გურამ ლურსმანაშვილი: „მსოფლიო პატრიარქი საქართველოს ეკლესიას არ აკადრებს მწყემსმთავრის პირადი ცხოვრების საკითხის გამოკვლევას“
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განვითარებული მოვლენები ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთაც გახდა მსჯელობის საგანი. ე. წ. ციანიდის საქმიდან, მეტადრე ხმაურიანი ბოლო სინოდის სხდომამდე, რამდენი რამ წარმოჩინდა ეკლესიის წიაღში როგორც აქტუალური პრობლემა, თუმცა ვითარება აფეთქდა იქ, სადაც ამას არავინ ელოდა და საერთო ეროვნული შოკი გამოიწვია.
ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილს ესაუბრა.
_ მართალია, ცალკეული საეკლესიო იერარქი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული ვითარების შეფასებისას აცხადებს, რომ შეუძლებელია, ეკლესია იყოს კრიზისში, თუმცა მათ ლოგიკასაც რომ მივყვეთ, ცხადზე უცხადესია, რომ ვითარება ძალიან მძიმეა. რაც უფრო მეტს ფიქრობ ადამიანი და მსჯელობ ამ საკითხზე, მით უფრო შედიხარ ლაბირინთში. ამის მიუხედავად, იქნებ, შევძლოთ ვითარებაში მეტ-ნაკლები გარკვევა. პირდაპირ ვიკითხავ, _ რა ხდება ეკლესიაში?
_ საქართველოს ეკლესიაში სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ ალბათ შეუძლებელიცაა ცივ გონებაზე ანალიზის გაკეთება, მაგრამ შეძლებისდაგვარად მაინც შევეცადოთ, რომ მკითხველს სიტუაციის უკეთ ანალიზში დავეხმაროთ. ამაში უპირველესად გვჭირდება დავიწროებული საკითხები გავშალოთ და უფრო სიღრმისეულად ჩავიხედოთ პროცესებში. მშრალი ფაქტები ისედაც ყველამ იცის: გვახსოვს მეუფე იაკობის ცნობილი და სკანდალური ინტერვიუ, შემდეგ ჩვენი წმინდა სინოდის სხდომა, რომელსაც ლამის ერთი წელი ველოდით, სინოდის უჩვეულო განვითარება, მეუფე პეტრეს განყენება და ანერვიულებული ჭყონდიდელი ეპისკოპოსის უმძიმესი ბრალდება პატრიარქისადმი. ეს მშრალი ფაქტებია, რომელიც საქართველოში, ალბათ, ისედაც ყველამ იცის. შევეცადოთ, ცოტა სისტემურად მივუდგეთ საკითხს.
_ ზუსტად ამის სურვილით დავსვი კითხვა, _ რა ხდება?
_ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე უნდა ვთქვათ, რომ კომუნისტური მმართველობისას ეკლესია დიდი იმპერიის იდეოლოგიური იარაღი იყო, მაგრამ, მეტ-ნაკლებად, იმ შეზღუდულ ვითარებაში ეკლესია მაინც ახერხდება ქართველი მოსახლეობისთვის დადებითი პროცესების ორგანიზებასაც. ეს დაახლოებით სახელმწიფოს სიტუაციას ჰგავს, როდესაც საბჭოთა პერიოდში საქართველო დანარჩენი მოკავშირე სახელმწიფოებისგან მართლაც გამორჩეული იყო, ილტვოდა დამოუკიდებლობისკენ, მაგრამ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ თუ არა, სახელმწიფოს შენება კი არა, რაც გვქონდა იმის ნგრევა დავიწყეთ, ამ ნანგრევებიდან კი ბოლომდე დღესაც ვერ ამოვსულვართ. ეკლესიამაც მიიღო თუ არა დამოუკიდებლობის „დოკუმენტური დასტური“ _ ვგულისხმობ 1990 წლის ავტოკეფალიის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას კონსტანტინოპოლისგან _ პროცესები უკუღმა წავიდა.
_ რას გულისხმობ?
_ პუტჩის მოვლენები, საერთაშორისო საეკლესიო ორგანიზაციებიდან გამოსვლა, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა, ქრისტეს მაგივრად მთლიანად პოლიტიკურ პროცესებზე ყურადღების გადატანა, გავლენიან და შემოსავლიან ინსტიტუტად ჩამოყალიბება და ა. შ. რეალურად მივიღეთ ახალი პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელსაც მატერიალურ დოვლათს აძლევს ხელისუფალი, ხოლო თავის მხრივ კი იგი ეხმარება ხელისუფალს, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ძალაუფლების პირამიდის სათავეში. თუმცა ისიც ვთქვათ, რომ საპატრიარქო ბოლომდეც არ ერთგულებდა ხელისუფალს, დაინახავდა თუ არა მის შერყეულ სკამს და მეორე, საკმაოდ მძლავრ ძალას, ძალიან დახვეწილად გადადიოდა ამ უკანასკნელის სამსახურში.
_ მართალია, ამაზე არავის სურს საუბარი ან კანტიკუნტად საუბრობენ, თუმცა ცხადია, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ეს ფეოდალური სისტემა საკმაოდ მახინჯი აღმოჩნდა და ხშირ შემთხვევაში შემაფერხელებლიც კი ეკლესიისა და სახელმწიფოს განვითარებისთვის. გაგაწყვეტინე საუბარი, გააგრძელე…
_ გამოიჩეკა ახალი, ჩაკეტილი სისტემა, ხელისუფლებისგან მიღებული საკანონმდებლო პრივილეგიებით, უკონტროლო ფინანსებით, დიდი გავლენებით, ათასობით „ჯარისკაცით“ და ამ ჯარისკაცთა გავლენის ქვეშ მყოფ ათიათასობით ადამიანით. როდესაც ასეთი სტრუქტურა იქმნება გარდაუვალია, რომ მის შიგნით არ შეიქმნას სხვადასხვა სახის კლანი და კარტელი, რომელთა ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმები საკმაოდ მძიმეა.
ამ უკონტროლო პროცესების დროებით (რა თქმა უნდა, დროებით, თორემ არსებითად მისი შეკავება შეუძლებელია) შემაჩერებლად ერთადერთი ძალა საქართველოში პატრიარქის პიროვნება აღმოჩნდა, რომელსაც, როგორც ძალიან მაღალი დონისა და დახვეწილ პოლიტიკოსს, შეეძლო და შეუძლია, რომ ამ ჩახლართულ სისტემას გარედან მეტ-ნაკლებად მისთვის სასურველი- სტაბილური სახე ჰქონდეს. პატრიარქს წლები ემატება, შესაბამისად, რთულდება ამ ჩახლართული სისტემის დაჭერა და სწორედ ამ შედეგების მოწმენი ვართ ახლა.
_ გასაგებია, მაგრამ ნებისმიერი ქმედება, მით უფრო, ასეთი მასშტაბური, ვიღაცას აწყობს და ვიღაც რჩება მოგებული, ვიღაც ამით სარგებლობს. ამ შემთხვევაში, ანუ დღეს, ვის აწყობს ეს?
_ პირადად მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ უკანასკნელი პროცესები საქართველოს ხელისუფლებას ან რუსულ ძალებს აწყობთ. პირიქით მგონია. წარმოიდგინეთ ხელისუფლების ადგილას თავი, ერთ წელიწადში მოდის საპარლამენტო არჩევნები. რომელი უფრო სასურველია, რომ ადრინდელივით „შეკრული სტრუქტურა“ იყოს საპატრიარქო, რომელიც საკუთარ მილიონობით მრევლს კონკრეტული პოლიტიკური შედეგისთვის დარაზმავს, თუ დაქსაქსული, საიდანაც რომელი მხარე რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერს მხარს, კაცმა არ იცის.
_ მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ გვაქვს თუნდაც მეუფე იაკობის განცხადება, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ერეოდა საპატრიარქოს საქმეში _ ეს მსუბუქად ვთქვი ახლა…
_ მესმის და გეთანხმები, არ შეიძლება ყურადღების გარეშე დავტოვოთ ის გავრცელებული ინფორმაციები, რომ ხელისუფლება პატრიარქის გადაყენებას ცდილობდა. მე პირადად ამ ინფორმაციის არც უარყოფა და არც დათანხმება არ შემიძლია, მაგრამ იმას კი ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებს, რომ პატრიარქი გადააყენოს.
_ რუსეთი ახსენე და ამ ვითარებით სარგებლობა ანუ პატრიარქის გადაყენება რატომ არ აწყობს რუსეთს?
_ რაც შეეხება რუსეთს, გადახედეთ უახლეს ისტორიას: ყოველთვის, როცა საქართველოს ეკლესია რაიმე პრინციპული არჩევანის გაკეთების წინაშე დგებოდა რუსულ და კონსტანტინოპოლის მხარეს შორის, ცალსახად ყოველთვის ჩრდილოურ მხარეს იჭერდა.
_ მკითხველი ფაქტებს მოითხოვს გამოთქმული პოზიციის დასტურად…
_ ამერიკის ე. წ. ავტოკეფალიის აღიარება, კრეტის კრების ბოიკოტი, უკრაინის საკითხზე გაურკვეველი პოზიცია და ა. შ. რაში უნდა აწყობდეს რუსეთს თავისი ასეთი „პარტნიორის“ შიდა სამზარეულოს არევა? მე პირადად მოტივს ვერ ვხედავ.
_ საკმაოდ სადავოა ეს მოცემულობა, მაგრამ ასე დავტოვოთ. ახლა ის მაინტერებს, რატომ აფეთქდა ვითარება პირად ცხოვრებაზე თუ პირად კადრებზე, რომელიც არავის უნახავს და რომლის შესახებაც ჭორაობენ?
_ ველოდებოდი, რომ ამას მკითხავდი და საუბარში აუცილებლად მოგვიწევდა პირადი ცხოვრების ე. წ. კადრების ხსენება. ჩემთვის პირადად ნებისმიერი ადამიანის პირადი ცხოვრების საჯარო განხილვა პრინციპულად მიუღებელია, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა სახის სექსი და ვისთან აქვს ამა თუ იმ გავლენიან ადამიანს, ყველა საკუთარ ქმედებებზე თავად აგებს პასუხს, მაგრამ ჩემთვის აქ სხვა პრობლემაა.
_ რა პრობლემა?
_ დიდი ხანია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვადასხვა სასულიერო პირის ტრადიციული თუ არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის დამადასტურებელი კადრების არსებობის გამო სხვადასხვა მთავრობა ყოველთვის ცდილობს საპატრიარქოს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, რაც უკვე სერიოზული პრობლემაა ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ასევე საქართველოს ავტოკეფალიური ეკლესიის შვილისთვის. რაც შეეხება ამ თემაზე ეპისკოპოსებისგან საჯარო საუბარს, გულახდილად რომ ვთქვათ, ამ ფორმით გამოხატვა იყო სიახლე, თორემ თავად საკითხი და პრობლემა საკმაოდ ძველია. შეგახსენებთ 1980-იანი წლების პერიოდის მოვლენებს, როდესაც ეპისკოპოსთა წერილებიც კი ქვეყნდებოდა საპატრიარქოს ზემო ეშელონებში არსებული „ჰომოსექსუალთა ლობის“ შესახებ.
_ მესმის, საკმაოდ ცნობილი სკანდალები ახსენე. თავად ამ საკითხთან მიმართებით არსებობს ზვიად გამსახურდიას წერილი პატრიარქის მიმართ, მაგრამ არ მომხდარა ისე, რომ მას პირადად პატრიარქი დაედანაშაულებინოს ამ საკითხში, ამ ცოდვაში…
_ კიდევ ერთი ტენდენცია, რაც აქამდეც არსებობდა და ახლაც ნათლად ვიხილეთ, არის ის, რომ ამა თუ იმ სასულიერო პირის კანონიკური, დოგმატური, პოლიტიკური, ეთიკური თუ სხვადასხვა სახის პრობლემა „უმტკივნეულოდ გვარდება“. აი, ტრაგიკული შედეგები კი დგება მაშინ, როდესაც ესა თუ ის ადამიანი მის უწმინდესობასა და უნეტარესობასთან პიროვნულ კონფლიქტში შედის.
საქრთველოს ეკლესიის ბოლო წლების შიდა მოვლენებს მე ერთ მიმართულებას მივცემდი: „ნუ იქნება ოღონდ ბუნტი“, ე. ი. ოღონდ ეკლესიაში არ გამოჩენილიყო, რომ პრინციპულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა და თითქმის ყველანაირი მსხვერპლი იყო გაღებული ამისთვის. მაგრამ მსოფლიო ეკლესიის ისტორია იმასაც ცხადად გადმოგვცემს, რომ ეს მიდგომა ტრაგიკულ შედეგებს იწვევს, რეალურად ბუნტიც ჩდება, ბევრი დაფარულიც მჟღავნდება და ხშირად სქიზმამდეც მიდის ხოლმე საქმე. უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ეკლესია, ალბათ, პირველად დადგა სერიოზული სქიზმის წინაშე. ყველაფერი მეუფე პეტრეზეა დამოკიდებული, რომლის ერთი მოწოდებაც კი საკმარისია, რომ მისი სასულიერო პირებისა და მრევლის დიდმა ნაწილმა უარი თქვას საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში ყოფნაზე.
_ ეს მართლაც დაამძიმებს ისედაც არსებულ უმძიმეს ვითარებას. აქ, ვფიქრობ, სინოდზეც ბევრია დამოკიდებული, რომელიც ახლა საშურველი ერთიანობის დემონსტრირებას ახდენს. რამდენად იქნება ეს ერთიანობა იმის საფუძველი, რომ ეკლესიის წიაღში ან საპატრიარქოში არსებული პრობლემები გარეთ არ გამოვიდეს და შიგნით მოგვარდეს?
_ თურმე, ნუ იტყვით და არც მთლად რძე და თაფლი მოედინება სინოდის სხდომის დროს, იგინებიან, ხელით გაწევ-გამოწევაა, წვერის დაპუტვა, პანაღიის ჩამოგლეჯა და ა. შ. თუ ჩემი პროგნოზი გაინტერესებთ, ვფიქრობ, დროის გასვლასთან ერთად უფრო მეტად მოიმატებს საპატრიარქოს შიდა კულუარული სკანდალების გამომზეურება, რომელსაც თავად ამ წრეში მყოფი ან მასთან დაახლოებული ადამიანები გამოიტანენ. იმედია, ქართველი მოსახლეობა ამ პროცესებს მომზადებული შეხვდება.
_ ანუ არ გამორიცხავ ვითარების დამძიმებას? საზოგადოება აქტიურად განიხილავს საკითხს მეუფე პეტრეს მხრიდან აპელაციის შესაძლებლობის შესახებ. რა ხდება ამ მიმართულებით?
_ კიდევ ერთი საკითხი, რომელზედაც, ალბათ, აუცილებელია მკითხველის ყურადღება შევაჩეროთ, აპელაციის საკითხია, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური უკრაინის ცნობილი ამბების შემდეგ გახდა. მოგეხსენებათ, მიტროპოლიტებმა ფილარეტ დენისენკომ და მაკარი მალეტიჩმა მოსკოვის ეკლესიისგან მიღებული გადაწყვეტილება მსოფლიო საპატრიარქოში გაასაჩივრეს და ამ უკანასკნელმაც ეს საჩივარი დააკმაყოფილა. თეორიულად მეუფე პეტრეს, რა თქმა უნდა, აქვს უფლება, რომ აპელაციის მოთხოვნით კონსტანტინოპოლს მიმართოს, ისევე როგორც მსოფლიო საპატრიარქოს აქვს უფლება, განიხილოს სხვა ეპისკოპოსის მიერ დასჯილი მღვდელმთავრის საკითხი. მაგრამ თეორიული მსჯელობა რომ გვერდით გადავდოთ, რეალურად, იმ კონკრეტულ საკითხზე, რაზეც ეს ცნობილი მოვლენები განვითარდა, ჩემი აზრით, აპელაციის უფლების პრაქტიკულ გამოყენებაზე საუბარიც კი უადგილოა.
_ რატომ? რა მიზეზით?
_ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, უპირველესად, საკუთარ ეკლესიას, შემდეგ კი საქართველოს ეკლესიას არ აკადრებს იმას, რომ მწყემსმთავრის პირადი ცხოვრების საკითხის გამოკვლევა დაიწყოს.
_ გასაგებია. და რა არის გამოსავალი ამ ჩახლართული და საკმაოდ მძიმე, ამავდროულად, დელიკატური ვითარებიდან?
_ ჩვენ საკმაოდ სისტემურ პრობლემებს შევეხეთ, რომელთა გამოსწორებაც საქართველოს ეკლესიისა და სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რაც რთულია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. რაც შეეხება კონკრეტულ გასატარებელ ღონისძიებებს, ამაზე, ალბათ, სჯობს, ცალკე ვისაუბროთ.
კოკა წერეთელი