დანაშაული, ანუ ქართული კრიმინალის „კარნეადესის ფიცარი“
რა არის ჩვენთვის ცნობილი პირველი დანაშაული? ბევრი არც კი დაფიქრდება და გიპასუხებთ, _ ძმის მიერ ძმის მოკვლა, ანუ აბელის მოკვდინება კაენის მიერ.
მაგრამ, იქნებ, პირველი დანაშაული უფრო ადრე მოხდა? სხვა რა უნდა დავარქვათ ადამისა და ევას სამოთხიდან გაძევებას, თუ არა სასჯელი?
„აცდუნეს“ არ მიიღება, დღევანდელი გაგებით ამ ცდუნებას, მეტწილად, პროვოცირებას ან პროვოკაციის აყოლას ვეძახით. და თუ ევამ ღმერთს არ შეუსრულა ერთი პატარა წესი _ არ გაესინჯათ ნაყოფი, ე. ი. რომ მან კანონი დაარღვია და სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამისთვის დაისაჯა. ისე, თუ ამ ლოგიკას მივყვებით, რატომ გვიკვირს, რომ ოჯახში, რომლის ერთი წევრი დამნაშავე ან დანაშაულისკენ მიდრეკილი აღმოჩნდა, დაბადებულიყვნენ როგორც მორალურად მდგარდი, ასევე დანაშაულისკენ მიდრეკილი შვილები _ თუნდაც აბელისა და კაენის სახით.
კანონი, ზოგადად, მრავალკომპონენტიანი გააზრების საფუძველზე მიღებული წესია, რომელც სავალდებულოდ შესასრულებელია კონკრეტულ სახელმწიფოში მცხოვრები მოქალაქეების მიერ. კონკრეტულ სახელმწიფოში იმიტომ, რომ ერთი და იგივე საკითხის მიმართ სხვადასხვა სახელმწიფოში შესაძლოა, სხვადასხვა შინაარსის კანონი მოქმედებდეს _ ზოგჯერ დიამეტრულად საწინააღმდეგო ნორმებით. ამიტომ კანონი, მეტწილად, არის გამოცდილებაზე, მორალურ-ზნეობრივ სტანდარტებზე, კულტურულ გარემოსა და ტრადიციებზე დაყრდნობით მიღებული აქტი.
იურისტებისთვის ცნობილი მაგალითი უნდა მოვყვე, რომლის ერთმნიშვნელოვანი გააზრება სამართლებრივ პრიზმაში დღემდე ვერ მოხერხდა _ ვსაუბრობ „კარნეადესის ფიცარზე“. ბერძენმა ფილოსოფოსმა კარნეადესმა 22 საუკუნის წინ შექმნა კაზუსი, რომლის ამოხსნასაც საუკუნეებია, ცდილობენ იურისტები, ფილოსოფოსები და სხვა პროფესიის ადამიანები.
აი, ეს კაზუსიც: ჩაძირული გემიდან გადარჩენილ ორ მგზავრს დახრჩობის საფრთხე ელოდება. ერთი მათგანი წყალში ფიცარს იპოვის და ზედ გაწვება. ფიცარს მხოლოდ ერთი ადამიანის დატევა შეუძლია. მეორე გადარჩენილი ფიცრის მპოვნელს ჩააგდებს და სიცოცხლეს შეინარჩუნებს. მპოვნელი იხრჩობა. ფილოსოფოსმა დასვა კითხვა: რამდენად დასაშვებია პირის დასჯა, თუ იგი ექსტრემალურ სიტუაციაში სხვა ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე გადაირჩენს თავს?
თანამედროვე მეცნიერები და ფილოსოფოსებიც კი სვამენ კითხვას და ბჭობენ: „ხომ ცხადია, ადამიანის მოქმედების საზღვარი მორალის ნორმები და სისხლის სამართლის კანონია. შესაბამისად, შესაძლებელია თუ არა ექსტრემალურ სიტუაციაში ამ ორივე საზღვრის დაუსჯელად გადაცილება და საკუთარი (ან ახლობლის) სიცოცხლის დასაცავად სხვა პირის მოკვდინება, იმ ადამიანისაც კი, რომელიც საფრთხეს არავის უქმნის?“
ამ ვითარების განსჯას უამრავი ასპექტი ახლავს, რომლითაც თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ, გეტყვით, რომ ერთმნიშვნელოვანი პასუხი კარნეადესს ციცერონმაც კი ვერ გასცა. შესაბამისად, ანალოგიური ვითარება სხვადასხვა სახელმწიფოს კანონმდებლობაში სხვაგვარად ფასდება.
ბარემ, მეორე მაგალითსაც მოვყვები. იურისტებისთვის ესეც ცნობილი ფაქტია: 1842 წელს ამერიკის ერთ-ერთი შტატის სასამართლომ ადამიანის დაკვლა და შეჭმა დანაშაულად არ მიიჩნია. რა სისატიკე და ველურობაა, ხომ? ამის შემდეგ რომელ სამართლიანობაზე შეიძლება ვისაუბროთ, არა? მაგრამ იცით, რა მოხდა? შიმშილისთვის განწირულმა ადამიანებმა მიიღეს გადაწყვეტილება, კენჭი ეყარათ და ასე გამოვლენილიყო ის, ვისაც მოკლავდნენ და შეჭამდნენ _ ანუ ყველაფერი ერთობლივად შემუშავებული წესის მიხედვით მოხდა. მიუხედავად კანიბალიზმის ეთიკური გაუმართლებლობისა და ადამიანის სიცოცხლის განკარგვის აკრძალვისა, გასაოცარია ექსტრემალურ სიტუაციაში მყოფი ამ ადამიანების თავგანწირვა, რადგან თითოეული მათგანი მზად იყო, ჯგუფის წევრი სხვა ადამიანების გადასარჩენად თავი გაეწირა. ა, ხო, მაგალითის მოყვანისას ასე არ შეგიხედავთ საკითხისთვის. მესმის.
ამიტომ ჩვენ ხშირად საკუთარი საზომით ვზომავთ მომხდარ დანაშაულს, ისე რომ არ ვიცით გარემოებები. გვაქვს სამართლიანობის სტანდარტი, რომელიც ხშირად არ ემთხვევა სამართლის _ კანონის მოთხოვნებს. მაგრამ „აქ“, ამ ქვეყანაში, ხომ ყველა უდანაშულოა ან ყველას აქვს ობიექტური მიზეზი, გარემოება და მოტივაცია ახსნას, თუ რატომ ჩაიდინა ეს დანაშაული, რომელიც „არაფერია“ სხვის მიერ ჩადენილ ანალოგიურ დანაშაულთან. „აქ“, ამ ქვეყანაში, ჯერაც საბჭოთა მენტალიტეტი „მუშაობს“ დანაშაულთან მიმართებით _ მე დამიშავეს, უნდა დაისაჯონ, მე დავუშავე _ მიზეზი და მოტივი მქონდა, მართალი ვარ, არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია და ხელისუფლება მდევნის.
***
დღევანდელი გაგებით, დანაშაული არის საზოგადოებრივად საშიში, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომელსაც კანონი სასჯელით ემუქრება.
დღეს ხშირად ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში დანაშაულებრივი ქმედებების ზრდაა. მძიმეა კრინომოგენური ვითარება. ბარემ განვმარტავ, რომ ტერმინი კრიმინალიზაცია ნიშნავს ამა თუ იმ ქმედების დანაშაულებრივად გამოცხადებას, რაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, ანუ დასჯის საფუძველია. დანაშაულთან ბრძოლა და კრიმინოგენური ვითარება არის სახელმწიფოში არსებული მდგომარეობის გააზრების კომპონენტი. დიახ, კომპონენტი და ვერც ერთ სამართალდამცველ სტრუქტურას, ცალკე აღებულს, იმ ვითარებაში ვერ დავადანაშაულებთ, რომელიც გვაქვს ან გვქონია დამოუკიდებლობის სხვადასხვა ეტაპზე. ზემოთ მოხმობილი მაგალითი _ პირველი დანაშაულებების შესახებ, სწორედ ამისთვის დამჭირდა.
შსს დღეს იმაზე საუბრობს, რომ დანაშაულის აღრიცხვის სტატისტიკა შეიცვალა და ეს ძალიან კარგია. მით უფრო, როდესაც სხვა „ტრადიციული“ დანაშაულებების ფონზე საერთოდ ახალი დანაშაულიც გაჩნდა სტატისტიკურად აღსარიცხავთა ნუსხაში. მაგალითად: მუქარა, მუქარა ვირტუალურ სივრცეში, ოჯახური ძალადობა და ა. შ.
აქვე ვაღიაროთ ისიც, რომ „მეორე“ მხარე _ დამნაშავე (დანაშაულებრივი დაჯგუფებები) ისევე იზრდება პროფესიონალიზმში, როგორც იზრდება საზოგადოებაში ცხოვრების დონე _ დაწყებული ტექნოლოგიებით და დანაშაულში ინტელექტუალების ჩართვით დასრულებული. ზოგჯერ დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენლები უსწრებენ კიდეც „დროს“.
ამიტომ ნებისიერი სამართალდამცველი სტრუქტურა, მოტივაციის მიუხედავად, უძლური იქნება ეფექტიანი ბრძოლისთვის, თუ საკითხი კომპლექსურად არ მოგვარდა.
აქვე უნდა გავითვალისწინოთ: დანაშაული მუდამ არის შემაფერხებელი არა მხოლოდ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროსთვის, არამედ აზიანებს სახელმწიფოს პოლიტიკურად და მოქალაქეების დემორალიზებას ახდენს.
ხშირად შევხდებით მოსაზრებებს, რომ ეკონომიკაში არსებული მძიმე მდგომარეობა დანაშაულის ზრდის განმაპირობებელი ფაქტორია. ანუ, თურმე, ადამიანი დანაშაულს ცუდი ეკონომიკური პირობების გამო სჩადის და ამ გზით ცდილობს მიიღოს მისთვის სასურველი საჭირო ნივთი თუ ნივთის ქურდობისგან მიღებული სარგებელი ოჯახის სარჩენად. სხვისი უბედურება ჩემი ბედნიერების ხარჯზე _ იმ ფიცრის არ იყოს. მეორე ნაწილის მტკიცებით, დანაშაული იზრდება ეკონომიკური აღმავლობის დროს, რადგან მაშინ მოსაპარი უფრო მეტს აქვს, თან, თურმე, სწორედ ამ დროს იზრდება მოთხოვნა ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე, რაც, შესაძლოა, დანაშაულისადმი შინაგანი გაწყობის საფუძველიც გახდეს. აქაც „ფიცარია“ თემა. ამაზე მსჯელობა დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა ასევე დგინდება, რომ ამ ორ მოვლენას _ ეკონომიკის ზრდასა და ეკონომიკურ სტანგაციას ან დაღმასვლას _ დანაშაულის ზრდასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.
პირიქით, დანაშაულის ზრდა აზარალებს ეკონომიკას და მის სფეროებს, ახდენს მოქალაქეების დემორალიზებას იმ პიროებში, თუკი ის სისტემური ხდება და იდეოლოგიური მხარდაჭერა აქვს.
აქვე გავიაზროთ, რომ ჩვენთან დანაშაულის ზრდის საფუძველს ხშირად ყოფითი პირობების, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გარდა, მიზნის ადვილად მიღწევის სურვილი, არასათანადო განათლება და მეტიც _ ღირებულებითი კრიზისი წარმოადგენს.
***
არ ვიცი, საზოგადოებისთვის არის თუ არა ცნობილი იმის შესახებ, რომ მხოლოდ 2014-25 წლებში საქართველოს სასწავლო დაწესებულებში სწავლა 14 ათასმა მოსწავლემ მიატოვა. დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც ქვეყანაში 50 ათასამდე სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავს. თუ ადამიანს არ აქვს შესაბამისი განათლება, უნარები, არ ფლობს პროფესიას, მაგრამ „სჭირდება ცხოვრება“, მათი გარკვეული ნაწილი მრუდე გზით, ანუ დანაშაულის გზით მიდის.
რადგან არასრულწლოვნებზე გავამახვილე ყურადღება, ბარემ ვიტყვი, რომ ქვეყანაში არსებობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“. მართლაც გამორჩეულად კარგი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც სწორედ ამ მიმართულებით იზრდება დანაშაული. რეალურად კი ამ კანონს არ მოყვა შემდეგი ნაბიჯები, რომელიც მის ეფექტიანობას განაპირობებდა. მაგრამ ახლა ვიცით, რომ ბავშვის დაკავება ან სპეციალურ დაწესებულებაში მისი მოთავსება არ შეიძლება. დიახ, დაუშვებელია ისეთი რეფორმების გატარება, რომელიც არ არის ბოლომდე გააზრებული ან არ ხდება დაწყებულის ბოლომდე მიყვანა. ვიმეორებ, საკმაოდ ლიბერალური კანონმდებლობა იმით დაზიანდა, რომ შესაბამისი საფეხურები არ ამოქმედდა და მექანიზმები არ შეიქმნა _ რეალურად, რეფერირების ინსტიტუტი არ მუშაობს. იუსტიციის სამინისტრომ ვერანაირად მოახერხა ამ ხნის განმავლობაში რეფერირების ეფექტიანი სისტემისა და მოდელის შექმნა.
როდესაც დანაშაულზე ვსაუბრობთ, მესმის _ აქ წინა პლანზე მუდმივად პოლიცია, პროკურატურა და სასამართლოა. ჩვენი თანამოქალაქეების უმეტესობა ვერ იაზრებს, რომ საკანონმდებლო დონეზე, ანუ სამართლებრივი პოლიტიკის განსაზღვრის საქმეში უმნიშვნელოვანესია იუსტიციის სამინისტროს როლი. სწორედ ამ სამინისტრომ უნდა განსაზღვროს და წარმოაჩინოს თავის ხედვა, როგორ იმოქმედებს და იმსჯელებს სახელმწიფო „კარნეადესის ფიცარზე“ და ასევე არიან თუ არა კანიბალები ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი თანაგუნდელი მოკლეს და შეჭამეს. საზოგადოება ამის კვალობაზე შეაფასებს, _ ვინც შეჭამეს ის მსხვერპლია თუ გმირი?
რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკოთ პროცესი, „ვარდების რევოლუციის“ შედეგად ხელისუფლებაში მოსული ძალის მიერ იმ პერიოდში შემუშავებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ამჟამად სახელმწიფოს წინაშე სხვა მოთხოვნებია. შესაბამისად, აუცილებელია ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის სწორად გააზრება. პოლიტიკის, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის ყველა ინსტიტუციისთვის ერთიანი იქნება და აქ დღემდე არსებულ ვითარებასა თუ დღეს არსებულზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტრომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე.
იცით, როდესაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი დააკავეს, მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ეს იყო არასამართლიანი გადაწყვეტილება. დაკავება და დამნაშავედ ცნობა მოხდა კოლეგიალური ორგანოს, საქართველს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აქტის საბაბით. ანუ გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ და დაიჭირეს მერაბიშვილი, როგორც მისი ხელმძღვანელი. დიახ, მიმაჩნდა, როგორც არასამართლიანი, მაგრამ სასამართლომ სამართალზე, კანონზე დაყრდნობით განაჩენი გამოიტანა.
თუ არ ვცდები, 2004 წელს ცილისწამება ამოღებულ იქნა სისხლის სამართლის დანაშაულებების ნუსხიდან. რამდენიმე დღის წინ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიუწერია და არც გაუგზავნია. ე. ი. ან მინისტრი იტყუება, ან ხაზარაძე სწამებს ცილს. მაგრამ ფაქტი მოხდა თუ არა, ამის მტკიცება ხაზარაძეზეა. თუმცა ჩვენ მოვითხოვთ, გახარიამ დაასაბუთოს, რომ წერილი არ დაუწერია. გახარია ხაზარაძის შემდგომ ნაბიჯს ელოდება. ჩვენ გახარიასგან ან დაფიცებას ვითხოვთ, ან _ დაგინებას. მეტყვით, უჩივლოსო. და რა, ხაზარაძე მრავალწლიანი სასამართლო დავის მერე მოიხდის ბოდიშს, თუ ცილი დასწამა? სამაგიეროდ, ჩვენ, ზოგიერთმა, აპრიორი ვიცით, რომ გახარია ამის გამკეთებელი იყო, ისევე როგორც ზოგიერთმა ვიცით, რომ ხაზარაძე ბლეფობს.
ხშირად გვავიწყდება, რომ მართლმსაჯულება უამრავი კომპონენტისგან შედგება _ ინსტიტუციურად კი ამ კომპონენტის ნაწილია პროკურატურა, სასამართლო და ა. შ. ამიტომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ მოდელზე _ როგორ და რა ხერხებით ვიბრძვით დანაშაულის წინააღმდეგ, რაც სწორედ იუსტიციის სამინისტრომ უნდა განსაზღვროს და პარლამენტმა დაადგინოს. ცალკე აღებული, რომ პოლიცია ან სუსი ვალდებულია, უზრუნველყოს ჩვენი სიმშვიდე და კანონის სადარაჯოზე იდგას, საკუთარი თავის მოტყუებაა და მწირარგუმენტიანი მსჯელობა.
ამ ფონზე, ჩვენ გვაქვს ვითარება: როდესაც არ არსებობს ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა, როდესაც პროკურატურაში არის სრული სტაგნაცია და დროში აცდენილი ქმედებები. შემიძლია ვთქვა, _ აბსოლუტური ქაოსი და არაპროფესიონალიზმი მეფობს პროკურატურაში. ამას ადასტურებს არა მხოლოდ ხორავას ქუჩის საქმე; როდესაც სასამართლოში არსებული ერთი კლანი ძალადობს და აშანტაჟებს სახელმწიფოს, მის მოქალაქეებს; როდესაც იმავე პოლიციასა და სუსში ჯერაც ფუფუნებაა პროფესიონალიზმი და ცალკეულ შემთხვევებში თანამდებობრივი გადაცდომები ხდება უწყებების დისკრედიტების მიზეზი.
ამის მიუხედავად, რაც არ უნდა პოზიტიური იყოს რომელიმე ცალკეული ინსტიტუტის მოტივაცია, საბოლოოდ, შედეგი ვერ იქნება ეფექტიანი. თითოეულ ჩამოთვლილ ინსტიტუციასა და პარლამენტს, ზოგადად ხელისუფლებას, საზოგადოებას უნდა ესმოდეს _ დამნაშავის დასჯა არ უნდა იყოს მხოლოდ შედეგი. შედეგი უნდა იყოს დანაშაულის პრევენცია, მაგრამ თუ დანაშაული ხდება, ეფექტიანი გამოძიება და კანონიერი განაჩენი ნებისმიერი პერსონის მიმართ არის ქვეყნის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის ტესტი. ნებისმიერმა გამონაკლისმა ან ინსტიტუციურმა მიკერძოებულობამ, პოზიტიურ ტენდენციას შესაძლოა, უდიდესი ზიანი მიაყენოს.
რა თქმა უნდა, როდესაც პრობლემა გააზრებულია, უმნიშვნელოვანესი გარემოებაა პოლიტიკური ნება. პოლიტიკური ნება ხელისუფლების და პოლიტიკური ნება ნებისმიერ უწყებაში. ვიმეორებ: როდესაც ვსაუბრობთ დანაშაულზე და მის მიმართ კომპლექსურ დამოკიდებულებაზე, ცალკეული ინდივიდის _ რომელიმე მინისტრისა თუ მთავარი პროკურორის პოლიტიკური ნება პრობლემას ვერ მოაგვარებს. თუმცა ინდივიდებს _ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, არსებული პოლიტიკის განხორციელების საკითხში უნდა ჰქონდეთ თანამდებობის შესაფერისი სახიერება და აქ გამომეტყველებაზე ან ჰაბიტუსზე არ ვსაუბრობ, არამედ შინაგან და სახელმწიფოებრივ მოტივაციაზე, მინდობილი საქმისადმი პროფესიონალურ დამოკიდებულებაზე, გულისხმიერებაზე. თუ არსებობენ სახიერი პერსონები, აუცილებელია არა მხოლოდ მმართველი გუნდის პოლიტიკური ნება, რაც უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია, არამედ საკითხი უნდა იქცეს საერთო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის საგნად.
***
დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციის მიზნით ჩვენ, საზოგადოებამ, უნდა ავირჩიოთ სამი უმთავრესი პრიორიტეტი: 1. ვიყოთ სახელმწიფოს პარტნიორები ნებისმიერი დანაშაულის გამოვლენის დროს; 2. ვაიძულოთ ხელისუფლება (ნებისმიერი) იბრძოლოს დანაშაულის ყველა სახის წინააღმდეგ; 3. მედია, საზოგადოებრივი ჯგუფები, არასამთავრობო სექტორი გამოვიყენოთ სამართალდამცველი ორგანოების შემართების, საქმიანობის ეფექტიანი ზრდისა და მორალური წახალისებისთვის, ისევე როგორც ობიექტური მხილებისთვის.
ამ პრიორიტეტებსთვის უნდა არსებობდეს დამცავი მექანიზმები: 1. დანაშაულთან ბრძოლის მიზნით სახელმწიფოს შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობა უნდა იყოს უმაღლესი მოქალაქეობრივი ვალდებულება; 2. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილში საზოგადოებრივმა ინსტიტუტებმა უნდა გამოიყენონ ქმედითი მექანიზმები _ აკადემიური პოლემიკიდან დაწყებული, უკიდურეს ვითარებაში საპროტესტო აქციების გამოყენების ჩათვლით; 3. სამართალდამცველთა ნებისმიერი კანონსდაქვემდებარებული და მორალური ასპექტებით გაჯერებული ქმედების პოპულარიზაცია უნდა გახდეს ინსტიტუტებისადმი პატივისცემის გამოხატულების დამადასტურებელი ფაქტორი. ისევე როგორც კანონსგაცდენილი ქმედებების მხილება უწყებების შინგნით და გასაჯაროებით აწევს თავად ამ ინსტიტუტების ავტორიტეტს.
უახლესი წარსულიდან იმის ნათელი მაგალითები გვაქვს, თუ როგორი სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება გამოიჩინა მედიამ 2008 წლის აგვისტოში. სიმართლე გითხრათ, ეს არ იყო სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილი. ანუ კრიზისის მართვის ნაწილი და ამას ნუ დაიბრალებს ნურავინ წინა ხელისუფლებიდან. ეს იყო აბსოლუტურად თვითშეგნებაზე დაფუძნებული მოცემულობა. ხელისუფლებას მაშინ, იმ დრომდეც და მას მერეც მედია მხოლოდ მისი კონტროლირებადი ტელევიზიები ეგონა. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება _ იმ უმნიშვნელოვანესი განსაცდელის ჟამს მედიამ სახელმწიფოებრივი აზროვნების უმაღლესი სტანდარტი გამოავლინა, ვგონებ, ორი გამონაკლისი ფაქტის გარდა, რომელზედაც ახლა საუბარი არ ღირს. ეს მოხდა იმის მიუხედავად, რამდენად იზიარებდა ხელისუფლების ღირებულებასა თუ ზოგად პოლიტიკას ესა თუ ის მედიასაშუალება. ამიტომ ხელისუფლება ვალდებულიც კია, მედიასთან ამ მიმართულებით სწორი სტრატეგია განსაზღვროს და სწორი კომუნიკაცია დაამყაროს. ასევე უმნიშვნელოვანესია კომუნიკაცია არასამათავრობო სექტორთან.
მედალს ორი მხარე აქვს _ ნებისმიერი მოვლენა შეიძლება წარმოჩნდეს როგორც დადებითი, ისევე უარყოფითი კონტექსტით. მაგალითად, ერთი მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება არის მძიმე. მეორე მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, კრიმინალის ზრდის პირობებში მიმდინარეობს ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ. ანუ ნეგატივშიც დავინახოთ პოზიტივი და აქცენტირება ამაზე გავაკეთოთ, რაც, ერთი მხრივ, იქნება სამართალდამცველი სტრუქტურების პოზიტიურად იძულების მექანიზმი, მეორე მხრივ _ მუდმივი ნეგატივი საზოგადოებისა და თავად უწყების თანამშრომელთა დემორალიზების საფუძველი გახდება. ამავე დროს, ეს სულაც არ ნიშნავს დანაშაულის დაფარვას და მის „გაუბრალოებას“.
***
ისევ და ისევ „კარნეადესის ფიცარს“ უნდა დავუბრუნდე. ამ თემაზე მსჯელობისას უამრავი მოსაზრება გამოთქმულა _ ასეთიც კი: უნდა გადარჩეს ის, ვინც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, უნდა გადარჩეს მრავალშვილიანი, თითქოს დამხრჩვალის ობლისთვის რაიმე ნუგეში იქნებოდა, ბევრს რომ ეყოლებოდა მამა და მას _ არა ან იმ ბევრი შვილისთვის მტკივნეული არ იქნებოდა, რომ ისინი მამას დაკარგავდნენ და ერთ შვილს მამა დაუბრუნდებოდა სახლში. იცით, იყო მოსაზრებები, რომ ორივე „გმირულად“ უნდა დამხრჩვალიყო, რადგან ეს უფრო ზნეობრივი იქნებოდა და მორალთან ახლოს. მე არ ვიცი, რომელი თქვენგანი რა არჩევანს გააკეთებდა განსჯის საფუძველზე და ანალოგიურ ექსტრემალურ ვითარებაში როგორ მოიქცეოდა, მაგრამ ერთს დაბეჯითებით ვიტყვი: ამ ვითარების განსასჯელად რა წესი თუ კანონიც არ უნდა დადგინდეს, მუდამ იქნებიან ადამიანები, რომლებისთვისაც დადგენილი მიუღებელი იქნება.
სწორედ ამ კონტექსტში ვიტყვი, _ დიახ, დანაშაული მნიშვნელოვნად უშლის ხელს ქვეყნის პროგრესს უამრავი მიმართულებით. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც, ერთი მხრივ, უნდა „ვამხილოთ“ ხელისუფლება და, მეორე მხრივ, ამ ზედოზირებული მხილების პროცესში არ უნდა დავაზიანოთ სახელმწიფო.
დიახ, დანაშაული იყო და, ალბათ, ყოველთვის იქნება. მაგრამ აქ ხომ მთავარი სხვა რამეა _ როგორ ვებრძვით დანაშაულს და რამდენად ვჯდებით კანონის მოთხოვნების ფარგლებში, იმ კანონების, რომელიც ჩვენი დაკვეთით იქმნება, მაგრამ რომლის შინაარსი არ ვიცით ხოლმე. კანონის, რომელიც არასოდეს არის რეპრესიული ან ლიბერალური. კანონია ისეთი, როგორი განწყობა და მოთხოვნა-დაკვეთაც არის საზოგადოებაში. მხოლოდ ერთი დათქმით, _ ნებისმიერ სამართალდამცველ სტრუქტურაში უნდა ესმოდეთ საკუთარი თანამშრომლების ღირესების დაცვა და ასევე: ნებისმიერ გადაცდომაზე ყველას პასუხისგება კანონით დადგენილ ფარგლებში კონკრეტულ თანამშრომელსა და უწყებას კი არ სჭირდება, არამედ სახელმწიფოს. სწორედ ასეთი მოცემულობის დროს ვერც ერთი პასუხისმგებლიანი მოქალაქე ვერ გაბედავს გავიდეს კანონის ფარგლებიდან და პირიქით, მისთვის პატივიც კი იქნება „თანამშრომლობა“, არა საბჭოური გაგებით, არამედ სახელმწიფოებრივი განცდით, თუნდაც ისე, როგორც ისრაელში ან ნებისმიერ დასავლურ-ცივილიზებულ სამყაროში. შეუძლებელია, ერთი მხრივ, შვილებს ვზრდიდეთ საბჭოთა ან ქურდული მენტალიტეტით და მეორე მხრივ, ვითხოვდეთ უსაფრთხოებას, დანაშაულის პრევენციას. სხვათა შორის, ამ სახელმწიფოებრივ განცდაზე დგას ისრაელისა და სხვა ცივილიზებული სამყაროს სახელმწიფოს სიძლიერე. ამიტომ, პირველი: უნდა ვისმჯელოთ პრობლემაზე; მეორე: უნდა შევძლოთ პრობლემის მინიმალიზება; მესამე: რეფორმა უნდა იყოს კომპლექსური ყველა უწყებისთვის და ბოლომდე გააზრებული; მეოთხე: ეს ჩვენი სახელმწიფოა. ჩვენი ყველა გაგებით და მოვექცეთ ისე, როგორც ჩვენსას.
***
გახსოვთ, წლების წინათ საერთოდ არ ვიცოდით, რა იყო სიძულვილის დანაშაული _ ანუ ის, რასაც ოჯახურ დანაშაულს ვუწოდებთ. უფრო სწორად ვიცოდით, რომ ქმარი ცოლს სცემდა, ძალადობდა შვილებზე, მაგრამ ამას მხოლოდ მორალური კატეგორიის პრიზმაში განვიხილავდით და ვერც კი წარმოგვედგინა, რომ იარსებებდა „შემაკავებელი ორდერი“. მეტიც: ვერ წარმოვიდგენდით, თუ ცოლზე ფიზიკური ძალადობის გამო ქმარი ციხეში მოხვდებოდა. დიახ, ეს, სულ რაღაც, 15-20 წლის წინათ ხდებოდა. ჩვენი მორალური სტანდარტი, რომელიც მეტწილად სხვის საქმეში ჩაურევლობას გულისხმობდა, ვერანაირად იცავდა დაჩაგრულ ადამიანს. ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ დანაშაულზე, მის ზრდასა და რეალურად იმის გარდა არაფერს ვაკეთებთ, რომ ხელისუფლებებს ვუკიჟინოთ, _ კრიმინალი ბობოქრობს, იქნებ, ერთი პრევენცია, ერთი მხილება, ერთი სამართლებრივი აქტი მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი პოზიციიდან ჩვენც ჩავიდინოთ და დამნაშავეს ვუთხრათ, _ ჩემზე, ჩემს სახელმწიფოზე ძალადობის უფლებას არ მოგცემ. მაგრამ არც ეს გამოგვდის, რადგან როცა ვიცით, მაგალითისთვის, საჯარო მოხელე ან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი კორუფციაშია ჩართული, ვბობოქრობთ; როცა მას დააკავებენ, _ პოლიტიკურიაო! _ გავყვირით. სულ ეს არის ჩვენი სამართლებლივი სტანდარტი, ანუ, რეალურად, აბრაგები და ყაჩაღები გვიყვარს. და თუ „კარნეადესის ფიცარზე“ მიდგება საქმე, უმეტესი ჩვენგანი ერთს კი არა, ათასობით ადამიანს დაახრჩობს იმისთვის, რომ თავად გადარჩეს.
ზემოთ მერაბიშვილი და გახარია ვახსენე და ბოლო მაგალითებსაც მათთან მიმართებით მოვიყვან. საქმეში ჩახედულმა ყველა პირმა იცის, რა ორ გვამს ითხოვდა მერაბიშვილი. მას მოახსენეს, რომ გარდაცვლილი იყო კონკრეტული რაოდენობის ადამიანი და ორი ცხედარი არ იყო. მაგრამ ჩვენ ხომ შინაარსი არ გვაინტერესებს, არც სამხედრო „ბინტია“ არაფერი სამოქალაქო ომგამოვლილი ერისთვის. მერე რა, რომ აბუნტდნენ, ჩექმა არ ჰქონდათ და ბალანდას ჭამდნენ, თურმე. დაკლულისა და შეჭმულის ისტორიის არ იყოს, შინაარსი არ არის მთავარი. რამდენად ცუდად დატრიალდა ეს ყველაფერი და უზნეოდ, ამაზე საუბარი არც მინდა, რადგან ახლაც ისმის ეს ფრაზები პარლამენტის ტრიბუნიდან.
რაც შეეხება გახარიას, დარწმუნებული ხართ, რომ მამუკა ხაზარაძის ინტერესებში შედის ლონდონიდან პასუხის დროულად მოსვლა? ან როგორ დაამტკიცებს ქაღალდზე გახარიას ანაბეჭდების არსებობას, ოფიციალურად აუღო ვინმემ შს მინისტრს ნიმუში თუ არაოფიციალურად მოიპოვა ვინმემ ეს ანაბეჭდები? რაც ძალიან მარტივია. რომელიმე ღონისძიებაზე მიირთვით წყალი და მერე მაგ ჭიქაზე დატოვებული ანაბეჭდები თუ ვინმეს დასჭირდება, კენედის მკლელობის საქმეშიც მოხვდება. ამიტომ ადამიანების _ განსაკუთრებით პოლიტიკური თანამდებობის პირების დისკრედიტება ადვილია. მთავარია, ჩვენ რას ვიაზრებთ და ეს ჩვენი გააზრება რამდენად ჯდება არა მხოლოდ სამართლიანობის, არამედ სამართლებრივ პრიზმაში.
ყველას უნდა გვახსოვდეს და განსაკუთრებით ყველა ხელისუფლებას, რომ ქართული სისხლის სამართლის კოდექსი სიტუაციას, როდესაც ერთი სამართლებრივი სიკეთის გადარჩენას მეორე თანაბარმნიშვნელოვანი სამართლებრივი სიკეთე ეწირება, სახელდებით არ ითვალისწინებს. შენი სიცოცხლე ჩემს სიცოცხლეზე მეტი არ ღირის და არც შენი ახლობელი დამნაშავეა ჩემს ახლობელ დამნაშავეზე უკეთესი იმის გამო, რომ შენ დიდი ვინმე გგონია თავი.
გოჩა მირცხულავა