გამომძიებელი ქალი, რომელიც ყოველდღიურად ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნავს

ის, რაც ზოგიერთი ადამიანისთვის წარმოუდგენელია, მისაღები და ჩვეულებრივი ამბავია საზოგადოების მცირე ნაწილისთვის.
დღეს 27 წლის ახალგაზრდაზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც თითქმის ყველა სტერეოტიპს ამსხვრევს!
თათია რაზმაძე გამომძიებელი ქალია, რომელიც პარალელურად სტუდენტებს ლექციებს უკითხავს და თავადაც მაგისტრატურაზე სწავლობს.
როდესაც მას თქვენც გაიცნობთ, მიხვდებით, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მზრუნველი ადამიანები ყოველდღე ჩვენ გვერდით არიან. ერთ-ერთი კი ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირია!

არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიდანვე წარმატებისთვის არიან „განწირულები“, არსებობენ ისეთებიც, რომელთაც ამის მისაღწევად ძალიან ბევრი ბრძოლა და შრომა სჭირდებათ, თათიას შემთხვევაში კი ეს ყველაფერი გაერთიანდა:
ბავშვობიდანვე წიგნებში ჩაფლული და აქტიური მოსწავლე ყოფილა, წარმატებას მარტივად აღწევდა, მისი ოჯახის წევრებიც შეჩვეულები იყვნენ ამას. შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა. მეოთხე კურსზე პრაქტიკების გავლა მოუწია პოლიციის აკადემიაში, სადაც ადამიანის უფლებებსა და დანაშაულის კვალიფიკაციაზე ლექციას პოლიციის თანამშრომლებს უკითხავდა. სწორედ ამ დროს დაინტერესდა იმით, თუ რას აკეთებდნენ პრაქტიკაში ის ადამიანები, რომლებთანაც ასე აქტიურად უწევდა კომუნიკაცია? მიუხედავად იმისა, რომ თავიდან პროკურატურაში უნდოდა წასვლა, საბოლოოდ გადაწყვიტა, საგამოძიებო სამსახურში წასულიყო და დღეს უკვე კრიმინალურ პოლიციაში დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამომძიებლად მუშაობს. აკეთებს ყველაფერს, რაც მის მოვალეობაში შედის, იქნება ეს საჩივარ-განცხადებების მიღება, წარმოება თუ გამოძიება. ძალიან ხშირად ისეც ხდება, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმეზე მუშაობს, რაც დიდ ძალას, კონცენტრაციასა და ენერგიას მოითხოვს, ამიტომ ადრიანად სამსახურში მისულს ხშირად საკმაოდ გვიან უწევს იქიდან გამოსვლა, თუმცა ამბობს, რომ ამ სტილის გარეშე ცხოვრების გაგრძელება ვერც კი წარმოუდგენია!
ყველაფერთან ერთად თავადაც კავკასიის უნივერსიტეტში მაგისტრატურის სტუდენტია სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სისხლის სამართლის მიმართულებით. ამას დამატებული, შაბათს სამსახურის შემდეგ და კვირაობით ლექციების კითხვას აგრძელებს კავკასიის სამართლის აკადემიაში, სადაც ადამიანის უფლებების მიმართულებით მიწვეული ლექტორის პოზიციით მუშაობს. მისი მსმენელები არიან როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და იურისტები, ასევე თავისუფალი დამსწრეებიც, რომელთაც სურთ, უფრო კარგად აითვისონ და მეტი გაიგონ ადამიანის უფლებებზე.
პოლიციაში მისვლამდე კი ლექციებს უნივერსიტეტში, ტრენინგ ცენტრებში კითხულობდა. მუშაობდა კერძო საადვოკატო კომპანიებშიც სამოქალაქო მიმართულებით.
მუშაობდა ასევე საინვესტიციო კომპანიაში და ბოლოს, ბევრი ცდის შემდეგ, მაინც მიაღწია სასურველს. მივიდა იქ, სადაც საკუთარი ადგილი იპოვა!
იხსენებს, რომ წინა სამსახურებში ჩვეულებრივი, კაბინეტური, მშვიდი სისტემა იყო, მას კი აქტიური მუშაობა და მუდმივად რეჟიმში ყოფნა უნდოდა, არ ხიბლავდა საქმე, რომელიც მუდმივად ჯდომას და ხელშეკრულების წერას გულისხმობდა. ამბობს, რომ წარმატებას მეტად მარტივად აღწევდა სამოქალაქო სამართალში. იხსენებს შემთხვევას, როდესაც სტუდენტობის დროს მესამე კურსზე შემთხვევით ბანერი შენიშნა, სადაც ეწერა, რომ უნივერსიტეტებს შორის ხელშეკრულების შედგენის ჩემპიონატი ტარდებოდა საქართველოს მასშტაბით. უბრალოდ შეიარა, აპლიკაცია შეავსო და საკონკურსო ხელშეკრულებაც შეადგინა. აღმოჩნდა, რომ საქართველოს მასშტაბით გამარჯვებულთა სამეულში მოხვდა!
„მარტივად მოსაპოვებელი წარმატება არ მიყვარს! სირთულეების გადალახვით უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ და მეტს ვსწავლობ! ლექციების კითხვით კი თავადაც ძალიან ბევრ სიახლეს ვიგებ სტუდენტებისგან. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კონკრეტული მსმენელი სამართლის სტუდენტი არ იყოს, ინფორმაციას ვცვლით, რაც ორივე მხარისთვის საინტერესო და სასარგებლოა. გარდა ამისა, ჩემს პრაქტიკასაც ვაცნობ მათ, იქნებ, დაინტერესდნენ, როგორც ერთ დროს თავად დავინტერესდი და შემოგვიერთდნენ თვითონაც“.
სტატიის გმირი, რომელიც ასე აქტიურადაა ჩართული თავის საქმეში, ტრადიციულ ქართულ ოჯახში გაიზარდა, ჰყავს მშობლები და ორი და. წარმოშობით რაჭველია, თუმცა თბილსში დაიბადა და გაიზარდა, ხშირად სტუმრობს ბებოს, რომელიც ბორჯომში ცხოვრობს და შვილიშვილების სტუმრობას ყოველთვის დიდი სიხარულით ელოდება.
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში არავინ ჰყავთ პოლიციელი, მშობლები და სხვა წევრებიც ძალიან ადეკვატურად შეხვდნენ თათიას გადაწყვეტილებას და მას ბოლომდე დაუდგნენ კიდეც გვერდით.
გამომძიებელი ქალის ერთი ჩვეულებრივი დღეც, სხვების მსგავსად, ადრიანად იწყება, რომელიც სამსახურში საქმის წარმოებით გრძელდება და საღმოს 19:00 საათზე მთავრდება (დრომ შეიძლება გადაიწიოს საქმის სირთულიდან ან სხვა გარემოებებიდან გამომდინარე). როცა უნივერსიტეტის დღეები სამსახურისას ემთხვევა, მაშინ სამმართველოდან პირდაპირ უნივერსიტეტში მიდის და იქიდან უკვე სახლში. შაბათს სამსახურიდან პირდაპირ ლექციის ჩასატარებლად მიიჩქარის. კვირა ერთადერთი თავისუფალი დღეა, თუმცა ამ დროსაც ლექციას კითხულობს. სწორედ დასვენების დღეს დიდ ყურადღებას უთმობს ძალების აღდგენასა და ინტელექტუალურ გაზრდას. სახლში ყოფნისას თავისუფალ დროს წიგნებს კითხულობს. ყოველთვის ცდილობს თავისუფალ დროს რაიმე სასარგებლო გააკეთოს და მეტი ცოდნა მიიღოს.
ხშირად მუსიკასაც უსმენს, რაც სიმშვიდის მოპოვებაში ეხმარება. უყვარს ოპერა და ჯაზი. ხშირად დადის კიდევაც ოპერაში, ყოფილა შემთხვევები, როცა მარტოც წასულა ოპერაში საბალეტო წარმოდგენაზე დასასწრებად….
ამბობს, რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრი სირთულე შეხვედრია და მარტივად არასდროს არაფერი მოუპოვებია, ყოველთვის ბევრი ცდა და ბრძოლა სჭირდებოდა იმას, რამაც აქამდე მოიყვანა:
„ძალიან ბევრჯერ მაქვს გამოცდა ჩაბარებული პოლიციაში მოსვლამდე. მიუხედავად იმისა, რომ ლექციებს ვკითხულობდი, ძალიან გამიჭირდა აქამდე მოღწევა. ბევრი ვიწვალე, თუმცა არ დავნებდი და დღეს იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო!
ძირითადად, სირთულეები კარიერას უკავშირდებოდა. სულ ბრძოლა და ცდა, თუმცა ძალა არ დავაკელი და გამოვიდა!
დღეს წარმატებული ადამიანი ვარ, ჩემს ასაკში იმაზე მეტი გამიკეთებია და ვაკეთებ, ვიდრე შეიძლება სხვამ გააკეთოს, თუმცა მეტიც შემიძლია. მიღწევით არასდროს ვარ კმაყოფილი!“
სტატიის მთავარი გმირის აზრით ადამიანში ყველაზე ღირებული მისი გულწრფელობა და ერთგულებაა. სამსახურშიც აუცილებელია ერთგულება და რასაკვირველია, სანდოობა!
ამბობს, რომ თვისება, რაც სხვისგან გამოარჩევს, არის ის, რომ მეტად აფასებს ყოველ ნაბიჯს და თითოეულ დეტალს, თუნდაც მარტივ წარმატებას, ვიდრე ის ადამიანი, ვისაც უბრალოდ გაუმართლა ან იმდენად კარგი იყო, რომ თავიდანვე მიაღწია მიზანს.
„ქრონიკა+“-თან თავმდაბლობით ამხელს, თითქოს არაფრითაა განსაკუთრებული, თუმცა მაინც გვიტყდება, რომ იყო თათია რაზმაძე, ნიშნავს მოითმინო, აიტანო და გააკეთო ბევრი რამ, რაც ისევ საზოგადოებისთვის იქნება სარგებლის მომტანი. ამატებს, რომ შეიძლება მეტსაც ნიშნავდეს, იყო გამომძიებელი ქალი, თუმცა იმდენად კრიტიკულია თავის თავთან, საქციელებთან მიმართებით, რომ დანარჩენს ხაზს არ უსვამს!
თვითკრიტიკამ მუდმივად მეტის კეთების, არგაჩერების, მცირედით დაუკმაყოფილებლობის სურვილი გაუჩინა და სწორედ ამიტომაცაა, რომ დღეს არაფერს ნებდება მარტივად, მუდმივად წინ მიიწევს.
ამბობს, რომ მისი სამსახური რთული ორივე სქესისთვისაა. ძნელია იმ გარემოში მუშაობა, სადაც მუდმივად ბევრი საქმეა, დაძაბულობაა, თუმცა ვისაც ეს საქმე უყვარს და მზადაა, ბოლომდე შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა, მისთვის სასიამოვნოც კია ასეთი გრაფიკი და ცხოვრების წესი.
მისი მონაყოლიდან გამომდინარე, მარტივად დავასკვნით, რომ თათია მაქსიმალისტია და ყოველთვის მაქსიმალურს ითხოვს საკუთარი თავისგანაც, თუმცა ცდილობს, სხვისი შესაძლებლობების მიმართ ემპათიური იყოს, არ გაბრაზდეს ვინმეზე, რომელიც ბოლომდე არ დაიხარჯა მიზნის მისაღწევად, რასაც საკუთარ თავს ვერ აპატიებდა.
ადამიანი, რომელმაც არსებითი გავლენა მოახდინა მის ცხოვრებაზე, დედამისია:
„დედაჩემის აზრს, ხედვებს, მითითებებს ყოველთვის ვითვალისწინებ და ვცდილობ, ისე მოვიქცე, როგორც მას მოეწონება. კრიტიკას ყოველთვის ვიღებ ხოლმე მისგან და არც ის კმაყოფილდება ჩემი წარმატებით. ფიქრობს, რომ ეს ბუნებრივია. მიეჩვია, თავიდანვე რომ არასდროს ვნებდებოდი. ახლა კი ყოველთვის ვცდილობ, ჩემი საქციელებისას დედის აზრი გავითვალისწინო“.
ამბობს, რომ ყველი ახალი წარმატება ჩვეულებრივი ნაბიჯია მისთვის, რადგან არ უყვარს აჟიტირება, არ არის მასზე ემოციურად დამოკიდებული. თუმცა იცის, რომ აუცილებლად უნდა მიაღწიოს და არ შეჩერდეს.
ბავშვობიდან იხსენებს, შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალს რომ კითხულობდა და სულ აინტერესებდა, დეტექტივი როდის და როგორ მოიქცეოდა, რა კითხვას დასვამდა კონკრეტულ მომენტში და ა. შ. ამბობს, რომ შესაძლოა, ამანაც იქონია მცირეოდენი გავლენა მის ინტერესზე საგამოძიებო სფეროს მიმართ, თუმცა არ ფიქრობს, რომ ამის გამო ვინმეს უნდა მიბაძოს, არ ახასიათებს ვინმეს ქცევის ან მანერის სათავისოდ გადატანა და შემდეგ გამოყენება. სჯერა, რომ ადამიანი ინდივიდია და ყველას საკუთარი თვითმყოფადობა უნდა ჰქონდეს! ამის გამო მისაბაძი ადამიანი ან სუპერგმირი არ ჰყავს.
ყოველი ახალი გათენებული დღე იმის იმედს აძლევს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მეტს გავაკეთებთ, კარგ საქართველოში ვიცხოვრებთ, რაც სიმშვიდეს, სიყვარულს, ერთმანეთის გვერდით დგომას და ერთმანეთის წარმატებით გახარებას გულისხმობს.
ახალგაზრდა გამომძიებელი ამბობს, რომ აქვს მხოლოდ მიზნები და არა ოცნება, რადგან არარეალურსა და არარსებულზე არ ფიქრობს. მიზანი კი არის, მიაღწიოს მეტს და არ გაჩერდეს! უნდა, რომ მალე თავის უმაღლეს დონეს მისწვდეს, თუმცა რა არის მისი მიზნის ევერესტი, ამას საიდუმლოდ იტოვებს.
გვიმხელს, რომ ისურვებდა, ახალგაზრდებში და, ზოგადად, საზოგადოებაში განათლების დონე უფრო მაღალი იყოს და მცირედით არავინ დაკმაყოფილდეს. ამით ბევრი რამ გამოსწორდება და უკეთესობისკენ შეიცვლება!
ის საქმე კი, რასაც თავად აკეთებს, მისი ცხოვრების აზრია. გულახდილად ამბობს, რომ კარიერისტია და სამსახურს გაცილებით მეტ დროს უთმობს, ვიდრე ოჯახს ან პირად ურთიერთობებს.
ახლა ცხოვრების იმ ეტაპზეა, როცა სურს, ყველას დაანახვოს მისი შესაძლებლობა, ძალა, აჩვენოს, რომ შეუძლია უკეთესობისკენ წაიყვანოს საქმე!
მიუხედავად იმისა, რომ სამსახური თითქმის ყოველთვის გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს მის ქცევას, თავს მაინც თავისუფალ ადამიანად მიიჩნევს, ეს ცნება კი მისთვის იმას ნიშნავს, რომ არავინ გაბრკოლებს, არავინ გზღუდავს, ყველა გადაწყვეტილებაში თავისუფალი ხარ და ვერც ახერხებენ, რომ შეგზღუდონ!
ამბობს, რომ სამსახურში დამოუკიდებელია და ყოველთვის კანონთან შესაბამისად მოქმედებს.
როგორც ბევრ ადამიანს, თათიასაც სჯერა, რომ ყველას თავისი მისია აქვს; ყველამ ერთად კი სამყარო უკეთესი უნდა გავხადოთ ჩვენი საქმიანობით. მისი მისია ქვეყნის წინაშე არის დანაშაულის გამოძიება, დამნაშავის დაკავება და მაქსიმალურად კანონის ფარგლებში მოქმედება. მოქალაქეების ეხმარება, როგორც პოლიციელი და გვერდით უდგას. ყოველთვის სიმართლის მხარესაა და ამით ამაყობს.
იბრძვის უკეთესი მომავლისთვის და წარმატებისთვის. მოსწონს საკუთარი საქმე, ის, რომ დანაშაულს ებრძვის, ამით სამყაროს უკეთესობისკენ ცვლის!
ამბობს, რომ საკუთარი თავი ნაპოვნი აქვს და პოლიციელობის გარდა ძალიან უყვარს ის, რასაც აკეთებს _ ლექციების კითხვა. უახლოეს მომავალში მაგისტრატურას დაამთავრებს და პარალელურ რეჟიმში სამეცნიერო საქმიანობას დაუთმობს დროს. თუმცა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ პოლიციას არასდროს მიატოვებს!
იმასაც გვიმხელს, რომ ნამდვილი თათია რაზმაძე გულუბრყვილო გოგოა, რომელსაც ძალიან უნდა, რომ სამყაროში სიმშვიდემ, სიყვარულმა და თანადგომამ დაისადგუროს. სურს, ყველანი უბოროტოები ვიყოთ, რაც ძალიან რთულია, თუმცა ამბობს, თუ ყველა მაქსიმალურად შევეცდებით, იდეალურ მდგომარეობას მივუახლოვდებით მაინც. სამსახურში საქმიანობით სწორედ ამას ცდილობს.
საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათებისას სიტყვა შრომისმოყვარე გაახსენდა, რაც ზუსტად გამოხატავს მის პიროვნებას!
კითხვაზე, თუ რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად, მისგან შემდეგი პასუხი მივიღეთ:
„ყველაზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე ხალხზე, რომელსაც არ უხარია ერთმანეთის კარგი. ცდილობენ, რომ ნაკლები იკითხონ, ნაკლები ისწავლონ. ვხედავ, რომ თუ ადამიანები რაღაცაში ვერ ერკვევიან, მაინც გამოდიან და იმ თემაზე საუბრობენ. ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება, რომ ყველა ყველაფერში ბრძენია, არადა, ამ დროს აზრების სწორად დაფიქსირებისა და განათლების პრობლემა გვაქვს. ყველაფერზე ერთად ვფიქრობთ. აი, ეს მტკენს გულს. ძალიან მინდა, რომ მეტი იყოს განათლების დონე და ურთიერთგაგება!“
როდესაც ჩვენი სტატიის მთავარ გმირთან დაიწყებთ საუბარს, მიხვდებით, თუ რამდენად გაწონასწორებული და ზომიერად მკაცრი იქნება იგი სამსახურში. იქ თითოეულ მარტივ განცხადება-საჩივარზეც კი ძალიან ბევრი ფიქრი უწევს, თუმცა ბოლოს ყველაზე დიდი სიმშვიდე მოაქვს კარგად გაკეთებულ საქმეს, როცა უკვე ყველაფერი ჩაივლის და შრომის შედეგიც გაკმაყოფილებს.
ამბობს, შანსი რომ ჰქონდეს, ისევ საქართველოში დაიბადებოდა და არც უფიქრია საზღვარგარეთ წავსლაზე, იქ სწავლის გაგრძელებაზე. მიზეზი მარტივია _ ქვეყნის, მეგობრების, ოჯახისა და სამსახურის სიყვარული! თამამად ამბობს, რომ შეგიძლია შენს ქვეყანაში ისწავლო და აქვე გამოიჩინო თავი. ყველაზე მეტად აღიზიანებს ტყუილი როგორც პირად ურთიერთობებში, ისე სამსახურებრივში.
გამონათქვამი, რომელსაც ხშირად იყენებს, არის „ყველაფერი კარგად იქნება!“ რადგან მართლა სჯერა, რომ რაც უნდა მოხდეს, ყველაფერი გაივლის და ბოლოს მაინც დალაგდება!
გვიმხელს წარმატების საიდუმლოსაც, რომელიც არის სწავლა, ცდა და შრომა! გვირჩევს, რომ არასდროს დავნებდეთ, რადგან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
მისი გზავნილი საზოგადოებისთვის შემდეგია: „გვიყვარდეს ერთმანეთი, სიყვარულია ერთადერეთი ხსნა! ვიყოთ მშვიდები, ერთგულები, არ გვშურდეს, გვერდით დგომა ვისწავლოთ და აუცილებლად ვაკეთოთ სიკეთე, დავეხმაროთ ადამიანს, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება! ვაქციოთ მსოფლიო უკეთეს ადგილად!“

ნინო ტაბაღუა