გია ხუხაშვილი: „ივანიშვილმა თავისი წინასაარჩევნო რიტორიკით სახელმწიფო დააზიანა“

ირინა მაკარიძე

„ქართულმა ოცნებამ“ მთელი პროდასავლური ოპოზიცია კიდევ ერთხელ გამოაცხადა უცხო ძალის აგენტურად. თუ წინა წლებში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ასრულებდა საფრთხობელას როლს, მმართველი ძალა ახლა მთლიანად პროდასავლურ ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ქვეყნის პრეზიდენტს აცხადებს უცხო ქვეყნის აგენტურად. ამჯერად „ოცნება უფრო შორს წავიდა და მისმა წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ, ბოლო ბრიფინგზე თქვა, რომ მათაც უხდებათ უცხო ძალებისთვის ანგარიშის გაწევა და ერთ-ერთი ასეთი იყო გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე დანიშვნა: „ეს იყო უცხო ძალებისადმი გადახდილი ხარკი“.

„ოცნების“ პროპაგანდაზე, ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებსა და მოახლოებული უმნიშვნელოვანესი არჩევნების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:

_ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ამ შინაარსის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებაც კი ძნელია. გახარიას დანიშვნასთან დაკავშირებით ეს ვითომ „აღიარებითი ჩვენება“ წინააღმდეგობაში მოდის მათსავე განცხადებებთან. ესენი ხომ „ვაჟკაცი“ ბიჭები არიან და „ორ ფეხზე დგანან“ და „ღირსებით ევროპისკენ“ მიდიან, მერე აღიარებენ, რომ თურმე ვიღაცას ხარკს უხდიან და ასე ნიშნავენ პრემიერებს. ეს სრული აბსურდია, ბოდვაა. ბოდვაზე კომენტარის გაკეთება რთულია. რაც შეეხება იმას, რომ ვინც მათთან არ არის, ყველა „ნაცია“, ესეც ცნობილი თეორიაა, მათი მთავარი ინსტრუმენტი ყოველთვის იყო ორპოლუსიანობის ჩამოყალიბება. ისინი „მტრის ხატს“  გამოკვეთავენ და მერე ამ „მტრის ხატით“ ამომრჩეველს აშინებენ.  ეს „მტრის ხატი“ უკვე დიდი ხანია, „ნაცინალური მოძრაობაა“, ახლა ცდილობენ, ყველა მათი ოპონენტი აიყვანონ „ნაციონალური მოძრაობის“ გემზე, ანუ დაარწმუნონ ყველა, რომ ესენიც „მტრები“ არიან. ეს არის ტექნოლოგიური თემა, რასაც ტრადიციულად მიმართავენ ხოლმე მსგავსი ტიპის რეჟიმები. სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერმა „ქართული ოცნების“ შემთხვევაში დამაჯერებლობა დაკარგა უკვე. ეს კვლევებშიც ძალიან კარგად ჩანს. მათ აღარ გამოსდით ეს ორპოლუსიანობა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სხვა, უბრალოდ, არ იციან, ინერციით ისევ იმავე ხაზს მიჰყვებიან. როგორც მოელოდნენ, ისე არ იმუშავა არც ერთმა მათმა გზავნილმა, ვერც ვითომ ტრადიციების დაცვა, ვერც ურაპატრიოტული და ფსევდორელიგიური გზავნილები აღმოჩნდა იმდენად ეფექტიანი, რომ მასების მობილიზება მოეხდინათ და ისევ ტრადიციულ თემებს დაუბრუნდნენ. მთელი პროპაგანდისტული შტურმი მიმართულია იქითკენ, რომ დაარწმუნონ ყველა, თუკი ისინი ხელისუფლებაში არ იქნებიან, მეორე დღესვე ამ ქვეყანაში ომი დაიწყება. ეს არის მათი ერთადერთი იარაღი, რომელიც მეტ-ნაკლებად მოწყვლად ადამიანებზე კიდევ მოქმედებს. ეს ყველაფერი არის წყალი. გახარიაზე რას იტყვიან, უკვე დიდი ხანია, არავის აინტერესებს.

_ თქვენც, როგორღაც, ჩართული იყავით გახარიას საკითხში. ამდენად, მათი ლოგიკით, თქვენც ეჭვმიტანილი ხართ აგენტობაში?

__ მე მიწოდეს უკვე „ორმაგი აგენტი“. ჯერ განმარტება არ იციან „ორმაგი აგენტის“, რა არის. აბსოლუტურად კომიკურად განმარტა მათმა წარმომადგენელმა („ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა) _ რომელი ორი ქვეყნის აგენტია, ახლა არ ვიტყვითო. ძალიან სასაცილოა ასეთი განცხადებები. ამიტომაც ვამბობ, რომ ბოდვაზე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ერთ შემთხვევაში, ეს არის ისტერიკა და „ვაია“ და მეორე შემთხვევაში _ ეს არის შეგნებული მავნებლობა და „უია“, მესამე  ვარიანტი აქ არ არსებობს.

_ ამაზე საუბარი გვიწევს, რადგან ეს არის ქვეყნის მმართველი პარტიის განცხადებები, გამომდინარე ცნობილი პოსტულატიდან, რომ რამდენადაც დაუჯერებელი შეიძლება იყოს ეს „შეთქმულების თეორიები“,  შესაძლოა, მან უფრო იმოქმედოს. ამაზე რას იტყვით?

_ ეს მეტყველებს იმაზე, რამდენად ცინიკურად უყურებენ საკუთარ ამომრჩეველს. როცა სჯერათ, ასეთ ალოგიკურ აბსურდს კიდევ ვიღაც დაიჯერებს ამ ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ ამით თავის ამომრჩეველსა და მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს შეურაცხყოფას აყენებენ.

_ „ქართული ოცნების“ პროპაგანდის კიდევ ერთი ხაზი არის დაკავშირებული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთან. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მათ სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ შეიტანონ კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება. რას გვეტყვით? 

_ ესეც არის დიდი ტყუილი, რომელიც ძალიან მარტივად გაიშიფრა. ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის განცხადებები, ასევე სეპარატისტული ანკლავების განცხადებები. მათ ცივი წყალი გადაასხეს „ოცნების“ ამ პროპაგანდას. სიყალბესა და ტყუილებზე აწყობილ თამაშზე რუსეთიც კი აღარ მიჰყვება. ეუბნება, რომ დაივიწყე ეგ ამბავი. დიდი ბოდიში და როგორ აპირებს ივანიშვილი ამ საკითხის მოგვარებას, იქნებ, ეგ გვითხრას, _ რა ცვლილებები უნდა კონსტიტუციაში? არ იცის.  უბრალოდ, ამბობს, რომ რაღაც გაუგებარი ცვლილებები სჭირდება კონსტიტუციაში. იქვე ამბობს, რომ კონფედერაციაზე არ იქნება ლაპარაკი. თუ ასეა, მაშინ რა ცვლილებები სჭირდება? დააკონკრეტოს, რაზე საუბრობს და ვიმსჯელოთ, მაგრამ ასე არ აკეთებს. გასაგებია, რომ ეს წინასაარჩევნო ტყუილებია, „გარეჯი 2“ არის. „გარეჯი საქართველოა“ წინასაარჩევნო თემა რომ ჰქონდათ, სად წავიდა ეს თემა? აღარავის ახსოვს, გარეჯი ვის აინტერესებს?! არც არავის აინტერესებდა. ამით „ტვინები გამოურეცხეს“ რაღაც რაოდენობის ადამიანს და ეს იყო ამოცანა. ახლაც იგივე ამოცანაა, ადამიანების „ტვინების გამორეცხვა“. მიზანი არის ძალაუფლების შენარჩუნება, თორემ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არ აინტერესებთ.

_ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა, რომ რუსეთი ხელს შეუწყობს სამ მეზობელ ქვეყანას შერიგებაში. ხომ არ ფიქრობთ, რომ ზუსტად ამას გვთავაზობს „ქართული ოცნებაც“?

_ კი ბატონო, იფიქრეს, ბოდიშს რომ გვიხდიან, კარგიაო და ახლა თრუსო და ყაზბეგი მოითხოვეს. ეს გამოიწვია მისმა რიტორიკამ. თავისი სახელმწიფო დააზიანა ამ წინასაარჩევნო რიტორიკით, ისევ ჩვენ დაგვაზიანა, ყველა ჩვენგანი და ჩვენივე დაზიანება უნდა მოგვყიდოს, როგორც პოზიტივი.

_ რას იტყვით რუსეთის გადაწყვეტილებაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის  გაფართოებასთან დაკავშირებით? ეს ხომ არ არის ერთგვარი კომპენსაცია „ქართული ოცნებისთვის“ ამ თემის ჩაგდების სანაცვლოდ?

_ ამ საკითხთან მაგას კავშირი არ აქვს. ეს არის რუსული ინტეგრაციის, ანუ მცოცავი ოკუპაციის გაგრძელების პროცესი. რუსეთის მიზანია, ჩვენი რეინტეგრაცია ყოფილ საბჭოთა სივრცეში. რაც უფრო გაადვილდება და მარტივი იქნება  ეს კომუნიკაციები, მით უფრო  გაუადვილდება ჩვენი გადაყლაპვა. რუსეთს თავისი ამოცანები აქვს, ბიძინას ჭკუაზე კი არ დადის. ბიძინას ეუბნებიან, _ შენი ტრიუკები ჩვენ არ გვაინტერესებს, ჩვენ რასაც გეტყვით, იმას გააკეთებ და როგორც ჩვენ გვინდა, ისე უნდა აკეთო, შენ თუ ვიღაცის „დაბოლება“ გჭირდება, ეგ შენი თავის ტკივილია, ჩვენ ამ თამაშში ვერ აგყვებით. მართლაც, ნაბიჯ-ნაბიჯ, ამ მცოცავი ოკუპაციის რეჟიმში ეკონომიკური ექსპანსია, კულტურული ექსპანია, მიგრაციული ექსპანსია მიმდინარეობს.

_ რას იტყვით ოპოზიციურ ფლანგთან დაკავშირებით? რას გვეუბნება კვლევები?

_ რა გითხრათ? ჯერჯერობით დამამშვიდებელი მდგომარეობა არ არის, მაგრამ ეს გახლავთ მოცემულობა: პროევროპულ ფლანგზე 4 თანაბარზომადი პოლიტიკური ერთეული გვყავს. ტენდენცია, რაც კვლევებშიც ჩანს,  არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე რეიტინგის კიდევ უფრო მეტ კლებას განიცდიან, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები გაიზრდებიან გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხარჯზე. დიდი იმედი მაქვს, რომ შედგება კოალიციური მთავრობა. იდეალურ ხელისუფლებას, სიმართლე გითხრათ, არ ველოდები. ამ სიტუაციაში ნებისმიერი ხელისუფლება, როგორც უნდა ჩამოყალიბდეს, იქნება პრობლემური, მაგრამ მთავარი ინსტიტუციური საფრთხე და რუსეთის იმპერიაში დაბრუნება თუ ავიცილეთ, ამ შედეგითაც კმაყოფილი ვიქნები.

რაც შეეხება ბოლო კვლევებს, ტენდენცია, რომ 65/35 უგებს ოპოზიცია ხელისუფლებას, ეს ჩანს. ეს ტენდენცია კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, წესით, თუ ოპოიზიცია ბოლო ორ კვირას გამოიყენებს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიმხრობის კუთხით. რაც შეეხება იმას, ოპოზიციურ პარტიებში პროცენტულად ხმების როგორი გადანაწილება იქნება, სიმართლე გითხრათ, ეს მე არ მაინტერესებს.

_ რას იტყვით პრეზიდენტის მიერ მომავალ კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით მიმდინარე კონსულტაციებზე?

_ ვისურვებდი, რომ ეს პროცესი დასრულდეს ნორმალურად, კომუნიკაცია შედგეს და პარტიებმა მოახდინონ იმის დემონსტრირება, რომ ასეთ მნიშვნელოვან დროს მათ შეუძლიათ რაღაც საკითხებზე შეთანხმება.

_ არსებობს მოსაზრება, რომ ამ თემების წინ წამოწევა არჩევნებამდე დააბნევს ამომრჩეველს, ამაზე რას იტყვით?

_ ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ წინასწარ ეცოდინება ამომრჩეველს, ვინ არის ის ადამიანი დროებით მთავრობაში, რომელმაც უნდა აიღოს ეს მისია საკუთარ თავზე, რომ ქვეყანა დააბრუნოს ევროპული განვითარების გზაზე. თუ ეს სუბიექტი გამოჩნდება წინასაარჩევნოდ და ამის შესაძლებლობა გაჩნდება, ეს მხოლოდ წაადგება არჩევნებს.

_ არის საუბრები იმაზეც, რომ „უჯრიდან ამოღებული“ პრემიერობის კანდიდატი არ უნდათ და ამაზე არჩევნების შემდეგ შედეგებიდან გამომდინარე უნდა შეთანხმდნენ…

_ არ ვეთანხმები ამას. მგონია, რომ საარჩევნო პროცესს წაადგებოდა, რომ ამომრჩეველს წინასწარ სცოდნოდა, თუ ვინ არის ის ადამიანი, ვინც წარუძღვება ამ დროებით, ხაზს ვუსვამ, რამდენიმეთვიან, თუ ერთწლიან მთავრობას.

_ პრეზიდენტის ქარტიაში საუბარია ასევე მოკლევადიან პარლამენტზე და ხელახალი არჩევნების დანიშვნაზე, რაც ბევრისთვის დამაბნეველია, ამაზე რას იტყვით?

_ რიგგარეშე არჩევნები ეს ცალკე თემაა. სხვადახვა მიდგომები მაქვს წარმოდგენილი პრემიერის კანდიდატურასთან, მთავრობის ფორმირებასთან და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ეს სამი სხვადასხვა საკითხია ჩემთვის. რიგგარეშე არჩევნების თემა მეც არ მომწონს, სიმართლე გითხრათ. ამის აუცილებლობასაც ვერ ვხედავ. რატომ? _ იმიტომ, რომ მთავრობის გადადგომა არ არის საჭირო, რიგგარეშე არჩევნები რომ მოყვეს, მთავრობა შეიძლება გადადგეს, როცა ეს ქარტიით განსაზღვრული მისია შესრულდება, შემდეგ ამ პარტიებმა დააკომპლექტონ ახალი მთავრობა. კიდევ არჩევნები ერთ წელიწადში დამატებითი რისკების შემცველია.