობახიძე. მან გამოაცხადა, რომ რომელიმე მათგანი თუ მოიგებს, პოლიტიკიდან წავალო. ოპოზიციის ლანძღვას ურჩევნია, დანაპირები შეასრულოს და პოლიტიკას მოშორდეს.
_ არ მოშორდება, იმ სამეულს არ მოუგია არჩევნები.
_ ამ გაყალბების პირობებში რა შედეგიც დაიწერა, ეს მოგებაა, ამიტომ კეთილი ინებოს კობახიძემ და წავიდეს. ოღონდ მამუკა მდინარაძის გაყოლებაც არ დაავიწყდეს.
_ მდინარაძე რატომ უნდა გაიყოლოს?
_ კობახიძეს აუბა მხარი და მაგანაც თქვა, თუ მოიგებენ არჩევნებს, პოლიტიკიდან წავალო.
_ თქვენ გგონიათ, რომ ნამუსი ეყოფათ და წავლენ?
_ პირობა საჯაროდ აქვთ დადებული და თუ დარჩებიან, უნამუსოები და უპრინციპოები ქნებიან. სამივე მათგანმა მოიგო არჩევნები. ოფიციალური შედეგი სხვაა, მაგრამ ყველაზე უკეთ კობახიძემ იცის, რომ მის მიერ ნახსენებმა სამეულმა პირველივე ტურში გაიმარჯვა. წარმოიდგინეთ, რა დონეზე ჰქონდათ ამ ბიჭებს მოგებული, რომ ამხელა გაყალბების მიუხედავად მეორე ტურები დაინიშნა.
_ სერიოზულად მოიგეს, იცით როგორ, _ ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნმა“ „ბარსელონას“ 8:2 რომ მოუგო.
_ ზუსტად ასეთი მოგება იყო. ოღონდ მაშინ იმ მოგებაზე გული დამწყდა. ახლა კი მიხარია ასეთი მოგება.
_ „ბარსელონას“ გამო გული არ დაგწყდეთ, ირაკლი კობახიძე ამ გუნდის ფანი ყოფილა.
_ რას მელაპარაკებით? არ ხუმრობთ? მეც არ მიკვირს, რატომ ჩავარდა ეს მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ამ დღეში? ეგ თუ გვქომაგობს, კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები. წავიდეს და თავის „ქართულ ოცნებას“ უქომაგოს. ჩვენ თავი დაგვანებოს. „ბარსელონაზე“ ვხუმრობ, მაგრამ ქვეყანა რომ მძიმე დღეშია, ეს კობახიძისა და მისნაირების დამსახურებაა.
მინდა, მდინარაძეც მოვიხსენიო და პერსონალურად ვთხოვო, რომ წავიდეს. წასვლამდე ერთ რჩევასაც მივცემ: „ნაციონალების“ ხსენებას თავი დაანებოს, მისთვის უკეთესი იქნება.
_ რატომ იქნება მისთვის უკეთესი, თუ „ნაციონალებს“ აღარ ახსენებს?
_ იმიტომ, რომ მას ეს უხერხულობას შეუქმნის.
_ რატომ შეუქმნის უხერხულობას?
_ მამუკა მდინარაძე არაა ის კაცი, ვისაც უფლება აქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ აკრიტიკოს.
_ რატომ? რატომ?
_ ეგ ის კაცია, 2012 წლამდე დავით საყვარელიძეს „ნაციონალების“ თათბირებზე რომ ეჯდა.
_ რომელ დათო საყვარელიძეს?
_ მთავარი პროკურორის მოადგილე რომ იყო. ისიც ატარებდა თათბირებს. სულ იქ იჯდა მდინარაძე. ეს კარგად ახსოვთ ყოფილი ხელისუფლების წევრებს. თათბირიდან ვერ აგდებდნენ. ბოლომდე იქ იჯდა და ყველაზე დიდ „ნაციონალად“ მოჰქონდა თავი.
_ ახლა ყველაზე დიდი მეოცნებეა.
_ მანამდე იქნება ყველაზე დიდი მეოცნებე, სანამ „ოცნებაა“ ხელისუფლებაში, მერე ახალ ძალას მოძებნის და იმას შეეკედლება. „ქართული ოცნება“ გატენილია მედროვეებით. ამიტომაც ჩავარდა ასეთ დღეში ქვეყანა. როდის იყო, მედრვეებს ღირსება და პრინციპები ჰქონდათ. მათი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ. ჩვენ ხშირად ვხედავთ ტელეეთერებში მათ სახლებს, მათ ვილებს. თავიანთ შვილებს საზღვარგარეთ აგზავნიან სასწავლებლად. რაც მეტი მიიღებს დასავლურ განათლებას, მით უკეთესი, მაგრამ „ოცნების“ წევრები თავის შვილებს ჩვენს ხარჯზე ნუ მისცემენ განათლებას, თავისი სახსრები დახარჯონ.
რამდენიმე წლის მერე ჩამოიყვანენ უცხოეთიდან თავიანთ შვილებს და ქართველ ხალხს დაასვამენ თავზე _ ამათ დასავლური განათლება აქვთო. დავიჯერო, მათზე ჭკვიანი შვილები სხვას არ ჰყავს? როგორ არ ჰყავს, მაგრამ მათ საზღვარგარეთ წასვლა არ შეუძლიათ. აქაც კი ვერ იხდიან სწავლის საფასურს. ათასობით ახალგაზრდას აქვს სტუდენტის სტატუსი შეჩერებული. ისინი სწავლას იმიტომ ვერ აგრძელებენ, რომ ფული არ აქვთ.
რატომ დაგვასვა ბიძინა ივანიშვილმა ეს ბოღმიანი კობახიძე თავზე? მართალია, დასავლეთში აქვს განათლება მიღებული, მაგრამ რა? მაგაზე უკეთესი არავინ იყო? როგორ არ იყო, მარამ რუსს ოლიგარქს ისეთი ხალხი სჭიდება, ვინც მის ყველა ქმედებას გაამართლებს.
_ კობახიძეს ამ „გამართლებაში“ ზედოზირება მოსდის. საშინელებებს ამბობს.
_ ბოროტი ადამიანია და ბოღმას ვეღარ მალავს.
_ ბოროტის გარდა საშიშიცაა, 20 ივნისს ეგ რომ ყოფილიყო შს მინისტრი, ადამიანებს დახოცავდა აქციაზე.
_ ძალიან ბოღმიანი ახალგაზრდაა და ყველაფერს იკადრებს, ამიტომ არ იშორებს გვერდიდან ივანიშვილი. ახლა რაღაც დესტრუქციულ ქმედებებზე ალაპარაკდა და სუსში მტკიცებულებები მიარბენინა.
_ იმ სუსს რა ვუთხარი, კობახიძე მტკიცებულებებს რომ მიუტანს.
_ ეგეც საკითხავია, მიუტანა თუ რაღაც სპექტაკლი დადგეს. ამდენი წელია, მოსალოდნელ არეულობაზე საუბრობენ. ამტკიცებენ, რომ ოპოზიცია გადატრიალებას ამზადებსო. სადაა ეს გადატრიალება? სუსში ბევრი რამე შეიძლება მივიტანო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაც გადატრიალებას ამზადებს.
_ კობახიძის „დანოსში“ თქვენც მოხვდით, ხომ?
_ მხვდა ეგ პატივი.
_ უფრო დეტალურად გვითხარით.
_ უფრო დეტალურად კობახიძე მოყვებოდა, მე ყველაფერი არ ვიცი. რამდენადაც მომეხსენება, იმ ფურცლებზე, რაც კობახიძემ სუსში მიიტანა, ჩემი სახელი და გვარი წერია და მითითებულია ტელეფონის ნომერი.
_ ფურცელზე ადამიანის სახელი და გვარი თუ წერია, ის გადატრიალებას აწყობს?
_ რა ვიცი?! მაგის ექსპერტი კობახიძეა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჩვენ დამკვირვებლებად ვიყავით დარეგისტრირებულები. ჩვენი მონაცემები ცესკოს საიტზეა ატვირთული. კობახიძეს ვინმე სულელი ხომ არ ჰგონია?! ვინ დაიჯერებს, რომ ადამიანები გადატრიალებას ამზადებენ და ამ დროს მონაცემებს ცესკოს საიტზე ტვირთავენ?
_ სუსი სერიოზულად მოეკიდა ამ მტკიცებულებებს?
_ ვერ გეტყვით. კი გამოგვაცხადეს დესტრუქციულ ადამიანებად.
_ არადა, სულ არ ტოვებთ დესტრუქციულის შთაბეჭდილებას, მუდმივად კანონიერებაზე საუბრობთ.
_ კობახიძის სტანდარტებით კანონზე საუბარია დესტრუქცია. ეს იცით, როგორი ბრალდებაა? _ შარშან „საშვების რევოლუციას“ რომ ვაწყობდით.
_ „საშვების რევოლუცია“ „გავრილოვის ღამეს“ იყო, ხომ?
_ „გავრილოვის ღამემდე“ იყო დღე, როცა ქართველების მოძულე და ქართული სახელმწიფოს მტერი სპიკერის სავარძელში ჩასვეს. ჩვენ ვიცოდით, რომ ის პარლამენტში იქნებოდა და ამის გასაპროტესტებლად შვედით იქ. ჩვენზე დაშვებული იყო საშვები. იმას ვერავინ წარმოვიდგენდით, რომ ამ კაცს სპიკერის სავარძელში ჩასვამდნენ. ეს რომ ვნახეთ, სხდომათა დარბაზში შევვარდით და პროტესტი გამოვხატეთ. გავრილოვი დარბაზიდან გააქციეს. ეს ყოფილა „საშვების რევოლუცია“.
_ ეს რომ არ ყოფილიყო, ძალიან სამარცხვინოდ გამოვჩნდებოდით. ამ პროტესტმა ღირსება შეგვინარჩუნა.
_ „ოცნებისთვის“ რუსი კომუნისტის განდევნა მოსაწონი საქმე არ იყო. რაკი კანონის დაცვით ვიყავით პარლამენტში შესული, ვერ გვითხრეს, შეიჭერითო. დაგვაბრალეს, საშვი აიღეთ და ასე აპირებდით გადატრიალებასო. გადატრიალებას ვინც აწყობს, ისინი საშვებს არ იღებენ. ასეთივე მდგომარეობაა ახლაც. ამტკიცებენ, დესტრუქციისთვის ემზადებოდნენო. როდის იყო, არეულობის მომწყობნი ცესკოს საიტზე რეგისტრირდებოდნენ?
თუნდაც ამ ორი ამბიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება, რომ ამათ ნორმალურები ვუწოდო? რეალობის აღქმა სრულიად აქვთ დაკარგული. დაკარგეს სინდისი და ნამუსი. მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვიან.
_ ჯერჯერობით გამოსდით შენარჩუნება?
_ ჯერჯერობით კი, მაგრამ დათმობა მოუწევთ. „ოცნება“ აუცილებლად წავა. საწყენია, რომ ქვეყნის იმიჯს დააზიანებენ. არადა, შეეძლოთ, ლამაზად წასულიყვნენ და ისტორია გაეგრძელებინათ. 2012 წელს ქვეყანაში არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება. ახლაც გადაირჩია ხალხმა „ოცნება“, მაგრამ მათ არჩევნები მოგვპარეს. ამასაც არ დასჯერდნენ და პროტესტის გამოსახატავად გამოსული ხალხი კიდევ ერთხელ დაარბიეს.
დარბევებით ვერავის შეაშინებენ. პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ხელისუფლება მოპარულ არჩევნებს არ დააბრუნებს. ივანიშვილმა რვა წლის მანძილზე ვერაფერი გააკეთა. ახლა უარესს დღეში ჩავარდება ქვეყანა. ადრე თუ უნიათოები იყვნენ, ახლა მათ ლეგიტიმაციაც დაკარგეს. არალეგიტიმურ ხელისუფლებას ქვეყნისთვის კარგის გაკეთება არ შეუძლია. ეროვნული ვალუტა ისე ჩააგდეს, ქვეყნიდან გარბის. ჩვენც გაქცევა მოგვიწევს, თუ ესენი არ შევცვალეთ. დარწმუნებული ვარ, ცვლილება იქნება. რუსი ოლიგარქის დიქტატურა სრულდება. ძალადობასა და გაყალბებას არავინ შეეგუება. არც დარბევის გვეშინია და არც _ დაჭერების. სიმართლე ჩვენს მხარესაა და სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს.
შორენა მარსაგიშვილი