ანა გოგოლაძე: „თუ ვინმე ამორალურად იქცევა ამ ქვეყანაში, ეს არის „ქართული ოცნება“

ირინა მაკარიძე

თითქმის ერთი თვეა, ვნებათაღელვა არ წყდება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის ირგვლივ. ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების მცდელობას და ყველა ხერხის გამოყენებას, რომ მიიღოს აღნიშნული კანონი, მეორე მხრივ კი საზოგადოებისა და განსაკუთრებით ახალგაზრდების უწყვეტ პროტესტს. ამას თან ერთვის დასავლელი პარტნიორების განცხადებები და მოწოდებები, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო დასავლურ ღირებულებებთან.

შექმნილ ვითარებასა და მოსალოდნელ შედგებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტიკური პარტია „ახალის“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ანა გოგოლაძე:

_ „ქართული ოცნება“ შეშინებულია, რომ ოქტომბერში ძალაუფლებას დაკარგავს, სრულ პანიკაში იმყოფება, ყოველდღიურად დგამს ახალ, დიდ ნაბიჯს ავტორიტარიზმის განმტკიცებისკენ. ამის დასტური იყო, მათ შორის, 29 აპრილს მათ მიერ ჩატარებული აქცია, სადაც ხალხი იძულებით, დაშინებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ჩამოიყვანეს. მათი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებიც იყო ავტორიტარიზმის დაკანონების მორიგი მცდელობა. „რუსულ კანონთან“ ერთად ის განცხადება, რომ შეიქმნება სპეციალური ღია რეესტრი, სადაც მათთვის მიუღებელი ადამიანების მონაცემები განთავსდება ან მათი ძალადობრივი ქმედებები და დარბევები, მუქარის ზარები, შეურაცხყოფები, ეს არის პანიკაში მყოფი, ავტორიტატული ხელისუფლების მახასიათებელი. „რუსული კანონის“ გატანა-არგატანა, შეიძლება ითქვას, უკვე მეორე პლანზე გადავიდა იმდენად, რამდენადაც სრული სახით წარმოადგინეს მათ თავიანთი მახინჯი სახე და გვითხრეს, რომ ემსახურებიან ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთ ამოცანას, ეს არის რუსეთის დაკვეთების შესრულება. საერთოდ, გვერდზე არის გაწეული ქართველი ხალხი და ეროვნული ინტერესები. ამ ყველაფერს დღეს ახალგაზრდები აპროტესტებენ და მათთან ერთად ყველა თაობა დგას, ყველამ კარგად დაინახა, რომ „ქართული ოცნება“ აღარ არის ეროვნული ძალა და არც არასდროს ყოფილა, 12 წლის განმავლობაში კარგად ფუთავდნენ თავს, უბრალოდ, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთის ზეწოლით, მოახდინეს თავიანთი საგარეო კურსის აფიშირება და ახლა  კონსტიტუციის ამოყირავებასა და კურსის სრულ ცვლას ცდილობენ. ეს არ არის ეროვნული ხელისუფლება და 26 ოქტომბერს მათი მმართველობა უნდა დასრულდეს.

_ 29 აპრილის აქციაზე ბიძინა ივანიშვილმა, პრაქტიკულად, მტრად გამოაცხადა დასავლეთის ქვეყნები, მათ შორის, აშშ, რა განაცხადი იყო ეს?

_ დასავლეთის სახელმწიფოები, რომლებიც 33 წლის განმავლობაში, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე, გვიჭერენ მხარს, არიან ჩვენ გვერდით, როგორც საგარეო ასპარეზზე, ასე ქვეყნის შიგნით, დემოკრატიის, სახელმწიფო ინსტიტუციების მშენებლობასა და ეროვნული სუვერენიტეტის განმტკიცების საკითხზე (სიტყვა სუვერენიტეტი ხშირად ახსენეს აქციაზე და ეს ხსნებაც ფსევდო იყო) ათწლეულების განმავლობაში ჩვენი მთავარი პარტნიორები იყვნენ. ზუსტად ეს დასავლური სახელმწიფოები ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა მტრად. ეს არის რუსული მეთოდი, რომ იზოლაციაში მოაქციოს სახელმწიფო და ერთადერთ „მოკავშირედ“ ჰყავდეთ რუსეთი. წარმოუდგენელია, ქართველი  ხალხი ამას, უბრალოდ, არ დაუშვებს, ეს არის გამორიცხული. ბიძინა ივანიშვილის განცხადებების მეორე ნაწილი შეეხებოდა რეპრესიების დაანონსებას. როგორც მან განაცხადა, 26 ოქტომბრის შემდეგ არჩევნების მოგების შემთხვევაში ჩატარდება სადამსჯელო ღონისძიებები. მან თქვა, _ დავსჯით ყველას, გავრიყავთ ყველას და მტრად გამოვაცხადებთ ყველას, ვინც არ იზიარებს ჩვენს პოზიციას, დაიწყება ანგარიშსწორების ძალიან დიდი კამპანია, რაც აქამდე არ გაგვიკეთებია. ავტორიტარიზმი ზუსტად მსგავს ქმედებებში ვლინდება.

_ რას იტყვით მმართველი ძალის მეთოდების შესახებ, რითაც ის ადამიანებს აიძულებს, თუნდაც მათ მხარდამჭერ აქციაზე მივიდეს, მოიწონოს და გააზიაროს მათი ფეისბუქგვერდები და პოსტები, თუმცა ამის შესახებაც ინფორმაცია არ და ვერ იმალება, კიდევ რა ხერხები აქვთ ზემოქმედებისთვის?

_ აღარ მეგულება ადამიანი, ვინც თავისი ნებით უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“. ეს ძალა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დგას რამდენიმე საყრდენზე, ერთ-ერთი არის ადმინისტრაციული რესურსი და ცდილობს ამ 12 წლის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახადოს მასზე ფინანსურად დამოკიდებული, შემდეგ იძულებისა და დაშინების გზით აკეთებინოს ის, რაც მათ პარტიულ ინტერესებშია. სამწუხაროდ, ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები, დაწყებითი კლასების მასწავლებლები, მუნიციპალურ სიპებსა და ა(ა)იპებში, ასევე საჯარო სექტორში დასაქმებულები, ასეთი დაახლოებით 300 ათასი ადამიანი არის, ეს ხალხი ხელისუფლების კონტროლქვეშაა, ყველას უყურებენ, ყველას აკვირდებიან, მათ შორის, „ლაიკსაც“ კი ამოწმებენ. ეს არის ლეგიტიმაციადაკარგული, ფსკერზე მყოფი ხელისუფლების ქმედება, რომელიც განწირულია და აქედანვე ჩანს, რომ დამარცხებულია. უნდა დასრულდეს ეს მახინჯი პრაქტიკა. ამ ადამიანებს შორის ბევრი მეგულება, ვინც განუდგა და არ შეასრულა ეს პარტიული დავალება, მითითება პოსტის მოწონებისა თუ გაზიარების.

_ რას იტყვით ამ პროპაგანდისტულ გზავნილებსა და ხერხებზე, რომელსაც მმართველი ძალა იყენებს მისი მოწინააღმდეგების გასაშავებლად, დასავლეთის მტრად წარმოსაჩენად? ვხედავთ, რომ ეს, გარკვეულწილად, მუშაობს… 

_ დეზინფორმაციის გავრცელება, ინფორმაციით მანიპულირება, ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი და ინსტრუმენტი, რომელსაც თავად რუსეთის მაღალჩინოსნები „ტვინების გამოსარეცხად“ იყენებდნენ და იყენებენ, რასაც წარმატებით იმეორებს „ქართული ოცნება“. ეს „წარმატება“ მარცხისთვის არის განწირული და ვნახეთ, როდესაც ქუჩაში გამოვიდა ასობით ათასი ადამიანი. ბუნებრივია, რჩებიან ამ პროპაგანდის მსხვერპლები. დარწმუნებული ვარ, სწორი კომუნიკაციით, ინფორმაციის სწორად მიწოდებით შესაძლებელია მათთვის სინამდვილის დანახვება. არ ვიცი, სხვა რა უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“, როგორ უნდა მოახდინოს საკუთარი სახის ლუსტრაცია, რომ ის არის რუსეთის მოკავშირე და ცდილობს იზოლაციაში მოაქციოს ჩვენი სახელმწიფო, რომ ადამიანებმა მისი ნამდვილი სახე დაინახონ?

_ რას იტყვით შალვა პაპუაშვილის განცხადების შესახებ, რომ იგეგმება შექმნა ადამინების ღია რეესტრის, რომლებიც, მისი თქმით, ბულინგს ახდენენ, მორალურად ძალადობენ სხვა ადამიანებზე. აღსანიშნავია, რომ ამ რეესტრში შევლენ ისინიც, რომლებიც საჯაროდ იწონებენ მათ ქმედებებს…

_ საბჭოთა კავშირის დროს რომ დოსიეებს აკეთებდნენ ადამიანებზე და აცხადებდნენ ხალხის მტრად, დაახლოებით იმავე მეთოდით და იმავე გზით მიდის „ქართული ოცნება“. თუ ვინმე ამორალურად იქცევა ამ ქვეყანაში, ეს არის „ქართული ოცნება“, რომელიც ძალადობს ადამიანებზე. თუ მაინც გააკეთებს მსგავსს სიას, რაც ამორალურია, ეს იქნება რეალურად პატრიოტების სია და არა ადამიანების, რომლებიც ვინმეზე რამე ფორმით ძალადობენ. დარწმუნებული ვარ, ამ სიაში მოხვდებიან ისინი, ვისაც ქვეყანაზე შესტკივა გული, ვისაც არ უნდა, რომ საქართველო მარტო დარჩეს მტერთან პირისპირ.

_ ამ ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა გამოიწვევს თუ არა მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას, რა მოლოდინი გაქვთ?

_ „ქართული ოცნების“ სამი საყრდენიდან ერთ-ერთი არის მოქალაქეების გახლეჩა და მათი ერთმანეთისადმი დაპირისპირება, რასაც ვხედავთ ამ ბოლო პერიოდშიც. შესაბამისად, ეს მანევრირება მათი მხრიდან ბანაკებად ყოფს მოსახლეობას. ის, რომ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, ვინც მათ მხარეს არ არის, ქვეყნის მტრად აცხადებს, ეს ქმნის მოქალაქეებს შორის დაპირისპირების საფრთხეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ვერ მოასწრებენ ამის შესრულებას, რადგან არჩევნები კარს არის მომდგარი და ამ ამოცანის შესრულებაშიც კრახს განიცდიან, ისე როგორც სხვა მრავალში.

_ რა გაძლევთ იმედს, რომ არჩევნების გზით წავა ეს ხელისუფლება?

_ ამ წლების განმავლობაში „ქართული ოცნება“ ახერხებდა, რომ საკუთარი საგარეო და საშინაო კურსი მეტ-ნაკლებად შეენიღბა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მათ თავიანთი საგარეო კურსის, ისევე როგორც საშინაო ამოცანების დემონსტრირება ძალიან ნათლად მოახდინეს. ხალხმა უკვე ნათლად დაინახა რეალობა, როდესაც ამ კანონის შემობრუნებით ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ხალხს დაუპირისპირდა. ხოლო შედეგად მიიღო გაბრაზებული მოსახლეობა, რომელიც ქუჩაში არის გამოსული. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გაბრაზება, პროტესტი „ქართული ოცნების“ მიმართ კონვერტირდება, მათ შორის, საარჩევნო ხმებში. თუ აქამდე ადამიანები აპოლიტიკურ პოზიციას იჭერდნენ, ეს აპოლიტიკური ადამიანებიც „ქართულმა ოცნებამ“ ქუჩაში გამოიყვანა, დარწმუნებული ვარ, ეს თავის შედეგს გამოიღებს.

_ ხელისუფლება ძალას იყენებს ადამიანების წინააღმდეგ, აანონსებს რეპრესიებს. ჯერჯერობით ყველა ბერკერტი მის ხელშია, რამდენად სერიოზული სახე შეიძლება ამან მიიღოს?

_ უახლეს ისტორიაში ჩვენ გვქონდა ამის მაგალითი, წინა ხელისუფლების დროსაც ასევე ყველა ბერკეტი იყო მათ ხელში კონცენტრირებული, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წელს არჩევნები წააგო, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანი მივიდა არჩევნებზე და უარი უთხრა იმდროინდელ ხელისუფლებას. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე პრეცედენტი განმეორდება 2024 წელს. ბოლო საპროტესტო აქციებმა გვაჩვენა, რომ ძალა წარმოშობს უკუძალას, რაც უფრო მეტად აწვება „ქართული ოცნება“ ჩვენს მოქალაქეებს, უფრო დიდ წინააღმდეგობას იღებს საზოგადოებისგან. მსგავსი საპროტესტო ტალღა ბოლო პერიოდის განმავლობაში არ მახსენდება, შესაბამისად, დიდი ალბათობით, უნდა ველოდოთ, რომ ის ადმინისტრაციული რესურსი არაფერი იქნება იმასთან შედარებით, რა ძალასაც აჩვენებს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, მისგან ვერმართული ამომრჩეველი.