გია ხუხაშვილი: „ვაშაძის გადადგომა კანონზომიერად მიმაჩნია“

„მე მოვისმინე მისი არგუმენტები და ვფიქრობ, საკმაოდ გასაგები და ლოგიკური იყო. სიყალბე ვერ დავინახე. ასე რომ, მისი გადადგომა კანონზომიერად მიმაჩნია“,  – ასე აფასებს „ქრონიკა+“-სთან პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლას.

კითხვაზე, – მეტყველებს თუ არა გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ კრიზისზე? – ხუხაშვილი გვპასუხობს:

„არ მგონია, ასე იყოს. შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ობიექტურად კრიზისი ვითარდებოდეს, მაგრამ ვაშაძის გადადგომა-არგადადგომასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. საერთოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შიდა დემოკრატიით  არ არიან კლასიკური ტიპის პარტიები. ეს ორი პარტია არის ერთი კაცის პარტია, რომელიც შენდება არა კლასიკური პარტიული იერარქიით, არამედ – რელიგიურ პრინციპებზე, ისინი თითო კაცის პარტიებია, იმის ქვემოთ ყველა მრევლია, რომელიც რაღაც იერარქიით ლაგდება. ეს ორი კაცია: აქეთ მიშა სააკაშვილი და იქით – ბიძინა ივანიშვილი. თეორიულად, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ყველა რომც წავიდეს, მიშა სააკაშვილს შეუძლია, სულ ახალი ხალხით დააკომპლექტოს პარტია და არაფერი შეიცვლება; ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილს იგივეს გაკეთება შეუძლია, – არაერთხელ გვინახავს, რამდენი პრემიერ-მინისტრი, ფორმალური ლიდერი გაუსტუმრებია ისე, რომ სამ დღეში აღარავის ხსომებია ისინი. ჩვენ დღეს საქართველოში ორ პოლუსს შორის პოლიტიკური ბრძოლა კი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ორი რელიგიის დაპირისპირება თემაზე: რომელია ჭეშმარიტი რელიგია? ჯერჯერობით, ბიძინა ივანიშვილი ამ საკითხში წინ გაიჭრა, მან დაამკვიდრა სახელმწიფო რელიგია, ხვალ შეიძლება ეს რელიგია  შეიცვალოს. ასეთ საგიჟეთში ვართ, სამწუხაროდ, ამას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. ეს ორპოლუსიანი ველიც იმიტომ ფორმირდება, რომ ასეთი მსოფლმხედველობრივი, რელიგიური დაპირისპირებები ბევრად უფრო ძლიერი მუხტის მატარებელია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პოლემიკა. ამ ქვეყანაში ყველაფერი რწმენის საკითხად იქცა. არჩევნები გაყალბდა თუ არა,  ესეც რწმენის საკითხად იქცა, ვიღაცას სწამს, ვიღაცას – არა. არც ერთ მხარეს არ სურს ამის განხილვა და დადგენა. რა საჭიროა საგამოძიებო კომისია? – არჩევნები გაყალბებულიაო! – ამბობს ერთი მხარე, მეორე მხარე კი აცხადებს, – არ გაყალბებულა, ყველაფერი კარგად იყოო. სამწუხაროდ, ყველაფერი რწმენის საკითხად ვაქციეთ და რაციოს მიღმა მიმდინარეობს პროცესები. რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის გარკვეული დაძაბულობა, ეს სავსებით ცხადია. წაგებული არჩევნების შემდეგ ყველგან ასე ხდება“.

ხუხაშვილი არ მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ დაიშლება. მისი თქმით, პარტიაში დარჩენილ პირებს დამოუკიდებელი პოლიტიკური ნავიგაცია არ შეუძლიათ.

„არ მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ დაიშალოს. პარტიიდან წამოსულმა ადამიანებმა ფასეული პოლიტიკური ერთეული რომ შექმნან, ამის რესურსს ვერ ვხედავ. ჩვენ ვნახეთ, რომ უმსხვილესი გადინება იყო თავის დროზე „ევროპული საქართველოს“ სახით და ინტელექტუალური პოტენციალის დიდი ნაწილი წავიდა პარტიიდან, მათ ბევრი იფაფხურეს, მაგრამ შედეგი ვერ აჩვენეს. მით უმეტეს, ახლა ვინც არის დარჩენილი, იმათ დამოუკიდებელი პოლიტიკური ნავიგაცია არ შეუძლიათ“, – აცხადებს ხუხაშვილი.

ნენე ინჯგია