„დამოუკიდებლად ვაპირებთ ბრძოლას“
გიგა გელხვიიძე
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელი და რამდენიმე თვეღა რჩება, შესაბამისად, ქართული პოლიტიკური დღის წესრიგიც იცვლება. ახლა ყველა პოლიტიკური პარტია იმაზე ფიქრობს, თუ როგორ ესაუბროს ამომრჩეველს, რომ მისი ნდობა მოიპოვოს.
ოპოზიციურ ველზე სრული ქაოსია. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული პარტია საკუთარ მიზნად ერთსა და იმავე სურვილს ასახელებს, რომელიც ევროკავშირზე გადის, იქამდე მისაღწევი გზა სრულიად განსხვავებულად ესახება.
ბოლო პერიოდის კვლევებმა, რომლებიც უცხოურმა კვლევითმა ორგანიზაციებმა ჩაატარეს, აჩვენა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები არ გაერთიანდებიან, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კვლავ იქნება წარმოდგენილი უმრავლესობა, რომელსაც სრულად დააკომპლექტებს „ქართული ოცნება“ და ეს მათთვის ხელისუფლებაში მეოთხე ვადით ყოფნას ნიშნავს, ხოლო ოპოზიცია დაკომპლექტდება რამდენიმე პარტიით, რომლებიც შეძლებენ ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გადალახვას. ამ მოცემულობით პარლამენტში შესაძლოა სულ სამი ოპოზიციური პარტია შევიდეს: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „ლელო“ და შესაძლოა, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ისევ აქტუალური გახდა კითხვა, _ უნდა გაერთიანდეს თუ არა ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორც ეს 2020 წელს მოხდა (ლეიბორისტული პარტიის ინიციატივით)? კითხვაზე უმეტესწილად ხისტი პასუხები ისმის. თითოეული პარტია მიიჩნევს, რომ მას შეუძლია საარჩევნო 5%-იანი ბარიერის გადალახვა ისე, რომ არავისთან გაერთიანებას არ საჭიროებს; თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც რეიტინგების მიხედვით უფრო მაღალ საფეხურებზე დგანან, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, შესაბამისად, ცდილობენ, რომ დაბალი პროცენტული მაჩვენებლის მქონე პარტიები თავიანთი ქოლგის ქვეშ გააერთიანონ და გახდნენ ერთგვარი გარანტორი იმისა, რომ ისინი პარლამენტში შევლენ.
ამ მხრივ პირველი ინიციატორი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ახალი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი აღმოჩნდა. ხაბეიშვილს ბევრი არ უფიქრია და მენტორული ტონით მოუწოდა პარტიებს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებულიყვნენ, რადგანაც გამარჯვების გასაღები მხოლოდ მათ ხელში იყო, თანამშრომლობის შემთხვევაში კი შესაძლებლობა იქნებოდა მისი გადამრავლებისა და კოლეგებისთვის განაწილებისაც. ხაბეიშვილის ამ განცხადებას ძალიან მძიმე რეაქციები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში და ყველამ ერთხმად განუცხადა უარი, ერთადერთი გამონაკლისი აღმოჩნდა თაკო ჩარკვიანი, რომელმაც კარგად იცის, რას ნიშნავს სხვა, შედარებით რეიტინგულ პარტიასთან შექმნილი „კოალიციის“ ხარჯზე პარლამენტში შესვლა.
ოპოზიციის მძაფრი რეაქციის შემდგომ ერთობაზე უკვე პარტია „ლელო“ ალაპარაკდა, თუმცა ენმ-სგან განსხვავებით, აქ მიმართვის ტონი დაბალანსებული და შერბილებული იყო. პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების გასაღები ხალხშია, რომელიც ოპოზიციისგან კონკრეტულ ქმედებებს ელოდება, ამიტომაც კარგი იქნება, თუ მომავალ არჩევნებზე ვნახავთ პროდასავლურ ოპოზიციურ ერთობას, ყველა, მინუს „ნაციონალური მოძრაობა“. ხაზარაძე მიიჩნევს, რომ პარტიასთან, სადაც ის პროცესები განვითარდა, რაც ბოლო პერიოდში იხილა საზოგადოებამ, რაიმე გაერთიანებაზე საუბარი წარმოუდგენელია, გამომდინარე იქიდან, რომ ხალხის სურვილი აცდენილია მათ იდეებსა და ქმედებებს.
რა ხდება ქართულ პოლიტიკაში? როგორია სამომავლო გეგმები? გაერთიანდებიან თუ არა რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან ლეიბორისტები, რომლებიც 2020 წელს თავად იყვნენ ერთობის სულისჩამდგმელები? _ სწორედ მათმა ლიდერმა შეძლო, საკუთარი პარტიის „ფანჩატურში“ თავი მოეყარა ყველა ოპოზიციური პარტიისთვის, რათა ერთად ებრძოლათ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.
„ქრონიკა+“-ი ესაუბრება ლეიბორისტული პარტიის გენერალურ მდივან გიორგი გუგავას:
_ ბატონო გიორგი, პარტია „ლელო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად სთავაზობენ ოპოზიციურ პარტიებს თავიანთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას. აპირებს თუ არა ლეიბორისტული პარტია მოლაპარაკებების წარმოებას?
_ რა თქმა უნდა, არა! ოპოზიციამ, რომელმაც პირობა არაერთხელ დაარღვია და დღესაც, ირიბად თუ პირდაპირ, ხელისუფლების თამაშს თამაშობს, რომლითაც, თავის დროზე, პარლამენტს ლეგიტიმაცია შესძინა და დღემდე, სამწუხაროდ, ზოგი გაცნობიერებულად და ზოგი გაუცნობიერებლად, მის წისქვილზე ასხამს წყალს, მათთან ჩვენ არაფერი გვესაქმება. ჩვენ დამოუკიდებლად ვაპირებთ ბრძოლას. ვართ რეპრესირებული პარტია ხელისუფლების მხრიდან და ეს დამსახურება არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ იმ ოპოზიციისაც არის, დღეს რომ ჭიკჭიკებს. არა მხოლოდ შესვლით, არამედ ბევრ მათგანს ჩვენ წინააღმდეგ ხმაც აქვს მიცემული, როდესაც კომისიის წევრებს გვართმევდნენ, პარტიას სარეკლამო დროს ართმევდნენ, როდესაც შალვა ნათელაშვილს რიცხავდნენ პარლამენტიდან. აქედან გამომდინარე, მათ ბევრი ცოდვა მიუძღვით ჩვენ წინაშეც, ქვეყნის წინაშეც და დღეს კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ირიბად თუ პირდაპირ, რეჟიმის თამაშს თამაშობენ.
_ როგორ ფასდება თქვენი გადმოსახედიდან ქართულ პოლიტიკურ ველზე მიმდინარე პროცესები? ვის ხელშია გამარჯვების გასაღები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?
_ გამარჯვების გასაღები არის ქართველი ხალხის ხელში და, ამავე დროს, ამ გამარჯვებას აახლოებს ისიც, თუკი უცხოეთიდან, ჩვენი მოკავშირეების მხრიდან, რეჟიმის ემისრების მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები. ეს არის გამარჯვების ფორმულა. ზოგიერთს, მგონი, ყველაფრის გასაღები დაკარგული აქვს.
_ როგორ ფიქრობთ, დაუწესდება სანქციები საქართველოს ხელისუფლებას?
_ ცალსახად უკრაინის ომის შემდეგ დავინახეთ ის, რასაც 10 წლის მანძილზე ვამბობდით, რომ ეს არის პუტინის სატელიტი რეჟიმი, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, არამედ უკვე საერთო გლობალურ, გეოპოლიტიკურ საფრთხეს ქმნის რეგიონში, შესაბამისად, გარდაუვალია მათი სანქცირება. ამაზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ.
_ რას იტყვით ღარიბაშვილისა და შოლცის შეხვედრაზე?
_ მგლის თავზე სახარების კითხვაა ის, რომ ჩვენი ხელისუფლება, დღევანდელი ოლიგარქიული მმართველობა, რაიმე პირობას ან დათქმას შეასრულებს, რომელიც ევროპისაკენ წაიყვანს ამ ქვეყანას და დააახლოებს მის სტრატეგიულ მოკავშირეს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს პუტინის სატელიტი სატრაპები. სპარსეთში ჰყავდათ ასეთი სატრაპები პოლიციელების მმართველებად, ასეთი ფუნქცია აქვს რუსეთისთვის ივანიშვილის ხელისუფლებას.
_ როგორ შეაფასებდით საქართველოს პრეზიდენტის საკმაოდ შერბილებულ ტონს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას?
_ ზურაბიშვილი არის ივანიშვილის ტროას ცხენი, რომელსაც ათამაშებს, რომ როგორღაც თავი დაიძვრინოს სანქციებისგან. არ დაიჯეროთ, რომ სალომე ზურაბიშვილი წავა ბიძინა ივანიშვილის ან ამ ხელისუფლების ან რუსეთის წინააღმდეგ.
_ თვენი შეფასებით, მმართველი პარტია სრულად რუსული დირექტივებით მოქმედებს?
_ „ქართული ოცნება“ მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც პუტინი. ისინი აკეთებენ იმას, რა დავალებასაც მიიღებენ რუსეთის ხელისუფლებისგან.
_ თუ 2024 წლის არჩევნებზე ვერ მოხერხდა ხელისუფლების ცვლილება, რა რეალობის წინაშე დავდგებით?
_ თუ ხელისუფლება არ შეიცვალა, ეს ნიშნავს ქართული სახელმწიფოებრიობის დასრულებას, ქართული გენეტიკის დასამარებას და ამ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ აღმოვჩნდებით რუსეთის ხახაში.
_ ანუ ფიქრობთ, რომ „ქართული ოცნება“ ვეღარ იქნება ხელისუფლებაში?
_ აუცილებლად უნდა შეიცვალოს, ეს გარდაუვალია.