გაიცანით ჯადოსნური სამყაროს მბრძანებელი!

ხელოვანთა ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. ბავშვობა უდარდელი და ლაღი ჰქონდა, თუმცა შრომა და საკუთარი ფულის გამომუშავება ყოველთვის უყვარდა. კერვა, ქსოვა და ქარგვა დედამ ასწავლა, სიმღერის ნიჭი ბაბუისგან გამოჰყვა, გიტარაზე დაკვრა თავად ისწავლა. ეს ინსტრუმენტი მისი ცხოვრების თანმდევი მეგობარი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ პროფესიის ასარჩევად ფართო სპექტრი ჰქონდა, თუმცა მისი ცხოვრება ჯადოსნურმა სამყარომ გადაწონა.

„ქრონიკა+“-ის რუბრიკა „საინტერესო ადამიანებში“ გაეცნობით მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ ქალბატონ თამუსია სოხაძეს, რომელიც გახლავთ მეთოჯინე დეკორატორი, დიზაინერი:

_ თამუსია, მოგვიყევით თქვენ შესახებ, უფრო ახლოდან გავაცნოთ მკითხველს თქვენი შემოქმედება.

_ მე ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ძალიან არის შეყვარებული ადამიანებზე, ბავშვებსა და სამყაროზე. ხელოვანი ვარ თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე, რომელიც ყველაფერში ეძებს ბედნიერებასა და სიხარულს.

_ რა ასაკიდან დაიწყეთ თოჯინებზე მუშაობა?

_ თოჯინებზე მუშაობა ცოტა მერე დავიწყე. ბავშვობიდან მიტაცებდა ხატვა, ქსოვა, კერვა, ქარგვა. ე. წ. კედლის გაზეთებს ვწერდი და ვხატავდი. ყველაზე კარგად რასაც ვხედავდი საკუთარ თავში, ეს იყო. მერე დავიწყე სამკაულების კეთება, რომელიც, სხვათა შორის, ყველას ძალიან მოსწონდა. სამკაულებს მავთულებისგან ვაკეთებდი, ძალიან ორიგინალური გამოდიოდა და მერე ვყიდდი. ასევე ჩვეულებრივი, ძველებური უთოს სპირალებისგან ვქსოვდი და იმდენად ვიყავი გატაცებული ამ ყველაფრით, რომ სკოლაში შესვენებაზეც 4-5 მეტრი სიგრძისას ვქსოვდი. მერე იმას დავჭრიდი შევაერთებდი და ჩვეულებრივად გასაყიდად მზად იყო _ კულონებად ვკიდებდი ძალიან ლამაზ ქვებს. ზოგადად, უამრავი ნივთი მქონდა ისეთი, რაც შეიძლებოდა, რომ ჩემი ხელსაწყო ყოფილიყო. ზოგს გაბურღვა სჭირდებოდა, ზოგს გალამაზება, ლაქის გადასმა და ა. შ. იმ პერიოდში მინიმალური რაოდენობით შემეძლო ძალიან ლამაზი ნივთებისა თუ სამკაულების გაკეთება, ახლა რომ „სტარტაპებია“ და ბიზნესებს ქმნიან, ეს ყველაფერი წლების წინათ გავიარე.

_ ეს ხელსაქმე დამოუკიდებლად ისწავლეთ?

_ დიახ, ჩემით ვისწავლე. ყოველთვის მიყვარდა რაღაცების გამოგონება. ამ გამოგონების შემდეგ მქონდა ასეთი სიტუაცია: ტარდებოდა რაიონული ღონისძიება, სადაც რაიმე განსაკუთრებული უნდა წარმომეჩინა. ვინაიდან ხატვით ყველა ხატავდა და ქსოვითაც ყველა ქსოვდა, გადავწყვიტე, შემექმნა თოჯინა „ბაბა იაგა“. ეს იყო ცოცხების, ჩალის ღერებისა და საქსოვი ძაფების ნაერთი, რომელიც გავყიდე. პირველ თოჯინას მოყვა მეორე ჯამბაზი და ეს ჯამბაზი რაღაც ხასიათებით მე მგავდა. იგი იმდენად მიყვარდა, რომ გაყიდული ჯამბაზი ისევ მე დავიბრუნე. ის დღეს იმ სახლში ინახება, სადაც გავიზარდე.

_ ვისაც, თავის დროზე, მიჰყიდეთ ეს თოჯინა, არ გაუჭირდათ უკან დაბრუნება?

_ მათ ბევრად უკეთესი და თანამედროვე ჯამბაზი შევთავაზე და ჩემი პირველი ჯამბაზი დავიბრუნე. წლების მანძილზე საოცრად შეინახეს ეს თოჯინა და ოჯახში საპატიო ადგილს იკავებდა.

_ რამდენად გაყიდეთ ეს „ბაბა იაგა“?

_ 2000 კუპონად. იმ პერიოდისთვის ეს საკმაოდ კარგი თანხა იყო.

_ რა იყიდეთ ამ ფულით?

_ გიტარა.

_ გიტარაზეც უკარვთ?

_ დიახ, ვუკრავ. ბავშვობიდან მაინტერესებდა ქართული ხალხური საკრავები, თან ხელოვანთა ოჯახში გავიზარდე. დედა მღეროდა, ბაბუა მომღერალი მყავდა, ძმები აბესაძეების ერთ-ერთი შვილიშვილი ვარ, მამა ორ სალამურზე ცხვირით უკრავდა და…

_ და როგორც ჩანს, ეს ნიჭიც გენეტიკურად გამოგყვათ…

_ ხო, ნამდვილად ასეა. სიმღერასთან ყოველთვის ახლოს ვიყავი.

_ არ გიფიქრიათ, რომ ამ მიმართულებით წასულიყავით და გემღერათ?

_ სიმართლე გითხრათ, ამაზე არასდროს მიფიქრია, რადგან ბავშვობაში ყველა კონცერტზე გამოვდიოდი. ასევე მე ვიყავი უამრავი კონცერტის ორგანიზატორი. მზადების პროცესები უფრო მომწონდა და საორგანიზაციო საკითხები. ტყიბულში დავამთავრე სკოლა-გიმნაზია და მინდა გითხრათ, ჩემს კონცერტზე გაცილებით ბევრი მაყურებელი იყო, ვიდრე კინოთეატრში ხალხი.

_ როგორც ჩანს, პოპულარული ბავშვი იყავით…

_ შეიძლება ითქვას. სულ ჟრიამული იყო ჩემს ეზოში, მთელი უბანი ჩემთან იკრიბებოდა. მშობლებიც ისეთები მყავდნენ, რომ ოღონდ რამე გვექნა და ბედნიერები ვყოფილიყავით… იშლებოდა დიდი სუფრები, მამებისთვის და დედებისთვის, ბავშვებისთვის ტკბილეული. დედას არ ეზარებოდა არაფრის კეთება.

_ ბავშვობაში გყავდათ საყვარელი გმირი?

_ ასე გამორჩეული საყვარელი გმირი არ მყოლია. „დისნეის“ არსებობის შესახებ, სადღაც, მერვე კლასში გავიგე… ყველა ჩემს ღონისძიებაზე მოვისხამდი ულამაზესს, ფერად მანტიას, რომელიც, სხვათა შორის, ბებიაჩემმა შემიკერა და ვიყავი ზღაპრის გმირი და ვცდილობდი, ვყოფილიყავი ჯადოსნური სამყაროს მბრძანებელი, რომ ბავშვებისთვის სურვილები ამესრულებინა. ეს იყო ჩემი ძალიან დიდი ხნის ოცნება.

კეთილი ფერია

_ სულ მინდოდა, ყველა ბავშვი და, ზოგადად, ადამიანი გახარებული, ბედნიერი ყოფილიყო. აი, რომ შევხედავდი, ვინმეს ცოტა ძველმოდური ქუდი ეხურა, ერთ ღამეში მოვქსოვდი იგივე ქუდს, მიმქონდა და ვჩუქნიდი. მთავარია, ვიცნობდი და ვიცოდი, სად ცხოვრობდა. ქსოვას, ქარგვასა და კერვას დედა გვასწავლიდა მე და ჩემს დას. მინდა გითხრათ, რომ შრომის გაკვეთილზე მასწავლებელს ბავშვების ფაჩუჩების მოქსოვა მე ვასწავლე. ზოგადად, როცა ფანტაზიის უნარი გაქვს ადამიანს, სტანდარტულად არ მიჰყვები არაფერს. იმ თითქოსდა ჩვეულებრივ ქსოვაში ბევრ სხვა რაღაცებს ვიყენებდი ისეთს, რაც, ვთქვათ, ახლა უკვე თანამედროვეობაში მიღებულია. მაშინ ეს ყველაფერი უცხო იყო.
ცოტა მოგვიანებით, სკოლის გამოსაშვებ ღონისძიებებზე რაღაც მინდოდა, რომ სამახსოვროდ დარჩენოდათ ბავშვებს ჩემგან… მოკლედ, ყველა ბავშვისა და მასწავლებლის ფოტოსურათი ვაქციე კარიკატურად. დღემდე ესეც შენახული გვაქვს, ყველას შენახული აქვს და ყველას ახსოვს… ძალიან მაბედნიერებდა ეს ფაქტი. ამის მერე ცოტა გაჭირვებული პერიოდი გვქონდა ოჯახში. მშობლები გარდამეცვალა სკოლის დამთავრების შემდეგ და რაღაც უნდა გაგვეკეთებინა, რომ მოხუც ბებია-ბაბუაზე არ ვყოფილიყავი დამოკიდებული…

რა გამეკეთებინა? ვქსოვდი… მერე ყველა ქსოვდა. ვთქვათ, რაღაც ერთს დადებ და პლაგიატები თავისთავად ყოველთვის იყო და იქნებიან, ამიტომ ავდექი და დავიწყე საბავშვო თოჯინების შეკერვა. ჩვეულებრივი ქსოვილებისგან ვკერავდი, ვთქვათ, ძველი კაბებისგან, რაც აღარ მჭირდებოდა. ბავშვობაში ჩინური კაბები გვქონდა და ყველა დავჭერი, ძალიან კარგი ხარისხის ნატურალური ქსოვილი იყო. შემდეგ საკმაოდ კარგად გავყიდე. მერე ცოტა გავამრავალფეროვნე ეს ყველაფერი და უკვე პლასტიკაზე გადავედი. მამაჩემს ძველი ჩამოტანილი ჰქონდა პლასტიკა, შემდეგ კი ქუთაისში მივაგენი, მაღაზია ვიპოვე, სადაც იყიდებოდა პლასტიკა, რომელიც გამოწვის შემდეგ მყარი მასა ხდებოდა _ ლამაზი თოჯინის თავები და ხელები გამოდიოდა. საერთოდ არ ვიცოდი სტანდარტები, როგორ უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელობით (სამხატვრო სკოლა დავამთავრე) ძერწვის გაკვეთილზე ვსწავლობდი აგებულებას, პორტრეტსა და ხელის კიდურებს. დანარჩენს ტანსაცმელს ვაცმევდი. იყო რბილი და თავი და ხელები იყო თავისთავად პლასტიკა… დღემდე არ ვიცი ზუსტი სახელი და იმ შემადგენლობისა და მსგავსი პლასტიკა არ შემხვედრია ჩვენს ბაზარზე. ამ თოჯინების ისტორიამაც წარმატებით ჩაიარა. ფაქტობრივად, ბიზნესი იყო, ძალიან ბევრს ვმუშაობდი, რადგან თან ვსწავლობდი. დილით ვსწავლობდი, შუადღით გიტარაზე მოსწავლეები მყავდა, საღამოს სახლებს ვალაგებდი, რომ ფული მქონოდა… მერე ღამე ვკერავდი რაღაცებს. მაშინ მაკრამის ყელსაბამები იყო ძალიან მოდაში, ჩემს სტუდენტობაში და ამას ვაკეთებდი. მერე გავიგე, რომ ნავთლუღის ბაზარზე იყიდებოდა ფეხსაცმლის ძირები და მათზე ვქსოვდი ზედაპირებს. საკმაოდ კარგად გავიდა ეს ხელით მოქსოვილი ფეხსაცმელებიც. ბოლოს იყო ბათუმიდან შემოთავაზება. ფოტოგრაფს სჭირდებოდა ბასტისა და ბუბუს თოჯინები, რომელთანაც ბავშვები მივიდოდნენ და ფოტოებს გადაიღებდნენ, თან ძალიან კარგად მახსოვს, მამლის წელი მოდიოდა. მითხრა, თუ შეგიძლია, რომ ეს დიდი მამალიც გამიკეთო, რადგან მამლის წელია და საქალაქო ნაძვის ხესთან დავდგათო. იმდენად მჭირდებოდა ფული და იმდენად მინდოდა, რომ რაღაცნაირად ჩემთვის, ჩემი თავისთვის მეხელმძღვანელა, კი-მეთქი, გაგიკეთებ-თქო, მაგრამ აქ დაიწყო ყველაფერი: არც მასალა მქონდა, რადგან უკვე ვხვდებოდი, რომ მორჩენილი კაბისგან ვერც ბასტი-ბუბუს შევკერავდი და ვერც იმ მამალს…

70 ლარით დაწყებული ცხოვრება

_ რაღაც პერიოდი ბათუმში ვცხოვრობდი… ზღვაზე რომ გავდიოდი, ძალიან ბევრს ვფიქრობდი ხოლმე, ჩანაწერებს ვაკეთებდი, რა უნდა გამეკეთებინა და ა. შ. შევამჩნიე, რომ ერთი ბავშვი ბანაობდა ზამთარ-ზაფხულ მამასთან ერთად, ვარჯიშობდნენ თან და ჰქონდათ სამაშველო, გემზე გადასაკიდი პენოპლასტები. შემთხვევით ახლოს მომიწია ამ პენოპლასტთან დაჯდომა და ხელი რომ მოვკიდე, იმდენად მსუბუქი და მყარი იყო, ვიფიქრე, რატომაც არა, უნდა ვიშოვო ეს მასალა-მეთქი… და ვიშოვე! გემთმშენებელში მივედი, მორჩენილიც ჰქონდათ და დიდებიც. ნათესავისგან თანხა ვისესხე და ვიყიდე გემის დაპრესილი პენოპლასტი. საკანცელარიო დანები, ახლა რომ ძალიან ბევრია, მაშინ არ არსებობდა, ამიტომ ჩვეულებრივი „ნაჟოკის“ ხერხის პირისგან გავლესე თვითონ, რამდენიმე გრძელი, წვეტიანი დანა გავაკეთე და შევუდექი საქმეს. გამოვთალე ბასტიც, გამოვთალე ბუბუც, გამოვთალე მამალიც და მივხვდი, რომ ძალიან გამიადვილდებოდა ნაჭრის გადაკვრა ზემოდან _ მსუბუქიც იქნებოდა და ლამაზიც. ძალიან კარგი გამოვიდა, ულამაზესი, სასწაული. ეს იყო ჩემი პირველი წარმატება და მივხვდი, რომ ამ თოჯინებს არავინ აკეთებდა მთელი საქართველოს მასშტაბით. რომ ეს უნდა გამეკეთებინა. ზაფხულობით იცით, რამდენი ხალხი ჩადის ბათუმში დასასვენებლად? ერთხელ სომხეთიდან ჩამოსულმა ადამიანმა იკითხა ბასტისა და ბუბუზე, ვინ არიანო, რადგან ისინი ქართული პერსონაჟები იყვნენ და არ იცოდა. აუხსნა ფოტოგრაფმა, რომ ქართული გმირები იყვნენ ადგილზე დამზადებული. რაღაცნაირად მიპოვა ამ ფოტოგრაფმა და მითხრა, _ ერთი კაცია ჩამოსული დასასვენებლად და შენი ნახვა უნდაო. ასე ავიღე მეორე დიდი შეკვეთა. ეს იყო ოთხი ცხენის ფიგურა და თოჯინები, ანუ თოჯინები, რომელშიც წინა მხარეს ჩვეულებრივად კაბა იყო, ანუ ბავშვის ტანსაცმელი _ თავი უნდა გამოგეყო მხოლოდ. დღესაც დიდი სურვილი მაქვს ამის გაკეთების, რადგან არავის აქვს, არც მინახავს არსად. რაღაცნაირად ჩამოვყალიბდით, რომ ეს უნდა გამეკეთებინა…

დავიწყე ცხენების გამოთლა. ეს თავისთავად მოითხოვს უკვე პროფესიონალური ქანდაკების კეთების უნარებს, ამას არ სჭირდება ნაჭრის გადაკვრა, მხოლოდ კარგად უნდა დამუშავდეს. ბევრი ვიწვალე, რადგან წვრილ ფეხებზე ამხელა მასის დადგმა რთულია. ზემოთ კი მსუბუქია, მაგრამ უცებ რაღაც ხომ შეიძლება გადატყდეს, მაგრამ ისეთნაირად გავაკეთე, რომ მოვახერხე. ეს ცხელი, გახურებული მავთულები ჩავუშვი ფეხებში. დღეს კი სხვანაირად კეთდება, პროფესიონალურად ვიცი ყველაფერი, მაგრამ მაშინ ეს გახურებული მავთულები გამოვიყენე და ასე გავამაგრე ფეხები. გავაკეთე სადგამიც. ერევნის რომელიღაც ღონისძიებისთვის სჭირდებოდათ, სცენაზე უნდა დაედგათ ეს ცხენები. ჩავაბარე! აღფრთოვანება ვერ დამალა ამ კაცმა და ასი დოლარი ზემოდან მაჩუქა! და მორჩა, აქ უკვე მართლა მივხვდი, რომ მე უნდა მეკეთებინა ეს დიდი თოჯინები.

მერე მქონდა რაღაც ჩავარდნა, რადგან ადგილმდებარეობა შევიცვალე, მანამდე ბათუმში ვცხოვრობდი გარკვეული პერიოდი. მერე ჩამოვედი თბილისში და დიდ ქალაქში უკვე დაიწყო ფიქრი სახელის დამკვიდრებაზე. თუკი ბათუმში, ასე თუ ისე, მიცნობდნენ, რადგან კარგი მოსწავლე ვიყავი, ვუკრავდი, მხიარულად, ბედნიერად ვცხოვრობდი, თბილისში არავის არ აინტერესებს ეგ შენი მხიარულება და ბედნიერება…

მქონდა 70 ლარი და ვიქირავე 300-დოლარიანი ბინა. ნათესავებთან ცხოვრება არ მინდოდა… ამ 70 ლარით 20 ლარის თაბახის ფურცლები გავჭერი სამად და ხელით მარკერით დავწერე: „მოვამზადებ ბავშვებს: ჭრა-კერვა, ქსოვა-ქარგვა, ხალიჩები, დეკორატიული დიზაინი, ტანსაცმლის მხატვრული დამუშავება“. კინო „საქართველოსთან“ ვცხოვრობდი და მთელი ნაძალადევისა და საბურთალოს ტერიტორია, ანუ სადაც გზა კარგად ვიცოდი, ჩამოვიარე და სადარბაზოებში მივაკარი. მოკლედ, ავიყვანე 17 მოსწავლე და თითო მიხდიდა 100 დოლარს. აი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, ძალიან ბედნიერი! ამათაც მყარად და კარგად შევასწავლე. დღესდღეობით განსაკუთრებით ორი მოსწავლე წარჩინებული ადამიანები არიან და ზუსტად გაყვნენ ამ დეკორატიულ ხელოვნებას. ყველა ინტერვიუსა და ყველა გადაცემაში ახსენებენ იმას, რომ თავიდან ჩემი გზა და ჩემი სკოლა გაიარეს. მაინც, რაღაცნაირად, მიგვიგავს ხელწერა ერთმანეთს. მოკლედ, ასე დაიწყო თბილისში სახელის დამკვიდრება. ბევრგან ვიარე ოფიციალურად სამსახურის დასაწყებად, მაგრამ, სამწუხაროდ, უარს ვღებულობდი. ვერ დავიწყე ვერსად მუშაობა. მივედი პირველ გასართობ ცენტრში, არ მინდა სახელი დავასახელო. _ დამლაგებლადაც რომ დამაწყებინოთ, დაგჭირდებით, გამოგადგებით, თოჯინებს ვკერავ, რაღაცებს ვაკეთებ-მეთქი. იქიდანაც უარით გამომისტუმრეს. ყველგან ყველაფერი ჩაწყობითაა, როგორც ყოველთვის… მოკლედ, თბილისში სამსახური ვერ ვიშოვე. დავრჩი ისევ ჩემი მოსწავლეების ამარა, მაგრამ ეს იყო სამთვიანი კურსები და ხომ დასასრული აქვს ყველაფერს.

ამასობაში, მეგობარმა როცა ნახა, რომ ტელევიზორი არ მქონდა, „სონის“ ექვსდინამიკიანი დიდი მაგნიტოფონი მომცა. ჩემი მეგობრის შვილს დაბადების დღე ჰქონდა, _ თამო, რაღაცა მინდა გავუკეთო სკოლაშიო. ვიფიქრე, ახლა სიმღერებს გადმოვიწერ- მეთქი „ფლეშკაზე“ და მუსიკები ჩავურთოთ ბავშვებს, მე ვაცეკვებ და რაღაცებს გავაკეთებ-მეთქი. გადმოვიწერე ეს მუსიკები, წავიღე დინამიკები ვეებერთელა ჩანთით საბავშვო ბაღში და დავიწყეთ დაბადების დღის ჩატარება. სუფრაც ულამაზესად გავაფორმე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე… ძალიან კარგი დაბადების დღე გამოვიდა. ჩემს მეგობარს სხვა მშობელი უკავშირდება და ჩემს კოორდინატებს სთხოვს. თავისთავად, ეს მომსახურება ფასიანი გახდა. რაღაც მიზერულ თანხას ვიღებდი, 60 ლარს. ორი თვის მანძილზე ამ სამოც ლარად ვმუშაობდი შინაურებისთვის, რადგან რეკლამა არ მქონდა. ვატარებდი ამ დაბადების დღეებს და ვიყავი ასე.
მერე მივხვდი, რომ ზღაპრის გმირის გამოძახება, არა ისე, რომ გასართობ ცენტრში მიიყვანო ბავშვი, არამედ იქვე მივიდეს, სადაც მოესურვება, უფრო პრაქტიკულია და პირველი „მიკი მაუსი“ გავაკეთე: ჩემი როლინგი დავჭერი, მამაჩემის პიჯაკი და ა. შ. ასევე მეგობრის პიჟამას წითელი შარვალი. დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც კარგი იყო. უკვე მყავს მიკი მაუსი. გაჩნდა იმის მოთხოვნა, რომ მე პროგრამას წავიყვანდი, მიკი მაუსის ფორმა კი ვიღაცას უნდა ჩაეცვა. ავიყვანე ერთი თანამშრომელი. მერე მივხვდი, რომ მარტო მიკი მაუსი კი არა, მას გვერდით მინიც სჭირდება და ზოგადად „დისნეის“ მთელი სამყარო გჭირდება. ასე ნელ-ნელა დავიწყე სხვადასხვა გმირის შექმნა. მერე ბინა შევიცვალე. ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა და უკვე მიხაროდა, ტაქსით დავდიოდი. ვიყიდე პირველი მობილური ტელეფონი კარგი ეკრანით, გადავედი საბურთალოზე. ჩემ წინ იყო მშენებლობა და ეს ძველი ფიცრები ისე იყო მიწყობილი ერთმანეთზე, რომ წარმოვიდგინე, თუ როგორ ტარდებოდა იქ თოჯინების თეატრი. არ მქონდა ბრტყელტუჩა, ჩაქუჩი, არც ლურსმანი, საერთოდ არაფერი, მხოლოდ _ გიტარა, რომელიც ყველგან თან დამქონდა.

მქონდა მხოლოდ ჩემი საქსოვი ძაფები, მაკრატელი, ნემსი, ძაფი, ერთი პატარა საკერავი მანქანა. მივედი ხელოსნებთან და ვთხოვე, _ ეს ფიცრები თუ შეიძლება მომცეთ-მეთქი, _ რად გინდაო?.. ცემენტიანი იყო. _ მჭირდება, რაღაც უნდა გავაკეთო-მეთქი და ხერხი გაქვსო? _ არა, ეგეც უნდა მათხოვოთ-მეთქი. _ გვითხარი რა გინდა, ჩვენ აგიწყობთო. დავაჭრევინე იმათ, როგორც მინდოდა, მერე წამოვედი, შესაბამისი პეტლები ვიყიდე და ავაწყვე თოჯინების თეატრის კარკასი… წავედი ლილოში, ვიყიდე წითელი ნაჭერი, გადავაკარი და თოჯინების თეატრი გავაკეთე, ოღონდ დასაკეცი, რომ ადვილი გადასატანი ყოფილიყო. თოჯინების თეატრს თოჯინები სჭირდება. არც მაცია, არც მაცხელა… და უცებ, რაც მომივიდა აზრად, ეს იყო ბატის ჭუკი, სამი გოჭი, ნაცარქექია და მძინარე ჯუჯა, რაც ადვილი მისაწვდომი იყო ბავშვებისთვის… ეს თოჯინებიც წავიღე საბავშვო ბაღში ჩემი მეგობრის მეორე შვილის დაბადების დღეზე, ასე გავუკეთე საჩუქარი, _ თოჯინების თეატრი. ამ თოჯინების თეატრმა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია, რადგან საბავშვო ბაღებსა და მშობლებს არ ქონდათ საშუალება, რომ ეტარებინათ ბავშვები თოჯინების თეატრში და ამ ფუფუნებას ეზიარებინათ. მოკლედ, შეაგროვეს ორ-ორი ლარი და თოჯინების თეატრი მივიდა მათთან, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემა მქონდა მუსიკების ჩართვა-გამორთვაზე. საჭიროებამ მოითხოვა, რაღაც საუკეთესო დინამიკი მეყიდა.

თოჯინების თეატრმა უკვე მომიტანა ისეთი შემოსავალი, რომ დანაზოგის გაკეთებაც შემეძლო. მერე კარგი თოჯინების თეატრი ავაწყვე. უკვე მივხვდი, რა სტილის თოჯინები მჭირდებოდა. თავიდან მეგონა, რომ დიდი სპექტაკლი უფრო მისაღები იქნებოდა ბავშვებისთვის, არადა, იღლებოდნენ პაწაწუნები და ბოლოს რაღაც 35 წუთზე ჩამოვყალიბდი. დღემდე ამ თოჯინების თეატრს დიდი წარმატება მოაქვს ჩემთვის. ყველა მიცნობს თოჯინების თეატრით.

_ მუსიკას, ტექსტებსა და სხვა დანარჩენს თქვენ იგონებთ?

_ აბსოლუტურად ყველაფერს.
ზღაპრები გადმომაქვს თავისთავად, მაგრამ საერთო შინაარსი არ ირღვევა, თუმცა მგელი რომ უმღერის გოჭებს, ეს უკვე ჩემი მოგონილი ტექსტია.

_ კარგ პერსონაჟად დაანახეთ მგელი ბავშვებს?..

_ დიახ, მგელი, ზოგადად, არის ყველგან უარყოფითი პერსონაჟი. მქონდა ისეთი შემთხვევაც, როცა ბავშვები იყვნენ მგლისკენ და გოჭებს აღარ ჰყავდა მეგობარი, რადგან მგელი იყო კარგი პურის მჭამელი, მოქეიფე, ბავშვებს შეჰპირდა, რომ რესტორანში წაგიყვანთ მწვადზეო და უმღერა. არავის აღარ უნდოდა გოჭები და უნდოდათ მგელი.

ჯადოსნური სამყაროს მბრძანებელი

_ ვინ არიან ჩემთვის თოჯინები? ყველაფერი. შემიძლია, დავჯდე და საათობით ველაპარაკო მათ. ჩემი პირველი მეგობრები არიან, რადგან თოჯინის უკან რომ შევდივარ, მე არ მახსოვს დედამიწაზე თუ რამე პრობლემა მქონია ან თუ მაქვს განსაცდელი. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ცხოვრებისეული გულის ტკივილი მქონია, მაგრამ ბავშვებთან ვყოფილვარ მისასვლელი და თეჯირს შიგნით რომ შევდივარ, ჩვეულებრივი პერსონაჟი ვხდები, მართლაც ჯადოსნური სამყაროს მბრძანებელი. ვაკეთებ იმას, რასაც გააკეთებდა ნებისმიერი კეთილი ფერია.

თოჯინებს ძალიან დიდი აურა აქვთ. ხანდახან ჩამომიღია და დამიწყია მათთან საუბარი, ვეკითხები, აბა ახლა რა ჩაგაცვა, რა მოგიხდება-მეთქი და ა.შ. მეზობელს ხშირად უთქვამს, რამდენი ბავშვი გყავსო, გონებიათ, რომ სტუმარი ბავშვები მყავდა.

ადრე, როცა ეს ყველაფერი დავიწყე, 19 წლის წინათ, მაშინ ბავშვებს უფრო ეგონათ, რომ თოჯინები რეალური და ნამდვილი გოჭები იყვნენ და ნამდვილი პერსონაჟები, მაგრამ დღეს ისე შეიცვალა ყველაფერი და ბავშვები იმდენად გათვითცნობიერებულები არიან, რომ თავიდანვე ვუხსნი, როცა შესავალს ვაკეთებ, _ ბავშვებო, თქვენ წინაშე წარდგებიან თოჯინები, რომლებიც გააცოცხლებენ ზღაპარს და რომლებიც შემდეგ შეძლებენ, რომ თქვენ ჩაგეხუტონ და მოგეფერონ. ახლა ტყუილი ზედმეტია ბავშვებთან. ყველაზე ალალები და გულწრფელები ისინი არიან, ამიტომ ჯობია, რომ თავიდანვე უთხრა და აღარ ეშინიათ მერე მგლის. ხანდახან ყოფილა შემთხვევა, რაღაც პაუზები მაქვს, რაღაც მონაკვეთებია ჩართული ზღაპარში და ბავშვი ელოდება სიუჟეტის განვითარებას… იხოკავენ სახეს და ყვირიან: „მიდი, ჩქარა, მიდი…“ და ეს არის ემოციის ზღვა. მე ამით ვცოცხლობ, ეს ძალიან მაგარია…

თანამედროვე ბავშვებს, ამ ბოლო დროს, უფრო ვამპირული თოჯინები მოსწონთ, რადაგან „იუთუბზე“ დამოკიდებულები არიან. ისეთ მულტფილმებს უყურებენ, რომ ცოტა დადებითი და საყვარელი პერსონაჟი იშვიათად ჰყავთ. თუმცა არიან პონია, ლოლი, ქრაი ბეიბი. ახლა ძალიან საყვარელი თოჯინები იქმნება, სონიკის გმირია ისეთი სწრაფი.

პერსონაჟის როლში შესვლა იმდენად არ გამჭირვებია, რამდენადაც ზოგან ადამიანები და ბავშვები ისე კარგად არიან ორგანიზებულები, რომ გიყურონ, გისმინონ და შენ უკვე აღგიქვან იმ ფორმაში, რადგან ბავშვებთან რომ შევდივარ ჯამბაზის ფორმით, არ არსებობს ერთი შემთხვევაც, რომ ჩემი გაწეწილი თმებისა და ჭრელი ტანსაცმლის ვინმეს შეშინებოდეს.

_ რა სურვილები აქვთ ბავშვებს, რას სთხოვენ ჯადოსნური სამყაოს მბრძანებელს?

_ ერთ შემთხვევას მოგიყვებით: ბებია და ბაბუა ბევრჯერ უკვეთავს ზოგადად შვილიშვილისთვის რაიმე პერსონაჟის მიყვანას ან დაბადების დღის გადახდას, მაგრამ ტელეფონში მე ხომ არ ვიცი, იმის იქით რა ხდება. მქონდა ასეთი შემთხვევა: ბებომ შემიკვეთა ბავშვის დაბადების დღეზე ჯამბაზი, გმირის საშუალება არ მაქვსო, მაგრამ მინდა, რომ საჩუქარი გავუკეთოო. აღმოჩნდა ისე, რომ პირველი შეკვეთიდან მივდიოდით და ორი ანიმატორი მანქანაში გვყავდა და ორი პერსონაჟის კოსტიუმიც მანქანაში მქონდა. როცა ავედი და მუსიკებს ვრთავ, ამ შემთხვევაში ჯამბაზი მე არ ვიყავი, სხვა უნდა ყოფილიყო, საჭესთან ვიჯექი და სახლში შევედით, ავაწყვე ეს მუსიკალური აპარატურა და ამ ჯამბაზთან მივიდა ბავშვი, მიუტანა რაღაცა შებრუნებული, თაბახის ფურცლის ხელა რაღაცა ფოტო და ეუბნება: „ჯამბაზო, ჯამბაზო ნახე, მამა ზეციდან გვიყურებს“… თავისთავად აღმოჩნდა, რომ მამა არ ჰყავდა ბავშვს, 4 წლის იუბილე ჰქონდა. გვითხრა, _ მე კი ვიცი, რომ ჩემთან ჯამბაზი მოვიდოდა, მაგრამ ზღაპრის გმირებიც რომ მოსულიყვნენ, მამა უფრო გაერთობოდაო… იმდენად იმოქმედა ამ ყველაფერმა, წავედით, ჩავაცვი იმ ბავშვებს პერსონაჟების ფორმები და ამოვიყვანე სახლში. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ დედაც არ ჰყავდა ბავშვს, მაგრამ მამაზე უფრო გააკეთა აქცენტი, მამა უფრო ახსოვდა, დედა წასული იყო სახლიდან. _ რას სთხოვ ზღაპრის გმირებს-მეთქი? _ არაფერს, მამა უკვე ბედნიერიაო. რა თქმა უნდა, იქ თანხის აღებაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი. იმის მერე გავიდა 4 წელი და დღემდე იმ ბავშვთან კონტაქტი მაქვს. დიდი სურვილები არ აქვს ხოლმე. მირეკავს, _ ჯადოსნური სამყაროს მბრძანებელი ხარ? დღემდე ასე მომმართავს. მამას მეგობრებმა უყიდეს ტელეფონი და პირველად მე დამირეკა ღამის პირველ საათზე.

ყველა ვმუშაობთ ერთმანეთის გახარებაზე. თუ ვინმეზე გავიგებთ, რომ დაბადების დღე აქვს და ვერ აკეთებს, არ შეუძლია გადახდა, ფინანსები არ აქვს და მე თუ თავისუფალი დრო მაქვს, რა გამაჩერებს სახლში? თუ ვთქვათ მთელი ზღაპრის გმირების არმიას ვერ მივუყვან, ელემენტარული ბუშტები რომ წავუღო, ფორმა ჩავიცვა და გავუღიმო, ესეც ძალიან დიდი ბედნიერებაა ყველასთვის. ზოგადად, არავისთვის ვიშურებ არაფერს.

გიორგი საკარული