გოჩა თევდორაძე: „ილუზიაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვადამდელი არჩევნები აუცილებლად უნდა“
იმაზე საუბარი, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა, „ბრენდული“ აღარაა. ყოველ შემთხვევაში, ბოლო დროს საზოგადოების განსჯის საგანი ნამოხვანჰესის მოვლენები თუ მსახიობ ბესო ზანგურის მიერ ექსმეუღლეზე ფიზიკური ძალადობაა, მაგრამ პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ მალე ყველაფერი ისევ თავდაყირა დადგება. კერძოდ, არსებობს მოლოდინი, რომ აპრილის ბოლოს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეწვევა და ხელისუფლებას, მინიმუმ, ყურს აუწევს.
სხვათა შორის, „ყურის აწევას“ თავად „ოცნებაც“ ელოდება. ასეთი აზრი კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ოკეანისგაღმა ვიზიტად მყოფმა ირაკლი კობახიძემ ღიად თქვა, მინიშნებები კეთდება, რომ დათმობის პირველი ნაბიჯები ხელისუფლებამ უნდა გადადგასო.
„ჩვენ გვესმის მინიშნება იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ არის მმართველი პარტია და სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, კომპრომისის მიმართულებით. ეს არაერთხელ დავადასტურეთ და სამომავლოდაც მზად ვართ, გამოვავლინოთ კონსტრუქციული მიდგომა პრინციპების დაცვით. ეს პრინციპები არის, რა თქმა უნდა, განმსაზღვრელი ნებისმიერი შეთანხმების ხელმოწერის დროს, მაგრამ ამ პრინციპების ფარგლებში ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციულები.
ყველა დეტალზე ვისაუბრეთ არჩევნების შესახებ, ასევე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველას შეუძლია ნებისმიერი ასპექტის გადამოწმება, რაც არჩევნებსა და სისხლის სამართლის საქმეებს უკავშირდება. აბსოლუტურად ყველა დეტალზე ვაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი რჩევების მოსმენა“, _ კობახიძის ეს განცხადება რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო სააგენტო ჩNეწს-მა გაავრცელა.
მოსაზრებას, რომ „ოცნება“ საერთაშორისო წნეხს ვერ გაუძლებს, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, გოჩა თევდორაძეც იზიარებს. ამასთან, „ქრონიკა+“-სთან ის მოლაპარაკებების დღემდე უცნობ დეტალებსაც იხსენებს და სკანდალურ განცხადებასაც აკეთებს, კერძოდ, ამბობს, რომ „ნაცმოძრაობას“ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არ უნდა.
გთავაზობთ ინტერვიუს გოჩა თევდორაძესთან:
_ ბატონო გოჩა, ქვეყანაში ქაოსია _ პოლიტიკურ კრიზისზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სოციალურ-ეკონომიკური ფონიც დამძიმდა, პარალელურად, ხალხი ქუჩაში გაჭირვების გამო კი არა, სამშობლოს გადასარჩენად გამოდის, რასაც რიონის ხეობაში განვითარებული მოვლენებიც მოწმობს. მოკლედ, ყველაფერი ეს ერთმანეთთან კავშირშია თუ სხვადასხვა ფაზლია?
_ ყველაფერი ეს იმ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომ „ოცნებას“ ქვეყნის მართვა არ შეუძლია და მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, რომ ხელისუფლება როგორმე შეინარჩუნოს. პრობლემებიც ამიტომაა. ავიღოთ, თუნდაც, პანდემია, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ განსაკუთრებით ვერ მართა _ თავის დროზე ისეთი ზომები მიიღო, რომელიც საჭირო არ იყო. ახლა კი თავად ისეთ მდგომარეობაშია, რომ აღარ იცის, რა მოიფიქროს. ყველაფერ ამას ის პოლიტიკური კრიზისიც დაემთხვა, რომელიც თავად „ოცნებამ“ არჩევნების გაყალბებით გამოიწვია.
მოკლედ, ქვეყანაში რთული სიტუაციაა…
რაც შეეხება ნამოხვანჰესს, არ შეიძლება, გონიერი ადამიანი იმის წინააღმდეგი იყოს, რომ ქვეყანამ ენერგოდამოუკიდებლობას მიაღწიოს, მაგრამ როცა რაღაცისთვის, ვთქვათ, ერთი კვადრატული მიწაა საჭირო და ამ დროს შენ ათას კვადრატულს აძლევ, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს და პრობლემებს ქმნის.
საერთოდ, ხელისუფლება თავის მიერ შექმნილ პრობლემებშია გახლართული. ავიღოთ, მაგალითად, მელიას საქმე. რამდენიმე თვის წინ ამ თემას პოლიტიკური ელფერი არამცდაარამც არ ჰქონდა, მაგრამ პოლიტიკური ელფერი თავად „ოცნებამ“ შესძინა და ყველაფერ ამაში ისე გაიხლართა, რომ ვეღარ გამოდის.
_ კონკრეტულად?
_ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პარტიები მელიას გამოშვებას ითხოვენ, ხელისუფლება კი კობახიძის პირით გვეუბნება, ოპოზიცია მოგვიწოდებს, რომ მართლმსაჯულება ფეხით გავთელოთო. სინამდვილეში კი ოპოზიცია „ოცნებას“ ეუბნება, მართლმსაჯულება, რომელიც რეალურად გათელე და ფეხით გადაუარე, კიდევ დაარღვიე და მელია გამოუშვიო. ამ ფონზე არაადეკვატური განცხადება გვესმის, აი, მელიამ გირაო გადაიხადოს და გამოვუშვებთო.
ისე, ხომ ვერავინ გვეტყვის, ეს გირაო რა არის ან რა თანხაზეა საუბარი? მას შემდეგ, რაც მელიას წინასწარი პატიმრობა მიესაჯა, გირაო აღარ არსებობს!
_ ბატონო გოჩა, სიტყვამ მოიტანა და, ენმ-ს ლიდერის პატიმრობიდან განთავისუფლების სამართლებრივი მექანიზმი არსებობს?
_ დიახ, სამართლებრივად ბევრი მექანიზმი არსებობს.
_ კერძოდ?
_ მაგალითად, ამნისტია, რომელზედაც საუბრობენ. ამასთან, შესაძლებელია, რომ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ ყველაფერი ეს დამოუკიდებელი სასამართლოსა და პროკურატურის გადასაწყვეტია და არა _ პოლიტიკოსების…
რა ამის პასუხია და, იგივე ეკონომიკასთან დაკავშირებით ხელისუფლების ყველა ქმედება არაადეკვატურია. ყველაფერი ეს დაგროვდა და პოლიტიკური კრიზისის ფონზე განსაკუთრებით მძაფრად გამოჩნდა… ქვეყანა ამ მდგომარეობაში ამიტომაცაა.
_ მაგრამ მთელ ამ ორომტრიალს როგორ უნდა დავაღწიოთ თავი?
_ „ქართული ოცნება“ მმართველობიდან უნდა წავიდეს.
_ როგორ?
_ ვადამდელი არჩევნებია საჭირო.
საერთოდ, საქართველოს მოსახლეობის წინაშე გაცილებით დიდი ამოცანა დგას.
_ რას გულისხმობთ, ბატონო გოჩა?
_ პოლიტიკური სივრციდან მხოლოდ „ქართული ოცნება“ კი არა, „ნაციონალური მოძრაობაც“ უნდა გაისტუმროს!
სხვათა შორის, „პატრიოტთა ალიანსიდან“ მოლაპარაკებებში მე ვმონაწილეობდი, მაგრამ დღეს ხაზგასმით არავინ ამბობს, ამ შეხვედრებზე „ნაცმოძრაობისა“ და „ოცნებისთვის“ უმთავრესი საკითხი რა იყო.
_ რა იყო?
_ გარიგება.
_ ანუ?
_ მათ შორის ძალაუფლების გადანაწილებაზე გარიგება.
_ ანუ მოლაპარაკებეზე ორივე მხარე გარიგებას ცდილობდა?
_ ეს დანიელსონსაც არ დაუმალავს და პირდაპირ თქვა, საჭიროა ძალთა თანაბარი გადანაწილება არა მხოლოდ საკანონმდებლო ხელისუფლებაშიო.
_ გასაგებია, რომ „ოცნება“ და ენმ საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებდნენ, მაგრამ, მაგალითად, „პატრიოტები“ მოლაპარაკებაზე რას ითხოვდით?
_ როცა ეს საკითხები დაისვა…
_ უკაცრავად, რომელი საკითხები?
_ პარლამენტის ხუთი და, მათ შორის, ორი ძირითადი კომიტეტის ხელმძღვანელობა ოპოზიციას გადასცეს. ოპოზიციაში, ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პარტიები იგულისხმებოდა, თორემ ამ პარლამენტში „პატრიოტების“ პოლიტიკური მდგენელი წარმოდგენილი არ არის.
_ ანუ თქვენ, როგორც „პატრიოტების“ წარმომადგენელმა, ასეთი შეთანხმება გააპროტესტეთ?
_ მოლაპარაკების დეტალებზე არ საუბრობენ და ეს გაუხმაურებლობა იმას ემსახურება, რომ ძალაუფლების გადანაწილების თემა დაფარული იყოს, მაგრამ დასამალი, მგონი, არაფერია.
მოკლედ, საუბარი იმაზე იყო, რომ ხუთი და, მათ შორის, ორი ძირითადი კომიტეტისა და ასევე ერთი საერთაშორისო დელეგაციის ხელმძღვანელობა ოპოზიციას უნდა გადასცემოდა.
ამას ჩემგან, ცხადია, პროტესტი მოჰყვა.
_ თქვენს პროტესტზე რეაქცია როგორი იყო?
_ ჩემი პროტესტის პასუხი, რეალურად, ასეთი იყო: ჩვენ კი ძალაუფლებას ვინაწილებთ, მაგრამ ეს მოლაპარაკების დოკუმენტში არ ჩავწეროთ და პასუხისმგებლობა მედიატორების წინაშე „ქართულმა ოცნებამ“ აიღოსო.
ისე, დღეს „ოცნება“ თვალში ნაცარს გვაყრის და გვეუბნება, დანიელსონის დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების პუნქტი არ იყოო.
_ ანუ „ოცნება“ იტყუება?
_ დოკუმენტში ეს პუნქტი იყო და შავით თეთრზე ეწერა, რომ ვადამდელთან მისასვლელი გზა თვითმმართველობის არჩევნებზე გადიოდა. „ქართულმა ოცნებამ“ ითხოვა, კი ბატონო, ამაზე თანახმა ვარ, მაგრამ ეს დოკუმენტში ნუ იქნებაო, ანუ არასრული დოკუმენტი უნდა მიგვეღო.
_ ე. ი., თქვენი საუბრიდან გამოდის, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ამ მოლაპარაკებების ერთგვარი რეკვიზიტი იყო და მეტი არაფერი?
_ არაფერი რეკვიზიტი არ ვყოფილვართ.
_ აბა?
_ ლოგიკურად ვმსჯელობ.
_ დიახ, გისმენთ.
_ საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიიჩნია, რომ „ოცნების“ მიერ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ვადამდელის ჩატარების მოთხოვნაც ამიტომ გაჩნდა. ამას „ქართული ოცნების“ მიერ ხელოვნურად შექმნილი სხვა პრობლემები მოჰყვა.
_ წეღან მითხარით, „ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩენას ცდილობსო. თუკი ასეა, მაშინ გაუგებარია, პრობლემებს ხელოვნურად რატომღა ქმნის?
_ გონებრივი შესაძლებლობებიც საჭიროა, მაგრამ ხელისუფლებას არც გონიერება ჰყოფნის და რაღაც ხაფანგებს აგებს, ანუ ფიქრობდა, რომ არჩევნების გაყალბების შემდეგ მელიას დაჭერით პოლიტიკურ სპექტრს გათიშავდა, მაგრამ ამას ვერ მიაღწია.
მოკლედ, უმთავრესი მოთხოვნა თავდაპირველად ვადამდელი არჩევნები იყო და „პატრიოტთა ალიანსი“ დღემდე ამ მოთხოვნის ერთგულია.
_ მაშასადამე, თქვენ ვადამდელის გარდა არაფერს ითხოვთ?
_ ვადამდელამდე მისასვლელი გზა თვითმმართველობის არჩევნებზე იმ შემთხვევაზე უნდა გასულიყო, თუკი არჩევნები საყოველთაოდ და სავალდებულოდ გამოცხადდებოდა.
თუ სავალდებულო გახდებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ არჩევნებში ამომრჩევლის, დაახლოებით, 85% მიიღებდა მონაწილეობას. ასე დროს კი გაყალბების შანსი, როგორც წესი, ნაკლებია.
_ დიახ, როცა ამომრჩევლის აქტიურობა მაღალია, მანიპულაციებისთვის „ლუფტი“ აღარ რჩება, მაგრამ წეღან გკითხეთ, ბატონო გოჩა და, არ მიპასუხეთ, ამიტომ დამიკონკრეტეთ: „პატრიოტები“ მხოლოდ ვადამდელს და იმას ითხოვდით, რომ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გამხდარიყო?
_ დიახ.
_ ანუ პოლიტპატიმრების განთავისუფლებას მხარს არ უჭერდით?
_ ვიდრე ევროკავშირი ჩაერთვებოდა, შეხვედრები აშშ-ის საელჩოში იმართებოდა. სულ ოთხი რაუნდი გაიმართა და მესამე რაუნდზე „პატრიოტთა ალიანსმა“ შეძლო, რომ ე. წ. პოლიტპატიმრების თემა მოლაპარაკების ფორმატიდან გასულიყო.
_ ე. ი., ნიკა მელიას და გიორგი რურუას პოლიტპატიმრებად არ მიიჩნევთ?
_ მელია უკანონოდაა დაპატიმრებული და ამით ამ საქმეს პოლიტიკური ელფერი შესძინეს.
_ ისე, გამორიცხავთ, რომ მელია „ოცნების“ პროექტი იყოს?
_ არ მინდა, ასეთი რადიკალური განცხადება გავაკეთო.
_ თქვენი ნებაა, მაგრამ ამ ვერსიას არც კატეგორიულად უარყოფთ…
_ ცხადია, რომ მელია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთობლივი თამაშია. მოდით, 8 მარტის შეთანხმება გავიხსენოთ, როცა „ოცნებას“ 120/30-ზე გადასვლა მოუწია.
_ ეს რა შუაშია?
_ მაშინ იგივე რურუას, გიგი უგულავასა და პოლიტპატიმრებად წოდებული სხვების თემა არსებობდა. „ოცნებამ“ და „ნაცმოძრაობამ“ ორი დოკუმენტი შეადგინეს, ანუ პოლიტპატიმრების თემა ცალკე დოკუმენტად არსებობდა, რომელზედაც ხელმომწერები ჩვენ არ ვიყავით.
მოკლედ, ახლაც, აშშ-ის საელჩოში, მოლაპარაკებებზე ვთქვით, თუ უნდოდათ, ეს თემა ცალკე დოკუმენტად გაეტანათ და, პრაქტიკულად, ამაზე თანხმობა არსებობდა.
სხვათა შორის, ბოლო ეტაპზე „პატრიოტთა ალიანსი“ მოლაპარაკების მონაწილე აღარ იყო.
_ რატომ?
_ პოლიტპატიმრებზე ჩვენ მოსაზრებები გვქონდა. ამასთან, ვადამდელ არჩევნებსაც უფრო რადიკალურად ვითხოვდით. ალბათ, ამიტომაც არ მიიჩნიეს საჭიროდ, რომ იმ გარიგების მონაწილენი ვყოფილიყავით, რომლის მიზანიც „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ძალაუფლების გადანაწილება იყო.
_ ასეა თუ ისე, მოლაპარაკებები, დღევანდელი მოცემულობით, ჩაშლილია. ამასობაში კი ექსპრემიერი პოლიტიკურად აქტიურდება. ზოგი ამბობს, რომ გახარია ივანიშვილის პროექტია, ანუ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, შესაძლოა, „ოცნების“ მთავარი ოპონენტი გახდეს და არსებული ოპოზიცია „შეჭამოს“, ე. ი., „ოცნება2“ გახდეს. ამ ალბათობას უშვებთ, ბატონო გოჩა?
_ თავისთავად ცხადია, რომ გახარია „ოცნება2“ ვერ იქნება.
_ ცხადი რატომაა?
_ გახარია და ის დეპუტაცია, რომელიც გახარიას გაჰყვა, არ მგონია, რომ წინასაარჩევნოდ რაიმე ღირებულის შემქმნელი იყოს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ…
_ რა არ არის გამორიცხული?
_ „ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ოცნება“ გახარიათი ჩაანაცვლა ან ამის მცდელობა არსებობს და იგივე კობახიძესაც რადიკალურ-ეიფორიული განცხადებები ამიტომ ჰქონდა.
თუ გახარიას ივანიშვილისგან მხარდაჭერა ექნება, მაშინ „ოცნების“ ისედაც დაბალი რეიტინგი კიდევ უფრო დაიკლებს, გახარიასი კი _ მოიმატებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, წეღანდელი თქმისა არ იყოს, არ მგონია, რომ დამოუკიდებლად გახარია და მისი გუნდი თვითმმართველობის ან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის რაიმე ღირებულის შემქნელი იყოს.
_ ე. ი., გახარიას ივანიშვილის პროექტად არ მიიჩნევთ, არა?
_ თუ გახარია ივანიშვილის პროექტი არ არის, მაშინ არჩევნებზე დიდ წარმატებას ვერ მიაღწევს.
_ ბოლოს, ბატონო გოჩა, 15 მაისის აქციას, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც ვადამდელი არჩევნებია, „პატრიოტთა ალიანსი“ შეუერთდება?
_ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მომხრეებს აქციები აქამდეც ჩაუტარებიათ. აქციებს „პატრიოტებიც“ ვატარებთ ხოლმე, მაგრამ ეს აქციები ყოველთვის დამოუკიდებლად იმართება.
_ მესმის, მაგრამ თქვენც, დანარჩენი ოპოზიციის მსგავსად, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვთ და 15 მაისს ქუჩაში რატომ არ უნდა გახვიდეთ?
_ თუ „ნაციონალებისა“ და მათი მესვეურების მოთხოვნები ჩვენს მოთხოვნებს ემთხვევა, ეს ჩვენი კი არა, ხელისუფლების ბრალია.
_ მაპატიეთ, მაგრამ ხელისუფლება რა შუაშია?
_ არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა!
რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ გზას, ეს დამოუკიდებელი გზაა, ანუ ჩვენ ჩვენი აქციები გვექნება.
_ „პატრიოტები“ აქციას როდის გეგმავთ?
_ ამის შესახებ საზოგადოებას ვაცნობებთ. ყოველ შემთხვევაში, აქცია 15 მაისს ნამდვილად არ იქნება.
_ ისე, ბატონო გოჩა, ელოდებით, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები წელს დაინიშნება?
_ ჩვენ გყვავს ხელისუფლება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის არ ესმის და რომელიც მედიატორების გარეშე ოპოზიციას ვერ ელაპარაკება.
ეს არის ხელისუფლება, რომელზედაც საერთაშორისო ზეწოლა მოქმედებს და გარკვეულ ცვლილებებზე მხოლოდ ამ წნეხის ქვეშ მიდის!
ეს ზეწოლა და წნეხი თანდათან ძლიერდება. „ქართული ოცნება“ ამ წნეხს ვერ გაუძლებს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.
რაც შეეხება იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნები აუცილებლად უნდა, ტყუილია.
_ რატომ?
_ ეს ილუზიაა, თორემ ვისაც ვადამდელი არჩევნები უნდა, ამის მიღწევის ძალიან მარტივი გზა არსებობს.
_ კერძოდ?
_ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერი პარტიების წარმომადგენლები დეპუტატის მანდატებს ინარჩუნებენ. თუ ისინი პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას მოიხსნიან, დღის წესრიგში ავტომატურად დადგება ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა.
_ ამ ადამიანებმა სცადეს, რომ დეპუტატის უფლებამოსილება მოეხსნათ, მაგრამ „ოცნების“ უმრავლესობამ არ მოუხსნა და რა გააკეთონ?
_ ჯერ ერთი, „ქართულმა ოცნებამ“ კანონი დაარღვია, როცა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მეორეც, კანონში წერია, რომ პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს.
ზურა ჯაფარიძის გარდა ნახეთ ვინმე, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა?
თუ ოპოზიცია სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნაზე ისევ მიმართავს და პარლამენტი ხელმეორედაც ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ საქართველოში 51 დეპუტატი ხელბორკილდადებული ჰყავთ და პარლამენტში ძალით აჩერებენ! ასეთი რამ ჩრდილოეთ კორეაშიც არ ხდება, მაგრამ რეალურად რომ ვთქვათ, სურვილი არ აქვთ, რომ ეს უფლებამოსილება მოიხსნან და ვადამდელ არჩევნებამდე იოლად მივიდეთ, თორემ ამის მიღწევა ძალიან მარტივია!
ვანო პავლიაშვილი