გია ხუხაშვილი: „ღარიბაშვილის დაბრუნება ივანიშვილის პირადი ტრაგედიაა“
18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და ამის მიზეზად ნიკა მელიას საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
გიორგი გახარიას თქმით, ნიკა მელია, რომელსაც სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, არის ადამიანი, რომელიც კანონმდებლობას დიდად პატივს არასდროს სცემდა და რომელიც 20 ივნისს მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდა. იგი პარლამენტში შეჭრის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
„მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან, საერთოდ, ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი“, _ განაცხადა გახარიამ.
მას შემდეგ, რაც გახარიამ პრემიერის პოსტი დატოვა, რამდენიმე საათში მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.
ღარიბაშვილი პრემირის პოსტზე ბრუნდება. ის უკვე ერთხელ იკავებდა ამ თანამდებობას და უკიდურესი სიხისტითა და კონფრონტაციულობით დაგვამახსოვრა თავი. წლებია, ღარიბაშვილი მთავარ ოპოზიციურ პარტიას „რადარებიდან გაქრობით“ ემუქრება და მეტიც: იგი აცხადებდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ უნდა გაუქმებულიყო.
სახელმწიფოებრივად რა დატვირთვა ჰქონდა გახარიას მოულოდნელ გადაწყვეტილებას? რას ნიშნავს ღარიბაშვილის დაბრუნება პრემიერის პოსტზე? რა მოცემულობის წინაშე დგას ოპოზიცია?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა:
_ ბოლო პერიოდში ხშირად გვესმოდა, რომ გახარია თანამდებობას ტოვებდა. მან ამ ნაბიჯის გადასადგმელად პოლიტიკურად ყველაზე შესაფერისი დრო მოძებნა. რა მოტივი დაინახეთ მის ამ ქმედებაში?
_ მოტივები და, მათ შორის, პრაგმატული გათვლები შეიძლება ბევრი იყოს. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა ამაზე უნდა ვისაუბროთ. საერთოდ, პოლიტიკა არ არის ის სფერო, სადაც უნდა გვქონდეს იმის განცდა, რომ პოლიტიკოსები ანგელოზებივით მხოლოდ მორალურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. შესაძლოა, გახარიას ამ გადაწყვეტილებაში ბევრი მიზეზი იყოს, მათ შორის, რაციონალური კომპონენტიც, მაგრამ მთავარია ის, რომ ეს იყო ქართული სახელმწიფოს სახელით სწორი გადაწყვეტილება, რათა დაეზღვია ქვეყანა ძალიან სერიოზული ესკალაციისგან და მან ეს გააკეთა სწორი აქცენტებით. სხვათა შორის, არც ზურაბ ჟვანია იყო ანგელოზი, ისიც პოლიტიკოსი გახლდათ და ქართულ საზოგადოებას მასთანაც ბევრი პრეტენზია ჰქონდა, მაგრამ საჭირო მომენტში მან ანალოგიური ნაბიჯი გადადგა და აჩვენა მაღალი პოლიტიკური კლასი. იგივე გააკეთა დღეს გახარიამ. მაღალი პოლიტიკური კლასი კი ნიშნავს იმას, რომ ეს არის პოლიტიკოსის იმგვარი ქმედება, რასაც დრამატულ განვითარებაში გარკვეული პოზიტიური კორექტივები შეაქვს, რაც ამ შემთხვევაში განხორციელდა. შეიძლება, ბევრი ვისაუბროთ იმაზე, რომ გახარიამ ამ ნაბიჯით თავი გადაირჩინა, მაგრამ არ მგონია, ამაზე საუბარი და ამით მისი ამ ქმედების დაკნინება სწორი იყოს. ოპოზიციამაც უნდა დააფასოს მისი ეს ქმედება. ეს არ ნიშნავს, რომ თუ რამე კითხვები გვაქვს მასთან, აღარ უნდა დავსვათ და ყველაფერი უნდა ჩამოვწეროთ, მაგრამ ოპოზიციამ ეს ნაბიჯი უნდა დააფასოს. რომ არა გახარიას ეს გადაწყვეტილება, დღეს ქვეყანა შეიძლება, აბსოლუტურად სხვა რეალობაში ყოფილიყო. ჩვენ ვხედავდით როგორც ვითარდებოდა მოვლენები, გახარიას გადადგომამ კი შეაჩერა მოვლენების შესაძლო ძალიან დრამატული განვითარება. ცხელი თავები ცოტათი მაინც გააგრილა და ქვეყანამ მიიღო პაუზა, როცა შანსი გვაქვს, დავფიქრდეთ და უფსკრულში არ გადავიჩეხოთ. ასე რომ, გახარიას ამ კონკრეტულ ქმედებას მხოლოდ პოზიტიურად შევხედავდი და მის ამ ნაბიჯს შევაფასებ, როგორც ძალიან იშვიათ, მაღალი კლასის პოლიტიკურ ქმედებად.
_ გახარიამ თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხი დაასახელა და განაცხადა, რომ მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო. პრემიერმა მისი ამ განცხადებით აღიარა, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულებაა?
_ რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ისედაც ვიცით, რომ ჩვენთან პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, რომ, სამწუხაროდ, ადამიანების დაპატიმრებასა და მათ პოლიტიკურ დევნაში მართლმსაჯულება, როგორც ინსტრუმენტი, ისე გამოიყენება. პრემიერმა ეს აქცენტები დააყენა. ეს ის თემაა, რომელიც ჩვენთვის ისედაც ცნობილია, მაგრამ პრემიერ-მინისტრის პირით ნათქვამი ძალიან საყურადღებოა, მათ შორის, ურწმუნო თომებისთვის ჩვენს უცხოელ პარტნიორებში, რომ რაღაც არაჯანსაღი ხდება ქვეყანაში. ასე რომ, მისი ეს ნაბიჯი ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი განვითარებისთვის.
_ „ქრონიკა+“-სთან „კარტოგრაფების საქმეზე“ საუბრისას აღნიშნეთ, რომ გიორგი გახარიამ სწორი პოზიცია დაიკავა და ასევე განაცხადეთ, რომ მმართველ გუნდში რაღაც ჯგუფი რუსულ თამაშს თამაშობდა. ახლა, როცა გახარია გადადგა და პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა, ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ იმ ჯგუფის, რომელიც რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდა, მთავარი წარმომადგენელი ბრუნდება პრემიერის პოსტზე?
_ სათქმელს ცოტა უფრო შევარბილებ: „რუსულ თამაშს თამაშობს და რუსეთის აგენტები არიან“, _ ამ ტერმინოლოგიით არ მსურს საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს ეს ჯგუფი, რომლის ნაბიჯებიც ხშირად, გარკვეულწილად, ხელს უწყობს რუსული ნარატივის შემოტანას ჩვენს ცხოვრებაში და, შესაბამისად, სასარგებლოა რუსეთისთვის. ეს კეთდება რუსეთთან შეთანხმებით თუ შინაგანი განწყობითა და მონათესავე გრძნობით _ სხვა საკითხია. იგივე გავრილოვზე, მიუხედავად იმისა, „ქართული ოცნება“ გავრილოვთან თანამშრომლობს თუ არა, ურთიერთობა აქვს/არ აქვს, გაბუტულია თუ გაბრაზებულია მასზე, ვხედავთ, რომ მელიას მიმართ „ქართული ოცნებისა“ და გავრილოვის რიტორიკა ერთი ერთზე ემთხვევა ერთმანეთს. შესაბამისად, ჩვენ თუ ავიღებთ უნივერსალურ პრინციპს, „ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია“, შეიძლება გავრილოვი და „ქართული ოცნება“ არ მეგობრობენ და ერთმანეთში არ იხილავენ საკითხებს, მაგრამ მათ რადგან საერთო მტერი ჰყავთ მელიას სახით, რაც თავისთავად სასაცილოა, შესაბამისად, ისინი ბუნებრივი მოკავშირეები გამოდიან. იგივეა, როდესაც გარეჯის თემაზე ვსაუბრობთ. სამართლებრივ ნაწილში არ შევალ, გამოძიება მიმდინარეობს და თუ რამეა გამოსაძიებელი, გამოიძიონ. არც იმის მომხრე ვარ, რომ ივერი მელაშვილი გმირად შერაცხონ, მაგრამ არც იმაზე ვარ თანახმა, რომ მოღალატედ გამოაცხადონ. ვფიქრობ, ორივე ეს განწყობა პოლიტიკურია და არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან. ის ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებდა. მთავარი თემა არც გახლავთ ეს, ვინ არის ივერი მელაშვილი. ამ შემთხვევაში მთავარია ის, რომ როდესაც ხელისუფლება ასე ხმამაღლა აპელირებს იმაზე, რომ ვიღაცამ ქართული მიწა გაყიდა, კონტექსტში თავისთავად მოიაზრება, რომ ვიღაცამ იყიდა, ანუ უკანონოდ შეიძინა. ფაქტობრივად, ეს არის ირიბი ბრალდება აზერბაიჯანის მისამართით, რომ მათ ვიღაცას გადაუხადეს რაღაცა და უკანონოდ იყიდეს ქართული მიწები, რაც სტრატეგიული პარტნიორისა და, შეიძლება ითქვას, რეგიონში ჩვენი მთავარი მეგობრის მისამართით ძალიან მძიმე ბრალდებაა. ჩვენ აზერბაიჯანთან ერთად გვაქვს ერთინი გეოპოლიტიკური, სატრანზიტო ფუნქცია, აზერბაიჯანის გარეშე, უბრალოდ, ფუნქციას ვკარგავთ. როდესაც ისტერიული ტონით ასეთი რიტორიკა იწყება, მიუხედავად იმისა, ხელისუფლება თანამშრომლობს თუ არა რუსეთთან, ბუნებრივია, ეს შედის რუსეთის ინტერესში. ამას აკეთებენ სიბრიყვით, შეგნებულად თუ შეუგნებლად, რა მნიშვნელობა აქვს? _ შედეგი ერთია. როცა ხელისუფლებაში ხარ, სიბრიყვე არანაკლები დანაშაულია, ვიდრე შეგნებული ანგაჟირება მტრის მხრიდან. რა მნიშვნელობა აქვს, სიბრიყვით დააზიანებ სახელმწიფო ინტერესს თუ შეგნებულად? _ შედეგი ერთი და იგივეა. ჩვენ ვხედავთ სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ჯგუფში მაშინ როგორი ნარატივი იქმნებოდა, რომ აზერბაიჯანი არის ოკუპანტი, ანუ ნელ-ნელა ხდებოდა „რუსეთი ოკუპანტიას“ გზავნილის ჩანაცვლება „აზერბაიჯანი ოკუპანტიათი“. ასევე ისმოდა მოწოდებები, რომ „სოკარში“ საწვავი არ ჩავასხათ და ა. შ. ძალიან სერიოზულად მუშაობდნენ ამაზე. ამის პარალელურად კი ამბობდნენ: „ნახეთ, რა კარგია ერთმორწმუნე რუსეთი, რუკები მოგვცა იმის დასადასტურებლად, რომ გარეჯი ჩვენია“. ანუ რუსეთი კარგია და აზერბაიჯანი ცუდია, _ ეს ნარატივი გასდევდა ლაიტმოტივად მთელ ამ ისტორიას. თუ რამე გამოსაძიებელია, უნდა გამოიძიონ, მაგრამ რატომ იყენებენ ამას პროპაგანდად? ამ პროპაგანდის შედეგი არის ის, რაზედაც ვისაუბრეთ. შესაბამისად, შეგნებულად გაატარებს ვინმე რუსეთის ინტერესებს საქართველოში თუ სიბრიყვით გააკეთებს ამას, ჩემთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ორივე შემთხვევაში ეს არის დანაშაული!
_ თქვენ რაზედაც ახლა ისაუბრეთ, მთელი ამ პროპაგანდის მთავარი წარმომადგენელი სწორედ ღარიბაშვილი იყო. ამ პროცესების შემდეგ რაზე მეტყველებს პრემიერის პოსტზე ღარიბაშვილის დაბრუნება?
_ პირველ რიგში, ღარიბაშვილის დაბრუნება ივანიშვილის პირადი ტრაგედიაა. ე. ი. მას არ ჰყავს არავინ და ატრიალებს ამ ღარიბაშვილსა და ვიღაცებს. კონტროლის თვალსაზრისით, ბიძინა ივანიშვილი არ წასულა. ის მართვას ჩამოშორდა. მე არ მგონია, რომ ის ქვეყანას მართავს, მაგრამ ის აკონტროლებს ხელისუფლებას. სტრატეგიული, მსხვილი გადაწყვეტილებები მიიღება მისი კონტროლის ქვეშ. დღეს შეიქმნა მოცემულობა, როდესაც მაგარბიჭობანას მოთამაშეებმა ქართულ სახელმწიფოებრიობასთან ბრძოლაში გაიმარჯვეს, ანუ მთავარი გახდა „ყველას მოვერიოთ, ხელები გადავუგრიხოთ, დავიჭიროთ“, _ ამ საგიჟეთში არიან შიგნით. დღეს ხელისუფლება აფექტურ მდგომარეობაშია, მისთვის ყველაზე მთავარი შიშია, ვინმემ არ დაინახოს მისი შინაგანი სისუსტე და ამიტომ მუდმივად შეტევაზე გადადის. მათ ამ პარანოიდულ განწყობას ყველაზე კარგად გამოხატავს ღარიბაშვილი. მისი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ჩემთვის და ჩემისთანა ადამიანებისთვის, ძალიან ყალბი თემაა, ეს არის რიტორიკა, თორემ ჩემი და ჩემი მეგობრების, ასევე ძალიან ბევრი ადამიანის თავზე მართლა წისქვილის ქვა ტრიალებდა. რეალურად, ვებრძოდით რეჟიმს და საფრთხის ქვეშ ვიყავით, მაშინ ღარიბაშვილი და მთელი ეს ქორების გუნდი, რომელიც ვითომ ძალიან მაგარი ბიჭები და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მებრძოლები არიან, ბუჩქებში ისხდნენ და პირად ჭიას ახარებდნენ, ერთი ხმა არ ამოუღიათ. ახლა გახდნენ მთავარი მებრძოლები ხელისუფლების სახელით ოპოზიციასთან, ეს ხომ, თავისთავად, ძალიან სასაცილოა. მათ მცირედიც კი არ გაურისკავთ თავის დროზე, მეტიც: არჩილ თალაკვაძე, რამდენადაც ვიცი, მთლად სანდრა რულოვსის ყავის მომდუღებელი იყო. ეს ხალხი ახლა ჩვენ გვეუბნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაამთავრონ და თან ხელისუფლების პოზიციიდან გველაპარაკებიან, მათ საკუთარი თავს იმედი კი არ აქვთ, ახლა პოლიცია, ჯარი ჰყავთ და სხვის ხარჯზე მაგარი ბიჭები არიან. როცა რეალურად ეს სარისკო იყო, მაშინ მშვენივრად ისხდნენ ბუჩქებში. ამ ხალხთან გვაქვს საქმე. ასეთი შინაგანად სუსტი და უპრინციპო ადამიანები, რა თქმა უნდა, ძალიან სახიფათონი არიან ქვეყნის მართვაში, თუმცა ისინი ფინიშის სწორზე გავიდნენ, ამიტომ ახლა ძალიან დრამატიზებასაც არ დავიწყებ, რადგან ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია უკვე დაკარგა. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი ამ არჩევნებზე ორ პერსონას აძლევდა ხმას: ესენი გახლდნენ ბიძინა ივანიშვილი და გიორგი გახარია. დანარჩენის პოლიტიკური წონა იყო ნულთან ახლოს, მათ შორის, ბევრის საერთოდ მინუსებში იყო გასული, უბრალოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებსაც ეჯავრებოდათ ეს ხალხი. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კი ასეთი მოცემულობის წინაშე დადგნენ, როდესაც არც ერთი ის არ არის წარმოდგენილი, ვისაც მათ ხმა მისცეს, ამ ხალხს არ უნდა კობახიძისა და ღარიბაშვილის ქვეყანაში ცხოვრება. ხელისუფლებამ დღევანდელი შემადგენლობით სრულიად დაკარგა ლეგიტიმაცია. შესაბამისად, მხოლოდ ელექტორალური პრობლემა კი არ აქვთ, სისტემაში აქვთ პრობლემა, რადგან სისტემა (საჯარო სექტორი და ძალოვანი სტრუქტურები) რომ იყოს სტაბილური, მას სჭირდება ავტორიტეტები, სისტემაში კი ავტორიტეტები აღარ არიან. დამერწმუნეთ, სისტემისთვის არ არის ავტორიტეტი არც კობახიძე და არც ღარიბაშვილი, შესაბამისად, სისტემის კოროზია დაიწყო. როდესაც სისტემას ეჭვები უჩნდება, მაშინ მთავრდება ხელისუფლება. ასე იყო 2012 წელსაც, როდესაც ვანო მერაბიშვილი ჩამოაშორეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და იქ დანიშნეს ახალაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩამოშლა დაიწყო. ეს მაშინ ჩვენი გამარჯვების ერთ-ერთი ფაქტორი გახდა, რადგან სისტემა როგორც კი რყევას იწყებს, იქ მთავრდება ნებისმიერი ხელისუფლება.
_ ვრცლად ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორი რიტორიკა აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, მათ შორის, ყველასთვის ცნობილია, ღარიბაშვილის პოზიცია: ის მუდმივად ემუქრება, „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც თვითონ ამბობს, რადარებიდან გაქრობით, თუმცა წლებია, ეს სიტყვები სიტყვებად რჩება. მას შემდეგ, რაც ის პრემიერის თანამდებობას დაიკავებს, ნიკა მელიას დაჭერის ალბათობა გაიზრდება, ანუ გარისკავენ ამ ნაბიჯის გადადგმას?
_ ეს ხელისუფლება ახლა აფექტურ მდგომარეობაშია. მისთვის მთავარი შიშია შინაგანი სისუსტის გადაფარვა. ეს უნდა გააკეთონ კუნთების თამაშით, რადგან სხვა გზა თვითონ მოიჭრეს, ანუ მაგარბიჭობანა უნდა ითამაშონ ბოლომდე, შესაბამისად, ნებისმიერ სისულელეზე ხელის მომწერები არიან, მაგრამ მიუხედავად იმისა, შეეცდებიან და შეძლებენ თუ არა მელიას დაჭერას, ეს მათ აღარ უშველის, რადგან აღარ არსებობს სცენარი, რომლითაც ეს ხელისუფლება 4 წელი გაძლებს. ჩვენ ვფიქრობთ ქართულ სახელმწიფოზე და უნდა შევეცადოთ, ეს გზა გავიაროთ მინიმალური სახელმწიფოებრივი ზიანით. შესაბამისად, უნდა შევეცადოთ ამ ხალხის (მმართველი გუნდი) ცოტა დაწყნარებას: თუ სამკურნალოები არიან ვუმკურალოთ, ცოტა მოვეფეროთ, რომ კიდევ უარესი სიგიჟეები არ ჩაიდინონ. ასეთი მოცემულობაა, თვითონ იმათ თუ არ შეუძლიათ საკუთარი თავის ხელში აყვანა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ცოტა ჭკუაზე მოსვლაში. ესენი ახლა არიან ჩვენი პაციენტები, რომლებსაც შეუძლიათ ოთახში ყველაფრის დალეწვა და ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. ამიტომ, ოპოზიციას ვურჩევდი, ხელისუფლებას ძალისმიერ სცენარზე არ გაჰყვეს. ამ ხელისუფლებას ერთადერთი შანსი აქვს, რომ ოპოზიცია აიყოლიოს კუნთების თამაშში, ოპოზიცია ამ თამაშში არ უნდა აჰყვეს. რა თქმა უნდა, ოპოზიცია უნდა იყოს პრინციპული, მაგრამ ხელისუფლებას არ უნდა გაჰყვეს ქუჩის ძალისმიერ თამაშებში, ამ თამაშის წესებით არ უნდა ითამაშოს. ჩვენ 2011-12 წლებში არ გავყევით ამ ტიპის თამაშში ხელისუფლებას. მიშა სააკაშვილისგან ირიბი შემოთავაზება იყო, რომ „მოდი, აბა, ქუჩაში ვინ უფრო მაგარია, ვნახოთ“, მაშინ როცა მის მხარეს იყო მთელი ძალოვანი სისტემა, სპეცრაზმი და ა. შ. შიშველი ხელებით ხელისუფლებასთან ძალისმიერ ბრძოლას ყოველთვის წააგებ, გაილახები. შესაბამისად, რადგან ჩვენ ამ ირიბ შემოთავაზებაზე არ გავყევით, დიდი აქციები იმართებოდა, მაგრამ ყველაფერი იყო ძალიან მშვიდობიანი და არასდროს ფიზიკურ დაპირისპირებაში არ შევსულვართ. ხელისუფლებას ახლაც არ უნდა მივცეთ ეს შანსი და დამერწმუნეთ, თვითონ ჩამოიშლება ძალიან მალე.
_ სახელისუფლებო მედიიდან იმ დღეს, როცა გახარია გადადგა, მთავარი გზავნილი ისმოდა, რომ თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ პრემიერის გადადგომით პოლიტიკური შოუ ჩაეშალა. ის შოუ, რომელსაც, პროპაგანდისტული მედიის თქმით, ოპოზიცია მელიას დაჭერის შემთხვევაში გეგმავდა. მეტიც: იმ დღეს, როცა მელიას სასამართლო იმართებოდა, ტელეკომპანია „იმედს“ ჰედლაინი ჰქონდა: „მელიას დასასრული“, _ რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი?
_ „იმედი“ უკვე კატასტროფაა! იგივე წინა რეჟიმის დროს, პირდაპირ ხელისუფლების პროპაგანდად მუშაობდა „რუსთავი 2“ და „იმედიც“ მას შემდეგ, რაც ბადრი პატარკაციშვილს წაართვეს ეს ტელევიზია… მაგრამ ის, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ, მსგავსი არასდროს ყოფილა. როგორც ხელისუფლებამ განიცადა სტერილიზაცია, ასეთი სტერილური გახდა „იმედი“. ეს არის ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზია.
_ თქვენ ოპოზიციას ურჩიეთ, რომ არ აყვეს კუნთების თამაშსა და ძალისმიერ ბრძოლაში ხელისუფლებას. დღევანდელი მოცემულობით აქვს თუ არა ოპოზიციას იმის რესურსი, რომ ეს მოახერხოს?
_ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი სწორი გზით განვითარდება. გახარიას ამ ნაბიჯს კიდევ ერთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: დასავლეთი ნელა იწყებს ხოლმე რეაგირებას, მაგრამ ამის შემდეგ დასავლეთი ხელისუფლების მიმართ სრულიად გაუცხოვდება, ამას უახლოეს პერიოდში დავინახავთ. მით უმეტეს, ეს გაუცხოება აშკარა იქნება ღარიბაშვილის პრემიერად არჩევის შემდეგ. შესაბამისად, ახლა სიჩქარე, რომ საათებში გადაწყდეს საკითხი, არ იქნება სწორი. მით უმეტეს, ქართული საზოგადოებისა და ოპოზიციის ამოცანა დღეს არის რიგგარეშე არჩევნების მიღწევა, მაგრამ ეს არჩევნები ჩვენ ხომ იგივე სისტემითა და საარჩევნო ადმინისტრაციით არ გვინდა. რიგგარეშე არჩევნები გვინდა შესაბამისი ცვლილებებით, საარჩევნო კანონმდებლობაში, კონკურენტუნარიანობის ამაღლებით და ამას სჭირდება გარკვეული საკანონმდებლო პროცესი, რომ ეს ცვლილებები შევიდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდეს არჩევნები და არა ახლა, ორ კვირაში და ისევ მარაზმი მივიღოთ. შესაბამისად, ეს არის პროცესი, რომელსაც სჭირდება სწორი და კარგად გააზრებული მართვა, რომ არ ვიჩქაროთ და რაც მთავარია, არც დავაგვიანოთ. მთლად 2022 წლამდე ნუ გადავდებთ, მაგრამ საკონსტიტუციო ფარგლებიდან არ უნდა გავიდეთ. საკონსტიტუციო პროცესი ისე უნდა წარვმართოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადავლახოთ ეს მანკიერი მომენტები, რაც დამახასიათებელია ჩვენი არჩევნებისა და მთლიანად სისტემისთვის. ახლა არის ამის საშუალება და სჯობს, ერთად დავგავოთ ეს ავგიას თავლები, რათა უკვე შედარებით სუფთა, ნაკლებად აქოთებულ გარემოში ჩავატაროთ არჩევნები და მივიღოთ ის, რასაც იტყვის ჩვენი ამომრჩეველი.
ნენე ინჯგია