გიორგი გახარია: „მთავრობამ შესაძლოა, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში შეზღუდვების უფრო ადრე მოხსნის შესახებ დაიწყოს მსჯელობა“
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი და დღევანდელი ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თუ მსგავსი ტენდენცია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება, მთავრობამ შესაძლოა, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში შეზღუდვების უფრო ადრე მოხსნის შესახებ დაიწყოს მსჯელობა.
„დღეს მთავრობის ფორმატში უნდა განვიხილოთ ის საკითხი, რომელიც თითოეულ ჩვენგანსა და ჩვენს მოქალაქეებს აღელვებს – როგორ უნდა მოვახერხოთ, რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ უსაფრთხოდ და გონივრულად, ეტაპობრივად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა. როცა მიზნობრივი შეზრუდვები დავაწესეთ, ეს იყო ნოემბრის ბოლო, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზანი. სამწუხაროდ, მაშინ ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი უაღრესად მაღალი იყო და ზოგიერთ ქალაქში 30%-ს გადააჭარბა. დღეის მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ 18 ათასი აღებული ტესტიდან დადებითი მხოლოდ 723-ია, რაც, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ეს ჩვენთვის მაინც დიდი რიცხვია, თუმცა 4%-ს მიუახლოვდა. როცა დადებითობის მაჩვენებელი 7 დღის განმავლობაში 4% გვექნება, უფრო თამამად, ფრთხილად და გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა და, როგორც ჩანს, დღევანდელი ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ისე როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს ეხება თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს. პირველ რიგში, ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ ჩვენს ბავშვებს მივცეთ შესაძლებლობა, კლასებში დაიწყონ სწავლა. რა თქმა უნდა, ამას მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებაც თან ერთვის და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ეტაპობრივად ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის დღევანდელი მიღწევა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს წარმატება სტაბილურად შევინარჩუნოთ, სანამ ეტაპობრივად და სრულად არ დავიწყებთ ტურიზმის გახსნას. ჩვენი საბოლოო მიზანი არის ის, რომ ეკონომიკის გახსნა იყოს მდგრადი, გონივრული და, რაც მთავარია, დაცული. 2,3,4 და 5 ათას ყოველდღიურ მაჩვენებელზე უნდა გვესმოდეს, რომ ნორმალურ ეკონომიკურ საქმიანობაზე საუბარი არ და ვერ იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ნენე ინჯგია