გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბათუმში სახალხო გენინსპექცია შექმნა
ოპოზიციის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ბათუმში შეიქმნა სახალხო გენინსპექციის ჯგუფი, რომელშიც გაწევრიანებული არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და იურისტები.
,,ფაქტია, რომ დღეს ხელისუფლება ხალხს არ ეკუთვნის. იგი უზურპირებულია კრიმინალური დაჯგუფებების მიერ, რომლის სათავეშიც დგას ბიძინა ივანიშვილი. მისი მთავარი მისიაა, ყველა საჯარო დაწესებულებისა და პატიოსანი ადამიანის დისკრედიტაცია და კრიმინალურ საქმიანობაში მათი ჩართვა, რათა შემდეგ ადვილად ჰყავდეს ისინი მონურ მორჩილებაში. სამწუხაროდ, დღეს ჯერი მიდგა ქართულ პოლიციაზე, რომელიც რეალურად უნდა იყოს სამართალდამცველი ორგანო, თუმცა იგი, უკანასკნელი დღეების მანძილზე, ბათუმში მიმდინარე 24-საათიან მშვიდობიან აქციებს, ძალით, არაპროპორციული გამოყენებით არბევს და აკავებს ჩვენი აქციის მონაწილეებს, რაც უფლებამოსილების გადამეტება და სამართალდარღვევაა. ამიტომ ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით, შეიქმნა სახალხო გენინსპექციის ჯგუფი, რომელშიც გაწევრიანებული არიან როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე – იურისტები. ჯგუფი მონიტორინგს გაუწევს ნებისმიერი მშვიდობიანი პოლიტიკური აქტივისტებისა და პოლიციის ურთიერთობას, რასაც აღბეჭდავს ფოტოზე და გადაიღებს ვიდეოს. ჩვენი აქციის მშვიდობიანი მონაწილეების დაკავების ან პოლიციის მხრიდან სამართლებრივი გადაცდომის შემთხვევაში, განცხადებით მივმართავთ პროკურატურას შესაბამისი ფოტო და ვიდეომტკიცებულებით“, – განმარტეს აქციის ლიდერებმა.
ხვიჩა მამულაძე