გიორგი ცობეხია: „ივანიშვილის მიერ გადმოგდებული მანდატით დეპუტატი არ გავხდები!“
„ივანიშვილის დაქადნილი გასაოცარი დემოკრატია, თურმე, ნიშნავს კვაზისამართლებრივ სახელმწიფოს, გაყალბებულ და ხალხისთვის მოპარულ არჩევანს, კლანურ სასამართლოს, კორუფციასა და, მაშასადამე, სიღატაკეს. შესანიშნავი მენიუ იქნებოდა მძაფრსიუჟეტიანი პოლიტიკურ-ისტორიული ჟანრის მხატვრული რომანისთვის, მაგრამ არა _ ჩვენი სახელმწიფოსთვის, არა _ საქართველოს რეალობისთვის! ეს ეპოქა ვერ იქნება ივანიშვილის ეპოქა, ეს ქართველი ერისა და სახელმწიფოს ეპოქაა!“ _ ამ სიტყვების ავტორი პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ საპარლამენტო სიის წევრი, ადვოკატი გიორგი ცობეხიაა.
საერთოდ, გიორგი ახალი თაობის პოლიტიკოსებში გამორჩეულია _ მართალია, პოლიტიკაში დიდი ხანი არაა, რაც ჩაერთო, მაგრამ თავის სიტყვას უკვე ამბობს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გიორგი აცხადებს, რომ ივანიშვილის მიერ გადმოგდებული მანდატით დეპუტატი არ გახდება და იმაშიც დარწმუნებულია, ოპოზიცია, სამართლებრივ ჩარჩოებში, უფრო რადიკალური უნდა იყოს.
რა მექანიზმი არსებობს ახალი არჩევნების დასანიშნად და როგორ მიიტაცა „ოცნებამ“ არჩევნები? _ გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა პოლიტიკოს გიორგი ცობეხიასთან:
_ გიორგი, როგორც ახალი თაობის პოლიტიკოსსა და იურისტს, გეკითხები: 31 ოქტომბერს რა მოხდა?
_ 31 ოქტომბერს გაყალბების ისეთი მაჩვენებელი და მანიპულაციები დაფიქსირდა, რომლის მსგავსიც საქართველოს ისტორიაში არასოდეს ყოფილა. გაყალბების ასეთი მაჩვენებელი თვით შევარდნაძესაც არ ჰქონია. მართალია, ამის აღარავის სჯერა, მაგრამ „ოცნება“ ყველაფერ ამის გამართლებას უსუსური არგუმენტებით შეეცადა…
მოკლედ, ის, რაც მოხდა, ხელისუფლების „კანონიერი“ უზურპაციაა.
_ „კანონიერი უზურპაცია“ რას ნიშნავს?
_ ე.წ. არჩევნებისთვის თითქოს სამართლებრივი საფუძველი შექმნეს, მაგრამ ამას იმ სამართლებრივ შინაარსთან, რომელსაც არჩევნები ატარებს, საერთო არაფერი აქვს!
სხვათა შორის, არასამთავრობოების პარალელური დათვლის შედეგად გაცილებით რთული სურათი გამოიკვეთა.
_ ანუ?
_ ჩემს ხელში ძალიან ბევრმა ოქმმა გაიარა.
_ მერე?
_ შემიძლია, კონკრეტული ფაქტებით ვისაუბროთ. აი, მაგალითად, სამგორის ერთ-ერთ უბანზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ სასარგებლოდ შვიდი ხმა იყო დაფიქსირებული. ე. წ. გაფუჭებული ბიულეტენებიდან კი 30 ხმა ამოიღეს.
_ ამ მაგალითით რისი თქმა გინდა, გიორგი?
_ კარგი ბიულეტენები გაფუჭებულებში იმიტომ გადადეს, რომ ხმები „ოცნების“ სასარგებლოდ არ იყო მიცემული.
ამასთან, პატარა უბნებზე უამრავი შემთხვევაა, სადაც 20-30 ხმა დაგვაკლეს.
ერთი ასეთი უნიკალური შემთხვევაც მოხდა, რომლითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქმე კარუსელთან გვქონდა: რეგისტრირებულზე მეტი ამომრჩეველი და მეტი ბიულეტენი, ოღონდ ე. წ. სპეც კი არა, ჩვეულებრივ უბნებზე. ეს პირდაპირ იმის მაჩვენებელია, რომ 31 ოქტომბერს „სომხური კარუსელიც“ დატრიალდა.
_ დავუშვათ, ასეა, მაგრამ, გიორგი, ოპონირებას „ოცნების“ პოზიციიდან გაგიწევ, ანუ მმართველი გუნდი კითხულობს, თუ ასეთი დარღვევები იყო, ოპოზიციის დამკვირვებლებმა და კომისიის წევრებმა რატომ თავიდანვე არ ამოიღეს ხმა ან ოქმებზე ხელი რატომ მოაწერესო?
_ ამ თემაზე ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა. იყო შემთხვევები, როცა სხვა ოქმი შედგა, მაგრამ ცესკოს საიტზე სხვა აიტვირთა. ამასთან, ადამიანური ფაქტორების გამო, შესაძლოა, სხვა ბევრი რამეც მოხდა, მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით.
_ ცხადია, მაგრამ სხვა რამ გკითხე, ანუ თუ დარღვევებს ხედავდნენ, ოპოზიციის წარმომადგენლები მაშინვე რატომ არ რეაგირებდნენ?
_ არრეაგირება არასწორი შეფასებაა.
_ რატომ?
_ აი, მაგალითად, ჩვენს შტაბში შემოვიდა შეტყობინება, რომ ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენლებს საჩივრის დაწერის საშუალება არ მისცეს. მერე საჩივრები ოლქში დაგვარეგისტრირებინეს, თუმცა ახლა სასამართლო ყველა ოპოზიციურ პარტიას ეუბნება, ადამიანებისთვის, რომელთაც საჩივრის დაწერის უფლება ჰქონდათ, ეს უფლება მინდობილობით უნდა დაგედასტურებინაო. ყველაფერი ეს აბსურდია, რადგან დამკვირვებელს, რომელიც საჩივარს წერს, ამის უფლებამოსილება ისედაც აქვს და დამატებითი დოკუმენტი აღარ სჭირდება.
მოკლედ, „ოცნება“ ცდილობს, რომ ყველაფერი ის, რაც მოხდა, კარგად შეფუთოს, რადგან პასუხისმგებლობა არჩევნებში მონაწილე სხვა სუბიექტებს გადაუნაწილოს. ეს კი შეუძლებელია.
დიახ, უბნებზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც იყვნენ და დამკვირვებლებიც, მაგრამ მათ უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს უშლიდნენ. სასამართლო კი ისე იქცევა, როგორც ნოტარიუსი. სხვათა შორის, ჩვენსავით განვითარებად ერთ ქვეყანაშიც კი არ მომხდარა, რომ სასამართლოს საჩივრების 99 პროცენტი არ დაეკმაყოფილებინოს. ყველაფერი ეს კი სახელმწიფო კრიზისსა და კოლაფსზე მიუთითებს. ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია, ასე ვთქვათ, არ მუშაობს და დღევანდელი საერთო სასამართლოების სისტემა ჩვეულებრივი ნოტარიუსთა პალატაა, თორემ როგორ შეიძლება, რომ საჩივრების 99 პროცენტზე თქვას, დაუსაბუთებელიაო? ე. ი., ოპოზიციის წარმომადგენლები არაკომპეტენტურები იყვნენ, მაგრამ, სინამდვილეში, ეს ადამიანები საარჩევნო პროცესში ძალიან გამოცდილები არიან და მეტიც: შესაბამისი ტრენინგიც გაიარეს.
_ გიორგი, გამორიცხავ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, უბრალოდ, გაიყიდნენ ან სხვადასხვა კომპრომატით „ოცნებამ“ ისინი გადაიბირა?
_ არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა, რასაც მტკიცებულება სჭირდება!
_ ერთი სიტყვით, ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, გია ხუხაშვილის იდეა, რომ პარლამენტში არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, პოზიციისთვის, წესით, მისაღებია, არა?
_ ეს იდეა მისაღები იქნებოდა, მაგრამ აქ სხვა პრობლემა გვაქვს.
_ კერძოდ?
_ ჩვენ, ოპოზიცია, პარლამენტში შესვლას ბოიკოტს ვუცხადებთ. შესაბამისად, საგამოძიებო კომისია რომც შეიქმნას, მასში ოპოზიცია არ იქნება წარმოდგენილი.
ამას გარდა, საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ფარგლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ საგამოძიებო კომისიას ისეთი უფლებამოსილება არ აქვს, რომ პირდაპირ სამართლებრივი შედეგი დააყენოს _ ის მასალებს პროკურატურას გადასცემს. ანალოგიური ქმედება „სტრატეგია აღმაშენებელმა“ უკვე განახორციელა _ პროკურატურას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით მივმართეთ.
მოკლედ, სახელმწიფოში ინსტიტუციები რომ მუშაობდეს, სამართლებრივი რეაგირებისთვის საფუძველი უკვე არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ლაპარაკია პოლიტიკურ ნებაზე, რომელიც არ არსებობს _ იგივე მოსამართლეები პოლიტიკური დაკვეთით მოქმედებენ. აქედან გამომდინარე, პარლამენტის საგამოძიებო კომისია რეალობას ვერ შეცვლის და, შესაბამისად, ეს იდეა იმის საფუძველი ვერ გახდება, რომ ოპოზიციამ ბოიკოტზე უარი თქვას!
_ გიორგი, თუ ქვეყანაში პოლიტიკური ნება არ არსებობს და სასამართლოც, უბრალოდ, ნოტარიუსია, აბა, ოპოზიცია როგორ დაამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა? სხვათა შორის, უცხოელი პარტნიორებისთვის, როგორც ვიცი, მთავარი განცხადებები კი არა, დოკუმენტებია, რომლითაც მეათე მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ დააყენებენ…
_ ერთმანეთისგან ორი რამ უნდა განვასხვავოთ.
_ კერძოდ?
_ ერთია გამოძიების ან სასამართლო დავების შედეგად მიღებული დოკუმენტაცია და მეორე _ მტკიცებულებების სახით არსებული ფოტო თუ ვიდეო მასალა.
_ ასეთი მასალები ოპოზიციას აქვს?
_ დიახ, გვაქვს და ამის შესახებ, ცხადია, საერთაშორისო პარტნიორებიც ჩავაყენეთ საქმის კურსში.
_ ანუ უცხოელებს არჩევნების გაყალბება-მოპარვის მტკიცებულებები წარუდგინეთ?
_ დიახ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, მათ დოკუმენტური მასალა მივაწოდეთ და პარტნიორული მხარდაჭერა ვთხოვეთ.
საერთოდ, ილუზია არ გვაქვს და კარგად გვესმის, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ობიექტური, სამართლიანი შედეგის მიღწევა შეუძლებელია, მით უმეტეს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილად მოხდა.
_ რას გულისხმობ?
_ არჩევნების გაყალბება შემთხვევითი კი არა, კარგად დაგეგმილი და წინასწარ განსაზღვრული ღონისძიებაა. შესაბამისად, შესანიშნავად გვესმის, რომ თუ „ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება, სამართლებრივ ღონისძიებებს ვერ განვახორციელებთ, მაგრამ ჩვენი ბოიკოტი სწორედ იმას ემსახურება, რომ ეს არჩევნები არ შედგა, შედეგებს არ ვაღიარებთ და ახალ არჩევნებს ვითხოვთ, ოღონდ უპირობო მოთხოვნა გვაქვს _ ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და თამარ ჟვანიას გადადგომა!
_ ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ „ოცნება“ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს.
_ ეს თემა მხოლოდ სამართლებრივ კი არა, პოლიტიკურ ჭრილშიც განვიხილოთ.
_ კი ბატონო, გისმენ.
_ ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნაზე რომ წამოვიდეს, ამით, პრაქტიკულად, აღიარებს, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ, მეორე მხრივ, კოლაფსი იქმნება, რომელსაც კონსტიტუციურად პოლიტიკური კრიზისი ჰქვია. იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტში ერთი ოპოზიციური სუბიექტიც არ აპირებს შესვლას, ერთპარტიულ მმართველობას მივიღებთ.
_ გიორგი, დარწმუნებული ხართ, რომ ბოლო მომენტში რომელიმე ოპოზიციურმა ძალამ საკუთარი გადაწყვეტილება არ შეცვალოს და პარლამენტში არ შევიდეს?
_ ეჭვის საფუძველი რომც მქონდეს, არ მგონია, ამას თუ ვიტყვი, სწორი იქნება. ვფიქრობ, ოპოზიცია ამ ეტაპზე სწორად და შეთანხმებულად მოქმედებს.
_ არ მგონია, მთლად ასე იყოს. ყოველ შემთხვევაში, „გირჩმა“ თქვა, თუ ობიექტურად ჩატარდება, მეორე ტურებში მონაწილეობა შესაძლოა, მივიღოთო. ამასთან, ოპოზიციაში ერთგვარი დისონანსი გრიგოლ ვაშაძის სკანდალურმა განცხადებამაც შეიტანა…
_ მოვლენებს არ გავუსწრებ…
_ ანუ?
_ არ მგონია, მოცემულ ვითარებაში ხმების ხელახალი გადათვლა გამოსავალი იყოს.
_ რატომ?
_ ეს რეალურ შედეგს ვერ დააყენებს. სხვათა შორის, შედეგი ვერც ოქმების გაუქმებით დადგება, რადგან კარუსელის დროს რაც უნდა გადათვალო, სწორი შედეგი მაინც ვერ იქნება. შესაბამისად, ნებისმიერი სუბიექტის მიერ ამ არჩევნების შედეგების ცნობა „ქართულ ოცნებასთან“ დანაშაულში თანამონაწილეობა იქნება! თუ ვინმეს ამის სურვილი აქვს, კი ბატონო, ეს მისი ნებაა, თუმცა ამ სუბიექტს ხალხის ნებასთან კავშირი არ და ვერ ექნება! ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი, ჩემი ღრმა რწმენით, ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობის ნების გამოხატვაა. თუ ვინმე პარლამენტში შევა, ცხადია, ჯვარს ვერ ვაცვამთ, მაგრამ ეს სწორი პოლიტიკური ნაბიჯი არ იქნება…
მოკლედ, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში მასობრივი პროტესტია და პროტესტი სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულებსაც გაუჩნდათ, ახალი არჩევნები გარდაუვალია. სხვათა შორის, როცა პარლამენტში მხოლოდ ერთ პარტიას, ამ შემთხვევაში, „ოცნებას“ ვიხილავთ, ეს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ძალიან დიდი სიგნალი იქნება, თუ რა მდგომარეობაშია ქართული დემოკრატია.
_ გიორგი, როგორც იურისტმა, განმიმარტე, ახალი არჩევნების დასანიშნად რა პროცედურებია საჭირო?
_ რეალურად, ორი მექანიზმი გვაქვს: ერთი რიგგარეშე არჩევნებია, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციას ნიშნავს, რაზედაც არ უნდა დავთანხმდეთ.
რაც შეეხება მეორე მექანიზმს, არჩევნები გაუქმებულად უნდა იცნოს და ახალი არჩევნები იმ წესით უნდა ჩატარდეს, რომლითაც წინა ჩატარდა.
_ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები როგორ უნდა გაუქმდეს?
_ საამისოდაც რამდენიმე მექანიზმი არსებობს, მათ შორის, სასამართლო. ასევე გარკვეული ღონისძიებების გატარება მე-9 მოწვევის პარლამენტსაც შეუძლია, თუმცა მთავარი მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის კლანჭებში არ მოექცეს. საერთოდ, პოლიტიკური კრიზისი ის მოცემულობა არაა, როცა ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმის გაგრძელება შესაძლებელია. კოვიდმა ქართულ ეკონომიკაზე ისედაც დიდი გავლენა მოახდინა და ამ პოლიტიკურმა კრიზისმა ეკონომიკა შესაძლოა, კიდევ უფრო დაანგრიოს!
_ მერე, ამაზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას იღებს?
_ დიახ, პასუხისმგებლობას ვიზიარებთ და გვესმის, საქმე რასთანაც გვაქვს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყანა ოლიგარქის კლანჭებს რუსული გავლენებისგან გამოვგლიჯოთ!
_ „ოცნება“, დღევანდელი მოცემულობით, არც თამარ ჟვანიას გადაყენებას აპირებს და არც _ ახალი არჩევნების დანიშვნას. ჰოდა, ახლა რა ხდება?
_ მე, როგორც ერთი პიროვნება, მომხრე ვარ, ოპოზიციას სამართლებრივ ჩარჩოებში რადიკალური მიდგომები ჰქონდეს და „ოცნების“ მსგავსს შემოთავაზებებს არ უნდა დავთანხმდეთ, თუმცა პოლიტიკაში დიალოგის მექანიზმი არსებობს და ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, გარკვეული კომუნიკაცია იყოს…
_ ისე, გიორგი, შენი აზრით, „ოცნება“ ამ დონის გაყალბებაზე იმიტომ ხომ არ წავიდა, რომ ოპოზიციისგან სიხისტეს არ ელოდა?
_ არ მგონია, რომ ამ საკითხზე ასეთი შინაარსობრივი განხილვა ჰქონოდა, რადგან „ოცნების“ გუნდს ასეთი ინტელექტუალური დიაპაზონი არ აქვს. უბრალოდ, ერთი მიზანი ჰქონდა _ ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად დარჩენილიყო და, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, შედეგზე არც უფიქრია!
_ ე. ი., „ოცნებამ“ გაყალბების გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღო?
_ არა.
_ ასე რატომ ფიქრობ?
_ გაყალბება სპონტანურად არ ხდება და მას შესაბამისი მომზადება სჭირდება, ანუ გაყალბება პროცესია…
_ ოპოზიციამ საკუთარი ხმების დაცვა რატომ ვერ შეძლო?
_ იმიტომ, რომ არჩევნები უბნებზე არ გაყალბდა. ეს პროცესი იყო და არჩევნების დასაცავად სამართლებრივი რესურსი საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ხელისუფლების ყველა შტო მიტაცებულია!
_ სხვათა შორის, არჩევნებამდე ოპოზიციის წარმომადგენლებს რომ ვეკითხებოდი, ხმების დაცვის რა მექანიზმი გაქვთ-მეთქი, მპასუხობდნენ, _ აი, დამკვირვებლები გვყავს, უბნებზე კამერებიცააო, მაგრამ, როგორც ირკვევა, ყველაფერი ეს ხმების დასაცავად საკმარისი არ აღმოჩნდა.
_ ამ მექანიზმებმა იმუშავა და ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ არჩევნების შედეგების გაყალბებაში, წეღანდელი თქმისა არ იყოს, ხელისუფლების ყველა შტოა ჩართული. როცა ქვეყანაში ხელისუფლების დანაწილების პრინციპი უზრუნველყოფილი არაა, ერთი სამართლებრივი მექანიზმიც ვერ მუშაობს! გაყალბების ყველა მტკიცებულება შესაბამისს უწყებებში კი წარვადგინეთ, მაგრამ ყველანი ვხედავთ, რეაგირება როგორიცაა…
_ სხვათა შორის, „ოცნება“ რიტორიკულად კითხულობს, _ ხმა მილიონმა ადამიანმა მომცა და ამ ხალხის ხმა ხელახლა რატომ უნდა გადაითვალოსო? ისე, კანონით აკრძალული არაა, რომ პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტია იყოს…
_ დიახ, აკრძალული არაა, მაგრამ თანამედროვე სამყაროში ფაქტობრივი მოცემულობა ძალიან ნიშანდობლივია. ამიტომ ოპოზიციის ბოიკოტი, პირველ რიგში, პოლიტიკური აქტია.
_ ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, შენი გათვლით, ახალი არჩევნები როდის შეიძლება დაინიშნოს?
_ ამის პროგნოზირება რთულია.
_ რატომ?
_ ძალიან დიდი მნიშვნელობა, ჩემი აზრით, პომპეოს ვიზიტსაც ექნება.
_ შეიძლება, მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პომპეოს ვიზიტის მთავარი მიზანი სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარებაა…
_ მესმის, რომ საუბარი ყარაბაღის მოვლენებზეა, მაგრამ პომპეო აქედან ისე ვერ წავა, რომ აშშ-ის პარტნიორ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობაზე რეაქცია არ ჰქონდეს.
_ ვნახოთ… ოპოზიცია აქციებს დიდი ინტერვალით მართავს. ეს საპროტესტი მუხტს ხომ არ ანელებს?
_ არა. ყოველ შემთხვევაში, პირადად მე ამ მუხტს ყოველდღიურად ვგრძნობ და შეუძლებელია, შენელდეს. პირიქით, მუხტი იზრდება. საერთოდ, საქართველოს უახლეს ისტორიაში არჩევნების გაყალბება არავის შერჩენია და ამ მხრივ გამონაკლისი არც „ქართული ოცნება“ იქნება!
_ ე. ი., დარწმუნებული ხარ, რომ „ოცნება“ მიდის?
_ დიახ, მოუწევს.
_ როდის? _ ეს ახლა ყველაზე აქტუალური კითხვაა, არა?
_ დიახ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ პარლამენტის ოთხწლიანი მმართველობა ვერ დასრულდება.
_ მაშასადამე, ახალი არჩევნები შესაძლოა, 2022 წელსაც ჩატარდეს?
_ პოლიტიკური კრიზისი მარტივი გადასატანი არაა და ხელისუფლება, ადრე თუ გვიან, დათმობს! ვფიქრობ, ეს „ოცნებას“ დეკემბრამდე მოუწევს!
_ ბოლოს, გიორგი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გამსვლელ სიაში იყავი. ჰოდა, მითხარი, გული ხომ არ გწყდება, დეპუტატი რომ ვერ გახდი?
_ გულწრფელად გეტყვი: არა, რადგან არ მგონია, რომ ამ მოცემულობაში ეს შეიძლება, გულდასაწყვეტი იყოს!
დიახ, მე არ მინდა, რომ დეპუტატი ივანიშვილის მიერ გადმოგდებული მანდატით გავხდე! მე მინდა, დეპუტატი ხალხის ნებით გავხდე. დღეს სწორედ ხალხის ნება მიიტაცეს!
_ ანუ არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, დღეს დეპუტატი იქნებოდი?
_ ჩემი ვარაუდით, კი, რადგან 4-5 პროცენტი მოპარულია…
_ გიორგი, წარმატებებს გისურვებ!
გიორგი აბაშიძე