„სახელმწიფოს ამბიცია არ გააჩნია, შრომის უსაფრთხოებას მონიტორინგი გაუწიოს!“

obl

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, რიჩარდ ნორლანდს შეხვდა, სადაც პროფკავშირების გამოწვევებზე ისაუბრეს: „პროფკავშირების თავმჯდომარე შრომის უსაფრთხოებაზე ამახვილებს ყურადღებას და ელჩს სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევებისა და ტრავმების სტატისტიკურ მონაცემს წარუდგენს. საუბარი ეხება შრომის ინსპექციის აღდგენისა და სოციალური დიალოგის აუცილებლობას“, _ აცხადებენ პროფკავშირების გაერთიანებაში.

ასევე, გაერთიანების წევრებმა ეკონომიკის სამინისტროსთან პროტესტი გამოთქვეს და უწყებას შრომის ინსპექციის აღდგენისკენ მოუწოდეს. არსებული სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ გასულ 2014 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 41 ადამიანი დაიღუპა და 66 დაშავდა. 2007 წლიდან დღემდე საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად 314 ადამიანია გარდაცვლილი. სტატისტიკა შემზარავია და, სწორედ ამიტომ, პროფკავშირები ხელისუფლებას სასწრაფო პრევენციული ზომების მიღებასა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ.

შრომისა და ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, შრომის ინსპექცია უახლოეს პერიოდში, დაახლოებით ივნისიდან ამოქმედდება. გადამზადებას პირველ ეტაპზე 25 ადამიანი გადის: „გადამზადების ხანგრძლივობა დაახლოებით თვენახევარია. შესაბამისად, ივნისიდან მზად იქნებიან, ინსპექტირება დაიწყონ. ინსპექტირების ფორმატი სტანდარტული დოკუმენტია, რომელიც მოიცავს როგორც გარემოს უსაფრთხოებას, ასევე დამცავი საშუალებებით აღჭურვას. შეფასება საერთაშორისო სტანდარტის პროტოკოლით მოხდება“.

„ქრონიკა+“ არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს ესაუბრება:

_ შრომითი უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა, უბედური შემთხვევების დინამიკა მზარდია. „ქრონიკა+“-ის მკითხველს კონკრეტული ციფრები რომ შევთავაზოთ, ჩვენი მონაცემებით, 2007 წლიდან 2014 წლამდე 324 ადამიანი დაიღუპა და 562-მა მძიმე ტრავმა მიიღო. მხოლოდ 2014 წელს 41 ადამიანი გარდაიცვალა. რატომ ვუსვამ ხაზს, რომ ეს ჩვენი მონაცემებია? _ სრულყოფილი მაჩვენებელი არ გვაქვს იმიტომ, რომ დაქირავებით დასაქმებულთა მხოლოდ 27%-ში ვართ წარმოდგენილი; ეს ციფრი 25-დან 27%-მდე თამაშობს. აქედან გამომდინარე, სხვაგან რა ხდება, ამასთან დაკავშირებით არათუ ინფორმაცია არ არსებობს, სახელმწიფოს ამბიცია არ გააჩნია, რომ, საერთოდ, შრომის უსაფრთხოებას მონიტორინგი გაუწიოს. ასე იყო წინათ და დღესაც ეს მდგომარეობა გვაქვს.

რაც მთავარია, მედიის მხრიდან არ შუქდება, რომ, მაგალითად, რომელიმე მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა და ა. შ. იცით, რომ ეს, ძირითადად, ნათესაური ბიზნესია და, გარკვეულწილად, ოჯახთან გარიგება ხდება, რომ მსგავი ინფორმაცია არ გახმაურდეს. ვერ ვიღებთ ინფორმაციას, სიტყვაზე, დამცავი ქამრის, ჩაფხუტის ან კლასიკური ხიმინჯის არარსებობის გამო მოხდა თუ არა ადამიანის გარდაცვალება ან დაშავება? თუ როგორც ე. წ. დამსაქმებელი აცხადებს, წნევამ აუწია და ადამიანი ცუდად გახდაო.

ამიტომ სრულ ინფორმაცის ვერ გაწვდით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოწოდებულში რამე ნაკლებობაა. პირიქით, ამ უბედური შემთხვევების რიცხვი ბევრად დიდია და დინამიკა მზრდია.

ეს მონაცემები შრომის ინსპექციის გაუქმებიდან დღემდე პერიოდში არის აღებული. ვერ ვიტყვით, რომ ადრინდელი შრომის ინსპექციის ფუნქციონირებისას უკეთესი მდგომარეობა გვქონდა. ამ კონტექსტში ეკონომიკის სამინისტროს ვეთანხმები, რომ მაშინდელი შრომის ინსპექცია, მეტ-ნაკლებად, კორუმპირებული სტრუქტურა იყო და, ძირითადად, გარიგებები ხდებოდა. არ ვეთანხმები იმას, რომ ისევ პროფკავშირისკენ ხელს იშვერენ, არ გვინდა ისევ იმ სიტუაციას დავუბრუნდეთო. იმ სისტემით, მაშინ არსებული შრომის ისპექციით თუ ვინმე ზარალდებოდა, ისევ პროფკავშირები და დასაქმებული ადამიანი იყო. ლოგიკურად, მკითხველს ანალიზის კეთება არ გაუჭირდება. უსინდისო შრომის ინსპექტორი ასეთივე დამსაქმებელს ურიგდებოდა და დასკვნების 99% იწერებოდა, რომ ტრავმული ან უბედური შემთხვევა დასაქმებულის ბრალეულობით მოხდა და არა იმიტომ, რომ დამსაქმებელმა საქმე ნორმალურად ვერ მოაწყო და ადგილზე სათანადო უსაფრთხოების საშუალებები არ იყო.

ამ სიტუაციაში მსოფლიომ ერთადერთი გამოსავალი იპოვა სახელმწიფო შრომის ტექნიკური ისპექციის შექმნით. ასეა ყველა ქვეყანაში, საქართველოს გარდა (სომალსა და ვინუატუს არ ვგულისხმობ), სადაც ამ ხნის განმავლობაში შრომის ინსპექცია არ არსებობს. როგორც წინა, ისე დღევანდელი ხელისუფლების რიტორიკა აბსოლუტურად აბსურდულია, რომ თითქოს შრომის ინსპექცია ინვესტიციებს დააფრთხობს. არსებობს სახელმწიფოს დაკვეთა ევროკავშირის ექსპერტების მიმართ: ორი უმაღლესი რანგის ექსპერტი წერს, რომ საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი 4%-ით მეტი იქნებოდა, ქვეყანაში შრომითი უფლებები და შრომის უსაფრთხოების წესები დაცული რომ იყოს. ბუნებრივია, ამით საქართველო ძალიან ბევრს კარგავს და არ არის ისე, რომ ინვესტორებს ვაშინებთ. თუ აქ კურდღლებზე სანადიროდ უნდა ჩამოვიყვანოთ ვინმე, რომ ჩვენს მოქალაქეებზე ინადიროს, აბა, ჰე, მიდით, მოკალით, დახოცეთ რამდენიც გინდათო, _ ეს დამოკიდებულება არ ვიცი, რამდენად არის კავშირში ბიზნესთან და ინვესტიციებთან. ქვეყნებში, სადაც ეს ნორმები და სტანდარტები არსებობს, ამით არავინ ზარალდება და არ შინდება.

მეტიც, საქართველოს პროფკავშირებს მხოლოდ გასულ წელს მოგებული აქვს 6 მსხვილი სასამართლო პროცესი ჩვენი გარდაცვლილი და ტრავმირებული წევრების სასარგებლოდ. ჯამში, ამ ადამიანებმა 540-ათას ლარზე მეტი მიიღეს. 13 წლის ასაკამდე ბავშვები ვისაც დარჩა, მამის ხელფასის გადახდა დააკისრა სასამართლომ, სანამ სრულწლოვნები გახდებიან და ა. შ. ბუნებრივია, ეს ხელფასი დამსაქმებლის ჯიბიდან და მისი ბიუჯეტიდან წავიდა,

ვიღაცას შეიძლება მყისიერი მოგების სურვილი ჰქონდეს, რომ აბსოლუტურად დერეგულირებულ გარემოში მოვიდეს და მათი, ასევე მთავრობის გაგებით, ზედმეტი ხარჯების გარეშე ნახოს მოგება. მაგრამ როცა ასეთი შემთხვევებია და სადაც პროფკავშირებია წარმოდგენილი, ბუნებრივია, იქ სასამართლო პროცესები იმართება.

რაც შეიძლება ამ ხელისუფლების დამსახურებად მივიჩნიოთ, ამ პერიოდში სასამართლო პროცესებს ვიგებთ და ისე არ ხდება, რომ მხოლოდ სტატისტიკისთვის შეგვაქვს, როგორც ეს წინა მმართველობის დროს ხდებოდა.

_ ამ ფონზე რატომ არ იქმნება ქმედითი ინსპექცია და რატომ არ გაკმაყოფილებთ მთავრობის მიერ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ჩამოყალიბება?

_ როგორც ჩანს, ჩვენი გამოსვლები და პროტესტი არ იძლევა საზოგადოების ბოლომდე ინფორმირების საშუალებას და კარგია, რომ თქვენი გაზეთით კიდევ ერთხელ ავუხსნით ადამიანებს, თუ რა ხდება ამ კუთხით. პირველი, რა არის არშექმნის მიზეზი, როცა თითქოს ყველას ინტერესშია შრომის ინსპექციის შექმნა? მიზეზი ნეოლიბერტარიანული მიმართულებები და ის ელემენტებია, რომლებიც დარჩნენ და ახლებიც მოიხიბლნენ ამ იდეოლოგიით ეკონომიკის სამინისტროში. ისინი სექტასავით ამბობენ, რომ ყველაფერი ბაზარმა უნდა დაარეგულიროს _ არანაირი რეგულირება არ გვჭირდება, რამე კოდექსი და ნორმა დასაქმებულ ადამიანს არ სჭირდება, გარდა ერთისა, მოიტანოს ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელია და მუშაობა შეუძლია.

აი, ეს არის მათი ლოგიკა. მისი ავტორები სხედან პარლამენტში; ისინი დიდწილად ოპოზიციაში არინ, მაგრამ როცა ხელისუფლებაში იყვნენ, უკვე ბლომად დაფრთიანებული წიწილები დატოვეს, რომლებიც დღესაც არიან წარმოდგენილი სახელმწიფო სტრუქტურებში. ამ ქვეყანას ვინც მართავს, ისინიც არ მოდიან მუშათა კლასიდან, ბიზნესიდან მოსული ხალხია და რომ გითხრათ, დასაქმებული ადამიანების პრობლემებთან დაკავშირებით ნიანგის ცრემლებს აღვარღვარებენო, ასე ნამდვილად არ არის.

ახლა შეუძლიათ ოპონირება გამიწიონ, რომ აბა, შრომის კოდექსი ხომ შენი დიქტატით დავწერეთო, როგორც ამას მამადლიან და ა. შ., მაგრამ ეს რეალურად მკვდარ ნორმად იქცა და თქვენი მკითხველი ამას მარტივად გაიგებს. დიახ, პროფკავშირის წინადადებები მართლაც 70-80%-ით გაითვალისწინეს (2013 წელს) იმ სიმახინჯეში ცვლილებისას, რომელიც 2006 წლიდან მოქმედებდა ქვეყანაში. ეს დოკუმენტი მეტ-ნაკლებად გაპატიოსნდა და გაკეთილშობილდა, მაგრამ ეს კოდექსი მაინც მკვდარია და ამას ბევრი ფიცი-მტკიცი არ სჭირდება.

ზოგიერთ ნორმაზე გეუბნებით, მკითხველისთვის მარტივად გასაგები რომ იყოს _ ის, რომ, მაგალითად, ზეგანაკვეთური შრომა იყოს გადახდილი, შრომის უსაფრთხო გარემო შექმნილი, რომ 14 წლის ბავშვის მუშაობა არ შეიძლება და თუ ვინმე მას ამუშავებს, ეს საკითხები ვინ უნდა გამოიკვლიოს, ვინ არის ეს უწყება? მთელ მსოფლიოში ეს არის შრომის ინსპექცია, რომელიც აქ დღემდე არ გვაქვს. ამიტომ ეს შრომის კოდექსი თაროზე შემოდებულია, განსაკუთრებით იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც პროფკავშირის წევრები არ არიან, სადაც ვართ, გაფიცვებით, აქციებით, მეტ-ნაკლებად, ეს ხალხი რაღაცას აღწევს, მართალია არასრულად, მაგრამ მაინც.

_ რაც შეეხება ახალ დეპარტამენტს?

_ ალბათ, მხედველობაში გაქვთ 21 აპრილს გამოცემული დოკუმენტი. მას მთელი ბატალიები უძღოდა წინ, რომლითაც მსოფლიო გავაოცეთ. ჩვენ პროტესტს გამოვთქვამდით, რადგან მთავრობას თავიდან უნდოდა შრომის მონიტორინგის სამსახურის შექმნა, რომელიც ისეთი არ უნდა ყოფილიყო, როგორსაც პროფკავშირი ითხოვდა. კერძოდ, ხუთი თვით ადრე უნდა მიემართა საწარმოს (თუ მეწარმეს სურვილი ექნებოდა) ამ სახელმწიფო მონიტორინგის სამსახურისთვის, რომ, მოდით ბატონო, შემამოწმეთ, ცუდ რამეს თუ ვაკეთებ ამ ორგანიზაციაში და ვინმეს უფლება ან უსაფრთხოება ხომ არ ირღვევაო? ფაქტობრივად, ეს დაცინვა იყო. ბუნებრივია, განვაცხადეთ, რომ ამ აბსურდის თეატრში მონაწილეობას არ მივიღებდით.

რომ გითხრათ, მთავრობას ჩვენი მონაწილეობა ძალიან უხარიაო, ასე არ არის, მაგრამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და ევროკავშირის დასკვნა-რეკომენდაციები გულისხმობს პროფკავშირების ჩართულობასა და ამ საკითხების ერთობლივად დარეგულირებას. ამიტომ, მიუხედავად ბევრი თხოვნისა და ა. შ., ჩვენ უარი განვაცხადეთ ამ სამმხრივ დიალოგში მონაწილეობაზე და ვთქვით, რომ თუ იქნება ქმედითი შრომის ინსპექცია, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩავერთვებოდით.

სამწუხაროდ მთავრობამ ყველაფერი ისე გაიგო, რომ ჩვენ თითქოს დასახელებასთან გვქონდა პრობლემა. აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, სამსახურს შრომის ინსპექცია ერქმევა თუ, გნებავთ, კოსმოდრომი. მთავარია, შიგთავსი, მისი ფუნქციები და მანდატი ისეთი იყოს, როგორც ამას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტები გულისხმობს. მას უნდა ჰქონდეს შემოწმების, სანქციის, დასჯის უფლება და მუშაობდეს არა მხოლოდ შრომის უსფრთხოებაზე, არამედ ზემოთ ნახსენებ შრომით უფლებებთან დაკავშირებითაც. ვგულისხმობ იმ საკანონმდებლო სივრცეს, რომელიც მოქალაქეებისთვის შეიქმნა და საშუალება არ აქვთ, კანონში შესული ცვლილებებითა და ნორმებით ისარგებლონ; მათზე ყურადღების გამახვილება მოხდეს, შრომის ინსპექცია მივიდეს და ნახოს, როგორ ფეხქვეშ ითელება ყველაფერი და რა მდგომარეობაში არიან, მაგალითად, კაზრეთში დასაქმებული ადამიანები? რა ხდება საქართველოს ფოსტაში და რა მარაზმთან გვაქვს საქმე დამსაქმებლისა და დირექტორის, ვინმე ჩიკვაიძის მხრიდან ფოსტის თანამშრომლებზე, რომელიც, თავის მხრივ, 100%-ით სახელმწიფო საწარმოა და ეს ჩიკვაიძე მთავრობის დანიშნულია?

21 აპრილის დოკუმენტით გათვალისწინებული გაზიზილპიპილოებული სამსახური არანაირად არ გვაკმაყოფილებს და ვერაფრით დაარეგულირებს იმ გამოწვევებს, რის წინაშეც საქართველოში დასაქმებული ადამიანები დგანან.

_ კაზრეთი და ფოსტა ახსენეთ, რა ხდება აღნიშნულ საწარმოებში?

_ მოგახსენეთ, რომ სადაც პროფკავშირი არის წარმოდგენილი, სადაც ადამიანები ჩვენთან არიან გაწევრიანებულები, ბუნებრივია, გარკვეულ აქტივობებს ვახორციელებთ ამ უფლებების დაცვის კუთხით. გახსოვთ 39-დღიანი გაფიცვა კაზრეთში, სადაც „არემჯი გოლდი“ და „არემჯი კუპერი“ არიან წარმოდგენილი. ასევე, რკინიგზაში იყო გაფიცვა, ფოსტასთან დაკავშირებული საკითხები, ერთთვიანი კონტრაქტები და ა. შ. ხალხს ერთთვიანი კონტრაქტები აქვს. კოლექტიური მოლაპარაკებები, რომელიც კანონით განსაზღვრულია, არ მიმდინარეობს. ამ ერთთვიან კონტრაქტებს ჩიკვაიძე იმის მიხედვით არეგულირებს, ვინ მოსწონს და ვინ _ არა, ვინ იქნება მისთვის დამყოლი, ვისაც ეტყვის გამოვიდეს ჩვენი სტრუქტურიდან და არ იყოს პროფკავშირის წევრი, რადგან მერე უფრო ადვილად მოსდოს სადავეები და ისე ათამაშოს, როგორც ეს თვითონ უნდა. ახორციელებს ღია ზეწოლას, ხალხს მოუწოდებს, რომ ჩვენი ორგანიზაციიდან გავიდნენ, დამსაქმებელი თვითონ ქმნის ადგილობრივ ე. წ. ორგანიზაციას.

იგივე ხდება რკინიგზაში, სადაც ადმინისტრაციის მიერ შექმნილია ალტერნატივა ჩვენ საპირწონედ. ჩვენებმა ცხრადღიანი გაფიცვა მოაწყვეს და ეს მათთვის, თურმე, როგორ შეიძლებოდა? იქაური პროფკავშირის თავმჯდომარეს რკინიგზის ადმინისტრაცია 5-ათასლარიან პრემიას უწერს. ხომ წარმოგიდგენიათ, პროფკავშირების თავმჯდომარეს დირექტორი რომ პრემიას გადაუხდის? ამ გზით თავიანთ ორგანიზაციაში ხალხის გაწევრიანება სურთ და ა. შ. ჩვენს წევრებზე ზეწოლას ახორციელებენ, რაღაც შიდა უსაფრთხოების სამსახურის ხელით ჩვენს წევრებსა და მათ ოჯახებს აშანტაჟებენ, რომ ორგანიზაციიდან გავიდნენ და სხვ.

ბოლო გაფიცვის შემდეგ კაზრეთშიც იგივე სიტუაციაა, სადაც პრემიერის წარმომადგენელი ჩავიდა, მისი მეშვეობით მოხდა მოლაპარაკება და შეთანხმებით დასრულდა. დასაქმებულებმა მეორმოცე დღეს გააგრძელეს მუშაობა. ახლა იმ ყველაფრის შესრულების ჯერი მიდგა _ ხალხის აღდგენაზე, ვინც სამსახურიდან აბსოლუტურად უკანონოდ გაათავისუფლეს, ეს შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი იყო. ასევე დასაქმებულთა სხვა სოციალურ გარანტიებზე საუბრობენ. ამის შესრულება ვაჟბატონებს არ მოუნდათ და ერთადერთი მექანიზმი რომ არ შეესრულებინათ, მიიჩნიეს, ეს პროფკავშირების დაშლა იყო. დაიწყეს ხალხთან სახლში სიარული, მათი დაშინება, თითქოს სამსახურს დაკარგავდნენ, მერე ბინების გაყიდვა მოუწევდათ, რათა საბანკო კრედიტები გადაეხადათ და ა. შ.

ახლა წარმოიდგინეთ, ორგანიზაციამ ამხელა გაფიცვა ჩაატარა, შეთანხმებას ხელი მოაწერა, რითაც ადამიანებს ხელფასი მოემატათ, სამსახურებში აღდგნენ (მათი ნაწილი მაინც) და უცებ, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, რვაას წევრს განცხადება დააწერინეს პროფკავშირიდან გასვლის შესახებ. ეს ხდება იმისთვის, რომ თავი აარიდონ ერთადერთ მექანიზმს, რომელიც აიძულებს, რომ შრომითი უსაფრთხოება იქნება, თუ შრომითი უფლებები, დაცული იყოს. მისი დამცველი, ლამის ერთადერთი, სუსტი მექანიზმის მოსპობით ცდილობენ, ფრთები გაშალონ, როგორც ეს, მაგალითად, „ჯეოსტილშია“, სადაც ინდოელები მუშაობენ და მონური მდგომარეობაა შექმნილი. ძველ რომში ეს ბევრად უფრო ღირსეულად გამოიყურებოდა, ვიდრე ესენი მუშებს ექცევიან „ჯეოსტილში“ და არა მხოლოდ. ასეთ საწარმოებზე დილამდე შემიძლია საუბარი.

_ სად არის გამოსავალი, რომ ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვის მაჩვენებელი გაიზარდოს?

_ გამოსავალთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას მხოლოდ მთავრობასა და პოლიტიკოსებს ვერ ჩამოვკიდებთ. საზოგადოებამ უნდა აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა, მათ შორის, პროფკავშირებმაც და ა. შ. ეს მდგომარეობა დიდწილად ჩვენი საზოგადოების დაბალი სამოქალაქო განათლებისა და დაბალი სოლიდარობის ხარისხის ბრალია. ეს რომ შესაბამის დონეზე იყოს, ჩვენ, რეალურად, მოკარნახე ვიქნებოდით პარლამენტისთვის და მთავრობისთვის, თუ რა უნდა გაეკეთებინათ. სამწუხაროდ, ჩვენ სხვა პრიორიტეტები გვაქვს _ ვინ ვის ჭიქა ესროლა, ვინ მეორე გალანძღა, ვინ რომელ პარტიაში გადავიდა თუ გადმოვიდა, ვინ ვის მიეყიდა და ა. შ.

ამ ფონზე, არავის ადარდებს ჭიათურაში, კაზრეთსა, თუ რკინიგზაში ამ ადამიანების ბედი. სანამ ეს ყველაფერი არ მოგვარდება, ჩვენი სოლიდარობის ხარისხი არ აიწევს და სამოქალაქო განათლება არ ამაღლდება, ერთადერთი იმედია ის დასავლური სტანდარტები და ნორმები, რომლისკენაც მივისწარფით. ეს არის ევროკავშირის სტანდარტები, რისი ვალდებულებებიც ავიღეთ და კარგი გაგებით, პროფკავშირი სპეკულირებს აღნიშნული ვალდებულებებით. როგორც იმ კონვენციებთან დაკავშირებით, ასევე ევროპის სოციალური ქარტიის რატიფიცირებულ მუხლებთან მიმართებით, რომ საქართველომ ეს ვალდებულებები შეასრულოს. გარკვეულწილად, ქვეყნის საზღვრის გარედან განხორციელდეს ზეწოლა ჩვენს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რომ ეს ნორმები დაცული იყოს.

სამწუხაროდ, ხალხს, მათ შორის, ხელისუფლებაშიც, წარმოუდგენიათ, რომ ევროკავშირი ეს არის სახელმწიფო უწყებებზე მოფრიალე ევროკავშირისა თუ ევროსაბჭოს დროშები. ჩვენთვის, პროფკავშირებისთვის, ეს გახლავთ რეალურად გადარჩენა და გამოსავალი ამ სიტუაციიდან ისე, როგორც ეს ბალტიისპირეთისა და სხვა ქვეყნებმა შეძლეს. რეალურად, ამ დირექტივების საფუძველზე მოიყვანეს შესაბამისობაში, ჰარმონიზაციაში თავიანთი კანონმდებლობა და მისი აღსრულება, რომელიც დღეს მთთან მოქმედებს.

 

                                                                                                        გელა მამულაშვილი