ცალმხრივი სიყვარულის ისტორია

ერთმნიშვნელოვნად დასაგმობია ის, რაც სახელმწიფომ დაატრიალა „ბასიანსა“ თუ სხვა კლუბებში. ბარიგებთან ბრძოლას არ სჭირდება კლუბების აწიოკება. ბარიგები კლუბებამდე არ უნდა მიუშვა, საზღვარზევე უნდა აყარო და თუ შემოგეპარნენ, იმ კლუბში შესვლამდეც და იქიდან გამოსვლის მერეც მშვენივრად შეგიძლია აიყვანო, მით უმეტეს, თუ თვეების წინ გაქვს დაწყებული მათზე მიყურადება.

ამ ხელისუფლებამ თავად გაუხსნა გზა ყველანაირ ნარკოტიკს, წაილეკა ქვეყანა და ახლა, ხალხის აღშფოთების ჩასაცხრომად და ელექტორატის გულის მოსაგებად, სადამსჯელო შოუები გამართეს _ ნახეთ, როგორ ვებრძვით ნარკოტიკებსო. და დაარბიეს კლუბში მისული ახალგაზრდები. ახალგაზრდების პოროტესტმა ქუჩაში გადმოინაცვლა, რაც სრულიად ლოგიკური და ლეგიტიმური იყო.
ვინმეს შესაძლოა, არ მოსწონდეს ის, რის გამოც ახალგაზრდების ეს მოზრდილი ჯგუფი გამოდის ხოლმე ქუჩაში, მაგრამ მათ აქვთ უფლება გააპროტესტონ ის, რაც მათ აღელვებთ და თუ ვინმეს, მეც, მათ შორის, ის არ აღელვებს და სხვა რამ გვაღელვებს, ეს მათი პრობლემა არაა. შეიძლება, არც ჩვენია, მაგრამ მათი ნამდვილად არაა. ყველას აქვს უფლება, რაც არ მოსწონს, გააპროტესტოს და შემდეგ კიდევ ყველას აქვს ამ პროტესტის შეფასების უფლება _ მოწონების, დაწუნების, გაკრიტიკების, შექებისა და ა. შ. ასე იყო ახლაც, შეგვიძლია ამ ახალგაზრდებს დავუწუნოთ გამოსვლის მიზეზი, მაგრამ… ვინც იმ დღეს ქუჩაში გამოვიდა, ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში დადიოდა, აი, იმ აქციის დროს, ჯღანას მხარდასაჭერად რომ გაიმართა რუსთაველზე… ჰოდა, ერთი რამ მაინტერესებს, ვისი ბეგრაუნდიც ჯღანას დასაცავად რუსთაველზე გამოვარდნაა, აქვს კი მორალური უფლება, კრინტი დაძრას და ვინმეს ქუჩაში გამოსვლის მიზეზი დაუწუნოს? მოკლედ, კარგი იქნება, ყველა თუ თავის ჯღან პროტესტს მიხედავს…
მე არ შევეხები იმას, როგორ განვითარდა ამ აქციაზე მოვლენები და რით დასრულდა იგი ბოლოს. ეს ყველამ კარგად იცის და ბევრმა მანამდეც, დამთავრებამდეც იცოდა, რა მოხდებოდა და რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. არც იმას შევეხები, რა გადახდა თავს ამ აქციაზე მხარდასაჭერად მისულ რომან გოცირიძეს, მე შევეხები იმას, რაც მე გადამხდა თავს ამ აქციაზე მიუსვლელად.
მოკლედ, ასე: ტელევიზიით, ინტერნეტით ვადევნებდი თვალს, რაც ხდებოდა აქციაზე და სოლიდარულიც ვიყავი, მაგრამ ვნახე ვიდეო, თუ როგორ იყვნენ ამხტარი 9 აპრილის მემორიალზე მომიტინგეები და ბუქნაობდნენ. ვნახე და აღვშფოთდი. ეს აღშფოთება გამოვხატე ფეისბუკ-პოსტში.
ვაზუსტებ, ეს ჩემთვის მიუღებელი აქტი არ განმიზოგადებია და ამის გამო არ გამიკრიტიკებია არც მთლიანად ეს საპროტესტო აქცია და არც ამ აქციის ყველა მონაწილე. გავაკრიტიკე კონკრეტული ქმედება _ უპატივცემულობა 9 აპრილს დაღუპული გმირების მიმართ!
ან მე რა მივიღე ამის პასუხად, ან კიდევ ბევრმა სხვამ, ვინც ჩემსავით აღშფოთდა მემორიალზე ტინგიცობით და გამოხატა ეს აღშფოთება? რა და მურიან „ტრუბაში“ გაგვაძვრინეს! რა აღარ გვიწოდეს, რა ტალახი აღარ გვესროლეს!
ამ სიტუაციის მთელი კუდამპარტავნება ის გახლდათ, რომ იმ ცეკვას გამოხატვის თავისუფლებით ამართლებდნენ და იქვე ჩვენ გვართმევდნენ უფლებას, საკუთარი აზრი გამოგვეხატა! თურმე, ერთს გამოხატვის უფლება აქვს, რომ ზედ შეახტეს ხსოვნის მემორიალს, იბუქნაოს და შენ არ გაქვს უფლება, საკუთარ ვოლზე ხმა ამოიღო! ელემენტარულად თქვა, რომ არ მოგწონს ასეთი უპატივცემულობა!
რა აღარ გამოიყენეს არგუმენტად! ზოგმა დავით აღმაშენებლის ანდერძიც გაიხსენა, ფეხი დამადგით გულზედ ყოველმანო. მერე რა, რომ დავით აღმაშენებლის ანდერძი დავით აღმაშენებლისაა და სხვებზე არ ვრცელდება? სხვამ ისიც დაასკვნა, რომ თამარ ჭოველიძე, ნათია ბაშალეიშვილი თუ ეკა ბეჟანიშვილიც, თურმე, მათთან ერთად იცეკვებდნენ. სხვამ არ ვიცი საიდან, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ თამარ ჭოველიძე იმქვეყნად კმაყოფილი იყო, მის მემორიალზე რომ ცეკვავდნენ…
ზოგმა ამ კრიტიკის გამო ღიად დაგვდო ბრალი ახალგაზრდების ზიზღში, მათი გადავლის სურვილსა და ათას უბედურებაში.
მეტიც, „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ქალბატონმა ჩიორა თაქთაქიშვილმა, მემორიალზე ცეკვის გაპროტესტება სუსის მესიჯად გამოაცხადა! საზოგადოებას ამცნო, რომ სუსმა აქციის დისკრედიტაციისთვის მესიჯბოქსი შეიმუშავა და თურმე რიგით მეოთხე ყოფილა ამ მესიჯებში „9 აპრილის მემორიალზე აძვრნენ და ცეკვავენ“.
სხვა კიდევ უფრო წინ წავიდა და თუ ეს ცეკვა გააპროტესტე, თურმე უნისონში ყოფილხარ მარშისტების ნარატივთან და უნდა გრცხვენოდეს. ანუ თუ რაიმეზე გულწრფელად აღშფოთდები, უნდა გადაამოწმო, სუსის მესიჯბოქსი ხომ არაა, თუ ვერ ამოწმებ, ჩიორას ჰკითხო… უნდა გადაამოწმო, შემთხვევით იგივეს ხომ არ ამბობს კორკოტა… თურმე ეს ყოფილა თავისუფლება _ ვიღაცამ სადაც უნდა, იქ ყაროს ტლინკი და შენ საკუთარი აზრი და სათქმელი უნდა ჩაიგუბო და მხოლოდ მაშინ გამოხატო, თუ ვიღაცის ნარატივს არ ემთხვევა.
ვიღაცამ ჭკუა უნდა გარიგოს და გიმტკიცოს, რომ ეგ რკინის კონსტრუქცია არაფერია. მერე რა, რომ პასუხი არ აქვთ კითხვაზე, _ აბა, საერთოდ რატომ დავდგით და რატომ ვუწოდეთ 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნის მემორიალი? ვიღაცამ უნდა გვიმტკიცოს, რომ თურმე სწორედ ამისთვის დაღუპულან 9 აპრილს, რომ აქ ასე ეცეკვათ; რომ სწორედ ესაა თავისუფლება და არა ის, რაც თურმე ჩვენ გვეგონა. ვიღაცა იმას გიმტკიცებს, რომ ისინიც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და ესენიც თავისუფლებისთვის იბრძვიან, რომ ეს ცეკვა ყოფილა თავისუფლებაც, პროტესტიც, ყველაფერიც.
და რაც მთავარია, მემორიალზე აცეკვებულებს ყველაზე გაშმაგებით „ნაცმოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერები და რიგი წევრები იცავდნენ. დაცვა რბილად ნათქვამია, ყველას დაუნდობლად გვლანძღავდნენ და მიწასთან გვასწორებდნენ, ვინც კი ეს ფაქტი გავაპროტესტეთ. დაუნდობლად იმეტებდნენ თავის მხარდამჭერებსაც კი, ოღონდ კი ამ ახლაგაზრდების გული მოეგოთ. დიახ, ეს ხდებოდა რეალურად _ თავს არ ზოგავდნენ, რომ ამ ახალგაზრდებისთვის თავი მოეწონებინათ, მათი გული მოეგოთ.
კლავიატურა გავცვითე იმის ახსნით, რომ არავინ ერჩის მაგ ახალგაზრდებს, არც მათ გამოხატვის უფლებას, არც ცეკვას, რომ უბრალოდ ერთი კონკრეტული ქმედება არ მომეწონა _ მემორიალზე შეხტომა! მაგრამ რა გინდა, ვიღაცამ კორკოტასთან გამიშვა, მიუერთდიო, ვიღაცამ ნოყიერი შავმიწა დამაყარა, ვიღაცებმა „გრეჩიხას“ აქციების დროინდელი ფოტოები ამოყარეს არქივიდან, მემორიალზე რომ ყვავებივით არიან იმ აქციების მონაწილეები შემსხდრები დროშების ფრიალით, სხვებმა ისიც შემახსენეს, რომ თურმე რა ხმა ამოგვეღება იმის მერე, რომ იმდროინდელ ოპოზიციას ტუალეტად ჰქონდა ნაქცევი რუსთაველი, თვეობით გალიები ედგათ და მემორიალსაც ზედ ასხდნენ… ისე შეიჭრნენ როლებში, ვეღარ იგებდნენ, ვის უტრიალებდნენ თითებს თვალებთან _ „გრეჩიხას“ აქციების მონაწილეს თუ იმ აქციების დროულად აღკვეთის მომხრეს? მათაც ვკითხე და აქაც, საჯაროდაც ვკითხულობ: ჩემი ბრალია, „ნაცხელისუფლებამ“ რომ თვეობით მუქთად „მიაქირავა“ მაშინდელ ოპოზიციას რუსთაველი? ჩემი ბრალია, რომ დროულად არ აღკვეთა მათი „საკანცემა“ ზედ რუსთაველზე?
და რა ლოგიკაა, რაკი, ოდესღაც „გრეჩიხებმა“ და „ბურჯიკებმა“ რუსთაველი და ეგ მემორიალი აიგდეს, ახლა ყველაფერი დაშვებულია?
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, _ მე ამ ახლგაზრდების საწინააღმდეგო არაფერი მქონდა და არც მაქვს. მერე რა, რომ რიგ საკითხებში პრინციპულად არ ვეთანხმები მათ! ეს არაფერს ცვლის! მათ აქვთ უფლება, გამოხატონ საკუთარი აზრიც, პროტესტიც! მით უმეტეს, ამ შემთხვევაში სრულიად და ერთმნიშვნელოვნად სამართლიანი იყო მათი პროტესტი კლუბების დარბევის გამო. ერთი ობოლი შენიშვნა გამოვთქვი მემორიალზე შეხტომასთან დაკავშირებით და პასუხად ლანძღვა და თათხვა მივიღე. და რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცებმა ძალიან მოინდომეს, თავი მოეწონებინათ იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მათ ცხვირზე არ იდებენ, ცოცხალი თავით არ იკარებენ. და იცით, რატომ? სრულიად სხვა პოლიტიკური „ვკუსი“ აქვთ და „ნაციონალები“ არ ჯდებიან მათ „ვკუსში“! და რაც არ უნდა ლანძღონ ვინმე მათ გულის მოსაგებად, მაინც არ დაუჭერენ მხარს, არ გაიკარებენ. ცალმხრივად არიან შეყვარებული ახალგაზრდების მაგ მოზრდილ ჯგუფზე და როგორც ჩანს, იმედს არ კარგავენ. ამ სეგმენტის გულის მოგებას ჩვენი, ჩემი და ჩემისთანების ლანძღვით ცდილობენ და რა უნდა უთხრა ამ დროს? გარდა იმისა, რომ მშვიდობაში მოახმაროთ ეგ ცალმხრივი ტრფობაც, ეგ სეგმენტიც და მაგ სეგმენტისგან მოქნეული პანჩურიც.
და რაც მთავარია, კარგად ჩამოყალიბდნენ, არსებითია თუ არა ადგილი ცეკვისას? ხან აწვებიან, რომ მნიშვნელობა არ აქვს, სად იცეკვებ და ხან კრემლში ცეკვა ტეხავს. იმაზეც ჩამოყალიბდნენ, რა ფუნქციური და არსებითი დატვირთვა აქვს მემორიალს და თუ მემორიალი საერთოდ არაფერია, რა ისტერიკებს იმართებდნენ მაშინ, როცა კნეინა წულუკიანმა იუსტიციის სახლის წინ მემორიალი დაუდგა ვაზაგაშვილებს და დანარჩენს? თუ ახლაა უმნიშვნელო, რას შეახტებიან _ 9 აპრილის მემორიალს თუ ვაზაგაშვილის მემორიალს?
ჰოდა, რაც მთავარია, მიხვდნენ, რომ ახალგაზრდების ეს კონკრეტული, საკმაოდ მოზრდილი ჯგუფი მათი მოკავშირე არაა და არც იქნება! იმედი მინდა ვიქონიო, რომ მათ მართლაც მოსწონთ ეს ახალგაზრდები და ასე ვნებიანად იმიტომ მიიწევენ მათკენ და არა იმიტომ, რომ ეს საკმაოდ სოლიდური ჯგუფი უკვე მზა და ორგანიზებულია.
ვიმეორებ: მათ მოსწონთ, მაგრამ ახალგაზრდებს არ მოსწონთ ეგენი. რა დარჩენიათ მათ? ახალგაზრდების სხვა, თუნდაც დაუორგანიზებელ ჯგუფებში ეძებონ მოკავშირეები! ახალგაზრდობა არ არის მარტო „თეთრი ხმაური“ და მათ გარშემო დარაზმული რამდენიმე ათასი კაცი. ახალგაზრდობა ბევრად მრავალრიცხოვანია და ბევრად მრავალფეროვანი _ მრავალფეროვანი ინტერესებით და მისწრაფებებით. ბოლო აღწერის მონაცემებით საქართველოში 20-24 წლის ასაკის 266 ათასზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს, 25-29 წლის _ 278 ათასზე მეტი. ხვდებით, ნახევარ მილიონზე მეტი მაგ ასაკის ახალგაზრდაა ამ ქვეყანაში და რას გადაეკიდეთ მაგ კონკრეტულ ჯგუფს, რა შეუჭამეთ გული, გაიგეთ, რომ არ ეპიტნავებით…
გაიგეთ, ცალმხრივი სიყვარული არც პოლიტიკაში ვარგა…
მთელი ამ ამბის კომიკური ფინალი ის იყო, რომ თავად აქციის მონაწილეებმა ბოდიში მოიხადეს მემორიალზე ცეკვის გამო! აი, ესენი რომ საამაყოს ეძახდნენ იმ ცეკვას, თავისუფლებისა და პროტესტის აპოთეოზად რომ გვტენიდნენ, სწორედ იმაზე მოიხადეს ახალგაზრდებმა ბოდიში. ძალიან მაინტერესებს, რა გემო იგრძნეს პირში ამ ცეკვის „გამპრავებლებმა“, როდესაც ეს ბოდიში მოისმინეს?..

რეზო შატაკიშვილი