გიორგი გიუაშვილი: „კელი დეგნანი აუცილებლად უნდა შეიცვალოს“
ოპოზიცია მძლავრი საპროტესტო აქციების დაწყებას გაზაფხულიდან აპირებს. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები აცხადებენ, რომ მალე გამოვლენ ქუჩაში და ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშვნას აიძულებენ. ლეიბორისტული პარტიის ყოფილი წევრი, გიორგი გიუაშვილი, ვადამდელ არჩევნებს უჭერს მხარს, მაგრამ არ სჯერა, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას დაათმობინებს. მისთვის ის კეკლუცობაც აუხსნელია, რასაც ოპოზიცია ამჟღავნებს. გიუაშვილის აზრით, სანამ პოლიტიკური ველი პოლიტნეხვისგან არ განთავისუფლდება, ქვეყანას არაფერი ეშველება.
ვის და რატომ ეკეკლუცება ოპოზიცია? რატომ არის საჭირო ალტერნატიული პარლამენტის შექმნა? რატომ იყო შეცდომა 8 მარტის შეთანხმება? რას მოგვიტანს გაზაფხული? _ ამის შესახებ გიორგი გიუაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ოპოზიცია გვპირდება, რომ ხელისუფლებას აიძულებენ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. ამისთვის მძლავრი პროტესტია საჭირო. შეძლებს ოპოზიცია მძლავრი საპროტესტო ტალღის აგორებას?
_ ახლა რასაც ვუყურებ, ოპოზიცია კეკლუცობს. შედეგის მიღწევა თუ უნდა, კეკლუცობას თავი უნდა დაანებოს. არჩევნების წინაც ნიჰილისტურად ვიყავი განწყობილი ოპოზიციის მიმართ. სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზი გამართლდა. მათი დიდი იმედი ახლა არ მაქვს. არჩევნებამდე ოპოზიციის მხრიდან ბრძოლისუნარიანი ნაბიჯები ვერ დავინახე. მაშინაც კამერებთან კეკლუცობით იყვნენ დაკავებულები. გაიძახოდნენ, ვიგებთ და ვამარცხებთ ხელისუფლებასო. რას იგებ და ვის ამარცხებ? ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია შარშან 8 მარტს გაფორმებული შეთანხმება. საოცარია, რომ ოპოზიცია დღემდე ამ შეთანხმებით იწონებს თავს.
_ 8 მარტის შეთანხმება რატომ მიგაჩნიათ დიდ შეცდომად?
_ შეცდომად იმიტომ მიმაჩნია, რომ ამ შეთანხმებამ ყველა დააზარალა. „ქართულ ოცნებასთან“ როგორ შეიძლება შეთანხმების გაფორმება?!
_ ელისაშვილი ასე არ ფიქრობს. ის „ოცნებასთან“ გაფორმებული მემორანდუმით ამაყობს.
_ ელისაშვილზე ლაპარაკი არ მინდა, ის დამთავრებული ადამიანია. რა შეთანხმება? რა კანონების მიღება? საგამოძიებო კომისიის შექმნაც ზღაპარია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნები უნდა შეისწავლოს. სადაც „ოცნებაა“, იქ შეთანხმება არ შეიძლება. ეს შედეგს არ მოიტანს.
_ 8 მარტს გაფორმებული შეთანხმების შემდეგ პოლიტპატიმრები ხომ გაათავისუფლეს. რატომ იყო ეს უშედეგო?
_ პოლიტპატიმრების გამოშვება ამ შეთანხმების გარეშეც მოუწევდათ. ხელისუფლებას უფლება არ უნდა მივცეთ, პოლიტპატიმრების თემით ივაჭროს. ასე შეიძლება, ყოველი არჩევნების წინ რამდენიმე ადამიანი დააკავონ და მერე მათი თავისუფლებით ევაჭრონ ოპოზიციას. დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ ვაჭრობით რევოლუციები არ ხდება.
_ ოპოზიცია რევოლუციის გარეშე აპირებს ხელისუფლების შეცვლას.
_ ვაჭრობით ვერც ხელისუფლება შეიცვლება. ოპოზიციამ ხელისუფლებას უფლება არ უნდა მისცეს, რომ მან პოლიტპატიმრების თემაზე ივაჭროს. ის ადამიანები იმიტომ გამოუშვეს, რომ უდანაშაულოები იყვნენ. ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას განთავისუფლებას საკუთარ თავზე იბრალებს ელისაშვილი, რაც არის სიცრუე. ამ ადამიანების განთავისუფლება საპროტესტო აქციების დამსახურებაა, ასევე იმ მოლაპარაკებების, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებასთან მართავდა.
_ არჩევნების შემდეგ გამართულ მოლაპარაკებებს გულისხმობთ?
_ მაგ მოლაპარაკებებზე ვსაუბრობ. დიპლომატების ჩართულობით მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა. უდანაშაულოდ დაჭერილი ადამიანები გარეთ ამ მოლაპარაკებების შედეგად გამოვიდნენ. აქ ელისაშვილი არაფერ შუაშია. ან იმას რას ბოდავს, რომ ვითომ ეგ იქნება პირველი კომისიაში?! საპარლამენტო კომისია პარლამენტში შესული პარტიების წევრებით კომპლექტდება. ან კანონების მიღებით ვის აბოლებს? მთავარია, როგორ შესრულდება ეს კანონები, თორემ უამრავი კანონი მიუღია პარლამენტს და ამით არაფერი შეცვლილა. „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგებს გვახევს თავზე და ისინი კანონებს შეასრულებენ? მაგათი ნდობა არ შეიძლება.
_ საუბარი ოპოზიციის კეკლუცობით დავიწყეთ. თქვენი აზრით, რატომ კელუცობს ოპოზიცია? პანდემიის გამო ერიდებიან ქუჩის აქციების გამართვას?
_ კეკლუცობა არც მანამდე აკლდათ, სანამ პანდემია დაიწყებოდა. გასულ წელს „ქართულმა ოცნებამ“ გიგი უგულავა ლამის მოლაპარაკებების მაგიდასთან დააკავა. ოპოზიციას ამაზე ადეკვატური რეაქცია არ ჰქონია. წესით, იმავე დღეს უნდა დაწყებულიყო გამოსვლები. ეს ის დროა, როცა კელი დეგნანი საქართველოში ახალი ჩამოსული იყო. არც კორონავირუსი ფიქსირდებოდა იმ დროს საქართველოში. მაშინ ოპოზიციას შეეძლო ძალიან კარგი ნაბიჯების გადადგმა, ამას ორგანიზება სჭირდებოდა. ბრძოლას, როგორც წესი, ყოველთვის აქვს აზრი.
სამწუხაროდ, ოპოზიციამ ბრძოლას კეკლუცობა ამჯობინა. იმის მაგივრად, რომ ქუჩაში გამოსულიყვნენ, არჩევნებს დაელოდნენ. არჩევნებს დაელოდნენ, რომ წაეგოთ, რათა შემდეგ შეეტიათ ხელისუფლებისთვის. როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა, ოპოზიციამ კი პროტესტი დაიწყო, მაგრამ ვერაფერი გააკეთა.
_ რა უნდა გაეკეთებინა ოპოზიციას? ომს ხომ არ დაიწყებდა?
_ ომი რატომ უნდა დაეწყო? საჭირო იყო კარგად ორგანიზებული საპროტესტო აქციები. ოპოზიციამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როცა შარშან ნოემბერში ქუჩაში გამოსული ხალხი დაშალა. ჯერ ნოემბერში რატომ გამართეს აქცია? პროტესტი არჩევნების ღამესვე უნდა დაწყებულიყო. ოპოზიციამ ამ შემთხვევაშიც იგივე შეცდომა გაიმეორა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ღამეს. გახსოვთ, ხომ ის ღამე _ გამარჯვებულად რომ გამოაცხადა კობახიძემ სალომე და რეალურად მეორე ტური იყო დანიშნული. გოგა ხაინდრავაც მივარდა პარტიაში თაიგულით და მერე არ იცოდა, ეს ყვავილები სად შეეტენა. „ბუკეტიანი“ ხაინდრავა და დანარჩენი მეოცნებეები დაბნეული ბატებივით რომ დადიოდნენ, მაშინ უნდა დაეწყო ოპოზიციას გამოსვლები. როცა მოძალადე ხელისუფლებასთან გაქვს საქმე, რაც არ უნდა დარწმუნებული იყო არჩევნების მოგებაში, გეგმა ბე აუცილებლად უნდა გქონდეს. არც საპრეზიდენტო არჩევნების დროს და არც შარშან საპარლამენტოზე ოპოზიციას გეგმა ბე არ ჰქონია.
31 ოქტომბრის ღამესაც მაგარი დაბნეულები იყვნენ „ქოცები“. უფრო მაღალ შედეგს ელოდნენ. იპოზიცია იმავე საღამოს უნდა გამოსულიყო გარეთ, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ჩაინიშნა საპროტესტო აქცია.
_ ამ აქციაზე უამრავი ადამიანი მივიდა.
_ ძალიან ბევრი ხალხი იყო. ეს ბოლო დროს ჩატარებული აქციებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო. ოპოზიციამ არც ეს გამოიყენა და აქცია დაშალა. იმის მაგივრად, რომ რაღაც გეგმები დაესახათ, ცესკოსთან წავიდნენ. ეს იყო დიდი შეცდომა.
_ შეცდომა რატომ იყო? არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ და წესით, ცესკოსთან უნდა მისულიყვნენ.
_ რაღაც ჯგუფი უნდა წასულიყო ცესკოსთან, მაგრამ მთავარი ბირთვი პარლამენტის წინ უნდა დარჩენილიყო. ასეთი ტრადიცია ჩამოყალიბდა, რომ საქართველოში ქვეყნის ბედი, ძირითადად, რუსთაველზე წყდება. ამის გარდა, რუსთაველის გამზირი სტრატეგიულად უფრო მნიშვნელოვანი ადგილია. იქ უფრო მარტივად შეიძლებოდა ხალხის თავმოყრა და აქციის შენარჩუნება. ლიდერები ცესკოსთან წავიდნენ, იქ ხალხი გააწუწინეს და დაიშალა აქცია. აღარც პროტესტი გაგრძელებულა.
_ ამას პანდემიამ შეუშალა ხელი. მალევე გამოაცხადეს კომენდანტის საათი.
_ კომენდანტის საათის შემოღებამდე ჩამქრალი იყო უკვე პროტესტი. ოპოზიციამ ისევ მოლაპარაკებები განაახლა. ჩემთვის გაუგებარი და აუხსნელია, რა მოლაპარაკებებზე ისხდნენ?! თან ერთხელ კი არ შეხვდნენ „ქართულ ოცნებას“, მათთან ოთხი რაუნდი გამართეს. რა პოლიტპატიმრები და საარჩევნო კოდექსი?! ასეთ დროს ეს თემები არის მეათეხარისხოვანი. იმ ვითარებაში მხოლოდ ერთ თემაზე უნდა ყოფილიყო საუბარი _ ვადამდელი არჩევნები და „ქოცების“ გადაშენება _ მეტი სალაპარაკო არაფერია.
_ ოპოზიციაც მაგას ამბობს, რომ მხოლოდ ვადამდელ არჩევნებს ვითხოვთო.
_ არაა ეგრე საქმე. სათანადოდ ვერ იქცევიან. ბევრჯერ ყოფილა ოპოზიციისთვის ხელსაყრელი ვითარება, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოუყენებია. „ქართულ ოცნებას“ ყოველთვის უტოვებდნენ ერთ ნაბიჯს იმისთვის, რომ ესენი გაებანძებინა. ისევე გაებანძებინა, როგორც თეა წულუკიანმა გააბანძა პარლამენტში შესული ალეკო ელისაშვილი. უთხრა, _ თუ მიგაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა, პარლამენტში რას შემოდიოდიო?
_ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა თეა წულუკიანს მთელმა საქართველომ დაუკრა ტაში, მათ შორის, ოპოზიციამაც.
_ სიმართლე კი თქვა წულუკიანმა, მაგრამ ამით ხომ გააბანძა ოპოზიცია? სხვებსაც ასე გააბანძებენ.
_ სხვები შესვლას არ აპირებენ.
_ კარგია, რომ ამაში მაინც არიან პრინციპულები.
_ თუმცა ყველამ ვერ გამოიჩინა პრინციპულობა. პარლამენტში 6 ოპოზიციონერია უკვე.
_ ეს არაფერს ცვლის. 6 გარეწრის შესვლა პარლამენტში ოპოზიციას ვერაფერს დააკლებს. ბოიკოტი გრძელდება. ამას მივესალმები, მაგრამ ბოიკოტი საკმარისი არაა.
_ კიდევ რა უნდა გააკეთონ?
_ იაქტიურონ, ქუჩაში გამოვიდნენ. ახლა ამბობენ, გაზაფხული მოვაო. გვალვებს ელოდებით, თქვე დალოცვილებო? ასე „ქართულ ოცნებას“ ვერ მოერევით. ყოველთვის ამას ვამბობდი, რომ პოლიტიკა პოლიტნეხვისგან უნდა გაიწმინდოს. საკუთარი პარტიიდანაც კი ამიტომ წამოვედი. პოლიტიკური ნეხვი რომ მოსაშორებელია, ამაში ახლა კიდევ უფრო ღრმად ვარ დარწმუნებული. ჩემთვის მიუღებელია, როცა პოლიტიკოსები ერთმანეთზე ათას სიბინძურეს ამბობენ და მერე ერთად სხდებიან და ერთმანეთს ეხუტებიან. მერე ისევ ერთ ადგილს ათამაშებენ, ერთმანეთს ღალატობენ… ამას მოსახლეობა უყურებს და ოპოზიციის მიმართ ნდობას კარგავს. ამიტომაც არ გამოდის ხალხი ქუჩაში. ასეთი პოლიტელიტა არავის მოსწონს. ხალხს ამათი შეცდომები და უსაქციელობა უკვე ყელში ამოუვიდა.
აუცილებელია, რომ პოლიტიკური პარტიები ახალი სახეებით დაკომპლექტდეს. ამაზე ყველა პარტიამ უნდა იზრუნოს. სხვანაირად ხალხის მხარდაჭერა არ ექნებათ. კარგია, რომ ვიღაცებმა ეს პროცესი დაიწყეს.
_ ვინ ვიღაცებმა, ჯერ მარტო „ნაციონალებმა“ დაიწყეს განახლება.
_ „ნაციონალებში“ დაიწყეს. თუმცა იქაც რა ხდება და როგორ, არ ვიცი. სამწუხაროდ, მაინც ყველა სფეროში პროტექციაა. ყველა თავის ახლობელს უჭერს მხარს. პოლიტიკას ახალი სისხლი სჭირდება. არსებული პოლიტელიტა უნდა წავიდეს.
ჩემთვის ასევე გაუგებარია ელჩების ჩართულობის თემაც. განსაკუთრებით ბევრი კითხვა მაქვს აშშ-ის ელჩთან. ამერიკაში ხელისუფლება შეიცვალა და ერთგვარი გარდამავალი პერიოდია. ასეთ ვითარებაში მოლაპარაკებებში დეგნანის მონაწილეობა ვერანაირ სიკეთეს ვერ მოგვიტანს. ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დეგნანი შეიცვალოს.
_ რატომ უნდა შეიცვალოს დეგნანი?
_ იმიტომ, რომ არაფერს აკეთებს. კარგი იქნება, სხვა ელჩებიც თუ შეიცვლებიან. ნანახი მაქვს მაგათი მუშაობა და ვიცი, რაც ხდება. არაადეკვატურობის პიკია, დადიან და დაბორიალობენ. ყველაფერს აკეთებენ იმის გარდა, რაც უნდა აკეთონ. მოისმენენ რაღაცას და მოწოდებებს აკეთებენ პოზიცია-ოპოზიციის მიმართ. ჩემზე უკეთ არც ერთმა უცხოელმა არ იცის, საქართველოს რა სჭორდება.
_ ელჩებმა რა მოწოდება უნდა გააკეთონ? ოპოზიციას იმას ხომ არ ეტყვიან, ხმალს ხელი იკარითო?
_ ეს არ უნდა უთხრან, მაგრამ არც იმას უნდა მოუწოდებდნენ, პარლამენტში შედითო. ან სად ხედავენ პარლამენტს? პარლამენტში დღეს თავმოყრილია ძალადობრივი ხროვა, რომელსაც ივვანიშვილი მეთაურობს. ივანიშვილი არსად წასულა. ძალიან ვემდური იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ოლიგარქი არსად წასულა. ყველას მოგიწოდებთ, ნუ აჰყვებით ამ მართულ კამპანიას.
_ რას გულისხმობთ მართულ კამპანიაში?
_ ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლაზე აქცენტირება არის მართული კამპანია, რომელიც ოლიგარქის წისქვილზე ასხამს წყალს. ის არსად წასულა, უბრალოდ, დროებით მიიმალა. ბიძინა ივანიშვილი არის გაიძვერა ადამიანი. ის ახლა ცდილობს, გლობალურ პროცესებს თავი დააღწიოს.
_ რა გლობალურ პროცესებს?
_ იმ პროცესებს, რაც ბაიდენის მოსვლის შემდეგ დაიწყება. ეს აუცილებლად შეეხება ივანიშვილს. გაიძვერა კაცმა ძალიან კარგად იცის, რომ ასე იქნება, ამიტომაც გაუჩინარდა. არც იმ ზღაპარს უნდა დავუჯეროთ, რომ ქონება რაღაც ფონდს გადასცა. 2013 წლიდან მოყოლებული, თავის ქონებას სულ ეგრე ათამაშებს. ეს კაცი გახლავთ ქრონიკული აფერისტი. პირწავარდნილი გაიძვერაა. იცი, რა შემთხვევაში დავიჯერებდი, რომ ივანიშვილი წავიდა? _ ვადამდელი არჩევნები რომ დანიშნულიყო.
_ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეს არჩევნები მალე დაინიშნება.
_ მე არ ვიცი, რატომ არიან ასეთი დარწმუნებულები. კარგი ისაა, რომ ამ თემაზე ჯერ ისევ ლაპარაკობენ. მოლაპარაკებების იმედი თუ აქვთ, ძალიან შემცდარან.
_ იქნებ, აქციების იმედი აქვთ?
_ რომელი აქციების? გაზაფხულზე რომ უნდა გაიმართოს? ძალიან მინდა, ოპტიმისტურად ვიყო განწყობილი, მაგრამ არ გამომდის. ბოლო წლებში ოპოზიციის არც ერთი აქცია არ გამომიტოვებია და ახლაც წავალ აქციებზე, მაგრამ იმედი არ მაქვს. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და სათქმელი პირდაპირ ვთქვათ: როგორც 2020 წლის გაყალბებულ არჩევნებამდე მიგორდა ოპოზიცია, ასევე მიგორდებიან თვითმმართველობის არჩევნებამდე, რომელიც ანალოგიურად გაყალბდება.
_ ეს არჩევნები აღარ გაყალბდება?
_ როგორ არ გაყალბდება.
_ აბა, რა აზრი აქვს ამ არჩევნებში მონაწილეობას?
_ რა ვიცი, გაზაფხულზე ოპოზიციამ რაღაც კონსოლიდაცია თუ არ მოახდინა, კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება ასე. ამ ოპოზიციის ქმედებებში ბევრი ფაქტორი არ მომწონს, მაგრამ ერთი რამის დაუფასებლობა არ შეიძლება _ ოპოზიცია ჯერ ისევ ინარჩუნებს ერთიანობას, რასაც მხოლოდ მივესალმები. იმის გამო, რომ სახეს არ კარგავენ და ზეწოლის მიუხედავად პრინციპულობას ამჟღავნებენ, ბევრ რამეზე ვხუჭავ თვალს.
_ რაზე ხუჭავთ თვალს?
_ დავივიწყე, რომ ზოგიერთის მიმართ ანტიპათია მაქვს. აღარც წარსულს ვიხსენებ. ჩემთვის მთავარია, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. ოპოზიცია რომ ერთიანია, ეს კიდევ ტოვებს ამ შანსს. ეს ერთიანობა სხვებსაც უჩენს იმედებს. მინდა მჯეროდეს, რომ ოპოზიცია ბოლომდე შეინარჩუნებს სახეს. სხვებთან ერთად ველოდები გაზაფხულის მოსვლას. ყველას მიმართ დავივიწყებ ანტიპათიას, ოღონდ ამ გზიდან არ გადაუხვიონ. ახლა ყველაზე მთავარი ერთიანობის შენარჩუნებაა.
_ შეძლებენ ამ ერთობისა და პრინციპულობის შენარჩუნებას?
_ ძალიან მინდა, რომ ასე იყოს. ვერც ერთ პარტიაზე ვერ ვდებ თავს, ამიტომაც ვარ დღემდე უპარტიო. მართლა აუტანელია იმის ყურება, როგორ ლანძღავენ ერთმანეთს და მერე ისევ ერთად არიან. თან ისე იქცევიან, ვითომ არაფერი მომხდარა. ეს ხალხზე ცუდად მოქმედებს. ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიცია ჯერ კიდევ ერთიანია და პრინციპულობასაც ინარჩუნებს. ასე თუ გააგრძელეს და ქუჩაშიც გამოვიდნენ, შედეგსაც მიაღწევენ. ვარდისფერ პეროგარჭობილი პოლიტიკოსები ხელისუფლებებს ვერ ცვლიან. ხელისუფლების შესაცვლელად სხვა ჟინი და შემართებაა საჭირო. ვარდისფერი „პეროები“ სადმე სხვაგან გამოიყენონ.
_ ვარდისფერ „პეროიანებში“ ვის გულისხმობთ?
_ ვინც უაზრო დემოკრატობანას თამაშობს. ახლა „ქართული ოცნება“ ომს აწარმოებს. ვარდისფერ „პეროებს“ ომში რა უნდათ? როდის იყო, სადმე ვარდისფერი „პეროებით“ მოეხდინოთ რევოლუცია? გამონაკლისი არც საქართველოა.
_ ჩვენი ოპიზიცია ამბობს, რომ რევოლუციას არ აპირებენ.
_ რევოლუციაში მხოლოდ სადმე შევარდნა და ბარიკადების აღმართვა არ იგულისხმება. ხელისუფლებას დათმობაზე წასვლას რომ აიძულებ და ვადამდელ არჩევნებს გამოგლეჯ ხელიდან, ესეც რევოლუციაა. ამათ უნდათ, რომ პირწავარდნილი გაიძვერა ივანიშვილი „პეროების“ ფრიალით დაამარცხონ. დროა, ყველამ გაიხადოს თეთრი ხელთათმანები. ომში თეთრი ხელთათმანებით არ მიდიან.
გაზაფხულამდე სულ ცოტა დრო რჩება. იმედი მაქვს, სადღაც აპრილში ოპოზიციას უკვე ექნება სამოქმედო გეგმა. ტელეეკრანებთან კეკლუცობით ვერაფერს გახდებიან. საჭიროა მძლავრი საპროტესტო აქციები. როცა მძლავრი პროტესტი იქნება, ხელისუფლებაც დათმობს. კარგად უნდა დაფიქრდეს ოპოზიცია და ისე გადადგას ნაბიჯები. ისეთი რამე აღარ უნდა გააკეთონ, რომ ამომრჩევლის ნდობა დაკარგონ.
საპროტესტო აქციების მზადების პარალელურად კარგი იქნება, თუ ოპოზიცია სხვა აქტივობებსაც დაგეგმავს. ყველაზე საინტერესო იქნებოდა, თუკი ისინი ალტერნატიულ პარლამენტს შექმნიდნენ.
_ ალტერნატიული პარლამენტი რისთვის არის საჭირო?
_ ამ ალტერნატიული პარლამენტის მეშვეობით ხალხს აჩვენებდნენ, რა შეხედულებები აქვთ მათ. ალტერნატიულ პარლამენტზე უნდა წარმოადგინონ ხედვები. აქ უნდა აჩვენონ, როგორ აპირებენ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებას. ბიძინა რომ ცუდია, ეს ყველამ იცის, ახლა ოპოზიციამ ის უნდა დაგვანახოს, რას გააკეთებს, როცა ხელისუფლებაში მოვა. თავიანთი პროგრამების წარმოდგენა ალტერნატიული პარლამენტის სხდომებზე შეეძლებათ. ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს ოპოზიცია და ხალხმაც უნდა იცოდეს, რა სამოქმედო გეგმა აქვს მას. საქართველოში, საბედნიეროდ, კიდევ არის ოპოზიციური და დამოუკიდებელი მედია. ალტერნატიული პარლამენტის სხდომები მათ უნდა გააშუქონ. ვფიქრობ, ეს სხდომები უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე _ ერთპარტიული პარლამენტი.
შორენა მარსაგიშვილი