არავისტები

ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას ერთი ნაკლი აქვს და ამ ნაკლითაა დაღდასმული ყველა, ვინც კი ამ პროცესში მონაწილეობს _ პარტიებიც, პოლიტიკოსებიც და მათი ამომრჩეველიც. რა ნაკლია ეს? _ მოვლენების ისე დანახვა, როგორც გვინდა. დიახ, ნუ გეწყინებათ და მელასავით ვართ, რაც გველანდება, ის გვესიზმრება.
ეს სჭირთ პარტიებს მოვლენების, ამომრჩევლის განწყობების შეფასებისას და ეს სჭირს ამომრჩეველს ასარჩევების შეფასებისას. იმას კი არ ვხედავთ რაცაა, არამედ იმას, რაც გვინდა, რომ დავინახოთ. ამიტომაც ამომრჩეველი ხშირად იჯერებს აშკარად დაუჯერებელს და იტეხს კიდეც კისერს. და პირიქით, ასარჩევიც ისე ხედავს მოვლენებს, პროცესებს, განწყობებს, როგორც უნდა და ისიც იტეხს კისერს.

ტარანი თვლითაა, ბჭობა _ მაგალითებით.
2012 წლის არჩევნებზე სოფელ-სოფელ დადიოდნენ ბიძინას ენადგაკრეფილი აგიტატორები და ხალხს აბოლებდნენ, რომ თითო სოფელს 5-5 მილიონს დაურიგებდა ჭორვილელი დენდი და ყველა სოფელი იცხოვრებდა ისევე უზრუნველად, როგორც აცხოვრებდა ბიძინა ჭორვილელებს.
ხალხს ამის დაჯერება უნდოდა და დაიჯერა, თორემ, ელემენტარულად, ადგებოდა და იკითხავდა, რამდენი სოფელია საქართველოში. თუ გარშემო ვერავინ ეტყოდა, გუგლი მაინც ეტყოდა, რომ საქართველოში 3668 სოფელია, რომ ეს სტატისტიკა არ ითვალისწინებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოფლებს…
მერე აიღებდა კალკულატორს და ამ 3668-ს გაამრავლებდა 5 მილიონზე და მიიღებდა 18 მილიარდ 340 მილიონს… გაიხსენებდა, რამდენი მილიარდი ჰქონდა სულ ბიძინას და იქვე მიხვდებოდა, რომ პომადიანი ქალები ატყუებდნენ.
სხვაგვარადაც ავხსნი: მოსახლეობამ იცოდა, რომ ბიძინას ჰქონდა სულ 6 თუ 7 მილიარდი. ვთქვათ, 7. ჰქონდა იმედი, რომ ბიძინა მთელ თავის ფულს დაარიგებდა. რომ მომხდარიყო ის, რისი იმედიც მას ჰქონდა, რაც მას სურდა და ბიძინას რომ მართლა მთელი თავისი ქონება დაერიგებინა და შვილები მშივრები დაეტოვებინა, რა შეხვდებოდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს? „ფორბსის“ მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილი 2012 წლისთვის 6,4 მილიარდი დოლარის ქონების პატრონი იყო. ავიღოთ ეს 6,4 მილიარდი და გავყოთ 3 მილიონ 700 ათასზე. 1729 დოლარი და 72 ცენტი.
ეანგარიშა ეს და ცოტა ტვინი გაენძრია, როდემდე ეყოფოდა სულზე ეს 1730 დოლარი? რას იზამდა მერე, როცა ამას გამოჭამდა? მაგრამ ტვინის ოდნავ გამტოკებელი ხომ უამისოდაც მიხვდებოდა იმას, რომ არავინ, მათ შორის, არც ბიძინა ივანიშვილი, მთელ თავის ქონებას არავის დაურიგებდა!
მაგრამ უნდოდათ და დაიჯერეს ესეც და გუბაზის ფოლკლორიც _ ყოველი დედლის ცალი ბარკალი რომ მიშასი იყო და გადამხარბარკალკურტუმკისერდნენ და მოიტეხეს კიდეც კისერი.
მე ასევე მახსენდება ერთი პოლიტიკოსი, რომელსაც ერთ-ერთი საპრეზიდენტო არჩევნებისას ღრმად სწამდა, რომ სწორედ ის გაიმარჯვებდა და გახდებოდა საქართველოს პრეზიდენტი. მე აქ არ ვგულისხმობ პრეზიდენტობის ამა თუ იმ კანდიდატის საჯარო განცხადებას, სადაც ყველა, როგორც წესი, ამას გაიძახის, რომ სწორედ ის გაიმარჯვებს. ეს მხოლოდ ირინა სარიშვილს შეუძლია თქვას, რომ ის ვერ გაიმარჯვებს არჩევნებში და სატელევიზიო ტრიბუნისთვის მონაწილეობს მასში…
მოკლედ, ეს კანდიდატი ამას ამბობდა ვიწრო წრეში, უახლოეს გარემოცვაში. დიახ, მას ღრმად სწამდა, რომ იმარჯვებდა. აიღო კი… თუ სწორად მახსოვს, არც კი 5%…
მოკლედ, ასარჩევიც და ამომრჩეველიც ისე ხედავს, როგორც უნდა.
სწორედაც ასეა ნაც-ქოცობასთან დაკავშირებით. ამომრჩეველსაც და პოლიტიკურ სპექტრსაც ამ საკითხზედ პირი აქვთ შეკრული. თუ ქოცი არ ხარ, ე. ი. ნაცი ხარ და თუ ნაცი არ ხარ, ე. ი. ქოცი ხარ.
ამ გადასახედიდან აფასებენ ადამიანებს პარტიები და პოლიტიკოსებიც და თვითონ რიგითი ადამიანებიც ერთმანეთსაც. თუ რაღაც არ მოგწონს ამ ქვეყანაში, ე. ი. ნაცი ხარ და თუ რამე მოგწონს, ეგრევე ქოცი ხარ.
რა ხდება? რა ხდება და ის ხდება, რომ ადამიანებისთვის იარლიყების მიწებება ყველას უიოლებს საზოგადოდ ცხოვრებას და ამიტომაც აწებებენ გულდაგულ _ ნიჭიერის, უნიჭოს, პატრიოტის, მოღალატის, გმირის, ლაჩრის იარლიყებს. მიაკერებენ ჰაიჰარალეზე ამ იარლიყს და მერე ისე ამყარებენ ურთიერთობას მასთან. მოკლედ, მიხოს ჩათვლიან გმირად და მას ეკონტაქტებიან, როგორც გმირს. ნუგზარს ჩათვლიან ნიჭიერ კაცად და ეკონტაქტებიან, როგორც ნიჭიერს. მოკლედ, კლიშეებით აზროვნებენ და კლიშეებითვე ურთიერთობენ. ასე ცხადია, იოლია, სულ 10-15 კლიშე გაქვს ურთიერთობის და ურთიერთობ. ინდივიდუალურად კი აბა, წარმოიდგინე, რამდენი ადამიანიცაა, იმდენნაირი ურთიერთობა უნდა გამოიმუშავო, რამდენი ადამიანიცაა შენ გარშემო, იმდენნაირი ურთიერთობა უნდა გქონდეს და ახლა მე თქვენ გეკითხებით, ვის აქვს ამდენი დრო და ნერვი?
მოკლედ, ასე ნაცის, ქოცის იარლიყის მირტყმით, ვიიოლებთ ცხოვრებას და მერე ამ იარლიყით ვხსნით იმ ადამიანების ყველა ნაბიჯს.
მოკლედ, ხეირი პირველი _ გაიოლებაა ურთიერთობების. პარტიებისთვის, ნაცებისთვისაც და ქოცებისთვისაც ეს სწორედაც რომ ხელსაყრელია. ამ გზით, ამ პოლარიზაციით, მთელი საზოგადოება მათზე ნაწილდება და არა რომელიმე სხვა პარტიაზე. ამდენად ეს სწორედაც რომ აწყობთ მათ, ერთსაც და მეორესაც. მაგრამ მეტყვით, რა შუაშია აქ ის თემა, რომლითაც დაიწყე, რაც უნდათ, იმას ხედავენო. შუაში კი არა, სწორედაც რომ თავშია! ნაცებსაც და ქოცებსაც სურთ, მთელი ქვეყანა ნაცქოცობის ჭრილში დაინახონ, მაშინ როცა ამ ქვეყანაში ამომრჩევლის დიდი ნაწილი არათუ არც ქოცია და არც ნაცი, არც სხვა რომელიმე პარტიის მხარდამჭერია, მეტიც _ საერთოდ არ მიდის არჩევნებზე.
არჩევნების წინა პერიოდში, სოციოლოგიური კვლევებისას, მათ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ვეძახით და ამ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი ნაწილი ასევე რჩება _ ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ვის მისცეს ხმა და არც მიდის არჩევნებზე!
თვით მაღალი აქტივობით ცნობილ 2012 წლის არჩევნებზე, როცა აქტივობა 61% იყო, ანუ როცა არჩევნებზე მივიდა 61%, ეს იმას ნიშნავს, რომ 39% არ მივიდა.
ცესკოს მონაცემებით, 2012 წლის არჩევნებზე 3 613 851 ამომრჩეველი იყო, 2 215 661 ადამიანი მივიდა არჩევნებზე, ანუ 1 398 190 ადამიანი არ გაეკარა არჩევნებს! მილიონ 400 ათასი კაცი! აი, მაშინ, როცა მართლა წყდებოდა ნაც-ქოცობის ამბავი.
2013 წელს საპრეზიდენტო რჩევნებზე აქტივობა 47%-იც აღარ იყო და 3 537 719 ამომრჩევლიდან სულ 1 660 976 მივიდა, 1 876 743 ადამიანმა სულ ტარხუნაზედ დაიკიდა ყველა და ყველაფერი!
2016 წლის არჩევნებზე 51,63% იყო აქტივობა, ანუ 3 513 884 ამომრჩევლიდან არჩევნებზე მივიდა 1 814 276 ადამიანი. არჩევნებიც და პარტიებიც ნიახურზე დაიკიდა ამომრჩევლის 48,37%-მა _ 1 699 608 კაცმა! მილიონ 700 ათასმა კაცმა, გესმით? ნახევარმა ქვეყანამ დაიკიდა ყველა პარტია ერთად!
საინტერესო იქნება ამ შედეგებთან კონტექსტში გავიხსენოთ 2016 წლის არჩევნების წინ „ენდიაის“ ბოლო კვლევის შედეგები.
„ენდიაის“ მიერ 2016 წლის 8 ივნისიდან 6 ივლისამდე ჩატარებული გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ამომრჩევლის 67% აპირებდა, თუმცა მათ უმეტესობას ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემდა ხმას. ენდიაის კვლევის მიხედვით, პროცენტულად მოქალაქეების 57% იყო პოლიტიკურად გადაუწყვეტელი.
გესმით? კვლევის მიხედვით, ამომრჩევლის 67% აპირებდა არჩევნებზე წასვლას, მათ უმეტესობას გადაწყვეტილი არ ჰქონდა, ვის აძლევდა ხმას, ისე მოვიდა არჩევნები, ვერც გადაწყვიტა და ნაწილი არჩევნებზე აღარც წავიდა! 67% აპირებდა წასვლას და 52%-იც არ წავიდა. იმ ამომრჩევლის 15%-მაც კი, ვინც არჩევნებზე წასვლას აპირებდა, გადაწყვეტილება ვერ მიიღო და გადაუწყვეტელ ამომრჩევლად დარჩა!
ამომრჩევლის 33% კი არც აპირებდა წასვლას და არც წასულა, იმიტომ რომ იმთავითვე არ აპირებდა ხმის არავისთვის მიცემას.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რეკორდი მოიხსნა! გამოკითხულთა 74%-ს არ ჰქონდა გადაწყვეტილი, ხმა ვისთვის მიეცა! ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორტონი იდგა და მხრებს იჩეჩდა, ამდენი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი საქართველოში ჯერ არ გვინახავსო.
იმ პერიოდში გამოკითხულთა მხოლოდ 20%-ს ჰქონდა გადაწყვეტილი, ვის აძლევდა ხმას. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სულ 1647878 ამომრჩეველი მივიდა _ 46.83%. ანუ იმ 74%-დან მხოლოდ მესამედმა თუ გადაწყვიტა და წავიდა არჩევნებზე იმათთან ერთად, ვისაც გადაწყვეტილი ჰქონდა (20%). ამომრჩევლის ნახევარზე მეტი კი დარჩა გადაუწყვეტელი! აი, ამ ქვეყანაში აქვს ვინმეს ილუზია, რომ ნებისმიერი ადამიანი ან ნაცია, ან _ ქოცი?
ასე უნდათ, მაგრამ ისიც ვთქვათ, _ იციან, რომ ეს ასე არ გამოსდით და უკვე წლებია, მოიგონეს ცნება შუაშისტი. და საბოლოოდ ასე დაალაგეს _ ნაცი, ქოცი, შუაშისტი.
ეს „რასკლადი“, გარკვეულწილად, ასახავს კიდეც ქვეყნის მოსახლეობის პოლიტიკური მსოფლმხედველობის, გნებავთ, მენტალიტეტის რაობას და ნაირგვარობას, მაგრამ აკლია საკმაოდ მრავალრიცხოვანი არმია _ არავისტების!
დიახ, ამის დანახვა არავის უნდა. არც პარტიებს, არც თვითონ ხალხს. არადა, სხვა არაფერს გვეუბნება გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვი, სხვა არაფერს გვეუბნება არჩევნებზე არწამსვლელთა რიცხვი!
არავისტებს ხშირად ტენიან შუაშისტობას, არადა, შუაშისტობა სრულიად სხვა ფენომენია, მე თუ მკითხავთ. შუაშისტი არც აქეთაა, არც _ იქით, ამ დროს, აქეთაცაა და იქითაცაა. ჟელატინივით თუ „ხალადეცივით“ სხმარტალებს და თანთალებს, გულისარევამდე მოქნილია, მაშინ როცა არავისტი უფრო კატეგორიულია და ხისტია. ზოგჯერ ისიც გულისრევამდე კატეგორიული, ამქვეყნად არავისი დანახვა რომ არ უნდა პოლიტიკაში და არც თვითონ რომ არ მიდის იმ პოლიტიკაში.
მოკლედ, რა ხდება, ვიღაც არის ხეპრედ და ხისტად, თუ რბილად და ფაფუკად არავისტი და მას ერთი, თუნდაც ორი განცხადების გამო ხან ქოცობას ტენიან, ხან _ ნაცობას, ხანაც _ შუაშისტობას. ზოგს ნაცად მიიჩნევენ, ზოგს ქოცად, ზოგსაც შუაშისტად. არადა, არავისტია! პარტიები, ნაცვლად იმისა, რომ მათ გულის მოსაგებად მუშაობდნენ, შეცდომით აწებებენ იარლიყებს და უარესად აცოფებენ და კარგავენ მათი მხარადაჭერის პერსპექტივასაც კი.
ხელისუფლებაც, თქვენ წარმოიდგინეთ, ოპოზიციაც კი, ძალისხმევას არ იშურებს შუაშისტების გულის მოსაგებად. არადა, არაფერი ისე ამაო არაა პოლიტიკაში, როგორც ის, ეცადო მოიგო იმის გული, ვინც ცოცხალი თავით არ დათმობს იმ სასიამოვნო ნაირგვარ პოზებს, რომელსაც მას შუაშიზმის დიადი „კამასუტრა“ სთავაზობს.
ალბათ უპრიანია, პოლიტიკურმა სუბიექტებმა შეიგნონ, რომ შუაშისტი სხვაა და არავისტი _ სხვა. არავისტი არავის უჭერს მხარს, მაგრამ ხვალ შეიძლება ვინმეს დაუჭიროს მხარი!
შუაშისტი არასოდეს არავის დაუჭერს მხარს, რადგან ის ვიღაცის მყარი მხარდამჭერია. როგორ? ჭრელად, ბატონებო. საქმეც მაგაშია, რომ აქამდე ეგ ვერ შეუშვით მაგ თავებში! შუაშისტი თვითონ დგას ნაცისა და ქოცის შუაში და თავის თავს უჭერს მხარს და ცოცხლად რომ დაწვა, რომ დასერო და მარილი წააყარო, მაინც საკუთარ თავს დაუჭერს მხარს. მერე რა, რომ თვითონ სულაც არ იყრის კენჭს… ის როცა ხმას ვინმეს აძლევს, მაშინაც კი თავის თავს აძლევს…
მოკლედ, ეცადეთ და მოიგეთ არავისტის გული და შეეშვით მათ, ვის გულსაც ვერასოდეს მოიგებთ…

რეზო შატაკიშვილი