„სპაცენტრის მენეჯერები საუნაში ქვებს სხვადასხვა გზით ახურებდნენ…“

ახალი დეტალები „ლეოგრანდის“ ტრაგედიაზე

გუშინ საქართველოში გლოვის დღე იყო, დღეს კი ოთხ, რამდენიმე დღის წინ სიცოცხლით სავსე ახალგაზრდას თავიანთი სახლებიდან გაასვენებენ… მათთან ერთად სასტუმრო „ლეოგრანდში“ დატრიალებულ ტრაგედიას კიდევ 7 ადამიანი ემსხვერპლა.

ტრაგედიამ ყველა შეძრა, მთელი ამ დღეების განმავლობაში სამძიმარსა და თანაგრძნობის გამომხატველ წერილებს ვიღებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ, პარალელურად, უკვე იწყება დაგროვილ შეკითხვებზე პასუხის გაცემის დრო და, როგორც ჩანს, ამ შეკითხვების ადრესატები არა მხოლოდ სასტუმროს მეპატრონეები იქნებიან.
შს მინისტრმა უკვე საკმაოდ არაორაზროვნად განაცხადა, რომ დაისჯება ყველა, მათ შორის, ისიც, ვინც სასტუმროს ექსპლუატაციაში ჩაშვების ნება დართო, იმ შემთხვევაში, თუ სახანძრო უსაფრთხოების ელემენტარული ზომები არ იყო დაცული.
ზოგადად, ამ თემაზე ყველაზე მეტს დაობენ: იყო თუ არა სასტუმროში სახანძრო ევაკუაციის დროს გათვალისწინებული გასასვლელი და კიბე? ჩაირთო თუ არა ე. წ. შხაპმაქრი სისტემა? როგორ მოქმედებდა სასტუმროს პერსონალი, რომელიც, წესით, დატრენინგებული უნდა ყოფილიყო იმაზე, რა უნდა მოემოქმედებინათ?
საგულისხმო და მნიშვნელოვანია, რომ უცეცხლო ხანძრის კერა სპაცენტრში იყო, ხოლო დაღუპულთაგან უმრავლესობა სწორედ სპადარბაზის სტუმარი გახლდათ. ცნობილია ასევე, რომ ყველაზე მეტი ადამიანი ლიფტში გარდაიცვალა _ ისინი კვამლისგან გაიგუდნენ.
გლოვის დღეს კომენტარი გააკეთა სასტუმროს ერთ-ერთმა მფლობელმა, თურქმა ბიზნესმენმაც და განაცხადა, რომ კომპანია არ გაურბის პასუხისმგებლობას: „ლეოგრანდში“ დასაქმებული არც ერთი თანამშრომელი არ განთავისუფლდება სამსახურიდან. რაც შეხება უსაფრთხოების სისტემას, ამაზე, ალბათ, გამოძიება იმსჯელებს, მე კი შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ სასტუმრო აღჭურვილი იყო ყველანაირი აუცილებელი მოწყობილობითა და აპარატურით“. მისივე თქმით, შესაძლოა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სიგარეტის ნამწვი ყოფილიყო.
„ქრონიკა+“-ის რესპონდენტი, რომელიც „ლეოგრანდის“ სპაცენტრის ხშირი სტუმარია, „თავხედურს“ უწოდებს ბიზნესმენის ამ განცხადებას და ამბობს, რომ გამორიცხულია, ან მამაკაცთა, ან ქალთა დარბაზში ვინმეს სიგარეტი მოეწია:
„მე იმ დღეს არ ვიყავი, მეორე დღეს მიწევდა, სამთვიანი აბონემენტი მქონდა აღებული, სპაცენტრის რეგულარული მომხმარებელი ვარ, ქალთა დარბაზში ვვარჯიშობ და საუნასაც ვიყენებ. იმ დღეს გაზი მთელ ბათუმში არ იყო, საუნა კი მაინც მუშაობდა, არადა, ის ქვები, რომელიც საუნის გახურებას უზრუნველყოფს, გაზზეა და იქვე დგას წყალი პიტნის არომატით, რასაც, ჩვეულებისამებრ, ქვებზე ვასხამთ ხოლმე. როცა გაზი არ იყო, სპაცენტრის მენეჯერები ამ ქვების გახურებას სხვადასხვა ხერხით ცდილობდნენ და მე როგორც მითხრეს, იმ დღესაც ასე მოხდა.
თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, იქ ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები იყვნენ იმ დღეს, საუნაში სიგარეტს ვინმე მოწევდა? დარბაზში კი არა, აბსოლუტური უმრავლესობა გარეთ არ ეწევა სიგარეტს, საუნაში ვინ მოწევდა? ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო და აღმაშფოთებელი განცხადება! ეგრე სადაა, ახლა, არც მეტი, არც ნაკლები, გარდაცვლილებზე უნდათ ჯოხის გადატეხა?!
სიმართლე ისაა, რასაც ჯერ ყველა მალავს: შხაპმაქრები იმხელა სასტუმროში მხოლოდ რესტორანშია და არა სპაში ან ნომრებში. იმის თქმა, რომ განგაშის დროს სპაში მყოფები თავიანთი ნივთების ასაღებად გაემართნენ გარდერობისკენ, მერე კი კვამლი სწრაფად გავრცელდა და მოხდა ის, რაც მოხდა, აბსურდია: ხალხი ტანსაცმლისკენ გაიქცა, შიშველი ხომ არ გავარდებოდა? და ამ დროს კი სპადარბაზის მხოლოდ ორი ტრენერი მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო _ ხალხი გაიყვანა, სპას დანარჩენი თანამშრომლები, მათ შორის, მენეჯერიც, პირველები გავარდნენ წივილ-კივილით, სტუმრებს გადაასწრეს…
რაც შეეხება იმას, თითქოს, შუქი არ იყო, ეს ტყუილია: დენი არ გათიშულა, სანამ ხანძარი თვალსაჩინო არ გახდა და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ადამიანები ლიფტისკენ გაიქცნენ. არავინ იყო მათი დამკვალიანებელი, რომ ლიფტი არ უნდა გამოეყენებინათ, გამოიძახეს და შევიდნენ კაბინაში, დენის გამორთვის მერე კი ლიფტი გაიჭედა და ხალხი კვამლით გაიგუდა, რასაკვირველია, კვამლი ლიფტის შახტაში უცებ გავრცელდა და კაბინაში გამოკეტილი ადამიანები უძლური აღმოჩნდნენ…“ _ ამბობს „ქრონიკა+“-თან ბათუმელი ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.
ოფიციალური ინფორმაციიდან ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ გამოძიება შსს-მ დაიწყო, ხოლო საპროცესო ზედამხედველობას მას აჭარის პროკურატურა უწევს. სისხლის სამართლის საქმე თავდაპირველად აღძრული იყო ცეცხლის განგებ გაჩენის მუხლით, ხოლო რამდენიმე საათში გადაკვალიფიცირდა სახანძრო უსაფრთხოების უგულებელყოფის ბრალდებით, რომელმაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

დოროთე გითოლენდია