აფხაზური რკინიგზა და სახელმწიფო ღალატი



როგორც ცნობილია, ბოლო 8 წლის მანძილზე დროდადრო იწყება საუბარი აფხაზეთის რკინიგზის გახსნის თაობაზე.
ეს თემა პერიოდულად განიხილება რუსეთისა და საქართველოს, ასევე სომხეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის და ზოგჯერ საქმე ისე შორსაც მიდის, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და სულ რამდენიმე თვეში სარკინიგზო მოძრაობა თბილისსა და სოხუმს შორის, ბოლოს და ბოლოს, აღდგება.

ამას ასევე ხელი შეუწყო რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს მიღწეულმა შეთანხმებამ დერეფნების შესახებ, რომელიც მოძრაობის აღდგენას შვეიცარიული კერძო კომპანიის კონტროლის ქვეშ გულისხმობს.
ეს საუბარი გახშირდა 2020 წლის ყარაბახის ომში სომხეთის მძიმე მარცხის შემდეგ. ამჯერად გზის გახსნის ინიციატივით აფხაზური მხარე გამოდის, რომელიც აქამდე ამ საკითხით საერთოდ არ ინტერესდებოდა.
და პირიქით, სომხეთი, რომელიც წინა წლებში აფხაზური ტრანზიტის გახსნის საკითხს პერიოდულად აყენებდა, დღეს დუმს.
ალბათ გასაგებია, რატომაც, _ ომში წაგებული ერევანი საკუთარი მარცხის პოზიტივად ქცევასა და მეზობელ ქვეყნებთან _ აზერბაიჯანთან და თურქეთთან _ გზების გახსნას ცდილობს.
არავინ იცის, ეს როდის მოხდება და მოხდება თუ არა საერთოდ, თუმცა ცალსახაა, რომ პრიორიტეტი შეიცვალა _ სომხეთი სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიცირებას ეცდება, ქართული მიმართულება კი (და მასთან ერთად აფხაზეთის რკინიგზა) ექსკლუზიურ მნიშვნელობას დაკარგავს.
აფხაზეთს პირიქით, ადრე ცხვირის აბზუების ფუფუნება ჰქონდა, დღეს კი, როდესაც მისი მთავარი ეკონომიკური აქტივი _ რკინიგზა _ მნიშვნელობის დაკარგვის ზღვარზეა, სოხუმი იძულებულია, იჩქაროს და მოძრაობის აღდგენა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გახსნამდე უნდა მოახერხოს.
მთელ ამ ორომტრიალში გადამწყვეტი სიტყვა თბილისს ეკუთვნის _ ალბათ, ეს ერთადერთი საკითხია დედამიწის ზურგზე, რომელშიც საქართველოს ვინმე რამეს ეკითხება.
8-წლიან განცხადებებსა და კონსულტაციებს აქამდე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია და გასაგებია, რატომაც _ დღევანდელ ვითარებაში, აფხაზეთის საკითხის დაურეგულირებლობის პირობებში, რკინიგზის ამუშავება ნამდვილი სახელმწიფო ღალატი იქნებოდა.
ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მოძრაობას გახსნის _ ხვალ აუცილებლად წარდგება სასამართლოს წინაშე და ცხოვრების დასასრულს ციხეში შეხვდება. ხელისუფლებას ეს კარგად ესმის _ „ქოცობა“ მუდმივი არაა და, ადრე თუ გვიან, მათ ოპოზიციაში გადასვლა მოუწევთ, ხოლო დამატებითი სისხლის სამართლის საქმისთვის საფუძვლის შექმნა არავის სურს.
ამ საკითხზე ხშირად ამბობენ: „მთავარია პოლიტიკური შეთანხმება, დანარჩენი კი ტექნიკური საკითხია“.
არ იქნებოდა გასაკვირი „პოლიტიკური შეთანხმება“ იმ ქვეყნის მხრიდან, რომელიც წინა ხელისუფლების ერთ-ერთ დანაშაულად ერგნეთის ბაზრობის დახურვას მიიჩნევს _ საზოგადოება, რომელიც ვერ აცნობიერებს, რამდენად ფუნდამენტურად დამანგრეველი იყო უზარმაზარი კონტრაბანდული წყაროს არსებობა, მით უმეტეს ვერ მიხვდება, რამდენად ანტისახელმწიფოებრივი იქნება აფხაზეთის რკინიგზის გახსნა.
ქვეყანა, რომელიც „აფხაზებისა და ოსების შემორიგების“ ილუზიისთვის მზად იყო, საკუთარი სახელმწიფოს განადგურებაზე თვალები დაეხუჭა, ალბათ, არც რკინიგზის ამუშავებას მიიჩნევდა დიდ დანაშაულად.
თუმცა ერთია საზოგადოებრივი აზრი, მეორე კი რეალობა, რომელიც რკინიგზის გახსნისთვის, ფაქტობრივად, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მოითხოვს.
„ტექნიკური საკითხები“ ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ნებაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
დავუშვათ, რკინიგზა გაიხსნა. რომელი ქვეყნის სასაზღვრო პუნქტი და საბაჟო იდგება ენგურზე და ფსოუზე? რუსეთიდან ფსოუს გავლით შემოდის სატვირთო მატარებელი. რომელ ქვეყანაში შედის ის _ საქართველოში თუ „დამოუკიდებელ აფხაზეთში“? თბილისიდან მიმავალი მატარებელი კვეთს ენგურს. რა ხდება ენგურზე? არის ეს საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის ადმინისტრაციული საზღვარი, თუ _ კარიბჭე დამოუკიდებელ აფხაზეთში?
ეს არა ტექნიკური, არამედ ფუნდამენტური საკითხია, რომლის გადაწყვეტაც შეუძლებელია. აფხაზები ენგურზე საკუთარ მესაზღვრეებსა და მებაჟეებს დააყენებენ და მატარებელი საქართველოდან „აფხაზეთის რესპუბლიკაში“ შევა. გასაგებია, რომ ნებისმიერი ხელისუფალი თბილისში, რომელიც ამ კაპიტულაციას ხელს მოაწერს, იქნება მოღალატე, შესაბამისი შედეგებით.
საქართველოში დიდ იმედებს ამყარებენ შვეიცარიულ კერძო კომპანიაზე, რომელიც ფსოუსა და ენგურზე ტვირთებს გააკონტროლებს.
თუმცა ეს მკვდრადშობილი იდეაა და მისი მიზანი 2011 წელს ერთადერთი იყო _ საქართველოს რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უნდა შეეშვა, ოღონდ სახის შენარჩუნების პირობებში.
მაიმუნური შეთანხმება, რომელიც გულისხმობს, რომ ქვეყანა საკუთარი საზღვრების კონტროლს გაურკვეველ უცხოურ კერძო კომპანიას გადააბარებდა, თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, როგორც, მხოლოდ და მხოლოდ, სახის შენარჩუნების საშუალება და არა შეთანხმება, რომელიც მართლაც უნდა შესრულდეს.
საზღვრის, როგორც პოლიტიკურის, ასევე ეკონომიკურის, კონტროლი არის სახელმწიფოს ექსკლუზიური ვალდებულება, რომელიც ვერანაირად დაეკისრება უცხოურ კერძო კომპანიას.
რკინიგზის გახსნა „შვეიცარიული კონტროლის“ პირობებში ისეთივე სახელმწიფო ღალატია, როგორც ჩვეულებრივი გახსნა, ყოველგვარი დერეფნების გარეშე.
იმედია, „ქართული ოცნება“ ამას აცნობიერებს და აფხაზების ინიციატივა ამჟამადაც ინიციატივის დონეზე დარჩება.

თენგიზ აბლოთია