დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე-მღვდლის დღიური“

გაგრძელება, დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##35-41 (2019წ.); #2-8 (2020წ.)

„ქრონიკა+“ აგრძელებს დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის დღიურის გამოქვეყნებას. შეგახსენებთ, რომ „ლიტერატურული მუზეუმის“ მიერ წლების წინათ გამოცემული წიგნი, „მოქალაქე მღდვლის დღიურები“, რიგი გარემოებების გამო, ფაქტობრივად, ფართო მკითხველისთვის ხელმიუწვდომელია. მასალაში, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, ძირითადად, საუბარია საეკლესიო ინტრიგებსა და კულუარებზე. ნიკიტა თალაკვაძის შეფასებებით ეს კულუარები და ფაქტები დღევანდელი გადასახედიდანაც კი საკმაოდ მძიმე გასააზრებელია და უამრავ „ნაცნობ“ თუ უცნობ მოვლენას, ცნობილ თუ საზოგადოებისთვის უცნობ პერსონას საერთოდ სხვა კუთხით წარმოაჩენს.

შეგახსენებთ, რომ ნიკიტა თალაკვაძე დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1889-1895 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1895-1899 წლებში კი _ კიევის სასულიერო აკადემიაში; 1899-1902წწ. _ მუშაობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად; 1902 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა; მამა ნიკიტამ, მიტროფანე ლაღიძის, სოსიკო მერკვილაძისა და სხვათა დახმარებით, აღადგინა წმინდა თამარ მეფის ხსოვნის დღე და თამარობის დღესასწაული.
ნიკიტა თალაკვაძე იყო ეპისკოპოს კირიონ II-ის (საძაგლიშვილი) თანამოაზრე. აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალიურ მოძრაობაში. 1912 წელს იგი ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1917 წელს მიენიჭა დეკანოზის წოდება.
1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.
1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა იყო საკათოლიკოსო საბჭოს წევრი. იგი გახლდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლად აღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (საძაგლიშვილი). 1918-1921 წლებში დეკანოზი ნიკიტა გამოირჩეოდა აქტიური მოღვაწეობით, რაც გააგრძელა ქვეყნის გასაბჭოების შემდეგაც.
საბჭოთა ხელისუფლება ავიწროებდა უშიშრად მამხილებელ მოძღვარს. 1922 წლის 17 ოქტომბერს ქალთა სასწავლებლის დირექტორმა იგი მასწავლებლობიდან დაითხოვა; 1924 წელს დეკანოზი ნიკიტა აიძულეს, დაეტოვებინა ეკლესია. იგი ჯერ საქართველოს ფინსახკომის საბიუჯეტო განყოფილების უფროსად მუშაობდა, შემდეგ _ კულტურის სამინისტროში. დეკანოზი ნიკიტა იყო თავისი დროის შესანიშნავი მქადაგებელი. ჩვენამდე მოაღწია მისმა არაერთმა ქადაგებამ. იგი ავტორია ჩანაწერებისა, რომელიც ცნობილია, როგორც „მოქალაქე-მღვდლის დღიური“.

(გაგრძელება)

4 მაისი _ ხუთშაბათი
სასწავლებლიდან მოვდივარ, _ შეუხვიე საკათ. საბჭოს შენობაში; კიბეზე შემომხვდა კათოლიკოზი; მისალმების შემდეგ, გამომიყვანა ქუჩაზე და მითხრა _ „ამ დღეებში დიდ ამბებს გაიგებო“, _ თან რაღაც აღელვება ეტყობოდა; ძალიან ჩავეკითხე და მიბრძანა: „შეიძლება ამ დღეებში დამაპატიმრონ, ეცადეთ ჩეკაში არ გამაჩერონ, ციხეში გადამიყვანონო“! გამოვკითხე საქმის ვითარება და გამოირკვა შემდეგი: ამ ორიოდე თვის წინეთ, ვიღაცეების შეგონებით, კათოლიკოზის სახელით შედგენილა „მემორანდუმი“ _ ანუ მოხსენება გენუის კონფერენციისადმი; ამ მოხსენებაში ირკვევა საქართველოს მდგომარეობა, თუ როგორ ეს ქვეყანა რუსეთის თვითმყრობელობის მიერ შელახულ-დამონებული განთავისუფლდა, მაგრამ ხანმოკლე თავისუფლების შემდეგ ისევ ჩავარდა უხეშ ძალ-მომრეობის და უღლის ქვეშე; დახასიათებული ყოფილა აწინდელ ხელისუფლების მოღვაწეობა ჩვენში, ეროვნულ სახის წაშლა, სიტყვის, წერის, სინიდისის და რწმენის შელახვა- შევიწროება, და მოითხოვს ბოლშევიკურ ჯარის გაყვანას საქართველოდან; ერთი სიტყვით, შეუქმნიათ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმ ვითარებას, რასაც აქედან ევროპაში ლტოლვილი მენშევიკური მთავრობა ამტკიცებს ანტანტის და ევროპის საზოგადოებრივ აზრის წინაშე; ეს დოკუმენტი წაღებული უნდა ჰქონდეს ევროპაში დამფუძნებელი კრების წევრს (ს. დ.) ვლასა მგელაძეს (გურულია) და „თეატრ და ცხოვრების“ რედაქტორს იოსებ იმედაშვილს (ხაშმელია _ გარე-კახელი), რომელთაც მოახერხეს და გაიპარნენ ევროპაში შავი ზღვის პირით, ჯერ ნავით შეცურდენ ზღვაში, ხოლო იქ გემი დახვდათ და წავიდნენ… კათოლიკოზის მიერ ხელ-მოწერილი „მემორანდუმი“ მიართვეს საფრანგეთის დელეგაციის წევრს ბარტუს და სთხოვეს, რათა მას ეს „მემორანდუმი“ წარედგინა კონფერენციისათვის; ამასაც წარუდგენია; რუსეთის დელეგაციას, რასაკვირველია, ეს არ ესიამოვნა; ჩიჩერინმა მაშინვე შეკითხვა აფრინა თბილისის მთავრობისადმი _ „მართალია ყოველივე ეს თუ არაო“?! ხოლო კათოლიკოზის „მემორანდუმი“ მთელს ქვეყნიერებას მოსდეს რადიოთი; დაიბეჭდა ამის შესახებ ცნობა მოსკოვის გაზეთებშიც; ამ გაზეთებში დიდი განგაში იყო ატეხილი საქართველოზე, სხვა და სხვა მაღალი მოხელე პირნი აღშფოთებული არიან _ როგორ თუ საქართველოს ყოფილ მთავრობის წევრნი დაშვებულნი არიან კონფერენციაზეო! ამ გაზეთებიდან ვგებულობთ, რომ კონფერენციაზე დაშვებულნი ყოფილან _ ნოე ჟორდანია, ჩხეიძე, კაკი წერეთელი და ჩხენკელი; ესენი „ნაციათა ლიგიდან“ ყოფილან გამოგზავნილნი; ეტყობა დიდი ცეცხლი გაუჩაღებიათ მათ რუსეთის კომუნისტების წინააღმდეგ, მოითხოვენ ჯარის გაყვანას რუსეთიდან! ამის შესახებ მოსკოვის გაზეთებში ცეცხლს ანთხევენ: „ეს ხომ რუსეთის საშინაო საქმეში ჩარევააო“! _ თითქოს „დამოუკიდებელი კომუნისტური საქართველო დაგვიარსეს“?! ცხადია, რომ რუსეთი საქართველოს ხელ-მეორედ იპყრობს, ეხლა კომუნიზმის მანტიაში გახვეული, როგორც წინეთ „პრავასლავიის“ შესამოსელში იყო გახვეული! ამას კი ჩვენი ბეცი კომუნისტები ხელს უწყობენ, ოღონდ თავი გამოიკვებონ, ოღონდ „რევკომების“, „სოვნარხოზების“, კომისრების და ასეთ ხელისუფალთა სავარძელში ისხდნენ, „ოტვეტსვენნი პაიოკები“ აიღონ და შემდეგ რაც მოუვა საქართველოს, მათ რა ენაღვლებათ…
თბილისშიც მოსულა მოსკოვის გაზეთები, გავრცელებულია ხმები კათოლიკოზის „მემორანდუმზე“… მოსკოვის გაზეთებს კონფისკაცია უყვეს… ხოლო კათოლიკოზის შესახებ შინაური ძიება და ფაცი-ფუცია; ღებულობენ რაღაც ზომებს ნაციონალ-დემოკრატები, არწმუნებენ კათოლიკოზს, არა დაგიშავდება რაო; კათოლიკოზი კი ღელავს, ეტყობა. „შენ გაგიზიარებ ამ საიდუმლოებასო, _ მითხრა, _ ყველას როდი ვეტყვიო; ერთი დეკანოზი შემოვიდა ჩემთან (არ დაასახელა) და მკითხა _ მართალია ეს ამბავიო?! მეკითხებიან საზოგადოებაში, მე კი ვეუბნები: „“ათოლიკოზი როგორ გაგიჟდებოდა, ამას როგორ ჩაიდენდაო“! აი, ასე უცქერიან ზოგიერთნი ჩემს გადადგმულ ნაბიჯს და რის იმედი უნდა ჰქონდეს კაცს ასეთი სამღვდელოებისაგანო“, _ ისაყვედურა კათოლიკოზმა.
ეს ამბავი ალბად იცოდნენ მასთან ძლიერ დაახლოებულმა პირებმა, ჩვენ _ სხვა სამღვდელოებამ, არა ვიცოდით რა ამ თაობაზე. როგორი აზრისაც უნდა ვიყვეთ კათოლიკოზის „მემორანდუმის“ შესახებ, ეხლა გვიანღაა მისი დაწუნება და საყვედურები, ფაქტი უკვე არსებობს. ამიტომ ეხლა უფრო მიზან-შეწონილია ამ ფაქტის გამაგრება, დაცვა და თუ საჭირო იქნება მისთვის სასჯელის მოხდაც. მე კი ეს „მემორანდუმი“ მომწონს. ამიტომ გავამხნევე კათოლიკოზი, მოუწონე გადადგმული ნაბიჯი; ისიც მოვახსენე, რომ თუ დაგაპატიმრებენ, ეს კიდევ უკეთესი იქნება, საზოგადოებაც იფხიზლებს და სამღვდელოებაც გამოგეხმაურებათ. ვანუგეშე რაც შეიძლებოდა. ძლიერ ესიამოვნა…
შემდეგ კათოლიკოზმა მისაყვედურა: „ყველასგნით მოველოდი, ხოლო შენგნით კი არა, მამაო დეკანოზოო“! რასა თქო? _ ვკითხე. აი, ახალ ეპისკოპოსს ქრისტეფორე ციცქიშვილს რომ ხელზე არ ემთხვიეო; სხვები დაინტერესებულნი არიან, მათ ეპისკოპოსობა უნდოდათ, შენ ხო საეპისკოპოსო არა ხარო, შენ კანონიერება კარგად გესმის და ეს საქციელი არ გეკადრებაო“! ამაზე მიუგე შემდეგი: „გულწრფელად უნდა მოგახსენოთ, თქვენო უწმინდესობავ, რომ ამით მე არც რაიმე დემონსტრაციის მოხდენა მსურს და არც თქვენი წინააღმდეგობის გაწევა, სინიდისი ნებას არ მაძლევს „მანგლელ ქრისტეფორეს“ ხელზე ვემთხვიო; ის ჩემში, ჯერ-ჯერობით მაინც არ იწვევს არავითარ სასოებას, მე ფეტიშიზმის წინააღმდეგი ვარ; ეს კაცი არ იყო ღირსი ეპისკოპოსობისა, მე დიდად ვსწუხვარ, რომ თქვენ, არც კი შეგვეკითხეთ ისე, თავზე მოახვიეთ თბილისის სამღვდელოებას ისეთი კაცი, რომელიც 1905 წლიდან 1917 წლამდე ექსარხოსებს ედგა გვერდში _ ოსტატ თოთიბაძეს მიერ დაბმული, ხოლო ჩვენი ეკლესიის განთავისუფლების შემდეგ _ „ახ. სიტყვის“ რედაქტორად მოგვივლინეს ის _ ისევ ექსარხოსების ყოფილმა აგენტებმა, თავლაფი დაგვასხა, აგვირ-დაგვირია საქმე, კირიონის სისხლი მაგის გარშემო ღაღადებს, ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონისაც! რეები არ ჩაიდინეს ამათ _ ქრისტეფორეს ზურგს უკან ამოფარებულებმა?! თვით ქრისტეფორე ყოვლად უბადრუკი პიროვნებაა, მაგას სად შეუძლია ან წერა, ან ლაპარაკი, ან მსჯელობა; ეგ ყოვლად უხეში და თავხედი ხუცესი აბა რა საეპისკოპოსო იყო, მაგას საზოგადოებაში „ვირგლას“ ეძახიან თქო!“ _ უხეში რო უწოდე, კათოლიკოზმა მიპასუხა _ „მართალიაო“! მაშ თუ ეს მართალია, ისიც მართალია, რომ ასეთი პირი, სანამ ის არ დამუშავდებოდა, სანამ ის ბოდიშს არ მოითხოვდა თბილისის სამღვდელოების წინაშე, სანამ ის ძმურ განწყობილებას არ აღადგენდა ჩვენდამი, როგორიც წინადადება მე მას მივეცი 16 თებერვალს თბ. სამღვდელოების კრებაზე, მანამ მას ნება არ ჰქონდა, არამც თუ ეპისკოპოსად მოგვლენოდა, ჩვენს წრეშიდაც ვერ უნდა შემოსულიყო. თქვენ ყოველივე ეს იცოდით და რატომ დაამძიმეთ ჩვენი სინიდისი, არ ვიცი! მართალია, ზოგი ემთხვია მას ხელზე, მაგრამ ვაი ასეთ მთხვევას, ეს არ არის სარწმუნოებრივი აქტი, ეს ძალ-მომრეობაა და მაპატიეთ, რომ ჩემი სინიდისი ნებას არ მაძლევს _ ჯერ-ჯერობით მაინც _ ხელზე ვემთხვიო „მანგლელს“! მე ვხედავ, რომ კაცები არა გვყავს, არავინც ამიტომ არ მემეტება ჩასაქოლად და გასაძევებლად, მაგრამ არც ის ვარგა, რომ თავხედებმა _ უხეშმა _ უზრდელმა პირებმა კაკალი გვამტვრიოს თავზე იმათ, ვისაც ბევრი გვიშრომია, ბევრი გადაგვხედრია თავს და დღესაც გაჭირებას და დამცირებას განვიცდით…
ამ დროს გამოჩნდა დეკ. თოთიბაძე და მოვიდა ჩვენთან, თავისებურად კუდი მოუქნია _ „მემორანდუმზე“ ლაპარაკობენ ყველანი, თქვენ ეხლა დაპატიმრებული მეგონეთო… ამ დროს დ. დავითაშვილიც მოვიდა ჩვენთან, ქუჩიდან შემოვიდა ეზოში, ქუდიც კი არ მოუხადა კათოლიკოზს, თოთიბაძეს ორი თითით ხელი ჩამოართვა და დაიწყო რაღაც კვეხნა _ „ეხლა კომისარიატიდან მოვდივარ, დაგვაპატიმრეს და გაგვჩხრიკეს რამოდენიმე პირიო… “
ეს იყო ასე, შუადღის პირველის ნახევარზე, _ საეპარქიო კანცელიარის გამგე ქუჩა-ქუჩა დაყიალობს. ხალხი მოდის საქმისათვის და ვერავის პოულობს, ვერც საეპარქიო კანცელიარიაში და ვერც საკათ. საბჭოს კანცელიარიაში!.. კათოლიკოზთან იჩივლა კიდეც მღვდელმა აპ. ივანიცკიმ, რაფიელ ინგილოს ძმამ: „ბატონო, ეს რა უბედურებაა, არავინ არ არის კანცელიარიებში, მოწმობას მთხოვენ, რომ ჩემ ძმას რაფიელს შვილები ჰყავს უპატრონოდ დაგდებულნი, იქნება გავანთავისუფლოდ ციხიდან, აქ კი არავინ არის, რომ მოწმობა მომცესო…“
დავითაშვილი რომ შემოგვიერთდა, მე გამოვეთხოვე კათოლიკოზს და წამოველ, ჯერ არა მომხდარა რა „მემორანდუმის“ გამო…

5 მაისი _ პარასკევი
ჩამოვიდა დეკ. მ. ფხალაძე თელავიდან; დაუსაფლავებიათ ეპ. პიროსი, „მანგლელს“ თან წაუყვანია ბოდბეში დეკ. ეპ. ჯაოშვილი თელავიდან, ხოლო დეკ. ფხალაძე გამოუსტუმრებია თბილისში _ „შენ არ მინდიხარ, წადიო“!..
ეპისკოპოსი პიროსის დასაფლავებას „დემონსტრატიული“ ხასიათი მიუღია; ის დაასაფლავეს 30 აპრილს, მეორე დღეს ბოლშევიკებს „პირველმაისობა“ ჰქონდათ, „მანგლელს“ ეტლი მიაგებეს მენშევიკებმა სადგურზე; წირვა გადაიხადეს თელავის საკრებულო ტაძარში, სიტყვა წარმოუთქვამს „მანგლელს“ _ მეტად უხალისო- უშინაარსო; წაასვენეს პიროსი თელავიდან ალავერდის მონასტერში (18 ვერსტია თელავიდან); დიდ-ძალი საზოგადოება და სამღვდელოება დასწრებია _ მდინარე თურდოს პირამდე 7 ვერსტზე გაუცილებია დიდ-ძალ საზოგადოებას, კუბოს ხელით მიასვენებდენ; აქედან კი ხალხი უკან დაბრუნებულა, _ მიცვალებულს სამღვდელოება და დამკრძალავი კომიტეტი გაჰყოლიათ ალავერდში; იმ ღამეს მიცვალებული ტაძარში დაუსვენებიათ; ხოლო „მანგლელს“ ვახშამი მიართვეს; ვახშამზე დამკრძალავ კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ ციხისთაშვილს სადღეგრძელო დაულევია სხვათაშორის დეკ. მ. ფხალაძისა და ამ სადღეგრძელოში ეს დეკანოზი დაუსახელებია კიდეც საეპისკოპოსო კანდიდატად ალავერდის კათედრაზე; „მანგლელს“ მიწისფერი დასდებია, მას სრულებით არავინ შესთავაზა „ალავერდელობა“!.. მეორე დღეს, წირვის შემდეგ, მიუბარებიათ მიწისათვის ეპ. პიროსის გვამი, ეპ. პეტრეს (კონჭოშვილი) გვერდით და დაბრუნებულან თელავში.

პირველმაისობა თელავში
თელავში პირველმაისობაზე გამოუყვანიათ ჯარი, მოწაფეები და მოხელეები; ხალხი სრულებით არ გამოჩენილა, მიმალულ-მომალულან. ამას მიაქციეს ყურადღება კომუნისტებმა და მიტინგზე ვინმე ბუაჩიძეს წარმოუთქვამს შემდეგი სიტყვა: „გუშინ უამრავი ხალხი დაესწრო ვიღაც მუქთახორა ეპისკოპოსის ლეშის დასაფლავებას, იმოდენა ფული შეაგროვეს და დახარჯეს მისს დასაფლავებაზე, დღეს კი _ მუშათა საზეიმო დღეს, სად არის ის ხალხი?! რას ნიშნავს ეს?! და სხვა“. მეორე ორატორი ყოფილა რუსი _ ამასაც ასეთივე საყვედური უთქვამს, ხოლო გაუმასხარავებია ეპ. პიროსი მითი, რომ 13-ფუთიანი ლეში უწოდა მისს გვამს! ამაზე ერთ მანდილოსანს შეუნიშნავს ხალხიდან _ „დახეთ, დახეთ რუსსა! სწუხს, რატომ ეს ლეში მათ შეუჭმელი გადაურჩათ, მაგ კაციჭამიებსა!“ (დამშეულები რუსეთში სჭამენ ერთ-მანეთს, _ დედ-მამა შვილებს, შვილები დედას, დიდედას, _ მიცვალებულების ლეშსაც, _ დედაკაცებს ძუძუებს სჭრიან, ხოლო მამაკაცებს უკანა ნაწილის სირბილეს)…
ორ მაისს „მანგლელს“ და მის მხლებელს დარბაზობა გაუკეთებია იმ მენშევიკისათვის, რომელმაც ფაიტონით და ცერემონიით პატივი სცა მათ, ეს კოოპერატივის თავმჯდომარე ყოფილა თელავში, გვარი არ ვიცი; მენშევიკები ბოლშევიკების გამოსაჯავრებლად მგონი ეშმაკსაც კი სცემენ პატივს… ამ კაცს დიდი სადილი გაუმართავს თბილისის სტუმრებისათვის. ამ სადილზედაც იმავ ციხისთაშვილს ისევ დაუსახელებია ალავერდელად დეკ. ფხალაძე… „მანგლელს“ კინაღამ გული წასვლია და ის იყო, რომ ქიზიყში აღარ წაიყვანა ფხალაძე, ჩამოართვა მას სამი მილიონი ფული აქედან გატანებული, ამ ფულს იჯიბებს „მანგლელი“; კახელ მღვდლებსაც გამოუთქვამთ ფხალაძისათვის სურვილი _ ჩვენ შენ გვინდიხარ ეპისკოპოსათ, სხვა არაო. ცხადია, ამ ეპისკოპოსობაზე გაიმართება ჭიდაობა; თურმე დეკ. სოსო ჩიჯავაძეც (ნავთლუღელი) ყოფილა დასახელებული, იმერეთშიც არის ერთი კახელი არქიმანდრიტი _ ნიკოლოზ ნამორაძე, მოწამეთის მონასტერშია წინამძღვრად; ქუთათელ მიტროპოლიტ ნაზარს უთქვამს: „საცოდაობა არ არის, რომ ციცქიშვილი ეპისკოპოსად იყოს და ნამორაძე კი არხიმანდრიტადო?! “ ეს რო ციცქიშვილს _ „მანგლელს“~გაუგია, ნაზარისათვის შეუთვლია: „აფსუსი არ არის ნაზარი მიტროპოლიტად იყოს, ხოლო ნამორაძე არხიმანდრიტადო“! ამ სახით ეს ნამორაძეც _ ალავერდის კათედრის კანდიდატად იქნება; ეს ჩემი კურსის არის სემინარიიდან, ნიკონ ექსარხოსის მოკვლის გამო ათი წლის განმავლობაში ემიგრანტად იყო გასული ოსმალეთში თუ შვეიცარიაში; რევოლიუციის შემდეგ დაბრუნდა გელათში, ისევ ჩაიცვა ანაფორა-კუნკულა, იქიდან მოწამეთაში გადმოაგდეს ბერებმა, როგორც ურწმუნო-უსახო პიროვნება, თან ყრუც არის, ძლიერ აკლია ყურს; ჩემის აზრით მაგის ეპისკოპოსობა იქნება უბედურება ისედაც დაბეჩავებულ ჩვენი ეკლესიისა. არის ერთი კანდიდატიც _ არქიმანდრიტი პავლე (ჯაფარიძე), დღეს ის მცხეთის ტაძრის წინამძღვრად არის მრევლში, სამოქალაქო სასწავლებელი აქვს დამთავრებული ჭიათურაში, არის მაღალი და ლამაზი კაცი, სუფთა პიროვნებაა სხვებთან შედარებით, მაგრამ არის ახალგაზრდა, გამოუცდელი და ადმინისტრატორად, მგონი, ვერ გამოდგეს…

11 მაისი _ ხუთშაბათი
საღამოთი დამიბარეს საკათ. საბჭოს დარბაზში, „კათოლიკოზიც იქ ბრძანდება, ვიღაც მთავარდიაკონია მღვდლობაზე გამოსაცდელად, 14-ს (ეს ძვ. სტ.) მაისს უნდა აკურთხოს დიდუბეში, „თამარობა“ დღესო“! აი, ამ სიტყვებით მომმართა ერთმა კურსანტთაგანმა, რომელიც გამოუგზავნიათ ჩემდა დასაძახებლად. მე ძლიერ გამაკვირვა ყოველივე ამან, ჯერ ერთი იმიტომ, რომ უკვე მიღებული იყო კურსების გახსნის დებულებად ის დადგენილება, რომ ვინც ამ კურსებს არ გაივლის, ისეთი პირი ვერ უნდა კურთხეულიყო მღვდლად, მეორე, ეს ვიღაც მთავარდიაკონის კურთხევა უკვე წინდაწინ ყოფილა გადაწყვეტილი და მესამე, _ თვით კათოლიკოზიც ესწრება ამ გამოცდას! რომ შეველ დარბაზში, უკვე „ეკზამენი“ იყო დაწყებული, თვით კათოლიკოზი თავმჯდომარეობდა „სამოძღვრო კურსების პედაგოგიურ შემადგენლობას“, ჩემს გარდა ყველანი იქ იყვნენ; კუთხეში იჯდა ახალციხეში ეხლა ხან განწესებული დეკ. ივანე ცქიტიშვილი; გამოირკვა, რომ ეს ვიღაც დიაკონი ამ ცქიტიშვილს მოუმზადებია სამღვდლოდ ახალ-ციხეში, თვითონვე ჩამოუყვანია ეგზამენის დასაჭერად და მფარველობას უწევს კათოლიკოზისა და კურსების წინაშეც; ცხადია ამ ცქიტიშვილს დიაკონიდან გასამრჯელოც ბლომად აუღია, მისავე ხარჯით უმგზავრია ამ სიძვირის დროს ახალციხიდან ქალაქამდე და უკანვეც მისივე ხარჯით იმგზავრებს, ცოტა რამ „ძღვენსა“ მოართმევდენ ვისდამიც ჯერ უჩნდათ; ალბად წინდაწინ ინახულებდენ კათოლიკოზის გარდა „დირექტორ“ დეკ. ცინცაძესაც და შემდეგ ასე უცბად მოგვიწვიეს გამოცდაზე ჩვენც! კურსების პრესტიჟისათვის უფრო ხელ-საყრელი იქნებოდა, რომ ასეთი საკითხი ჩვენს კორპორაციაში გადმოეცა განსახილველად კათოლიკოზს, დაუშვებდით თუ არა ამ დიაკონს გამოცდაზე ან რა განათლების ცენზისა იყო ან რა პროგრამით მომზადებულა ან ჩვენ რა პროგრამით უნდა მოგვეთხოვა ცოდნა; ყოველივე ასეთი კანონიერი მოთხოვნილებანი უკვე გადალახული იყო, ესენი უკვე ეგზამენს უშვებოდენ! აქ ბრძანდებოდა „მანგლელი“ ქრისტეფორეც! _ უნდა ისიც აღვნიშნო, რომ კურსებზე უკვე მოგროვდა ათიოდე მსმენელნი! ამ „მსმენელებს“ ღებულობენ „დირექტორი“ და კურსების სამეურნეო ნაწილის მეორე „დირექტორი“ დეკ. მ. ტყემალაძე ასე ვსთქვათ ხელ-მოსმით, ვინც მოხვდებათ ხელთ, განურჩევლად, განუკითხავად! არც ცენზს ჰკითხულობს ვინმე და არც მათ რაიმე ზნეობრივ ღირებულებას; ამიტომ კურსებზე, სხვათა შორის, მიუღიათ ერთი ყოფილი ფოსტალიონი ვინმე მახვილაძე _ სამოც-წელზე გადასული, რომელიც შტატის შემოკლებაში მოჰყოლიათ და სამსახურიდან დაუთხოვიათ, ეხლა აქ ჰფიქრობს თავის „შეფარებას“, ხუცურის წაკითხვაც კი არ იცის! განათლება მიუღია სასულიერო სასწავლებლის პირველკლასისა ამ ორმოცი წლის წინეთ! მეორე მიუღიათ ვინმე ძიძიშვილი, მოხუცებაში უკვე შესული, ისიც სამოც წლამდე იქნება მიღწეული, სკოლის თვალი არ უნახავს, ხუცურის კითხვას ეხლა სწავლობს; სამი კურსანტიც სულ უცოდინარნი არიან და უვიცნი, ერთსა ვკითხეთ 7X8 რამდენი იქნებაო და ვერ გვიპასუხა, მეორეს ვკითხეთ ამდენი ფულით რამდენ გირვანქა პურს ვიყიდით თუ გირვანქა პური ამდენი ეღირებაო, _ ვერ გვიპასუხა და როდესაც ჩვენ შევწუხდით, მან სიცილით დაუმატა: „ჩვენ პურს სახლში ვაცხობთ, გარეთ როდი ვყიდულობთო“! ასეთია დღეს ჩვენი კურსების შემადგენლობა!.. ასე „ჩვენებურად“, „ქართველურად“ გვიყვარს ჩვენ „მოღვაწეობა“! ჯერ „ორი დირექტორი“ ერთ კურსებზე?! _ ცინცაძე და ტყემალაძე _ ეს მგელი და თხა! მერე ორთავესი საარაკო თვითნებობა კორპორაციის წინაშე, ჩვენს „საბჭოს“ არაფერი არ ეკითხება! _ ასე იქმნება ტრადიცია ჩვენი ახალი განმანათლებელ დაწესებულებისა… ვის შეუძლია შეებრძოლოს ამ ჩვენს ანარქიულ მიმართულებას?! ქართველობისათვის უჩვევი ხილია რაიმე ნორმა, კანონი!.. მაგრამ დაუბრუნდეთ „ეგზამენს“! კათოლიკოზი, დეკანოზები: ცინცაძე, ტყემალაძე, ფხალაძე, გამრეკელი, შუბლაძე და „მანგლელი“ ქრისტეფორე, ესენი დახვევიან ერთ დამღჩვალ მთავარდიაკონს, ერთი-მეორეს არც კი აცლიან, ისე ზედი-ზედ აყრიან საცოდავს კითხვას _ კითხვაზე! მხოლოდ მე ვზივარ წყნარად და კითხვას არ ვაძლევ! მთავარდიაკონი იძლევა პასუხებს სამღვთო ისტორიიდან ძველ და ახალ აღთქმიდან, ტიპიკონიდან, კატეხიზმოდან, შემდეგ წააკითხეს ჟამნი, მარხვანი, სახარება, ცოტა რამ საქართველოს საეკლესიო ისტორიიდან, ცოტა რამ მოციქულთა დროის ისტორიიდან იძლევა პასუხებს; გალობაში მოვსთხოვე: „რაჟამს იორდანე“, რუსული კილოთი წაიგალობა და სიცილი გამოიწვია, შემდეგ მოვსთხოვე _ „მშვენიერმან იოსებ“, _ არ ვიციო… აი, ასე ჩატარდა „ეგზამენი“ _ ნახევარ საათში ყველა საგნებში, ყველამ ერთად უყავით ეგზამენი! მე გავკვირდი, გავვოცდი, ამდენ მგლებს როგორ გაგვიძლო იმ საცოდავმა! არამც თუ გაგვიძლო, ზოგჯერ ჩინებულ პასუხებსაც იძლეოდა, ეტყობოდა, რაც შეიძლებოდა კარგად მოემზადებია, თუმცა უსისტემოდ და უპროგრამმოთ.
დეკ. ცინცაძემ დაითხოვა დარბაზიდან დიაკონიც, მისი მომზადებელი დეკანოზიც და ერთი „ჯადო მღვდელი“ ოქრომჭედლიშვილი, რომელსაც შემოეყო თავი დარბაზში.
შეიქმნა ბჭობა. პირველმა ილაპარაკა სიონის ახალმა კანდელაკმა _ კახეთის ეპისკოპოსად განმზადებულ კანდიდატმა დეკ. მ. ფხალაძემ; ამან შეკითხვა შემოიტანა: „არის თუ არა ისეთი დადგენილება, რომ თუ კურსებს ვინც არ გაივლის, ის მღვდლად ვერ უნდა ეკურთხოსო“? ამ შეკითხვამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა კათოლიკოზიც და „დირექტორიც“! „არა, ასეთი დადგენილება არ არის, მაგრამ ბრძანება კი არისო“, _ სთქვა დეკ. ცინცაძემ და კათოლიკოზმაც დაადასტურა! წადი და გაიგე, შენ ეს „ქართული“?! _ ეტყობოდა, რომ დეკ. ფხალაძე წინააღმდეგი იყო იმ დიაკონის ამ სახით მღვდლად კურთხევისა; შემდეგ თვით დირექტორმა აღიარა ეს დიაკონი საკმარისად მომზადებულად, დეკ. ტყემალაძემ ცოტა განმარტება მისცა, _ „ძველად ასეთ მომზადებულს არ გაუშვებდით მღვდლად, მაგრამ ეხლა რა გაეწყობაო“, _ ასეთივე ორმაგი იყო დეკ. გ. გამრეკელის აზრიც, თუმცა ამანაც დაუმატა: „ჩემს საგანში, საეკლესიო ისტორიაში, ბევრი დეფექტები აქვსო“; შემდეგ დიდის „რიხით და პირდაპირობით“ ილაპარაკა „მანგლელმა“, მან განაცხადა: „მე ასეთი გამოცდა უკანონოდ მიმაჩნია, თუ კურსების სახელით სწარმოებს ამ დიაკონის მღვდლობის ღირსად ცნობა, ამისათვის საჭირო იყო, რომ კურსების პროგრამით უნდა გვეკითხა; ეს რა მომზადებაა, რატომ არ ჰკითხეთ _ ან ანგარიშის ეყურება რაიმე, ან ქვეყნისა რამე გაეგება; ამ დიაკონის კურთხევა თუ საჭიროა _ აკურთხეთ უჩვენოდ, ვინ არი მაგის წინააღმდეგო“…
ჯერი მოდგა ჩემზე. მე განვაცხადე: „გულწრფელად მოგახსენებთ, რომ ჩვენ ჩვენს კურსანტებს ორი წლის განმავლობაში ვერ მოვამზადებთ ისე, როგორც ეს დიაკონი მომზადებულა თქო“! ეს ჩემი განცხადება ბევრმა ისე გაიგო, რომ თითქოს ეს დიაკონი მე საკმარისად მომზადებულად მივიჩნიე. მაგრამ შემდეგ განვმარტე, რომ მისი მეუფება (ესე იგი „მანგლელი“) სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებს _ თუ ფორმალურ-კანონიერ ნიადაგზე დავაყენებთ საკითხს, რასაკვირველია ეს დიაკონი არ არის მღვდლობის ხარისხისათვის მომზადებული, ჩვენი პროგრამებით რო გვეკითხა, ის ბევრს ვერაფერს გვიპასუხებდა, მაგრამ ჩვენი პროგრამებით შეიძლება კი მღვდლობისათვის მოვამზადოთ ეხლანდელი ჩვენი კურსების მსმენელნი?! ჩვენ ვღებულობთ ყველას განურჩევლად, არც განათლების ცენზს ვკითხულობთ ვინმესას და არც ზნეობრივსა და ისევ ვიმეორებ, რომ ჩვენს მსმენელებს ვერ მივიყვანთ იმ დონეზე, რომელზედაც ეს მთავარდიაკონი უკვე მისულა, ეს პიროვნება, როგორც აქ ითქვა, კეთილზნეობის და პატიოსანი ადამიანი ყოფილა, ამასთანავე უკვე ანაფორა აქვს, ეტყობა უმაცადინია, ზოგი საგანი საფუძვლიანადაც შეუთვისებია და ამიტომ ჩემზე ის კარგ შთაბეჭდილებას ახდენს, მაგრამ იმასაც კი მოგახსენებთ, რომ ამით დღეს ვქმნით ჩვენ პრეცედენტს, ამ მაგალითს სხვებიც მიჰყვება და კურსებზე შემოსვლას, ხარჯსა და ტანჯვას ბევრი ამჯობინებს ასე „შინაურულად“ მომზადებას და კურსები ჩვენი ჩაიშლება. საჭიროა ამიტომ გარკვევით მიღება კურსებზე მსმენელებისა და თუ საეგზამენოდ გადმოგვცემს მათი უწმინდესობა ვინმეს, მას მოვსთხოვოთ უფრო ფართო და საფუძვლიანი ცოდნა, რომ არ გავაიაფოდ „მღვდლობა“.
ამაზე დეკ. ცინცაძემ და კათოლიკოზმაც ის მომიგეს, რომ ეხლა ჩვენ სიხარულით ვღებულობთ ყველას, რომ კურსები გახსნილად გამოვაცხადოთო, _ სეკტემბრიდან ჩვენ იმდენი მსურველები მოგვაწყდებიან, რომ კონკურსით მიღება მოგვიხდებაო…
ამაზე მე მიუგე: „ამათ რაღა უყოთ, ვინც უკვე მიგიღიათ კურსებზე, ამათ ხო უარს ვეღარ ეტყვით, უმჯობესი იქნებოდა ათის მაგივრად სამი გვყოლოდა კურსებზე, ხოლო ეს სამი კი საიმედო და სასურველი თქო…
დიაკონი კი კვირას _ 14 მაისს მღვდლად ეკურთხება… გავიდა!..
„მემორანდუმი“ _ მოწოდება

12 მაისი. პარასკევი
დღეს კომუნისტურ გაზეთში _ რუსულში _ „Правда Закавказья“-ში (წინეთ
ამ გაზეთს ერქვა _ „Правда Грузии“, ეს ათი დღეა, რაც მას „Правда Закавказья“ უწოდეს, ვინაიდან უკვე გამოცხადდა კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების გაერთიანება _ ფედერაცია, წაიშალა ყველა „საზღვრები“ და „დამოჟნები“ თუ ასეთი რამეები) #9 ამოვიკითხე შემდეგი მოკლე ცნობა ჩვენი კათოლიკოზის მიერ გენუის კონფერენციაზე მემორანდუმის გაგზავნის შესახებ:
სათაური _ „Раздуватъ Патриаршия Кадина“
„тяжелая артиллерия меньшевиковъ“…
„Грузины-меньшевики от имени так-называемого „посольства“, посольства „всея Грузии“ Амвросия, который, в согласии с верными своими чадами-меньшевиками, требуют ухода Красной армии из Грузии“… Амвросия, который, в согласии с верными своими чадами-меньшевиками, требуют ухода Красной армии из Грузии“ (ეს საფრანგეთის პრემიერ მინისტრია, დიდი მოწინააღმდეგე საბჭოთა რუსეთისა). ხელს აწერს ვინმე Л. Сосновский. დიდი მითქმა-მოთქმაა კათოლიკოზზე ქალაქში, გაავრცელეს ხმა _ „დააპატიმრესო“, ზოგმა „შინაური დაპატიმრება“ გადაუწყვიტესო“, ბევრს მოსწონთ კათოლიკოზის ნაბიჯი, თანაგრძნობას იწვევს ხალხში. ჯერ კი ნამდვილად არავითარი პასუხი არ მოუთხოვია აქაურ მთავრობას კათოლიკოზისათვის, ის თავისუფლად დადის ეკლესიებში საწირავად, 7 მაისს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე იყო მწირველი დეკ. შუბლაძესთან, სადაც დიდი წვეულება-სადილი გაუმართეს. 10 მილიონი დაჯდა სადილი, 60 სული იყოო; კვირას დიდუბეში მიდის „თამარობაზე“ (ეს დღეობა მე დავაწესე 1912 წელს 1 მაისს)… მთავრობას უთქვამს „ყურადღებას ნუ მივაქცევთ, რომ არ ავსწიოთ მაგის პრესტიჟიო“! ვნახოთ რა იქნება…

13 მაისი, შაბათი
შუადღისას სიონის კანდელაკი, დეკ. მ. ფხალაძე, მოვიდა ჩემს ბინაზე და გადმომცა, რომ ხვალ _ 14 მაისს _ „თამარობას“, დიდუბეშია მწირველი კათოლიკოზი, ამ საღამოთი ლოცვას ანჩისხატის ტაძარში მოისმენსო. ცხადია, გამაფრთხილეს, რომ შევემზადო; შემდეგ კანდელაკმა შემომჩივლა, _ „კათოლიკოზს კარისკაციც კი არა ჰყავს, კარი მან თვითონ გამიღოო! აგრე არ შეიძლება, თუ კათოლიკოზია, საჭიროა შესაფერადაც უნდა გყავდესო. მე უპასუხე _ „აკი ჰყავს კარისკაცი, რატომ აძლევს ნებას _ აღმა-დაღმა იყიალოს თქო“; „არა, _ მიპასუხა ფხალაძემ, _ მე კარისკაცზე კი არ ვლაპარაკობ, ჩემის აზრით კარგი იქნებოდა, რომ დეკანოზებმა, მთავარ-დიაკვნებმაც რიგ-რიგობით ვიმორიგეოთ კათოლიკოზის სასახლეში, რომ მთხოვნელები მივიღოთ, პასუხი მივსცეთ მთხოვნელებს თუ სტუმრებს და ცოტა ლაზათი მიეცეს კათოლიკოზის სასახლეს“. ამაზე მიუგე: „ამ სახით ეს საქმე არ მოგვარდება, არ იმორიგეობენ მღვდლები, საამისო დისციპლინა ჩვენ არა გვაქვს და დიდხანსაც ვერ შევიგნებთ დისციპლინის საჭიროებას; ჩემის აზრით კათოლიკოზის საეპარქიო კანცელიარიის გამგე უნდა იყოს განათლებული სამღვდელო პირი, რომლის კაბინეტი იქნება კათოლიკოზის სასახლეში, აი ეს პირი შეასრულებდა ამ მოვალეობას, როგორც თვისს სამსახურის ერთ-ერთ დარგს. მაგრამ სანამ დ. დავითაშვილი გაბატონებულია საეპარქიო კანცელიარიაში, განა შეიძლება ამაზე ფიქრი?! ჩვენ ხომ პიროვნების და პირადობათა ინტერესების ხალხნი ვართ, ჩვენში ყველაფერი ხდება ნათელ-მირონობით, ხათრით, ნაცნობ-მეგობრობით ან შიშით; საქმის ობიექტური მხარე არასოდეს არ გვაინტერესებს ჩვენ, როგორც ამა თუ იმ გავლენიან პირისათვის იქნება სასარგებლო ან სასიამოვნო, ისე სწყდება ჩვენში ყოველივე საქმე! ამ მხრივ კათოლიკოზიც უკვე ჩაიფლო ჭაობში, მან ვერ შექმნა ობიექტური, დამოუკიდებელი პიროვნების ატმოსფერა. თბილისში უკვე საყოველთაოდ ცნობილია, რომ კათოლიკოზი მიკერძოებული პიროვნებაა, ის თოთიბაძე-ცინცაძე-შუბლაძე-მირიანოვისაა და არა სულ ყველას მამა-მომვლელ-პატრონი; ამიტომ ეს კათოლიკოზიც ისე უფერულად ჩაივლის, როგორც ლეონიდი“-თქო.
საღამოს ლოცვაზე მობრძანდა კათოლიკოზი ანჩისხატის ტაძარში ლოცვის მოსასმენად: ტაძარი იყო მშვენივრად მოვლილ-დალაგებული, სამიოდე მგალობელიც შემესწრო ლოცვისათვის, მივეგებეთ ყველა _ ზარის რეკით, შემოსილმა აღსავლის კარები გაუხსნა; ტრაპეზი მაქვს მორთული დიდებულად _ ზედ გარდამოხსნა, გარდამოხსნაზე მისვენია ძვირფასი სახარება მოოქვრილ-ვერცხლის მძიმე ყდაში, რომელიც მოსკოვიდან შემოუწირია ერეკლე მეფის ასულს.
ამ ძვირფას ყდაში, რომელიც მახარობელთა ძვირფას-მინანქრიან სურათებითაა მოჭედილი, რუსული ტექსტი იყო სახარებისა; ეს რუსული ტექსტი ამ ერთი კვირის წინეთ ამოვიღე, შიგ ქართული ტექსტი ჩავასმევინე (ერთი მილიონი მანათი დავხარჯე ამაში) და ტრაპეზზე მისვენია, იქნებ კომუნისტებმა შეგვანარჩუნოს ეს სახარება, როგორც ტრაპეზზე ყოველთვის სახმარი სამკაული; თორემ გვიპირებენ, მსგავსად რუსეთის ეკლესიებისა, ჩვენი განძეულობის ჩამორთმევასაც…
ეს სახარებაც მეტად ამშვენებდა ტრაპეზს. დავიწყე ღამის თევითი ლოცვა, კარგი კილოთი და სასოებით ვილოცეთ; ლოცვის გათავებისას, ჩაიზე მოვიპატიჟე კათოლიკოზი; ჯერ უარი მიყო, მაგრამ მოვახსენე _ ისეთი რამ საინტერესო უნდა წაგიკითხოთ, რომ გესიამოვნებათ თქო; _ „განა არ ვიცი, რუსულ გაზეთში რომ ეწერა ჩემი მემორანდუმის შესახებ, იმაზე ლაპარაკობო“; _ ჰო, იმაზედაც მოგახსენებ და სხვაზედაც თქო, _ უპასუხე მე. ზარების რეკით ავიყვანე ჩემს ბინაზე, დეკ. ფხალაძის, ჩემი მნათის ანდრო ხუცაიძის და დიაკონ ნ. ყანდარელის თანხლებით ჩაიზე ვიმუსაიფეთ, იმ გაზეთის ცნობაც წაუკითხე, ყველამ მოუწონა კათოლიკოზს ეს „ისტორიული ნაბიჯი“ (ამ დროს ჩემი სიმამრი დეკ. ზ. ლუკაშვილიც შემოგვიერთდა); ეტყობა თვითონაც თავი მოსწონს ამ „ნაბიჯით“; მან ბრძანა: „როდესაც სამშობლო განსაცდელშია, ჩვენც _ სამღვდელოებამ _ უნდა აღვიმაღლოთ ხმაო, რაც უნდა განსაცდელი მოგველოდეს, უკან არ უნდა დავსდგეთო (ამ დროს მომაგონდა თუ როგორ ივლტოდა აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი სუხუმიდან, როდესაც იქ ბოლშევიკები შევიდენ 1921 წელს, ეტყობა ეხლა ისწორებს საქციელს და ილამაზებს მომურულ პირისახეს, ღმერთმა აპატიოს და ხელიც მოუმართოს ქვეყნის ერთგულ და გულწრფელ სამსახურში! მაგრამ ვშიშობ, რომ ეს „ნაბიჯი“ არ იყოს გადადგმული მხოლოდ იმიტომ, „რათა იხილონ კაცთა“!..), მოსალოდნელია რეპრესიები, ჩემს შესახებ მთავრობას უკვე დაუდგენია დაპატიმრება, მიკვირს რაღაც იგვიანებენო“, _ დაათავა კათოლიკოზმა. ნამდვილად კი მთავრობის წრეებში გადაუწყვეტიათ უყურადღებოთ დასტოვონ კათოლიკოზი და მისი მემორანდუმი, რათა რაიმე რეპრესიით ან სასჯელით არ გავაღვიძოთ ხალხში მისდამი ყურადღება და პატივისცემაო… შემდეგ კათოლიკოზმა ბევრი ილაპარაკა თავის თავზე, თუ როგორ დაისაჯა ის ექსარხოსების დროს, გადაასახლეს რიაზანში მკაცრ ეპისკოპოზ ნიკოდიმის ზედამხედველობის ქვეშ. მეტად აზვიადებს თვის რაღაც სამი-ოთხი თვის მონასტერში ცხოვრებას და მღვდელ-მოქმედებაში დაყენებას; შემდეგ მოიხსენია პეტროგრადის მიტროპოლიტი აწ განსვენებული ანტონი (ვალკოვსკი), ამან მიშველა, ხელი შემიწყო და განმათავისუფლაო; შემდეგ „სტარაია რუსას“ მონასტრის წინამძღვრობა მომცესო (ნოვგოროდის გუბ.); ის კი აღარ ბრძანა თუ რა სიმდიდრე-ფუფუნებაში ბრძანდებოდა არქიმანდრიტი ამბროსი ამ მონასტერში! თავისი-თავი მოწამედ მიაჩნია! ასეთი აშკარა კვეხნა, რომელიც მან იკადრა, შეუფერებელია: „მიტროპოლიტ ანტონს უთქვამს ჩემ შესახებ _ ეს კაცი კარგ შთაბეჭდილებას სტოვებს ჩემზე, დიდი ჭკუიანი კაცი უნდა იყოსო“! რიაზანის ეპისკოპოსმა ნიკოდიმმა, დიდ-სიმკაცრის შემდეგ, რომელიც მის ხელში გამოვიარე _ როდესაც განმათავისუფლეს და მას გამოვეთხოვე, ასე მომმართა: „დიდი საკვირველი კაცი ხარო, რა შეიწროება და დამცირება მოგაყენე, მაგრამ რა მოთმინებით და სულგრძელებით იტვირთე ყოველივე ესაო, შენ დიდებული მომავალი გექნებაო“!.. აი, ასეთი ლაპარაკი გვქონდა კათოლიკოზთან! ღმერთია გულთა მხილავი, მე ჩემს სამშობლო ქვეყანაში რო მწუხარება-დევნა-ყვედრება და სასჯელი გამოვიარე და დღესაც ინოკენტი ექსარხოსის რეზოლიუციის ქვეშე ვყევარ თვით ამბროსი კათოლიკოზსა ანჩისხატის ტაძრის ჯურ-ღმულში ჩამწყვდეული, ეს არაფერი?!.
შემდეგ ჩამოვარდა ლაპარაკი თუ როგორ დაიღუპნენ ბევრი საერო თუ სასულიერო პირნი მონარქისტები მოსკოვში 1918 წელს ბოლშევიკებისაგან; მე დაურთე ამას ცნობა თუ როგორი სიმამაცით შეჰგებებია სიკვდილს ცნობილი შავრაზმელი დეკანოზი ვოსტორგოვი: როდესაც დახვრეტის წინაშე სხვები შეშინდნენ, შეშფოთდნენ, ვოსტორგოვმა ყველას მაგალითი მისცა, პირველი წარმოსდგა წინ, ჯვრით ხელში, არც ხელების გაკვრის და არც თვალების ახვევის ნება მისცა ჯალათებს, წარბ-შეუხრელად შეეგება ტყვიებს თქო, _ დავათავე მე. ამაზე კათოლიკოზმა სთქვა _ „ის ბნელი ძალა იყო, მას ბევრი რუსული ცოდვა ჰქონდაო“, მე უპასუხე: „კი, ბატონო, მას რუსული ცოდვა-ცოდვები ამძიმებდა, მაგრამ მისს საიდუმლო თუ აშკარა მიმდევრებს ჩვენში, რუსული ცოდვებიც ბევრი აწევთ და ქართულიც! მიუხედავად ამისა, ისინი არხეინად პარპაშებენ დღესაც ჩვენს სამშობლო-საქართველოში თქო“… ეს ლახვარივით მოხვდა გულში კათოლიკოზს, მან იგრძნო, რომ მისი მეგობრები და ეხლანდელი ბურჯები მყვანან სახეში, წამოიჭრა ზეზე, _ „ეხლა კი დროა სახლში წავიდეთო“! ავდექით, გავაცილეთ ყველამ, ქუჩაში გასვლისას მოვახსენე: „თქვენო უწმინდესობავ, ხვალ _ ჩემს დაარსებულ „თამარობას“ _ თქვენს წმინდა ლოცვებში მეც მომიხსენეთ თქო“! _ „როგორ არა, მოგიხსენებო“! მე მოვაგონე თუ როგორ დავაარსე დიდუბეში 1912 წლის 1 მაისს წმ. თამარის დღეობა, 1913 წლის მოლოდინში, როდესაც თამარის გარდაცვალების 700 წლისთავი სრულდებოდა; დავაარსეთ ეს დღესასწაული დიდის შრომით, სოსიკო მერკვილაძის, მიხ. ლაღიძის და ლაღიძის ქარხნის მუშების დახმარებით; როგორ გაგვიმასხარავეს სომხურ გაზეთ (რუსულ ენაზე) „ტიფლისკი ლისტოკში“ თამარის „წმინდანობა“! როგორ წვერსა და ულვაშს იგლეჯდა ინოკენტი ექსარხოსი, რომ მის დაუკითხავად გავბედე თამარის წმინდანობაზე დღესასწაულის გამოცხადება და ეს გარემოება იყო უახლოესი საბაბი ჩვენი დიდუბიდან დაძვრისა; „თამარობამ“ აავსო ინოკენტის მოთმინების ფიალა! ჯერ იყო „ჭეშმარიტ-რუსთა“ პარტიის მაცადინობა ამ ეკლესიის რუსულ სამრევლოდ გამოცხადება, რაც მათ არ დავანებე, შემდეგ ლოთ დიაკონ სლადკო პევცევის ბეზღაობა ინოკენტისთან ამ ნიადაგზე…
ამ ვაი-ვაგლახით დაარსებული „თამარობა“ 1913 წელს კინაღამ ჩაშალეს, არქიმანდრიტმა ნაზარმა (ეხლანდელმა ქუთათელმა), წირვა ვერ გაბედა დიდუბეში, თვით ახალი წინამძღვარი დიდუბისა დეკ. ი. მირიანაშვილი (ეხლა საკათ. საბჭოს წევრი) გიმნაზიაში წავიდა გაკვეთილზე, წირვა მეორე მღვდელს მიუგდო, მაგრამ ხალხი მიუცვივდა მას გიმნაზიაში, ძალად გამოიყვანეს კლასიდან და ტყაპა-ტყუპით მიაჩანჩალეს ტაძარში თქო… შემდეგ განსვენებულმა ეპ. ანტონმა გამოიდო თავი და განმტკიცდა თბილისში „თამარობა“ _ სირცხვილიც იქნებოდა ჩვენს დედა-ქალაქში „თამარის“ მოხსენება არ იყოს თქო, ეხლა კი თამამად მამულიშვილობენ და ხვალ დიდი ზარ-ზეიმით ისადილებენ წირვის შემდეგ თქო… მაშ, მომიხსენეთ, თქვენო უწმინდესობავ, და მაპატიეთ თუ თავი შეგაწყინეთ ამდენი კადნიერებით თქო, თქვენ მაშინ თბილისში არ ბრძანდებოდით და ესე ყოველი არ მოგეხსენებათ თქო…

14 მაისი (1 _ ძვ. სტ.). თამარობა. კვირა.
ანჩისხატში ვსწირე, იყო კვირიაკე სამარიტელ დედა-კაცისა; ხალხი ბლომად მყავდა წირვაზე; ქადაგება წარმოვსთქვი სამარიტელ-დედაკაცთან მაცხოვრის საუბარზე, დავახასიათე ეს დედა-კაცი, დაუპირდაპირე მას თამარის რწმენა, მაღალი ზნეობა, სათნოება; ქართველი ერის იმ დროის კულტურა, ქართველი დედა-კაცის ლეჩაქი, ქართველი დედის ისტორიული სიკეთე _ ეხლანდელი დაძაბუნება, რაც ავხსენი თანამედროვე ურწმუნოების და მატერიალისტურ-სოციალისტურ ცრუ-გავლენით; მოვითხოვე ოჯახში სარწმუნოებრივი და ზნეობრივი ტრადიციების აღდგენა, მოვითხოვე ჩვენი დედაკაცისაგან უფრო აქტიური ზეგავლენა მამა-კაცებზე, შვილების აღზრდაზე და ეროვნულ სხეულის გაერთიანებაზე. შეიქმნა მხურვალე რელიგიურ-მამულიშვილური განცდა ტაძარში… ვიღაცამ ხმა-მაღლა წაილაპარაკა ქადაგების გათავების შემდეგ: „ეს ქადაგება დღეს დიდუბეში უნდა წარმოთქმულიყო, უფრო მრავალ-რიცხოვან მსმენელებისათვისო“…
წირვის შემდეგ დიდუბეში წაველ; მიუსწარი კათოლიკოზის ქადაგებას, ეს ქადაგება წარმოადგენდა ჩვეულებრივ წამებას თვით მქადაგებელისაცა და მსმენელისაცა; ეკლესიის კარებში ვიდექ, ტაძარი გაჭედილი იყო ხალხით; კარებში დ. დავითაშვილი იდგა, სულ თვალებში შემომცქეროდა _ თუ როგორ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე კათოლიკოზის მოძღვრება; მე არც კი უცქეროდი მას; როგორც იყო დასრულდა ეს ქადაგებაც, შემდეგ ლიტანიით ტაძარს შემოუარეს; თანამწირველობდენ დეკანოზები: ტყემალაძე-ხახუტაშვილი, შუბლაძე, თვით მირიანაშვილი, ფხალაძე, გურგენიძე, შემდეგ მიჰმატებია გ. ასათიანი; წირვის შემდეგ კათოლიკოზი, სამოც სულამდე თანამეინახეებით, მიწვეულ იქმნა წინამძღვრის ბინაზე _ ეკლესიის ხარჯით გამართულ ნადიმზე! კათოლიკოზს მხარს უმშვენებდა „მანგლელი“ ქრისტეფორეც… მე ტაძრის ეზოში დავდიოდი, „პანთეონს“ ვათვალიერებდით მე და ახალციხელი დეკ. ივ. ცქიტიშვილი, რომლის მომზადებული დიაკონი იმ დღეს მღვდლად აკურთხა კათოლიკოზმა.
ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა ვაჟი, ქერა, მეუბნება: „მე დიდუბის სამრევლო საბჭოს წევრი ვარ, წინამძღვარმა ტაძრისამ, კათოლიკოზმა და სხვა ყველამ გთხოვეს, სადილზედ დაგვესწროო“. მე მადლობა შევსწირე ასეთ ყურადღებისათვის და მოვახსენე, რომ უკვე ერთი კვირის წინ მიპატიჟებული ვარ ერთ ოჯახში და თქვენთან რომ წამოვიდე ჩავრჩები, იქ ვეღარ მივალ და ეს არ იქნება ჩემის მხრით ლამაზი თქო. რის ვაი-ვაგლახით მოვიშორე ეს კაცი; არ გასულა ხუთი წუთი და ეს კაცი სოსიკო მერკვილაძისა და სიმონ გიორგობიანის თანხლებით ისევ შემომეხვივნენ და დამიწყეს პატიჟი; დიდად შემაწუხა მერკვილაძემ, დაიწყო ეზოში ხმამაღალი ლაპარაკი, მაგრამ მე მაინც არ დავესწარი სადილზე. ეს ათი წელიწადია, რაც დიდუბიდან გამომაგდეს, ამ ხნის განმავლობაში არც ერთხელ მოვგონებივარ ვინმეს და ეხლაც იოლად წახვალთ უჩემოთ თქო. მე ბავშვი კი არა ვარ, რომ სასუსნავით ვინმემ მიმიტყუოს იქ, სადაც მე არა მსურს თქო, _ მოვახსენე მერკვილაძეს! შენ როგორ იკადრე ასეთ საქმეში ჩარევა, მე თუ ვისმეს ვესიამოვნებოდი, წინდაწინ დამპატიჟებდენ ჯერ წირვაზე, შემდეგ საუზმეზე! ან რა უფლებით ჰფლანგავთ ასეთ ნადიმებზე ეკლესიის ფულს თქო! ან რა სინიდისით უნდა მოუსხდე გვერდით ცნობილ აზეფ შუბლაძეს, ვირგლა „მანგლელს“, გათახსირებულ დავითაშვილს, გაკრეჭილ კეკელიძეს და ამისიანებს თქო. ასეთი „გვამები“ წინამძღვარმა თავისი ხარჯით უნდა აქეიფოს, თქვენ საშინელ დანაშაულობას სჩადიხართ, მე მაგ უსაქციელობას ვერ გავიზიარებ თქო..
სადილად ვიყავი აქვე, ახლოს, დიაკონ კონტრიძის სახლში, რძლის თამარის დღეობაზე, მეუღლეც მოვიდა ჩემი; მეტად ესიამოვნა ყველას, რომ დიდი სადილი დავსტოვე და მცირეზე დავრჩი; ვისიამოვნეთ, ვიბაასეთ; გვესმოდა დიდი მრავალჟამიერი „ნადიმიდან“! შემდეგ შემოგვიერთდა დეკ. ბ. კონტრიძე, რომელიც სოფ. პრიუტში მსახურებს მღვდლად და ეხლა მგონი სურს გაძვრეს ვერის ნიკოლოზზე „მანგლელ“ ქრისტეფორეს ადგილზე, როდესაც ის ეპარქიაში დაბინავდება; რა უშავს, რომ თოთიბაძის წინამძღვრობის ქვეშე იქნება! საძოვარი ექნება, ყველას ეტყვის! აი, ასე ქვებუდანობით აწყობენ საქმეს „ტეხნიკურად“!..
დეკ. კონტრიძემ მოგვიტანა „ნადიმიდან“ ამბავი, რომ დიდი „რეჩები“ წარმოთქმულა, ჯერ კათოლიკოზი აღუფრენიათ ზეცას „მემორანდუმისათვის“; შემდეგ დეკ. შუბლაძეს „მანგლელი“ _ თვისი „რედაქტორი“ _ ქრისტეფორე შეუქია თვისი მოტეხილი ენით და უნამუსო პირით! ეს კირიონის ზნეობრივი მკვლელები ასე საჯაროდ ერთმანეთს აქებენ და ადიდებენ! საზოგადოებაც ყურს უგდებს მათ! თამადობდა ს. მერკვილაძე; ამას დაასწრო „მანგლელმა“, უდღეგრძელებივართ „მანგლელს“ დეკ. კ. ცინცაძე და მე _ როგორც დიდუბეში ნამსახური პირნი! ერთიც და მეორეც ვეზიზღებით ვირ-ქრისტეფორეს, მაგრამ მაინც შევუქივართ! საკვირველია! ეს რა უპრინციპობაა!! რა უზნეობაა!.. შემდეგ დიდი სადღეგრძელო, დასაბუთებული, წარმოუთქვამს სიონის დეკანოზს გ. ასათიანს; ამან აღნიშნა ინოკენტის ჩემ შესახები რეზოლიუცია დიდუბიდან გადაყვანისა და სთქვა: მართალია მაშინ ინოკენტი გესლიანად აქებდა რეზოლიუციაში დეკ. თალაქვაძეს, შეიძლება დასცინოდა მას ისიც და მასთან ზოგი ჩვენთაგანიც, მაგრამ ინოკენტის რეზოლიუცია სავსებით გაამართლა დეკ. თალაქვაძემ, როგორიც მოქმედი, მოღვაწე და განათლებული პირი იყო ის დიდუბეში, არა ნაკლები ნიჭი და უნარი გამოიჩინა მან ანჩისხატში! ყველამ იცით, თუ რას წარმოადგენდა ამ ათი წლის წინე ანჩისხატი და რა არის ის დღეს! მათი უწმინდესობა აღტაცებულია იქაური წირვა- ლოცვით, მოძღვრებით, სისუფთავით და წესიერებით… ასეთი რაღაცეები ბევრი უთქვამს ასათიანსაც, მერკვილაძესაც და სხვებსაც… ძლიერ დამძიმებულნი, გამობრუშულნი გვიან საღამოთი დაიშალნენ მეინახენი, დეკ. ან. თოთიბაძე არ დასწრებია ამ „ნადიმს“! ან სად მოიცლიდა, იმდენი საძოვარი ექნებოდა მას იმ დღეს ვერაზე! არც დეკ. კ. ცინცაძე მობრძანებულა! თავი მოიავათმყოფა. ამბობენ იმ კვირას პეტრე-პავლეზე ოც მილიონამდი დაიხარჯა სადილზეო, დიდუბეშიც ოცდაათიო! ეს ნამდვილი დანაშაულია! ეს მგონი უგრძნია კათოლიკოზსაც, ან ამბავი მისვლია ჩემგნით და ამიტომ პარასკევს, 19 მაისს, კურსებზე გაკვეთილს რო მოვრჩი, კათოლიკოზიც მობრძანდა; ვიბაასეთ და თვითონ ჩამოაგდო ლაპარაკი ამ „სადილებზე“! მე ამის წინააღმდეგი ვარო, ამდენხანს სადილზე ჯდომაც არ ღირსო; ეს უთავ-ბოლო ხარჯიაო… მეც კვერი დავუკარი და დაუმატე: „შიმშილობით ხალხი იჟუჟღება და თქვენი უწმინდესობის თანადასწრებით და თითქოს დასტურით ეკლესიების ხარჯით ასეთი ნადიმები იმართება, ამას შეიძლება მოჰყვეს მეტად სამწუხარო და სამარცხვინო შედეგები თქო! შეიძლება კომუნისტებმა ეს გაზეთშიც კი ჩაგიწერონ და ნუ ინებებთ თქო. საკმარისია მწირველ მღვდელმთავარს მისი თანამწირველებით მიართვან ჩაი, მცირე საუზმე და ამით მორჩეს ასეთი დღეობები თქო! ამდენი გარეშე პირის ეკლესიის ხარჯზე გაძღომა, ჩემის აზრით, დიდი დანაშაულია, კარგს ინებებდენ დეკანოზები შუბლაძე და მირიანაშვილი თუ თავიანთ მეგობრებს საკუთარი ხარჯით გაუმასპინძლდებოდენ თქო“… ენა ჩაუვარდა კათოლიკოზს… დეკ. ფხალაძემ და ტყემალაძემ თავი ჩაღუნეს, გაწითლდენ; ფხალაძე ხელით მანიშნებდა _ გაჩუმდიო! მე ხმამაღლა შეუბღვირე: „მე ამას კათოლიკოზის საწყენად როდი ვლაპარაკობ, პირიქით, მისი ერთგულებით და ჩვენი რეპუტაციისათვის ვამბობ თქო“!..
კათოლიკოზს ამ დროს რაღაც დეპეშა ეჭირა ხელში; გამოირკვა, რომ ეს დეპეშა გამოუგზავნიათ ქუთაისიდან, მთავარ-ანგელოზის ეკლესიის სამრევლო საბჭოს წევრებს, ჩვენი წინამძღვარი დეკ. ფილიპე ფხაკაძე გარდაიცვალა, უბრძანეთ ქუთათელ მიტროპოლიტს შეაჩეროს ახალი წინამძღვრის დანიშვნა, სანამ ჩვენ სასურველ კანდიდატს წამოვაყენებდეთო; ალბათ ქუთათელი ნაზარი არა სასურველ კანდიდატს ამწესებს იქ; ეს ტაძარი დიდად შემოსავლიანი და საინტერესოა ქუთაისში. აქ საგულისხმო ის არის, რომ ადგილობრივ მღვდელმთავარს ვერ მოუხერხებია თვისს სამწყსოს შეეთანხმოს, სამწყსოს კანონიერ სურვილს ანგარიში გაუწიოს, ხოლო სამწყსო კათოლიკოზთან უჩივის თვისს მიტროპოლიტს! ეს მეტად დამახასიათებელია ჩვენი ანარქიულ მდგომარეობისა. კათოლიკოზი ატრიალებდა ხელში ამ ტელეგრამას; შემდეგ ეს დეპეშა დეკ. კ. ცინცაძეს გაუგზავნა, „ამაზე ის მისცემს პასუხსო“! მე და დეკ. ფხალაძე სახტად დავრჩით ამ სიტყვების გაგონებაზე! ხოლო დეკ. ტყემალაძე მაცდურივით ულვაშებში იღიმებოდა!.. კათოლიკოზი ვეღარ ჰფარავს თვისს სრულს სიღატაკეს გონებრივსა თუ ზნეობრივსა! ჩენი კათოლიკოზი ცინცაძეა!..
წინა დღეს მე მიღებული მქონდა კათოლიკოზის კანცელიარიიდან ოფიციალური მოწერილობა, რომლითაც კათოლიკოზი მავალებდა მისი სახელით და სამღვდელოების, მინდობილებით მიმელოცა 21 მაისს ზაქარია ჭიჭინაძისათვის 50 წლის მისი მოღვაწეობის იუბილე! _ „მიიღე ჩემი ბრძანებაო?“ _ მკითხა კათოლიკოზმა, _ „როგორ არა, მივიღე, ბატონო, მაგრამ თუ მაინცა და მაინც ჩემზე გააჩერეთ თქვენი არჩევნები, კარგი იქნებოდა, რომ ერთი სამღვდელო პირიც დაგენიშნა ჩემთან და ცოტა რამ ჩვენც მიგვერთმია მოხუც მუშაკისათვის თქო! ყველანი, ორი და სამი კაცისაგან შემდგარ დეპუტაციით წარსდგება, ფულებს და ნივთებს მიართმევენ! რას ემგვანება, რომ თქვენი სახელით გამოვიდე მარტოთ-მარტო და ცარიელი ხელით თქო“… „ჰმ! მაგაზე მე როდი მიფიქრია; წაიყვანე დეკ. ფხალაძე ან მაჭარაშვილი, ეს უკანასკნელი ემჯობინება, გრძელი _ თეთრი წვერი აქვს, _ ღიმილით ბრძანა კათოლიკოზმა. ფულსაც გადავსცემ მაჭარაშვილს ერთ მილიონს, _ გაინაწილეთ შემდეგ ეკლესიებმაო“…

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)