ტურიზმი კახეთში – საპირფარეშოები მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში ფუნქციონირებს?!

 

კახეთის ტურისტულ ზონებში საზოგადოებრივი ტუალეტების მოსაწყობად ასობით ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა აღნიშნული საპირფარეშოები მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში ფუნქციონირებს, ტურისტებს კი თავიანთ შთაბეჭდილებებში, საქართველოს ღირსშესანიშნაობების პარალელურად, ამ დაწესებულებების უარყოფით კონტექსტში განხილვა ხშირად უწევთ.

იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო სერვისებისთვის სოლიდური ფინანსები გაიხარჯა, საზოგადოებრივი ტუალეტები ელემენტარულ პირობებსაც ვერ აკმაყოფილებს.

წლების მანძილზე კახეთის რეგიონში ერთ-ერთ მწვავე პრობლემას საზოგადოებრივი ტუალეტების არარსებობა წარმოადგენდა. პრობლემის აქტუალობასა და სიმწვავეზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ ტურისტულად აქტიურ დასახლებებში არც ერთი საზოგადოებრივი საპირფარეშო არ ფუნქციონირებს.

21-ე საუკუნის კახეთში, რომელიც საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი რეგიონი უნდა იყოს, ტურისტებს უჭირთ საზოგადოებრივი საპირფარეშოების მისამართის დადგენა. იმ შემთხვევაში, თუ მათ რომელიმეს მიაგნეს, იგი ან დაკეტილია, ან მოუვლელი, რომელიც სანიტარიული კუთხით ყოველგვარ სტანდარტს სცდება.

პერიფერიებსა და პროვინციებში აღნიშნული პრობლემა უფრო მძაფრად დგას. შედეგად, დაბინძურებულ ქალაქებსა და ტურისტულ ცენტრებს ვიღებთ, რადგან ფიზიოლოგიური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ტურისტებმა თუ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სხვა საშუალებებს მიაშურეს. ასე მაგალითად, ბოლო 10 წელიწადში თბილისში საზოგადოებრივი ტუალეტების რაოდენობა 30-დან 2-3-მდე შემცირდა.

 

რა ღირს საპირფარეშოთი სარგებლობა თელავში?

 

საზოგადოებრივი ტუალეტების არარსებობის გამო უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორები ხშირად პრეტენზიებს გამოთქვამენ. სამწუხაროდ, ვერც წინა და, ამ ეტაპზე, ვერც ახალმა ხელისუფლებამ აღნიშნული პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო.

განსაკუთრებული პრობლემები კი არათუ რაიონულ ცენტრებში, არამედ ტურისტებისთვის საინტერესო, თუმცა ისტორიულ ადგილებშია. მაგალითისთვის: შუამთაში, იყალთოში, ალავერდის მონასტერში, თუშეთში, თელავში ბატონის ციხესთან; არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ ადგილებში არ არის აბრა, ან რაიმე ტიპის ნიშანი, სად შეიძლება დამთვალიერებელმა ისარგებლოს საპირფარეშოთი, თუმცა თუ გაუმართლა და საპირფარეშო აღმოაჩინა, იმდენად დიდი ანტისანიტარიაა გამეფებული, სარგებლობა შეუძლებელია. მაგალითისთვის, კახეთის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას _ ალავერდსა და ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპირფარეშოები დაკეტილია. სერვისების შექმნას კერძო სექტორი ცდილობს, თუმცა ხარისხი აქაც მძიმეა.

თელავში კერძო ტუალეტების მომსახურების ფასი 20-40 თეთრამდე მერყეობს. შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი მეპატრონისთვის ეს საკმაოდ სარფიანი ბიზნესია. თელავში ათწლეულებია, 2 საზოგადოებრივი საპირფარეშო არსებობდა _ ერთი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო მეორე _ სააკაძის ქუჩაზე. ორივე ადგილზე მომსახურების ფასი 20 თეთრი ღირს. აღნიშნული საპირფარეშოებიდან მხოლოდ აგრარულ ბაზარში მდებარეა კერძო, თუმცა სააკაძის ქუჩაზე მდებარე ტუალეტი მუნიციპალიტეტმა 2014 წელს გაყიდა.

დღეს ერთადერთი საპირფარეშო ჭადართან არის და ისიც იჯარითაა გადაცემული.

 

როდის დაიწყო საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა?

 

ჯერ კიდევ 2011 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მთელი საქართველოს მასშტაბით, 33 საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობისთვის 2 500 000 ლარი გამოყო. ტენდერის გამოცხადების შემდეგ კი თანხა 200 000-მდე შემცირდა და პროექტის განხორციელება ტენდერში გამარჯვებულ 9 კომპანიას დაევალა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობის საკითხი 2012 წელს უნდა დასრულებულიყო. პროექტის განხორციელება 2012 წლის მაისში დაიწყო და მისი დასრულება იმავე წელს ვერ მოხერხდა. 2013 წლისთვის წყალმომარაგების კომპანიის მიერ დაგეგმილი ყველა პროექტი დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით, სულ, 50 საზოგადოებრივი საპირფარეშო აშენდა.

რაც შეეხება კახეთს, წყალმომარაგების კომპანიის გარდა, მუნიციპალური განვითარების ფონდის, კახეთის განვითარების სააგენტოს, ტურისტული განვთარების სააგენტოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საერთო მუშაობით რეგიონში 15-ზე მეტი საზოგადოებრივი ტუალეტის აშენება დაიგეგმა (იხილეთ ქვემოთ დეტალურად).

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ საზოგადოებრივი ტუალეტები ადგილობრივ მუნიციპალიტეტს გადასცემოდა, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის საქმიანობაში მსგავსი ობიექტის მოვლა-პატრონობა არ შედის. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს წყალმომარაგების კომპანიის მიერ აშენებული საზოგადოებრივი ტუალეტები ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით უკვე გადაეცა.

ყველა კომპანიას, რომელსაც საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობა ჰქონდა ვალდებულებად ნაკისრი, საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობის გარდა, კანალიზაციის ქსელის მოწესრიგების პროექტის განხორციელებაც ევალებოდა. პროექტები აზიის განვითარების ბანკის (ADP) კრედიტით ხორციელდებოდა, რომელიც სახელმწიფომ 1 წლის მანძილზე 2012-დან 2013 წლამდე აიღო და მისი ოდენობა 500 მილიონ დოლარს შეადგენს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნა წყალმომარაგების კომპანიისადმი შემდეგი იყო: ვალდებულების თანახმად, ტუალეტები კეთილმოწყობილი და, რაც მთავარია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის უნდა ყოფილიყო ადაპტირებული. სპეციალური შესასვლელის გამოყენებით ეტლში მსხდომ ადამიანებს საზოგადოებრივი ტუალეტებით სარგებლობა უნდა შეძლებოდათ.

 

შესრულდა თუ არა პირობა?!

 

თელავში ბატონის სასახლისა და ჭადრის მიმდებარე ტერიტორიებზე, ბარჯისხევსა და ყვარელში არსებული საპირფარეშოების გარდა, სხვაგან შესვლა ვერ შევძელით იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები დაკეტილი დაგვხვდა. როგორც გავარკვიეთ, ადამიანთა უმრავლესობამ არც კი იცის, არსებობს თუ არა იქ საზოგადოებრივი ტუალეტები. რაც შეეხება თელავში ჭადართან მდებარე საპირფარეშოს, მხოლოდ დღესასწაულთან დაკავშირებით იხსნება.

ჩვენ მიერ შესწავლილი საპირფარეშოებიდან უმეტესობა შშმ პირთათვის შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თუმცა დაკეტილია. ეტლით გადასაადგილებელი ბილიკი ყველგან არის, ამავდროულად, ჭადრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საპირფარეშოებში შესაბამისი ხელის მოსაკიდებელი, დასაყრდენი, შიდა მუაჯირებითაა გაწყობილი.

კახეთის რეგიონში შშმ პირთა, „ინვალიდთა“ ინტეგრაციის ცენტრის ხელმძღვანელის, ლადო ჭინჭარაულის შეფასებით:

„კახეთის რეგიონში და, კერძოდ, თელავში გახშირდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირ ტურისტთა მიმოსვლა. შესაბამისად, ამ სერვისების შეთავაზება აუცილებელია, უნდა მუშაობდეს როგორც საპირფარეშოები, უნდა არსებობდეს სანიშნეები, სადაც მითითებული იქნება მათი მისამართი. ვიცი, რომ თეატრის უკან მდებარე საპირფარეშოს ეტლით გადაადგილებულთათვის შესაბამისი შესასვლელი აქვს. თუმცა მხოლოდ ერთი ან ორი საპირფარეშოს არსებობა პრობლემებს ვერ გადაჭრის. არიან ადამიანები, რომლებიც ყავარჯნებით გადაადგილდებიან, მათთვისაც ისეთივე აუცილებელია ამ სერვისების გამოყენება, როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის. სამწუხაროდ, ეს სერვისი არ არის განვითარებული საქართველოში, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში. არსებობს საპირფარეშოები, რომლებიც დაკეტილია და არც მოქალაქისთვის მიმართულების აუცილებელი სანიშნეები აქვს. პრობლემა კვლავ პრობლემად დარჩება. როცა თავად სახელმწიფოც და პრემიერ-მინისტრიც მიუთითებს, რომ შშმ პირთათვის უნდა შეიქმნას შესაბამისი ყველა სერვისი, მათი კომფორტულად მოსახმარებლად, რეგიონებში უკვე კეთილი ნება უნდა არსებობდეს, რომ ეს განვითარდეს!“

 

კახეთის რეგიონში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები და მათ მშენებლობაზე დახარჯული თანხები

 

ქალაქ თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის უკან, 2012 წელს საზოგადოებრივი ტუალეტი ტურიზმის სააგენტომ ააშენა, მისი მშენებლობა 45,000 ლარი დაჯდა. საპირფარეშოს აქვს განკუთვნილი 6 საკანალიზაციო წერტილი, 4-ტონიანი წყლის ავზი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ცალკე გამოყოფილი ნაწილი, სამი ხელსაბანი, გათვალისწინებულია მომხმარებლის ყველა საჭირო მოთხოვნა, ცივი და ცხელი წყლის, გათბობის, ხელის საშრობი ელექტრომოწყობილობები. თუმცა საპირფარეშო დაკეტილია და მაინც არ ფუნქციონირებს.

ამავე ქალაქში, ჭადრის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქალაქ ყვარლის ცენტრში თითო საზოგადოებრივი ტუალეტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ ააშენა.

ჭადართან არსებული საპირფარეშოს მშენებლობა კომპანიას 117,200 ლარი დაუჯდა. მშენებლობაში შედიოდა შენობა-ნაგებობების აშენება, შენობის ეზოს მოპირკეთება, გარე გალავნის გაკეთება, წყლისა და საკანალიზაციო მილების შეყვანა და დამონტაჟება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ცალკე წერტილის შექმნა, 8 განყოფილება, შიდა და გარე მოპირკეთება, წყლის 5-ტონიანი ავზის დამონტაჟება, სამი ხელსაბანი ოთახის მოწყობა, თბილი და ცივი წყლით უზრუნველყოფა, გარე და შიდა განათებების გაკეთება. წყალმომარაგების კომპანიამ ყველა ვალდებულება შეასრულა, თუმცა საპირფარეშო დღემდე დაკეტილია და არ ფუნქციონირებს.

ქალაქ გურჯაანის სოფელ ბარჯისხევში კახეთის განვითარების სააგენტომ გურჯაანის მუნიციპალიტეტს მიზნობრივად გადასცა 82 000 ლარი, რითაც საზოგადოებრივი ტუალეტი აშენდა. ვალდებულებები საპირფარეშოს ასაშენებლად ანალოგიურია.

ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან მდებარე საზოგადოებრივი ტუალეტი ახმეტის მუნიციპალიტეტმა და კახეთის განვითარების სააგენტომ ერთობლივი თანხებით ააშენა. ახმეტაში, კერძოდ კი ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან, არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშო კახეთის განვითარების სააგენტოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით 82 000 ლარი დაჯდა. ზემოთ ჩამოთვლილი ანალოგიური ყველა პირობით დაცული საპირფარეშო დღემდე დაკეტილია. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლთა განმარტებით:

„მართალია, აღნიშნული საპირფარეშო ჩვენს ბალანსზეა, ის მუნიციპალურ საკუთრებას წარმოადგენს, თავის დროზე, სწორედ მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებითაც აშენდა, მაგრამ საზოგადოებრივ ტუალეტს ახლა ალავერდის ეპარქიამ უნდა მიხედოს, რადგან მათთან მდებარეობს, თუმცა იქ კომპლექსურად არის აშენებული არა მარტო საპირფარეშო, არამედ მაღაზიები, კაფე და ტურისტისთვის საჭირო სხვადასხვა სერვისიც მუშაობს!“

 

მუნიციპალური განვითარების ფონდი

იგი დღემდე ახორციელებს ხირსის, ნინოწმინდის, ყველაწმინდის, ძველი და ახალი შუამთის, იყალთოსა და დავით-გარეჯის რეაბილიტაციას. ფონდის განცხადებით, ყველაგან იგეგმება საზოგადოებრივი საპირფარეშოების აშენება თანამედროვე სტანდარტების დაცვით.

ძველი და ახალი შუამთის, ასევე იყალთოს რეაბილიტაცია, ერთობლივი კომპლექსი, ჯამში, ოთხ მილიონ ლარზე მეტი ღირებულებისაა, სადაც 3 საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობაა დაგეგმილი და მათი საშუალო ღირებულება 200 000 ლარამდე შეადგენდა, აღნიშნული პროექტი დღემდე გრძელდება და ვალდებულების თანახმად, 2014 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება გრემის სამონასტრო კომპლექსს, კაფე-სასტუმროსა და დასასვენებელ სკვერთან ერთად აშენდა საზოგადოებრივი ტუალეტიც, რომელსაც კაფესა და სასტუმროს მეპატრონე მოიჯარე უვლის.

 

რამდენი საპირფარეშო ფუნქციონირებს ამ დროისთვის რეგიონში?

 

ტურიზმის სააგენტოს შეფასებით, კახეთში ყველაზე ხალხმრავალი ადგილები ბარჯისხევი, ქალაქი თელავი, ყვარელი და ალავერდის სამონასტრო კომპლექსია. ტურისტთა დიდი რაოდენობით წლის ნებისმიერ მონაკვეთში სწორედ ალავერდი ლიდერობს.

თუმცა თუ ბარჯისხევის გეოგრაფიულ მდებარეობას გავითვალისწინებთ, აქ ხალხის ნაკადი არასდროს წყდება, იგი ერთადერთი ადგილია, რომელიც თბილისიდან კახეთისაკენ მომავალი ტურისტებისა თუ ნებისმიერი ადამიანისთვის ე. წ. შესასვენებელ ადგილს წარმოადგენს. თითქმის ყველა სამარშრუტო ტაქსი აქ ჩერდება, მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული რამდენიმე რესტორანი, სასადილო და სავაჭრო ობიექტები. შესაბამისად, აღნიშნული ტერიტორია მუდამ სავსეა ხალხით.

 

როგორც კვლევებიდან ჩანს, ბოლო სამი წლის მანძილზე თელავში ტურისტების ნაკადი სულ უფრო მეტად იზრდება. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ თუ ამ ნაკადის პარალელურად სერვისები არ გაუმჯობესდება, მოსალოდნელია ნაკადის ავტომატური შემცირება.

 

82 000-ლარიანი საპირფარეშო საპატრიარქოსა და მთავრობის წარმომადგენელთათვის

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ალავერდთან არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშო 2012 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტისა და კახეთის განვითარების სააგენტოს ერთობლივი დაფინანსებით აშენდა.

კერძოდ, საპირფარეშოს მშენებლობა კახეთის განვითარების სააგენტოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით 82 000 ლარი დაჯდა. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ამ საპირფარეშოს აშენებიდან 1 თვეც არ უარსებია, მიუხედავად იმისა, რომ საპირფარეშო ყველა აუცილებელ ნორმას აკმაყოფილებს, მისი მოვლა-პატრონობა ახმეტის მუნიციპალიტეტმა მაინც ვერ შეძლო. სამწუხაროდ, ვერც მისი იჯარით გადაცემა მოხერხდა. როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ბექა ბაიდაური აცხადებს:

„მართალია, აღნიშნული საპირფარეშო ჩვენს ბალანსზეა, ანუ მუნიციპალურ საკუთრებას წარმოადგენს, თავის დროზე, სწორედ მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებითაც აშენდა, მაგრამ საზოგადოებრივი ტუალეტს ალავერდის ეპარქიამ უნდა მიხედოს, რადგან ახლა მათთან მდებარეობს და, შესაბამისად, ხალხიც სწორედ ამ მონასტერში დადის!

ის სწორედ ალავერდის უამრავი დამთვალიერებლისთვის აშენდა. აღნიშნული სერვისი მათთვის უნდა შეგვეთავაზებინა. იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად ეს შენობა ეპარქიის კუთვნილება არ არის, ზეპირი განცხადების საფუძველზე, მათ აქვთ ჩვენი ნებართვა, ასე რომ, თავად მიხედონ“.

ეპარქია კი ამ ვალდებულებას არ იღებს. „ქრონიკა+“-თან საუბრისას მისი წარმომადგენლი აღნიშნავს, რომ: „საპირფარეშო ალავერდის მონასტრის გარეთ მდებარეობს და მისი მოვლა ჩვენი ვალდებულება არ არის!“

იურისტის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ საპირფარეშო ალავერდის ეპარქიის კუთვნილება გახდებოდა, არსებობდა ამის მხოლოდ ორი სამართლებრივი ნორმა:

პირველი _ იგი ეპარქიას უნდა შეესყიდა.

მეორე _ ახმეტის მუნიციპალიტეტს სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა მიეტოვებინა აღნიშნული შენობა-ნაგებობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდოდა. თუმცა ეკონომიკის სამინისტროს ამის შემდეგ სრული უფლება ჰქონდა, ალავერდთან არსებული საპირფარეშო ან ალავერდის მონასტრისთვის მიეყიდა, ან სიმბოლურად ეჩუქებინა.

რეალურად _ უპატრონოდ დარჩენილი საპირფარეშო, რომელიც ბიუჯეტსა და კახეთის განვითარების სააგენტოს, თავის დროზე, 82 000 ლარი დაუჯდა, გაპარტახებული და დაკეტილია.

 

ნინა ალიაშვილი უკვე 7 წელიწადზე მეტია, ალავერდის მონასტრის წინ დგას და სანთლებს ყიდის:

„ყოველდღე, მინიმუმ, 300 ადამიანი სტუმრობს მონასტერს, სადღესასწაულო, ან უქმე დღეებში, მაგალითად, როცა ჯვრისწერა იმართება ან ნათლობაა, უამრავი ხალხი ირევა. აბა, რა გითხრათ? ტუალეტი ყველას სჭირდება. სტუმრისთვის ჩვენი ტუალეტი ქვეყნის კულტურის ნაწილია. მართალია, ააშენეს, მაგრამ სულ დაკეტილია, სულ რამდენიმე დღე იმუშავა.

იცით, როდის იხსნება? _ როცა საპატრიარქოდან, ან მთავრობიდან მაღალი ჩინის ხალხი მოდის. შიგნით ყველაფერი წესრიგშია, წყალი მოდის ცივიც და ცხელიც, კარგადაა მოწყობილი. რა ვიცი, აბა, რატომაა დაკეტილი? რომ გახსნან, დენის ფული ხომ უნდა? დამლაგებელიც უნდა, მოვლა უნდა: იქ საპონი, იქ რაღაც სხვა საშუალებები, მოკლედ, პატრონი უნდა, პატრონი. ხო, მაგის გასაღები შიგნით მომუშავე ვიღაც ქალს აქვს და ის ხსნის ხოლმე. სპეციალური სტუმრები რომ ჩამოდიან, ეგ მარტო მაგათთვის იხსნება.

გაჭირვებული უცხოელები მე მეკითხებიან ხოლმე, სად წავიდეთო? ასეთ დღეში არიან ჩამოსული ქართველებიც. აბა, სად უნდა წავიდნენ? აგერ, ხიდის ქვეშ იკმაყოფილებენ მოთხოვნას. ვეუბნები, სადაც მდინარე ჩამოდის, იქ ჩადით-მეთქი, სხვა ადგილი მოსაფარებელი არ არის და რა ქნან?“

 

ალავერდის მონასტერთან სტუმრობისას სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს გავესაუბრეთ. ყველამ ერთი და იგივე აღნიშნა, ბევრი მცდელობის მიუხედავად, დაკეტილი ტუალეტის გარდა სხვა საპირფარეშო ვერსად ნახეს, ბავშვებს კი სწორედ იმ ხიდის ქვეშ მოუხდათ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება.

„არ ვიცი რა გითხრათ? ბავშვები კი არა, ჩვენც კი დავიტანჯეთ, უბრალოდ, ცოდოები არიან, აქ ხომ გაშლილი მინდორია და არც ტყე და არც რამე ისეთი, რომ იქ გადახვიდე. ჩვენ, რომ ამ დღეში ვართ, ტურისტები რაღა დღეში იქნებიან?“ _ ამბობს ლაგოდეხის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ზინაიდა სულაბერიძე.

 

„საქართველოში მეორედ ვარ, ვწუხვარ, რომ ეს სერვისი არ არის მოწესრიგებული არა მარტო აქ, ალავერდში, არამედ თითქმის ყველგან, სადაც ვყოფილვარ, ეს პრობლემა დგას. იმედია, რომ თქვენს ქვეყნაში ეს საკითხი მოწესრიგდება!“ _ დანანებით აღნიშნავს ნორვეგიიდან ჩამოსული ტერეზა ბუერენგენი.

 

რა შეიძლება იყოს გამოსავალი?!

 

შაქრო ტერტერაშვილი წლების მანძილზე ახმეტის რაიონის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსად და ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა, მისი განმარტებით:

„სამარცხვინოა, როცა დღევანდელ თვითმმართველობას არ აქვს იმის უნარი, რომ ექსპლუატაციისთვის მზადყოფნაში არსებული შენობის განკარგვას ამდენი ხნის განმავლობაში თავი ვერ მოაბა; არსებობს ქონების განკარგვის უამრავი ფორმა; სურვილის შემთხვევაში, ნახევარი საათიც კი ბევრია ამ ვითომდა პრობლემის მოსაგვარებლად; მთავარია ნება და ეს გამოგონილი პრობლემა უმალ დაიძლევა“.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ პირებს ამ თემაზე ჯერ არ უმსჯელიათ:

„ამ საკითხზე არ ყოფილა მსჯელობა, თუმცა, ალბათ, უახლოეს მომავალში გადაიხედება და თუ ალავერდის მონასტერი ვერ პატრონობს, მაშინ რამე გამოსავალს მოვძებნით“.

82 000 ლარად აშენებული თანამედროვე სტანდარტების ტუალეტი, რომელიც შშმ პირებზეც არის გათვლილი, დაკეტილია. საქართველოს ტურიზმით დაინტერესებულ ადამიანებს კი სახელმწიფო ელემენტარულ სერვისს ვერ სთავზობს.

 

მაკა მოსიაშვილი