ანა ბუჩუკური: „კობახიძე ბოდავს!“

გიგა გელხვიიძე

რაც უფრო მეტად იწონებს თავს „ქართული ოცნება“ მის მიერ მიღებული რუსული კანონით და ამაზე ფართოდ საუბრობს, მით უფრო მეტი წნეხი მოდის ქვეყანაზე ევროპელი პარტნიორების მხრიდან.

მაგალითად, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავდა, რომ რუსული კანონის მიღებამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი გაზარდა და ახლა უფრო არის რეალობა მოლაპარაკებების გასახსნელად გაწევრიანების თაობაზე, მორიგი კრიტიკის ტალღა გამოიწვია ქვეყნის დასავლელ პარტნიორებში. კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ის არაერთი წამყვანი ქვეყნის ლიდერს შეხვდა გერმანიაში უკრაინის სამშვიდობო საკითხზე გამართული სამიტის დროს, ფაქტობრივად, ევროკავშირის მიერ ანულირებულ იქნა, ისევე როგორც თავად „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ძალიან ბევრი რამის ანულირება, რომელიც შეთავაზების სახით ჯერ მიიღო ევროკავშირისგან, შემდგომ უკვე ანულირდა, მაგალითად, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტი.

კობახიძისა და „ქართული ოცნების“ სხვა მაღალი თანამდებობების პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ძალიან მალე მოჰყვა საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი ელჩის, რობინ დანიგანის ძალიან მკაცრი და მნიშვნელოვანი განცხადება.

დანიგანმა კიდევ ერთხელ ამხილა სიცრუეში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მისი მთავარი მონაპოვარი, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობაც გააკრიტიკა. ამ და სხვა შიდაპოლიტიკურ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, ანა ბუჩუკური:

_ ქალბატონო ანა, „ქართული ოცნების“ წევრებს და მათთან დაკავშირებული პირების ნაწილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები უკვე დაუწესა, ხოლო ნაწილი სანქციების ახალი ტრანშის მოლოდინშია, რომელიც შეიძლება იყოს პიროვნული და უფრო მრავალმხრივი დატვირთვის, რაც არა მხოლოდ კონკრეტულ პირებზე იქონიებს გავლენას, არამედ ქართულ საზოგადოებაზეც. როგორია თქვენი მოლოდინები და პროგნოზები ამ მხრივ?

_ სანქციების გამოყენება პარტნიორების მხრიდან არის მძიმე, მაგრამ ბოდიში და როდესაც ხელისუფლება და მისი მმართველი რგოლის წარმომადგენლები ასეთ ზიანს აყენებენ ქვეყანას, იმასთან შედარებით, რა თქმა უნდა, სანქციები ნაკლებად დამაზიანებელია. სხვათა შორის, მნიშვნელოვანია ჯო ბაიდენისა და ემანუელ მაკრონის აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება საქართველოსთან მიმართებით. მათ ორ რამეს გაუსვეს ხაზი: პირველ რიგში, გამიჯნეს ქართველი ხალხი და მმართველი პარტია და მმართველ პარტიას მოუწოდეს, რომ დაუბრუნდეს ქართველი ხალხის ნების აღსრულებას, რომელიც არის ევროატლანტიკურ გზაზე სიარული; და მორე ეს არის, რომ ხაზი გაუსვეს მშვიდობას რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში. რეალურად, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ აქამდე მივიდოდა ივანიშვილი, მაგრამ საქართველოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები, პარტნიორი ქვეყნების ლიდერების დასაცავი გახდა ივანიშვილისგან. ამიტომაც არის სანქციების მოლოდინი და ამ სანქციებმა შესაძლოა სულ სხვა სახე მიიღოს და უფრო მეტად გაფართოვდეს.

_ შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო ნულის ტოლი და მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო რუსული კანონი, ეს შანსები თითქმის 30%-მდე გაიზარდა. როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას იმის ფონზე, რომ ამის შემდგომ უცხოელ პარტნიორებს კვლავ მოუხდათ გარკვეული სახის მკაცრი პოზიციის დაფიქსირება?

_ კობახიძე ბოდავს! ეს არ არის პირველი შემთხვევა, მე არ ვიცი, ვისზეა გათვლილი მისი და კოლექტიური კობახიძეების განცხადებები, მაგრამ ჩვენ ძალიან მკაფიო გზავნილები ვნახეთ. ევროკავშირის ელჩმაც გაახმოვანა, რომ, ფაქტობრივად, გაყინული და შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომელიც ასოცირებული ტრიოს ფარგლებში ლიდერობდა. გარდა ამისა, ასოცირებული ტრიო შეიქმნა ჩვენი ინტერესის გამო და ახლა რომ შევხედოთ, მოლდოვა და უკრაინა, ფაქტობრივად, წინ არიან. ევროკავშირმა გეგმა დადო მოლაპარაკებების ეტაპზე გადასასვლელად და მარტო უკრაინა და მოლდოვა კი არა, სომხეთს შეხედეთ. სომხეთმა ეს უნიკალური ვითარება და შესაძლებლობა გამოიყენა სათავისოდ, რომ ევროკავშირს დაახლოებოდა. რეგიონში ყველა ქვეყანა შეეცადა, რომ ეს გარემოება გამოეყენებინა საკუთარი ინტერესებისთვის და დაახლოებოდნენ ევროკავშირს, რადგანაც ყველას ესმის, რომ უნიკალური შესაძლებლობა გაიხსნა ევროკავშირის გაფართოების. მანამდე კი სკეპტიკურად უყურებდნენ ამ ყველაფერს. საფრანგეთი გამოირჩეოდა სკეპტიციზმით ყველაზე მეტად, როდესაც გაფართოებაზე იყო საუბარი. ახლა კი საფრანგეთი პირიქით ამბობს, რომ კარი ღიაა, ხალხო და შემოდით ამ კარში! ყველანაირად მზად არიან, რომ ჩვენ მიგვიღონ. ამ ვითარებას ყველა ქვეყანა იყენებს რეგიონში, ვიმეორებ, ყველაზე კარგი მაგალითია სომხეთი, რომელიც სულ უფრო უახლოვდება ევროკავშირს და „ქართულმა ოცნებამ“ რა გააკეთა?! _ ლიდერი ქვეყანა დაგვხია უკან! როდესაც უკან იხევ ევროკავშირისგან, უახლოვდები რუსეთს, რადგან სხვა არჩევანი არ არის, რჩები იზოლირებული, იზოლირება კი ნიშნავს რუსეთს, ერთგვარი რუხი ზონა იქმნება საქართველოში, რომელიც ყველაზე მეტად აწყობს კრემლს.

_ აშშ-ის ელჩის საკმაოდ კრიტიკულ განცხადებაზე მინდა, გკითხოთ. მან ბევრ სხვა საკითხთან მიმართებით ყურადღება გაამახვილა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და გარკვეული სახის საფრთხეებიც დაინახა. თქვენ როგორ აფასებთ რობინ დანიგანის ამ განცხადებას?

_ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან ძალიან დიდი ეკონომიკური ბაზარია და ეს ყველას კარგად ესმის, განსაკუთრებით კი ჩვენ (პარტია „საქართველოსთვის“), რადგანაც გახარია იყო ეკონომიკის მინისტრი, ხელშეკრულებას რომ მოეწერა ხელი ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ეს, პირიქით, კარგია, მაგრამ ის, რასაც ახლა „ოცნება“ აკეთებს პარლამენტის გვერდის ავლით, რომელიც არის ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართულების განმსაზღვრელი ძირითადი კონსტიტუციური ორგანო, ჩვენ გვერდი აგვიარა, რაღაც ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი და შეთანხმება რომ გამოქვეყნდა აღმოჩნდა, იქ მარტო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე კი არ არის საუბარი, პოლიტიკურზე და უსაფრთხოებაზეც მაშინ, როდესაც კონსტიტუციით გვყავს დამაგრებული და კონსტიტუციაში გვიწერია, რა არის შენი სტრატეგიული პარტნიორი, _ ეს არის ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სივრცე. ამიტომ ჩინეთთან ეკონომიკური ვაჭრობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ისე არ უნდა გააკეთო, რომ დააზიანო მეორე მხარე. „ოცნება“ ზუსტად ასე აკეთებს, იფუჭებს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და, საბოლოო ჯამში, ქვეყანა ვარდება წაგებულ მდგომარეობაში, თორემ იმაზე არავინ დაობს, რომ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობა საინტერესოა.

_ ზოგადად ელჩის განცხადება რომ შევაფასოთ…

_ ჩვენი პარტნიორების ეს განცხადებები უფრო და უფრო მკვეთრი გახდა და გახდება იმიტომ, რომ სხვანაირად საუბარი არ ესმით. ესმით, მაგრამ ცდილობენ, ყველაფერი საკუთარი პროპაგანდისთვის გამოიყენონ. მკვეთრი განცხადებები უფრო მკაფიო გახდა, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგანაც ივანიშვილის „ოცნებამ“ სივრცე არ დაუტოვა სტრატეგიულ პარტნიორებს. ახლა გამოდიან და ივანიშვილი ამ „ხალხის ძალას“ თუ რაც არიან, ალაპარაკებს, რომ თურმე ახალ ელჩსაც რაღაც ხაზები გადაუკვეთავს, ანუ პირდაპირ კონფრონტაციაში შედიან ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან. გარდა იმისა, რომ აშშ და ევროკავშირი ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრული მოკავშირეები არიან, რომ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა არის ასეთი მკაფიო და მკვეთრი, რომ რუსეთმა ვერ შეძლო და ვერვინ აიყოლია მნიშვნელოვანი,დასავლელი სახელმწიფოები ამაში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წვლილი აშშ-ს მიუძღვის, რადგანაც მას საკანონმდებლო დონეზე აქვს აყვანილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის საკითხი. ამას უპირისპირდება ივანიშვილი, რის გამოც ეროვნული ინტერესი, გარდა  ეკონომიკური კეთილდღეობისა, რისკის ქვეშ დგება. ფაქტობრივად, საქართველო გახადეს ვერბალურად რუსული ინტერესებისა და დასავლეთის დაპირისპირების პოლიგონად.

_ უნდა გკითხოთ თქვენი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ არ გამორიცხავდით „ლელოსთან“ შეკავშირებას. რა არის ის მსგავსება, რომლის გამოც თქვენი მკვეთრად გამოხატული დამოკიდებულება სხვა პოლიტიკურ ძალებთან კავშირზე, შესაძლოა, გადაიხედოს?

_ ჩვენ ძალიან დიდი ხანია, მკაფიო წითელი ხაზები გავავლეთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ქართულ ოცნებასთან“ და ამაზე ბევრჯერ მისაუბრია თქვენთანაც და ეს არის ზოგადად ჩვენი გაცხადებული პოზიცია. ასევე ჩვენი გაცხადებული პოზიცია არის, რომ „ნაცებმა“ და „ოცნებამ“ ერთად, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, 50%-ზე მეტი ვერ აიღონ. ეს, რა თქმა უნდა, არის ამბიციური გეგმა, თუმცა შესაძლებელი, რადგანაც დღითი დღე იზრდება იმ მოსახლეობის ოდენობა, რომელსაც არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“ აღარ უნდა. გარდა იმისა, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ გასაძლიერებლად, ის პარტიები, რომლებიც არ არიან ბოლომდე „განაცებული“, მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდნენ. ამიტომ „ლელოზე“ ყოველთვის ვამბობდით, რომ მას წარმატებას ვუსურვებთ და ჩვენი პრაგმატული ინტერესია, მან გადალახოს საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი, რომ არ „განაცდეს“. ამას მარტო კეთილი მიზნების გამო კი არ ვამბობ, პრაგმატული ინტერესის გამოც ვამბობ. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ გასაგებია მათ თავიანთი ამომრჩეველი ჰყავს, მაგრამ არის მილევად რეჟიმში მყოფი პარტიები, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ ვგულისხმობთ მხოლოდ „ნაცმოძრობის“ ერთ ჯგუფს.

_ ზუსტად ეგ მომენტია და მაგისთვის დაგისვით ეს შეკითხვა, თქვენ მიიჩნევთ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ჯგუფად პარტია „ახალსაც“, რომელთანაც „ლელოს“ იმთავითვე სურდა ურთიერთობა და ამას ღიად ამბობდა.

_ „ლელოს“ ლიდერები განსაკუთრებულად აქტიურად ესხმიან ხოლმე თავს გიორგი გახარიას, მაგრამ ჩვენ არ ვპასუხობთ, განა იმიტომ, რომ არ შეგვიძლია ან პასუხი არ გვაქვს, ესეც ჩვენი პრაგმატული ინტერესია, თუ რატომ არ ვესხმით ხოლმე თავს „ლელოს“ და მის ლიდერებს და გავიმეორებ კიდევ ერთხელ თქვენი კითხვის პასუხად, რომ „ლელოს“ ვუსურვებ ისე მოხვდეს შემდეგი მოწვევის პარლამენტში, რომ არ „განაცდეს“. „ნაცმოძრაობაში“ მხოლოდ ერთ ჯგუფს არ მოვიაზრებთ, ბუნებრივია, და არც მოსახლეობა მოიაზრებს.

_ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა მშვიდობის ფორუმზე შვეიცარიაში, სადაც ის ჯერ კიდევ ორი თვით ადრე იყო მიწვეული უკრაინული მხარის მიერ, განსხვავებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან, რომელიც საერთოდ არ აღმოჩნდა მიწვეულ სტუმრებში. რა ტიპის ჟესტი იყო ეს უკრაინის მხრიდან და რა უთხრა ამით უკრაინულმა მხარემ „ქართულ ოცნებას“?

_ ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობები გაფუჭებულიყო. ძალიან ვწუხვარ, რადგანაც უკრაინისა და საქართველოს მეგობრობა მრავალ წელს ითვლის და ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ მტერი გვყავს სერთო. სულ რომ ცალკე მყოფი საქართველოსა და უკრაინის ისტორიული მეგობრობა, არ არსებობდეს, რომელიც არსებობს მრავალი წელია, პრინციპი მარტივია: ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია, რადგანაც ინტერესთა თანხვედრები არის ამ შემთხვევაში. ამიტომაც ძალიან ვწუხვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პერიოდში ეს ურთიერთობები დააზიანა. ახლა მიმდინარეობს ის პროცესი, რასაც ჰქვია მსოფლიო უსაფრთხოების სტრუქტურისა და არქიტექტონიკის გადალაგება. ეს ომი რომ დასრულდება და ის ყოველთვის ზავით სრულდება, როდესაც ეს მოლაპარაკებები შედგება, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო რომელ მხარეს იდგება, ხომ ასეა? საქართველოს ჩვენი მძიმე ფასი თავისუფლებისთვის ბრძოლაში გადახდილი გვაქვს, 20%-ზე მეტი ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებულია და ამიტომ არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, რომ იმ პარტნიორებთან და სტრატეგიულ მოკავშირეებთან დავაახლოოთ ურთიერთობები, რომლებიც გვეხმარებიან და მარტო არ გვტოვებენ რუსეთთან პირისპირ მთელი ამ დროის განმავლობაში. რაც შეეხება უშუალოდ ქალბატონი სალომეს ვიზიტს, სამწუხაროა, მაგრამ ასევე რეალობაა, რომ სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდა ერთადერთი პირი ხელისუფლებაში, რომელმაც შეძლო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ, ღირსეული პოზიცია დაეკავებინა.