„ბავშვები მშივრები მრჩებოდნენ“ _ ტერორი მარიამ კუბლაშვილის კომპანიის სახელით
„ქრონიკა+“ გთავაზობთ ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ყოფილი კომპანიის მიერ კოსმეტიკა „დეშელით“ დაზარალებული და დატერორებული კლიენტების საჩივრებს, რომლითაც მათ „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს“ მიმართეს. ეს გახლავთ ელექტრონულად ღია ფორმით გაგზავნილი საჯარო წერილები, სადაც ქალები დახმარებას ითხოვდნენ. აქვე გთავაზობთ კომპანიის ხელშეკრულების ასლს. დანარჩენი, თავად განსაჯეთ.
აქვე დავძენთ, რომ „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ „დეშელისგან“ ბევრ დაზარალებულს დაეხმარა, თუმცა მათი რიცხვი, როგორც ჩანს, ბევრად მეტია.
ეს ისტორიები კი დამაფიქრებელია.
სოფია:
„მეც დეშელის მსხვერპლი გავხდი, _ სანამ ხელშეკრულებაზე არ დამიყოლიეს, არ გამომიშვეს. ჯერ კოსმეტოლოგი, შემდეგ მენეჯერი, მერე ისევ კოსმეტოლოგი გვერდიდან არ მომცილებიან განვადებაზე ხელის მოწერამდე. პროდუქციის შეძენაზე ვერაფრით დამიყოლიეს. რომ ვთქვი, მოფიქრება მჭირდება და სწრაფად ვერ გადავწყვეტ-მეთქი, არც შემოსავალი მაქვს ყოველთვიური, არსად მერიცხება ხელფასი ოფიციალურად, მერე დამიწყეს შებმა, რომ მათთან მევლო პროცედურებზე. მახეში გამაბეს, _ 18 თვის მანძილზე 1100 ლარი უნდა გადავიხადო, ეს ყველაფერი ესთეტიკის ცენტრ „რენესანსში“ გაფორმდა. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ არსებობდა რამე გამოსავალი, პირიქით, ვიცოდი, რომ განვადების გაუქმებისას მომიწევდა ჯარიმის გადახდა და შეიძლება, გავეშავებინე კიდეც ბანკში, ამიტომ აღარ მიმიკითხავს არავისთვის, ვინაიდან გადახდა მიჭირს. დღეს ბანკში მივედი და თქვენი ორგანიზაციის შესახებ მითხრეს, 4 პროცედურაზე ვიყავი, სულ 10 მაქვს ჩასატარებელი, კიდევ რაღაც საჩუქარი პროცედურები მაქვს, რომელიც არ გამომიყენებია და არც სხვა მიწვევებზე დავთანხმებივარ. რა გამოსავალი არსებობს ჩემთვის, რომ შევწყვიტო არსებული განვადება, ისე რომ ბანკში პრობლემებიც არ შემექმნას სამომავლოდ?“
სოფო:
„დეშელის„ ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე და მალევე მივხვდი, რომ დიდი სისულელე ჩავიდინე. ორი მცირეწლოვანი შვილი და 400 ლარი შემოსავალი მაქვს, ხოლო თვიურად 121 ლარი განვადებას მიაქვს. მეორე დღესვე მივაკითხე ჩემოდნით და დიდი ხვეწნა-მუდარით… უარი! პანიკაში ვიყავი… ბავშვები მშივრები მრჩებოდნენ და ეს ყოველივე ავუხსენი. ისევ უარი! ერთი კვირის შემდეგ იგივე თხოვნით მივედი. ისევ უარი. ახალგაზრდა იურისტებთანაც ვიყავი, იმათმაც თავი გააქნიეს, _ ვერაფერს იზამო… ვერ ვეგუები. ერთი წელია, განვადებას ვიხდი 2900 ლარზე. ამჟამად თუ არის შესაძლებელი, რაიმე მოვიმოქმედო? გთხოვთ, მიპასუხოთ“.
ინგა:
„ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-2 დღეს მივმართე კომპანიას ხელშეკრულების გაუქმებაზე განცხადებით (ტექსტი თვითონ დამაწერინეს). პასუხი _ უარყოფითი. წერილობითი პასუხი მოვითხოვე. უარი არ უთქვამთ _ მიიღებთ წერილობით პასუხსო, მაგრამ როდის და რა ფორმით, არ დამიკონკრეტა ქ-მა ირმამ, _ მხოლოდ შუამავალი ვარ თქვენსა და კომპანიას შორის და მე არ მეხება წერილობითი პასუხის გაცემაო. მეორე განცხადება დავტოვე, უკვე ჩემ მიერ დაწერილი, რომელშიც წერილობით პასუხს ვითხოვ კანონით დადგენილ ვადებში. არ მინდა დროის დაკარგვა და ვაპირებ, სასამართლოს მივმართო. თქვენ რას მირჩევთ?“
თაკო, 23 წლის:
„…დედაჩემიც ერთ-ერთი მათგანია, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან გვიან გამოფხიზლდა. დაიბარეს უფასო სახის გამწმენდ პროცედურაზე, სადაც მეც გავყევი, თუმცა არ შემიშვეს. რამდენიმე საათის შემდეგ დედაჩემი ამ ჩემოდნით დაბრუნდა სახლში. ამბობდა, რომ აქციაში გაიმარჯვა და კოსმეტიკასთან ერთად უფასო გამაჯანსაღებელი პროცედურებიც ეკუთვნოდა, რითაც მეც შემეძლო მესარგებლა. იქიდან გამომდინარე, რომ დედაჩემს ძალიან ბევრი საქმე აქვს და თავის მოვლისთვის დრო არასდროს რჩებოდა, ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, ახლა მაინც თუ მიხედავდა თავს და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ეს იაფი არ იყო, მისთვის არაფერი მითქვამს (თუმცა ამხელა თანხას ვერც წარმოვიდგენდი). დაახლოებით ორი კვირის შემდეგ წავედი თმის გამაჯანსაღებელ პროცედურაზე (თმის ცვენა მაწუხებს), სადაც უბრალოდ შამპუნით დამბანეს, დამვარცხნეს და გამომიშვეს. რამდენიმე დღის შემდეგ ამ კოსმეტიკიდან სახის დასაბანი ქაფი გამოვიყენე, რამაც საშინელი შედეგი გამოიწვია _ წვა, ქავილი და გამოშრობა. თავად დედაჩემს იმის დროც არ ჰქონდა, რომ ეს კოსმეტიკა რეგულარულად გამოეყენებინა. კვირაში ერთხელაც ვერ ახერხებდა კრემების წასმას. თუმცა ყოველი წასმის შემდეგ ვხვდებოდი, რომ კმაყოფილი არ იყო, მაგრამ მე არაფერს მეუბნებოდა. ამავე პერიოდში გავემგზავრე უცხოეთში სასწავლებლად და ერთხელაც სკაიპით საუბრისას დედაჩემი გამომიტყდა, რომ საშინელი შეცდომა დაუშვა, ზეწოლას ვერ გაუძლო და ამიტომ დათანხმდა პროდუქციის შეძენაზე. თავად კოსმეტიკა არანაირ დადებით ეფექტს არ ახდენდა კანზე, პირიქით, რამდენიმე გამოყენების შემდეგ არც კი უფიქრია, მიკარებოდა. როდესაც „დეშელში“ მივიდა პროცედურების ჩასატარებლად, რა თქმა უნდა, ვერ დაარწმუნა ისინი, რომ უკმაყოფილო იყო. რამდენჯერმა ესაუბრა მენეჯერს, თუმცა ვერაფერს გახდა. კოსმეტიკის ჩემოდანი აგერ უკვე რამდენიმე თვეა, ხელუხლებლად დევს.
მაინტერესებს, არის თუ არა შანსი, რომ პროდუქცია უკან დავაბრუნოთ და შეწყდეს განვადების გადახდა?.. გთხოვთ, დაგვეხმაროთ“.
ლიზი:
„მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც “დეშელის” აგრესიული მარკეტინგის მსხვერპლი გავხდი, მაგრამ პროდუქცია დავაბრუნეეეეეთ!!! ამისთვის უდიდესი მადლობა სტრატეგიული განვითარების ცენტრს, ნამდვილად იმსახურებს ეს ხალხი ჩვენგან უდიდეს მადლობას!..
მოკლედ, ასე! ნუ დაიბნევით, პირველ რიგში, ჩამოტვირთეთ ორგანიზაციის საიტზე განცხადების ფორმები (განცხადება „დეშელს“, განცხადება ბანკს), შემდეგ შეავსეთ, მეორე დღესვე მიდით საქართველოს ფოსტაში და გაუგზავნეთ ეს განცხადება „დეშელს“ (არ მიხვიდეთ „დეშელში“, განცხადებას მაინც არ ჩაიბარებენ) და აუცილებლად ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ამ განცხადების ჩასაბარებლად, რომელიც ბანკისთვის შეავსეთ. მოუყევით ბანკს, რომ არ გსურთ ეს პროდუქცია, სესხის დამტკიცება და თანხის ტრანზაქცია შეგიჩერონ! შემდეგ დაგიბარებენ „დეშელის“ იურისტები და მათ უნდა დაუმტკიცოთ, რომ ვერ და არ გადაიხდით ამ თანხას და დაიბრუნონ პროდუქცია!
არ შეგამჩნიონ უკან დახევა და შიში..! საკმაოდ მკაცრად აუხსენით, რომ ხელშეკრულება ჯეროვნად ვერ გაიაზრეთ, ხელი ისე მოგაწერინეს! გისურვებთ წარმატებებს…“
ნინი:
„მეც მოტყუებული კლიენტი ვარ. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, როგორ მოხდა, რომ ყველა საბუთზე ხელი მოვაწერე, როგორც დაჰიპნოზებულმა. სახლში როდესაც აზრზე მოვედი, მივხვდი, რომ თანხის გადახდის რესურსი არ მაქვს და გამოსავლის ძებნაში მეორე დღესვე გავაკეთე განცხადება როგორც ფირმაში, ასევე _ ბანკში. ფირმაში იურისტმა განმიცხადა, რომ მე უნდა დავისაჯო, რომ დაბრუნების ყველა შემთხვევა მათი კეთილი ნება იყო და არა სამართლებლივი ქმედების შედეგი. იმდენად გამაოცა და აღმაშფოთა ცინიზმმა, რომ პროდუქცია დავტოვე. როგორც ბანკში განმიცხადეს, სანამ კომპანიიდან წერილს არ მიიღებენ პროდუქციის დაბრუნების შესახებ, არანაირ ქმედებას არ აწარმოებენ. ხომ არ შეგიძლიათ მირჩიოთ, მაქვს თუ არა რამის გაკეთების საშუალება?“
თამარი:
„მოგესალმებით, მეც მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდი, ოღონდ ქეისი არ წამიღია, მითხრეს, 3 დღეში იქნებაო და ამასობაში მე რომ ფხიზელ გონებაზე დავფიქრდი, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი საერთოდ არ მჭირდება და არც საშუალება გამაჩნია მაგის გადახდის, რადგანაც ისედაც ძალიან ბევრი საბანკო ვალდებულებები მაქვს. საერთოდ, ისიც მიკვირს, სესხი 3000 ლარზე როგორ დამიმტკიცეს, როდესაც 2 თვის წინ 700-ლარიან განვადებასაც არ მიკეთებდნენ? შესაბამისად, ჩემს კონსულტანტს მივმართე და ვთხოვე, გაეუქმებინა განვადება, მაგრამ თავიდან უარი განაცხადა, მერე კი მე შევთავაზე, _ ოღონდ ეგ განვადება გამიუქმე და თანახმა ვარ, ჯარიმაც გადავიხადო-მეთქი. ამაზე დამთანხმდნენ და ჯარიმა მითხრეს 800 ლარი. მეუბნებიან, რომ თურმე ვინმე ებრაელი დამფუძნებელი ადგენს ამ ჯარიმას და არა თვითონ კონსულტანტი. და მეუბნებიან, არ ღირს ჯარიმის გადახდა და ჯობია, ისევ პროდუქცია მოიხმაროთო. ასევე არც მიღება-ჩაბარებაზე მომიწერია ხელი და არც კრედიტის გადახდა დამიწყია. ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, ვინმემ მირჩიეთ, როგორ მოვიქცე ამ შემთხვევაში?“
გვანცა:
„მეც დაახლოებით მსგავს სიცუაციაში აღმოვჩნდი. უბრალოდ, ბიო პროდუქცია ვიკითხე, თუ იყო, რაზედაც დადებითი პასუხი მივიღე. მაგაშიც გეთანხმებით, რომ თანამშრომლები მაგარი დატრენინგებულები ჰყავთ, მაგრამ რამდენიმეს ეტყობა მაინც, სინდის-ნამუსი გააჩნია. ერთ-ერთმა თანამშრომელმა, სახელს შეგნებულად არ დავასახელებ, მომატყუა, რომ კონკრეტულად იმ დღეს დაემთხვა ძალიან დიდი ფასდაკლება და რომ მე ვიყავი ძალიან იღბლინი და ძალიან იაფად, სულ რაღაც, 3000 ლარად შემეძლო შემეძინა მათი პროდუქცია. მეც ცდუნებას ვერ გავუძელი, წარმოვიდგინე, როგორი ბედნიერი ვიყავი. სამწუხაროდ, ალერგია მომცა და ბიოპროდუქციაც არ გამოდგა. უბრალოდ, მინდა ყველას გირჩიოთ, კარგად წაიკითხოთ და გაარკვიოთ, რას გთავაზობენ“.
მარიამი:
„ერთი კვირის განმავლობაში მირეკავდა გოგონა „დეშელის“ კომპანიიდან, თან მეუბნებოდა, რომ რეკომენდაციით მოვხვდი და ყველას არ აქვს ასეთი პატივი. მერიდებოდა, ასე კატეგორიულად თავიდან მომეშორებინა, რადგან ძალიან ზრდილობიანად მთხოვდა მისვლას. მოკლედ, დამკერა. მივედი… საკმაოდ ძვირადღირებული რემონტით დამხვდა სალონი… როგორც მივხვდი, დიდი ფართიც ეკავათ. მიმიწვიეს ოთახში და დაიწყოო… ერთი რამ ფაქტია, რომ ძალიან მაგრად ჰყავთ დატრენინგებული თანამშრომლები. თავიდანვე მითხრა ამ „კოსმეტოლოგმა“, რომ მხოლოდ ნახევარ სახეზე მომემსახურებოდა, რომ სახის მეორე ნაწილი მე თვითონ დამესრულებინა, ანუ თან მასწავლიდა. ტექნიკურად გამომკითხა ჩემი პროფესია, საქმიანობა, ძალიან გაუხარდა, რომ ბანკში ვმუშაობდი (მერე მივხვდი, რატომაც). ასე გავიდა დრო.. ნელ-ნელა შემომაპარა ამ კოსმეტიკის ფასების სია. ვეუბნები, რომ მე ამის საშუალება არ მაქვს. მოიყვანა ვიღაც გოგონა ხელშეკრულების ფურცლებით და, ფაქტობრივად, ნამუსზე მაგდებენ, რომ რადგან ბანკში ვარ, თან უფრო ადვილია ჩემთვის გადახდა, კიდევ დამიკლეს ფასი იქვე, ჩემ თვალწინ, ვითომ მე მქონდა ასეთი ექსკლუზივი. ძალიან აგრესიულად მტენიან ამ ყველაფერს. გარცხვენენ, ფაქტობრივად, დამნაშავედ გაგრძნობინებენ თავს. თან მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ ნახევარი სახე მაქვს გაკეთებული და არც არავინ მთავაზობს დასრულებას. ამ კოსმეტოლოგს მივუბრუნდი და ვეკითხები, რა ვუყო სახის მეორე ნახევარს-მეთქი? აქ მისი თავაზიანობა დასრულდა და მეუბნება, _ ხომ გახსოვს, როგორ ვაკეთებდი და მაწვდის ფლაკონებს. დავასრულე ჩემით და ისეთი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ჩამაგდეს უარის გამო, რომ რამდენი დრო დახარჯეს, დამაყვედრეს _ კი მაგრამ, თქვენ ხომ დამაძალეთ, რომ აქ მომიყვანეთ-მეთქი. უკვე ძალიან გავბრაზდი ჩემს თავზეც, მათზეც, მაგრამ თავი შევიკავე, რადგან ან დიდი სკანდალი უნდა მომეწყო, ან გავფრთხილებოდი ნერვებს და დროზე დამეტოვებინა ეს სალონი. მოკლედ, გამოვიქეცი და მერე გავიგე, რამდენი შეაცდინეს და ფაქტობრივად შეტენეს პროდუქცია. თან კაციშვილმა არ იცის, რას წარმოადგენს მათი კოსმეტიკა ხარისხით. მე გადავრჩი. ჩემი რჩევაა, არც გაეკაროთ ამ სალონს და კატეგორიული უარი თქვით! ახლა კი მეცინება, მაგრამ ძალიან გამამწარეს“.
ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ ამდენ დაზალარებულ და გაჭირვებულ ქალზე ხელის მოთბობისთვის მარიამ კუბლაშვილს პასუხი არავინ აგებინა.
თამარ როსტიაშვილი