ცოლ-ქმარ მამაცაშვილების კახური ქონება
ოჯახი _ ქორწინებისა თუ ნათესაობის საფუძველზე შექმნილი მცირე სოციალური ჯგუფი, რომლის წევრებიც დაკავშირებული არიან ერთმანეთთან ყოფა-ცხოვრების ერთიანობით, ურთიერთმხარდაჭერითა და მორალური პასუხისმგებლობით.
საქართველოს სამოქალაქო სამართლის მიხედვით, ოჯახი ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო ორგანოში. რამდენადაც, სამართლებრივი თვალსაზრისით, მხოლოდ ასეთი რეგისტრაცია წარმოშობს მეუღლეთა შორის გარკვეულ უფლებებსა და მოვალეობებს, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად: „ქონება არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს“.
დღეს ვისაუბრებთ ოჯახზე, რომლის წევრებიც ერთ მისამართზე არ არიან რეგისტრირებულნი…
ვისაუბრებთ ოჯახზე, სადაც ხშირად წყდება ამ ქვეყნის ბედიც და ამ ქვეყნის მოქალაქეების იღბალიც…
ვისაუბრებთ ოჯახზე, რომელიც 2012 წლამდე, უბრალოდ, არსად ჩანდა…
ვისაუბრებთ ოჯახზე, სადაც ოჯახის „თავი“ ამ ქვეყნის „რუხი კარდინალია“…
ვისაუბრებთ ოჯახზე, რომელსაც ამ ქვეყნის ოლიგარქი ივანიშვილი, მგონი, ყველაზე მეტად ენდობა…
ვისაუბრებთ უცნობი კაცის უცნობ მხარეებზე…
ვისაუბრებთ მისი მეუღლის ქონებაზეც…
ლელა…
იგი საჯაროდ არ ჩანს…
მეუღლის მსგავსად არ უყვარს საზოგადოებაში ტრიალი…
თავის ნაჭუჭში გამოკეტილი ოჯახის ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც ჩრდილში მყოფი კარდინალის თანამეცხედრეა…
ლელა უჩა მამაცაშვილის ცოლია…
უჩა მამაცაშვილის სარეგისტრაციო მისამართზე მხოლოდ ის ფიქსირდება, რაც ეჭვს აჩენს, რომ მამაცაშვილს არ სურდა, საზოგადოებისთვის, მედიისთვის თუ სამოქალაქო სექტორისთვის მარტივად მისაგნები ყოფილიყო მისი მეუღლის საცხოვრებელი სახლის რეგისტრაციის მისამართი…
შესაბამისად, მიგნების შემდეგ მარტივი გახდებოდა წვდომა იმ ქონების შესახებ, რომელსაც მისი ოჯახი ფლობს.
როგორც ჩანს, ქორწინების შემდეგ მამისეული გვარი კოკილაშვილი არ დაიტოვა და მეუღლის გვარზე გადავიდა. დაიბადა და გაიზარდა სოფელ გრემში… ახლა ვაკეში ცხოვრობს…
ხელმოცარული ნამდვილად არ არის _ აქვს ქონება და გავლენებიც…
უჩას თანამეცხედრე ლელას ქონებრივი ანატომია კი ასე გამოიყურება:
ფლობს 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს ქალაქ თბილისში, თენგიზ გაზდელიანის ქ. #15ა-ში;
ასევე ამავე ქუჩის, გაზდელიანის #15-ში ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს (1000 კვ.მ.);
ქალაქ თბილისში, მიხეილ თამარაშვილის #10-ში ფლობს 203 კვ.მ. ბინას;
ქალაქ თბილისში, ბაგების სატყეო უბანში ფლობს არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს (965.00 კვ.მ.);
მამაცაშვილის მეუღლე ფლობს ვენახებსა და სახნავ-სათესს მიწებს კახეთშიც;
კახეთში მამისგან სოფელ გრემში ჩუქებით აქვს მიღებული 1382 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო საკარმიდამო ნაკვეთი;
სოფელ გრემში 2013 წელს ნასყიდობით შეძენილი აქვს 4642 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი;
2014 წელს სოფელ გრემში ლელა მამაცაშილი კვლავ ყიდულობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართს _ 1208 კვ.მ.;
ასევე ჩუქების სახით აქვს მიღებული სოფელ გრემში სასოფლო-სამეურნეო სახნავი მიწის ნაკვეთი (5465 კვ.მ.).
ჯამურად, ლელა მამაცაშვილი მხოლოდ კახეთში ფლობს 12000 კვ.მ.-ზე მეტ ფართს…
მფლობელის კეთილსინდისიერება თუ არაკეთილსინდისიერება სუბიექტური შეფასების საგანია და მათში ვლინდება პირის დამოკიდებულება ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლისადმი.
ხოლო მფლობელის კანონიერება თუ უკანონობა ობიექტური, ნორმატიული ნების შეფასების საგანია.
თუმცა კახეთის სიყვარულში არც მეუღლე ჩამოუვარდება ლელას.
საჯარო რეესტრის ოფიციალურ გვერდზე უჩა მამაცაშვილის 2014 წლის ქონების მიხედვით მას გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში სასოფლო-სამეურნეო სახნავი მიწები აქვს ე.წ. უროებში.
კერძოდ, ოთხი მიწის ნაკვეთი ასე გამოიყურება:
6000კვ.მ.; 1400 კვ.მ.; 1865 კვ.მ.; 859 კვ.მ. ჯამურად, უჩა მამაცაშვილი კახეთში 10000 კვ.მ.-ზე ფლობს ვენახებს.
ასევე ვენახები აქვს გაშენებული გრემში მის მეუღლესაც.
მამაცაშვილების ოჯახი კახელი გლეხებისა და აგრონომებისგან განსხვავებით არც ვენახის გასხვლაში მონაწილეობს, არც გადაკავებაში, არც მოწამვლაში, არც დაკრეფასა და არც დაწურვაში…
მამაცაშვილების ოჯახი არც იმ გრძელ რიგებში დგას, სადაც გლეხები ამაოდ ცდილობენ ყურძნის ჩაბარებას კვირების მანძილზე…
მამაცაშვილების ოჯახი არც კახელობს, მაგრამ ქონებას კი აგროვებს კახეთში…
მამაცაშვილების ოჯახის გურჯაანელი მოურავი გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილია, რომელიც, აგერ უკვე, მეორე მოწვევას ასრულებს და ჯერ არ დაღლილა… მისი პირდაპირი მოვალეობაა უჩასა და ბიძინას ვენახის მოვლა-პატრონობა.
როგორც გურჯაანში ამბობენ, ბერიძიშვილის თავმჯდომარეობა განაპირობა იმან, რომ მამამისი, შალვა ბერიძიშვილი, სოფელ ბაკურციხეში ბიძინა ივანიშვილისა და კარდენახში უჩა მამაცაშვილის ვენახებსა და ნაკვეთებს უვლის. ბერიძიშვილი დღემდე ბედნიერია და არავინ და არაფერი უშლის მას ხელს…
თუკი ობიექტური ფაქტორები თვით მფლობელობის მდგომარეობის ბედ-იღბალს განსაზღვრავს, სუბიექტური ფაქტორები, ძირითადად, თვით მფლობელის უფლებრივ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას. ანუ კანონიერი იქნება მფლობელობა, რომელიც ემყარება კანონის ნორმატიულ ნებას.
დღევანდელი მასალა ამით დასრულდება…
დღევანდელ მასალას ექნება გაგრძელება „არქი ჯგუფზე“…
ცნობილი ქმრის უცნობი მეუღლის ქონების ანატომია ამით არ სრულდება…
მაკა მოსიაშვილი