ასმათ ტყაბლაძე: „ყოველ ღამით მესიზმრება თეატრი“

გიორგი საკარული

„ეზოში ავი ძაღლია“, „ისევ ვოდევილები“, „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“, „ხსოვნა გულისა“, „ნუ გეშინია, დედა“, „თვალი პატიოსანი“, „ტაკიმასხარა“, „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „რეფორმატორი“, „მარადისობის კანონი“, „დარისპანის გასაჭირი“, „ნაცარქექია“, „თოვლის დედოფალი“, _ ეს იმ სპექტაკლების მოკლე ჩამონათვალია, რომლითაც მსახიობი ასმათ ტყაბლაძე მაყურებელმა შეიყვარა.

ქალბატონი ასმათი ბოლოს თეატრის სცენაზე 25 წლის წინათ გავიდა. მას შემდეგ მისთვის თეატრის კარი აღარ გახსნილა. ამბობს, რომ თეატრი დღესაც კი ესიზმრება, მუდამ რეპეტიციაზე აგვიანდება და სულ პრემიერის მოლოდინშია. მსახიობს თეატრიდან წამოსვლა დიდი კამათისა და უსამართლობის ფონზე მოუწია, რაზედაც ის ქვემოთ ინტერვიუში საუბრობს.

მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ არაერთი საინტერესო კინოროლი შექმნა. ის თამაშობდა ფილმებში: „დარჩი ჩემთან“, „აქ თენდება“, „ერთაწმინდა“, „თამაში“, „ნატვრის ხე“, „ნეილონის ნაძვის ხე“, „ტურანდოტი“, „დონ კიხოტი“, „ბანდიტი აგურის ქარხნიდან“, „კუჩხი ბედინერი“, „დახატული წრე“, „აშუღ-ყარიბი“ და ბოლოს ყველასთვის საყვარელ სერიალში, „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც ახალმა თაობამ სხვა ასმათ ტყაბლაძე გაიცნო და შეიყვარა.

მსახიობი შესანიშნავ ფორმაშია და ამბობს, რომ მზადაა მიიღოს ყველა ის შემოთავაზება, რაც უკავშირდება თეატრსა და კინოს, რადგან ეს არის ის სფერო, რომელიც მთელ მის ცხოვრებას მოიცავს.

_ ქალბატონო ასმათ, პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად გამოიყურებით…

_ ძალიან კარგი, მიხარია, თუ ასეა.

_ ასაკს აღარ შეგეკითხებით, როგორც ქალბატონს.

_ არ ვმალავ ასაკს, 78 წლის ვარ.

_ საერთოდ არ გეტყობათ, რას აკეთებთ იმისთვის, რომ მუდმივად ფორმაში ხართ და კარგად გამოიყურებით?

_ აბსოლუტურად არაფერს, ბუნება მაქვს ასეთი. ძალიან მიყვარს იუმორი. ამბობენ, რომ კარგი იუმორი მაქვს და იქ, სადაც იუმორია, გვერდს ვერ ავუვლი, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ან მოვყვე რაღაც. ძალიან დიდი დავა მქონდა თეატრთან, ცუდი საქმე გააკეთა ჩვენმა ცნობილმა მსახიობმა, როგორიც იყო ოთარ მეღვინეთუხუცესი.

_ რას გულისხმობთ?

_ ძალიან ბევრი ადამიანი გაუშვა თეატრიდან, ეგონა, რომ კარგ საქმეს აკეთებდა. მე შევეწინააღმდეგე და მითხრა, რომ შენც მიგაყოლებ მაგათო და მიმაყოლა კიდეც, მაგრამ ძალიან ლამაზად შევეწინააღმდეგე, გავიმარჯვე, ვაჯობე. დავუმტკიცე, რომ არ იყო მართალი. მერე მეხვეწებოდნენ, რომ დავბრუნებულიყავი თეატრში, მაგრამ არ დავბრუნდი. 9 სასამართლო პროცესი მოვუგე. გიჟს ჰგავდა, შევარდნაძესთანაც კი შევიდა, _ ამან როგორ უნდა მაჯობოსო?! მე ვარ ვინც ვარო!

_ თქვენ შეეწირეთ იმ დავას, რომელიც ოთარ მეღვინეთუხუცესს ჰქონდა მსახიობების წინააღმდეგ?

_ დიახ, ვითომ რეფორმა გამოაცხადა, რასაც უამრავი კარგი მსახიობი შეეწირა. ცოტა რთული ორგანიზმია თეატრი და, ზოგადად, ხელოვნება. კომპოზიტორი დაწერს ნაწარმოებს, მოუსმენ და მოგეწონება, მხატვარი დახატავს ნახატს, დღეს თუ არა ზეგ მაინც გამომჟღავნდება, რომ მაგარია და კარგია, ხოლო თეატრი უფრო სხვა რამეა, თუ არ ათამაშე მსახიობი, თუ არ მიეცი როლი, ვერ გაჩვენებს თავის ნიჭიერებას. იქ იყო მისი ცოლი, პრივილეგია სულ მასზე ჰქონდა, ვიღაცას საყვარელი ჰყავს, ვიღაცას შვილი და ასეთი სიტუაცია შეიქმნა. წამყვან რეჟისორებს ჰყავდათ თავიანთი კადრი და ზედმეტი არ გვინდაო. ძალიან ცუდი რაღაცა გააკეთა, რომელსაც დაარქვა რეფორმა. შევარდნაძემაც კი თქვა, რომ რა ძალა ადგა, ეს ხალხი რომ ამიბუნტაო. მთელმა საქართველომ იცის, თუ როგორი ვარ, უსამართლობაზე გაჩერება არ შემიძლია. სამართლიანობისა და ჩემი პრინციპული ხასიათის გამო ყველაფერს გავაკეთებ. ქუჩაშიც რომ შევსწრებულვარ ბიჭების კამათს, იქაც კი ჩავრეულვარ, გამიშველებია. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელიც ამბობს, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. რას ჰქვია, არ არის?! ჩემი საქმეა, როდესაც ვიღაცა არასწორად იქცევა და სხვას ჩაგრავს. მე ვარ ამ ქვეყანაზე დაბადებული ადამიანი, რომელმაც სწორად უნდა შეაფასოს მოვლენები, სწორად უნდა იცხოვროს და სამართლიანად. ამ მსახიობებს შორის იყო უდიდესი მსახიობი თენგიზ არჩვაძე, რომელიც ასევე გაუშვა თეატრიდან, ასევე დოდო ჭიჭინაძე, გოგი გელოვანი, მედეა ბიბილეიშვილი და ბევრი სხვა. ესენი ვერ შეებრძოლნენ, მე შევებრძოლე და ვაჯობე. 35 კაცი გაუშვეს თეატრიდან, მათგან ერთი-ორიღა თუა დღეს ცოცხალი.

_ როგორ შეებრძოლეთ, რა გააკეთეთ?

_ აქციები მოვაწყვე, ქუჩა გადავკეტე, მთელ მსოფლიოს გავაგებინე. ყველა არხი მოვიყვანე, იმ დროს ვინც კი იყო, თქვენ წარმოიდგინეთ „ბი-ბი-სი“, „სი-ენ-ენი“ და „როიტერიც“ კი. ეს, იცით, რა პერიოდი იყო? 7 ლარი რომ იყო ხელფასი. მიუხედავად იმისა, რომ სხვა მსახიობები გაჩუმდნენ, მე პირდაპირ სასამართლოში შევიტანე სარჩელი და ყველა პროცესი მოვუგე. მინდა, გამდის და ვაკეთებ, ასე არაა, არ გაუვიდათ. ოთარი მეუბნებოდა, _ შენ რომ ხმა არ ამოგეღო, კაციშვილი ვერ გაიგებდა, რა გავაკეთეო. იმას კი არ დარდობდა, რა გააკეთა, არამედ იმას, რომ ხალხმა გაიგო ეს ყველაფერი.

_ ე. ი., ჩუმად თუ იქნებოდით, მისი მფარველობის ქვეშ აღმოჩნდებოდით თეატრში?

_ თუ ჩუმად ვიქნებოდი კი, მაგრამ მან პირდაპირ მითხრა, რომ შენ ურჩი ხარო. ურჩი კი არა, მე ადამიანი ვარ, რომელიც სწორად ფიქრობს და იქცევა. ის ვინაა, რომ მე დამჩაგროს?!

_ თუმცა თქვენ გთხოვეს, რომ თეატრში დაბრუნებულიყავით, მაგრამ აღარ დაბრუნდით. რატომ?

_ თუ ყველას დააბრუნებდნენ, მეც დავბრუნდებოდი, მაგრამ მარტო, რა თქმა უნდა, აღარ დავბრუნდი. საკუთარი თავისთვის კი არ ვიბრძოლე, მე ვიბრძოლე სიმართლისთვის, ყველასთვის.

_ თქვენი თავგანწირვა სხვების მიმართ დაგიფასდათ? ისინი თუ გააკეთებდნენ იგივეს თქვენთვის?

_ არცერთი. ეგ კი არა, დასაწყისში გვერდით დამიდგნენ, მერე კი აღარავინ იყო.

_ თქვენი ეს ხისტი, პრინციპული და სამართლიანი ხასიათი ზოგჯერ არ გინანიათ?

_ არა, პირიქით, ყოველთვის სიმართლეს ვამბობ. სხვათა შორის, ხალხს თუ ვუყვარვარ და მოვწონვარ, ამ თვისებების გამო. ქუჩაში რომ ხალხი მაჩერებს, მეხუტება და მეუბნება, რომ ქალბატონო ასმათ, ძალიან მიყვარხართ თქვენი სამართლიანობით, რადგან არავის მომხრე არ ხართ, არავის ეპირფერებითო… და ასე წავალ ამ ქვეყნიდან, ოღონდ ძალიან გვიან, ჯერ არა. დედაჩემივით ვაპირებ, რომ 101 წელი ვიცოცხლო. დავუბრუნდები თქვენს პირველ კითხვას და გეტყვით, რომ ამდენი ცუდი ამბის მიუხედავად, მაშინაც კი, იუმორი მშველოდა. ყველაფერი იუმორში გადამქონდა.

_ იმ პერიოდში იუმორის თავი გქონდათ?

_ რა თქმა უნდა.

_ დეპრესიაში არ ჩავარდნილხართ?

_ არცერთი წუთით. იუმორი იცით, რა არის? იმდენად შენში ზის, რომ ვერ გადაუხვევ ამას.

_ ვისგან გაქვთ ეს თვისება, დედისგან თუ მამისგან?

_ დედისგან. დედაჩემს ჰქონდა არაჩვეულებრივი იუმორი და ძალიან მებრძოლი ქალი იყო. ბევრ რამეს გაუძლო: მამის დაჭერას, რეპრესიებს და ასევე მეც. რეპრესია არ იყო, რასაც მე გავუძელი? ახალგაზრდა ადამიანებს მოგვკიდეს ხელი და წადით თეატრიდანო. ახლა სასამართლოს მხრივ ძალიან ცუდი სიტუაციაა, ბევრი სამართალს ვერ პოულობს და მაშინ 1996-97 და 98 წლებში, წარმოიდგინეთ, რა პერიოდზე გიყვებით, როცა უსინათლობა, უწყლობა და უგაზობა იყო… სცენაზე რომ ვიდექით, ვკანკალებდით, ისე ვთამაშობდით სპექტაკლს და ასეთ პირობებში გიშვებენ თეატრიდან. ოთხ სპექტაკლში მთავარ როლს ვთამაშობდი და ყველა სპექტაკლი მომიხსნა, რომ ეთქვა, არ ხარ საჭიროო.

_ წყენა გულში ჩაიდეთ?

_ არა, უბრალოდ…

_ გქონდათ მერე ოთარ მეღვინეთუხუცესთან კონტაქტი, თუნდაც, წლების შემდეგ?

_ არანაირი კონტაქტი. არ იყო ეგ მდგრადი კაცი _ ადამიანი, რომელსაც დაეყრდნობოდი. ერთ დღეს რომ ერთს იტყოდა, მეორე დღეს სხვას ამბობდა. ძალიან კარგი მსახიობი იყო, მაგრამ პიროვნულად _ არამყარი. სოფიკო ჭიაურელი დამიდგა გვერდით, რომელიც ჩემი მეგობარი იყო, მასაც აღარ ჰქონდა აღარანაირი როლი და არც უნდოდა იმ თეატრში. თამაშობდა ორ სპექტაკლს, მაგრამ იმ თეატრის ინტერესი დაკარგა. შემდეგ თავის სახლში ჰქონდა ერთი მსახიობის თეატრი. ახლა რა მდგომარეობაშია მარჯანიშვილის თეატრი? ვითომ რეფორმა გააკეთეს, ვითომ თეატრი აღაზევეს, მაგრამ თეატრი წავიდა დაბლა. აღარაფერი აღარაა ამ თეატრში. მე რომ მარჯანიშვილის თეატრში მივედი, მაშინ იქ უდიდესი მსახიობები თამაშობდნენ: ვასო გოძიაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, მზია მახვილაძე, ნათელა მიქელაძე, სოფიკო ჭიაურელი, კოტე მახარაძე, ზურაბ ლაფერაძე, ტარიელ საყვარელიძე, იაშა ტრიპოლსკი და რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ. გენიალურ მსახიობთა გუნდი იყო.

_ ძალიან ბევრი წელი გავიდა, რაც სცენაზე არ მდგარხართ. ინტერვიუს დაწყებამდე თქვენ აღნიშნეთ, რომ დღესაც მესიზმრება თეატრიო…

_ დიახ, 25 წელია, რაც თეატრში არ ვარ და დღემდე, ყოველ ღამით, მესიზმრება, რომ თითქოს რეპეტიციაზე მაგვიანდება, პრემიერისთვის ვემზადები… კულისები, სცენა, საგრიმიორო… დღესაც რომ მეკითხებიან, _ სად მიდიხარო? ვეუბნები, _ ჩვენთან, თეატრში-მეთქი. არადა, მივდივარ ჩემს ბარში. უნებლიეთ წამომცდება ხოლმე სულ თეატრი, თეატრი და თეატრი. მერე მე ვითამაშე ფილმებში, სერიალებში ეპიზოდური როლები, მაგრამ დასამახსოვრებელი.

_ თქვენ სწორად აღნიშნეთ, „დასამახსოვრებლი როლი“, რადგან ახალმა თაობამ სხვა ასმათ ტყაბლაძე გაიცნო.

_ რა თქმა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა, ეპიზოდურ როლს შეასრულებ თუ მთავარს, როცა ხარ პროფესიონალი მსახიობი, კარგი არტისტი, მაყურებელს ყოველთვის დაამახსოვრებ თავს. პატარა ბავშვები მიცნობენ, როგორც დიტოს დედას, სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“. პირიქით, ძალიან პოპულარული გამხადეს ამ ჩემი ბრძოლით. ყველამ გაიგო, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც თავს დაუხრის ვიღაცას. არავინ არავის არ უნდა დაუხაროს თავი, ყოველთვის შენი ადგილი და ძალა უნდა აჩვენო ყველას.

_ 25 წელი თეატრის გარეშე არის მონატრება, სურვილი, რომ ისევ ითამაშოთ. რა როლში წარმოგიდგენიათ დღეს საკუთარი თავი? რომელ პერსონაჟს განასახიერებდით?

_ სიამოვნებით ვითამაშებდი დედამთილის, სიდედრის ან ბებიის როლს. ასეთი ნაწარმოები იყო „მოკვეთილი“ და სიამოვნებით ვითამაშებდი ჯავანას როლს. კოტე მახარაძემ მათამაშა ერთ-ერთ სპექტაკლში, სადაც მთიელი ქალის როლს ვასრულებდი და ტრაგიკული როლი იყო,  მთელი დარბაზი _ტიროდა, არაჩვეულებრივად თამაშობთ ტრაგიკულ როლსო. თეატრალურში როცა ვსწავლობდი, ყველას ეგონა, რომ რომელიმე პარტიაში ვიყავი, მაგრამ არსად ვყოფილვარ. ინსტიტუტში იყო პარტიულობის ლიმიტი. რექტორმა დამიბარა და მითხრა, რომ ლენინის სტიპენდიატი ხარო და შენც შემოგთავაზებთ პარტიაში შესვლასო, მაგრამ მე უარი ვუთხარი, _ არავითარ პარტიაში შესვლას არ ვაპირებ და მით უმეტეს, კომუნისტურ პარტიაში და თუ გინდათ, მომიხსენით ეგ სტიპენდია-მეთქი. მაშინ, როდესაც ჩაწყობით იყო პარტიაში შესვლა. საბოლოოდ, სტიპენდია მაინც არ მომიხსნეს. 

_ თუმცა წლების შემდეგ მაინც წახვედით პოლიტიკაში, იყო ასეთი პერიოდიც…

_ კი, მაგრამ პარტიის წევრი არსად ვყოფილვარ. ჩემი პირადი დამოკიდებულება და აზრი ყოველთვის მქონდა, რასაც ხმამაღლა ვაჟღერებდი. ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგალითად, თავის დროზე, „აღორძინებამ“ შემომთავზა, შემდეგ „ნაციონალებისგან“ მივიღე შემოთავაზება, თუმცა მათაც უარი ვუთხარი. რაც შეეხება ლეიბორისტებს, შალვა ჩემი მხარიდანაა და მან შემომთავაზა, რომ მისი პარტიისგან ვყოფილიყავი წარდგენილი მერობის კანდიდატად. დავთანხმდი იმიტომ, რომ პარტიისგან წარდგენილი ვიყავი და არა წევრი. სხვათა შორის, თბილისის მერი რომ ვყოფილიყავი, ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებდი ქალაქში.

_ რას გააკეთებდით?

_ აღვადგენდი ტრამვაის, ტროტუარებს, სადაც კი ზედმეტი რაღაცებია გაკეთებული და დავიწროებული, ყველაფერს ავიღებდი. ყიფშიძის ქუჩაზე რომ შემოხვიდეთ, მანქანა და ადამიანი ერთდროულად დადის, არ არსებობს ტროტუარი. თბილისში მანქანებს აღარ შემოვუშვებდი, ოღონდ საბაჟო აიღონ და ფული გააკეთოს სახელმწიფომ, ყველა სახის მანქანა შემოჰყავს აქ. 16-სართულიანზე მაღალი კორპუსის აშენების უფლებას არავის მივცემდი, ისიც აშენდებოდა მხოლოდ იმ ადგილას, სადაც შეიძლება, რომ იდგეს მაღალი შენობა, ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას გავაკეთებდი. ერთხელ ერთმა მითხრა, მშენებლობის მაფიოზები მოგკლავდნენო და არ მომკლავდნენ, რადგან გამომჟღავნდებოდნენ, რომ მკვლელები არიან. ივანიშვილის არის „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაო და რას ჰგავს იქაურობა? არავითარ შემთხვევაში არ მივცემდი იქ მაღალი შენობის აშენების უფლებას. ძალიან მკაცრ კანონებს გავატარებდი. ყველა დაუმთავრებელ შენობას თუ სახლს მივცემდი გარკვეულ ვადას მშენებლობის დასასრულრბლად. ეს იყო ჩემი სურვილი, რომ თბილისი არ დამახინჯდეს. ეს არ არის ამერიკა, ის არის სწორ ტერიტორიაზე. იქ ქარიანი ადგილია და ის მაღალი კორპუსები და ცათამბჯენები იცავს ამ ყველაფერს. თბილისი უკვე ბეტონში ზის, არ შეიძლება ასე.

_ რას ეტყოდით თბილისის ამჟამინდელ მერს, კახა კალაძეს?

_ ხალხს შეხვდეს და მათ ჰკითხოს, რა უფრო სწორია და რა _ არა, მაგრამ მაგათ ხალხთან შეხვედრა არ უნდათ.

_ დღევანდელი გადმოსახედიდან რას შეცვლიდით წარსული ცხოვრებიდან?

_ შეიძლება პირადში შემეცვალა. ამასთან, მსახიობობას უფრო ადრე დავიწყებდი, ვიდრე დავიწყე. მუსიკალური ტექნიკუმი დავამთავრე ჯერ, მერე ჩავაბარე თეატრალურში. მუსიკა მაინც სხვა საზრდოს აძლევს ადამიანს, კლასიკას ვგულისხმობ, მაგრამ მერჩივნა, ის ოთხი წელიწადი არ დამეკარგა და მსახიობობა დამეწყო. ძალიან საინტერესო პროფესიაა.

_ მოკლედ, ამ ინტერვიუდან გაიგონ რეჟისორებმა, სამხატვრო ხელმძღვანელებმა, რომ თქვენ ისევ მზად ხართ დაბრუნდეთ როგორც თეატრში, ისე კინოში.

_ დიახ, მე მზად ვარ და მაქვს დიდი სურვილი.

_ წარმატებებს გისურვებთ და ბევრ საინტერესო როლს.