ამერიკელებმა ანაკლიის პორტზე დოკუმენტაცია მოითხოვეს – ვინ აგებს პასუხს პროექტის ჩაშლაზე?

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ანაკლიის პორტი ისევ აქტუალური გახდება. როგორც „ქრონიკა+“-ს სამთავრობო კულუარებში განუცხადეს, ამერიკულმა მხარემ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა, ანაკლიის პორტის შესახებ ყველა სახის ინფორმაცია მიაწოდოს. როგორც შევიტყვეთ, ამერიკელებს 29 ტომი გადაეცათ.

რა წერია ამ საქმეებში და რამდენად შეეფერება იქ მოყვანილი ფაქტები სიმართლეს, ეს ცალკე იქნება შესასწავლი. არავისთვის უცხო არაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა  ეს პროექტი არ განხორციელებულიყო. ამ პორტის მშენებლობას პირადად ბიძინა ივანიშვილი ბლოკავდა. მთავარი მოწინააღმდეგე კი რუსეთი იყო, რომლის ინტერესებშიც არაფრით შედის საქართველოს გაძლიერება.

ანაკლიის პორტის მშენებლობაზე საუბარი, ჯერ კიდევ, „ნაციონალების“ მმართველობის დროს დაიწყო. ამის გამო მიხეილ სააკაშვილი გიჟად და შეშლილად გამოაცხადეს. მოსკოვმა ყველაზე უკეთ უწყოდა, რომ ამ პროექტის განხორციელება საქართველოს სერიოზულად გააძლიერებდა. ამიტომაც დაუკვეთა „ქართულ ოცნებას“, ანაკლიის პორტის მშენებლობა შეეჩერებინა. იმის გამო, რომ ამ პროექტს ამერიკის შეერთებული შტატები უჭერდა მხარს, ივანიშვილმა პირდაპირ ვერ მიიტანა იერიში ანაკლიაზე.

როგორც ამბობენ, „ქართული ოცნების“ ექსთავმჯდომარე სწორედ ამ პორტის გამო გადაემტერა მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც ტენდერი მოიგო. სახელისუფლებო კულუარებში ამბობენ, რომ ხაზარაძის გამარჯვებამ ძალიან გააბრაზა ვანო ჩხარტიშვილი. მასაც სურდა ამ პროექტის ხელში ჩაგდება. არა ასაშენებლად, არამედ გასაჩერებლად. ტენდერი მხოლოდ იმიტომ ვერ მოიგო, რომ გიორგი კვირიკაშვილი იყო პრემიერი, რომელიც ღიად უჭერდა მხარს მამუკა ხაზარაძეს. ჩხარტიშვილი ამის გამო ერთსაც დაემუქრა და – მეორესაც.

დღეს გიორგი კვირიკაშვილი საერთოდ გამქრალია პოლიტიკიდან, მამუკა ხაზარაძე ოპოზიციაშია და კაცმა არ იცის, როდის განახლდება მისი სასამართლო. ანაკლიის პროექტი გაჩერებულია. ვანო ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ანაკლიასთან არაფერი აკავშირებს და მას ეს ვიღაცებმა მოუგონეს.

ვინ და რა მოიგონა ეს, ალბათ, გამოძიებით დადგინდება. ანაკლიის პორტის ჩამშლელებს შეიძლება, სერიოზული პრობლემები შეექმნათ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ პროექტი მაინც ჩაშალა. ამერიკელები კი ასეთ რამეს არავის ჰპატიობენ.

ტრამპის ადმინისტრაციას შეიძლება კიდევ დაეხუჭა ამაზე თვალები, მაგრამ ბაიდენის ხელისუფლება სხვანაირად მოიქცევა. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი გამოკვეთილად ანტირუსია. ამასთან, სერიოზულად შეიცვალა რეგიონში ვითარება. ყარაბაღის კონფლიქტის დამთავრების შემდეგ ისეთი პროცესები მიდის, შეიძლება ვაშინგტონმა მთელ რეგიონზე და, მათ შორის, საქართველოზეც დაკარგოს კონტროლი. საქართველოს სატრნასპორტო დერეფნის ფუნქციის დააკარგვის საფრთხე ემუქრება. ახლა როგორც არასდროს, ისე სჭირდება საქართველოს ანაკლიის პორტი.

რუსეთს თავისი რომ არ გაეტანა, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს პირველი გემი 2020 წელს უნდა მიეღო.

შორენა მარსაგიშვილი