ანი რეხვიაშვილი: „ადამიანებს ნდობა, ღირსეული რეალობისა და მომავლის განცდა უნდა დაუბრუნდეთ!“
წლებია, საქართველოში პარტიების ბუმია, რასაც ცეკო-ს მონაცემებიც მოწმობს _ წლევანდელ არჩევნებში ლამის 6 ათეული პარტია მონაწილეობს და უმეტესობას არათუ გამარჯვების იმედი აქვს, არამედ ისიც სჯერა, რომ საქართველოს გადარჩენა, მინიმუმ, მისი სულიერი მისიაა. ამ ფონზე არ გაგიკვირდებათ, თუ გაიგებთ, რომ კიდევ ერთი ახალი პარტია დაფუძნდა, თუმცა სახალხო მოძრაობა „ქრისტიან-დემოკრატები“ სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ მის სათავეებთან ახალგაზრდები, ე. ი., ისინი დგანან, რომლებსაც პოლიტიკაში ყოფნის მავნე 30-წლიანი გამოცდილება არ გააჩნიათ. სამაგიეროდ, ეს ადამიანები, როგორც სახალხო მოძრაობის დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი ანი რეხვიაშვილი ამბობს, თავიანთ საქმეში პროფესიონალები არიან.
სხვათა შორის, ახლახან ანი რეხვიაშვილი საერთაშორისო ინიციატივით გამოვიდა, რაც თბილისის სამშვიდობო ქალაქად გამოცხადებას ითვალისწინებს. იმ დროს, როცა ჩვენგან 200 კილომეტრში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, თბილისისთვის სამშვიდობო ქალაქის სტატუსის მინიჭება, მართლაც, მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ ჩვენი რესპონდენტის თქმით, ამ ინიციატივას ვაშინგტონშიც გააჟღერებს და ბრიუსელშიც.
მოკლედ, რატომ გადაწყვიტა ახალი პარტიის დაფუძნება და რა მიზნები აქვს სახალხო მოძრაობა „ქრისტიან-დემოკრატებს“? _ “ქრონიკა + “ ანი რეხვიაშვილს ესაუბრა:
_ ანი, როგორ ხარ, საარჩევნოდ როგორი განწყობა გაქვს და, საერთოდ, 31 ოქტომბრისგან რას ელოდები?
_ განწყობა? _ ალბათ, ისეთი, როგორც ყველას, მაგრამ მე მაინც განსხვავებული და განსაკუთრებული მაქვს.
_ ანუ?
_ საპარლამენტო არჩევნებში პირველად ვმონაწილეობ და მიმაჩნია, რომ დროს, გამოწვევებსა და ხალხში გაჩენილ მოთხოვნებსა თუ სურვილებს, რომ ახალი ლიდერები და ახალი ძალები მოვიდნენ, ზუსტად ვპასუხობთ. საერთოდ, უკიდურესი დაღლილობის დროსაც არ მტოვებს ემოცია, რომ ახალი თაობის იდეოლოგიურ-პოლიტიკურ პარტიას, თანამოაზრეებთან ერთად, საკუთარი ხელითა და პროფესიონალთა არაჩვეულებრივი გუნდით ვქმნი.
დიახ, სახალხო მოძრაობა „ქრისტიან-დემოკრატები“ ახალი თაობის პოლიტიკური ძალაა. ჩვენ სუფთა ფურცლით, ახალი ხედვებით, დიდი საერთაშორისო კონტაქტებითა და ახალი ენერგიით ვიწყებთ. დიდ პოლიტიკაში ეს ჩემი და ჩემი გუნდის პირველი ნაბიჯებია.
_ ე. ი., არჩევნებში რომ პირველად მონაწილეობ, არ გეშინია?
_ არა, შიშის კი არა, უფრო უკმარისობის განცდა მაქვს.
_ რატომ?
_ დროის სიმცირის გამო _ სულ მესამე თვეა, რაც ჩვენი პოლიტიკური პარტია დაფუძნდა და საზოგადოებრივი ტელევიზიის გარდა, სხვა ტელევიზიას ინტერესიც კი არ გაუჩნდა, რომ ახალი პოლიტიკური ძალა მიეპატიჟებინა. არ მინდა, ვინმემ სხვანაირად გაიგოს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში მედიაც პოლარიზებულია, ანუ ტელეპლატფორმები და სხვა ინსტიტუტები ხალხის დაკვეთასა და სურვილებს ვერ ეწევიან. არადა, მათზე, მათ მფლობელებსა და დღის წესრიგზე ბრიუსელს თუ სხვა პოლიტიკურ დედაქალაქებს სრულიად სხვაგვარად ვესაუბრებოდი…
სხვათა შორის, კოვიდმა ყველა რეგიონში მოგზაურობისა და ამომრჩევლის პირადად გაცნობის შესაძლებლობა არ მოგვცა, მაგრამ ოპტიმიზმი და იმის განცდა, რომ ქვეყანას ახალი თაობის ლიდერები სჭირდება, არ დაგვიკარგავს.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მუდამ მოვლენებისა და უმნიშვნელოვანესი რეფორმების ცენტრში ვიქნებით.
_ კეთილი, მაგრამ პოლიტიკაში რატომ ჩაერთე?
_ კარგი კითხვაა… რამდენიმე ფაქტორმა ერთდროულად იმუშავა.
_ კერძოდ?
_ ორი საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ლიდერი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელში ძალიან წარმატებული კარიერა მქონდა, პოლიტიკურ პლატფორმას აბსოლუტურად სხვა სტატუსი და ძლიერი მნიშვნელობა აქვს.
მაგალითად, როდესაც იქ ახალი ინიციატივებით გამოვდიოდი და ეს ხშირად ხდებოდა, მუდამ მეუბნებოდნენ, გვინდა, ამ ინიციატივების გადაწყვეტილებების მიმღების როლში გნახოთო და ეს სწორიცაა.
გარდა ამისა, პოლიტიკოსის ოჯახში გავიზარდე და მხოლოდ ამ მეცნიერებას კი არა, პოლიტიკის კულისებსაც კარგად ვიცნობ და როდესაც ამ არენაზე ამდენი არაპროფესიონალია, ეს გადაწყვეტილებაც სწორედ ამიტომ მივიღე…
_ ანი, ქვეყანაში უამრავი პარტიაა. არ გერჩია, რომელიმე „სტაჟიანი“ პარტიის სახე გამხდარიყავი და ახალი პარტია არ დაგეფუძნებინა?
_ რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, მაგრამ არ მერჩია…
_ ისე, სახალხო მოძრაობა „ქრისტიან-დემოკრატების“ მთავარი ღირებულებები რა არის ან შენი გუნდის წევრები ვინ არიან?
_ სახალხო მოძრაობა „ქრისტიან-დემოკრატები“ ანტიკრიზისული და სწრაფი განვითარების პოლიტიკური პლატფორმაა, რომლის ლიდერებიც ახალი თაობის პროფესიონალი და მამაცი ლიდერები არიან. ჩვენ პატივს ვცემთ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ეროვნულ და პროდასავლურ ლიდერებს, მათ წვლილსა და მათი წარმატებული საქმიანობის ეპიზოდებს, მაგრამ ახლა, როდესაც ყველაფერი გაშეშდა, როდესაც ქვეყანა გაკოტრების ზღვარზეა და როდესაც ხალხი უკიდურესი უმუშევრობის, შიმშილისა და სიღატაკის წინაშე დგას, ახალი ენერგიის, ახალი ხედვისა და ლიდერთა ახალი თაობის დროა, თაობისა, რომელმაც ურთულეს გამოწვევებს უნდა უპასუხოს.
_ და ამ გამოწვევებს უპასუხებთ?
_ დიახ, აუცილებლად ვუპასუხებთ! თუ ჩვენს საპარლამენტო სიას გადახედავთ, თითოეული მათგანი თავისი დარგის პროფესიონალი და ახალი ეფექტიანი ხედვების ლიდერია. ისინი ნდობასა და პატივისცემას იმსახურებენ.
აი, მაგალითად, შოთა მგელაძე უცხოეთში განსწავლული უნიჭიერესი გეოპოლიტიკოსი და პუბლიცისტია, რომელიც თანამედროვე ქართული პოლიტიკისთვის ნამდვილი შენაძენია; მაია ბენია კი ინოვაციური და ციფრული ეკონომიკის სტრატეგიის ავტორი, მეცნიერების დოქტორი და პროფესორია.
სხვათა შორის, მაია ბენია აფხაზეთიდანაა და სახალხო მოძრაობის მიერ გამოცხადებული და საერთაშორისო არენაზე უკვე აღიარებული, აფხაზებთან ნდობის აღდგენის პოლიტიკის გაძლიერებაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს.
ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი გიორგი ებრალიძეც გახლავთ, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის ახალი ეფექტიანი პროგრამის ავტორია. გიორგი მედიცინის დოქტორი, ათენის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორია და შვედეთის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების ჯანდაცვის ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
აქვე, იმასაც ვიტყვი, რომ სახალხო მოძრაობა „ქრისტიან-დემოკრატები“ ნებისმიერი კონფიგურაციის ახალ მთავრობას ჯანმრთელობის მინისტრის პოსტზე გიორგი ებრალიძის კანდიდატურას წარუდგენს!
_ ანი, ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ მითხარი, არჩევნების გაყალბებას ელოდები? ანუ მიგაჩნია თუ არა, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ ორპოლუსიანი ქართული პოლიტიკა აღარ იქნება და „ქოცებისა“ და „ნაცების“ გარდა ავანსცენაზე სხვა პარტიებიც გამოვლენ?
_ ხალხიც და საერთაშორისო სზოგადოებაც მრავალპარტიულ შედეგს ელოდება. საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკის პოლიტიკურ რეჟიმში უკვე შევიდა, რაც პირდაპირ მოითხოვს, რომ პარლამენტში ქვეყნის ყველა სოციალური ფენის ინტერესების გამომხატველი ჯგუფი აუცილებლად იყოს.
_ ყველას ვეკითხები და შენც გკითხავ: ვთქვათ, „ოცნებამ“ დემოკრატიის პრინციპი დაარღვია და ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩა. ასეთ შემთხვევაში რა მოხდება?
_ ეს საინტერესო შეკითხვა მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებთან უნდა დააზუსტო.
გარდა ამისა, უნდა შეიქმნას ეფექტიანი კოალიციური და ანტიკრიზისული მთავრობა, რომელიც ეკონომიკას გააცოცხლებს, ლარს დაასტაბილურებს, ხალხს შვებას მოგვრის, ქვეყანას კი სწრაფი განვითარების მომავალს მისცემს!
_ ვინაიდან ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქებთან გაქვს კომუნიკაცია, გეცოდინება, დასავლეთისთვის „ოცნება“ უფრო მისაღებია თუ ოპოზიცია?
_ შენც არაჩვეულებრივად იცი, რომ დასავლეთი პოლიტიკური ლიდერებისა თუ პარტიების მისაღებობას ან მიუღებლობას გემოვნების ფაქტორით არასოდეს აკეთებს.
დასავლეთი, პირველ რიგში, პატივს სცემს ხალხის არჩევანს და თუ არჩევნების შემდომ გამოცდილებას ყურადღებით მივადევნებთ თვალს, დასავლეთის პირველი ფრაზები ასეთია: პატივს ვცემ ხალხის არჩევანსო და ამის შემდეგ მთავარი და კრიტიკული დამოკიდებულება იწყება.
საერთოდ, დასავლეთი ღირებულებათა სისტემებზე დგას და მისთვის ყველაზე მთავარია, პარტნიორმა ქვეყანამ დემოკრატიული პრინციპები და არჩევანის თავისუფლება, ადამიანის უფლებები ზედმიწევნით დაიცვას, ასევე ჰქონდეს თავისუფალი სასამართლო სისტემა, ღია ეკონომიკა, ქვეყნის სტაბილური განვითარების სტრატეგია და მკაფიოდ გამოხატული მშვიდობიანი სამეზობლო პოლიტიკა. გარდა ამისა, დასავლეთის პარტნიორი ქვეყანა თანმიმიმდევრული უნდა იყოს და საერთაშორისო ვალდებულები დაიცვას.
ისე, ცოტა თეორიული პასაჟი გამომივიდა, მაგრამ ამით აქცენტს იმაზე ვაკეთებ, რომ აშშ და ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან. პარტნიორობა კი ორმხრივ ინტერესსა და იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური, სამართლებრივი და ფინანსური ინსტიტუტები მათი ინვესტორებისა და მოქალაქეებისთვის თანამედროვე და გამართული უნდა იყოს. ყველაფერ ამას დასავლეთი, თავისი სელჩოებისა და სხვა ინსტიტუტების მეშვეობით, ლამის ყოველდღიურად ადევნებენ თვალს.
დასავლეთიდან ბოლო დროს ამიტომაც ისმის ამდენი კრიტიკა, მოწოდება და რეკომენდაცია.
ყველაფერი ეს არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება, ანუ გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის აღიარების მერე ე. წ. ფილტრების მთელი სისტემა ჩაირთვება.
მოკლედ, მარტო არ ვართ. ისტორიულად გამოცდილი პარტნიორები გვყავს და ეფექტიანი განვითარების მომავალიც გვაქვს. მთავარია, ყველაფერი ჩვენ თვითონ არ ჩამოვიმხოთ თავზე.
_ რას გულისხმობ?
_ ტვინში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი აქვთ და ბელადი უზით, _ აი, ჩვენში მთავარი ფაქტორი ესაა და არა _ ხალხი, სამშობლო და მომავალი.
ამ სიტუაციაში შედეგზე ორიენტირებული და განათლებული ლიდერი ძალიან კი არა, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო 30-წლიან ისტორიას სხვა გამოცდილება აქვს.
_ ანუ?
_ პოლიტიკურ ლიდერებს ჯერ ბელადებად ვაქცევთ, შემდეგ კი ამ ბელადების ერთგულების გამო ადამიანები რეალობის განცდასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში თავიანთ ადგილსა თუ როლს, შესაბამისად, სახესაც და შვილების კარგ მომავალსაც კარგავენ… მერე ბელადებს ანათემას გადასცემენ, ნელ ცეცხლზე წვავენ და ყველაფერ ამის შემდეგ ახალი ციკლი იწყება…
ეს ტრაიბალიზმია (ტომობრივი დაპირისპირება, მიდრეკილება განცალკევებისკენ, კუთხურობის გამოვლენა სახელმწიფოებრივ დონეზე, _ რედ.) და არ ვარგა! ეს ჩვენი ცუდი გამოცდილებაა, რომლის გამოც ღირსეულად არავინ შემოგვხედავს. ეს ქმნის ჩიხს და არა _ განვითარებას. მხოლოდ ძვირფასს დროს კი არა, ახალი, მცოდნე და წარმატებული გამოცდილების ეფექტიანი ლიდერების შემოყვანის შესაძლებლობასაც ვკარგავთ.
ერთი სიტყვით, ერთ წრეზე დავდივართ! ამის შედეგი კი რაცაა, ყველა კარგად ვხედავთ!
_ ძნელია, არ დაგეთანხმო…
ისე, ანი, დავითგარეჯის საქმეს საარჩევნო პროვოკაციად მიიჩნევ თუ ყველაფერ ამას უფრო შორს მიმავალი ზრახვები აქვს?
_ მოკლედ ვიტყვი: საარჩევნო პროცესში, თან იმ დროს, როდესაც შენს სამეზობლოში ომია, ტერიტორიული დავის ნებისმიერი საკითხის ინიცირება პროვოკაციულია და მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორია „სამშობლოისტური“ არგუმენტები ან ამ თემის ინიცირებით ვის რა ინტერესები აქვს.
_ სხვათა შორის, სწორედ იმ დროს, როცა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული კონფლიქტი განახლდა, რასაც ე. წ. კარტოგრაფების საქმეც დაემთხვა, საერთაშორისო იდეით გამოხვედი და განაცხადე, თბილისი სამშვიდობო ქალაქი უნდა გახდესო. ანი, ამ იდეის აუცილებლობა და სისწორე დამისაბუთე…
_ ჯერ ერთი, თბილისი მუდამ კავკასიის ცენტრის ფუნქციას ასრულებდა, ანუ აქ დასავლეთისა და აღმოსავლეთის შეხვედრა ყოველთვის საინტერესო ფოკუსს ქმნიდა.
მეორეც, საქართველოს დედაქალაქის მშვიდობის ქალაქად გამოცხადება და აღიარება იმას ნიშნავს, რომ თბილისს განსაკუთრებული საერთაშორისო სტატუსის უნიკალური ფუნქცია მიენიჭება. ამასთან, საქართველო მხოლოდ რეგიონში კი არა, მთელ მსოფლიოში კონკურენტული და გავლენიანი იმიჯის ქალაქი გახდება. პარალელურად, ეს სტატუსი საქართველოს სამხედრო პროვოკაციებისგან, კონფლიქტებისგან დაიცავს და რეგიონის ლიდერი ქვეყნის სტატუსს დავიბრუნებთ!
სხვათა შორის, ამ ახალ ინიციატივას მალე მსოფლიო პოლიტიკურ დედაქალაქებს გავაცნობთ, ასევე განსახილველად საქართველოს ახალ პარლამენტსა და ნებისმიერი კონფიგურაციის ახალ მთავრობას გადავცემთ.
_ საქმე ისე მიდის, რომ ახალი პარლამენტი შესაძლოა, კარგა ხანს არ გვქონდეს. ანუ იზიარებ მოსაზრებას, რომ მძიმე ეპიდვითარების გამო არჩევნები უნდა გადაიდოს?
_ არა, ასე არ ვფიქრობ. არჩევნები პოლიტიკოსების გადაძახილ-გადმოძახილით არ გადაიდება.
_ აბა, როგორ?
_ არჩევნების გადადება, მით უფრო, კოვიდის პირობებში, ერთადერთ შემთხვევას ექვემდებარება _ ქვეყანაში სგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს.
საამისოდ კი, ჯერჯერობით, არანაირი პირობა არ არსებობს. სხვა შემთხვევაში, კანონით არჩევნების გადატანა დაუშვებელია.
_ ანი, უნდა მეკითხა და დამავიწყდა: ვინ აფინანსებს შენს პარტიას და თუ ფინანსები არ გაქვს, ფულის გარეშე პოლიტიკაში რამის გაკეთებას შეძლებ?
_ მესამე თვეა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ოფიციალური წერილით ვამცნობ, რომ სახალხო მოძრაობას ფინანსური ბრუნვა არ ჰქონია.
ეს ცუდია, ძალიან ცუდია, რადგან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საარჩევნო პროცესს თავისი აუცილებელი მოთხოვნები აქვს _ საარჩევნო ინფრასტრუქტურა, ცნობადობა და ა. შ….
გასაგებია, რომ მთელი ჩვენი ცოდნით, ევროპული და საერთაშორისო გამოცდილებით, იდეოლოგიურ-პოლიტიკურ პლატფორმას ვქმნით, გარშემო ჩვენი და ყველა თაობის საუკეთესო ადამიანებს ვიკრებთ და გვინდა, მოვლენებისა და იმ წარმატებული რეფორმების ცენტრში ვიყოთ, რომელიც ხალხსა და ქვეყანას სიკეთეს მოუტანს, მაგრამ ამ დროს წინასაარჩევნო პოლიტიკური აქტივობისთვის ფინანსური შესაძლებლობა არ გაგვაჩნია.
ერთხელ ერთმა მეგობარმა მომწერა, _ როგორც ჩანს, ფინანსებს იქ არ ეძებ, სადაც უნდა ეძებოო. უფინანსობის ამ პროცესმა ბევრჯერ დამაღონა და რამდენჯერმე ცრემლიც მომადინა…
სხვათა შორის, საარჩევნო კანონმდებლობაში 1%-იანი ბარიერი ჩავდეთ და ამით ახალ პოლიტიკურ ლიდერებსა თუ ახალ პოლიტიკურ ძალებს გავუხსენით გზა. ამიტომ ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების მექანიზმი აუცილებლად უნდა შევიმუშავოთ, რათა მათ განვითარების შესაძლებლობა მივცეთ.
ჩვენ განვითარებისა და ეფექტიანი პოლიტიკური საქმიანობისთვის ფინანსური შესაძლებლობა გვჭირდება! ამ თემას ბრიუსელსა და ვაშიგტონში აუცილებლად წამოვწევ. დარწმუნებულ ვარ, რომ ამ საკითხს მხარდამჭერები ქვეყნის შიგნითაც გამოუჩნდებიან.
_ ისე, იმ ადამიანებთან, რომლებისთვისაც პოლიტიკა ბიზნესია, რა სათქმელი გაქვს?
_ პოლიტიკანებმა პოლიტიკას, როგორც სამოღვაწეო ასპარეზსს, ფუნქცია და ინსტიტუციური პასუხისმგებლობა მთლიანად შეუცვალეს. პოლიტიკის წრე ამიტომაც ჩაიკეტა, სიახლისა და მომავლის მამოძრავებელი უნიჭიერესი, მცოდნე და გამოცდილი ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სიტყვა ვერ თქვეს, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება ხალხსა და მომავალს ვერ შესთავაზეს, ქვეყნიდან მიდიან და იკარგებიან!
ახალი სახეების მოთხოვნილება კი გაჩნდა, მაგრამ ეს თითო-ოროლა „ახალი სახეც“ ამ უძრაობის ნაწილად იქცა.
_ ჩაკეტილ სისტემაში ახალი ალტერნატივის გაჩენა რთულია?
_ რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ შესაძლებელია და ეს აუცილებელიცაა!
ჩვენ უძრაობის ნაწილად არ ვიქცევით და სკეპტიკოსებიც მალე მიხვდებიან, რომ ჩაკეტილი სისტემის შედეგი წარსულთან მუდმივი შეხვედრაა, რაც მომავალს გვართმევს.
ამიტომაც მივმართავ ახალგაზრდებს, აქტიურად შემოუერთდნენ ჩვენს პოლიტიკურ პლატფორმას, როგორც ასპარეზს და როგორც შესაძლებლობების არეალს.
_ ჩვენში დარჩეს და ზოგიერთი ამბობს, რომ მძლავრმა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნები გაყიდეს. ამაზე რას იტყვი?
_ ამ თემაზე საუბარი არ მინდა.
_ რატომ?
_ არჩევნების შედეგი ყველაფერს გამოაჩენს და ხალხი ყველას გასცემს პასუხს!
_ ბოლოს, ანი, ამ ქვეყანაში, უპირველესად, რა უნდა შეიცვალოს?
_ ყველაფერი.
_ უფრო კონკრეტულად?
_ ნდობის ახალმა მთავრობამ სწრაფი, ეფექტიანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და ქვეყანაში განვითარების ახალი ეტაპი დაიწყოს.
ადამიანებს ნდობა, ღირსეული რეალობისა და მომავლის განცდა უნდა დაუბრუნდეთ! ამასთან, პოლიტიკური ლექსიკა და კულტურაც უნდა შეიცვალოს.
ისე, როგორც ვატყობ, ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქამდე ვერავინ დაინახა. არადა, მსოფლიო იცვლება და საქართველოც ამ ცვლილებების ცენტრში უნდა იყოს!
გიორგი აბაშიძე