განათლების სამინისტრო დიდი სკანდალის მიჯნაზე
განათლების სამინისტრო დიდი სკანდალის მიჯნაზე დგას. არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს სკოლებში შესული მე-8 კლასის ქიმიის ერთადერთი სახელმძღვანელო უკან „გამოიხმონ“. მიზეზი გახლავთ გრიფირების კონკურსის წესების სრულიად დარღვევით ჩატარება და სახელმძღვანელოს მე-4-კურსელი ავტორი.
„ქრონიკა+“-ს ქიმიის მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, ლელა მეტრეველი ესაუბრება:
_ განათლების სამინისტროს მიერ სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსი 2019 წლის ოქტომბერში გამოცხადდა. კონკურსი ჩატარდა მე-8 კლასზე და ასევე მე-7 კლასის ზოგიერთ სახელმძღვანელოზე. მოგეხსენებათ, ქიმია საშუალო სკოლებში მე-8 კლასიდან ისწავლება. შესაბამისად, ჩვენ გრიფირების კონკურსზე წარვადგინეთ მე-8 კლასის ქიმიის სახელმძღვანელო, ანუ დადგენილ ვადაში დავასრულეთ სახელმძღვანელოს წერა და ე. წ. გრიფირების ელექტრონულ სისტემაში ავტვირთეთ. სახელმძღვანელო ორი წიგნისგან შედგება: მოსწავლის წიგნისგან _ რითაც ბავშვი სწავლობს და მასწავლებლის წიგნისგან. კონკურსზე წარდგენილი იყო ქიმიის სულ ექვსი სახელმძღვანელო, რომლებსაც ორი საგნობრივი ჯგუფი ამოწმებდა.
_ რა მოხდა მას შემდეგ, რაც სახელმძღვანელო შესაფასებლად ექსპერტების ხელში გადავიდა?
_ ატვირთვიდან გარკვეული დროის შემდეგ ის გადაეცა საგნობრივი რეცენზენტების ჯგუფს.
_ ანუ ექსპერტებს?
_ დიახ. მაგრამ იურიდიულ ენაზე მათ საგნობრივი რეცენზენტები ჰქვიათ.
_ რამდენკაციანია ეს ჯგუფი?
_ ჯგუფი 6 კაცისგან შედგება, აქედან ოთხი ქიმიკოსია, ერთი _ ფილოლოგი და ერთიც _ ფსიქოლოგი. ოთხ ქიმიკოსს შორის თავმჯდომარე არის ეროვნული სასწავლო გეგმის სპეციალისტი და აქვე არის დარგის მეცნიერი, ასევე სკოლის ორი მასწავლებელი.
_ რა მოხდა მას მერე, რაც სახელმძღვანელო განსახილველად ამ ჯგუფს გადაეცა?
_ ამის შემდეგ გამომცემლობა, რომელიც ჩვენს წიგნს გამოსცემს, სამინისტროდან იღებს პასუხს, რომ ჩვენ გადავლახეთ მეორე ეტაპზე გადასასვლელი საჭირო ბარიერი. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მეორე ეტაპზე გადასასვლელად ქულების 90% მაინც უნდა მოაგროვო. მეორე ეტაპზე გადავიდა ორი სახელმძღვანელო _ ჩვენი და ამჟამად გრიფირებული, ანუ გასული წიგნი. ამასთან ერთად, მოგვივიდა შეჯერებული რეცენზია ოთხივე ქიმიკოსი ექსპერტისა, ცალკე _ ფსიქოლოგისა და ფილოლოგისა, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. ზოგიერთ კრიტერიუმში იწერება ქულა, ზოგიერთში კი ის, თუ რა მოთხოვნებს აკმაყოფილებს ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს ნაშრომი. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ეტაპი წარმატებით გადავლახეთ. შეჯერებულ რეცენზიაში არსებული შენიშვნები წიგნის ავტორებს უნდა გაგვევლო დარგობრივ რეცენზენტებთან ერთად და სრულად უნდა დავთანხმებულიყავით ან ნაწილობრივ ანდა საერთოდ არ დავთანხმებულიყავით. შენიშვნები კი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო, თანაც, ერთი და იგივე შენიშვნა მრავალჯერ მეორდებოდა. იყო ასევე ურთიერთსაწინააღმდეგო ფრაზები, დაბალი კლასების სტანდარტის არცოდნით გამოწვეული მითითებები და ა. შ.
_ ამ შენიშვნების მიხედვით უნდა ჩასწორებულიყო სახელმძღვანელო?
_ დიახ. მე ჩემს თანაავტორთან ერთად დიდი სამუშაო გავწიე, რომ ეს შენიშვნები კატეგორიებად დაგვეყო _ რას ვეთანხმებოდით და რას არ ვეთანხმებოდით. შემდეგ ეს ყველაფერი გრიფირების ელექტრონულ სისტემაში ავსახეთ. წესის მიხედვით, ის შენიშვნები, რომლებსაც არ დავეთანხმეთ, ავტომატურად საჩივრად გადაიქცა. საჩივარს კიდევ განიხილავს ე. წ. სააპელაციო კომისია, რომელშიც დარგის სპეციალისტს ან მოიწვევენ, ან _ არა. და თუ მოიწვევენ, მისი ხმა მაინც არ არის გადამწყვეტი. ამიტომ ჩვენ უკან გამოვითხოვეთ ეს საჩივარი იმ იმედით, რომ საგნობრივ ექსპერტებთან ერთად დავსხდებოდით და მოვაგვარებდით ჩვენთვის სადავო საკითხებს. რაც არ უნდა იყოს, ისინი სპეციალობით კოლეგები არიან _ ქიმიკოსები.
_ რა მოხდა ამის შემდეგ?
_ ამის შემდეგ შედგა ჩვენი პირველი შეხვედრა დარგობრივ რეცენზეტებთან იმ თემებზე, რომლებსაც ვეთანხმებოდით. შეხვედრის დროს გარკვეული საკითხები მათთან შევათანხმეთ: რას გულისხმობდნენ შენიშვნაში, როგორ სჯობდა საკითხის ფორმულირება და ა. შ. გვქონდა ასევე მეორე შეხვედრა, რომელზედაც უკვე განვიხილეთ ჩვენთვის სადავო საკითხები. ეს გარჩევა სამი საათი გაგრძელდა. ამ შეხვედრის შემდეგ დარგობრივ რეცენზენტებს უნდა შეედგინათ ოქმი. შემდეგ უკვე სხვა (შეცვლილი) რეცენზია დადეს _ ზოგიერთი შენიშვნა ამოიღეს, ზოგიერთი შენიშვნა გამორჩათ, ზოგიერთზე კი თავად ჩვენ დავეთანხმეთ. დღეს ჩვენ ამ საუბრის აუდიოჩანაწერს არ გვაძლევენ იმ მოტივით, რომ პერსონალურ ინფორმაციას შეიცავსო. არადა, რაც იქ ვილაპარაკეთ და როგორც შევთანხმდით, ზუსტად ისე ჩავასწორეთ სახელმძღვანელოს მაკეტი.
_ და რა, მოგატყუეს?
_ ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, დარგობრივ რეცენზენტებთან შეთანხმებული შესწორებული მაკეტი სამინისტროში გავაგზავნეთ. ამაზე პასუხი მივიღეთ, რომ შენიშვნები არ გასწორდა ისე, როგორც მათ იგულისხმეს, _ არ არის ავთენტიკურიო.
_ გასაგებია, ანუ „გადაგაგდეს“?
_ ასე გამოდის. ამის შემდეგ ჩვენი სააპელაციო საჩივარი დაიწერა და აქაც სააპელაციო კომისიამ ჩვენი მოსაზრებები არ გაიზიარა.
_ რატომ?
_ ამაზე ოქმი გვაქვს, მაგრამ იქ კონკრეტულად არ ჩანს, ვინ რა და როგორ თქვა. ამ ავთენტიკურობაზე პასუხში დარღვეული არის ყველა წესი და კანონი. გვაძლევენ ისეთ შენიშვნებს, რომლებიც წინათ არ ყოფილა გამოთქმული. ხედავენ, რომ წიგნი შევასწორეთ და ამბობენ, არ გაასწორესო. მოკლედ, ძალიან უცნაური რამეები წერია მათ რეცენზიაში. შემდეგ განცხადებით მივმართეთ განათლების სამინისტროს, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. გამოვითხოვეთ დოკუმენტაცია, მათ შორის, კონკურსში გამარჯვებული სახელმძღვანელოს თავდაპირველად წარდგენილი მაკეტი, რათა რეცენზენტების მიდგომა შეგვედარებინა ჩვენი და ამ სახელმძღვანელოსადმი, მაგრამ ამაზეც უარი გვითხრეს იმ მოტივით, რომ მას იცავს კანონი საავტორო უფლებების შესახებ. ახლა უკვე გამოვიდა სახელძღვანელო და წავიკითხეთ. თუმცა ეს წიგნი როგორი შევიდა კონკურსზე, ეს არის საინტერესო.
_ რა კუთხით არის საინტერესო?
_ როგორც გითხარით, ჩვენ წამოგვიყენეს ისეთი შენიშვნები, რომლებიც, პირველ ეტაპზე, არ ყოფილა. ანუ შენიშვნა რეცენზიიდან ამოღებულია და ამ არაარსებულ შენიშვნაზე გვეუბნებიან, არ გაითვალისწინეთო. საინტერესოა, ასევე მიუდგნენ თუ არა კონკრეტული რეცენზენტები გრიფირებულ სახელმძღვანელოს?
_ ყოველივე ამის გამო თქვენმა წიგნმა გრიფირება ვერ გაიარა?
_ დიახ, ვერ გაიარა ამ ე. წ. არაავთენტიკურობის გამო და ყველა ეს შენიშვნა, ავთენტიკურიც რომ არ იყოს, იმდენად უმნიშვნელოა, რომ წიგნს არც არაფერს ჰმატებს და არც აკლებს.
_ ფიქრობთ, რომ სახელმძღვანელო შეგნებულად ჩაგიგდეს?
_ დიახ, ჩვენი სახელმძღვანელო შეგნებულად ჩააგდეს, რომ ბაზარზე ერთადერთი სახელმძღვანელო დარჩენილიყო. მაგალითად, მეორე ჯგუფმა გიული ანდრონიკაშვილის სახელმძღვანელო გაასწორა და იქ სიტყვა „სითბოტევადობის“ ამოღება დარგობრივმა ექსპერტებმა არ მოითხოვეს, იმიტომ რომ მისაღებად მიიჩნიეს, ხოლო მე მომთხოვეს ამის ჩასწორება, _ მე-8 კლასში რატომ იყენებთო? ჩვენ მოგვწერეს, რომ წყლის ქიმიური თვისებები არაპროგრამულია, მაგრამ იმავე გიული ანდრონიკაშვილს ამის გამო შენიშვნას არ აძლევენ. ხომ არ შეიძლება, სახელმძღვანელოები სხვადასხვა სტანდარტებით სწორდებოდეს? მე ხომ არ მომითხოვია, რომ მაინცდამაიც ამ საგნობრივ ჯგუფში მოხვედრილიყო ჩემი სახელმძღვანელო?..
_ ვისი სახელმძღვანელო გავიდა?
_ გავიდა თინათინ ბუთხუზის, სოფიკო ფაცაციას, მარინე კუჭუხიძისა და თამარ ხატისაშვილის წიგნი. პირველი სამი გახლავთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი; მარინე კუჭუხიძე არის ქუთაისის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი; თამარ ხატისაშვილი გახლავთ ეროვნული სასწავლო გეგმების ქიმიის ჯგუფის უფროს გია ხატისაშვილის შვილი, და რაც ყველაზე საინტერესოა, აგრარული უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი.
_ კი მაგრამ, როგორ შეიძლება, სკოლის სახელმძღვანელოს ავტორი იყოს ადამიანი, რომელსაც არ აქვს დიპლომი?
_ დიპლომის გარდა სახელმძღვანელოს დაწერა მოითხოვს ძალიან დიდ პრაქტიკასა და გამოცდილებას. წიგნის ავტორებმა ოფიციალურად გადაუხადეს მადლობა კონსულტაციისთვის სტუდენტის მამას, ბ-ნ გია ხატისაშვილს.
_ ისე, მამას უნდა გადაეხადა მათთვის მადლობა, შვილი რომ ჩაუსვეს ავტორებში და ფინანსურ ზვინზე დასვეს…
_ რაც შეეხება მათი წიგნის ხარისხს, ამაზე მთელი რიგი ქმედებების ჩატარებას ვაპირებთ. გრიფირებული (გასული) სახელმძღვანელო ყურადღებით წავიკითხეთ. დავწერეთ რეცენზია, შევადგინეთ ცხრილი, სადაც შეპირისპირებული არის, რაზე გვაძლევენ ჩვენ შენიშვნას ექსპერტები და მოტანილია ანალოგიური ადგილები გრიფირებული სახელმძღვანელოდან, რომლებიც საერთოდ ღიად არის დატოვებული, ანუ მათ არ აძლევენ შენიშვნას. მათი შესწორებების არაავთენტიკურობას არ ამჩნევენ და ჩვენს შემთხვევაში _ ამჩნევენ, თანაც, სადაც არ არის, იქაც კი. აღმაშფოთებლად უსამართლოდაა ჩატარებული გრიფირების კონკურსი.
_ ქალბატონო ლელა, სასამართლოში უკვე შეიტანეთ სარჩელი?
_ დიახ, სასამართლოში უკვე შევიტანეთ სარჩელი. რაც მთავარია, გრიფირების კონკურსი მიმდინარეობდა უკანონოდ, ვინაიდან ჩვენს მეილზე გვიგზავნიდნენ დაუმტკიცებელ საგნობრივ სტანდარტს, იქ ჩართული იყო საბაზო საფეხურზე მე-8-10 კლასები, კანონით კი მე-10 კლასს არ შეიცავს საბაზო საფეხური. სამინისტრომ წერილში სტანდარტების შესახებ მოგვწერა, მათი ცვლილება უახლოეს მომავალში მოხდებაო. თუ ეს ასეა, მაშინ ერთი წლით ადრე არ უნდა დამაწერინო სახელმძღვანელო დაუმტკიცებელი სტანდარტების მიხედვით. სპეციალობით იურისტიც ვარ და ვფიქრობ, არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ საერთოდ გაუქმდეს გრიფირების კონკურსის შედეგები. 2020 წლის 21 თებერვალს რომ უნდა აგვეტვირთა სახელმძღვანელოს მაკეტი და 21 იანვარს მივიღეთ ბოლო ვერსია საგნობრივი სტანდარტისა, ანუ წიგნის დასრულებამდე ერთი თვით ადრე, უხეში დარღვევა არ არის?! ჯერ უნდა დამტკიცებულიყო სტანდარტი და მერე უნდა გამოცხადებულიყო გრიფირების კონკურსი.
_ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის სამინისტროში?
_ გრიფირების ბრძანებას ხელს აწერს თავად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მისი მოადგილე ეკა დგებუაძე ხელმძღვანელობდა გრიფირების პორცესს. ყოველ შემთხვევაში, მე ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით შემხვდნენ ეკა დგებუაძე და მარიამ ჩიქობავა.
_ რა გითხრეს?
_ მითხრეს, რომ, ალბათ, რაღაც იყო, თორემ ეს ხომ არ მოხდებოდაო? და ა. შ. მიკვირს, რატომ არ გაითვალისწინა ჩვენი არგუმენტები სააპელაციო კომისიამ? იმას მაინც ვერ შეხედა, რომ ერთი შენიშვნის გამო სამ სხვადასხვა კრიტერიუმში არაავთენტიკურობის იარლიყს გვაკერებენ?!
„ქრონიკა+“ აგრძელებს ამ თემის შესახებ მუშაობას და შემდეგ ნომერში შემოგთავზებთ კორუფციულ სქემას გრიფირების კომისიაში.
თამარ როსტიაშვილი