ბორის ჩელე ყურუა: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დღეები დათვლილია“
ირინა მაკარიძე
ბორის ჩელე ყურუა რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის აქტიური მონაწილეა, მან დაზიანება მიიღო ერთ-ერთი აქციის დარბევისას, სადაც ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ის ერთ-ერთი პირველია, რომელსაც ხელისუფლების „ტიტუშკები“ სახლთან ჩაუსაფრდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ასევე დააკავეს აქციების დროს და გზის გადაკეტვის ბრალდებით დააჯარიმეს.
საერთო ჯამში, აქციებზე დაკავებული ადამიანებისთვის გამოწერილმა ჯარიმების ოდენობამ მილიონ ლარს გადააჭარბა. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ საზოგადოების პროტესტი არ წყდება და კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს იღებს. სწორედ ეს აქციები და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობა გახდა მიზეზი დასავლელი პარტნიორების მკაფიო პოზიციისა და აშშ-ის მხრიდან „საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელი პირების მიმართ“ სანქციების დაანონსებისა.
მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და მოსალოდნელ შედეგებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „გირჩი _ მეტი თავისუფლების“ წევრი, ბორის ჩელე ყურუა:
_ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი რიგებიდან საბოლოოდ განდევნა ყველა პროდასავლურად განწყობილი ადამიანი, მხოლოდ რუსეთუმეები დაიტოვა და ახლა რასაც აკეთებენ, არის ის, რომ მაქსიმალურად წაიყვანონ ქვეყანა ავტოკრატიისკენ, შექმნან ჩვენგან ბელარუსი, სადაც ხელისუფლება კუნთებს ათამაშებს და ყველა განსხვავებული აზრის მქონეს აიძულებს, ქვეყანა დატოვოს ან, უბრალოდ, ციხეში სვამს, რომ აღარავინ ამოიღოს ხმა. ჩვენგანაც უნდათ შექმნან ამგვარი ტიპის სახელმწიფო, სადაც შეძლებენ გააკეთენ ყველაფერი, რაც მოუნდებათ. მგონია, რომ ეს ყველაფერი გამომდინარეობს ბიძინა ივანიშვილის ისტერიული რწმენიდან, რომ არსებობენ რაღაც „გლობალური ომის პარტია“ და მასონები, რომლებიც მას ებრძვიან. აშშ-დან მას ჩამოუვიდა პასუხი, რომ სანქციები მას ჯერ არ ადევს, თუმცა მალე დაადებენ და იგრძნობს განსხვავებას არარსებულსა და არსებულ სანქციებს შორის.
_ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთხმად აცხადებენ, რომ სანქციების არ ეშინიათ და ვეტოს მაინც დაძლევენ. ამის შესახებ რას იტყვით?
_ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთხმად არაფერს აცხადებენ. მხოლოდ ლიდერები აცხადებენ ერთხმად, სინამდვილეში, გუნდში აქვთ ძალიან დიდი ბუნტი. ადამიანები უკმაყოფილოები არიან, ჯერ ახერხებს ბიძინა ივანიშვილი მათ დამშვიდებას, რომ არ შეეხებათ სანქციები. ვეტო, შესაძლოა, მართლაც დაძლიონ, რადგან აქვთ ამის მზაობა, მაგრამ არ მგონია, მზად იყვნენ იმ საერთაშორისო და შიდა წნეხისთვის, რომელიც იქნება. მათ ჰგონიათ, რომ მზად არიან და ვერ აცნობიერებენ სანქციების შინაარსსა და ძალას. შესაძლოა, მალე ვნახოთ მათ გუნდში ბზარი და უკვე გარედანაც დავინახავთ, რომ ერთიანები აღარ არიან.
_ ვხედავთ, „ოცნება“ ცდილობს პოლიტიკური ვექტორის შეცვლას, ჩინეთთან უკვე აქვს გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება, პრემიერი ჩავიდა ირანშიც. რამდენად არის შესაძლებელი, რომ მათ ეს გაუვათ?
_ ამის სურვილი, რა თქმა უნდა, აქვთ, თუმცა ამ ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთაა დასავლეთი. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ჩვენ ევროკავშირის ნაწილი უნდა გავხდეთ, შესაბამისად, აქ მცხოვრები ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ვერ გაიგებს და არ მოუთმენს მათ ღია, დეკლარირებულ ანტიდასავლურ კურსს.
_ ვხედავთ, რომ პროტესტი არ წყდება, სამოქალაქო პროტესტი გრძელდება, მაგრამ ხალხის ხმასა და პროტესტს მაშინ აქვს შედეგი, როდესაც ხელისუფლება უსმენს. რას ვხედავთ ჩვენს სინამდვილეში? რამდენად არის ადეკვატური ხელისუფლების რეაგირება საზოგადოების პროტესტზე?
_ გააჩნია, რა კუთხით შევხედავთ ამას. ის, რომ წუხდებიან ამ ყველაფრით, ეს არის ფაქტი, რადგან რეპრესიების კამპანია დაიწყეს, რაც გულისხმობს, მათ შორის იმას, რომ ადამიანებს ურეკავენ და ემუქრებიან, შეურაცხყოფას აყენებენ, სადარბაზოებთან ხვდებიან. ჩვენ ასეთი ცემის ფაქტები ვნახეთ. აქციებზე აკავებენ და ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს, სასამართლო ჩაერთო ამ საქმეში, მაქსიმალურად ცდილობენ და ყველა რესურსს იყენებენ, რომ ეს პროტესტი გააჩერონ და შეანელონ. ეს ნიშნავს იმას, რომ პროტესტი აღწევს თავის მიზანს, ხელისუფლება დისკომფორტშია, რაც არის ამ ხალხის მიზანი, რომელიც გამოხატავს თავის ბრაზს. გასაგებია, რომ ხელისუფლება არ გვისმენს, შესაძლოა, რომ ვიღაცა არ გისმენდეს, არ უნდოდეს შენი მოსმენა, მაგრამ შენ აიძულო, რომ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს, როგორც მოხდა, მაგალითად, შარშან, მარტში.
_ ახლა, შეიძლება ითქვას, რომ განსხვავებული ვითარებაა. რაკი მეორედ შემოიტანეს კანონი და ცდილობენ, ყველაფრის მიუხედავად, ბოლომდე გაიტანონ, ალბათ, მათი პოზიცია უფრო მტკიცეა. რამ შეიძლება აიძულოთ მათ უკან დახევა?
_ ზოგადად, ეს პროტესტი დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ „რუსული კანონის“ უკან გაწვევის შინაარს და იქცა „არა რუსულ რეჟიმად“. ყველა ხვდება, რომ ვერ ვიცხოვრებთ იმ რეჟიმში, რომლისკენაც მივყავართ ამ ხელისუფლებას. ყველა ხვდება, რომ ეს ხელისუფლება არის გასაშვები, მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი ამ კანონს ამერიკულად მიიჩნევს, იაპონურად თუ რუსულად, საბოლოოდ, ყველა იაზრებს, რომ როცა ხელისუფლება თავის ოპონენტს უპირისპირდება ძალით, ცემითა და დარბევით, ეს ჯგუფი ქვეყნის სათავეში აღარ უნდა გყავდეს. შესაბამისად, შეიძლება კანონი მიიღონ და ბოლომდე გაიტანონ, ვეტო დაიძლიოს, მაგრამ ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები. ეს ბრაზი აბსოლუტურად გადაითარგმნება იმ ხმებში, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წააგებინებს არჩევნებს. ეს ბრაზი გადაითარგმება ხმების დაცვასა და რესურსების მობილიზაციაში, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში გამაგრებული ძალა როგორმე მოვაშოროთ მთავრობიდან.
_ ესეც დემოკრატიული ქვეყნის უპირატესობაა, ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა. თქვენ ახსენეთ ბელარუსი, იქ არ გამოუვიდათ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა, რატომ გგონიათ, რომ იგივეს ვერ შეძლებენ საქართველოში?
_ ბელარუსსა და რუსეთში ხალხი გატეხილია, აქტივისტები გაქცეულები არიან, ჩვენთან ამგვარი სიტუაცია არ არის. ქართველები ვერ გატეხეს, მათ შორის, ვერც მეფის რუსეთმა მოახერხა ეს, ვერც საბჭოთა კავშირმა და ვერც „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მმართველობის 12 წლის მანძილზე შეძლო ის, რომ ქართველ კაცს არ უნდოდეს ევროპა. ქვეყანაში არის უამრავი აქტიური ადამიანი, რომელიც თუ ამ ბრაზს არჩევნებამდე მიიტანს, ვერანაირი გაყალბების მექანიზმი ვერ უშველის მოქმედ ხელისუფლებას. გვესმის, რა თქმა უნდა, რომ აყალბებენ არჩევნებს, სუსის ყოფილი უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის ფაილებში ვნახეთ არჩევნების გაყალბების უამრავი სქემა, სავარაუდოდ, ეს სქემები კიდევ უფრო გაუმჯობესებულია, თუმცა დგება წამი, როდესაც ხელისუფლებას უკვე აღარაფერი აღარ შველის.
_ ის, რომ ეს პროტესტი გადაითარგმნოს არჩევნების შედეგებში, ამისთვის საჭიროა ალბათ სწორი პოზიციონირება. არის მოსაზრება, რომ ერთიანი სია შედგეს. რამდენად იქნება ეს შესაძლებელი და „გირჩი _ მეტი თავისუფლებისთვის“ რისთვის არის მზად?
_ ჩვენ ვიაზრებთ იმ სიტუაციას, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი, შესაბამიასდ, დავუჭერთ მხარს იმგვარ პოლიტიკურ გადაჯგუფებას და პარტიების გაერთიანებას, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ ეს მიმართული იქნება იქითკენ, რომ „ქართული ოცნება“ აღარ იყოს ხელისუფლებაში. ამგვარი გაერთიანების პერსპექტივა არსებობს, თუმცა ჯერ, რეალურად, ველზე არაფერი ჩანს. დაველოდოთ მოლაპარაკებებს, დაველოდოთ, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მართალია, დრო არ ითმენს და პოლიტიკური პასუხი არის გასაცემი „ქართული ოცნებისთვის“, რასაც ელოდება საზოგადოება და ის ხალხი, ვინც ყოველდღე იკრიბება. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ეს გაწელილი პროცესია, რომელიც ბევრი კომპონენტისა და კრიტერიუმისგან შედგება, ამიტომ ცოტა მოცდა მოგვიწევს, ალბათ.
_ თქვენ ამბობთ, რომ პარტიების გაერთიანება დროში გაწელილი პროცესი იქნება?
_ ძნელი სათქმელია, ყველა პარტია გაერთიანდება თუ არა. როგორც გითხარით, „გირჩი _ მეტი თავისუფლება“ ნებისმიერ კონფიგურაციას დაუჭერს მხარს, რომელიც იქნება ამ ხელისუფლების დამარცხების გზა. დანარჩენს რაც შეეხება, არიან პარტიები, რომლებსაც რაღაც დილემები აქვთ, რაღაც უნდათ, რაღაც არ უნდათ, მათი სურვილები ცვალებადია. საბოლოო ჯამში, პროცესს უნდა დავაკვირდეთ. უბრალოდ, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ არ შეიძლება, ამ არჩევნებზე პროდასავლური ხმები დაიკარგოს და მაქსიმალურად ისეთი გადალაგება უნდა მოხერხდეს, რომლითაც არ დაიკარგება ოპოზიციური ხმები. ამ ხმების დაკარგვა უბრალოდ დაკარგვას არ ნიშნავს, დაკარგვის დროს ამ ხმების უმრავლესობა მიდის „ქართულ ოცნებასთან“. ასე რომ, საარჩევნო არითმეტიკა არ უნდა უგულებელყოს არავინ, ამის გათვალისწინებით უნდა მოახერხონ გადაჯგუფება. ჩვენს ქვეყანაში არ არის ახლა ნორმალური მდგომარეობა, კრიზისია და ამ კრიზისს სჭირდება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მისი მოგვარებისკენ იქნება გადადგმული ნაბიჯი და ამ კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზა არის ერთმმართველობის დამთავრება და კოალიციური ხელისუფლების ფორმირება.
_ თქვენ თქვით, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ არის ერთიანობა. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს და ხომ არ არის გენერალური პროკურორის გადადგომის შემთხვევაც ამის გამოვლინება?
_ ამის უკან შეიძლება სხვა რამეც იყოს, თუნდაც ის, რომ ახალი პროკურორის არჩევა უნდოდეთ, რომელიც უფრო დიდი ხნით დარჩება პოსტზე. შეიძლება, მართლაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ბატონ შოთაძეს, მე მას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ნორმალური ექიმი, რა თქმა უნდა, ურჩევს ადამიანს, რომ თუ უნდა ჯანმრთელობასა და ნერვებს მიხედოს, „ქართული ოცნების“ რიგები აუცილებლად უნდა დატოვოს. იმედია, სხვა ადამიანებიც, რომლებიც თავიანთ ჯანმრთელობაზე ფიქრობენ, მიბაძავენ ყოფილ მთავარ პროკურორს. რაც შეეხება მოსალოდნელ რღვევას „ქართულ ოცნებაში“, თვალნათლივ ჩანს, რომ ისეთი ომახიანები აღარ არიან, როგორებიც იყვნენ, მათ შორის, ლიდერები და უკანა პლანზე მყოფი ადამიანები, ამას დამატებული ის უამრავი ინფორმაცია, რომელიც ამ პოლიტიკური გუნდიდან გამოდის. ზოგადად, პატარა ქვეყანა ვართ და არაფერი იმალება, ყველა ყველას ახლობელია. იგრძნობა კიდეც ჰაერში ის დაძაბულობა, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრებს აქვთ.
_ ფიქრობთ, რომ სანქციები, მათ შორის, ოჯახის წევრებზე, ტრანზაქციების შესაძლო შეჩერება, იქნება ის, რამაც შეიძლება მათზე იმოქმედოს და დაარღვიოს ეს სიმტკიცე?
_ რა თქმა უნდა, ახლა მათ ამშვიდებენ, რომ სანქციები ვერაფერს დააკლებთ, თუმცა როდესაც ფაქტის წინაშე დადგებიან, შესაძლოა, ვინმეს ეყოს იმის სიმამაცე, რომ „ქართული ოცნების“ რიგები დატოვოს. შესაძლოა, ასე არ მოხდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, მგონია, რომ ამ ძალის ხელისუფლებაში ყოფნის დღეები არის დათვლილი.