„აჭარატექსტილის“ ყოფილი თანამშრომელი კომპანიის წინააღმდეგ
„ქრონიკა+“-ს დაუკავშირდა „აჭარატექსტილის“ ყოფილი თანამშრომელი, ხათუნა საგინაძე. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ იგი „აჭარატექსტილმა“ უსაფუძვლო ბრალდებით სამსახურიდან გაათავისუფლა, მიზეზად კი სამუშაო საათების გაცდენა დაუსახელა.
ხათუნა საგინაძე:
– „აჭარატექსტილის“ ფაბრიკაში მუშაობა დავიწყე 2020 წლის ივნისში. დღემდე ვმუშაობდი კეთილსინდისიერად. ბოლო პერიოდში, პანდემიის დროს, ერთ დღეს (შაბათი იყო), სამარშრუტომ გამასწრო და რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით მომიწია. სამსახურში, თითის დადების შედეგად, არ აისახა ჩემი იმ დღის ნამუშევარი ანაბეჭდი. რეალურად ნამუშევარი დღე არ ჩამითვალეს, დამცინეს და შეურაცხყოფა მომაყენეს, რომ კომპანიას ფულს (16-24 ლარამდე) ზედმეტად ვძალავდი.
სწორედ ამ მიზეზით გამიშვეს სამსახურიდან. მე ვამტკიცებ და მყავს მოწმე, ვინც სხვა, კერძოდ, 37-ე ბრიგადაში დამსვა, სადაც ვკერავდი „ადიდასის“ წითელ შორტებს. როდესაც მივმართე ხელმძღვანელობას, ბატონ ორჯანს და რაიფს, რომ აღვედგინე სამსახურში, მათ გამიშვეს ლაშა ხალვაშთან. ბატონ ლაშას დავუკავშირდი და სამსახურში აღდგენა ვთხოვე. მისგან მივიღე მხოლოდ ცინიზმი და სარკაზმი, – თქვენ ისეთი რამე დააშავეთ, რაც არ გამოსწორდება! ჩაგირიცხავთ ორჯერად თანხას, ხელფასზე ორჯერ მეტს და ვწყვეტთ თქვენთან კონტრაქტსო.
მე სრულიად უდანაშაულო ვარ, რადგან შეცდომით მაწერინებდნენ საბუთებზე ხელს, რაც ჩემს ქურდობას ამტკიცებდა.
მაინტერესებს, ანაბეჭდის გატარება უფრო მნიშვნელოვანია, თუ ფიზიკური მუშაობა?
მსგავსს სიტუაციაში ძალიან ბევრ თანამშრომელს უმიზეზოდ აჭრიან თანხას და ზედმეტად ამუშავებენ, მაგრამ ისინი საჯაროდ ვერ ამბობენ ამას, რადგან ეშინიათ სამსახურის დაკარგვის.
მოვითხოვ, რომ შესაბამისი თანხა ამინაზღაურონ, რადგან პანდემიის დროს ვმუშაობდი. მათ მორალურად და ფინანსურად დამაზარალეს! თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ!
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის „აჭარატექსტილს“ დაუკავშირდა:
„არსებობს შიდაგანაწესი, რომელიც საგინაძემ ორჯერ დაარღვია, რის გამოც იგი სამსახურიდან დაითხოვეს. გადავუხადეთ ორი თვის კომპენსაცია“.
ხვიჩა მამულაძე