ბადრი ბასიშვილი: „ვაშინგტონმა კობახიძეს დათმობაზე წასვლა მოსთხოვა“
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეა. ამის მიუხედავად, ელექტორატი ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებზე გამოსვლებისგან თავს იკავებს. მიზეზი გახლავთ შიში. შიში იმისა, რომ ხელისუფლებაში კვლავ „ნაციონალები“ დაბრუნდებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ბასიშვილი, ამბობს, რომ ხალხმა ეს შიში უკვე დაძლია და ცვლილებებს უჭერს მხარს. მას სჯერა, რომ 15 მაისის აქციაზე ბევრი ხალხი მივა და მმართველი პარტია იძულებული გახდება, დათმობაზე წავიდეს.
რატომ არ უნდა ვენდოთ ხელისუფლების შეთავაზებას? რატომ აქვს გახარიას დიდი მხარდაჭერა შიდა ქართლში? აპირებენ თუ არა „ნაციონალები“ შურისძიებას? უნდა გვეშინოდეს თუ არა მათი დაბრუნების? მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში? _ ამის შესახებ ბადრი ბასიშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ბატონო ბადრი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გვაცნობა, რომ „ქართული ოცნება“ ხელს აწერს დოკუმენტს, სადაც ჩაწერილი იქნება შემდეგი პუნქტი, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებზე 40%-ზე ნაკლებს აიღებენ, მაშინ ისინი განიხილავენ ვადამდელი არჩევნების თემას. ზოგმა ეს დათმობად აღიქვა, ზოგმა _ მორიგ ტრიუკად. თქვენ რას ფიქრობთ?
_ ეს არის მორიგი ფანდი. ირაკლი კობახიძეს ვაშინგტონში გასაგებად უთხრეს, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია. აუხსნეს, რომ დათმობაზე, პირველ რიგში, ხელისუფლება უნდა წავიდეს, რათა ქვეყანა ნორმალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას დაუბრუნდეს. აქედან გამომდინარე, მათ შემოგვთავაზეს წინადადებები, რომელიც ოპოზიციისთვის მიუღებელია.
ეს შეთავაზება გათვლილია საზოგადოებისთვის და დასავლეთისთვის თვალის ასახვევად, ვითომ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ინიციატივას იჩენენ. ვიდრე პოლიტპატიმრები არ განთავისუფლდებიან და ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, არაფერი გამოვა. ოპოზიცია პარლამენტში არ შევა. გადაგდება „ქართული ოცნების“ სტილია, ჩვენ მათ არ ვენდობით.
_ პარლამენტში არ შევალთო და დარწმუნებული ხართ, რომ უნდათ ოპოზიციის პარლამენტში შესვლა? თქვენ გარეშეც მშვენივრად გრძნობენ თავს. ოპოზიციისთვის განკუთვნილი ადგილებიც ნელ-ნელა ივსება. უკვე შესულ ოპოზიციონერებს „გირჩებიც“ დაემატებიან. იქ გახარიას ხალხი განლაგდა ოპოზიციის სკამებზე.
_ „პატრიოტთა ალიანსიდან“ წამოსულები პარლამენტში რომ შევიდნენ, „ქართულ ოცნებაში“ იფიქრეს, რომ პოზიციებს განიმტკიცებდნენ. გაეხარდათ ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის შესვლაც, მაგრამ მათმა შესვლამ არ გაამართლა. „ოცნებაში“ ყველაზე კარგად იციან, რომ ეს ხალხი რეალურ ოპოზიციას არ წარმოადგენს. ეს პარტიები რომ „ქართული ოცნების“ ფილიალებად იქცნენ, ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც კარგად ხვდებიან. ამიტომ უნდა ხელისუფლებას პარლამენტში რეალური ოპოზიციის ხილვა. ჩვენი ბოიკოტის გამო ისინი ნერვიულობენ. მათ აუცილებლად მოუწევთ უკან დახევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მრავალათასიან აქციას მიიღებენ.
_ 15 მაისის აქციას გულისხმობთ?
_ დიახ. ვაპირებთ, რომ ამ დღეს ბევრი ადამიანი გამოვიყვანოთ ქუჩაში. დარწმუნებული ვარ, აქციაზე ისეთი ხალხიც მოვა, ვინც არჩევნებზე ჩვენ არ მოგვცა ხმა, მაგრამ ფიქრობს, რომ ქვეყნისთვის ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია, რომელიც შეცვლილი საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს. დაე, თავისუფალ არჩევნებზე გადაწყვიტოს ჩვენმა მოსახლეობამ, უნდა თუ არა მას ხელისუფლების შეცვლა.
_ დარწმუნებული ხართ, რომ ხალხს ხელისუფლების შეცვლა სურს?
_ დარწმუნებული ვარ. არსებულ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია, სადაც ხალხი ცვლილებებს მისცემს ხმას. ცვლილებებს ხალხმა 2020 წელსაც დაუჭირა მხარი, მაგრამ ის არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ არნახულად გააყალბა. ამიტომაც უცხადებს ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს.
_ ხელისუფლება გთავაზობთ, რომ ვადამდელ არჩევნებზე თვითმმართველობის შემდეგ ისაუბროთ, თუ ისინი 40%-ზე ნაკლებს აიღებენ. იქნებ და მართლა 40%-ზე ნაკლებს იღებენ? ხომ ამბობთ, მხარდაჭერა არ აქვთო? იქნებ, დათანხმებულიყავით ამ შეთავაზებას.
_ ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნიათ, მაგრამ არსებული სისტემითა და ცესკოს დღევანდელი შემადგენლობით ისევ შეძლებენ იმ შედეგის დაწერას, რაც მათ ინტერესებში შედის. ისიც საეჭვოა, რატომ შემოგვთავაზეს მაინცდამაინც 40%? რატომ არ თქვეს 45%? მათ რეალურად იციან, რომ წინა არჩევნებზე 40%-იც ვერ აიღეს. არადა, არჩევნები არნახულად გაყალბდა. დაასახელეს ის ციფრი, რომლის მიღებაც შეუძლიათ. ამ შედეგს გაყალბებით, სუსის ჩართულობით, შავი ფულის მობილიზებით მოახერხებენ. ამ 40%-ის გაჟღერება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოიპარეს.
_ 2020 წლის არჩევნებზე გორში თქვენი კონკურენტი „ქართული ოცნებიდან“ იყო გიორგი ხოჯევანიშვილი. მან რამდენიმე ადამიანთან ერთად მმართველი პარტია დატოვა. რას ფიქრობთ მის განქოცებაზე?
_ ეს მოსალოდნელიც იყო. ჩვენ ამის შესახებ „ქართულ ოცნებას“, ჯერ კიდევ, გასულ წელს ვაფრთხილებდით. ადამიანების ჯგუფი, რომელიც „ნაციონალებისა“ და იმის წინა ხელისუფლების დროს თავს კარგად გრძნობდნენ და მოქმედსაც კარგად მოერგნენ, სამომავლოდაც დაიჭერდნენ თადარიგს. სწორედ ასეთები არიან ხოჯევანიშვილები.
_ ხოჯევანიშვილები „ნაციონალების“ დროს თავს რომ კარგად გრძნობდნენ, ცნობილია, მაგრამ შევარდნაძის მმართველობის დროს პატარები იყვნენ.
_ მაშინ ხოჯევანიშვილების მამის სამეგობრო ძალიან დაახლოებული იყო შევარდნაძის ჩინოსნებთან. „ნაციონალების“ დროს უკვე ძმები ხოჯევანიშვილები გამოვიდნენ ასპარეზზე. მთელ საქართველოში განთქმული იყო ე. წ. გორული კლანი, რომელსაც კახა საბანაძე მფარველობდა. კახა საბანაძეს, თავის მხრივ, გიორგი გახარია მფარველობდა.
ჩვენ, ჯერ კიდევ, შარშან ვამბობდით, რომ ეს ადამიანები შეჩვეულები არიან პორტირებას და აუცილებლად მოძებნიდნენ „ქართული ოცნებისგან“ ჩამოცილების გზას. ხოჯევანიშვილის ოპოზიციაში გადასვლა მორიგი ფანდია. გახარიას პატრონებმა, რომლებიც რუსეთში არიან, გადაწყვიტეს, შექმნან „ქართული ოცნების“ ალტერნატიული გუნდი. ისინი კარგად ხვდებიან რომ ივანიშვილსა და მის „ოცნებას“ უკვე დრო გასდის. იფიქრეს, იფიქრეს და გადაწყვიტეს, „ოცნებაზე“ განაწყენებული მეოცნებეების ხმები სხვაგან რომ არ წასულიყო, გახარიას პარტია შექმნან. აქედან გამომდინარე, გახარიას გუნდი და ხოჯევანიშვილები არანაირი ოპოზიცია არ არის. ისინი არიან „ქართული ოცნების“ ფილიალი. ამას ხალხიც კარგად ხვდება და არჩევნებზე შესაბამისი რეაქციაც ექნება.
_ ზემოთ საბანაძე ახსენეთ და ისიც გახარიასთან წავა?
_ რა თქმა უნდა. მის მსგავსად გახარიას გუნდში ვიხილავთ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროს კოტე ანანიაშვილსაც. ისიც გორული კლანის წარმომადგენელი გახლავთ. საბანაძე და ანანიაშვილი გარდა იმისა, რომ გახარიას გორულ კლანს წარმოადგენენ, ქვისლებიც არიან. ისინი ამ კლანის სხვა წევრებთან ერთად კარგად ხვდებიან, რომ „ქართული ოცნება“ იძირება და მას გადარჩენის შანსი არ აქვს. ეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც კარგად იგრძნეს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი ამაში საბოლოოდ დარწმუნდნენ. მათ შესაბამისი დრო შეარჩიეს ტრიუკის ჩასატარებლად. კარგად გამოიყენეს ნიკა მელიას დაკავების თემა. თითქოს რაღაც ეწყინათ და გადავიდნენ ოპოზიციაში. გახარიას მართლა რომ სდომოდა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა, არ გადადგებოდა.
_ წინააღმდეგი თუ იყო, რატომ არ უნდა გადამდგარიყო?
_ მართლა თუ წინააღმდეგი იყო ხელისუფლების, მაშინ უნდა დარჩენილიყო და როგორც პრემიერს, ისე დაეზიანებინა „ქართული ოცნება“. მან წასვლა ამჯობინა. ამით დაამტკიცა, რომ ეს არის რაღაც თამაშის ნაწილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ გახარიამ თავისთვის ყველაზე სერიოზული დასაყრდენი გუნდი შიდა ქართლში, კერძოდ კი გორში შექმნა. „ქართული ოცნება“ თუ დაკარგავს ხმებს ოპოზიციაში გახარიას გადასვლით, ეს იქნება შიდა ქართლი და გორი.
_ ასე თუ არის საქმე, მაშინ გახარიამ თავის პარტიას „ქართლური ოცნება“ უნდა დაარქვას.
_ შიდა ქართლში მართლა ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. სამეგრელოსთან ერთად გახარიას შეუძლია, შიდა ქართლსაც დაეყრდნოს. გახარიას გუნდი ისევ „ქართულ ოცნებას“ თუ წაართმევს ხმებს, თორემ ოპოზიციის ხმებს ვერ წაიღებს.
_ „ნაციონალებს“ სტაბილური ამომრჩეველი გყავთ. ვერც დანარჩენ ოპოზიციას წაართმევენ ხმებს?
_ დანარჩენი ოპოზიციის ხმები შეიძლება წაიღონ, მაგრამ ძირითადად „ოცნებაზე“ განაწყენებული მეოცნებენი მისცემენ მას ხმას. შიდა ქართლი და კერძოდ გორი ჩვენთვის რთული რეგიონია, მაგრამ აქაც კი 30%-მდე ავიღეთ. არადა, არნახული გაყალბება იყო.
_ გახარიას პარტია „ოცნების“ ხმებს წაიღებსო, ამბობთ და შესაძლოა, კალაძის გუნდმაც წაიღოს „ოცნების“ ხმები. ამბობენ, რომ ისიც აპირებს წასვლას და დამოუკიდებელი თამაშის დაწყებას.
_ კალაძის ამბავიც საინტერესო იქნება, რადგან მასაც ჰყავს თავისი გუნდი. სწორედ ეს ადამიანები უგროვებდნენ „ქართულ ოცნებას“ ხმებს. გახარია და კალაძე რომ გამოვაკლოთ, „ოცნება“ არჩევნებში, გაყალბების მიუხედავად, 25%-საც კი ვეღარ აიღებს. ძალიან საინტერესო საპარლამენტო არჩევნები გველოდება. ესენი ერთმანეთს წაართმევენ ხმებს.
_ ერთმანეთს ოპოზიციაც ართმევთ ხმებს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმდენიც კი ვერ მოახერხეთ, რომ ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებულიყავით.
_ ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე რომ ვერ შევთანხმდით, ეს დიდი შეცდომა იყო. იმედი მაქვს, ვადამდელ არჩევნებზე ოპოზიცია ერთიანი ფრონტით დაუპირისპირდება „ქართულ ოცნებას“ და მის ფილიალ გახარიას პარტიას.
_ შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ოპოზიცია არ ემზადება ამ არჩევნებისთვის. ეს არჩევნები თქვენთვის საინტერესო არ არის? მისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ხომ არ აპირებთ?
_ პოლიტიკური პარტიებისთვის ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია. ქვეყანაში არსებული ვითარება რომ შეიცვალოს, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამის შემდეგ პოლიტიკური პარტიები შეძლებენ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებას. ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მრავალპარტიული პარლამენტი. ასე რომ, ახლა ოპოზიციის მთავარი სამიზნე არის ვადამდელი არჩევნები. ხელისუფლება თუ იტყვის, რომ ვადამდელს დეკემბერში ან ნოემბერში დანიშნავს, მაშინ თვითმმართველობის არჩევნებშიც მივიღებთ მონაწილეობას.
_ ხალხის განწყობაზე რას გვეტყვით, ოღონდ გულწრფელად გვითხარით, მასაც უნდა ვადამდელი არჩევნები? ამდენი არჩევნები ძალიან დამღლელია.
_ ხალხი ძალიან დაიღალა ამ უიმედობით. ისე გაუჭირდა ყოველდღირად ლუკმაპურის შოვნა, რომ მზად არის, პროტესტის გამოსახატავად ქუჩაში გამოვიდეს. მოსახლეობაც ფიქრობს, რომ გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია. საპარლამენტო არჩევნებზე თითქმის მილიონამდე ხმა აიღო ოპოზიციამ. ქუჩაში მოსიარულე ყოველი მეორე ადამიანი ჩვენი მომხრეა. ამ ხალხის მხარდაჭერა ოპოზიციას ზურგს უმაგრებს. მათ მხარდაჭერას ყვლაფერში ვგრძნობთ. შეიძლება, ისინი მიტინგზე არ მოვიდნენ, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენ გვიჭერენ მხარს.
ხალხი მზად არის ცვლილებებისთვის, განსაკუთრებით ახლა, როცა პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაუარესდა ყველა ჩვენგანის მდგომარეობა. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ერთადერთი ხსნა ვადამდელი არჩევნებია. „ქართული ოცნება“ მეცხრე წელია, რაც ხელისუფლებაშია და ამ ხნის მანძილზე არანაირი სასიკეთო ცვლილება არ ყოფილა. ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად ისიც კი დაკარგეს, რაც აქამდე იყო. ჩვენი მოქალაქეები დიდი იმედით ელოდებიან 15 მაისის აქციას. ოპოზიციამ მათ იმედები არ უნდა გავუცრუოთ. ამ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი უნდა გამოვიყვანოთ ქუჩაში. „ქართული ოცნება“ მხოლოდ ძალას უწევს ანგარიშს. ქუჩაში ბევრი ხალხი თუ გამოვა, შეცვლიან გადაწყვეტილებას, პოლიტპატიმრებსაც გაათავისუფლებენ და ვადამდელ არჩევნებსაც დანიშნავენ.
_ თქვენი მოლოდინები ცოტა გადაჭარბებული ხომ არ არის? სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც მარტო პანდემიის გამო შეიკავებენ ადამიანები ქუჩაში გამოსვლისგან თავს.
_ ეს პანდემია ძალიან სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორია. ვატყობთ იმასაც, რომ ხელისუფლება ქვეყნის ჩასაკეტად ემზადება. აპირებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას. კარგად ვიცით, რომ ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდება, მაგრამ ისე მიდის საქმე, რომ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. ყველამ ერთად უნდა გავტეხოთ შიში და გამოვიდეთ ქუჩაში.
ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ეს აქცია იქნება მშვიდობიანი. არც კანცელარიის შტურმით აღებას ვაპირებთ და არც _ პარლამენტის. წინა წლებშიც ჩაგვიტარებია მსგავსი აქციები, მაგრამ ყველა მათგანი მშვიდობიანად დასრულებულა. იმედია, ხელისუფლება პროვოკაციებს არ მოაწყობს.
მესმის, რომ პანდემიაა, მაგრამ ბევრი ადამიანია გაბრაზებული. ამ ხალხს უნდა თავისუფლება და ქვეყნის განვითარება. სამუშაო ადგილების შექმნას ითხოვს. სამსახურის დაკარგვამ ხალხი კიდევ უფრო მძიმე დღეში ჩააგდო. ვერ წარმოიდგენთ, როგორ უჭირს ადამიანებს. ყველაფერი გაძვირებულია. პურის ყიდვაც კი გაჭირდა. ხელისუფლება თუ არ შეიცვალა, მდგომარეობა უფრო დამძიმდება. „ქართული ოცნება“ არაფრის გამომსწორებელი არ არის. გავიმეორებ: ქუჩაში რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეს. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, რადგან ამ ხელისუფლებაზე ძალიან ბევრი ადამიანია გაბრაზებული.
_ ამ ხელისუფლებაზე ბევრი ადამიანია გაბრაზებული, მაგრამ ისინი ქუჩაში იმის შიშითაც არ გამოდიან, რომ ვაითუ, ხელისუფლებაში ისევ „ნაციონალები“ დაბრუნდნენო. ხალხს ისევ ეშინია თქვენი.
_ არ მგონია, რომ ადამიანებს „ნაციონალების“ დაბრუნების ეშინოდეთ. ამით ივანიშვილის პარტია აშინებდა მოსახლეობას. ამბობდა, ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, „ნაციონალები“ დაბრუნდებიან და შურს იძიებენო. წინა წლებში ეს მეთოდი ჭრიდა, ახლა აღარ ჭრის.
_ ეს მეთოდი ახლაც კარგად ჭრის.
_ ძალიან ცუდი, თუ ახლაც ჭრის. არ მესმის, რატომ უნდა ეშინოდეს ხალხს „ნაციონალების“.
_ თქვენი წარსულის გამო ეშინიათ. „ნაციონალებს“ არ გქონდათ სუფთა წარსული.
_ არ ვიტყვი, რომ ყველაფერს იდეალურად ვაკეთებდით. ჩვენს დროს იყო შეცდომებიც და გადაცდომებიც. ის ხალხი, ვინც ძალადობას სჩადიოდა და ვისიც საზოგადოებას ეშინოდა, მშვენივრად დაპორტირდნენ „ქართულ ოცნებაში“. ცოტა მიკვირს, რომ ისევ ჩვენი ეშინიათ და „ქართული ოცნების“ _ არა. მინდა, ხალხს ვკითხო: ჩვენს დროს ხოჯევანიშვილი ცუდი თუ იყო, ახლა რატომ არის კარგი? იგივე შემიძლია ვიკითხო მურუსიძესა და ჩინჩალაძეზე. არარაფერს ვამბობ ირაკლი შიხიაშვილზე. ყველა პორტირებულის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
ვისაც „ნაციონალების“ დაბრუნების ეშინია, მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ერთპიროვნულად არ ვცდილობთ ხელისუფლებაში დაბრუნებას. ჩვენ ოპოზიციასთან ერთად გვინდა ხელისუფლების შეცვლა. გვსურს, რომ საქართველოს ჰყავდეს მრავალპარტიული პარლამენტი და კოალიციური მთავრობა. კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებაში „ნაციონალები“ მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ.
_ ეს ცოტა დაუჯერებელია. ყველაზე მეტი ამომრჩეველი თქვენ გყავთ და საეჭვოა, მოკრძალებული წვლილით დაკმაყოფილდეთ.
_ ხალხის გადასაწყვეტია, ვინ რამდენ პროცენტს აიღებს. ჩვენ ერთპიროვნულად არაფერს გადავწყვეტთ. მინდა, ვურჩიო საზოგადოებას: ნუ აჰყვებიან იმათ, ვინც ამბობს, რომ „ნაციონალები“ თუ მობრუნდნენ, რა გვეშველებაო. ხომ სცადეს 2012 წელს სხვა ხელისუფლების არჩევა და აირჩიეს კიდევაც „ქართული ოცნება“, ეშველათ რამე? მათი მოსვლის შემდეგ ყველაფერი უარესობისკენ წავიდა. ახლა საქართველოს სჭირდება კოალიციური მმართველობა. ამას ვადამდელი არჩევნები მოიტანს.
_ ბევრი ოპოზიციონერი ამბობს, რომ კოალიციური მთავრობაა საჭირო. რატომ გგონიათ, რომ კოალიციური მთავრობა ეფექტიანი და უშეცდომო იქნება?
_ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებაში პარლამენტში შესული პარტიები მიიღებენ მონაწილეობას. პარტიები ერთმანეთს გააკონტროლებენ. ასეთ დროს ეფექტიანობაც მოიმატებს და შეცდომებიც ნაკლები იქნება. კოალიციურმა მთავრობამ შეცდომები რომ არ დაუშვას, ამაში „ნაციონალებიც“ შევიტანთ წვლილს. უკვე მეცხრე წელია, რაც ოპოზიციაში ვართ. ამ დროის მანძილზე ჩვენი საქმიანობა ბევრჯერ გავაანალიზეთ. დეტალურად განვიხილეთ, თუ რა შეცდომები დავუშვით იმ ცხრა წლის მანძილზე. გავაანალიზეთ, რა გავაკეთეთ ძალიან ხისტად და ძალიან სწრაფად. ამ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ.
_ თქვენს დროს ძალადობაც იყო. ეს არ გაგიანალიზებიათ?
_ როგორ არ გაგვიანალიზებია. ჩვენ არ უარვყოფთ, რომ ძალის გადამეტებასაც ჰქონდა ადგილი. არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინ ხელისუფლებაში „ნაციონალების“ სახით გამოუცდელი გუნდი იყო მოსული და ასეთ დროს შეცდომები ხდება ხოლმე. ამით არავის ვამართლებ, მაგრამ მინდა, ხალხმა გაიხსენოს ის გამოწვევები, რის წინაშეც ვიდექით. არსებობდა შიდა და აგრე საფრთხეები. რუსეთი მოქმედებდა ღიად და აგრესიულად. ძალიან რთული პერიოდები გავიარეთ. ასეთ დროს ხისტი გადაწყვეტილებების მიღება გიწევს. შეცდომები და გადაცდომები გვქონდა, მაგრამ იმას ხომ ვერავინ უარყოფს, რომ ჩვენს დროს ქვეყანა წინ მიდიოდა? საქართველო ჭაობიდან ამოვიყვანეთ და ტერიტორია სახელმწიფოდ ვაქციეთ. ჩვენი ხელისუფლების დროს გატარებული რეფორმებიც მტკივნეული გახლდათ, მაგრამ იყო რაღაცები, რასაც იგივენაირად გავაკეთებდით.
დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად გვინდა ხელისუფლების შეცვლა, რომ საქართველოს მართავდეს კოალიციური მთავრობა. ასე რომ, თუ ვინმე ჩვენი დაბრუნების შიშით იკავებს აქციაზე გამოსვლისგან თავს, ცდება.
შორენა მარსაგიშვილი