ამერიკაში მოღვაწე ქართველი მსახიობის რთული გზა სტელა ადლერის სტუდიიდან _ თეატრის ინდუსტრიამდე
ვინ არის ქართველი მსახიობი, რომლის შესრულებული როლები საერთაშორისო ფესტივალების ნომინანტია და რომელიც ერთადერთი ქართველი გახლავთ, ვინც ევროპულ საშინელებათა ფილმში მიიღო მონაწილეობა?
„ქრონიკა+“-ს აშშ-ში მოღვაწე მსახიობი იმ რთულ გზაზე უყვება, რომლის გავლაც უწევს ისეთი კონკურენციისა და დიდი თეატრალური ინდუსტრიის ქვეყანაში, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები.
ანა ჩერქეზიშვილი:
_ რას უკავშირდება თქვენი პირველი ნაბიჯები სამსახიობო ხელოვნებაში?
_ მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა. შეიძლება, ეს იმას უკავშირდება, რომ მშობლებს ხშირად დავყავდი თეატრში. მახსოვს, 8 წლის ასაკში, სპექტაკლის დასრულების შემდეგ, მოვითხოვე კულისებში შევეყვანე, რათა უარყოფითი პერსონაჟის განმასახიერებელი მსახიობისთვის ჭკუა მესწავლებინა. ვუთხარი კიდეც ჩემი აზრი: „ასე როგორ შეიძლება, რატომ მოექეცი ცუდად შენს მეგობარს-მეთქი?!.“ ბავშვი ვიყავი და ვერ წარმომედგინა, რომ ეს ადამიანი მხოლოდ როლს ასახიერებდა. იქიდან მოყოლებული თეატრი ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. სკოლაში არც ერთი სპექტაკლი ჩემ გარეშე არ იდგმებოდა, მაგრამ ყველაზე მეტად სხვისი პაროდირება მეხერხებოდა _ მოსწავლეებიდან დაწყებული, სკოლის დირექტორით დამთავრებული. ამ უკანასკნელის განსახიერებისას განსაკუთრებით ჩემი კლასელები ხალისობდნენ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, რომ ეს ისე გამეკეთებინა, არავის სწყენოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე. ჩემი სტუდენტობა 90-იანი წლების ბოლოს დიდ გაჭირვებას დაემთხვა. რამდენიმე საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებამ საშუალება მომცა, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივ დასებთან მემუშავა. იმ პერიოდის ყველაზე სერიოზული ნამუშევარი იყო უნგრულ მოკლემეტრაჟიან ფილმების _ „რელიგიური ბრძოლა“ და „ავტობუსის გაჩერება“ _ გადაღებაში მონაწილეობა, რომლებიც MEDIAWAVE International Film and Music Festival -ის ნომინანტები გახდნენ. უნგრეთიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ მომიწია საქართველოდან გასვლა, ამჯერად იტალიურ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ასევე Cinemadamare -ს ფესტივალზე უნდა წარდგენილიყო. ჯგუფი შედგებოდა რეჟისორებისგან, სცენარისტებისგან და მსახიობებისგან, სადაც ქართველები მხოლოდ სამნი ვიყავით. მთელი სამხრეთ იტალია შემოვიარეთ და შევქმენით მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია რეგიონის კულტურაზე.
_ თქვენ პირველი ქართველი მსახიობი ხართ, რომელმაც ევროპულ საშინელებათა ფილმში მთავარი როლი განასახიერეთ.
_ პაკისტანელი რეჟისორი კამრან ფაიკი სწორედ ამ იტალიური პროექტის ფარგლებში გავიცანი და ფრანგ პროდიუსერთან ერთად გაგვიჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა საშინელებათა ჟანრის ფილმი. იდეა დაიბადა მოგზაურობის პერიოდში, როდესაც მუდმივად ვეცნობოდით სამხრეთ იტალიის მდიდარ ფოლკლორს. ფილმს დავარქვით „ისინი მოდიან“, სადაც გარდაცვლილი ცოლის აჩრდილი დასდევს ქმარს… ეს ცოლი მე ვიყავი. ფილმი ფსიქოლოგიური ხასიათის ტრილერადაც შეიძლება ჩაითვალოს, ამიტომაც გაიმარჯვა იტალიის Cinemadamare -ს კინოფესტივალზე 2010 წელს, სადაც საუკეთესო ფილმად აღიარეს. ყველაზე მეტად ფულადი პრიზი გაგვიხარდა, ვინაიდან ფილმის გადაღებისას ბიუჯეტი თითქმის არ გვქონდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავაგრძელე მოკლემეტრაჟიან ფილმებში მონაწილეობის მიღება.
_ ამერიკაში როგორ აღმოჩნდით?
_ ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ამერიკული კინო და თეატრის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია. შტატებში ჩემი სამსახიობო ხელოვნების გაღრმავების მიზნით ჩამოვედი. თავიდან ძალიან გამიჭირდა _ სულ კასტინგებზე დავდიოდი. ბოლოს გადავწყვიტე, რომ ისეთ თეატრალურ კასტინგებზე წავსულიყავი, რომელიც ემიგრაციასთან იყო დაკავშირებული. ერთ-ერთ ასეთ Dramatic Adventure Theatre კასტინგზე რეჟისორს, საბედნიეროდ, მოეწონა ჩემი კანდიდატურა და პროექტის დასში დამაკავა. პროექტი მოიცავდა სამოგზაურო მისიას ევროპაში, მათ შორის, ავსტრიაში, სლოვაკეთსა და ჩეხეთში, საიდანაც დაბრუნების შემდეგ, ჩვენს შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით, უნდა გაგვეკეთებინა ნიუ-იორკში სპექტაკლის პრემიერა. ეს იყო ერთგვარი კულტურული შეზავების პერფორმანსი. ჩვენს დასს ევროპაში ძალიან დააინტერესა ბოშების საზოგადოებასთან ინტეგრაციის თემამ. ავსტრიაში მხოლოდ სამი დღე გავჩერდით. მერე ჩავედით პრაღაში და ბოლოს სლოვაკეთში გადავედით, სადაც ბოშების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დასახლებაა. იქაური არასამთავრობო დაგვეხმარა, რომ ბოშა ბავშვებისთვის ტრენინგები ჩაგვეტარებინა თეატრის ხელოვნებაზე, თეატრალური ფანტაზიის გახსნასა და ა. შ.
_ ისე, ბოშები აქეთ გაგიხსნიდნენ ფანტაზიას…
_ ყოველ შემთხვევაში, ჩვენი კლასები გადავსებული იყო. დღეში ორჯერ გვიწევდა ტრენინგების ჩატარება. ბოშა ბავშვებს ვასწავლიდით თეატრის შექმნას, პიესის დაწერის ტექნიკას, თამაშებს, იმპროვიზაციას და ა. შ. პარალელურად, თავად ვწერდით ჩვენს სპექტალს.
_ თქვენი სპექტაკლი რას ეხებოდა?
_ წარმოშობით ბოშა ამერიკელ ჟურნალისტს, რომელიც გადაწყვეტს ჩავიდეს სლოვაკეთში, რათა თავისი ნათესავები ნახოს. მე ვთამაშობდი ამ ჟურნალისტის ერთადერთ ცოცხალ ნათესავს _ ბოშა ქალს. ჩვენი სპექტაკლის პრემიერა გავაკეთეთ ნიუ-იორკის Abingdon Theatre -ში 2013 წელს და ეს იყო ჩემი პირველი მთავარი როლი ამერიკულ სცენაზე. სწორედ ამ პროექტის წარმატებამ მომიტანა მეორე პროექტი, რომლის ფარგლებშიც წავედით ეკვადორში.
_ ეს რაღაც მოსიარულე თვითშემოქმედების პროექტებია, სადაც მსახიობები თვითონ წერენ სცენარებს, თვითონ დგამენ, თვითონ თამაშობენ. კიდევ რას აკეთებენ თვითონ?
_ იდეებს ვქმნით რეჟისორისა და დრამატურგის ხელმძღვანელობით. ეკვადორული პროექტიც უნდა დაფუძნებოდა ჩვენი მოგზაურობის შთაბეჭდილებებს. ამ რეგიონში იმიტომ წავედით, რომ იქ დიდი გაჭირვებაა და იქაურ ახალგაზრდებს ძალიან უძნელდებათ საზოგადოებაში ინტეგრაცია, განათლების მიღება და ა. შ. ჩვენი პროექტის მისია იყო, განათლებისა და კულტურის შეტანა გარკვეულ წრეებში. დავიწყეთ ეკვადორის დედაქალაქში ვორქშოფების კეთება, შემდეგ გადავედით მთიან ანდებში და იქ უკვე ნიღბების ვორქშოფები დავიწყეთ. ნიღბები, მოგეხსენებათ, ეკვადორის ფოლკლორის ერთ-ერთი ნაწილია, რომლის დროსაც რა ცხოველის ან ფრინველის ნიღაბსაც ირგებ, სულიერ ტრანსფორმაციას განიცდი და იმათ განსახიერებას ცდილობ.
_ გასაგებია, ანუ რაღაც შამანიზმის ელემენტები, რომელსაც, ზოგადად, ამერიკელ ინდიელთა კულტურა ეყრდნობა…
_ მახსოვს, ანდების მთებში ორი დღე გავატარეთ და ნიღბების არჩევის დროს არავინ არაფერს გვკარნახობდა. გვითხრეს, რომ ეს თავისთავად მოხდება და ნიღაბი თვითონ აგვირჩევს. მე ავარჩიე ვეფხვის ნიღაბი და როდესაც მეორე დღეს ვორქშოფზე ამ ნიღბით წავედი, ვიგრძენი ვეფხვის რიტმიკა, მოძრაობები და ა. შ. ძალიან უცნაური ემოციები წამოიღო ჩემში…
_ ვეფხვად იგრძენით თავი?
_ დიახ და მიახლოებით ვცადე მისი განსახიერება. ზოგადად, ძალიან ბევრი რამე ეკვადორში დაფუძნებულია მითოლოგიაზე, ამიტომ სპექტაკლსაც მითოლოგიური ფაბულა დავუდეთ. ოკეანისპირა პატარა ქალაქ ესმერალდაში მივაგენით ლეგენდას ლატუნდაზე, რომელიც ბავშვებს იტაცებდა. სპექტაკლი სწორედ ამ ისტორიაზე გავაკეთეთ. შინაარსი ასეთი იყო: ზღვისპირას მცხოვრები ოჯახი უარყოფს ლატუნდას არსებობას. საბოლოოდ, აღმოჩნდება, რომ ლატუნდა რეალურია და ძალიან თხელია ზღვარი, რომელიც ლეგენდასა და სინამდვილეს შორის გადის.
_ ეს იყო მორიგი საშინელებათა ჟანრის, ამჯერად არა ფილმი, არამედ სპექტაკლი?
_ ესმერალდა ძალიან მუსიკალური ქალაქია და ამიტომ სპექტაკლიც ადგილობრივი დასარტყამი ინსტრუმენტების რიტმიკით გავაჯერეთ. ნიუ-იორკში ჩამოსვლისას პრემიერა ესპანურენოვან აიატის ( AIATI Theatre ) თეატრში გავმართეთ. სწორედ ამ ორი წარმატებული პროექტის შემდეგ გადავწყვიტე ჩამებარებინა ნიუ-იორკის სტელა ადლერის სტუდიაში. ძალიან გამიმართლა, რადგან პირველივე კასტინგზე მომცეს როლი. სამი წელი გავდიოდი ტრენინგებს ყველა ტიპის სამსახიობო ტექნიკაში, სტანისლავსკის მეთოდზე დაფუძნებით. ყველა სისტემა გავიარეთ, როგორც რუსული, ისე ამერიკული. მხოლოდ ამის შემდეგ დავუკავშირდი ერთ-ერთ რეჟისორს, რომელიც სლოვაკეთში მოგზაურობის შემდეგ გავიცანი. ეს არის ნიკ ლინეჰანი, რომელსაც თავისი თეატრის კომპანია აქვს ნიუ-იორკში. ვინაიდან ბავშვებთან მუშაობის დიდი გამოცდილება მქონდა, მან მთხრობელის როლი შემომთავაზა. პიესა ფანტასტიკურ სამყაროს ეხებოდა, სადაც ერთ-ერთი ბავშვი საზოგადოებისგან იყო გარიყული თავისი განსხვავებული ვიზუალის გამო.
_ ბულინგის თემას გულისხმობთ?
_ დიახ, რომელიც გავრცელებულია სკოლებში. ყველაზე საინტერესოა, რომ ამ სპექტაკლისგან, საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდა მიუზიკლი. თვე-ნახევარი გაგრძელდა პრემიერის ტური. ამის შემდეგ მივიღე მონაწილეობა ბრუკლნის ლეგენდარულ თეატრში Heights Players , რომელმაც გამოაცხადა კასტინგი სპექტაკლზე: A Christmas Carol , გავედი მთხრობელის როლის პოზიციაზე. ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის ამ დასის ნაწილად ყოფნა. ბოლო პერიოდის ყველაზე სერიოზული ნაბიჯი კი ჩემთვის გახდა TeamTheatre თეატრის ფესტივალში მონაწილეობა ( Fun Fast Feb Fest ). ჩემი მეგობრის პიესა No Friends ათ ფინალურ პიესაში გავიდა, რომლებმაც გაიმარჯვეს და სადაც მე მთავარ როლს ვასრულდებდი. როგორც გამარჯვებულებს, დაგვისპონსორეს სპექტაკლის შექმნა. თემა ემიგრაციას ეხებოდა და ამანაც დიდი წარმატებით ჩაიარა. იქ ქართველ საერთაშორისო სტუდენტ გოგონას განვასახიერებდი, თუ რა გზას გადის იგი, როდესაც იცვლის საცხოვრებელ გარემოს, სახლს, ახლობლებსა და ა. შ. სწორედ ამ სპექტაკლის შემდეგ TeamTheatre თეატრმა შემომთავაზა ორი ახალი კონტრაქტი, რისთვისაც ამჟამად ვემზადები. პარალელურად ვმუშაობ მეორე პროექტზე Inside the Artists’s Mind, Rattelstick Theatre , ღატტელსტიცკ თჰეატრე-სთან ერთად, რომლისგანაც ასევე შემოთავაზება მივიღე.
_ ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ქართველი მსახიობის წარმატების შესახებ გესმის უცხო მიწა-წყალზე. მაგრამ ამ ყველაფერში საქართველო სად არის _ ეს უმდიდრესი, უძველესი და უნიკალური კულტურის მქონე ქვეყანა, რომელიც თქვენი სამშობლოა?
_ TeamTheatre -ის პროექტში ვასახიერებ საერთაშორისო ქართველ სტუდენტს. გამომდინარე იქიდან, რომ პიესის ავტორს მე ვსურდი მთავარ როლში, გადაწყვიტა, მთავარი პერსონაჟი ეთნიკურად ქართველი ყოფილიყო. ასევე ვგეგმავ ქართულ სპეკტაკლზე მუშაობას ბრუკლინის კულტურულ ცენტრში, სადაც ვმუშაობ პიესაზე სახელწოდებით „ჰანა“. ეს არის ავტობიოგრაფიული ჟანრი ქართველ მწერალსა და მოღვაწეზე რუსუდან ჭუბაბრიაზე და მისი ემიგრაციის ისტორიაზე ამერიკაში. საქართველოს კულტურა ბევრ ინსტერესს იწვევს აშშ-ში. იმედი მაქვს, რომ ჩემს წვლილს შევიტან მის პოპულარიზაციაში, როგორც ხელოვანი.
თამარ როსტიაშვილი