გრიფით საიდუმლო – რას წერს გურამ ამირხანაშვილი მეხუთედ შეცვლილ ჩვენებაში?

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის შემდეგ დაკავებული 17 პირიდან ზოგიერთს ბრალი დაუმძიმეს, ზოგიერთსაც საპროცესო გარიგებას უფორმებენ. გამოძიება ოჯახის ადვოკატი ბიძისა და საგამოძიებო ექსპერიმენტების იმედადაა. ახალი მტკიცებულებები მკვლელობის საქმეში არ დევს. მას შემდეგ, რაც მედიამ საქმის მასალების 23 ტომში უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტი და ჩვენება აღმოაჩინა, რამაც თავდაყირა დააყენა პირვანდელი ვერსია, გამოსავალი საქმის დარჩენილ სამ ტომზე გრიფით საიდუმლოს დადება აღმოჩნდა, ბრალდებულების ადვოკატებს კი გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი. ამის მიუხედავად, „ქრონიკა+“ გთავაზობთ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, გურამ ამირხანაშვილის მეხუთედ შეცვლილ ჩვენებას.

გურამ ამირხანაშვილი
სტუდენტი

საქმესთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ მსურს დამატებით მოგაწოდოთ ინფორმაცია და დავაზუსტო რიგი გარემოებები, რომლებზეც ვისაუბრე წინა გამოკითხვის დროს. მოგახსენებთ, რომ 2020 წლის 19 ივნისს ღამის საათებში ანა გაბეჩავას დაბადების დღიდან წამოსვლის შემდგომ მე, გიორგი შაქარაშვილი, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგაძე, დიჯეი კონსტანტინე ღიბრაძე, ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე ფეხით გადავადგილდებოდით მდინარე არაგვზე, გადასასვლელ საავტომობილო ხიდზე თბილისის მიმართულებით. ხიდზე გადასვლისას კონსტანტინე ღიბრაძე და გიორგი ქათამაძე მიდიოდნენ წინ, მათ უკან მიდიოდა იაკობ ბრეგაძე და მას შემდეგ მივდიოდით მე, გიორგი შაქარაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი, აქვე მოგახსენებთ, რომ იმ პირთა ნაწილის სახელები და გვარები მე წინა გამოკითხვისას ზუსტად არ ვიცოდი, თუმცა შემდეგში გავიგე, ვინ ვინ იყო. მას შემდგომ, როდესაც ჩვენ გადავიარეთ არაგვის ხიდი და გავიარეთ რამდენიმე მეტრი, კონსტანტინე ღირბაძის და გიორგი ქათამაძის წინ გაჩერდა ვერცხლისფერი ავტომობილი, როგორც შემდგომში გავიგე, „მერსედესის“ მარკის, საიდანაც სწრაფად გადმოვიდა მანქანაში მყოფი ექვსი პიროვნება, რომლებიც წამოვიდნენ ჩვენი მიმართულებით, რა დროსაც დავინახე, რომ მანქანის წინა მარჯვენა კარიდან გადმოსულ პიროვნებას, რომელიც შემდგომ ამოვიცანი და გავიგე, რომ იყო ნიკა ჟვანია, ხელში ეკავა დაახლოებით 40-50 სმ-ის მოგრძო ფორმის რკინის ხელკეტი, რაც მიახლოებისთანავე დაარტყა კონსტანტინე ღიბრაძეს. აღნიშნულის შემდგომ, როგორც მახსოვს, კონსტანტინე ღიბრაძე გაიქცა მათგან თბილისის მიმართულებით, ამავდროულად, მე დავინახე, რომ ხიდის მხრიდან ჩვენი მიმართულებით გამოიქცა ის ორი პიროვნება, რომელიც გზაზე მსვლელობის დროს წამოგვეწია და გიორგი ქათამაძეს გამოართვეს ტელეფონის ნომერი. როგორც შემდგომ შევიტყვე, ისინი იყვნენ ლაშა შერმადინი და გიორგი მერაბიშვილი. ამავდროულად, ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა გიორგი ქათამაძეს დაუწყეს ცემა, ხოლო ნაწილი გამოიქცა ჩვენი მიმართულებით, რა დროსაც ვახტანგ ახვლედიანი გარკვეული პერიოდი შეყოვნდა, ხოლო მე და გიორგი შაქარაშვილი გავიქეცით არაგვის ხიდზე, დასავლეთის მიმართულებით, ისე რომ მეორე მიმართულების სამოძრაო ზოლში არ გადავსულვართ. მალე ჩვენ წამოგვეწია ვახტანგ ახვლედიანიც, ხოლო იაკობ ბრეგაძე იმ მომენტში საით გაიქცა, არ დამინახავს და შემდგომაც ვეღარ ვნახე ვერსად. ჩვენ გავედით ხიდის თითქმის ბოლომდე და გავჩერდით, რადგან ჩვენი მიმართულებით წამოსული პიროვნებები აღარ მოგვდევდნენ. როდესაც უკან მოვიხედეთ, დავინახე, რომ ავტომობილით მოსული პირები სცემდნენ და თან აგინებდნენ გიორგი ქათამაძეს, რა დროსაც აღნიშნულ პირებთან აგრეთვე მივიდნენ და მათთან ერთად გიორგი ქათამაძის ცემა დაიწყეს გიორგი მერაბიშვილმა და ლაშა შერმადინმა. ცემის დროს გიორგი ქათამაძე შეეცადა გაქცევას, რა დროსაც იგი წაიქცა. ზემოაღნიშნულმა პირებმა განაგრძეს წაქცეული გიორგი ქათამაძის ცემა, თუმცა მალევე დაანებეს მას თავი და ჩასხდნენ ავტომანქანაში და წავიდნენ თბილისის მიმართულებით. ავტომობილით წავიდნენ „მერსედესით“ მოსული ექვსივე პიროვნება, აგრეთვე გიორგი მერაბიშვილი და ლაშა შერმადინი. ვერც ერთი მათგანი მე იმ ტერიტორიაზე მობრუნების დროს ვეღარ ვნახე. ავტომობილით წასვლის შემდგომ, მე ვახტანგ ახვლედიანმა და გიორგი შაქარაშვილმა კვლავ გადავიარეთ არაგვის ხიდი და მივედით გიორგი ქათამაძესთან, რომელსაც მივეხმარეთ და წამოვაყენეთ ფეხზე. მას ცემის გამო დაზიანებები ეტყობოდა სახეზე და სხვადასხვა ადგილიდან მოდიოდა სისხლი. ამ დროს იმ ტერიტორიაზე მე გიორგი შაქარაშვილის, ვახტანგ ახვლედიანისა და გიორგი ქათამაძის გარდა არავინ დამინახავს, შესაბამისად, ვიმყოფებოდით ოთხნი, ხოლო კონსტანტინე ღიბრაძე და იაკობ ბრეგაძე არ ვიცით, თუ სად წავიდნენ. მას შემდგომ, რაც ჩვენ ფეხზე წამოვაყენეთ გიორგი ქათამაძე, ოთხივემ ერთად კვლავ განვაგრძეთ მოძრაობა თბილისის მიმართულებით და სანამ სამრეცხაოსთან მივედით, შევჩერდით მოხრეშილ მოედანზე, რა დროსაც ჩვენთან ახლოს გაჩერდა მუქი ფერის ავტომანქანა, რომელიც, როგორც მერე ჩემთვის ცნობილი გახდა, არის „ტოიოტა ქამრის“ მარკის და მოდელის. ამ ავტომანქანის გაჩერებისთანავე ჩვენ მივხვდით, რომ ისევ აპირებდნენ ჩვენს ცემას, რის გამოც ოთხივე მაშინვე გავიქეცით არაგვის ხიდის მიმართულებით, ავტომობილის გაჩერებისთანავე სწრაფად გადმოვიდნენ მანქანაში მყოფი პირები ექვსი პიროვნება, რომლებსაც აშკარად ეტყობოდათ, რომ ჩვენ მიმართ იყვნენ აგრესიულად განწყობილები და ისინი სირბილით და გინებით გამოიქცნენ ჩვენი მიმართულებით. ჩვენგან პირველი გარბოდა გიორგი შაქარაშვილი, შემდგომ მირბოდა ვახტანგ ახვლედიანი, მის შემდეგ გავრბოდი მე და ჩემ უკან მორბოდა გიორგი ქათამაძე. მას შემდგომ, რაც გადავირბინეთ ხიდი, დავინახე, რომ გიორგი შაქარაშვილმა გადაკვეთა საავტომობილო გზა, შემდგომ გზების გამყოფი გაზონი და გადავიდა მეორე მხარეს, დასავლეთის მიმართულებით სამოძრაო ზოლში, მას მიყვა ასევე ვახტანგ ახვლედიანი, შემდგომ მეც. მას შემდგომ, რაც მე გადავჭერი გზა და გადავედი გზების გამყოფ გაზონზე, დავინახე, რომ გიორგი შაქარაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი გარბოდნენ დასავლეთის მიმართულებით და საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, ჩაუხვიეს ე. წ. მეორეხარისხოვან მეორად საავტომობილო გზაზე, ამ დროს, ვინაიდან უკვე სირბილით ვიყავი დაღლილი, ამასთან მეცვა სირბილისთვის არაკომფორტული ფეხსაცმელი, რის გამოც შესაძლოა დამწეოდნენ მდევრები, გადავწყვიტე დავმალულიყავი გზის მარჯვენა მხარეს, არსებული ფერადი შენობის უკან, მივირბინე აღნიშნულ შენობასთან, თუმცა ვიდრე შევირბენდი ფერადი შენობის უკან, დავინახე, რომ ვახტანგ ახვლედიანი გარბოდა ე. წ. მეორეხარისხოვან (მეორადი) საავტომობილო გზაზე ხელმარცხნივ მდებარე ბუჩქების მხარეს, ხოლო გიორგი შაქარაშვილი გარბოდა მის წინ საავტომობილო გზაზე, დაღმართზე. როდესაც შევედი ფერადი შენობის უკან, ვინაიდან იყო სიბნელე და ვერ ვხედავდი იქ არსებულ ტერიტორიას, ეგრევე ჩავვარდი იქვე არსებულ ორმოს მსგავსს დაბლობზე, საიდანაც მაშინვე ამოვედი უკან და რადგან მაინტერესებდა სიტუაცია, ფრთხილად გამოვიხედე შენობის იმ ნაპირიდან, საიდანაც შევედი, რა დროსაც ვხედავდი როგორც ავტობანის მხარეს, ასევე ე. წ. მეორეხარისხოვან საავტომობილო გზას სრულად. ავტობანის მხრიდან ვერანაირი მოძრაობა ვერ შევნიშნე, მაგრამ დავინახე, რომ სწრაფი სირბილით, ყვირილითა და გინებით მეორად საავტომობილო გზაზე დაღმართზე ჩარბოდნენ „ქამრიდან“ გადმოსული ჩვენი მდევრები, სამი ახალგაზრდა ბიჭი, რომლებიც მე მოგვიანებით ამოვიცანი და ისინი არიან ვახტანგ ჩიქოვანი, აკაკი ქვრივიშვილი და ზეზვა ხომასურიძე, სამივე მათგანი გარბოდა იმ მიმართულებით, საითაც ჩაირბინეს ვახტანგ ახვლედიანმა და გიორგი შაქარაშვილმა, ამ დროს მე ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი შაქარაშვილი აღარ დამინახავს, ვინაიდან მე ვიყავი შეშინებული და თან მდევრების ნაწილს არ ჰქონდა გადმოკვეთილი ავტობანი და არ ვიცოდი, რას მოიმოქმედებდნენ. გადავწყვიტე, ისევ ბუჩქებში დამალვა და ჩავედი აღნიშნული შენობის უკან, რა დროსაც ჩავვარდი ეკლიან ბუჩქებში და მივიღე დაზიანებები, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე უკან არ ამოვსულვარ. შევეცადე კარგად დავმალულიყავი, რათა არ ვეპოვე „ქამრიდან“ გადმოსულ პირებს, თუმცა ერთ-ერთ ეკლიან ბუჩქში გავიჭედე და ვერ ვახერხებდი წინ წასვლას, აღნიშნულ ადგილას ვიყავი დაახლოებით შვიდი-რვა წუთის განმავლობაში, რის შედეგადაც კვლავ გავიგონე რამდენიმე პიროვნების ხმა, რომლებიც მოდიოდნენ მეორადი საავტომობილო გზის მხრიდან, ქვევიდან ზევით. ამ დროს გინება აღარ ყოფილა, თანდათან ეს ხმები მიახლოვდებოდნენ, თან ყვიროდნენ, რომ გამოვსულიყავით და არაფერს დაგვიშავებდნენ. მალევე ისინი, სავარაუდოდ, ჩემი ქმედებით გამოწვეული ხმაურის გამო, მოვიდნენ შენობის უკან, საიდანაც ჩემი დანახვა იყო შესაძლებელი, აშკარად მათ დამინახეს და დამიძახეს, რომ ამოვსულიყავი. ვინაიდან მეც წასასვლელი გზა არ მქონდა, გადავწყვიტე, რომ ამოვსულიყავი უკან შენობასთან, სადაც იყვნენ აღნიშნული პირები, რომლებიც კვლავ მომიწოდებდნენ, რომ ამოვსულიყავო. ბუჩქებიდან გამოსვლის შემდგომ ფერად შენობასთან დავინახე სწორედ ის სამი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გარბოდა გიორგი შაქარაშვილის მიმართულებით, რომლებსაც ეტყობოდათ, რომ იყვნენ დაღლილები და აფორიაქებულები. აღნიშნული სამი ბიჭი იყო, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ზეზვა ხომასურიძე, აკაკი ქვრივიშვილი და ვახტანგ ჩიქოვანი. ამოსვლისთანავე მე მათ ვუთხარი, რომ ჩხუბში მონაწილეობა არ მიმიღია და მხოლოდ ვაშველებდი, რაც ერთ-ერთმა მათგანმა დამიდასტურა. ბუჩქებიდან ჩემი გამოსვლიდან მალევე დავინახე, რომ იგივე გზის პირზე გაჩერდა მუქი ფერის „ტოიოტა ქამრი“, საიდანაც გადმოვიდა მძღოლი, რომელიც მე მოგვიანებით ამოვიცანი და იგი არის ვასილ მახარაძე. ავტომობილის მოსვლიდან დაახლოებით ერთი-ორი წუთის შემდგომ, სანამ მე ვესაუბრებოდი და ვეუბნებოდი იმ ოთხ პირს, ვინ ვიყავი და რატომ დავიმალე, ქვემოდან, ანუ მეორადი საავტომობილო გზიდან, ხიდის ქვეშ არსებული სივრციდან ამოვიდა ორი პიროვნება, რომლებიც მანამდე ამ გზაზე ჩარბენილი არ დამინახავს. მე აღნიშნული პირები მოგვიანებით ამოვიცანი და როგორც გავარკვიე, ისინი იყვნენ არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი. არჩილ გაგნიძემ ჩემ შესახებ ჰკითხა დანარჩენებს და შემდეგ მოუწოდა, რომ სწრაფად ჩავესვი ავტომანქანაში და წავსულიყავით, რაც მე გავაკეთე კიდეც.
კითხვა:
წინა გამოკითხვის დროს თქვენ განმარტავთ, რომ როდესაც გადაკვეთეთ არაგვის ხიდი და ფეხით მიემართებოდით ქ. თბილისის მიმართულებით, თქვენ წამოგეწიათ ვერცხლისფერი ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა ექვსი პირი და თქვენთან ერთად მყოფ ქათამაძეს დაუწყო ცემა. ამის გამო, თქვენ გიორგი შაქარაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი და დიჯეი კოკო გაიქეცით უკან ხიდის მიმართულებით და მოშორებით ხიდზე გაჩერდით, საიდანაც ხედავდით. თუ როგორ ცემდნენ მანქანიდან გადმოსული პირები ქათამაძეს, ხოლო დღეს თქვენ აღნიშნეთ, რომ კონსტანტინე ღიბრაძე, ნიკა ჟვანიას მხრიდან რკინის ხელკეტის ჩარტყმის შემდგომ, გაიქცა საავტომობილო გზაზე თბილისის მიმართულებით და თქვენ მხარეს არ წამოსულა, რასაც თავად კონსტანტინე ღიბრაძეც ადასურებს გამოკითხვისას და განმარტავს, რომ თავდასხმის დაწყებისთანავე მას ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მიაყენა დარტყმა, რის შემდეგაც გაიქცა არაგვის ხიდის საწინააღმდეგო მიმართულებით ავტომანქანის სავალ გზაზე, გააჩერა ტაქსი და დატოვა შემთხვევის ადგილი. გთხოვთ, განმარტოთ, რატომ მიუთითეთ წინა გამოკითხვის დროს, რომ დიჯეი კოკო იყო თქვენთან, როცა სცემდნენ ქათამაძეს?
პასუხი:
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ჩემი წინა გამოკითხვის დროს ბოლომდე გაანალიზებული არ მქონდა ბევრი გარემოება, ასევე ვიყავი სტრესულ მდგომარეობაში და მიჭირდა ძალიან ბევრი მომხდარი ფაქტის დეტალურად გახსენება. ამჟამად გავიხსენე მომხდარის დეტალები და როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მას შემდგომ, როცა კონსტანტინე ღიბრაძეს „მერსედესიდან“ გადმოსულმა ნიკა ჟვანიამ დაარტყა მის ხელთ არსებული რკინის მოგრძო ფორმის ხელკეტი, ის გაიქცა საავტომობილო გზაზე თბილისის მიმართულებით და შემდგომ ვეღარ დავინახე, თუ სად ან რითი წავიდა, რადგან მე გავიქეცი ხიდის მიმართულებით გიორგი შაქარაშვილთან და ვახტანგ ახვლედიანთან ერთად.
კითხვა:
თქვენს გამოკითხვაში განმარტავთ, რომ მეორე ავტომანქანის მოსვლის შემდეგ, გაქცევისას, ჯერ გადაირბინეთ ხიდი, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი გარბოდა წინ, მას მიჰყვებოდა ვახტანგ ახვლედიანი და შემდეგ გარბოდით თქვენ. გთხოვთ, გვიპასუხოთ, დაინახეთ თუ არა, სად იყო ამ დროს ქათამაძე? სად იყვნენ თავდამსხმელები? რამდენი თავდამსხმელი გამოგეკიდათ? მოგდევნენ თუ არა ისინი ხიდზე? რა მანძილით იყვნენ ისინი დაშორებულები თქვენგან? გიყვიროდნენ თუ არა ან მოითხოვდნენ თუ არა თქვენგან რამეს?
პასუხი:
იმ მომენტში, როდესაც გაჩერდა ავტომანქანა „ტოიოტა ქამრი“, მე ვიმყოფებოდი გიორგი შაქარაშვილთან, ვახტანგ ახვლედიანთან და გიორგი ქათამაძესთან ერთად, ავტოსამრეცხაოსთან, მოხრეშილ ტერიტორიაზე, რა დროსაც მანქანის გაჩერებისთანავე, ჩვენ ყველანი, მათ შორის, გიორგი ქათამაძეც, გავიქეცით არაგვის ხიდის მიმართულებით, არაგვის ხიდის გადარბენის გზების გამყოფი გაზონისა და საპირისპირო გზაზე გადასვლის დროს. მე გიორგი ქათამაძე აღარ დამინახავს და არ ვიცი, მანქანით მოსული პირებიდან თუ ზუსტად რამდენი ადამიანი მოგვდევდა, მაგრამ მანქანის გაჩერების მომენტში, სანამ გავიქცეოდით, დავინახე, რომ მანქანიდან გადმოსული ექვსივე პიროვნება გამოიქცა ჩვენი მიმართულებით. მანქანიდან გადმოსული პირები ჩვენ ხიდზეც მოგვდევდნენ, რადგან მათი ყვირილისა და გინების ხმა მესმოდა, რომლებიც ჩვენ მოგვდევდნენ, სავარაუდოდ, 20-30 მეტრით უკან.
კითხვა:
როგორც თქვენ განმარტავთ, როდესაც გადაირბინეთ დასავლეთის მიმართულების ავტობანი, გიორგი შაქარაშვილმა და ვახტანგ ახვლედიანმა ჩაუხვიეს მარჯვენა მხარეს, ხიდის ქვეშ გამავალ გზაზე, ხოლო თქვენ პირდაპირ გაიქეცით შენობის მიმართულებით, გახვედით შენობის უკან და გადახტით ბუჩქებში. გთხოვთ გვიპასუხოთ, რამდენ ხანს და რა თანმიმდევრობით გარბოდით ხიდზე, ვიდრე გადახვიდოდით დასავლეთის მიმართულების ავტობანის მხარეს?
ასევე გთხოვთ განმარტოთ, დასავლეთის მიმართულების ავტობანის მხარეს გადახვედით ხიდის დასრულების შემდეგ, თუ მანამდე?
რა თანმიმდევრობით გარბოდით თქვენ, გიორგი შაქარაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი, როდესაც დაიწყეთ ხიდიდან დასავლეთის მიმართულების ავტობანის მხარეს გადასვლა?
თქვენ წინ დაახლოებით რა მანძილზე და რა თანმიმდევრობით გარბოდნენ გიორგი შაქარაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი? სად იყო ამ დროს გიორგი ქათამაძე? გადმოყვნენ თუ არა თავდამსხმელები ავტობანის მეორე მხარეს, დადებით შემთხვევაში რამდენი?
და შეგიძლიათ თუ არა მათი აღწერა?
პასუხი: საერთო ჯამში, ორივე სამოძრაო ზოლში აღნიშნულ ხიდზე გავრბოდით დაახლოებით 1 ან 1,5 წუთის განმავლობაში, რა დროსაც ჩემგან დაახლოებით ათი მეტრით წინ გარბოდა ვახტანგ ახვლედიანი და დაახლოებით ოცი მეტრით წინ გარბოდა გიორგი შაქარაშვილი. ხიდის დასრულების შემდგომ ამავე თანმიმდევრობით გადავედით დასავლეთის მიმართულების ავტობანის მხარეს, რის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილმა და ვახტანგ ახვლედიანმა ცენტრალური საავტომობილო გზიდან ჩაუხვიეს მარჯვენა მხარეს, მეორეხარისხოვან გზაზე, ხოლო მე დავიმალე ფერადი შენობის უკან, საიდანაც დავინახე, რომ ჩვენი მდევრებიდან სამი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ვახტანგ ჩიქოვანი, აკაკი ქვრივიშვილი და ზეზვა ხომასურიძე ჩარბოდნენ იმ მიმართულებით, საითაც გაიქცნენ გიორგი შაქარაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი. სწორედ აღნიშნულმა სამმა პირმა მიპოვა ფერადი შენობის უკან, შესაბამისად ისინი მოგვდევდნენ ხიდზეც და ხიდის შემდგომაც,
კითხვა: 2020 წლის 19 ივნისის გამოკითხვისას თქვენ განმარტავთ, რომ როდესაც გიორგი შაქარაშვილმა და ვახტანგ ახვლედიანმა ჩაუხვიეს მარჯვენა მხარეს ხიდის ქვეშ გამავალ გზაზე, თქვენ პირდაპირ გაიქეცით შენობის მიმართულებით, გახვედით შენობის უკან და გადახტით ბუჩქებში. 2020 წლის 23 ივნისის გამოკითხვაში კი განმარტავთ რომ თქვენ დაინახეთ, როგორ გარბოდნენ გიორგი შაქარაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი ერთი მიმართულებით. ცენტრალურ გზაზე გიორგი შაქარაშვილი გარბოდა პირველი. ჯერ რომელმა გადაუხვია მარჯვენა მხარეს არ გახსოვთ, ორივე მათგანი გარბოდა ხიდის ქვედა მხარის მიმართულებით, თუმცა ცენტრალური საავტომობილო გზიდან გადასვლის შემდგომ უფრო წინ რომელი გარბოდა, ვერ დააკონკრეტეთ და ასევე განმარტეთ, რომ ვეღარ დაინახეთ, შემდეგ რა მიმართულებით განაგრძეს სირბილი, რადგან თქვენც გადახვედით გზიდან და მათგან განსხვავებით გზის მარჯვენა მხარეს მათი მიმართულებით არ გაიქეცით. ამ მომენტში მათ მისდევდა თუ არა ვინმე, არ დაგინახავთ, თუმცა იქვე განმარტავთ, რომ გიორგი შაქარაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი ბოლოს დაინახეთ თქვენგან დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით. ისინი ამ დროს მოძრაობდნენ ასფალტიან გზაზე და არც ერთ მათგანს რომელიმე მხარეს გადახვეული არ ქონდა, ამავდროულად, თქვენ ზემოთ კიდევ ერთხელ დააზუსტეთ აღნიშნული გარემოებები და მიუთითეთ, რომ დაინახეთ, რა თანმიმდევრობით და მიმართულებით გარბოდნენ გიორგი შაქარაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი. გთხოვთ, საბოლოოდ დააზუსტოთ, როგორ განვითარდა აღნიშნული მოვლენები? გთხოვთ უპასუხოთ, როდესაც გიორგი შაქარაშვილმა და ვახტანგ ახვლედიანმა ჩაუხვიეს მარჯვენა მხარეს ხიდის ქვეშ გამავალ გზაზე, რა თანმიმდევრობით გარბოდნენ ისინი და რა მიმართულებით? მისდევდა მათ თუ არა ვინმე და დადებით შემთხვევაში, შეგიძლიათ თუ არა მათი აღწერა? ასევე გთხოვთ განმარტოთ, როდესაც თქვენ გაიქეცით შენობის მიმართულებით, ვიდრე გახვედით უკან და გადახტით ბუჩქებში, გამოგეკიდათ თუ არა ვინმე? რამდენ ხანს იყავით დამალული შენობის უკან ბუჩქებში? და გესმოდათ თუ არა ამ დროს რაიმე ხმები?
პასუხი:
როგორც მოგახსენეთ, ჩემი წინა გამოკითხვის დროს, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ვიყავი სტრესულ მდგომარეობაში და კარგად ვერ ვალაგებდი და ვიხსენებდი ბევრ ფაქტს, თუმცა ამჟამად მე უკეთესად გავაანალიზე მომხდარი, გავიხსენე ბევრი დეტალი და მოგახსენებთ, რომ როდესაც გიორგი შაქარაშვილმა და ვახტანგ ახვლედიანმა ჩაუხვიეს მარჯვენა მხარეს ხიდის ქვეშ გამავალ გზაზე, წინ გარბოდა გიორგი შაქარაშვილი და მის უკან გარბოდა ვახტანგ ახვლედიანი. ამ მომენტში მათ არავინ მისდევდა. ამავე დროს, მე შევედი ფერადი შენობის უკან, სადაც იყო სიბნელე და მყისიერად ჩავვარდი ორმოს მსგავსს დაბლობზე, საიდანაც მაშინვე ამოვედი და გამოვიხედე გზაზე, და ამ მომენტში დავინახე, სწრაფი სირბილით ყვირილითა და გინებით მეორად საავტომობილო გზაზე ჩარბოდნენ „ქამრიდან“ გადმოსული ჩვენი მდევრებიდან სამი პიროვნება, როგორც უკვე აღვნიშნე: ვახტანგ ჩიქოვანი, აკაკი ქვრივიშვილი და ზეზვა ხომასურიძე, რის შემდეგაც მე შევეცადე დავმალულიყავი, ჩავვარდი ბუჩქნარში და გავიჭედე, სადაც ვიყავი 7-8 წუთის განმავლობაში. აქვე მოგახსენებთ, რომ მე ბუჩქებში შევარდნის შემდგომ თავდაპირველად მესმოდა ყვირილი, ხოლო შემდგომ ეს ხმები აღარ ისმოდა და ცენტრალურ საავტომობილო გზიდან მესმოდა მხოლოდ ავტომობილების მოძრაობის ხმაური. ჩემი სამალავი ადგილის აღმოჩენამდე რამდენიმე წამით ადრე კვლავ მომესმა ხმები, რომელიც მოგვიწოდებდა, რომ გამოვსულიყავით და არაფერს დაგვიშავებდნენ. ისინი მოდიოდნენ ქვემოდან მეორადი საავტომობილო გზის მხრიდან და თანდათან მიახლოვდებოდნენ მე.
კითხვა:
2020 წლის 19 ივნისის გამოკითხვაში განმარტავთ, რომ როდესაც ბუჩქებში იყავით ჩავარდნილი, მოგიახლოვდათ სამი ბიჭი, რომლებსაც უთხარით, რომ არაფერ შუაში არ იყავით, ჩხუბში მონაწილეობა არ მიგიღიათ და მხოლოდ აშველებდით. ერთ-ერთმა ამ სამიდან დაადასტურა ჩხუბის დროს თქვენი ნეიტრალური მოქმედება, რის შემდეგაც გითხრეს, რომ ჩამჯდარიყავით მანქანაში. აქვე განმარტავთ, რომ როდესაც ბუჩქებიდან ამოხვედით, სამ ნახსენებ ბიჭს კიდევ დაემატა სამი, სულ, საერთო ჯამში, მანქანაში ჩასხედით შვიდი პირი. იმავე გამოკითხვაში კითხვებზე პასუხის გაცემისას თქვენ განმარტავთ, რომ როდესაც სამ ბიჭს თქვენ უხსნიდით, რომ არაფერ შუაში არ ხართ, მოვიდა თავდამსხმელების მანქანა, რის შემდეგაც წაგიყვანეს თბილისში. 2020 წლის 21 ივნისის გამოკითხვაში განმარტავთ, რომ ბუჩქებში გიპოვათ ექვსმა პირმა, ხოლო 2020 წლის 23 ივნისის გამოკითხვაში განმარტავთ, რომ როდესაც ჩაჯექით მანქანაში, თქვენთან ერთად მყოფ სამ პირს კიდევ დაემატა სამი პირი, რომლებიც ასევე ჩასხდნენ იმავე მანქანაში. აღნიშნული გარემოებები თქვენ ზემოთაც აღწერეთ დეტალურად და განმარტეთ, რომ თქვენ სამალავიდან გამოგიყვანათ სამმა პიროვნებამ, შემდგომ მოვიდა მძღოლი და შემდგომ კიდევ ორი პიროვნება. გთხოვთ, საბოლოოდ დააზუსტოთ, როგორ განვითარდა აღნიშნული მოვლენები?
პასუხი:
როგორც უკვე ვთქვი, ჩემი წინა გამოკითხვების დროს მე ვიყავი სტრესულ მდგომარეობაში, რაც აღვნიშნე არაერთხელ და კარგად ვერ ვალაგებდი და ვიხსენებდი ბევრ ფაქტს, თუმცა ამჟამად მე უკეთესად გავაანალიზე მომხდარი, გავიხსენე ბევრი დეტალი და მოგახსენებთ, რომ დეტალურად გავიხსენე აღნიშნული ვითარება და კარგად მახსოვს, რომ იმ დროს, როდესაც ბუჩქებში ვიმალებოდი, ჩემთან თავდაპირველად მოვიდა სამი პიროვნება, კერძოდ აღნიშნული სამი პიროვნება მოვიდა შენობის უკან, სადაც მე დამინახეს და აშკარაა, რომ ისინი ჩვენ გვეძებდნენ და მიპოვეს მე. როგორც მახსოვს, სამივე მათგანმა მომიწოდა, რომ ამოვსულიყავი და მივსულიყავი მათთან, რომლებიც ამოსვლის შემდგომ ვნახე, რომ იყვნენ აკაკი ქვრივიშვილი, ზეზვა ხომასურიძე და ვახტანგ ჩიქოვანი. როდესაც ბუჩქებიდან ამოვედი და აკაკი ქვრივიშვილს, ზეზვა ხომასურიძეს და ვახტანგ ჩიქოვანს ვუთხარი, რომ მე ჩხუბში მონაწილეობა არ მიმიღია, მხოლოდ ვაშველებდი, ამ საუბრისას გზის პირას გაჩერდა „ტოიოტა ქამრი“ და მანქანიდან გადმოვიდა მძღოლი ვასილ მახარაძე, რა დროსაც დავინახე, რომ ქვემოდან ანუ მეორადი საავტომობილო გზიდან, ხიდის ქვეშ არსებული სივრციდან, ამოვიდა 2 პიროვნება, რომელიც მანამდე ამ გზაზე ჩარბენილი არ დამინახავს. რის შემდგომაც ქვემოდან ამოსულმა ერთ-ერთმა პირმა დანარჩენს ჩემზე ჰკითხა, თუ ვინ ვიყავი და ამის შემდეგ მკაცრი ტონით მითხრეს, რომ ჩავმჯდარიყავი მათთან ერთად ავტომანქანაში. აღნიშნულის შემდგომ ერთ-ერთმა მათგანმა გადამხვია ხელი და ჩამსვა ავტომობილში. მე მათთვის წინააღმდეგობა არ გამიწევია და აღნიშნულს აზრიც არ ჰქონდა. კერძოდ, იმის გამო, რომ დავინახე, როგორ სცემდნენ გიორგი ქათამაძეს, შემდგომ ჯერ ერთი ავტომობილიდან, შემდგომ აღნიშნული მეორე ავტომობილიდან გადმოსულები როგორ მოგვდევდნენ და გვაგინებდნენ, გვემუქრებოდნენ ძალადობით, ვიყავი ძალიან შეშინებული. ამასთან, მე ვხვდებოდი, რომ მათი აგრესიული ტონი, მიმართული იყო იქითკენ, რომ დავეშინებინე და დავმორჩილებოდი მათ მოთხოვნებს. ეს არ იყო თხოვნა ან შეთავაზება ავტომობილში ჩაჯდომაზე, ეს იყო აგრესიული ტონით მითითება, რომელიც აუცილებლად უნდა შემესრულებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემზე განხორციელდებოდა ძალადობა, ამავდროულად, აღნიშნული პირები ჩემზე რაოდენობრივადაც მეტნი და ფიზიკურადაც უფრო ძლიერები იყვნენ, შესაბამისად, მათთან დაპირისპირებას აზრი არ ჰქონდა და მძიმე შედეგი მოჰყვებოდა, ასევე მათი გარიდება მსურდა იქაურობიდან, ჩავჯექი მანქანაში, სადაც ვიჯექი მანქანის უკანა სავარძელზე, და ჩემ გარდა უკანა სავარძელზე კიდევ იჯდა ოთხი პიროვნება, მე ვიჯექი შუა ნაწილში, ისე რომ ორი ადამიანი მეჯდა ერთი მხრიდან და ორიც მეორე მხრიდან. მანქანა, როგორც მივხვდი, იქვე მოტრიალდა, მეორადი გზით ჩავიდა ხიდის ქვეშ, ამოვიდა საპირისპირო მხარეს და წამოვედით თბილისის მიმართულებით, მანქანის დაძვრიდან მალევე, კერძოდ, მეორეხარისხოვანი გზიდან ცენტრალურ გზაზე ამოსვლისას, ხიდის დასაწყისში ვუთხარი, რომ მანქანა გაეჩერებინათ და დავრჩებოდი ადგილზე, მაგრამ მძღოლის გვერდით მჯდომმა გაგნიძემ მიპასუხა, რომ მანქანას არ გააჩერებდნენ და წამომიყვანეს თბილისში.
კითხვა:
თქვენ განმარტავთ, რომ მანქანით წამოსვლისას, გზაზე მოსმენილი საუბრებიდან გამომდინარე, დაასკვენით, რომ თავდამსხმელებმა ვერ იპოვეს გიორგი შაქარაშვილი. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ამ საუბრებიდან? ისინი გულწრფელად ამბობდნენ ამას, თუ სპეციალურად თქვენ გასაგონად საუბრობდნენ, რომ თავიანთი სასურველი ვერსია მოესმენინებინათ თქვენთვის?
პასუხი:
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ჩემი წინა ჩვენების მიცემის დროს მე გაანალიზებული არ მქონდა ბევრი გარემოება, ასევე ვიყავი სტრესულ მდგომარეობაში და მიჭირდა ბევრი მომხდარი ფაქტის თანმიმდევრობით გახსენება. როგორც უკვე გითხარით, მე მათ მოვთხოვე მანქანის გაჩერება, რადგან მსურდა, ჩემი მეგობრის, გიორგი შაქარაშვილის მოძებნა, რა დროსაც ვუთხარი, რომ გზას გავაგრძელებდი ჩემით. რეალური მიზეზი დავუმალე, მაგრამ მანქანის გაჩერებაზე მივიღე კატეგორიული უარი. ამის გარდა მძღოლის გვერდით მჯდომმა პირმა, არჩილ გაგნიძემ, რამდენჯერმე მკითხა, თუ საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი, რომელსაც ვუთხარი, რომ მეც და გიორგი შაქარაშვილიც ბავშვობიდან ვიყავით ფეხბურთელები, რაზედაც ასევე მკითხა, როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვაო? აღნიშნული შეკითხვისთვის მე ყურადღება არ მიმიქცევია, იმ მომენტში ვერაფერთან ვერ დავაკავშირე, რადგან ვიყავი აღელვებული და ვნერვიულობდი ჩემს მეგობარ გიორგი შაქარაშვილზე, თუ სად იყო იგი. ასევე მგზავრობისას, როგორც მახსოვს, უკან მჯდომმა ერთმა პირმა ახსენა შემდეგი შინაარსის სიტყვები, რომ დავადეთ უკვე, დამკაში იქნება გასულიო. ამ სიტყვებში თუ ვის გულისხმობდა, არ ვიცი.
კითხვა:
როდესაც „მერსედესით“ მოსულმა პირებმა სცემეს გიორგი ქათამაძე და წავიდნენ უკან, ნიკოლოზ ჟვანიას რკინის მოგრძო ფორმის ხელკეტის მაგვარი საგანი კიდევ ეკავა თუა რა ხელში?
პასუხი:
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ნიკოლოზ ჟვანიას რკინის მოგრძო ფორმის ხელკეტის მაგვარი საგანი კიდევ ეკავა თუ არა, ვერ დავინახე.
კითხვა:
გთხოვთ, გაიხსენოთ, თბილისში დაბრუნებისას, პირველი ვისთან განახორციელეთ სატელეფონო ზარი?
პასუხი:
დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ თბილისში ჩამოსვლის შემდგომ მე დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ ჩემთვის უცნობ პიროვნებას ვკითხე, დასარეკი ხომ არ ჰქონდა, რაზედაც მან მიპასუხა, რომ არ ჰქონდა სალაპარაკო, რის შემდგომაც განვაგრძე გზა და მალევე გავაჩერე ტაქსი, რის შემდგომაც აღნიშნულ ტაქსის მძღოლს ვთხოვე ტელეფონი დასარეკად. პირველად დავრეკე ჩემს ტელეფონის ნომერზე. ვინ მიპასუხა, არ ვიცი, რადგან ხმა არ ამოუღია და მას ვუთხარი, რომ ვიყავი გურამი, რა დროსაც ტელეფონი გაითიშა, ხოლო შემდეგი დარეკვისას უკვე მიპასუხა ირაკლი წაქაძემ, რომელსაც ვუთხარი მომხდარი ფაქტის შესახებ, რომ მე ჩამომიყვანეს თბილისში და ვუთხარი, რომ წასულიყო და მოეძებნა გიორგი შაქარაშვილი და სხვა გაქცეული ბიჭები. ამის შემდეგ, ამავე ტაქსით, რომელსაც ვთხოვე ტელეფონი, წავედი სახლში. სახლში მისვლისას დამხვდნენ ოჯახის წევრები, დედა ეკატერინე დალაქიშვილი, და ლია ამირხანაშვილი და ბაბუა გურამ ამირხანაშვილი, რომლებმაც მკითხეს, თუ რა შემემთხვა, რადგან ხელებზე და ფეხებზე მქონდა დაზიანებები და მათ მოვუყვევი, რაც შემემთხვა.
კითხვა:
სახლში მისვლის შემდგომ აღრნიშნულის შესახებ უამბეთ თუ არა ვინმეს სოციალური ან სხვა ქსელის საშუალებით?
პასუხი:
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ აღნიშნულის შესახებ, როგორც მახსოვს, ფეისბუქზე მივწერე დაბადების დღეზე მყოფ ლიზი ნადირაძეს, მარიამ ხატისკაცს და ჩემს მეგობარ ოლეგ ბობოხიძეს.
კითხვა:
გთხოვთ, მოგვახსენოთ, რატომ არ შეატყობინეთ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს მისი გაუჩინარების შესახებ?
პასუხი:
კითხვაზე მოგახსენებთ, რომ მცხეთიდან წამოსვლის შემდგომ მე მთელი ღამე ველოდებოდი და მჯერდა, რომ გიორგი შაქარაშვილი შემეხმიანებოდა და ვერ წარმოვიდგენდი, რომ მას რამე მოსვლოდა, რის გამოც არ მინდოდა ოჯახის აფორიაქება. ამასთან, ბოლომდე მჯეროდა, რომ მას არაფერი უჭირდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე აუცილებლად შევატყობინებდი მათ აღნიშნულის შესახებ. მე გიორგი შაქარაშვილის გამოჩენას ველოდებოდი გათენებამდე და როდესაც იგი არ გამოჩნდა, მაშინვე შევატყობინე ოჯახს.
კითხვა:
ეთანხმებით თუ არა დადგენილებას თქვენი დაზარალებულად ცნობის შესახებ?
პასუხი:
მე გაცნობილი ვარ დადგენილებას ჩემი დაზარალებულად ცნობის თაობაზე და ვეთანხმები სრულად.
შენიშვნა: გამოკითხვის მიმდინარეობისას 19:00 საათზე გამოცხადდა შესვენება, რომელიც გურამ ამირხანაშვილის თანხმობით განახლდა 22:00 საათზე. გურამ ამირხანაშვილმა თანხმობა განაცხადა, რომ მისი გამოკითხვა გაგრძელებულიყო 22:00 საათის შემდგომაც.

ელისო კილაძე