გიორგი კირთაძე: „კობახიძესა და ივანიშვილს იმედები გაუცრუვდებათ“
ირინა მაკარიძე
ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტია „ახალის“ პრეზენტაციაზე ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ, განაცხადა, რომ მათ აერთიანებთ რწმენა, რომ შეძლებენ ახალი, სამართლიანი წესრიგის უზრუნველყოფას საქართველოში. რას გულისხმობს „სამართლიან წესრიგში“ და როგორ აპირებს ამის მიღწევას მელიასა და გვარამიას პოლიტიკური გუნდი, ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ახალის“ წარმომადგენელი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გიორგი კირთაძე:
_ ვფიქრობ, რომ მართლაც გასარღვევია ის მოჯადოებული წრე, რომელზედაც უკვე სამ ათეულ წელზე მეტია, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ვტრიალებთ. მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო. როდესაც ვამბობთ, რომ ახალი, სამართლიანი წესრიგი უნდა იყოს ამ ქვეყანაში, ბუნებრივია, პირველ რიგში, ვგულისხმობთ, რომ გადაწყვეტილებები სხვაგვარად უნდა მიიღებოდეს. არ შეიძლება ერთმა პარტიამ, მით უმეტეს, ერთმა ადამიანმა, გადაწყვიტოს, როგორ ვიცხოვრებთ ხვალ. ამისთვის სწორედ საჭიროა რეალური ინსტიტუციური განვითარება და მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც იქნება ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი „ახალის“. ასევე ქვეყნის დეცენტრალიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ცენტრში ერთი ადამიანი კი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, არამედ ის საკითხები, რაც რეგიონს ეხება, ადგილზე უნდა იყოს გადაწყვეტილი. საჭიროა მნიშვნელოვანი ცვლილებები და რეფორმები განათლებაში, ეკონომიკაში და ა. შ.
_ როგორ მიმდინარეობს აჭარაში და კონკრეტულად ბათუმში „ახალის“ ჩამოყალიბების პროცესი?
_ მთელი ქვეყნის მასშტაბით, პრაქტიკულად, პარტიული ინფრასტრუქტურა მზად არის. იცით, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასვლისას ნიკა მელიას უამრავი ადამიანი გამოყვა, ზოგი მანამდე გავიდა, ზოგი მას შემდეგ, ასევე არის ბათუმსა და აჭარაში. რაც ახლა მნიშვნელოვანია, ჩვენ მზად უნდა შევხვდეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ყველა ქალაქში, რაიონსა თუ სოფელში აუცილებლად გვეყოლება „ახალის“ წარმომადგენელი ადამიანები, რომლებიც გამორჩეულები იქნებიან თავიანთი პროფესიონალიზმით, პატრიოტიზმით, გულწრფელობითა და წესიერებით.
_ ბათუმში გაქვთ თქვენი ადგილი, ოფისი, სადაც იკრიბებით?
_ ბათუმში ჩვენ შეკრების ადგილი დიდი ხანია, გვაქვს. მალე ეს გადაკეთდება „ახალის“ პარტიულ ოფისად. ბათუმის გუნდში გაერთიანდა ბათუმის საკრებულოში ოპოზიციური კვოტით საკრებულოს წევრთა უმრავლესობა. ნოდარ დუმბაძე, რომელიც გახლავთ ბათუმის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციის ხელმძღვანელი, ის და მისი მეგობრები იქნებიან პარტია „ახალში“. გარდა ამისა, ამ პერიოდში ბევრი ძალიან საინტერესო ახალი ადამიანი შემოემატა ჩვენს გუნდს. მათთან ერთად ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის.
_ კეთდება განცხადებები, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც ილაპარაკა ამის შესახებ, რომ პარტია „ახალი“ ვერ გადალახავს ბარიერს, „ერთპროცენტიანი და ორპროცენტიანი პარტია“, _ ასე მოიხსენია მან „ახალი“. რას იტყვით ამის შესახებ?
_ კობახიძისა და „ოცნების“ სხვა წარმომადგენლების მსგავსი განცხადებები ბევრჯერ მოგვისმენია და მათი გაცრუებული პროგნოზებიც ბევრჯერ გვინახავს. მაგალითად, ის, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ტურში იგებდა სალომე ზურაბიშვილი და გამარჯვების აღსანიშნად გამზადებული სცენის გახსენებაც საკმარისია. ბოლო არჩევნებს გავიხსენებ, როდესაც ამბობდნენ, რომ მათმა კანდიდატმა ბათუმში არჩევნების პირველსავე ტურში მოიგო, რეალურად კი არა თუ პირველ ტურში გაიმარჯვა, საერთოდ დამარცხდა მათი კანდიდატი. ასე რომ, კობახიძის ეს განცხადებები მიმართულია იმისკენ, რომ თავის მხარდამჭერებში მეტი რწმენა გააჩინოს. რეალურად, ისინი არიან შეშინებულები. ყველა სახელისუფლებო პარტია უფრთხის ხოლმე ახალს, ახალ პოლიტიკურ პარტიებს, რადგან ახალი ასოცირდება სიახლეებთან. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. „ახალი“ იქნება ის ოპოზიციური ძალა, რომელიც ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმის დასრულებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. მგონია, სწორედ ამ შიშის გამოხატულებაა ეს. რომ ვთქვა, გულდაწყვეტილი ვარ ამ განცხადებების გამო-მეთქი, არ იქნება მართალი. ის, რომ დროსა და ყურადღებას უთმობენ ჩვენს პარტიას, ეს არ არის ცუდი. „ახალთან“ რომ ცვლილებები ასოცირდება, ეს, ალბათ, კობახიძეს კარგად ესმის, ამიტომ გამოდის ამ და მსგავსი ტიპის რიტორიკით. საკონსტიტუციო უმრავლესობის კი არა, უმრავლესობის მოპოვების შანსი რომ არ აქვს „ქართულ ოცნებას“, ეს კობახიძემაც და ივანიშვილმაც კარგად იცის, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს ცვლილებებს. ახლა ოპოზიციური პარტიების ვალია, რომ ფეხი აუწყონ საზოგადოების ამ მოთხოვნას და ისეთი კონფიგურაციით წარსდგნენ არჩევნებზე, რომ ხმები არ დაიკარგოს. ასეთ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიები ჯამურად შეძლებენ „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის დამარცხებას. პარტია „ახალი“ იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუციის შემტანი ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოშლის საქმეში.
_ ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ კომიკურია გვარამიასა და მელიას დაპირისპირება პრემიერის პოსტის გამო, ამის შესახებ რას იტყვით?
_ ყველა ხვდება, რომ ეს მათ მიერვე გამოგონილი ჭორია, მელიასა და გვარამიას გარდა ბევრი განსაკუთრებულად კარგი ადამიანია, ყველა მათგანს აქვს ძალიან საქმიანი და კარგი ურთიერთობა ერთმანეთთან. ასე რომ, კობახიძესა და ივანიშვილს იმედები გაუცრუვდებათ.
_ თავისთავად, ორი გუნდის ერთ პარტიად ჩამოყალიბება ესეც ერთგვარი სიახლეა. აღინიშნა, რომ ამით გსურთ აჩვენოთ, თუ როგორ არის შესაძლებელი კოალიციური ერთობა. ამასთან, თქვენ ოპოზიციური პარტიების სწორ კონფიგურაციაზე საუბრობდით, რას გულისხმობთ?
_ ეს არ არის მხოლოდ ორი ადამიანის, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გაერთიანება. ეს არის ბევრი საინტერესო, განსხვავებული ადამიანის სწორი ერთობა. ზოგადად, ერთობას საზოგადოება უჭერს მხარს, ოღონდ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მექანიკური ერთობები არ გამოვა. სწორი ღირებულებითი ერთობა უნდა იყოს, რომ გულწრფელად ავუხსნათ ხალხს, რა გვინდა და ხალხმაც დაგვიჯეროს. რაც შეეხება ოპოზიციას, ზოგადად, მე ვამბობ, რომ ოპოზიცია სწორი კონფიგურაციით უნდა წარსდგეს ამ არჩევნებზე, არ ვამბობ, რომ ყველა შეიძლება ერთ საპარლამენტო სიაში, ერთ პარტიაში იყოს. შესაძლებელია, იყოს რამდენიმე დიდი გაერთიანება ოპოზიციურ ფლანგზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს ოპოზიციური ხმები. ის თემატიკა, რომელსაც გვთავაზობს მოქმედი კანონმდებლობა, კარგად გვაჩვენებს ყველას, რომ დაკარგული ხმა, ანუ 5-პროცენტიან ბარიერთან მიუღწეველი პოლიტიკური პარტიისთვის მიცემული ხმები, პირდაპირ გადადის ძირითადად „ქართული ოცნების“ ყულაბაში. ამიტომ ამაზე ყველანი უნდა დავფიქრდეთ, პირადი წყენები, ამბიციები გვერდით უნდა გადავდოთ და ვკონცენტრირდეთ იმაზე, რომ ავტოკრატიული რეჟიმი ჩამოვშალოთ ამ ქვეყანაში. ეს უნდა გავაკეთოთ იმიტომ, რომ წარმოუდგენლად დიდი შესაძლებლობა აქვს ჩვენს ქვეყანას ზუსტად ამ დროს. რაზედაც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ, ახლა ხელშესახებად ახლოს არის და ეს შანსი არ უნდა გავუშვათ. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ, ევროპასთან ჩვენს დაახლოებას, ნორმალურ ცხოვრებას, კეთილდღეობას ქართული ოჯახებისთვის, უსაფრთხოებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის.
_ არა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა სპიკერებმა, მიხეილ სააკაშვილმაც განაცხადა, რომ შესაძლოა, „ახალმა“ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახოს. მანამდე იყო საუბარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კლონებზე, რას იტყვით ამის შესახებ?
_ იგივეს გეტყვით: ის, რომ კობახიძე და „ქართული ოცნება“ ამდენ დროს ხარჯავს „ახალზე“ საუბრისთვის, ხომ ყველანი კარგად ვხვდებით, რომ აქ საერთოდ ზედმეტია საუბარი ბარიერზე? ბარიერის გადალახვა კი არა, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვიქნებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ოპოზიციური პარტია წინასაარჩევნო პერიოდში, ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში გამოჩნდება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, მისდამი ჩვენი გუნდის დამოკიდებულება ყველასთვის კარგად ცნობილია. ის, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური პატიმარი. ჩვენი პოლიტიკური აქტიურობის მთავარი მიზანი არის ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ამ ქვეყანაში ბოლო პოლიტიკური პატიმარი, რომ დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება ქვეყანაში. დანარჩენთან დაკავშირებით ჩემი კომენტარი, ალბათ, არ იქნება საჭირო. არ მგონია, რომ მიშას ეთქვას, ბარიერს ვერ გადალახავენო. კარგად იცის მიხეილ სააკაშვილმაც და ყველამ, რომ აქეთ მხარეს, „ახალში“, არიან გულწრფელი, პატრიოტი ადამიანები. დარწმუნებული ვარ, პარტია „ახალი“ იქნება ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოშლაში გადამწყვეტ მონაწილეობას მიიღებს.
_ თქვენ ახსენეთ, რომ სამართლიანი წესრიგის დამყარება გინდათ. ეს რამდენად არის სამართლიანი მართლმსაჯულების საკითხთან დაკავშირებული, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ევროკომისიის 9 დათქმიდან. რა თქმა უნდა, ყველა საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ერთ-ერთი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს როგორც სასამართლო სისტემის, ასევე პროკურატურისა და იუსტიციის საბჭოს რეფორმირებას, განსაკუთრებით აქცენტირებული იყო ბოლო პერიოდში ვეტინგის თემა, რას იტყვით ამ საკითხის შესახებ?
_ რა თქმა უნდა, სამართლიანობის განცდა, პირველ რიგში, დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან სასამართლოს უკავშირდება, მათ შორის, ვეტინგი, რომელიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს. მიმაჩნია, რომ ეს აუცილებელია, რაც მოგვცემს საშუალებას, სასამართლო კლანისა და არაკეთილსინდისიერი მოსამართლეებისგან გაათავისუფლოს სისტემა. როგორ წარმოგვიდგენია სასამართლოს სისტემის მოწყობა, რა ფორმით უნდა აირჩიონ თუ დანიშნონ მოსამართლე, ამაზე გუნდშიც არის განსხვავებული პოზიციები. მსჯელობა ამ საკითხებზე გრძელდება. პარტია საბოლოოდ თავის პოზიციას საარჩევნო პროგრამაში ასახავს. კეთილსინდისიერების შემოწმებაზე „ქართული ოცნების“ მკვეთრი განცხადებები, რომ მიუღებელია მათთვის მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება, მიუთითებს იმაზე, თითქოს მათ რაღაცის ეშინიათ. სხვა რა ახსნა შეიძლება ამ ყველაფერს ჰქონდეს? ჟურნალისტთა ან პოლიტიკოსთა კეთილსინდისიერების შემოწმება რომ მოითხოვოს ვინმემ და უარი ვთქვათ ან მე და ან თქვენ, მთლად მართლები ხომ არ ვიქნებით? რა ვიცი, შეგვამოწმონ. მგონია, რომ, პირველ რიგში, ქვეყნის წინსვლისთვის საჭიროა სამართლიანი სასამართლო და ამ მიმართულებით ყველა მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმება არის მნიშვნელოვანი. რატომ შეიძლება იყოს კეთილსინდისიერი ადამიანი ამის წინააღმდეგი, ბოლომდე არ მესმის? რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, ყველა საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა მართლმსაჯულება არის საკვანძო საკითხი. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვნდად მიმაჩნია დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობის როლის გაზრდა. თუ ჩვენ მართლა გვინდა დემოკრატია და გვსურს, ღირსეული ადგილი გვქონდეს ევროპულ თანამეგობრობაში, ღირსეულად ვიყოთ წარმოდგენილები ევროპაში, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ადგილზე მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობით უნდა მიიღებოდეს. ამისთვის ფართო გასაქანს იძლევა დეცენტრალიზაცია.
_ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს მიიღეს მნიშვნელოვანი ცვლილებები „თვითმმართველობის კოდექსი“, რომელიც შემდეგ უკან წაიღეს, თვითმმართველი ქალაქები გააუქმეს და თვითმმართველობებს უფლებები შეუზღუდეს, მაგრამ აჭარას, როგორც ავტონომიურ რესპუბლიკას, ხომ გაცილებით მეტი უფლება აქვს?
_ რაც შეეხება კანონს თვითმმართველობის შესახებ, იგი ბევრად ადრე მიიღეს, ოღონდ თავისი ეტაპები აქვს ქვეყანაში დეცენტრალიზაციასა და თვითმმართველობის განვითარებას. „ქართულმა ოცნებამ“ რაც შეძლო, ბოლომდე მოსპო განცდა და შეგრძნება იმისა, რომ ადგილზე გადაწყვეტილების მიღება იქნება შესაძლებელი. თითქოს მერების პირდაპირი არჩევა შემოიტანა, მაგრამ გვახსოვს, მათ შორის, ბოლო არჩევნებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები „ქართული ოცნებიდან“, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, რომ ის ქალაქები და რაიონები, რომლებიც აირჩევდნენ მერებს არა „ქართული ოცნებიდან“, შემდეგ ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდნენ. როგორ შეიძლება, ამ ყველაფრის შემდეგ „ქართულ ოცნებაზე“ ვინმემ თქვას, რომ მათ ესმით, რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა? ეს ხომ პირდაპირი მითითება იყო, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში არ გვაქვს საერთოდ ადგილობრივი თვითმმართველობა და ცენტრში როგორც გადაწყვეტენ, ისე იქნება. „ქართული ოცნების“ პირობებში კიდევ უფრო უარესად გვაქვს საქმე, იქ არც პრემიერ-მინისტრს ეკითხება არავინ, ხვალ რა უნდა მოხდეს, არც მინისტრთა კაბინეტის არც ერთ წევრს, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს ბიძინა ივანიშვილი.
_ რაც შეეხება აჭარას, მას ხომ გაცილებით მეტი უფლება აქვს, ვიდრე რეგიონებს?
_ აჭარა ამ მხრივ თითქოს მოწინავეა, მას ჰყავს თავისი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ასევე ამტკიცებს მთავრობას და ა. შ. მაგრამ იგივე მდგომარეობა გვაქვს აჭარაში, რაც საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. მიამიტობა იქნება, ვინმემ დაიჯეროს, რომ აქ თორნიკე რიჟვაძე ან აჭარის უმაღლესი საბჭოს რომელიმე წევრი რამე გადაწყვეტილებას იღებს. რა თქმა უნდა, ყველა ეს ადამიანი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, რას ეტყვიან პარტიის სათავო ოფისში ან ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლიდან.
ძლიერი რეგიონები და ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა არის გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში ხვალინდელი დღის კი არ შეგვეშინდება, არამედ ვიქნებით მშვიდად. ჩვენ გვეცოდინება, რომ თქვენი სახლის წინ, ჩემი სახლის წინ, მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხი იქნება თუ სხვა ნებისმიერი რამ, ადგილზე მივიღებთ ჩვენი ჩართულობით გადაწყვეტილებას.
_ უკონტროლო მშენებლობების პრობლემა რამდენად აქტუალურია ბათუმში და რამდენად არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის, რუსების აქტიურობა ამ სფეროში?
_ ყველას გვახსოვს გემით თუ ფრენებით იმ ადამიანების შემოსვლა, რომლებიც კრემლისა და პუტინის პირდაპირ პროპაგანდას ეწეოდნენ. ყოველგვარი ბარიერების გარეშე ახერხებდნენ ისინი ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას. ეს, რა თქმა უნდა, არ არის კარგი. მტრულად განწყობილი ქვეყნის მოქალაქეები ვერ უნდა ახერხებდნენ ასე თავისუფლად შემოსვლას, დასვენებასა და, მით უფრო, ბიზნესის წარმოებას. მშენებლობა ბათუმში ერთ-ერთი ძირითადი კორუფციული მიმართულებაა. ზოგადად, კორუფცია „ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანია. მგონია, რომ ამ კუთხით ბათუმი და აჭარა მოწინავეც კი არის საქართველოში. წარმოუდგენლად ქაოსურად და მართლა ქალაქის დამახინჯების ხარჯზე აბეტონებენ ბათუმს. ყველა კონკრეტული ობიექტის უკან აუცილებლად დგას კორუფციული გარიგება. ხშირ შემთხვევაში ესენი არიან „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები, ის ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე წინა ხაზზე დგანან „ქართული ოცნების“ სახელით.
_ რაც შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს, ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში მიმდინარეობს რუსეთის სამხერდო პორტის მშენებლობა, რასაც „ქართული ოცნება“ ოფიციალურად საფრთხედ არ აღიარებს. რას იტყვით, რამდენად უქმნის ეს საფრთხეს საქართველოს და თუნდაც ბათუმს?
_ როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს არ არის საფრთხე ქართული სახელმწიფოებრიობისთვის? ამ დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ხელისუფლებისგან სწორი ნაბიჯები, სწორი მესიჯების მოსმენა. რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ხარჯავენ ოპონენტთა დისკრედიტაციის მცდელობაში, ამის მეათედიც რომ დაეთმოთ ამ თემაზე საუბრისთვის, ფიქრისთვის, ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმისთვის, ბევრად უკეთესი იქნებოდა, ცოტას დაამშვიდებდა ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს. ამ თემის წაყრუება არის დანაშაული ქვეყნის მომავლის წინაშე. ამიტომაც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა, რომ მმართველობის სათავეებთან მოვიდნენ პატრიოტი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი არ იფიქრებენ, არამედ ამ ქვეყნის მოქალაქეებსა და ხვალინდელ დღეზე.
_ თქვენ ახსენეთ ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ამ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლებამ არ გაიზიარა არც ევროკომისიის, არც ვენეციის კომისიის, არც ეუთო/ოდირის დასკვნა, არც პრეზიდენტის ვეტო და მაინც იმ ფორმით მიიღო საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები, რაც მას სურდა, რამდენად არსებობს სამართლიანი არჩევნების ჩატარების შანსი?
_ „ქართული ოცნების“ პირობებში სამართლიანი არჩევნების ჩატარების საშუალება არ იქნება. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ სამართლიანთან ცოტა მიახლოებული არჩევნები მაინც ჩავატარებინოთ. როგორ გავაკეთებინოთ? _ ჩვენი აქტიურობით, საერთაშორისო დამკვირვებლებთან თანამშრომლობით და ა. შ. ყველას კარგად გვახსოვს, წარმოუდგენლად დიდი რესურსების პირობებშიც კი, რომელიც იყო „ქართული ოცნების“ მხარეს, თავისი ადმინისტრაციული რესურსით, ფინანსურით, ყველა სხვა დანარჩენით, არასამართლიანი გარემოთი _ მოსყიდვა, დაშინება, შანტაჟი _ ჩვეულებრივი ამბავი იყო, როგორც მთელ საქართველოში, ასევე ბათუმში. ამის მიუხედავად, ბათუმში „ქართული ოცნება“ არჩევნებში პირწმინდად დამარცხდა, პირველ ტურში არჩევნები დასრულდა ისე, რომ 19 მანდატი ჰქონდა ოპოზიციას, ხოლო 16 „ქართულ ოცნებას“. გახსოვთ, ადამიანის სიცოცხლე დასჭირდა „ქართულ ოცნებას“, რომ აქ ეს მოცემულობა შეეცვალა. ირაკლი კობახიძე იყო პირველი, ვინც გამოვიდა დამარცხებული არჩევნების შემდეგ და თქვა, რომ მას მაინც ექნებოდა უმრავლესობა. ეს ხომ პირდაპირ იყო ნიშანი, რომ იქნებოდა წარმოუდგენელი მასშტაბით ზეწოლა უკვე არჩეულ წევრებზე. ამ არასამართლიანი გარემოს მიუხედავად, ჩვენ შევძელით და „ქართული ოცნების“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა თუ ადგილობრივ ოლქს ვაღიარებინეთ არჩევნებში მარცხი. სხვა ამბავია, რომ ვერ შევძელით ამ გამარჯვების შენარჩუნება. ყველამ მეტი უნდა ვიფიქროთ სწორედ ამაზე, რომ შევძლოთ მიღებული შედეგის შენარჩუნება. იმდენად მაღალია საზოგადოების მოთხოვნა ცვლილებისადმი, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ვითარებაში ჩატარებულ არჩევნებშიც კი შესაძლებელია, „ქართული ოცნება“დავამარცხოთ, შემდეგ კი უნდა შევინარჩუნოთ გამარჯვება, თუ გვინდა, რომ ამ ქვეყნისთვის უკეთესი ხვალინდელი დღე უზრუნველვყოთ.
_ იცით, ალბათ, ჩვენი გაზეთის, „ქრონიკა+“-ის რედაქტორ ელისო კილაძის აქტიურობა ნარკოტიკების უკონტროლო გავრცელების წინააღმდეგ. ფიქრობთ თუ არა, რომ ნარკოტიკები არის ჩვენი რეალობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა? რამდენად საგრძნობია ეს აჭარაში და რას მიიჩნევთ ამ პრობლემის გადაჭრის გზად?
_ რეალურად, ალბათ, ნომერ პირველი პრობლემა საქართველოში ეგ არის, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან იგრძნობა ბათუმშიც. ნარკოტიკი ჩვენს ქალაქში ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი, რაც განსაკუთრებული პრობლემაა. მჯერა, რომ არ არსებობს სამართალდამცველების მხრიდან ჯეროვანი ნება ამ ყველაფრის აღსაკვეთად. ასე რომ არ იყოს, წარმოუდგენელია, ვერ იქნებოდა ნარკოტიკი ასეთი ხელმისაწვდომი ბათუმსა და მთელ ქვეყანაში. ამ საკითხს კომპლექსური მიდგომა სჭირდება, რაც მთავარია, მფარველების მოშორება, იქნება ეს სამართალდამცავი თუ სხვა უწყებებიდან _ ვინც მფარველობს ამ დიდ სქემას მთელი ქვეყნის მასშტაბით.