ხუთი პიჯაკი და ერთი ქაშმირის პალტო – ქართული მართლმსაჯულების კომიკური ქრონიკები
ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან „ქართული ოცნება“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ანგარიშებსა და ბიუჯეტიდან მოპარულ 19 მილიარდს ეძებს (მერე რა, რომ ქვეყნის წლიური ბიუჯეტი ამის მესამედი იყო). ოთხი წლის განმავლობაში ერთადერთი საქმე, რომელიც, გარკვეულწილად, ფინანსებს დაუკავშირდა, უკვე კომიკური ე. წ. პიჯაკების საქმეა.
ბიუჯეტიდან ნაყიდი ხუთი პიჯაკი და ექვსი ქიშმირის პალტო, ამჯერად, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ინახება. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, თემურ ჯანაშიას, კი ბრალი წაუყენეს. სხვათა შორის, იგივე სქემით და სდსს-ს მომსახურებით ორივე პრემიერი _ ბიძინა ივანიშვილიც და ირაკლი ღარიბაშვილიც სარგებლობდა.
„ქრონიკა+“-ს პიჯაკების საქმის სკანდალურ დეტალებს ადვოკატი ბექა ბასილაია უყვება:
_ პიჯაკების საქმე მთავრობის შეცვლიდან ორიოდ თვეში არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობისას დაიწყო, თუმცა თავდაპირველად საქმეს არა პროკურატურა, არამედ შსს-ს კონტრდაზვერვის სამსახური იძიებდა, რომელსაც ლაშა ნაცვლიშვილი კურირებდა, როგორც შს მინისტრის მოადგილე. დაიწყეს სდსს-ში შესვლა. სასამართლოს დოკუმენტების ამოღების განჩინებით მაშინვე მიმართეს და ამ თემაზე შავი პიარი ააგორეს, თითქოსდა რაღაც უკანონო ხარჯებს ჰქონდა ადგილი.
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პროკურატურამ, ფინანსურმა პოლიციამ სუს-მა ე. წ. შავი ფულის ძიება დაიწყო და შავ ფულთან დაკავშირებული ვერაფერი ხელმოსაჭიდი ნახა. შავი ფული არ არსებობს და ვერც ნახავდნენ. ნაცვლად იმისა, რომ ეღიარებინათ, _ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კორუფციული ბრალდებები არ გვაქვსო, გადაწყვიტეს, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცარი შეეყარათ და პიჯაკების საქმე წამოიწყეს, _ მართალია, არ არის შავი ფული, მაგრამ სახელმწიფოს ფული არასწორად დაიხარჯა. ერთდროულად დაიწყეს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ფინანსების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფინანსების შესწავლა, ანალოგიური ხარჯები აქვს სსდს-ს ადმინისტრაციას და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს. საერთაშორისო პრაქტიკაც ასეთია _ წარმოგიდგენიათ, ობამას რომ ვინმე შეედავოს, თანხას ფლანგავ, ჰავაიზე რომ ისვენებო? სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსა და ადმინისტრაციაზე თქვეს, რომ კარგი, ესენი ხარჯავდნენ, მაგრამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაცვით ღონისძიებებს ატარებს და, პარალელურად, წარმომადგენლობითი ხარჯი რატომ აქვს გაწეულიო? ამიტომ სდსს-ს ხარჯებზე შავი პიარის აგორება დაიწყეს, _ რახან ეს ხარჯი გრიფით საიდუმლო იყო, საზოგადოება მაინც ვერაფერს მიხვდება, ვერაფერს გაიგებსო და ამ მიმართულებით წავიდნენ.
ჯერ არც თემოსთვის და არც მიშასთვის ბრალდება არ იყო წაყენებული, პარლამენტში ირინა იმერლიშვილმა იუშენკოს საპონზე სამარცხვინო საუბარი დაიწყო. ეს იყო იაფფასიანი, გაუგებარი გამოსვლა. ერთ-ერთი მეგობარი ქეეყნის პრეზიდენტს (ალბათ, აქცენტირება უნდოდათ, რომ იუშენკო სააკაშვილის ბავშვის ნათლიაა) აბანოს ხარჯები დაუთვალეს, _ საპნის ფული, 100 ლარამდე თანხა.
აი, ასეთი კომპრომატები აქვთ ფინანსური თვალსაზრისით მიშას წინააღმდეგ. სხვა უფრო სერიოზული ვერც ვერაფერი ნახეს. რაც არ იყო, როგორ ნახავდნენ, და გადაწყვიტეს, რომ პიჯაკებისა და აწ უკვე თაიგულის საქმე გაესაღებინათ, როგორც ფინანსური დარღვევების საქმე. ბრალი წაუყენეს როგორც მიხეილ სააკაშვილს, ისე თემურ ჯანაშიას. საქმე ეხება, ჯამში, 8 მილიონ ლარს, გახარჯულს 2009-2013 წლებში.
_ ე. ი. პრეზიდენტს წელიწადში 2 მილიონი ლარი ჰქონდა ხარჯი?
_ დიახ, წელიწადში 2 მილიონ ლარს ხარჯს ედავებიან… ისეთ ხარჯს, რომელიც თითო თეთრის დონეზე აღრიცხულია ინვოისებსა და ქვითრებში. 8 მილიონზე ყველა სახის დოკუმენტაცია არსებობს…
_ არ არის შთამბეჭდავი ციფრი, მათ შორის, იმ ამომრჩევლისთვის, ვისაც დაჰპირდნენ, რომ ქვეყანა იქცეოდა. როგორც მახსოვს, 19 მილიარდს ეძებდნენ…
_ არაფრის თქმას ამჯობინეს, რომ ეს ეთქვათ, მაგრამ არ გაითვალისწინეს, რომ ჩვენ, დაცვის მხარე, საზოგადოებას დეტალურად ავუხსნიდით, რა ხარჯებისგან შედგება ეს 8 მილიონი ლარი. აი, ძირითადად, რაშია თანხები დახარჯული:
თვითმფრინავის ბილეთები, _ ეს არის ვიზიტები, რომელშიც მონაწილეობდა როგორც პრეზიდენტი, ასევე სხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები: პარლამენტარები, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, ქალაქის მერი და ა. შ. ზოგიერთი არის პრეზიდენტის ვიზიტი ავღანეთში დელეგაციასთან ერთად და ამ ტიპის ხარჯები რომ აქვს დაფარული, ბრალდებამ მტკიცებულებად წარმოადგინა, თითქოს რაღაცა დააშავა;
კვების ხარჯი, _ ხომ ყველა ხვდება, რომ პრეზიდენტი 8 მილიონისას ვერ შეჭამდა, იქ დელეგაციების კვებაა, სტუმრების, დელეგაციების დახვედრა და ა. შ. იბიცაზე არ ჩასულან და არ გართობილან. შეხვედრები იყო ბათუმში, თბილისში, უცხოეთში და ა. შ. ფრენა, კვება, სასტუმროს ხარჯი და ა. შ. პრეზიდენტი რომ მოძრაობდა და დელეგაციები დაჰყვებოდა, ეს ხალხი ხომ სადღაც უნდა გაჩერებულიყო? აი, ამ სასტუმროს ხარჯები.
მეოთხე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ტრანსპორტის ხარჯი. პრეზიდენტი დელეგაციით რომ ჩადის, იქ ადგილზე მანქანებს ქირაობენ სამოძრაოდ. ეს ბიუჯეტს ბევრად უფრო იაფი უჯდებოდა, ვიდრე საქართველოდან რომ სპეცმანქანები წაეყვანათ და იმით ემოძრავათ, დაახლოებით, 15-ჯერ ძვირი დაჯდებოდა, ვიდრე ადგილზე ქირაობის ხარჯია. აი, ეს ხარჯებია, ძრითადად, ამ 8 მილიონში. რჩება რამდენიმე ათასი ლარი ტანსაცმელზე, საჩუქრებზე, საქველმოქმედო მიზნებისთვის დახარჯული თანხა.
_ ყველაზე კომიკურია პიჯაკების თემა…
_ ამდენი წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა სულ ეგ ხუთი პიჯაკი და ერთი პალტო შეიძინა, მეტი არაფერი. ოფიციალურ ვიზიტებზე პრეზიდენტს რომ პიჯაკი სჭირდება, ეს ხომ სადავო არ არის… ასევე საჩუქრები. მაგალითად, სდსს-ს ხარჯით ხატია ბუნიათიშვილს ლა-სკალაში კონცერტის შემდეგ თაიგული მიართვეს. დღეს ყველა ამაყი ვართ, რომ ხატია წლის საუკეთესო პიანისტად დაასახელეს. დღეს ვიღაც თანამდებობის პირმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ან პრეზიდენტმა კონცერტის შემდეგ მას რომ თაიგული გაუგზავნოს და ამის გამო მათ ბრალი წავუყენოთ, ხომ კომიკურია?!. რაც შეეხება საჩუქრებს, საქველმოქმედო მიზნებით, დაახლოებით, 20 ათას ლარამდეა დახარჯული: აზერბაიჯანიდან საქართველოში ჩამოვიდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, რომლებიც, ამავდროულად, მზრუნველობამოკლებულებიც არიან და ეს ბავშვები პირველმა ლედიმ ბანაკებში წაიყვანა, ზღვისპირზე დაასვენა, სასტუმროს ხარჯი, კვების ხარჯი გასწია და დღეს ეს ბრალად აქვს წარდგენილი. კიდევ უფრო სასაცილოა, მაგალითად, რელიგიურ დღესასწაულზე ერთ-ერთი მონასტრისთვის შეძენილი თევზეული, რომელიც მონასტერს გადაეცა. ესეც ბრალდებადაა წარმოდგენილი. კახეთის მოსახლეობისთვის ცხვრებია შეძენილი, დღეობაზე შეჭირვებულ ოჯახებს დაურიგდა. ამაზეა ბრალდებები წაყენებული, ეს ხომ სასაცილოა! ანუ შინაარსობრივად, ეს ხარჯი ხომ თავისი არსით კრიმინალური არც ერთია, მეტიც, იმავე ტიპის ხარჯებს შევარდნაძეც წევდა, მიხეილ სააკაშვილიც და დღესაც წევს როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ისე სახელმწიფო კანცელარია.
_ ანუ თუ მოინდომეს, იგივე წარმატებით, შეიძლება, ანზორ ჩუბინიძესაც წაუყენონ ბრალი?
_ დიახ, ასეა… ეს ხარჯი სდსს-მ რომ გაწია, ეგაა პრობლემა, თორემ ეგ რომ სახელმწიფო ადმინისტრაციას, ან სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს გაეწია, ხმას არ ამოვიღებდითო. აქაც ორმაგი სტანდარტია. პიჯაკების საქმე ფორმალურად დაიწყეს, დოქტორ დოტის თემაზე, ცნობილი მასაჟისტი რომ იყო ჩამოსული, მაგრამ დოქტორ დოტის ჩამოსვლასთან, დაბინავებასთან და მისი მასაჟის ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით ბრალი არავის წაუყენებია, რადგან ჩაითვალა, რომ სახელმწიფოს ამ ტიპის ხარჯის შესაძლებლობა აქვს და თუ დოქტორ დოტთან დაკავშირებით არავინ დასჯილა და მეც მიმაჩნია, რომ არავინ უნდა დასჯილიყო, შემდგომი პერიოდის ხარჯებზე რატომ უნდა დასჯილიყო, ვთქვათ, თემურ ჯანაშია? აქ შერჩევითი სამართლის მკაფიო ნიშნებამდე მივდივართ. პირობითად დავიჯერებ, რომ პროკურატურა ამ შემთხვევაში სამართლიანად იქცევა და ამბობს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციამ და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ ეს ხარჯი რომ არ გაწია, სდსს-მ რადგან გაწია, ამიტომ ვერჩით თემურ ჯანაშიასო. თუ ამიტომ ერჩიან, მაშინ თემურ ჯანაშიამდე რომ დაიწყო სდსს-მ ამ ხარჯის გაწევა, თემურ ჯანაშიამდე დაახლოებით მილიონი ლარია დახარჯული, თემურ ჯანაშიას უფროსობის შემდგომაც რომ გაგრძელდა სდსს-ში ამ ტიპის ხარჯის გაწევა, მაშინ იმ ხალხს რატომ არ სთხოვენ პასუხს?!
ანუ საკითხი დგას ასე: ამ ტიპის ხარჯების გაწევა დაიწყო 2009 წლიდან, როდესაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ოთარ ქველიძე იყო. მას ამ მიმართულებით, დაახლოებით, მილიონი ლარი აქვს დახარჯული, მათ შორის, პიჯაკების ხარჯები ოთარ ქველიძემ გასცა. ოთარ ქველიძე პროკურატურამ მხოლოდ მოწმედ დაკითხა, ბრალდება არ წაუყენებია, არც საპროცესო და არაფერი, არ მიიჩნევს დანაშაულის სუბიექტად ოთარ ქველიძეს. თემურ ჯანაშიამ, რომელიც ამ თანამდებობაზე ქველიძის მერე მივიდა, უბრალოდ, ამ ტიპის ხარჯების გაწევა გააგრძელა, _ კი არ დაიწყო, რაც დახვდა, ის გააგრძელა და ჯანაშიას წაუყენეს ბრალი.
2012 წელს მთავრობა იცვლება, ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოდის, თემურ ჯანაშია 2013 წლიდან სამსახურის უფროსობიდან მიდის და სამსახურის უფროსად ანზორ ჩუბინიძე ინიშნება. ანზორ ჩუბინიძე 2013 წლის ნოემბრის ჩათვლით ამავე ტიპის ხარჯების გაწევას აგრძელებს და ამას დაკითხვის დროს მოწმეებიც ადასტურებენ. ამას პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოწერილი წერილიც ადასტურებს, რომ თემურ ჯანაშიას შემდგომაც გამოიცემოდა მსგავსი ტიპის განკარგულებები. ანზორ ჩუბინიძე მოწმის სახითაც კი არ დაკითხა პროკურატურამ. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ ოთარ ქველიძე და ანზორ ჩუბინიძე უნდა დაიჭირონ… არა, მიგვაჩნია, რომ ოთარ ქველიძე და ანზორ ჩუბინიძე, თემურ ჯანაშიას მსგავსად, უდანაშაულოები არიან, რადგან მათ მსგავსი ტიპის ქმედებები აქვთ ჩადენილი, იდენტური…
_ ბექა, სთავაზობდნენ თუ არა რაიმე გარიგებას თემურ ჯანაშიას? მაგალითად, ჩვენების მიცემას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ?
_ ასეთი ტიპის შემოთავაზებები ყოველთვის ღიად არ ხდება. აქ ლაპარაკი არაა იმაზე, რომ ვიღაც მოვა, რაღაც გარიგებას შემოგთავაზებს. ინიციატივას შენგანვე ელოდებიან, _ აი, ჩვენ პრობლემებს შეგიქმნით, ბრალს წაგიყენებთ, ქონებას დაგიყადაღებთ, საზღვარზე გასვლას შეგიზღუდავთ და მერე შენ იცი, როგორ მოაგვარებ. თემურ ჯანაშიას არაერთი ნაცნობი ჰყავდა ძალოვან მაღალჩინოსნებს შორის: ლაშა ნაცვლიშვილი, გიორგი ზედელაშვილი და სხვები. მათ იცოდნენ მისი ხასიათი, პრინციპები და არც აკადრებდნენ პირდაპირ შემოთავაზებას.
პლუს ამას, ქველიძისგან რაც მიიღეს, ოთარ ქველიძე ადგა და თავის ჩვენებაში სრულიად უსინდისოდ, უაპელაციოდ და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობის გარეშე თქვა, _ იცით, რა, სდსს-ს იმიტომ არ უნდა გაეწია ის ხარჯი და სდსს-მ იმიტომ დაიწყო ამ ხარჯის გაწევა, რომ რაღაცები შეენიღბა… და ეს საკმარისად ჩაუთვალეს, ანუ ეს პოლიტიკური განცხადებაა, არავითარ სამართლებრივ საფუძველს არ ემყარება და ოთარ ქველიძემ მიხეილ სააკაშვილისკენ თითის გაშვერა დაიწყო. ეს ინდულგენცია ამ ადამიანს ეყო. რაც შეეხება გრიფს საიდუმლო, თავის დროზე, თემურ ჯანაშიამ იკითხა, რა იყო იმის მიზეზი, რომ სდსს-ს უნდა გაეწია მსგავსი ტიპის ხარჯები? განმარტება იყო ასეთი: 2008 წლის მერე, როცა ვლადიმირ პუტინი ღიად გადავიდა მუქარაზე, გადაწყდა, რომ აქტივობები (პროტოკოლით, ან მის გარეშე), დაგეგმილი შეხვედრები საიდუმლო ყოფილიყო, მათ შორის, პრეზიდენტის მივლინებები, კვების საკითხი და ა. შ.
მაგრამ გრიფის დადება იმას არ ნიშნავდა, რომ ეს საბუთები სადღაც არ იქნებოდა, არ შეინახებოდა და განადგურდებოდა. თითოეული თეთრი, შესაბამისი ინვოისები აღრიცხული იყო და საქმეში დევს. მხოლოდ ინფორმაცია იყო დაცული, ვის ხვდებოდა სააკაშვილი, სად მიდიოდა, რომელ სასტუმროში რჩებოდა, რომელი კომპანიის მანქანებს ქირაობდა საზღვარგარეთ გადაადგილებისთვის, რომელი კომპანიების თვითმფრინავებით დაფრინავდა, რომელ რესტორანში დადიოდა უცხოეთში, თუ საქართველოს ტერიტორიაზე, ვინ შედიოდა დელეგაციაში და ა. შ. მსგავსი ინფორმაციები რომ ფარული ყოფილიყო, ვთქვათ, სხვა სპეცსამსახურებისთვის, მთელი იდეა ამაში იყო.
ჩვენ ანზორ ჩუბინიძეს პიროვნულად არაფერს ვერჩით, პირიქით, ეს ადამიანი პირადად ჩემში დიდ პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ ანზორ ჩუბინიძის სდსს-ს უფროსობის პერიოდშიც ამ ტიპის ხარჯების გაწევა გაგრძელდა.
_ რა თანხაზეა საუბარი?
_ რამდენიმე მილიონ ლარზე. სანამ ბიძინა ივანიშვილი თებერვლამდე პრემიერი იყო, იანვარში, ალბათ, მილიონზე ცოტა მეტი იქნებოდა, მაშინ უფრო ჩქარა დაიწყო დახარჯვა, იმიტომ, რომ ადმინისტრაციას ფული საერთოდ არ ჰქონდა. ერთადერთი თანხა, რითაც პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილება შეეძლო განეხორციელებინა, მისი სარეზერვო ფონდი იყო. ამით ფინანსდებოდა სტუდენტების სწავლა, მისი გადაადგილება, შეხვედრა, რეგიონებში სიარული და სხვა…
საინტერესოა, რომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის პერიოდში, ბიძინა ივანიშვილისსავე ხელმოწერით, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტის ხარჯების იმდაგვარად ხარჯვას ახორციელებდა, როგორადაც თემურ ჯანაშია ხარჯავდა და რაზეც თემურ ჯანაშიას ბრალი აქვს წაყენებული.
_ ბექა, არსებობს შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელს აწერს?
_ დიახ და ეს ოფიციალური დოკუმენტია.
ახლა ვნახოთ, რა ხდება არა მხოლოდ პრეზიდენტის ხარჯებთან დაკავშირებით: 2013 წელს ირაკლი ღარიბაშვილი, როდესაც ნიუ-იორკში ვიზიტით ჩაფრინდა, პირდაპირ გამოსცა განკარგულება, სადაც წერს: პრეზიდენტის ნიუ-იორკში ჩაფრენისა და უკან გადმოფრენის თაობაზე სპეცრეისის განმახორციელებელი იყოს სდსს, რომელმაც ამ სპეცრეისის ხარჯები უნდა დაფაროს… ანუ ის, რაზეც თემურ ჯანაშიას ედავებიან, ღარიბაშვილმა პირდაპირ დაავალა სდსს-ს და აქ სდსს-მ ეს პირდაპირ შეასრულა… ეს იყო თბილისი-ფრანკფურტის რეისი… ფრანკფურტიდან ნიუ-იორკში იქიდან წავიდა 20-ათასლარიანი ბილეთით.
ამ ფაქტების მერე ვთქვათ, რომ თემურ ჯანაშიას რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, სრული აბსურდია.
ეს არ არის ისეთი ტიპის სისხლის სამართლის საქმე, როდესაც ადამიანმა ადამიანი მოკლა და ჩვენ ვამბობთ, სხვაც არის მკვლელი და თუ იმ სხვას არ იჭერ, მეც არ დამიჭირო. ფაქტობრივი გარემოებები იდენტურია და თუ თემურ ჯანაშიასთან მიმართებით გაფლანგვად ფასდება, მაგრამ ორ სხვა ადამიანთან მიმართებით გაფლანგვად არ ფასდება, ესე იგი, ეს არ არის ობიექტურად გამოძიებული და მიზანში ამოღებულია მხოლოდ თემურ ჯანაშია, რომ როგორღაც ეს ადამიანი შეზღუდონ, პრობლემები შეუქმნან და ა. შ.
ეს ადამიანი რომ მიზანშია ამოღებული, მარტივი გარემოებებით დასტურდება, მაგალითად: თემურ ჯანაშიას მასალების შესწავლით დადგენილია, რომ პროკურატურას სადავოც არ გაუხდია და ამ მიმართულებით ერთი კითხვაც კი არ დასმულა, რომ სდსს-ს ამ 8 მილიონიდან ერთი თეთრი მაინც თუ მოხმარდა პირადად თემურ ჯანაშიას. ყველამ იცის, რომ თემურ ჯანაშიას არც ერთი თეთრი არ მოუხმარებია და ეს საეჭვო არ ყოფილა, მიუხედავად ამისა, რომ თემურ ჯანაშიას, მისი შვილების, მეუღლის სახელზე არსებული ყველანაირი ქონება დააყადაღეს, მათ შორის, ისეთი ქონებებიც, რომელიც შეძენილია, სანამ თემურ ჯანაშია სდსს-ს უფროსის თანამდებობაზე დაინიშნებოდა. მეტიც, დააყადაღეს ბინა, რომელიც მისმა მეუღლემ „თიბისი ბანკის“ გათამაშებაში მოიგო, დააყადაღეს 1980-იან წლებში სიდედრისგან მემკვიდრეობით მიღებული ქონება, როდესაც, ჯერ კიდევ, ამ პერიოდში მეუღლეს არ იცნობდა, მისმა მეუღლემ დედისგან მიიღო მემკვიდრეობით და პროკურატურას ისეთი ქონება აქვს დაყადაღებული, ეს რას ემსახურება, თუ არა ადამიანის გამწარებას?!. დაუყადაღეს საბანკო ანგარიშებიც.
ძიება დასრულდა და საქმე სასამართლოში წარიმართა. თემურ ჯანაშიას პასპორტის დაბრუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, თითქოს სადმე გაქცევას აპირებდა.
სასამართლოში შუამდგომლობა დავაყენეთ, ძალით ვერ შევუვარდებით, ვერ გავცდებით პროკურატურის კარს და ვერ გამოვიტანთ, ხომ? სასამართლოში შუამდგომლობა დავაყენეთ პასპორტის დაბრუნებაზე და მოსამართლე პასუხობს, _ სწორი ხართ, უნდა დაგიბრუნდეთ, მაგრამ მე პროკურატურას ხომ ვერ დავავალებ, იქ ისედაც წერია, რომ უნდა დაგიბრუნდეთ და რომ არ გიბრუნებენ, ეს ჩემი საქმე არააო.
ამის შემდეგ უკვე საზოგადოებრივი წნეხიც იყო, საკითხები გაშუქდა და ა. შ. საბოლოოდ, თემურს პასპორტი დაუბრუნდა. პასპორტის დაბრუნების შემდეგ თემური არაერთგზის გავიდა საქართველოდან და უკან დაბრუნდა. ყველა ხედავს, რომ არსად იმალება. მთელი იმ პერიოდის ქმედებებს ერთი მიზანი ჰქონდა, რომ როგორღაც გადაადგილებაში შეეზღუდათ მიმოსვლის თავისუფლებით. მეტიც, ახლაც თვალნათლივ ხედავენ, რომ საზღვარზე გადის და საზღვრიდან ისე შემოდის, რომ არ იმალება, სასამართლო პროცესს ესწრება და ა. შ. ამის მიუხედავად, საზღვარზე ხელოვნურად აბრკოლებენ რამდენიმე წუთით, ზოგჯერ ნახევარი საათით, ორი საათითაც გაგრძელებულა. იქ სუს-ის თუ პროკურატურის თანხმობას ელოდებოდნენ. ადამიანს, კანონით უფლება აქვს, ქვეყანა დატოვოს და ქვეყანაში შემოვიდეს, გაუშვან ან შემოუშვან. სასაცილო ის არის, რომ ზოგჯერ შემოშვების დროსაც აყოვნებენ…
_ ალბათ, ძალიან ბედნიერები იქნებოდნენ, რომ არ ჩამოსულიყო და დარჩენილიყო… რა ეტაპზეა სასამართლო?
_ ახლა ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. სასამართლოზე მოწმეები მოდიან, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ უკანონოს არაფერს ვაკეთებდით, რასაც ვხარჯავდით, ამაზე დოკუმენტი მოგვქონდა, თემურ ჯანაშია არასდროს პირადად არ გვინახავს, რომ დავალება მოეცა და ჩვენი უშუალო ხელმძღვანელები გვავალებდნენ, არც ერთი ეს ხარჯი, რაც გაწეულია, ვიღაცის ჯიბეში არ წასულა. სხვა მოწმეებიც იგივეს გააგრძელებენ. აქ მნიშვნელოვანი არის: როდესაც სდსს-ზე ვლაპარაკობთ, სდსს-მ გახარჯაო, სანამ გახარჯავდა, პრეზიდენტის განკარგულება არსებობს, სადაც წერია, რომ სდსს-ს ამ ტიპის ხარჯის გაწევა ევალება, პრეზიდენტი არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, სდსს არის გასამხედროებული ორგანიზაცია, რომელიც ექვემდებარებოდა პრეზიდენტს (ახლა პრემიერს ექვემდებარება). შეუძლებელი იყო, თემურს არ შეესრულებინა პრეზიდენტის წერილობითი მითითება. პრეზიდენტის განკარგულებას ვერც სდსს შეასრულებდა, ასრულებდა ფინანსთა სამინისტრო. ეს პრაქტიკა კახა ბაინდურაშვილის დროს დაიწყო, ის მოწმის სახით დაკითხეს და მორჩა. ის თანხა ფინანსთა სამინისტროს რომ არ გამოეყო, ვერ დახარჯავდა და თანხის გამოყოფის შემდეგ თემურ ჯანაშიას რა უნდა ეთქვა? _ იცით, რა, პრეზიდენტის განკარგულება არსებობს, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება არსებობს, რომ თანხა გამოიყოს და მე ამ ფულს ვერ დავხარჯავო? სხვათა შორის, ნოდარ ხადურის დროსაც ჩვეულებრივად გაგრძელდა ეს პროცესი.
როდესაც ამ საქმის გასაიდუმლოების საკითხი დადგა, ყველას ძალიან კარგად ახსოვს, მოქმედი პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარზე იყო მასალების გასაიდუმლოებაზე, ანუ ცალსახად ის, რომ საიდუმლო არ უნდა ყოფილიყო და, თავის დროზე, არასწორი გახლდათ ამის გასაიდუმლოება, ასეთ დასკვნას ვერ გავაკეთებთ, რადგან, დღეს „ოცნების“ პირობებში არჩეული პრეზიდენტიც ფეხს ითრევდა და უარს ამბობდა ამ მასალების გასაიდუმლოებაზე…
საქმეში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა დევს. მოგეხსენებათ, ეს დეპარტამენტი პირდაპირ დაკავშირებულია სახელისუფლებო ვერტიკალთან.
ვერ ამბობს, რომ გრიფი საიდუმლო არ უნდა დადებოდა ამ მასალებს. მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ამისათვის დღეს არ არსებობს გარემოებები.
საზოგადოებაში თუ ვინმე ობიექტურად აზროვნებს და ვინმე ამ საკითხით დაინტერესებულია, სიღრმისეული კვლევა არც სჭირდება და ზედაპირზე დევს, რომ თემურ ჯანაშია არ შეიძლება, ამ საქმეში დამნაშავე იყოს, უბრალოდ, წარმოუდგენელია, რომ გასამხედროებული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ადამიანი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის წერილობითი მითითების შესრულების გამო დასაჯო და მეტიც, აქ რომ არანაირი დარღვევა და დანაშაული არ არის მომხდარი ისიც მეტყველებს, რომ იმავე ქმედებებში, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ქართული ოცნებაა“ ჩართული.
იმედი მაქვს, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილი ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და ვფიქრობ, ეს საქმე თემურ ჯანაშიას სრული გამართლებით დასრულდება.
ელისო კილაძე